11 X 11
სპორტული პორტალი

ლევანდოვსკის ჩანაწერები: ისტორიები ბავშობაზე, მამაზე, დედის დახმარებასა და კლოპზე ანუ ცუდ მასწავლებელზე

0

რამდენიმე დღის წინ გავიღვიძე და ბალიშთან რაღაც უცნაური რამ დავინახე. ხომ ნაცნობი გრძნობაა, როდესაც სიზმრის შემდეგ გამოგეღვიძება და თავი ისევ სიზმარში გგონია? პირველი რაც გავიფიქრე, ის იყო – ეს რა არის და აქ როგორ მოხვდა?

ბუნდოვანი მოგონება დამრჩა, თითქოს ცერემონიაზე ვიმყოფებოდი და ჯილდო მივიღე. თუმცა, ეს დასაჯერებლად ძალიან უცნაური იყო.

შემდეგ ეს საგანი ავიღე და გავიფიქრე: „ვაუ… ეს სიზმარი არაა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. ჯილდო საწოლში წავიღე!

ჰაჰჰხა!

ამის დასაჯერებლად ტროფეიზე დიდხანს ყურება მომიწია, რათა გამეზარებინა რას მივაღწიე. ისე, მთლად ასეც არ არის. ეს ბოლომდე ვერ გავითვითცნობიერე.

შევეცდები პოლონელების შესახებ აგიხსნათ და მაშინ შეიძლება გაიგოთ. ცერემონიამდე ვიცოდი, რომ „ბაიერნში“ შესანიშნავი წელი მქონდა და ჯილდოს მოგება შემეძლო, მაგრამ პოლონეთში არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს. ჩვენი ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესოდ არასოდეს დაუსახელებიათ. ბავშვობაში მისაბაძი სუპერვარსკვლავი არ გყავს. სკაუტები მუდამ ამბობენ: „პოლონელი ბიჭის კვალობაზე საკმაოდ მოხერხებულია“.

პოლონელი ბავშვები მსოფლიოში საუკეთესონი არ უნდა იყვნენ. ეს უბრალოდ არ უნდა მოხდეს. ამიტომ ვერ დავიჯერე ჯილდოს მიღება. ჩემმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა. დავინახე ფეხბურთში გადადგმული პირველი ნაბიჯები, პირველი თამაშები ტალახიან მოედნებზე და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სიმაღლეზე ასვლაში დამეხმარა.

ეს კინოს ჰგავდა. მთელი დრამა სამ მოქმედებაში განვითარდა და ამ ფილმის შესახებ მინდა აზრი გაგიზიაროთ. იმისათვის, რათა პოლონეთში ან სხვაგან თუნდაც ერთმა ბავშმა ეს ჯეროვნად შეაფასოს.

ფილმში რაღაც ასეთი იყო:

აქტი I: მონაწილეობა

პირველი მონაწილეობა ეკლესიაში მივიღე. ვინც კათოლიკურ რელიგიას არ იცნობს – ეს მართლაც განსაკუთრებული დღეა. წირვით იწყება და შემდეგ ოჯახში ვზეიმობთ.

პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ წირვიდან სამ საათში საკმაოდ შორს მატჩი მქონდა.

ჩემი მამა, კშიშტოფი ზეიმამდე მღვდელს დაელაპარაკა. ეს მშობლიურ ქალაქ ლეშნოში იყო. პატარა ქალაქია, ვარშავიდან დასავლეთით 40 წუთის სავალზე მდებარეობს. მამა იქ ყველას იცნობდა. მან მღვდელს უთხრა, რომ იქნებ წირვა ნახევარი საათით ადრე დაეწყო და 10 წუთით ადრე დაესრულებინა. გაგიკვირდებათ და დათანხმდა.

წირვის დასრულებისთანავე მე და მამა ავტომობილისაკენ გავიქეცით და გავემგზავრეთ! ხა-ხა.

და რა თქმა უნდა, ის მატჩი მოვიგეთ. 😉

ვფიქრობ, ეს ისტორია ჩემს ბავშვობას ასახავს და ჩემს მამასაც.

როდესაც 5 წლის ასაკში თამაში დავიწყე, ლეშნოში ჩემი ასაკის გუნდი არ იყო. ამიტომ ორი წლით უფროსებთან ვთამაშობდი. ძალიან მორცხვი და გამხდარი ვიყავი და მიჭირდა. შემდეგ ვარშავაში ვვარჯიშობდი, სადაც მგზავრობა მიწევდა. რომ არა მშობლები, ფეხბურთელი ვერ გამოვიდოდი.

ისინი ფიზიკური მომზადების მასწავლებლები იყვნენ. მამას ვარჯიშზე მივყავდი და 2 საათი მელოდებოდა. იქ გასახდელი არ იყო და სახლში 10 საათზე ჭუჭყიანი ვბრუნდებოდი. ამის გამო სხვა მშობლები მას გიჟად თვლიდნენ. ისინი ჩემს მშობლებს მართლა ეკითხებოდნენ, თუ რატომ აკეთებდნენ ამას.

ისინი არასოდეს არ ამბობდნენ, რომ ამას იმისათვის აკეთებდნენ, რათა პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვსულიყავი. პასუხობდნენ, რომ ბავშვს ოცნება აქვს და თამაში უყვარს. არასოდეს უთქვამთ, რომ პროფესიონალი მოთამაშე უნდა გამოვსულიყავი და გასამდიდრებლად სიმაღლეები დამეპყრო.

არასოდეს.

ზოგიერთი მშობლები შვილებს ჩასჩიჩინებენ, რომ წარმატებას მიაღწიონ. მოედნის კიდესთან იდგნენ და 10 წლის ბავშვებს უყვიროდნენ. ეს ცუდი მოტივაცია იყო. ასეთმა მშობლებმა არ იციან, რას ნიშნავს სპორტსმენობა. არ იციან, რომ ფეხბურთისადმი სიყვარული გულიდან უნდა მოდიოდეს.

მაშინ ბევრი თვლიდა, რომ რადგან პატარა და გამხდარი ვიყავი, წარმატებას ვერ მივაღწევდი. ჩემი მშობლები კი მუდამ მხარს მიჭერდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ინსტიქტებს მივნდობოდი.

 

აქტი II: უარი

 

16 წლისა ვიყავი, როდესაც მამა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ვერ აგიხსნით, თუ როგორ გამიჭირდა. არის ისეთი რამეები, რაზეც მხოლოდ მამას შეიძლება ელაპარაკო. რამდენჯერ მინდოდა დამერეკა და თუნდაც 10 წუთით გავსაუბრებოდი. რამდენადაც შესაძლებელი იყო, დედა ყველანაირად მეხმარებოდა და ამას ძალიან ვუფასებ. ის ჩემთვის დედაც იყო და მამაც.

„ლეგიას“ დუბლებში მესამე ლიგაში ვთამაშობდი, 1 წლის შემდეგ, 2016 წელს კონტრაქტი მიმთავრდებოდა და უნდა გადაეწყვიტათ, გაეგრძელებინათ თუ არა. მაშინ მუხლის სერიოზული ტრავმა მივიღე და ზოგიერთს ჩემში ეჭვი ეპარებოდა. ჩემთვის საშინელი დრო იყო. ვკითხე, რას მიპირებდნენ. არც დამლაპარაკებიან, მდივნის პირით შემომითვალეს, რომ მიშვებდნენ.

ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო. ჩემი კარიერა ინგრეოდა. მანქანასთან დედა მელოდა და მაშინვე მიხვდა, რაც მოხდა. ძლიერი ქალი იყო და მითხრა, რომ რაღაც უნდა მოგვემოქმედა. იმავე დივიზიონის კლუბ „ზნიჩს“ დაუკავშირდა, რომელსაც ჩემი აყვანა ორიოდ თვის წინ სურდა და მე იქამდე ვფიქრობდი – რატომ უნდა გადავსულიყავი „ლეგიადან“ “ზნიჩში“?

ამიყვანეს და უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. ტრავმის მოსარჩენად ახალ გუნდში წავედი. ისეთ ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, რომ ნორმალურად სირბილი არ შემეძლო. სირბილისას ცალი ფეხი მეორეს ჩამორჩებოდა. დიდი ტალანტები უკვე „ბაიერნში“, „ბარსასა“ და „მანჩესტერში“ თამაშობდნენ, მე კი პოლონეთის მესამე დივიზიონში ვიყავი და ვცდილობდი ხალახლა სირბილი მესწავლა.

რა თქმა უნდა, იმ პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე. ბევრი მუშაობა მომიწია. ფორმის აღსადგენად დიდი დრო მჭირდებოდა. მოვახერხე და გოლების გატანა დავიწყე. ოთხი წლის შემდეგ უამრავი საზღვარგარეთული კლუბი მეპატიჟებოდა. ბევრი ჭკუის დამრიგებელი გამომიჩნდა და მშობლების ნათქვამი გამახსენდა – მიენდე საკუთარ ინსტიქტებს. გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, სად მინდოდა წასვლა.

გერმანია მიხმობდა.

 

აქტი III: ფსონი

 

ერთხელ იურგენ კლოპთან ნიძლავი დავდე.

2010 წელი იყო, უკვე რამდენიმე თვე „დორტმუნდში“ ვთამაშობდი. მართალი გითხრათ, ეს რთული იყო. როდესაც მივედი, გერმანულად ძლივს ვლაპარაკობდი. წვიმდა. კლოპისას კი ძალიან, ძალიან ინტენსიური ვარჯიშები იყო. მინდოდა თავი გამომეჩინა, კლოპი კი ცდილობდა გამოვეწვიე და დამენიძლავა – თუ ყოველ ვარჯიშზე 10 გოლს გავიტანდი, 50 ევროს მომცემდა, თუ არა – მე უნდა მიმეცა. პირველი რამდენიმე კვირა სულ ვაგებდი. ის იცინოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მოკლედ, ფულის შოვნა დავიწყე.

ერთხელ მან მითხრა: „სტოპ! კარგია! საკმარისია. ახლა შენ მზად ხარ“.

თუმცა, მზად არ ვიყავი, მატჩები ვარჯიშებისგან ძალიან განსხვავდება.

იმ სეზონში ხშირად მიწევდა შეცვლაზე შესვლა. მეორე წრეში უფრო მეტს ვთამაშობდი – ათიანის პოზიციაზე, თავდამსხმელის უკან. ჩემი საყვარელი პოზიცია ცხრხიანი იყო. მიუხედავად ამისა, იმ 6 თვისათვის იურგენს მადლობა უნდა გადავუხადო. ბევრი რამ ვისწავლე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მემოქმედა სიღრმიდან და როგორ მეთამაშა თავდამსხმელების უკან.

როდესაც მეორე სეზონი დაიწყო, ჯერ კიდევ მიჭირდა. ვგრძნობდი, იურგენი ჩემგან რაღაცას ელოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რას. ჩემპიონთა ლიგაზე „მარსელთან“ წაგების (მგონი 0:3) შემდეგ მასთან მივედი და ვკითხე, ჩემგან რას ელოდა.

ვერ ვიხსენებ, რა მიპასუხა, გერმანული ჯერ კიდევ არ მესმოდა კარგად, თუმცა კარგად გასაუბრება მინც მოვახერხეთ. 3 დღის შემდეგ „აუგსბურგთან“ ჰეთ-თრიკი შევასრულე და საგოლე პასი გავაკეთე და 4:0 მოვიგეთ. ეს ჩემთვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. მგონია, ეს რაღაცნაირად მამასთან იყო დაკავშირებული.

იმ დროს ამაზე არ ვფიქრობდი, ახლა კი ვხვდები, რომ იურგენთან ჩემი საუბარი იმას ჰგავდა, როგორიც მინდოდა მამასთან მქონოდა. იურგენთან ნებისმიერ თემაზე შემეძლო მელაპარაკა. ვენდობოდი. შინაური ადამიანია, ძალიან განიცდის იმას, რაც შენს პირად ცხიოვრებაში ხდება. მეორე მამასავით იყო. როგორც მწვრთნელი „ცუდი მასწავლებელი“ გახლდათ. „ცუდი მასწავლებელი“ ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.

ნება მიბოძეთ განგიმარტოთ. გაიხსენეთ თქვენი სასკოლო პერიოდი. რომელი მასწავლებელი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად? ის, რომელიც ცხოვრებას გიიოლებდათ და შენგან არაფერს არ ელოდა. არა. არა. არა. გახსოვს მკაცრი მასწავლებელი. ის გაიძულებდა, რომ საუკეთესო შედეგი მიგეღო. სწორედ ასეთი გახლდათ იურგენი.

ის შენი ოთხოსნობით კმაყოფილი არ იყო. მოსწავლეებისგან 5+-ს მოითხოვდა. თავისთვის კი არა, თქვენთვის უნდოდა.

უამრავი რამ მასწავლა. როდესაც დორტმუნდში ჩავედი, ყველაფერი სწრაფად მსურდა გამეკეთებინა: ძლიერი პასი, მხოლოდ ერთი შეხებით. მან მითხრა, რომ დავმშვიდებულიყავი და საჭიროების შემთხვევაში ორი შეხებით გამეკეთებინა გადაცემა. დავუჯერე და მალე გოლების გატანას ვუმატე.

როდესაც ეს ავითვისე, სისწრაფის გაუმჯობესება მომთხოვა. ერთი შეხება. ბუმ! გოლი. მან შემაჩერა, რათა ავეჩქარებინე. ჟღერს მარტივად, მაგრამ მართლაც გენიალური იყო.

არასოდეს ავიწყდებოდა, რომ პირველ რიგში ადამიანები ვიყავით და შემდეგ ფეხბურთელები. როდესაც დალევ, ნიორი უნდა შეჭამო, რათა მეორე დღეს ალკოჰოლის სუნი არ გქონდეს. იურგენი მოვიდა და ყველას სუნვა დაგვიწყო. მაძებარი ძაღლივით იყო. ბოლოს და ბოლოს თქვა: “რაღაც სუნს ვგრძნობ. ნიორია?“. რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ნიორი იყო. ჩვენც ვიცოდით, რომ მან იცოდა. არაფერი უთქვამს. საკითხი ღიად დატოვა. ყველანი დავდუმდით და ერთმანეთს შევხედეთ, მერე კი სიცილი აგვიტყდა. ხახახა!

გაკვეთილი: არასოდეს ეცადო კლოპის მოტყუებას. ეს ადამიანი ძალიან ჭკვიანია!

რა თქმა უნდა, კლოპი ერთადერთი არ იყო, ვინც დამეხმარა უკეთესი გავმხდარიყავი. „ბაიერნში“ იუპ ჰაინკესთან, პეპ გვარდიოლასთან და კარლო ანჩელოტისთან ბევრი რამ ვისწავლე, ახლა კი ჰანსი ფლიკისგან ვსწავლობ. აქ თამაში მართლაც დიდი შემეცნებითი გაკვეთილია, რადგან მოთხოვნები მაღალი, საკლუბო კულტურა კი პროფესიონალურია. იძულებული ხარ სტანდარტები აიმაღლო. თუმცა, ამას ახლობელი ადამინების გარეშე ვერ მივაღწევდი. მათ შორის მთავარი ჩემი მეუღლე ანა იყო.

ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით, როდესაც „ზნიჩში“ ვთამაშობდი. ის კვებასა და ფიზიკურ კულტურას სწავლობდა. როდესაც 26 წლის ვიყავი, ვისწავლეთ როგორ გამოგვეყენებინა მისი ცოდნა ჩემი კვებისა და თამაშისათვის მომზადების გასაუმჯობესებლად. ყველა პრობლემაზე ვსაუბრობდით. როცა თქვენს პრობლემებზე ლაპარაკობთ და თქვენთვის არ ინახავთ, მყისებრ გაგიადვილდებათ.

ეს დიდი, დიდი ნაბიჯია ჩემს როგორც ფეხბურთელისა და ადამიანის განვითარებაში.

უკან მოხედვისას, როცა ეს ფილმი ჩემს თავში მიდის, ვხვდები როგორ გამიმართლა. ტიტულებს მარტოსული ვერასოდეს მოიგებთ. ყოველი მოგებული ტიტული ან საწოლში მიტანილი ტროფეი ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. მათ რიცხვში ბავშვობის მეგობრებს შევიყვანდი. მწვრთნელებს. ჩემს დას. მოძღვარს, რომელმაც ჩემს გამო წირვა ადრე დაიწყო. დედას, რომელიც ჩემთან იმყოფებოდა, როცა ფსკერზე ვიყავი და რა თქმა უნდა, მამას. ის ვერ მოესწრო იმ დღეს, როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი. თუმცა, მინდა მჯეროდეს, რომ ამას ზეციდან უყურებს.

არა ტროფეებისათვის. არა ფულისთვის. არა დიდებისთვის.

არა. ჩვენ ვთამაშობთ იმისათვის, რომ ჩვენ ეს მოგვწონს.

მადლობა, მამა.

ფილმის უკანასკნელი სცენა მასთან იყო დაკავშირებული.

ეს იმის მოგონებაა, ვიდრე რაღაცას მივაღწიე. იქამდე, ვიდრე ჩემი სახელი ჩემს ქალაქს იქეთ გაიგეს. იქამდე, ვიდრე ტიტულები მოვიგე და საერთოდ რამე გავაკეთე. დილაარდიან მამას მატჩზე პოლონეთის მეორე ნაწილში მივყავარ. ვლაპარაკობთ ფეხბურთზე, სკოლაზე ან არაფერზე.

ერთად ვზივართ ავტომობილში და გარეთ ვიმზირებით. მოუთმენლად ველი მორიგ მატჩს და წარმოვიდგენ, რას და როგორ გავაკეთებ.

ფეხბურთი.

აი, ყველაფერი. აი, ასეთი მოგონებაა. საუკეთესო მოგონება.

წყარო: Tribuna

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო