11 X 11
სპორტული პორტალი

“რეალ სოსიედადში” განათლებას ფეხბურთზე ნაკლებად არ აფასებენ, საოცარი აკადემია აქვთ და გუნდში მეცნიერი ფეხბურთელიც ჰყავთ

0
„რეალ სოსიედადი“ მიმდინარე სეზონის მანძილზე სულ ლა ლიგის ჩემპიონთა ლიგის ზონაშია, ორჯერ ლიდერობდა კიდეც და თავისი თამაშით სპეციალისტთა ყურადღებასაც იპყრობს და გულშემატკივართა სიმპათიასაც. მაინც რა განაპირობებს ამ გუნდის სიძლიერეს? მისი წარმატების მთავარი მიზეზი კლუბის აკადემიაა. ახლა გუნდში უცხოელებიც არიან, ხოლო 1989 წლამდე მხოლოდ ესპანეთის ჩრდილოეთში, ბასკთა ქვეყნის გიპუსკოას პროვინციაში დაბადებული ფეხბურთელები ირიცხებოდნენ და მისი წარმატების პიკი ზედიზედ ორჯერ 1981 და 1982 წელს ესპანეთის ჩემპიონობა გახლდათ. წინა საუკუნის ბოლო ათწლეულის დასაწყისში მდგომარეობა შეიცვალა. წამყვან ფეხბურთელებს ძირითადად „ბარსელონა იბირებდა (ჩიკი ბეგირისტაინი, ხოსე მარია ბაკერო და ლუის ლოპეს რეკარტე), ხოლო „ბილბაომ“ ლორენ ხუაროსი წაიყვანა. „რეალ სოსიედადში მიხვდნენ, რომ დროება იცვალა, რომლისთვისაც ფეხი უნდა აეწყოთ ანუ უცხოელები მიეწვიათ ან პრინციპების ერთგულნი დარჩენილიყვნენ და აუტსაიდერობას შეგუებოდნენ. ამიტომ მათაც ლეგიონერების დამატება დაიწყეს. პირველად ირლანდიელი ჯონ  ოლდრიჯი მილიონნახევარ ფუნტად „ლივერპულისაგან“ იყიდეს. სან სებასტიანში ჩასულ ოლდრიჯს კედელზე უზარმაზარი ნახატითა და ზედ წარწერით „აქ უცხოელებს არ მიესალმებიან“ დახვდნენ. ერთი ფან-დაჯგუფების ლიდერმა პირდაპირ განაცხადა, რომ ურჩევნია საყვარელი გუნდი მესამე დივიზიონში გავარდეს, ვიდრე „სოსიედადის“ მაისური უცხოელს ეცვას. მოხდა ასეთი შემთხვევაც – როდესაც ჯონი ქუჩაზე გადადიოდა, ვიღაც კაცმა გადასასვლელზე დაუფურთხა. ამ ბულინგმა ოლდრიჯზე დიდად არ იმოქმედა, ორი სეზონის განმავლობაში მან 75 ჩატარებულ მატჩში 40 გოლი გაიტანა და გულშემატკივრებს თავი შეაყვარა. ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მთელი სტადიონი მის სახელს სკანდირებდა. ოლდრიჯის გამართლებულმა ტრანსფერმა გზა სხვა უცხოელების მიწვევას გაუხსნა, მაგრამ კლუბის აკადემია მაინც პრიორიტეტულად რჩებოდა და დღესაც რჩება. ამჟამად თავის აღზრდილ ფეხბურთელთა რაოდენობით ლა ლიგაში „სოსიედადი“ მეორე ადგილზეა. პირველი, რაღა თქმა უნდა, „ბილბაოა“, სადაც მხოლოდ თავისიანებს ათამაშებენ. აკადემია არა მხოლოდ ფეხბურთელთა გამოზრდის, არამედ განათლების კერაცაა. იქ უდიდეს ყურადღებას აქცევენ სწავლას და ყველანაირად უწყობენ ხელს ფეხბურთელებს უმაღლესი განათლების მიღებაში. აკადემიაში შვიდი მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგი მუშაობს, რომლებიც გარდა სავალდებულო გაკვეთილების ჩატარებისა, მუდამ მზად არიან ფეხბურთელებს საგნების მომზადებაში დაეხმარონ. აკადემიის ხელმძღვანელი ლუკა ირიარტე ამბობს, კლუბის პრიორიტეტია ისეთი ფეხბურთელები აღზარდონ, რომლებიც გიპუსკოას ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი იქნებიან. განათლება კი ამ ფილოსოფიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სადღეისოდ „რეალ სოსიედადი“ ყველაზე „განათლებული“ გუნდია ესპანეთში. ორივე პირველ, კაცთა და ქალთა გუნდებში, რვას უმაღლესი განათლება აქვს. გუნდის ბომბარდირი მიკელ ოიარსაბალი მენეჯმენტისა და ადმინისტრირების დიპლომიანი სპეციალისტია, რომელმაც დეუსტოს უნივერსიტეტი დაამთავრა. სტუდენტობის წლებში 3 კურსელთან ერთად ცხოვრობდა ოთახში. დილით ვარჯიშობდა, დღისით კი წიგნებს კითხულობდა: “მესმის, ცხოვრებაში სარეზერვო გეგმა სულ უნდა გქონდეს. მომავალში არ იცი რა მოხდება, ამიტომ ფეხბურთის თამაშის გარდა რაღაცები უნდა შეგეძლოს,”- ამბობდა მიკელი 2018 წელს. ხოლო ნახევარმცველი ლუკა სანგალი მონდრაგონის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დოქტორანტია, მალე სამეცნიერო ხარისხსაც მოიპოვებს. სხვადასხვა უნივერსიტეტებში წარმატებით სწავლობენ მცველი აიენ მუნიოსი და ნახევარმცველი ანდერ გევარა , ხოლო ამომავალი ვარსკვლავი, 19 წლის ანდერ ბარენეჩეა წელს ჩაირიცხა ლოგრონიოს უნივერსიტეტში. კლუბი ყველანაირად ხელს უწყობს მათ, რომ სწავლაში არ ჩამორჩნენ. მეტიც, კლუბს ხელშეკრულება აქვს დადებული დეუსტოს უნივერსიტეტთან და იქაური პროფესორ-მასწავლებლები პერიოდულად მიდიან კლუბში და ფეხბურთელებს ლექცია-სემინარებს უტარებენ და თან რეფერატების მომზადებაში ეხმარებიან. იმ მიზნით, რომ უცხოელებმა სწრაფად შეძლონ ადაპტირება, მათვის ესპანური ენის შესასწავლად რეპეტიტორებს ქირაობენ. ფრანგმა მოდიბო სანიანმა და შვედმა ალექს ისაკმა ღერი ესპანური არ იცოდნენ, ხოლო მარტინ ოდეგოორს, რომელიც ორი წელიწადი „კასტილიაში“ იყო, ესპანურის დასახვეწად ცალკე მიუჩინეს პედაგოგი. მათი ესპანური ენის გაკვეთილების ვიდეო სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა და უამრავი ნახვაც აქვს. ლეგიონერებზე სპეციალურად გამოყოფილი მენეჯერი ზრუნავს, რომელიც ყოველდღე და 24 საათის განმავლობაში ტელეფონითაა და მზად არის მათ ყველანაირი პრობლემის გადაჭრაში  დაეხმაროს. ცოტა ხნის წინ კლუბი “ვილიავერდე სან ანდრესი” ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას დაესხა თავს, მას შემდეგ, რაც მადრიდის “რეალის” U9 გუნდმა მათ საბავშვო გუნდს 31:0 მოუგო. “რეალში”, სიტურაციის რეალური სახის შესახებ მალე გაერკვნენ და ანგარიში ვებ გვერდზე არ განათავსეს, თუმცა “ვილიავერდე” მაინც გაბაზდა. კლუბმა ფედერაციას საბავშვო დივიზიონების ისე გადაკეთება შესთავაზა, რომ ასეთი ანგარიშები აღარ დაფიქსირდეს. “ვილიავერდეს” პრეზიდენტმა თქვა, რომ იმ შეხვედრაში მისმა შვილიშვილმაც ითამაშა და შესთავაზა ფედერაციას, რომ პროფესიონალი კლუბების წარმომადეგენლმა ბავშვებმა მოკრძალებული გუნდების 2 წლით უფროს ფეხბურთელებთან ითამაშონ (ანდალუსიაში ასეთი პრაქტიკა არსებობს). “რეალ სოსიედადის” შემთხვევაში,კი ასეთი რამ ვერ მოხდება. კლუბის აკადემიაში უცვლელია ერთი პრინციპი. არ იღებენ 13 წლამდე ბავშვებს, რადგან ამ ასაკამდე მათ სპორტის ყველა სახეობაში უნდა მოსინჯონ ძალა და შემდეგ გადაწყვიტონ თუ რომელი აირჩიონ. მიაჩნიათ, რომ ბავშვებს ზედმეტი დატვირთვით ბავშვობა არ უნდა წაართვან და გამუდმებული სტრესის ქვეშ არ იყოლიონ. ამიტომ სასარგებლოდ არ მიჩნიათ პატარა ასაკის გუნდების ტურნირებში მონაწილეობა. აკადემიის ყველა ასაკობრივი გუნდი ერთ ყაიდაზე თამაშობს. ასევე წახალისებულია მწვრთნელებად ამავე აკადემიის აღზრდილებმა იმუშაონ. გუნდის მთავარი მწვრთნელი იმანოლ აგუასილი 90-იან წლებში ძირითადი გუნდის ფეხბურთელი გახლდათ, შემდეგ აკადემიაში დაიწყო მუშაობა რიგით მწვრთნელად და ყველა საფეხურის გავლის შემდეგ ჩაუყენეს მთავარ გუნდს სათავეში. „რეალ სოსიედადის“ ახალგაზრდული გუნდის თავკაცი კი ხაბი ალონსოა. მას წარდგენა არ სჭირდება. ხაბიმ მადრიდის „რეალის“ კანტერა დატოვა და სამუშაოდ სან სებასტიანში ჩავიდა. არ არის გამორიცხული, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისიც „სოსიედადის“ თავკაცი გახდეს. კონკრეტულად თამაშის სტილს რაც შეეხება, მას მიმართულებას პირველი გუნდი აძლევს, რომელიც სავალდებულოა ყველა ასაკობრივი გუნდისათვის, თუმცა მწვრთნელებს სიტუაციიდან და ფეხბურთელთა კონტიგენტის გათვალისწინებით, გარკვეული თავისუფლება მინიჭებული აქვთ. „რეალ სოსიედადი“ 4-4-3 ტაქტიკური სქემით თამაშობს, რომელიც სხვადასხვა სიტუაციებში ადვილად გარდაიქმნება ხოლმე, რათა მოედნის ყველა მონაკვეთი მაქსიმალურად იქნას ათვისებული. მთავარი მიზანი კი, ყოველ მატჩში დომინირება, ბურთის გამიზნული ფლობითა და მაღალი პრესინგით უნდა იქნას მიღწეული. ეს კი „სოსიედადს“ ნამდვილად ყველასთან გამოსდის, რა თქმა უნდა ტოპ-გუნდებთან ყოველთვის არა. „რეალ სოსიედადი“ ლა ლიგაში მეორე ადგილზეა მოწინააღმდეგის ნახევარზე წარმატებული პრესინგ-მოქმედებებით, ხოლო მესამეზე „ბარსელონასა“ და „რეალის“ შემდეგ პრესინგით მიღწეული სახიფათო მომენტების შექმნით. რაც შეეხება ბურთის ფლობის ხანგრძლივობას, აქ მხოლოდ მეექვსე ადგილზეა, მაგრამ ამის კომპენსირება ხდება საჯარიმო მოედანში ზუსტი პასებით (მესამე ადგილი), საჯარიმო მოედანში ბურთის შეხების რაოდენობით (მესამე ადგილი) და იმ პასების რაოდენობით, რომელიც სახიფათო იერიშს იწყებს (მეოთხე ადგილი). მოკლედ რომ ვთქვათ, „რეალ სოსიედადი“ პოზიციური ფეხბურთის მიმდევარია, მაგრამ მუდმივად მზადაა სიტუაციის გასამწვავებლად. გუნდს ურჩევნია გარისკოს შეტევის მიტანა მეტოქის კარზე და  ბურთი დაკარგოს, რომლის დასაბრუნებლად იქვე მჭიდრო პრესინგს მიმართოს, ვიდრე უკან და აქეთ-იქით აკეთოს  არაფრისმომცემი პასები. სწორედ სიტუაციის გამწვავების მუდმივი მზადყოფნაა ახლა „რეალ სოსიედადის“ სათამაშო ფილოსოფიის მთავარი მახასიათებელი. იმანოლ ანგუასილს ძალიან არ უყვარს ზედმეტი იმროვიზაცია. 4-3-3 სქემა გადაეწყობა ხოლმე 4-2-3-1-ად ისე, რომ ფეხბურთელებს არ უხდებათ თავიანთი სამოქმედო ზონებიდან შორს გადანაცვლება, რითაც მათი ფიზიკური ენერგიაც იზოგება და ჩვეული სათამაშო უნარებიც ეფექტიანი ურჩებათ. რაც შეეხება პრესინგს, გუნდის მთავარი ამოცანაა მეტოქე გუნდის მეკარეს თითქმის არ დაუტოვონ თავისუფალი არჩევანი და საამისოდ გამოიყენება 4-2-2-3 და 4-1-4-2 განლაგება. პირველი ეფექტურია მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგის სამი მცველი ახლოს დგას თავის მეკარესთან, ხოლო მეორე, როდესაც ორი მცველი ტრიალებს მის სიახლოვეს. ამ დროს მოპრესინგეთა  „ზურგი“, განსაკუთრებით კი გარემარბები, ბურთის მოპოვების შემთხვევაში, დიდ ხიფათს უქმნიან მეტოქის კარს. შეტევას რაც შეეხება, აქ ბევრად მეტი ვარიანტია, რომლებიც ძირითადად ფეხბურთელთა ინდივიდუალუერ მონაცემებს ითვალისწინებს. მაგალითად, მერინოს კოზირი მოედნის სიღრმიდან საჯარიმოში შეჭრაა. ოაირასაბალი კლასიკური ვინგერია, მაგრამ შეუძლია და დავალებული აქვს სიტუაციის მიხედვით „ათიანი“ გახდეს. პორტუ „გამქცევია“, გადაკიდებულ ბურთზე შედის და თუ კარგად მიღება ვერ მოახერხა, მოწინააღმდეგის საჯარიმოში ან მის სიახლოვეს დაძაბულობას ქმნის. დავიდ სილვა მთავარი „შემქმნელია“, რომელიც აკონტროლებს ტერიტორიას მეტოქის საყრდენი ზონიდან წინ, აკეთებს პირველ პასს და ასევე ამოაქვს ბურთი, ხშირად ინაცვლებს ორივე ფანგზე და მთლიანად აკონტროლებს სიტუაციას. დავიდ სილვას ეს უნარი მხოლოდ „რეალ სოსიედადშია“ მაქსიმალურად გამოყენებული. როგორც ხედავთ, გუნდს თითქმის ყველა პროფილის შემტევი ჰყავს, ზოგ მათგანს კიდევ სხვა „როლის“ შესრულებაც ძალუძს და ეს განაპირობებს მაღალ შედეგიანობას. „სოსიედადს“  18 ტურის შემდეგ 29 გოლი აქვს გატანილი, იმდენივე, რამდენიც „ატლეტიკოს“ (15 მატჩიდან)  და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ბარსელონას (37) და „რეალს( 30) ჩამორჩება. როდესაც გუნდში წამყვანი ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან და თამაშობენ, „რეალ სოსიედადი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების რეალური პრეტენდენტი გუნდია, მაგრამ რომელიმეს გამოკლება უკვე დიდ პრობლემებს ქმნის, რადგან მათი სათანადო შემცვლელების არყოლა იმ ფინანსებთანაა დაკავშირებული, რომლის ნაკლებობა კორონაპანდემიამ ძალიან საგრძნობი გახადა. წყარო: Tribuna
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო