11 X 11
სპორტული პორტალი

“რონალდუს არშეძენას არასდროს ვინანებ” – რატომ არ იყიდა “ბარსამ” კრიშტიანუ

0

2003 წელს იყო შანსი, კრიშტიანუ რონალდუ “ბარსელონას” ფეხბურთელი გამხდარიყო, მაშინ როცა ჯერ კიდევ 18 წლის გახლდათ და “სპორტინგის” მოედანზე აგორებდა ბურთს.

იმ დროს, მესის ძირითად გუნდში დებიუტიც არ ჰქონდა, თუმცა საქმეები სხვანაირად რომ განვითარებულიყო, შესაძლოა “ლა მასიადან” მოსულ ლეოს მთავარ გუნდში თანაგუნდელად კრიშტიანუ დახვედროდა.

“ბარსას” ექსპრეზიდენტმა და პრეზიდენტობის ამჟამინდელმა კანდიდატმა ხუან ლაპორტამ განაცხადა, რომ “ბლაურგრანას” რონალდუ შესთავაზეს, თუმცა კლუბი ბრაზილიელ ჯადოქარ რონალდინიოს ყიდვით იყო გართული და პორტუგალიელს ზედაც არ შეხედეს.

“ჩვენ რონალდინიოსა და რაფა მარკესის ტრანსფერებს ვაგვარებდით. მარკესის ხალხმა კრიშტიანუ რონალდუ შემოგვთავაზა. მაშინ ჯერ კიდევ “სპორტინგში” თამაშობდა.

ერთერთმა მისმა აგენტმა გვითხრა, რომ ჰყავდათ ფეხბურთელი, რომელიც “მანჩესტერისთვის” 19 მილიონ ევროდ უნდა მიეყიდათ, თუმცა ჩვენ 17 მილიონად მოგვყიდდნენ.

თუმცა, ჩვენ რონალდინიოში გვქონდა ფული ჩადებული. თან კრიშტიანუ უფრო ფლანგზე თამაშობდა, ვიდრე ცენტრში.

ჩავთვალეთ, რომ გუნდი დაკომპლექტებული იყო და არავინ გვჭირდებოდა. ამიტომაც მასზე უარი ვთქვით და ამ გადაწყვეტილებას არასდროს ვინანებ,”- განაცხადა ლაპორტამ.

კატალონიაში წასვლის ნაცვლად, რონალდუ “მანჩესტერში” გადაბარგდა და იმ დროისთვის, ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი გახდა, რონალდინიომ კი “ბარსასთან” 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ტრიუმფალური სვლაც დაიწყო.

ძნელი სათქმელია, სწორად მოიქცა თუ არა კლუბი იმ ზაფხულს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ლიონელ მესის ტალანტის გახსნაში რონალდინიომ უდიდესი წვლილი შეიტანა.

თუმცა, მეორე მხრივ, წარმოგვიდგენია, რამდენად განსხვავებული იქნებოდა ფეხბურთის ისტორია, “ბარსელონას” აგენტის შეთავაზებაზე თანხმობა რომ განეცხადებინა.

რონალდინიო, მესი და კრიშტიანუ რონალდუ “ნოუ კამპზე” რომ უტევენ, რაღაც სასწაულებრივ პერეპექტივაზე მიგვანიშნებს (თუ “რეალის” ფანები არ ვართ).

რონალდინიომ 2006 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და “ოქროს ბურთიც” დაისაკუთრა. იგივე გაიმეორა რონალდუმ 2008 წელს, 1 წლის შემდეგ კი 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ “რეალის” ფეხბურთელი გახდა.

ლაპორტა კი ამბობს, არასდროს ვინანებ კრიშტიანუს არშეძენასო, მაგრამ მაინც საოცრად ჟღერს რონალდუს ყიდვა 17 მილიონად რომ შეგიძლია და არ იყიდი…

წყარო: Marca

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო