11 X 11
სპორტული პორტალი

3 წლისას მამა მოუკლეს, მას 6 შვილი ჰყავს, რეპმა, კინომ და ლოთობამ კარიერა გაუნადგურა – და მაინც არ ნებდება

0
ნიდერლანდელი ნახევარმცველი როისტონ დრენტე „რეალში“ 20 წლის ასაკში მოხვდა და სადებიუტო მატჩში ესპანეთის სუპერთასზე „სევილიას“ შესანიშნავი გოლი გაუტანა. თუმცა, უდისციპლინობის გამო კარიერაში რეგრესი დაეწყო – უყვარდა რეპი, კონოში როლი შეასრულა, ცოტა ხნის წინ კი გაკოტრდა. ღამის ალიკანტეში ახალი Audi Q7 მიჰქროდა. ზოგიერთ მონაკვეთზე ავტომობილის სიჩქარე 180 კმ/სთ-ს აღწევდა. შუქნიშნებზე არ ჩერდებოდა და პოლიციელები დაედევნენ. დევნა „რეალის“ფეხბურთელის, დრენტეს დაკავებით დასრულდა. ის სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევდა და ეუბნებოდა, რომ საავადმყოფოში კომაში მყოფი ადამიანი მიჰყავდა.   „კომაში მყოფი“ მისი ბიძაშვილი აღმოჩნდა, რომელიც ღამის ბარში მაგრად დათვრა. თავად დრენტე ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მაინც 5 ათასი ევროთი დააჯარიმეს და ერთი წლით მართვის უფლება ჩამოართვეს. მაშინ „ერკულესში“ იყო განათხოვრებული და 2010 წელს „რეალში“ დასაბრუნებელი გზა საბოლოოდ მოიჭრა. ასეთ ტიპს ჟოზე მოურინიო გუნდში ნამდვილად ვერ აიტანდა. პოლიციის განყოფილებაში მან 2007 წელს „რეალში“ სადებიუტო მატჩი გაიხსენა. რამდენი გოლი არ უნახავთ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გულშემატკივრებს, მაგრამ დრენტეს ყუმბარისებრად დარტყმული ბურთი არასოდეს დაავაწყდებათ. 20 წლის ბიჭმა სუპერთასზე 35 მეტრიდან „ჩააჭედა“ ბურთი კარში. მაშინ ისე მოჩანდა, რომ მადრიდელებმა ტყუილად როდი გადაუხადეს „ფეიენოორდს“ სასიკვდილო დარტყმის მქონე ცაცია ფეხბურთელში 13 მილიონი ევრო. როისტონი მადრიდში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულის და საუკეთესო ფეხბურთელის რანგში ჩავიდა. ეს ჯილდო იქამდე ლუიშ ფიგუს, ანდრეა პირლოსა და ფაბიო კანავაროს ჰქონდათ მიღებული. „რეალში“ შესანიშნვად შემხვდნენ, გუტისა და რობინიოს დავუმეგობრდი. ბრაზილიელმა თავისი სახლის სარდაფი ერთგვარ ღამის კლუბად გადააკეთა და იქ ხშირად ვიკრიბებოდით“, – იხსენებდა სურინამული წარმოშობის ნიდერლანდელი.   დრენტე მიგრანტებით დასახლებულ როტერდამის ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ რაიონში გაიზარდა. როდესაც 3 წლისა იყო, მამა მოუკლეს, ამიტომ სიღარიბეში გაზრდილი ბიჭისთვის ფეხბურთი ცხოვრებაში ფეხზე დასადგომად ერთადერთი შანსი იყო. პირველ სეზონში „ბლანკოსში“ საქმეები კარგად მისდიოდა, მწვრთნელი ბერნდ შუსტერი ცენტრშიც ათამაშებდა და ფლანგზეც, ხოლო ფანები შეძახილებით ამხნევებდნენ. დრენტეს ეჩვენებოდა, რომ როტერდამში ქუჩის ჩხუბებმა მისი ფსიქიკა გაამყარა. თავის დაცვა მუშტი-კრივით შეეძლო და თუ საფეხბურთო მოედანზე რამე არ გამოუვიდოდა, გაორმაგებული ენერგიით ვარჯიშობდა. ყველაფერი გუნდის თავკაცად მოურინიოს დანიშვნის შემდეგ შეიცვალა. მარსელოსთან კონკურენცია წააგო, მოუ კი ეუბნებოდა, რომ უნდა ებრძოლა. ვარჯიშებზე თავს არ ზოგავდა, მაგრამ „განსაკუთრებული“ მაინც არ სწყალობდა. შედეგად, როისტონი იმედგარუებული რჩებოდა. Royston Drenthe: From Real Madrid to rap and the Dutch third-division | Goal.com „ერკულესში“ წარუმატებელი მივლინების შემდეგ (კლუბი ხელფასის დაგვიანების გამო დატოვა), „ევერტონში“ გადავიდა, 10-ნომრიანი მაისურა აიღო და მწვრთნელ დევიდ მოიესთან ჩინებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ქომაგებმა ორჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად. ყველაფერი მარტში „არსენალთან“ საშინაო მატჩში დამარცხების შემდეგ კრებაზე დაგვიანებამ გაუფუჭა. ოთახში მოიესი ყვიროდა და შესვლა ვერ გაბედა, ხოლო შემდეგ მწვრთნელმა უთხრა, რომ მისი გუნდიდან უნდა წასულიყო. ნიდერლანდელმა არ მოუთმინა და „ხურდა დაუბრუნა“. დარჩენილ შეხვედრებში მხოლოდ ერთხელ მოხვდა განაცხადში. უკანასკნელ ორ თვეს ლივერპულის ბარებში ატარებდა დროს და პოკერს თამაშობდა. „რეალთან“ კონტრაქტი დაუსრულდა, „ბეშიქთაშმა“ კი ზაფხლის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს უარი უთხრა და 25 წლის დრენტე უგუნდოდ დარჩა. მშობლიურ როტერდამში დაბრუნდა და ტანსაცმლის შეკერვისა და პარფიუმერიის წარმოების ბიზნესი წამოიწყო. 9 თვის შემდეგ უთამაშებელ როისტონს „ალანიამ“ სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ყოველთვიურ გასამრჯელოდ 70 ათასი ევრო დაუნიშნა. იქ პროფესიონალიზმით მწვრთნელი ვალერი გაზაევი მოხიბლა. ერთ თვეში 8 კილოგრამი დაიკლო და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი გუნდის ლიდერი გახდა. ვარჯიშებზე მეკარეებს არ უყვარდათ მისი ძლიერად დარტყმული ბურთების მოგერიება. მასთან ერთად გიორგი ჭანტურიაც თამაშობდა. „ვლადიკავკაზი თავისი განადგურებული იერსახით დამამახსოვრდა. ბევრი ფულიც რომ გქონოდა, იქ კომფორტულად ვერ იცხოვრებდი. მახსოვს არაყს ვსვამდით. ძირითადი „პროდუქტი“ იყო, ავტობუსშიც გვქონდა არაყი. ეს ხომ რუსეთია“, – ამბობდა ნიდერლანდელი. ყველაზე კარგად გასახსენებლად „მორდოვიასთან“ შესრულებული ჰეთ-თრიკი დარჩა. შემდეგ „ალანია“ პრემიერლგიდან გავარდა, დრენტემ კონტრაქტი გაწყვიტა და რუსეთი დატოვა. მერე „რედინგში“, „შეფილდ უენსდეიში“, კაისერისპორში“, „ბანი იასსა“ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ გუნდში ბურთაობდა. „ფეხბურთისგან დავიღალე. შინაგან სიცარიელეს ვგრძნობ. უფრო მუსიკა მიზიდავს და მთელ თავისუფალ დროს ვუთმობ“, – აღიარა 2016 წელს დამწყებმა რეპერმა. თავისი სახლის მეორე სართულზე მუსიკალური სტუდია მოაწყო, „Roya2Faces“-ის ფსევდონიმი აიღო და რამდენიმე სიმღერა ჩაწერა. მათ შორის ყველაზე პოპულარულს „იუთუბზე“ ნახევარი მილიონი მნახველი ჰყავდა. ნაწარმოებთა უმეტესობა მწვავე სოციალურ თემებს ეხება, სიღარიბეს. მუსიკოსი გამოტყდა, რომ ახალ მანქანებსა და გართობაზე ოცნებობდა. Игрок «Реала» Ройстон Дренте за рулем Audi „Roya2Faces“-ს დიდი გეგმები არ გააჩნდა, ისევე როგორც კინოში, უფრო თავს იქცევდა. მსახიობის კურსები დაამთავრა და 2017 წელს სატელევიზიო კრიმინალურ დრამა „Mocro Maffia“-ში მიიღო მონაწილეობა. ფულს ერთი თვისება აქვს – მალე იხარჯება, დრენტეს კი 6 შვილი ჰყავს, ამიტომ ერთი წლის შემდეგ როტერდამის „სპარტასთან“ გააფორმა კონტრაქტი. „ხასიათის კაცი ვარ. თუ გამართობს, შემიძლია მთელი დღე რაღაცით დავკავდე. როდესაც მომბეზრდება, უმალ სხვა რამეზე გადავერთვები. ბევრი შეცდომა დამიშვია და დასკვნებიც გამომიტანია. ისინი მაძლიერებენ“, – ფილოსოფიურად მსჯელობს როისტონი. ეს შეცდომები კარიერაში გამომუშავებული 5 მილიონის დაკარგვად დაუჯდა. 2020 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ აგენტებმა მთელი ფული მოპარეს და გაკოტრდა. გაზაფხულზე 34 წლისა მოიყრება და უკეთეს შემთხვევაში კიდევ 2 წელი შეძლებს თამაშს. ახლახან ესპანეთის მეოთხე დივიზიონის „რასინგ მურსიასთან“ გააფორმა ხელშეკრულება.  AS-მა ვიდეო გაავრცელა, თუ რა ფორმაშია ახლა ნიდერლანდელი და შეიძლება ადამიანს ცრემლების წამოგივიდეს… თუ შემდეგ შემოსავლიანი სამსახური არ მოძებნა, თავის ძმებთან ერთად მშენებლობაზე მოუწევს მუშაობა. საღამობით კი „რეალში“ გატანილი გოლის ყურებით დატკბება. წყარო: Eurosport
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო