11 X 11
სპორტული პორტალი

გენიოსი, რომელმაც უდიდესი იტალიური საფეხბურთო მტრობა დაიწყო – ყველას ამცირებდა, მესივით გაჰქონდა და ვინი ჯონსივით ჩეხავდა

0
სამხრეთამერიკელები ვერ იტანენ ბოლივიის ლა-პასის სტადიონს, რადგან ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე ჰაერი გაუხშოებულია, სუნთქვა ჭირს და ფეხბურთელებს ფეხები უმძიმდებათ. ასეთ პირობებში ბოლივიელები თამაშს მიჩვეულები არიან და სპეციალურად იქ მასპინძლობენ ძლიერ მეტოქეებს. ასე მოხდა მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გადამწყვეტი მატჩისასაც. არგენტინელთა მწვრთნელმა ენრიკე ომარ სივორიმ მეორე გუნდი ლა-კიაკას პლატოზე (3400 მეტრი ზღვის დონიდან) თავის ასისტენტთან ერთად გააგზავნა და ადგილობრივ სამოყვარულო გუნდებთან ათამაშა, რათა 45 დღის განმავლობაში ლას-პასის ანალოგიურ პირობებს შეჩვეულიყვნენ. თავს კი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების გაყიდვით ირჩენდნენ. ამ დროს პირველი ნაკრები ყველა სხვა შეხვედრებს ატარებდა და მოწინააღმდეგეებს არ ინდობდა. არავინ უწყოდა, თუ რა ჰქონდა ჩაფიქრებული სივორის, თვით არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამაც კი არაფერი იცოდა. შემდეგ ლას-პასში თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე არგენტინის მეორე ნაკრები ჩაფრინდა, მასპინძლები 1:0 დაამარცხა, გოლი კი ოსკარ ფორნარიმ გაიტანა, რომლისთვისაც ეს მატჩი ნაკრებში პირველი და უკანასკნელი იყო. ვერავინ მიუხვდა სივორის ჩანაფიქრს. კარგი მწვრთნელი ის ვერ გახდა, როგორც ფეხბურთელი კი დიადი გახლდათ. მას ხანდახან დიბალას ადარებენ – ცაციათი, შავ-თეთრი ფორმითა და მოხდენილი დარტყმით, მაგრამ პაულომ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ის, რისი ფორმულირებაც პირველმა ელ კაბეზონმა მოახდინა: „ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ხოლო როდესაც მოეჩვენებათ, რომ წავაგეთ, კვლავ უნდა ვირწმუნოთ საკუთარი თავისა. „იუვენტუსი“ არასოდეს არ ნებდება“.
„იუვეში“ მივიდა როგორც რონალდო და მესივით „ატყუებდა“ მცველებს
  „მიყიდეთ 10 უნიჭო, მათთან სივორის დავაყენებ და ტიტულს მოვიგებ“, – ამბობდა „რივერის“ თავკაცი რენატო ჩეზარინი. როგორც დიბალა, სივორიც „იუვეში“ იქამდე მოხვდა, ვიდრე 22 წლის გახდებოდა. იმ დროისთვის მას უკვე დაუდგეს ძეგლი მშობლიურ სან-ნიკოლასში, იყო კოპა ამერიკას გამარჯვებული (1957 წელს) და ამავე ტურირის საუკეთესო ფეხბურთელი – აგრეთვე პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშის სტატუსის მქონე. „იუვენტუსმა“ ტრანსფერში 10 მილიონი პესო (260 ათასი დოლარი) გადაიხადა, „რივერ პლეიტმა“ კი ამ ფულით „მონუმენტალის“ სტადიონის უკანასკნელი ტრიბუნაც ამოაშენა. ომარი იტალიაში რონალდოზე უფრო ეპიკურად ჩავიდა.ხმაურიანი ტრანსფერი კლუბის მეპატრონეებმა გაჩარხეს, ხოლო როდესაც აეროფობი სივორი არგენტინიდან გემით მიცურდა, უმბერტო ანიელი დახვდა. მას ეჩქარებოდა ტურინელთა წინაშე შენაძენით თავი მოეწონებინა და ისე სწრაფად წაიყვანა, რომ ავტომობილი კინაღამ დაამტვრია. მაშინ არგენტინელმა დაიფიცა, რომ ბოსის მანქანაში არასოდეს ჩაჯდებოდა. პრეზენტაციაზე სივორიმ თვით ჯანი ანიელის ჩააკმენდინა ხმა: პრეზიდენტი არ იზიარებდა ძმის აღფრთოვანებას და აღნიშნა, რომ ახალწვეული მარჯვენა ფეხით სათანადოდ ვერ თამაშობდა. სივორიმ სტადიონს ოთხჯერ ცაციათი კენწვლით დაარტყა წრე (დაახლოებით კილომეტრნახევარი) და კლუბის მფლობელს სახალხოდ კითხვა დაუსვა – თქვენ ფიქრობთ, რომ მარჯვენა ფეხიც მჭირდება? „სივორი იმაზე მეტია, ვიდრე ჩემპიონი. ტიფოზებისთვის ნარკოტიკივითაა. იცით, რომ ცუდად დამთავრდება, მაგრამ მის გარეშე ვერ ძლებთ“, – ამბობდა შემდეგ ანიელი. მოედანზე თავხედი, თვითდაჯერებული და განუმეორებელი იყო. ის ბონიპერტისთან ერთად მოედნის სიღრმიდან უტევდა, წინ კი ჯონ ჩარლზი იბრძოდა. „მუდამ ვცდილობდი რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა, გამაშებს ჩავიწევდი, რათა მეჩვენებინა, რომ არავისი არ მეშინოდა, დრიბლინგებს ვახორციელებდი, მეურვეებს ბურთს ფეხებს შორის ვუტარებდი, მცველების წყობილებიდან გამოსაყვანად ყველაფერს ვაკეთებდი. თანაგუნდელები მაგრად ხალისობდნენ“, – ამბობდა სივორი. ბუნებით დაჯილდოებული ვარჯიშით თავს არ იკლავდა, ვინაიდან მაინც განუმეორებელი გახლდათ. ერთხელ ვარჯიშისას მოედანზე წამოწვა და დაძინება სცადა. „დარტყმულ მეფეს“ ბურთი გადაუგდეს, ბურთზე უარის თქმა კი არ შეეძლო. მხართეძოზე წამოწოლილი აძლევდა პარტნიორებს პასებს. მწვრთნელს ენიძლავებოდა ხოლმე, რომ კარის ძელთა გადაკვეთას ბურთს ათიდან ათჯერ გაარყამდა. ცხრაჯერ მხოლოდ მაშინ ახვედრებდა, თუ გამოუძინებელი იყო. ინგლისურ ტურნეში თანაგუნდელ ბრუნო გარძენას იმაზე დაენიძლავა, რომ მსაჯის სასტარტო სასტვენისთანავე მეტოქეს ბურთს ფეხებს შორის გაუტარებდა და ბრიტანელი სამჯერ გააბითურა. გარძენამ სამი სადილი წააგო და მეტად ომარის არასოდეს დანიძლავებია. „სივორი სპექტაკლია – ბურთს მოძრაობისას კორპუსით ისე ფარავდა, რომ ვერავინ ართმევდა, ტრაექტორიას შესანიშნავად განსაზღვრავდა. ბურთის წასართმევად თოფი გჭირდებოდა. სხვანაირად ვერაფერს გააწყობდი. მეტოქეს ყოველთვის ბოროტი ღიმილით ჩაურბენდა“, – იხსენებდა „იუვეს“ ყოფილი ფეხბურთელი ანჟელო კაროლი. გულშემატკივრები და ჟურნალისტები მისით აღფრთოვანებულები იყვნენ. ტაქტიკას ვერ იტანდა და 8 წლის შემდეგ ამის გამო დატოვა გუნდი. მწვრთნელ ერიბერტო ერერას ვერ შეეწყო და წასვლისას აღიარა, რომ კლუბი სწორად მოიქცა, როდესაც ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. გადავიდა „ნაპოლიში“ და „იუვესთან“ ყველა მატჩისას ერერას მინიმუმ ერთხელ ახვედრებდა ბურთს. მესი ფორმის პიკისას საშუალოდ მატჩისას 5-6 დრიბლინგს ახორციელებს, ნეიმარი 7-ს, სივორი კი – 15-16-ს. ფლორენციაში ქომაგების ოთხი საყვარელი ფეხბურთელი ცენტრალური ტრიბუნის წინ ამატავა, შემდეგ კი ტრუსიდან სავარცხელი ამოიღო და თმა გადაივარცხნა – ასე უპასუხა სერია A-ში ლეგიონერთა წინააღმდეგ აგორებულ ტალღას.  
გოლები გაჰქონდა, ამცირებდა მეტოქეებს და ვინი ჯონსზე არანაკლებად ეუხეშებოდა
  ბურთით მოედნის საკუთარ ნახევარზე დაიხევდა და „ბიანკონერი“ დრიბლინგით ან პასით შეტევაში გადაჰყავდა. ფეხბურთი ჩინებულად ესმოდა და მეურვეებს მაქსიმალურად ამცირებდა. „1961 წელს, როდესაც „ოქროს ბურთი“ გადმომცეს, გოლი გამქონდა როგორც მინდოდა და ვისთვისაც მინდოდა. ტოლ-სწორი არ მყავდა, თუმცა მაშინ ისეთი დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც პუშკაში და დი სტეფანო იყვნენ“, – ამბობდა ომარი. „იუვეში“ საშუალოდ მატჩში 0.66 გოლს იტანდა (სულ 167 გოლი), რაც კლუბის ყველა დროის რეკორდი იყო, სანამ საქმეში რონალდუ არ ჩაერთვებოდა. „იუვეში“ ჯერ ისევ ერთადერთია, რომელმაც ორ სეზონში 30-ზე მეტი გოლი გაიტანა. ერთ-ერთი იშვიათი იუვენტინო გახლდათ, რომელიც თვით რომსა და ნეაპოლში უყვარდათ. „იტალიაში გამორჩეული პატივისცემითა და აღფრთოვანებით ეპყრობოდნენ. როდესაც ენრიკესთან ერთად რომის ერთ-ერთ რესტორანში ვსადილობდი, მას თვალს ვერ აცილებდნენ. ისე უყურებდნენ, თითქოს იქ ღმერთი იმყოფებოდა“, – იხსენებდა „რივერ პლეიტის“ ყოფილი პრეზიდენტი ხოსე მარია აგილარი. თუმცა, ღმერთის გარდა ყველაფერი იყო, უფრო ფეხბურთის ბოროტი ჯადოქარი – იტალიაში დისკვალიფიკაციით 33-ჯერ დასაჯეს, რაც ერთ სეზონში კიდევ 30 გოლის გასატანად საკმარისი იქნებოდა. ფეხბურთის თამაშსაც მორიგი სკანდალის შემდეგ დაანება თავი, როდესაც „ნაპოლიში“ „იუვეს“ ფეხბურთელებთან გრანდიოზული ჩხუბი წამოიწყო, ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და სასჯელი გააპროტესტა. „იყო ასეთი მცველი ელიო გრანი (კატანია). სივორის ტურინში დაჰპირდა, რომ როდესაც მათთან ჩავიდოდა, ისე დაამტვრევდა, რომ ვეღარ ითამაშებდა. მან მუქარა მშვიდად მიიღო, ოღონდ ურჩია, პირობა შეესრულებინა, თორემ ანანებინებდა. ანანებინა კიდეც – სიცილიაში მუხლის უმძიმესი ტრავმა მიაყენა“, – ამბობდა მსოფლიოს ჩემპიონი ჟოზე ალტაფინი. გრანი საოცრად უხეში იყო, იმ მატჩის შემდეგ კი პრაქტიკულად კარიერის დასრულება მოუწია. სივორის არავისი ეშინოდა და სკანდალისთვის ყოველთვის მზად იყო. თუ მოწინააღმდეგესთან ურთიერთობას მოედანზე ვერ არკვევდა, ამას მატჩის შემდეგ აკეთებდა, პრესის გარეშე. ხანდახან მცველებსა და მეკარეს გაექცეოდა, მაგრამ ხაზზე მდგომს იქამდე არ გაჰქონდა გოლი, ვიდრე ისინი მასთან არ მიირბენდნენ. 3:0-ზე „პადოვას“ მეკარეს უთხრა, რომ პენალტს მარცხენა კუთხეში დაურტყამდა, რათა უფრო მეტად არ გაემასხარავებინა. მოატყუა, მარჯვენაში დაურტყა და გაუტანა. ანტონიო პინი ამის გამო არგენტინელზე მთელი ცხოვრება გაბრაზებული იყო, ის კი ღიმილით ამბობდა, რომ უბრალოდ ერთმანეთს ვერ გაუგეს.  
„იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის მტრობის დაწყება
  1961 წლის აპრილში „იუვე“ და „ინტერი“ პირველობისთვის იბრძოდნენ და ლამაზი ფინიში ტიფოზებმა უზრუნველყვეს: ამ გუნდების ტურინული დაპირისპირებისას მოედანზე შევარდნენ და მასპინძლებს 0:2 ტექნიკური მარცხი „გამოუწერეს“. თუმცა, შემდეგ სასჯელი გააუქმეს, გადათამაშება დაინიშნა და სკუდეტო „ბებერმა ქალბატონმა“ მოიგო. ინტერისტები დღემდე დარწმუნებული არიან, რომ ის დისკვალიფიკაცია ყოვლისშემძლე ანიელიმ გააუქმებინა. იუვენტინოები კი აცხადებენ, რომ ტექნიკური მოგებით მოპოვებულ ჩემპიონობას ფასი არ აქვს. მაშინ გაცოფებულმა მორატიმ სათამაშოდ ვარსკვლავები კი არა, პრიმავერას ფეხბურთელები გაიყვანა. „ჩემი ახლო მეგობარი ჯუზეპე მოროზი თავიდანვე მიეჭდო სივორის. თამაშისას ჩემთან დაიტრაბახა: ნახე, ჩავკეტე, თუ ასე გავაგრძელებ, სახლში მერად ამირჩევენ“. სივორის საერთოდ არ უნდოდა სირბილი, მოედანზე დადიოდა, მაინც გაიტანა 6 გოლი და მოროზი ლამის აატირა“, – აღნიშნა სანდრო მაცოლამ, რომლის „ინტერში“ დებიუტი სწორედ იმ მატჩში შედგა. ის შეხვედრა „იუვემ“ 9:1 მოიგო. საფინალო სასტვენის შემდეგ 32 წლის ბონიპერტიმ ბუცები გაიხადა, მასაჟისტს მისცა და მოედნიდან ფეხშიშველა გასვლისას უთხრა, რომ ფეხბურთის თამაშს თავი დაანება და აღარ სჭირდებოდა. შემდეგ კაპიტანმა აღიარა, რომ როდეაც მათ წინააღმდეგ ახალგაზრდები გაუყვანეს სათამაშოდ, თავი უხერხულად იგრძნეს და გადაწყვიტეს ძალიან დიდი ანგარიშით არ დაემარცხებინათ, მაგრამ სივორი „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოდა და ვიზავი არ დაზოგა. იმ კაბინეტური სკანდალის შემდეგ დაიწყო ამ ორი გუნდის მტრობა, მაგრამ ომარს ერთხელაც არ უგრძვნია თავი უხერხულად. მისთვის ყველაფერი მისაღები იყო – გარდა მეტოქის დანდობისა. ომარ სივორიმ აუტსაიდერებს მისცა იმაზე მეტი, ვიდრე თანაგრძნობაა. მათ შეეძლოთ სამარადისოდ გაეხსენებინათ, როგორ ცდილობდნენ გენიოსის შეჩერებას. წყარო: Tribuna
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო