11 X 11
სპორტული პორტალი

ევროპის ჩემპიონატების ერთერთი საუკეთესო ნაკრები, რომელიც ვალდებული იყო, მაგრამ ვერ შეძლო

0

ევრო 2008-ის ჯგუფურმა ეტაპმა ჰოლანდიის ნაკრების ტოტალური დომინირებით ჩაიარა. იშვიათად თუ ვინმეს ეპარებოდა ეჭვი, რომ შემდეგაც ყველას არ დაჯაბნიდა, მაგრამ რაც მოხდა, ალბათ, ყველამ იცის, თუმცა მოდით, გავიხსენოთ, როგორი მონსტრული იყო მარკო ვან ბასტენის კრებული.

ჩაგდებული 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერე, რომელზეც ნიდერლანდები 1/8 ფინალში პორტუგალიასთან 0:1 დამარცხდა, ზედიზედ მეორე დიდ ტურნირზე თავის შერცხვენის უფლება არ ჰქონდა და მოუთმენლად ელოდნენ კენჭისყრას, რომელმაც მეტოქეებად მეტად რთული გუნდები არგუნა – იტალია (მსოფლიოს ჩემპიონი), საფრანგეთი (მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი) და რუმინეთი. მოკლედ, „სიკვდილის ჯგუფი“ იყო. ვან ბასტენმა თქვა, რომ ნამდვილ „სიკვდილის ჯგუფში“ განვლილ მუნდიალზე მოხვდნენ, ამ კვარტეტს კი ასეთს ვერ უწოდებდა.

ვან ბასტენმა ტურნირზე 23 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: ედვინ ვან დერ სარი (მანჩესტერი), მაარტენ სტეკელენბურგი (აიაქსი), ჰენკ ტიმერი (ფეიენოორდი)
მცველები: ვილფრიდ ბუმა (ასტონ ვილა), ტიმ დე კლერი (ფეიენოორდი), ჯონ ჰეიტინგა (აიაქსი), იორის მატიისენი (ჰამბურგი), მარიო მელხიოტი (უიგანი), ანდრე ოიერი (ბლექბერნი), ჰალიდ ბულარუზი (სევილია)
ნახევარმცველები: იბრახიმ აფელაი (პსვ), ჯოვანი ვან ბრონჰორსტი (ფეიენოორდი), ორლანდო ენგელაარი (ტვენტე), ნაიჯელ დე იონგი (ჰამბურგი), უესლი სნეიდერი (რეალი), რაფაელ ვან დერ ვაარტი (ჰამბურგი), დემი დე ზუევი (ალკმაარი), არიენ რობენი (რეალი)
თავდამსხმელები: კლას-იან ჰუნტელაარი (აიაქსი), რუუდ ვან ნისტელროი (რეალი), რობინ ვან პერსი (არსენალი), დირკ კიუიტი (რეალი), იან ვენეგოორ ოფ ჰესელინკი (სელტიკი)

ვან ბასტენს ზეედორფის წაყვანაც სურდა, მაგრამ მან უარი უთხრა. შემადგენლობა ისეთი იყო, რომ გულშემატკივრები ზომიერი ოპტიმიზმით განეწყვნენ. თუმცა, ჯგუფურ ეტაპზე მათგან ასეთ თამაშს არავინ მოელოდა. პირველ მატჩში იტალიას შეხვდნენ და ფავორიტად არც ერთი გუნდი არ მიიჩნეოდა.

ჰოლანდიელები შეტევით გამოირჩევიან, იტალიელები კი – დაცვით. ნიდერლანდელთა თავდასხმა ადვილად გაუსწორდა მეტოქის დაცვას. ვან ნისტელროიმ, სნეიდერმა და ვან ბრონჰორსტმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს.

პარალელური მატჩი საფრანგეთსა და რუმინეთს შორის უგოლოდ დასრულდა. შესანიშნავად მოქმედებდნენ მარცხენა ფრთაზე ვან ბრონჰორსტი და სნეიდერი. 33 წლის ვან ბრონჰორსტი დიდებულად გაისარჯა. თანაც, ნიდერლანდებმა იტალიას 30 წლის შემდეგ პირველად სძლია.

მეორე ტურში „ნარინჯისფერებს“ რაიმონ დომენეკის გუნდი დაუპირისპირდა. მოგების შემთხვევაში მარკო ვან ბასტენის გუნდი შემდეგი ეტაპის საგზურს იფორმებდა. მარკომ ველოსიპედი არ გამოიგონა და შემადგენლობა არ შეცვალა. შანსები თანაბრად ფასდებოდა.

თვითონ ნიდერლანდელები თავს ფავორიტებად არ მიიჩნევდნენ. აი, რას ამბობდა მეკა რე ვან დერ სარი:

„უფრო რთული დაპირისპირება გველის, ვიდრე იტალიელებთან შეხვედრა იყო. იტალიელებთან სათამაშოდ რამდენიმე თვე ვემზადებოდით და მათ შესახებ პრაქტიკულად ყველაფერი ვიცოდით. ამჯერად კი ყველაფერი უფრო რთულადაა. უკანასკნელ 10 წელიწადში მათ დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ჩვენზე გაცილებით მეტს. ამიტომ სამართლიანად მიიჩნევიან ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. პირადად მე ფავორიტობას აუტსაიდერობა მირჩევნია. ასეთ შემთხვევაში უფრო თავისუფლად თამაშობ“.

„მფრინავმა ჰოლანდიელებმა“ კვლავ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს, ვინაიდან იტალიისა და რუმინეთის დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ფრანგებთან გოლები კიუიტმა, ვან პერსიმ, რობენმა და სნეიდერმა გაიტანეს, ვან დერ სარის კარი კი მხოლოდ ანრიმ დალაშქრა.

რუმინელებთან ვან ბასტენმა თითქმის მთელი შემადგენლობა შეცვალა, მხოლოდ ბულარუზი და ენგელარი დატოვა. შემდეგ ბევრმა სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიჩნია ფატალურ შეცდომად, მაგრამ ამის გათვლა მაშინ შეუძლებელი იყო. ნიდერლანდელებს რუმინეთთან გამარჯვება ჰუნტელაარმა და ვან პერსიმ მოუპოვეს და სპორტული კეთილსინდისიერებისათვის ქება დაიმსახურეს. აგრეთვე აჩვენეს, რომ რეზერვისტებს ძირითადის ფეხბურთელების სათანადოდ შეცვლა შეეძლოთ.

საკვანძო ფეხბურთელებმა დაისვენეს, ფანები კი უკვე ოქროს მედლებზე ოცნებობდნენ. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი საერთო ანგარიშით 9:1 მოიგეს. ყველა მათი თამაშით აღფრთოვანებული იყო და არავის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ნახევარფინალში გავიდოდნენ.

მაგრამ თვითდაჯერებულობამ ხანდახან შეიძლება ცუდი სამსახური გაგიწიოს, თვით აუსტსაიდერთანაც კი. რუსეთთან შეხვედრის წინ ცენტრალური მცველი მატიისენი ოპტიმისტურად იყო განწყობილი: „რაც უფრო სუსტ მეტოქეს ეთამაშები, მით უკეთესია.

რუსებმა შვედებს დამაჯერებლად სძლიეს და სჯობდა შვედებს დავპირისპირებოდით. რუსეთს ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ არასაკმარისად ძლიერი იმისათვის, რათა შეგვაჩეროს! რა მნიშვნელობა აქვს, ვის შევხვდებით, რუსეთს თუ შვედეთს, მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ.

ჰოლანდიელი მწვრთნელი ჰყავთ და საეჭვოა მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ, მაგრამ გუს ჰიდინკი და ვერანაირი ტაქტიკა ვერ უშველით. ეს ჩვენი ჩემპიონატია. ყველა უნდა დავამარცხოთ და ჩემპიონები გავხდეთ“. მისი პარტნიორები უფრო თავშეკავებულები იყვნენ და… ნახევარფინალისკენ გზა რუსეთმა გადაუღობა.

პრობლემები ჯერ კიდევ მეოთხედფინალის წინ დაეწყოთ. მარჯვენა მცველ ბულარუზის ახლად დაბადებული ქალიშვილი გარდაიცვალა. მატჩზე ფეხბურთელები სამგლოვიარო სამკლავურებით გავიდნენ. იქამდე დაიწყეს ლაპარაკი, რომ რუმინელებთან სარეზერვო შემადგენლობით არ უნდა ეთამაშათ და რუსებს მათი თანამემამულე მწვრთნელი ჰყავდათ, რომელიც თავის ვიზავიზე გაცილებით გამოცდილი იყო.

ვან ბასტენმა მოედანზე პირველი და მეორე მატჩების იდენტური შემადგენლობა გაიყვანა. ბულარუზმა თამაში ისურვა და მწვრთნელმა წინააღმდეგობა არ გაუწია. ნიდრლანდელები ისე ირჯებოდნენ, თითქოს თამაშისთვის სერიოზულად არც მოემზადნენ, უპირატესად მარცხენა ფლანგიდან უტევდნენ, სადაც ივან საენკომ ვან ბრონჰორსტს გასაქანი არ მისცა, სნეიდერიც გაანეიტრალეს, არშავინს კი თავისუფალი ზონები დაუტოვეს.

რუსეთი სრულად ფლობდა ინიციატივას, მაგრამ შესვენებამდე ანგარიში არ გაიხსნა, რაც ვან დერ სარის დამსახურება იყო. 54-ე წუთზე ვან ბასტენმა ბულარუზი შეცვალა, რომელმაც ეტყობა ნერვიულ სტრესს ვერ გაუძლო. მის ნაცვლად მოედანზე ჰეიტინგა შევიდა და ამ ცვლილებამ ბევრი რამ შეცვალა. 2 წუთის შემდეგ პავლიუჩენკომ გოლი გაიტანა.

„ნარინჯისფერებს“ შეტევაში თამაში საერთოდ არ გამოსდიოდათ, სამაგიეროდ ყოველი მათი სტანდარტული სახიფათო იყო. ვან ნისტელროიმ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა მანვე ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. დამატებით დროში კი ნიდერლანდელები უშანსოდ იყვნენ. არშავინმა ჯერ ტორბინსკის გაუკეთა საგოლე პასი, მერე კი თავად გაიტანა და რუსეთმა 3:1 გაიმარჯვა.

ჰოლანდიელი ფანები გაოგნებული იყვნენ, ოპერატორი ფართო პლანით აჩვენებდა მათ ტრაგიკულ სახეებს. ნამატჩევს ვან ბასტენი რუსების გასახდელში შევიდა და მოგება მიულოცა, ხოლო ჟურნალისტებთან შემდეგი განაცხადა: „ეს წარმოუდგენელია. ჩვენ უბრალოდ გაგვანადგურეს, დაგვამცირეს, მიწასთან გაგვასწორეს. ცხოვრებაში ასეთი იმედგაცრუებული არასოდეს ვყოფილვარ. ალბათ, ისტორიამ 1988 წელს გამარჯვებისათვის დაგვსაჯა. მაშინ უფრო ძლიერები ვიყავით. უნდა ვაღიაროთ, რუსებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. მეგონა ნახევრფინალის საგზური ჯიბეში გვქონდა. ეს საშინელებაა“.

20-წლიანი პაუზის შემდეგ ნიდერლანდების შესანიშნავი გუნდი ევროპის ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვერ შეძლო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო