11 X 11
სპორტული პორტალი

ჰოლანმა მისი გარდაცვლილი ძმა შეცვალა – “დორტმუნდის” ნახევარმცველის შთამაგონებელი ისტორია

0

უამრავი მიზეზი გვაქვს 2020 წელი ცუდად დაგვამახსოვრდეს, მაგრამ იმ წელს მაინც იყო ისეთი მოვლენები, რომლებიც მომავლის იმედს გვიჩენდნენ. ერთი ასეთი გახლავთ „დორტმუნდის“ ამერიკელი ვუნდერკინდის საკვირველი პროგრესი.

ჯოვანი რეინას ისტორია გვიჩვენებს თუ როგორ შეიძლება გადაილახოს დიდი სიძნელეები მაშინაც კი, როდესაც ადამიანს  საშინელი ტრაგედია დაგატყდება თავს.

ჯოვანი ამერიკული ფეხბურთის ლეგენდის, კლაუდიო რეინას ვაჟია, მაგრამ ფეხბურთის ანბანს მისმა უფროსმა ძმამ აზიარა

1994 წელს აშშ-ს კაცთა და ქალთა ეროვნულ ნაკრებებს შეკრება ერთ ბაზაზე ჰქონდათ, იქვე ვარჯიშობდნენ და ერთ სასტუმროში ცხოვრობდნენ. კლაუდიო რეინა და დანიელ იგანი ამ გუნდებში იყვნენ და ერთხელაც სასტუმროს ჰოლში შეხვდნენ ერთმანეთს. კლაუდიომ დანიელი პიცერიაში დაპატიჟა. ქალი დათანხმდა.

გახდა რა აშშ-ს სტუდენტური ლიგის სამგზის ჩემპიონი“ვირჯინია კავალიერსის“ შემადგენლობაში, კლაუდიო თავის საცოლესთან ერთად გერმანიაში გადაბარგდა. ბუნდესლიგაში „ლევერკუზენსა“ და „ვოლფსბურგში“ (1994-1999 წწ.) ითამაშა და საქმისადმი გერმანული დამოკიდებულებით განიმსჭვალა. სწორედ ამიტომაც მოგვიანებით კლაუდიო დაჟინებით მოითხოვდა ვაჟისაგან კარიერა მხოლოდ გერმანიაში გაეგრძელებინა.

დანიელიც ფეხბურთს თამაშობდა, ოღონდ რანგით გერმანიის მესამე დივიზიონში, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ მოწყინდა ავტობუსით მრავალსაათიანი მგზავრობები, თამბაქოს ბოლით გაჟღენთილი გასახდელები და თანაგუნდელები, რომლებიც შესვენებებზეც კი ლუდს მიირთმევდნენ. ამიტომაც კარიერის დასრულება და მთელი ზრუნვის ოჯახზე გადატანა არჩია.

1999 წელს წყვილს პირმშო შეეძინა, რომელსაც ჯეკი დაარქვეს. პატარა სულ მამას დაჰყვებოდა კუდში, ესწრებოდა ლამის ყველა ვარჯიშს, გვერდით ხაზთან მცქმუტავი იმეორებდა ფეხბურთელთა ყველა ილეთს და ფაქტობრივად აშშ-ს ნაკრების არაოფიციალურ მასკოტად იქცა. ის საოცრად მხიარული და გულღია ბავშვი იყო და თავის ირგვლივ მუდამ პოზიტიურ განწყობას ქმნიდა, რაც ძალიან დადებითად მოქმედებდა ნაკრების ფეხბურთელებზე.

ჯეკი სამი წლის იყო, როდესაც ჯოვანი დაიბადა და ვისაც მოფერებით ჯიოს ეძახიან.

„ჯეკი ჩემთვის გმირი იყო. ყველას ჰგონია, რომ ფეხბურთის თამაში მამამ მასწავლა, მაგრამ ასე არაა. კი, მამა რჩევებს ყოველთვის მაძლევდა, მაგრამ ამ საქმეში მთავარი ჯეკი გახლდათ. სახლის უკანა ეზოში სულ ფეხბურთს ვთამაშობდით. გქონდა პატარა კარი და ცალკარაში სულ ჩემზე უფროსი ჯეკი მიგებდა, მე ხანდახან ავტირდებოდი ხოლმე, ხან ვიკბინებოდი, ხან ვეჩხუბებოდი, ხან დედასთან გავრბოდი და ამიტომ ჩემ დასამშვიდებლად, ჯეკი ზოგჯერ განგებ უშვებდა ხოლმე გოლს.”

ამ უთანასწორო ორთაბრძოლებში გამოიწრთო პატარა ჯიო, დაეუფლა ბურთის ფლობის თავისებურ ტექნიკასა და დრიბლინგს, მაგრამ მთავარი ამ პერიოდში მაინც ბრძოლისუნარიანობის გამომუშავება გახლდათ.

ჯოვანი მორიდებული გახლდათ, ჯეკი კი თამამი ბავშვი იყო და როდესაც თანატოლებში მიდიოდა ფეხბურთის სათამაშოდ ჯიოც თან მიჰყავდა და აუცილებლად გუნდში ჰყავდა. თან ყველანაირად ეხმარებოდა, ამასთან იცავდა კიდეც რომ არავის დაეჩაგრა. მოგვიანებით, როდესაც საფეხბურთო სკოლაში აღმოჩნდა, რომ ჯიო უფრო ნიჭიერია, ჯეკს იოტისოდენი შურიც არ გაჩენია.  პირიქით, უფრო უმატა ძმაზე ზრუნვას და მუდმივად ავარჯიშებდა, ესწრებოდა მისი გუნდის ყველა თამაშს და როცა საჭირო იყო აქებდა, ხშირად შენიშვნებსაც აძლევდა და ხანდახან მკაცრად აკრიტიკებდა კიდეც. თუმცა, უმეტესად პატარა ძამიკოს ქება უხდებოდა და ამაში ნამდვილად უშურველი იყო.

2010 წელს 11 წლის ჯეკს თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა. ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ მას რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩენოდა. მართლაც, დაავადება სწრაფად პროგრესირებდა და ჯეკი ლოგინად ჩავარდა. 8 წლის ჯიო თავს ევლებოდა ძმას, თავის ხელით აჭმევდა, ასმევდა და ბოლოს, როდესაც ამის საჭიროება შეიქნა, საფენებსაც უცვლიდა და ბანდა. იმ მძიმე პერიოდშიც ძმები ერთად უყურებდნენ საფეხბურთო მატჩებს და არჩევდნენ საინტერესო მომენტებს.

ერთხელ, როცა ჯეკს არა თუ გადაადგილება, უკვე ლაპარაკიც კი უჭირდა, მამას სთხოვა ჯიოს საკალათბურთო თამაშზე წაეყვანა. ნახევარი საათი უყურა თამაშს და მშობელს მოუბრუნდა:

“მამა, მგონი ჯიოზე უკეთ კალათბურთსაც ვერავინ თამაშობს.”

ბიჭები „მანჩესტერ სიტის“ ფანები იმ პერიოდიდან გახდნენ, როდესაც მათი მამა ოთხი (2003-2007 წწ.) სეზონის მანძილზე „სიტიში“ თამაშობდა. ძმები ლაპარაკში მანჩესტერულადაც კი უქცევდნენ და ეს კილო მხოლოდ ამერიკაში დაბრუნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაკარგეს.

2012 წლის 13 მაისს, როდესაც „მანჩესტერ სიტის“ 44 წლის შემდეგ მიეცა შანსი ინგლისის ჩემპიონები გამხდარიყვნენ, მთელი ოჯახი, ბებიისა და ბაბუის ჩათვლით, ერთად შეიკრიბა გადამწყვეტი მატჩის საცქერლად.

„აგუეროს გოლის შემდეგ სიხარულისგან ლამის ყველანი ჭკუიდან შევიშალეთ, ვყვიროდით, ვხტუნაობდით, ერთმანეთს ვეხვეოდით და ამ დროს ოთახის კუთხიდან ლოგინად ჩავარდნილი, თითქმის მომაკვდავი  ჯეკის ხროტინი მოგვესმა, რომელიც სწოლიდან გადმოვარდნილიყო. ყველანი მას მივცვივდით, მამამ ხელში აიტაცა და ლოგინზე დააწვინა. როდესაც სული მოითქვა, ჯეკმა ფართოდ გაგვიღიმა და დასუსტებული მომუშტული ხელი მაღლა აღმართა, გვანიშნა, რომ ისიც ჩვენთან ერთად აღნიშნავდა ამ გამარჯვებას. ეს არასოდეს დამავიწყდება, სიხარულთან შერწყმული უბედურება“, – თვალცრემლიანი ჰყვება ამას ჯიო.

ამ შემთხვევიდან ორი თვის თავზე ჯეკმა სული დალია. ძმის გარდაცვალება ჯოვანისათვის საშინელი ფსიქოლოგიური დარტყმა გამოდგა. როგორმე ფიქრი სხვაზე რომ გადაეტანა, სულ თამაშობდა და არა მარტო ფეხბურთს, არამედ თითქმის ყველა ბურთიან სპორტის სახეობას. ცდილობდა თავისი მძიმე მდგომარეობით, ისედაც დათრგუნული მშობლები კიდევ უფრო არ დაეთრგუნა და რატომღაც ჩათვალა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ვეღარასოდეს გახდებოდა, რადგან მხოლოდ ჯეკი მიაჩნდა თავის მწვრთნელად და მასწავლებლად. რა თქმა უნდა, ეს ბავშვური აღქმა გახლდათ, მაგრამ მას ასე სწამდა და რა ექნა?

მისი ამგვარი მდგომარეობა კარგად შენიშნა კლაუდიომ და ჯიო „ნიუ-იორკ სიტის“ აკადემიაში ჩარიცხა, სადაც თავად სპორტული დირექტორის პოსტი ეკავა. 2017 წელს 14 წლის ჯოვანიმ MLS-ის 17-წლამდელთა გუნდების ტურნირზე გაიბრწყინა, გახდა რა ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ იტალიაში გამართული რამდენიმე ქვეყნის 15-წლამდელთა პრესტიჟული ტურნირი მოიგო. ფინალში აშშ-მ ინგლისის ნაკრებს სძლია და გამარჯვების გოლის ავტორი ჯოვანი გახლდათ.

ერთი წლის შემდეგ მის მშობლებს „დორტმუნდიდან“ დაუკავშირდნენ და ჯიო გერმანიაში მიიწვიეს. 15 წლის ჯოვანის უკვე პირადი კონტრაქტი ჰქონდა „ადიდასთან“. „ნიუ-იორკ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პატრიკ ვიეირა მას კაკასა და ტრეზეგეს ადარებდა.  კლაუდიომ მიიღო გადაწყვეტილება და შვილი გერმანიაში გაუშვა, რასაც დიდხანს ვერ პატიობდნენ ფანატები, რადგან მიაჩნდათ, რომ ამით ნიუ-იორკელებმა დიდი ვარსკვლავი დაკარგეს.

„დორტმუნდის“ ძირითად შემადგენლობაში ჯოვანი რეინა 2019 წლის 19 ივლისს გამოჩნდა, ძმის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ. ამერიკული ტურნეს ფარგლებში „დორტმუნდი“ მაშინ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ „ლივერპულს’ შეხვდა. ამ მხანაგურ მატჩში ჯიომ საგოლე პასი მისცა პაკო ალკასერს და ეს დუელი „ყვითლებმა 3:2 მოიგეს. ეს დიდი სიხარული იყო კლაუდიოსა და დანიელისათვის, რომლებიც ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს შვილის წარმატებულ დებიუტს.

2020 წლის დასაწყისში ბუნდესლიგაში ჯიოს დებიუტი ერლინ ჰოლანთან ერთად შედგა, პირველი გოლი კი 17 წლის ასაკში გაიტანა

გერმანიაში გადასვლიდან პირველი ექვსი თვე ჯიო თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. მის თამამემამულე პულიშიჩს თან მამა ახლდა, რომელიც მასთან ცხოვრობდა და ყველა პრობლემას შეძლებისდაგვარად უგვარებდა და ადაპტაციაშიც ძალიან დაეხმარა. რეინა კი მარტო იყო უცხო გარემოში, მის მშობლებს ოჯახის დატოვება არ შეეძლოთ, რადგან კიდევ ორი უმცროსი ბავშვი (გოგო და ბიჭი) ჰყავთ. 16 წლის ჯიო არ იყო მზად დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. სახლს ასე თუ ისე ალაგებდა, საჭმელსაც უხერხებდა რაღაცას, მაგრამ რეცხვა და სხვა საოჯახო საქმეები საერთოდ არ ეხერხებოდა.

სამაგიეროდ, ფეხბურთში ყველაფერი კარგად გამოსდიოდა და მწვრთნელებიც აღტაცებაში მოჰყავდა. მამისაგან მემკვიდრეობით ტექნიკა და მოედნის ხედვა გამოჰყოლოდა, ხოლო დედისაგან სისწრაფე და ათლეტიზმი. „დორტმუნდის“ 19-წლამდელთა გუნდში გატარებული ოთხი თვის თავზე მთავარმა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა პირველ გუნდში გადაიყვანა.

„მთავარ გუნდში გადასული საშინლად ვღელავდი. ვარჯიშებზე პარტნიორებისათვის პასის მოთხოვნასაც ვერ ვბედავდი და ასე მუნჯივით დავრბოდი. მალე ამ დაძაბულობამ გამიარა, მეტიც, ვიგრძენი, ლიდერობაც კი შემეძლო“, – მოგვიანებით გაამხილა ჯოვანიმ.

საბედნიეროდ, გუნდში მის ბედქვეშ მყოფი სხვაც იყო, „ზალცბურგიდან“ გადასული ერლინ ჰოლანი. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიელი მასზე ორი წლით უფროსი იყო, ურთიერთობა არ გასჭირვებიათ. ისე მოხდა, რომ ერლინმა ჯიოს უფროსი ძმის მაგივრობა გაუწია. ყველანაირად ეხმარებოდა, მხარს უჭერდა, რჩევებს აძლევდა მოედანზე და მის მიღმაც, ყოფა-ცხოვრებაშიც ეხმარებოდა, დაჰყვებოდა  საყიდლებზე, რადგან ჯიოს თავისი გერმანულის რცხვენოდა და ეგონა, მაღაზიებში ვერავის ვერაფერს გააგებინებდა. თამაშის დროს კი ერლინი თავისი დიდებული ასპარეზობითაც აძლევდა მაგალითს თუ როგორ უნდა გაენადგურებინა მეტოქე.

„რახან ახლად მისულნი ვიყავით და სხვებს თითქმის არ ვიცნობდით, ერთმანეთს დავუახლოვდით და ერთად ვარჩევდით ჩატარებულ მატჩებს. ერლინგი მიხსნიდა თავისი მოქმედებების დინამიკას, როდის იხსნება, როდის და საით იწყებს გარღვევას, რომელი მხრიდან ეხერხება ბურთის მიღება და მსგავს რაღაცეებს. მეც ჩემი მოქმედებების ალგორითმს და სხვა ნიუანსებს ვეუბნებოდი და ეს შემდგომ მალე  ძალიანაც გამოგვადგა,“- უთხრა რეინამ ბუნდესლიგის ოფიციალურ საიტს ინტერვიუში.

2020 წლის 18 იანვარს „აუგსბურგის“ წინააღმდეგ ორივეს ერთდროულად ჰქონდათ დებიუტი „დორტმუნდის“ ძირითად შემადგენლობაში. ჰოლანდმა ეგრევე ჰეთ-ტრიკით გამოიჩინა თავი, ხოლო რეინამ ორი კვირის შემდეგ ყველა აალაპარაკა თავისი გოლი-შედევრით, რომელიც გერმანიის თასის მატჩში ვერდერს“ გაუტანა. ამ გოლით ის ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. რეინა და ჰოლანდი ახლა ძალინ შეწყობილად ურთიერთმოქმედებენ და „დორტმუნდის“ იერიშების მთავარი წარმმართველებიც გახლავან.

მიმდინარე სეზონში რეინას დებიუტი ჰქონდა აშშ-ს ეროვნულ ნაკრებში პანამასთან ამხანაგურ მატჩში და სავსებით შესაძლებელია წლების შემდეგ საკუთარი მამის რეკორდიც დაამხოს, რომელსაც ნაკრებში 114 მატჩი აქვს გამართული. ჯოვანი 2020 წლის აშშ-ს საუკეთესო  ახალგაზრდა  ფეხბურთელად დასახელდა, ხმათა 79 %-ით.

2020 წლის 18 თებერვალს ჯოვანი რეინა ბედნიერი დაბრუნდა სამშობლოში. სულ რამდენიმე საათის წინ მისი პასით ერლინგ ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა პსჟ-ს კარში. მან თავსი კერპების  ნეიმარისა და მბაპეს გუნდს მოუგო და ეს დაუჯერებლად ეჩვენებოდა. მისი ტელეფონი სწრაფად ჯდებოდა, რადგან უამრავი მილოცვის მესიჯები მისდიოდა და გული მხოლოდ იმაზე უკვდებოდა, რომ მათ სორის, მისი ძმის, ჯეკის მილოცვა არ იყო.

საყვარელი ძმის სახსოვრად მარცხენა ხელზე ტატუ Love Jack-ი გაიკეთა და ყველა გატანილს ბურთს მას უძღვნის.

„ეს ჩემი ერთადერთი ტატუა. მინდა ამით ჩემი ძმა მუდამ  გვერდით მყავდეს და ჩემით ამაყობდეს. მის გარეშე ჩემთვის არც „დორტმუნდი“ იქნებოდა, არც აშშ-ს ნაკრები, არც კარიერის ასეთი დასაწყისი და ვერასოდეს გავხდებოდი ის, რაც ახლა ვარ“.

წყარო: Tribuna

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო