11 X 11
სპორტული პორტალი

უცნობი მეკარე ევროპაში ბურთების მოგერიებით საუკეთესოა – მაგრამ საუკეთესო მეკარეობისგან მაინც შორსაა

0
ეს რეკლამა არ არის: fbref.com-ის საიტზე სტატისტიკის უამრავი მაჩვენებელია, რომელიც ფეხბურთის უფრო ღრმად გაგებაში გეხმარებათ. ცალკეა მეკარეთა მონაცემები, რომელთა შეფასება ციფრების მიხედვით რთულია. განსაკუთრებით მათი, ვისაც დღემდე ნახტომებისა და მშრალი მატჩების მიხედვით აფასებენ. ასეთი ანალიზი უსარგებლოა. მოკლედ: სეივებს ისინი ახორციელებენ, რომლებსაც ბევრს ურტყამენ, ხოლო მშრალი მატჩები იმათ გააჩნიათ, რომლებსაც იშვიათად ურტყამენ. გოლკიპერის კლასის განსასაზღვრელად საჭიროა კარში ყოველი დარტყმული ბურთის სირთულის შეფასება. აღნიშნულ საიტზე არის ასეთი სტატისტიკა – მოსალოდნელი სეივები. მასში გათვალისწინებულია დარტყმის პოზიცია, ძალა, მიმართულება და მეკარის ადგილმდებაროება. ეს სტატისტიკა იდეალური არ არის, მაგრამ მეკარის მიერ ბურთის მოგერიებას უკეთ წარმოსახავს. მნიშვნელოვანია: სწორედ დარტყმის მოგერიება. მოკლედ, აი უკანასკნელი ოთხი სეზონის (ამ სეზონის ჩათვლით) მიხედვით საუკეთესო მეკარეთა ათეული. სიაში მხოლოდ ისინი არიან, რომლებმაც ამ პერიოდში 60 მატჩზე მეტი ჩაატარეს. ევროტურნირები არ ითვლება. ვალტერ ბენიტესი (ნიცა) – 0.25. იან ობლაკი (ატლეტიკო) – 0.23. ნეტო (ბარსელონა) – 0.23. უგო ლორისი (ტოტენჰემი) – 0.21. მარტინ დუბრავკა (ნიუკასლი) – 0.19. ოიერ ოლანსაბალი (ესპანიოლი) – 0.18. ალისონ ბეკერი (ლივერპული) – 0.16. ნიკ პოპი (ბარნლი) – 0.16. ლუკაშ ფაბიანსკი (ვესტ ჰემი) – 0.15. ჟორდი მასიპი (ვალიადოლიდი) – 0.14. რას ნიშნავს ეს ციფრები? – თუ რამდენჯერ გადაარჩინა კიპერმა თავისი გუნდი საშუალოდ მატჩისას. რთულია? ახლა აგიხსნით. თავიდან გავიხსენოთ, რომ xG სისტემა დარტყმის სირთულის კოეფიციენტს 0-დან 1-მდე აფასებს. შეფასება ხდება ფეხბურთის ისტორიის მილიონი მაგალითის ბაზის მიხედვით. განცალკევება ხდება დარტყმის სიშორის, ტანის ადგილმდებარეობის, პასის მიღების ტიპის, მეკარის პოზიციისა და კიდევ მრავალი ფაქტორის მიხედვით. მნიშვნელოვანი მომენტი: xG დარტყმას მის შესრულებმდე აფასებს და იმის ანალიზს არ აკეთებს, თუ რა ხდება დარტყმის შემდეგ. PSxG აფასებს არა მხოლოდ დარტყმის ადგილს, არამედ ხარისხს: ტრაექტორიას, ძალასა და მიმართულებას. ადგენს, რა შანსი აქვს მეკარეს ბურთის მოგერიებისას. PSxG ყველაზე ობიექტურად ითვლის მეკარის მიერ ბურთის მოგერიების შესაძლებლობას. თუ 0.6 PSxG „წონის“ ბურთი მოიგერია, 6 ქულა ეთვლება. თუ 0.3 „წონის“ ბურთი გაუშვა, 0.7 ქულა აკლდება. გამოდის მოსალოდნელი სეივები – ეს სხვაობაა მოგერიებულ ბურთებსა და გაშვებულ გოლთა შორის, რომელიც ემყარება ყოველი დარტყმულის სირთულეს. ამ მონაცემებით ბენიტესი საუკეთესოა. მან ტოპ 5-ის ლიგებში თავისი გუნდი ყველაზე მეტჯერ გადაარჩინა. 0.25 ციფრია – რამდენჯერ მოიგერია ბურთი საშუალოდ ერთი მატჩისას. უნდა გავარჩიოთ ორი რამ – საუკეთესო მეკარე და საუკეთესო „შოტსტოპერი“ (ბურთების მომგერიებელი). „შოტსტოპი“ მნიშვნელოვანი ელემენტია, თუმცა არსებობს მეკარის თამაშის კიდევ განმსაზღვრელი მრავალი ფაქტორი: კარიდან გამოსვლა (ჩაწოდებებსა და კონტშეტევებზე), პასები, იერიშების დაწყება, დაცვის ხელმძღვანელობა. მაგალითად, ობლაკი ალისონზე უკეთ იგერიებს ბურთებს, მაგრამ საერთო ჯამში მასზე უკეთესი არ არის, ვინაიდან ეს უკანაკნელი სხვა კომპონენტებში უფრო დამაჯერებელია. ამიტომ, ბენიტესი საუკეთესო „შოტსტოპერი“ და ალბათ, ევროპაში ყველაზე დაუფასებელი კარის დარაჯია. ის საფრანგეთშიც კი არ ითვლება საუკეთესოთა შორის. ექსპერტები ბრაზდებიან და არგუმენტებად ციფრები მოჰყავთ. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რამდენად ძნელია იმ მეკარის დონეზე საუბარი, რომლის ყველა თამაში არ გინახავს და რამდენად ძნელია აღიარების მოპოვება, როცა მედია საჭირო რეკლამას არ გიკეთებს. ისე, ბენიტესი სხვების მჯობნი ნამდვილად არ არის. მაგალითად, კარიდან თითქმის არ გამოდის. ამით მის კართან მეტი სახიფათო მომენტი იქმნება. შესაძლოა, ამიტომ აქვს PSxG-ის მიხედვით მაღალი მაჩვენებელი, რომ კარში სხვებზე ხშირად ურტყამენ და ამიტომ აქვს გმირობის ჩადენის მეტი შესაძლებლობა. შეტევის დაწყებისას ის ძალიან მამაცია, წინ ადის და იერიშს იწყებს, მოკლე პასებში ტოპ 5 ლიგების მეკარეთა ათეულშია. ბენიტესის კიდევ ორი სისუსტე: 1. როდესაც კარში ადგილს არასწორად იკავებს, სეზონში ორჯერ ბურთს თავზე უგდებენ. 2. შორ დისტანციაზე ხშირად არაზუსტ გადაცემას აკეთებს – სიზუსტე 51.7%. ამ ნაკლოვანებების გამო „ატლეტიკოს“ გარდა ტოპ კლუბში ვერ ითამაშებდა, რადგან იქ მეკარეს კარიდან გამოსვლასა და ზუსტი შორეული გადაცემის გაკეთებას არ სთხოვენ. თუმცა, ყველა კომპონენტში ძლიერი მეკარეები ძალიან ცოტაა. 10 საუკეთესო „შოტსტოპერიდან“ ასეთი მხოლოდ ალისონია. ბენიტესს ამას წინათ „ნიცამ“ კონტრაქტი გაუხანგრძლივა, მაგრამ მისი ტოპ-გუნდში ხილვა ერთობ საინტერესო იქნებოდა. თუ არასოდეს გინახავთ ბენიტესის თამაში, მისი ორი ციტატა ყველაზე მეტად დაგიხასიათებთ: ექსპრესიული, მყვირალა და ცოფიანის თვალებიანია: „ვფიქრობ, ყველას აქვს თავისი გიჟური გამოხდომები. ზოგიერთი მეკარე ცხოვრებაში გიჟია, კარში კი – მშვიდი. მე ჩემი მშვიდი ცხოვრებით ვცხოვრობ. მოედანზე კი ვიცვლები. ჩემთვის მთავარი ჩემი ინდივიდუალიზმის გამოვლენაა. შესაძლოა, ეს ჩემი უგუნური თვისებაა“. ისე მოჩანს, თითქოს არასოდეს არ ნერვიულობს: „ზეწოლას არასოდეს განვიცდი. ვიცი, თუ შეცდომას დავუშვებ, 99% გოლს გავუშვებ, მაგრამ ეს არ მაღელვებს. მსგავს რამეებზე არ ვფიქრობ. დიახ, ეს შეიძლება მოხდეს, თუმცა ეს უნდა მიიღოთ და დაივიწყოთ“. წყარო: Eurosport
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო