11 X 11
სპორტული პორტალი

ექიმების შეცდომის გამო 38 წელია კომაშია – საფრანგეთის ნაკრების ექსმცველს ეს პერიოდი ცოლი უვლის

0
უკვე 38 წელია ექიმების შეცდომის გამო საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი კომაშია. ამ დროის განმავლობაში მასზე ცოლი ზრუნავს, რომლისთვისაც ქმარს ერთი სიტყვაც 1982 წლიდან აღარ უთქვამს. 1981 წელს საფრანგეთის ნაკრების ექსფეხბურთელმა ჟან პიერ ადამსმა კარიერა დაასრულა. ის 33 წლის იყო და ბოლოს სამოყვარულო გუნდ “შალონში” თამაშობდა. მისი ერთერთი პარტნიორი იოზეფ კლოზე იყო – არა, უბრალოდ მოგვარე არა, საფრანგეთის მე-4 ლიგაში ადამსთან ერთად კარიერას მუნდიალის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის მამა ასრულებდა. ადამსს მწვრთნელად გახდომა ჰქონდა დაგეგმილი და უკვე სწავლობდა კიდეც, თან “შალონში” ზოგჯერ მწვრთნელის მოვალეობებსაც ასრულებდა. 1982 წელს ჟან პიერი დიჟონში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრა, იქ კი მყესები გაიწყვიტა და მკურნალობა დასჭირდა. ადამსი კონსულტაციაზე “ლიონის” გულშემატკივარ ექიმთან მივიდა, მან კი ფეხბურთელი იცნო და რამდენიმე დღეში მუხლის ოპერაციის გაკეეთება ურჩია, ასე აჯობებს, მალე დამთავრდება ყველაფერი ზედმეტი გართულებების გარეშეო. საკმაოდ მარტივი ოპერაცია დაგეგმეს, აი, მილიონობით რომ ტარდება, ისეთი. “ყველაფერი კარგადაა, ბრწყინვალე ფორმაში ვარ,” – თქვა პიერმა საავადმყოფოში გადაყვანის წინ. ის ლიონის დასავლეთ ნაწილის, საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ედუარდ ერიოს სახელობის კლინიკაში მივიდა. მას შემდეგ ადამსი გონზე აღარავის უნახავს. *** ადამსი 1948 წელს დაკარში დაიბადა, როცა სენეგალი ჯერ კიდევ არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის საფრანგეთის დასავლეთ აფრიკაში შედიოდა და სეგენალი მასში ფედერაციის სტატუსით იყო გაწევრიანებული, დაკარი კი დედაქალაქი გახლდათ. ალბათ, საჭიროც არაა იმის აღწერა, თუ რამდენად რთული იყო აფრიკაში ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჟან-პიერ მკაცრ კათოლიკე ოჯახში გაიზარდა და უამრავი დედმამიშვილი ჰყავდა. ფეხბურთი კი ბავშვობიდან ერტყა გარს: ბიძამისი ალეკსანდრ დიედიუ ადგილობრივ კლუბ “ჟანა დ’არკში” თამაშობდა. მაგრამ, ჟანს მშობლები სწავლას აძალებდნენ და ფეხბურთის თამაშს უშლიდნენ, თუ დაბალ ნიშნებს მიიღებდა. როცა ჟან-პიერი 10 წლის გახდა, ბებიამ რელიგიურ სასწავლებელში წაიყვანა, ევროპაში და ის სენ ლუის სკოლაში ჩააბარა, ქალაქ მონტარჟში, პარიზიდან 150 კილომეტრის მოშორებით. ბებო აფრიკაში დაბრუნდა, ჟან-პიერი კი დარჩა – ის ჟურდენების ოჯახმა იშვილა. “მე პატარა დაკარგულ ლეკვს ვგავდი, რომელსაც საყელო არ ჰქონდა,”- იხსენებდა ფეხბურთელი. 1950-იანი წლების ბოლოსა და 60-იანების დასაწყისში საფრანგეთი შავკანიანი ბიჭისთვის საკმაოდ რთულად საცხოვრებელი ქვეყანა იყო, მითუმეტეს, როცა ახალჩასული გახლდათ. ფეხბურთი კი მას ჩაგვრისაგან იცავდა და საზოგადოებაში ადაპტაციაში ეხმარებოდა: კლასელებმა საკმაოდ მალე შეაფასეს მისი ფიზიკური მონაცემებიც. ბიჭუნამ ადგილობრივი სპორტსკოლის 13-წლამდე გუნდში დაიწყო თამაში და გუნდელების პატივისცემაც დაიმსახურა, მეტსახელად “თეთრ მგელს” ეძახდნენ(რამხელა ირონია და რასიზმია ამ ორ სიტყვაში). ჟან-პიერმა სკოლა კარგი ნიშნებით დაასრულა და სტენოგრაფიის სწავლა დაიწყო. თუმცა, გული მალე აუცრუვდა და სწავლა მიატოვა. ამის ნაცვლად კაუჩუკის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა, პარალელურად კი ფეხბურთს თამაშობდა. ასე მოხდა ადამსი ადგილობრივ სამოყვარულო გუნდ “მონტარჟიში”, რომელმაც საფრანგეთის სამოყვარულო ჩემპიონატი ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი ლუი გაბრილიოს ხელმძღვანელობით მოიგო. მაშინ, ადამსის ცხოვრება პრობლემებით იყო მოცული. ჯერ ერთი, მუხლის რამდენიმე სერიოზული ტრავმა მიიღო. მეორე, ერთერთ საუკეთესო თანაგუნდელსა და ახლო მეგობარ მიშელ სლოტას ველოსიპედით მოძრაობისას მანქანა დაეჯახა და ლოგინად ჩავარდა, მეორე მეგობარი ალენ გერტონი კი აზიაში ვირუსით გარდაიცვალა. 19 წლის ჟან-პიერი სამხედრო კლუბ “ანტანტა ბანიო ფონტენბლო ნემურში”. ესეც სამოყვარულო გუნდით გახლდათ, თუმცა ადამსი ამ ნაბიჯს მაინც უფრო მაღალ საფეხურზე ასვლად თვლიდა. თუმცა, სიხარული დიდხანს არ დასცალდა. იქ თამაშის დაწყებიდან მალე ადამსი მეგობართან ერთად ავტოავარიაში მოხვდა. ფეხბურთელს ნაკაწრები ჰქონდა და მარჯვენა თვალთან შრამიც დარჩა, მეგობარი კი ადგილზევე დაიღუპა. ჟან პიერი რამდენი თვე მოდიოდა გონს და ფორმის აღდგენას ცდილობდა, აი 1968 წელს დისკოტეკაზე გაიცნო ლამაზი ქერა გოგონა, სახელად ბერნადეტი. ის სვინგზე (ჯაზის ცეკვა, რომელიც 60-იანებში ძალიან პოპულარული იყო). “მაშინ სულ ვცეკვავდი, სხვა არაფერს ვაკეთებდი. როცა ერთმანეთი გავიცანით, ის კუნთების გროვა იყო. მასში რაღაც ძალიან ბედნიერი შევამჩნიე, ძალიან უყვარდა სიცილი და დასვენება, როგორც მე,”- გაიხსენა ქალბატონმა The Times-თან ინტერვიუში. ის მუშათა ოჯახიდან იყო, მამა მშენებელი გახლდათ და ქალიშვილის შავკანიან ბიჭთან ურთიერთობას სკეპტიკურად უყურებდა. დედა უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა და დაქორწინების უფლებას არ აძლევდა, ამის გამო გოგონა სახლიდანაც კი წავიდა. თუმცა, ქორწილი 1 წლის შემდეგ მაინც შედგა, მშობლები კი ამ ფაქტს შეეგუვნენ. “არ მოვიტყუებ, თავიდან ამასთან შეგუება ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდა. იმ დროს თეთრკანიანი ქალისა და შავკანიანი კაცის ქორწინებას არც ისე კარგად აღიქვამდნენ. მაგრამ, ჩვენ ერთად ცხოვრება დავიწყეთ, შემდეგ დაოჯახებაც გადავწყვიტეთ. მშობლებს მივწერე: ახალი ამბავი გავაცანი, ქორწილის დრო და ადგილი ვაუწყე, მოსაწვევებიც გავუგზავნე. დედამ ვახშამზე მიგვიწვია. ამის შემდეგ ყველაფერი იდიალურად იყო და ჩემზე მეტადაც კი შეუყვარდათ, სულ ჟან-პიერ, ჟან-პიერს გაიძახოდნენ,”- იხსენებდა ბერნადეტი. ადამსი გუნდის ძირითადი და წამყვანი მოთამაშე გახდა, თამაში ცენტრფორვარდის პოზიციაზე დაიწყო და მასთან ერთად “ფონტენბლომ” სამ წელში 1-ხელ მეორე ადგილი დაიკავა, ორჯერ ჩემპიონი გახდა და ბოლო სეზონში პროფესიონალებში დაწინაურების უფლებაც კი მოიპოვა. ზღაპრული სვლა არ გაგრძელდა: 22 წლის ფეხბურთელი ლიგა 1-ის გუნდებმა შენიშნეს, “ნიმში” სინჯებზე ცნობილმა მწვრთნელმა კადერ ფირუდმა (782 მატჩი უმაღლეს დივიზიონში, მასზე მეტი შეხვედრა მხოლოდ გი რუს აქვს ჩატარებული) მიიწვია. ამხანაგური შეხვედრა რუანში გაიმართა, იქამდე კი ადამსი ბერნადეტმა მიიყვანა. ჟან-პიერს სამწვრთნელო შტაბის გასაოცებლად მხოლოდ ერთი თამაში ეყო და მაშინვე პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმეს. “შენ ახალგაზრდა მგელის თვისებები გაქვს, თუ შრომის არ გეშინია, ნამდვილი ნიანგი გახდები (“ნიმის” მეტსახელი”),”- უთხრა ფირუდმა ადამსს. “ნიმში” ფირუდმა ჟან-პიერ ჯერ ნახევარმცველად განამწესა, შემდეგ ცენტრალურ მცველად ჩამოაყალიბა – მიზეზი მარტივი იყო, გუნდში ბევრი ცენტრფორვარდი ჰყავდათ. ტრანსფორმაცია კი ადვილი არ ყოფილა: ადამსს ყველაფერი არ გამოდიოდა და იმდენად აშინებდა ეს ყველაფერი, რომ სხვა გუნდში გადასვლის სურვილი გაუჩნდა. მაგრამ, ფირუდი მის კარიერაში უმნიშვნელოვანეს ადამიანად იქცა. მწვრთნელს ყველა მოთამაშესთან განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა. მან ჟან-პიერს ქალაქის ისტორიულ ნაწილში ექსკურსია მოუწყო (თუ ვინმემ არ იცით, ნიმი საფრანგეთში რომაული არქიტექტურის მთავარი ნიმუშია, შენობები სწორედ აქ არის საუკეთესოდ შემონახული) და ცნობილი მეზონ კარეს ტაძარი უჩვენა. ფირუდი ფეხბურთელებს არა მხოლოდ გუნდის, ქალაქის ნაწილადაც თვლიდა და ცდილობდა მათთვის არა მხოლოდ კლუბი, ქალაქიც შეეყვარებინა. სხვათა შორის, ადამსთან ერთად ოქსიტანიაში სამოყვარულო დონეზე მისი თანაგუნდელი მიშელ მეზიც გადავიდა და ისიც მოხვდა ნაკრებში. “ნიმი” იმ პერიოდში არა თუ საშუალო დონის ან მაჩანჩალა გუნდი იყო, არამედ თავისი ისტორიის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა: ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ევროთასებზეც გამოდიოდა. “ნიმის” დაცვაში არის ერთი გოდოლი, რომელშიც მთელი ბუნების ძალაა ჩატეული, არაჩვეულებრივი სპორტული ძალის კოლოსი: ჟან პიერ ადამსი. ყოველთვის მეშინოდა იმ ორი დაპირისპირებისა, რომელიც წელიწადში მის წინააღმდეგ მელოდა და ყოველთვის ვცდილობდი ჩემზე მომაგრებული პირადი მცველისაგან თავის დაღწევას,”- იხსენებდა არგენტინის ნაკრების კაპიტანი ანხელ მარკოსი, რომელიც იმ პერიოდში “ნანტის” ღირსებას იცავდა. ფეხბურთელის ძლიერი ფიზიკა არა მხოლოდ ცოლს აკვირვებდა. “ერთხელ “ნიცას”(სადაც ის “ნიმიდან” გადავიდა) ფიზიოთერაპევტმა თქვა, რომ ასეთი ბარძაყები არასდროს ენახა. ყოველთვის შარვლების გადაკეთება უწევდა, რადგან ჩვეულებრივებში ვერასდროს ეტეოდა,”- იხსენებდა ბერნადეტი. სწორედ ცენტრალური მცველის ამპლუაში მიიღო ადამსმა ეროვნული ნაკრებიდან პირველი მიწვევა და იმ გუნდის ერთერთი პირველი შავკანიანი წევრი გახდა. მაშინ ფრანგები უცნაურ ვითარებაში იყვნენ და საშუალო დონის გუნდს წარმოადგენდნენ, თუმცა ფეხბურთელის მიღწევას ეს სულაც არ აკნინებს. “მას საოცარი ბუნებრივი ძალა აქვს, ძალიან, ძალიან ძლიერია, თუმცა ამავე დროს საოცრად კეთილი ადამიანია,”- ამბობდა მის შესახებ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ანრი მიშელი. ეროვნულ ნაკრებში ადამსი და “მარსელის” ფეხბურთელი მარიუს ტრეზორი ძალზე საიმედო დაცვის წყვილს ქმნიდნენ. ფრანგულ მედიაში მათ მალევე “შავი გვარდია” შეარქვეს, რადგან ერთმანეთის ბრწყინვალედ ესმოდათ: ადამსი უფრო ათლეტური და სწრაფი მცველი იყო, რომელიც 50-60 მეტრზე გარბენს არ ერიდებოდა, ტრეზორი კი უფრო ნელი, თუმცა უფრო ჭკვიანი და ტექნიკური გახლდათ. “ადამსი და ტრეზორი მთელ ევროპაში ერთერთი საუკეთესო წყვილია,”- შექება არ ენანებოდა ლეგენდარულ ფრანც ბეკენბაუერს. მოედნის მიღმა ჟან-პიერი და ბერნადეტი 70-იანების ატმოსფეროთი ტკბებოდნენ. ადამს ლამაზი ტანსაცმელი მოსწონდა (მისი საყვარელი ბრენდი Paco Rabanne გახდა), კარგი სიგარებისაგან სიამოვნებას იღებდა, საკთარ თავს პოპულარული ჯგუფების კონცერტზე (მაგალითად Bee Gees) დალევისა და გართობის უფლებას აძლევდა. “ის სიცოცხლით სავსე იყო, სულ იღომოდა და ხუმრობდა, უყვარდა სეირნობა და ოხუნჯობა. ისევე უყვარდა ლამაზი ცხოვრება, როგორც ეს ყველას გვიყვარს,”- ამბობს ბერნადეტი. 1973 წელს ადამსი “ნიცაში” გადავიდა, სანაპიროს გუნდი მაშინ ბევრს ხარჯავდა, ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავი ჟაირზინიოც ლამის გადაიბირა, თუმცა რაღაცები ვერ დალაგდა და ტრანსფერიც არ შედგა. ის ადამსმა 3 წელი ითამაშა და იმ პერიოდში საფრანგეთის ნაკრების ფორმა 22-ჯერ მოირგო. “ნიცა” მუდმივად უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონი ვერა და ვერ გახდა. ადამსი ხშირად ტრავმიანობდა, ბევრი გაუცდა, ნაკრების ძირითად შემადგენლობაშიც დაკარგა ადგილი და ძველ დონეზე ვეღარ დაბრუნდა. მოკლედ, “ნიცადან” წამოსვლა მოუწია. ჟან-პიერი პსჟ-ში მიიწვიეს. დიზაინერი დანიელ ეშტერის ამბიციურ პროექტს 10 წელიც არ შესრულებოდა, თუმცა სამოყვარულო ლიგიდან უმაღლეს დივიზიონში გადმოსვლა მოესწრო. იმ დროს, პარიზში ვარსკვლავური მოთამაშეების შეკრება მოსწონდათ და ამგვარად 1978 წელს ადამსი იქ მოხვდა, მასთან ერთად კარლოს ბიანკი და ჟან-მიშელ ლარკეც. სხვათა შორის, მაშინ პსჟ საშუალო დონის გუნდი იყო (მე-11 და მე-13 ადგილები 2 წლის განმავლობაში), მაგრამ ბიანკიმ ამ ორ სეზონში 64 გოლის გატანა მოახერხა. ვარსკვლავებმა საკუთარი გზა იპოვეს, ჟან-პიერს კი ტრავმების გამო ისევ არ გაუმართლა და 2 სეზონში მხოლოდ 24 მატჩი ჩაატარა. შემდეგ კი ძალიან მცირე მონაკვეთი “მიულუზში” გაატარა და ფაქტობრივად, კარიერაც დაასრულა. *** “შალონი” საფრანგეთის მე-5 დივიზიონში თამაშობდა – ეს სამოყვარულო დონეა. თუმცა, ადამსს ეს დაეხმარა: ის მოთამაშე მწვრთნელად მიიწვიეს, თან ეგრევე მთავარ მწვრთნელად. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა წევრმა პატარა გუნდში ყურადღება მიიპყრო: პატარა სტადიონის ტრიბუნები სულ ივსებოდა, ცნობადობა ჟან-პიერსა და ბერნადეტს სპორტული მაღაზიის გახსნაში დაეხმარა და ადგილობრივების მოთხოვნებსაც აკმაყოფილებდა. არც სამუშაო ჰქონდა ცუდი: “შარლონი” მეოთხე დივიზიონში გადავიდა და 1981 წელს ჟან-პიერმა კარიერა დაასრულა, რათა მთელი ყურადღება სამწვრთნელო საქმიანობაზე გადაეტანა. გუნდი ამ დივიზიონშიც კარგად გამოიყურებოდა და კლასში ასამაღლებლად იბრძოდა. ადამსს კი კვირიანი კურსები დიჟონში, ბურგუნდიის ყველაზე დიდ ქალაქში უნდა გაევლო. თუმცა, მესამე დღეს მუხლის ტრავმა მიიღო – სწორედ იმ მუხლის, რომელიც კარიერის დასაწყისშიც არ აძლევდა მოსვენებას. შემდეგ რაც მოხდა, უკვე იცით. ლიონში ოპერაციისათვის წავიდა, ჩვეულებრივი დღე იყო, ოთხშაბათი, ცუდი რა უნდა მომხდარიყო? იმ დღეს ექიმთა გაფიცვა იყო და პერსონალის ოდენობა, ჩვეულბრივი ნაკლები გახლდათ. ბერნადეტი ანერვიულდა, როცა რამდენიმე საათის მანძილზე მის ზარს ორჯერ არ უპასუხეს. მესამე ზარის შემდეგ სასწრაფოდ გადაურეკეს: “ბერნადეტს ვესაუბრებით? ახლავე წამოდით!” – ყურმილში სერიოზული და შიშისმომგვრელი ხმა გაისმა. ქალი შოკში იყო, “შალონში” დარეკა, ვინმე რომ გაეყოლებინათ, რადგან მარტო წასვლა ვერ მოახერხა. შვილები – ლორიანი და ფრედერიკი მშობლებთან დატოვა, თვითონ კი კლუბის ორ თანამშრომელთან ერთად ლიონში წავიდა. იქ კი ეს ამბავი დახვდა: ჟან-პიერი კომაში იყო. ანესთეზიოლოგს, რომელიც ქირურგს ეხმარებოდა, შპრიცები აერია. დამამშვიდებლის ნაცვლად, რომელიც ადამს რამდენიმე საათით დააძინებდა, ლამის სასიკვდილო დოზის ანესთეტიკი გაუკეთა. ცოლმა პალატაში რამდენიმე დღე გაატარა, არც კი გამოდიოდა, თუმცა, ქმარი გონზე მაინც ვერ მოვიდა. “დავინახე ლოგინზე როგორ იწვა, ყველა მხარეს მილები ჰქონდა. საავადმყოფოდან 5 დღე არ გამოვსულვარ. ვიქრობდი, აი, ახლა გაიღვიძებს და მის გვერდით უნდა ვიყო-მეთქი,”- იხსენებს ჟან-პიერის მეუღლე. მოგვიანებით გაირკვა, რომ გაფიცვის გამო ერთ ექიმს 8 პაციენტის მოვლა უწევდა, ერთერთი კი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვი იყო, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა. ამასთანავე, ადამსი ისეთ ლოგინზე დააწვინეს, სადაც პაციენტებს დიდხანს არ აჩერებენ. ამის გამო, ერთერთი ბალიში გადმოვარდა. იმის გამო, რომ პიერი ცუდად იყო ინტუბირებული (მართვით სუნთქვაზე გადაყვანის დროს ან ე.წ. ინტუბაციური ნარკოზისას, ხორხში სპეციალური მილის შეყვანა ამ ორგანოს ძლიერი შევიწროების ან ტრაქეაში წამლის შეყვანის შემთხვევაში), ერთერთმა მილმა არა თუ სავინტილაციო ფუნქცია შეასრულა, არამედ ფილტვებისკენ მიმავალი გზა გადაკეტა: ჟანგბადი მთელ სხეულში არ გავრცელდა და ამან გულის გაჩერება გამოიწვია. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც ჟან-პიერი კომაში აღმოჩნდა. სიტუაცია იმან გაართულა, რომ ადამს არა თუ გამოცდილი ექიმი, არამედ სტაჟიორი(რომელმაც სასამართლოში შეცდომა აღიარა) მეთვალყურეობდა. ანესთეზიოლოგმა ახსნა: “შავი ფერის კანის გამო, ვერ მივხვდი, რომ პაციენტს ანაფილაქსური შოკი ჰქონდა: ასეთ დროს თეთრი კანი მოცისფრო იერს იღებს.” 3 კვირის შემდეგ ადამსმა გაიღვიძა. თუმცა, ტვინის დაზიანება კატასტროფულად მძიმე იყო, მოძრაობის ფუნქციები დაკარგული ჰქონდა და ჟან-პიერი ვეგეტატიურ მდომარეობაში აღმოჩნდა. ნეომბერში საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი შალონის კლინიკაში, სახლთან ახლოს გადაიყვანეს. იქ ბერნადეტს ქმრის ყოველდღე ნახვა შეეძლო. თუმცა, მდგომარეობა უარესობისკენ წავიდა: ერთ დროს კლდესავით კაცმა 1 თვეში 11 კილოგრამი დაიკლო, მალე ჭრილობაზე ანთება გაუმიზეზდა და ინფექციამ ძვლებამდე მიაღწია. კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა – ბერნადეტი იმედოვნებდა, რომ ამის შემდეგ ქმარი მაინც დაუბრუნდებოდა ძველ ცხოვრებას, მაგრამ ვერა. მდგომარეობა დასტაბილურდა. 9 თვის შემდეგ საავადმყოფოს თანამშრომლებმა უთხრეს: ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო და ურჩიეს, ქმარი მოსავლელთა სახლში გაეგზავნა, სადაც მას კვალიფიციური პერსონალი მიხედავდა. “არა მგონია სცოდნოდათ, როგორ უნდა მოევლოთ მისთვის, ამიტომ საკუთარ თავს ვუთხარი: “ის სახლში დაბრუნდება”. და მას შემდეგ მე თვითონ ვზრუნავ მასზე,”- ამბობს ბერნადეტი. ცოლს ჟან-პიერის ოთახში სძინავს. ყოველ შუა ღამითა და დილით იღვიძებს, რათა მდგომარეობა შეუცვალოს. დილის მზადებას 1 საათი მიაქვს: ჟან-პიერი უნდა შემოსოს, გაპარსოს, საჭმელი მოუმზადოს (მას მხოლოდ ბოლომდე დაფქვილი საკვების მიღება შეუძლია). შემდეგ კი კინეზიოლოგის პროცედურები, რომელიც კუნთების მოქმედებას აცოცხლებს და ატროფიისაგან იცავს. ადამსი გარკვეულ კოგნიტურ ფუნქციებს ინარჩუნებს: თვალებს ახელს, შეუძლია ინვალიდის ეტლში იჯდეს, ჭამაც შეუძლია, თუმცა ვერ გადაადგილდება და ვერ ლაპარაკობს. ბერნადეტი დარწმუნებულია, რომ ქმარს მისი ესმის. ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ ქმრის სიკვდილამდე არ გარდაიცვალოს: “შემდეგ მას რა ბედი ეწვევა?! ის ხომ ჩემ გარეშე ვერ გაძლებს.” *** 1982 წელს, როცა ადამსი კომაში აღმოჩნდა, ბერნადეტს ფინანსური პრობლემები შეექმნა: საავადმყოფო არაფრის კომპენსაციას არ იხდიდა, რადგან დანაშაულს არ აღიარებდნენ. ამ დროს მას ფეხბურთი დაეხმარა. ფედერაცია, ლიგა, ყოფილი მოთამაშეები გვერდით დაუდგნენ. “5 თუ 6 საქველმოქმედო მატჩი ჩავატარეთ. კარგად ვხედავდით, რომ ბერნადეტს ფინანსური და ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა,”- გაიხსენა საფრანგეთის ვეტერანთა ნაკრების მენეჯერმა ჟაკ ვენდრუმ. შემოსული თანხა სრულად ადამსის ოჯახს გადასცეს. ყოფილმა კლუბებმა: პსჟ-მ და “ნიმმა” თხოვნის გარეშე გადაურიცხეს თანხა ბერნადეტს. პლუს, ყოველ კვირა 6000 ფრანკს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია იხდიდა. მხოლოდ და მხოლოდ 1989 წელს დამტკიცდა ექიმის შეცდომა, რომელმაც პაციენტი მძიმე ტრავმამდე მიიყვანა. “მთელი პროცესი კი 12 წელი გაგრძელდა. ყველაფერი კი იმის გამო ხდება ასე, რომ ადამიანები დანებდნენ. საფეხბურთო სამყარო რომ არ დამხმარებოდა, მე გავტყდებოდი,”- ამბობს ბერნადეტი. ანესთეზიოლოგი და სტაჟიორი 750-750 ევროთი (დღევანდელი კურსით) დააჯარიმეს და 1 წლით პირობითი სასჯელი განესაზღვრათ. კლინიკიდან კომპენსაციას ბერნადეტმაც მიაღწია – თვეში 5 000 ევრო და პლუს სამედიცინო მომსახურების ხარჯები. ამ თანხებით ბერნადეტმა “მძიანრე სპორტსმენის სახლი” ააშენა ნიმის ახლომდებარე სოფელში, სადაც ადამსმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა და ქმარიც იმ სახლში გადაიყვანა. “ისეთი განცდა მაქვს, რომ დრო 1982 წლის 17 მარტს შეჩერდა. მას შემდეგ არაფერი ხდება, არც კარგი, არც ცუდი,”- მწუხარებით ამბობს ბერნადეტი. მას ევთანაზია შესთავაზეს, თუმცა უარზეა. თუმცა, ზოგიერთი პირიქით ფიქრობს, მაგალითად, მარიუს ტრეზორი. ძველი მეგობრობის მიუხედავად, თანაგუნდელი ერთხელაც არ უნახავს – ძლიერი ემოციების ეშინია. “ჟან-პიერმა რომც გაიღვიძოს, ვერავის იცნობს. ღირს კი ასე ცხოვრება? ასეთი რამ თუ დამემართა, ჩემს ცოლს წინასწარ ვეტყვი, რომ სამყაროში აღარ გამაჩეროს,”- ამბობს ტრეზორი. თუმცა, ბერნადეტი აზრს არ იცვლის და 38 წელზე მეტია ჟან-პიერს ყოველდღე უვლის. ის უკვე 72 წისაა, რამდენიმე ათეული წელია 1 სიტყვაც არ უთქვამს, ცოლს კი მაინც სჯერა, ოდესმე მედიცინა მის დაბრუნებას შეძლებს. წყარო: Tribuna
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო