11 X 11
სპორტული პორტალი

მამა დაბადებამდე მოუკლეს, დედამ 6 თვისა მიატოვა, მთელი ბავშვობა მკვლელების გარემოცვაში გაატარა

0

2006 წლის 30 ივნისს არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გერმანიას ხვდებოდა. კარლოს ტევესი სასტარტო შემადგენლობაში იყო.

სტადიონისკენ მიმავალ ავტობუსში მჯდომი ბერლინის ქუჩებს უცქერდა და თან თვალწინ წარსული წარმოუდგებოდა. „დღეს შენ მოედნზე ყველაფერი უნდა გაიღო, რადგან იმ გარემოს დააღწიე თავი, საიდანაც ძალიან ძნელია გამოხვიდე“, – ეუბნებოდა კარლოსს შინაგანი ხმა. მას სურდა მთელ არგენტინასთან ერთად თავისი მშობლიური ფუერტე აპაჩესთვისაც მოეტანა დიდი სიხარული. ქალაქისათვის, სადაც უხიფათოდ ცხოვრება თითქმის შეუძლებელი გახლდათ.

კარლოს ტევესის მამა ხუანი ქუჩაში მოკლეს, 23 ტყვია დაახალეს. მისი მეუღლე ტრინა კი ბავშვს ელოდებოდა. კარლოსი რომ დაიბადა, დედამისმა 6 თვე გაუძლო მის მოვლა-პატრონობას, შემდეგ კი ჩვილი მიატოვა და სადღაც გაქრა. 10 თვისა იყო, როდესაც ცხელ ჩაიდანს წაეტანა და მდუღარე გადაისხა. ნეილონის საბანში გადახვეული საავადმყოფოში გააქანეს, დამწვარმა სველმა კანმა ნეილონი მიიკრა და ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ბავშვს თითქმის ნახევარი სხეულის კანი დაუსახიჩრდა. რეანიმაციაში ორი თვე იწვა და იქიდან სიკვდილს გადარჩენილი, მაგრამ დასახიჩრებული გამოიყვანეს.

“ნაიარევები შემთხვევითი ამბის შედეგად დამრჩა და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბავშვი ვიყავი, მათ ჩემი ცხოვრება განაპირობეს. ნაიარევები სწორედ იმის ნაწილია ვინც ვიყავი და ვინც ვარ, ისინი ისტორიას ჰყვებიან და მეც ხმამაღლა ვამბობ: “გადავრჩი!”

ფუერტე აპაჩეში დღე არ გავიდოდა პოლიციის მანქანების სირენების კივილი, სროლები და გინებები არ გაგეგონა. როდესაც ტყვიები მათი  სახლის ფანჯრებს ხვდებოდა, მთელი ოჯახი იატაკზე დაწოლილი ელოდებოდა, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი. არცთუ იშვიათად, სკოლაში მიმავალს, გზაზე დაყრილი გვამებისთვისაც აუქცევია გვერდი.

„ბავშვობაში ვცდილობდი ქუჩაში მარტო არასოდეს გავსულიყავი, რადგან ეს ძალიან საშიში გახლდათ. ღამით კი ჩვენი უბანი სამოქალაქო ომის პერიოდის ბეირუთს მოგაგონებდა კაცს. ქუჩები სავსე იყო გალეშილი და დაბოლილი ხალხით, რომელიც საჭმლის, სასმელის და ნარკოტიკების ფულს ქურდობით, ძარცვა-გლეჯითა და რეკეტით შოულობდა, ხოლო როდესაც ალკოჰოლის და ნარკოტიკის ფული არ ჰქონდათ, ყაჩაღობაზე გადადიოდნენ. ამასთან, ხშირად ხდებოდა კონფლიქტები, როგორც კრიმინაურ დაჯგუფებებს, ისე ცალკეულ კრიმინალ ტიპებს შორის“.

კარლოს ტევესისათვის ფეხბურთი ერთადერთი საშუალება იყო თავი აერიდებინა ნარკოტიკებისათვის და დამნაშავეთა სამყაროს წევრი არ გამხდარიყო. ქალაქის ბანდები გავლენის ზონების გასაფართოებლად მუდმივ ომებში იყვნენ ჩართულნი და თავიანთ წრეში ახალგაზრდებს იმითაც ითრევდნენ, რომ ნარკოტიკებს ასინჯინებდნენ და საქმეც მოთავებული იყო. ასე მოხვდა კრიმინალურ დაჯგუფებაში კარლოსის ბავშვობის მეგობარი დანილო სანჩესი, რომელიც „საქმის გარჩევას“ შეეწირა. „მეც არაფერი მიშლიდა ხელს, ამ გზას დავდგომოდი, მაგრამ გადავწყვიტე ეს არ მექნა და შევძელი კიდეც“.

მიუხედავად იმისა, რომ მეზობლებად და თანატოლთა წრეში სულ ქურდები და ნარკომანები ჰყავდა, ტევესი ახერხებდა თავისი დამოუკიდებლობა ისე შეენარჩუნებინა, რომ მათთან კონფლიქტში არ შესულიყო. და ახლაც, როდესაც სახელგანთქმული ფეხბურთელი გახდა, ხანდახან სტუმრობს კიდეც ფუერტე აპაჩეს და ბავშვობის მეგობრებსა და მეზობლებს მოიკითხავს ხოლმე და ისინიც კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ კარლოსი ისეთნაირივე კეთილი ბიჭი დარჩა, როგორიც ბავშვობაში იყო.

„არასოდეს ვნებდები, მოედანზე ბოლომდე თავგანწირვით ვიბრძვი, რადგან გადარჩენისათვის ბრძოლა ფუერტე აპაჩეში ვისწავლე. იყო დღეები, რომ ლუკმა პური არ გვეშოვებოდა, მაგრამ არ ვკარგავდი იმედს, არ მეზარებოდა არანაირი სამუშაო და ასე გამქონდა თავი“, – ამობს ტევესი და ამატებს, რომ „ასეთ ქალაქებსა და უბნებში გაზრდილ ხალხს ამრეზით არ უნდა უცქერდნენ, რადგან ყველა კრიმინალი და ხელიდან წასული არ არის და ვინც ცუდ გარემოს არ დაემორჩილა ტევესი არაა ერთადერთი, ასეთები ბევრნი არიან“.

კარლოსი ძალიან გულწრფელი ადამიანია. სულაც არ ესირცხვილება იმის გამხელა, რომ ფეხბურთის სიყვარულით კი არ გახდა ამ საქმის პროფესიონალი, არამედ ფული ჭირდებოდა და რახან ყველაზე უკეთ ეს საქმე გამოსდიოდა, მასაც მერკანტილურად მიუდგა. პატარა ბავშვობიდანვე ფულზე თამაშობდა, ე.წ. გამაზულებზე და თითქმის სულ იგებდა. ქუჩის გუნდები ფულს უხდიდნენ, რომ მათთან ეთამაშა და ამ შემოსავლით ახერხებდა შიმშილით არ მომკვდარიყო და თავი როგორმე გაეტანა.

„ქუჩის ფეხბურთი საოცარი რამაა, რომელიც ფსიქოლოგიურად გაწრთობს, ტექნიკას და გამძლეობას გიმუშავებს, პარტნიორებისთვის თავდადებას გასწავლის, რადგან სხვანაირად არაფერი გამოგივათ”. ტევესი თავის მეგობრებთან ერთად შუადღიდან  საღამომდე ფეხბურთს თამაშობდა, ხოლო თუ სკოლის დღე არ იყო, დილიდან აგორებდნენ ბურთს ნაგავსაყრელის გვერდით მდებარე ტრიალ მინდორზე, რომელიც გარდა ნაგვისა, ნახმარი შპრიცებითა და დამსხვრეული მინით იყო მოფენილი და მაგარი ყოჩაღი უნდა ყოფილიყავი, ფეხი არ გაგეჭრა ან ნემსი არ შეგრჭობოდა, რასაც ტეტანუსი და სხვა ათასი უბედეურება შეიძლება მოჰყოლოდა“.

ასეთ პირობებში იზრდებოდა და ოსტატდებოდა მომავალი ვარსკვლავი. მოხდა ისე, რომ მისი ნიჭი შეამჩნიეს და „სანტა კლარაში“ მიიწვიეს. ერთ დღესაც ახალგაზრდა ტალანტების საძებნელად ფუერტე აპაჩეში მყოფმა „ოლ ბოიზის“ სკაუტებმა ნახეს მისი თამაში და ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელისათვის ჩვენება  გადაწყვიტეს. იმანაც ნახა საქმეში კარლოსი და თან წაყვანა გადაწყვიტა. გამზრდელმა ბიძა სეგუნდომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ვერ გაგატანთ, ფეხსაცმელიც კი არ აქვს, სხვაზე რა გითხრათო. მწვრთნელს გაეღიმა და ძია სეგუნდოს უთხრა, შენ გამოუშვი და როგორმე ყველაფერს ვუშოვითო.

ასე დაიწყო დიდი კარიერა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო