11 X 11
სპორტული პორტალი

პოჩეტინო ვარსკვლავური პსჟ-ს ლიდერი იყო – მწვრთნელს არ ინდობდა, ახლა კი გუნდს თვითონ თავკაცობს

0
პსჟ-ს მთავარ მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინო დაინიშნა, ის ვინც ჩვენი საუკუნის დასაწყისში ამ გუნდში თამაშობდა რონალდინიოს, არტეტას, ოკოჩას და ანელკას მხარდამხარ, მთავარი მწვრთნელის ლუის ფერნანდესის ხელმძღვანელობით და შემადგენლობიდან გამომდინარე, გარკვეული წარმატებებისათვის კი უნდა მიეღწია, მაგრამ მიზეზთაგან სხვათა და სხვათა, ასე არ მოხდა. პოჩეტინო ამ კრებულში სხვათაგან იმით გამოირჩეოდა, რომ ფეხბურთის არსში და ტაქტიკის ნიუანსებში გარკვევას ცდილობდა და ხშირად მწვრთნელებს ამ საკითხებსა და შემადგენლობის დაყენებაზე ეკამათებოდა. აი, ახლა თავადაა პსჟ-ს თავკაცი და მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგება დაუსახეს. ვნახავთ, როგორ გაართმევს თავს არგენტინელი ამ დავალებას. მანამდე კი მისდროინდელი პსჟ გავიხსენოთ. 2001/2002 წლების სეზონის პსჟ დიდი გუნდი არ ყოფილა, მაგრამ დაუვიწყარი ნამდვილად გახდა, რადგან იქ ისეთი ფეხბურთელები იყვნენ თავმოყრილნი, რომლებმაც მოგვიანებით თავისი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს მსოფლიო ფეხბურთში. ფეხბურთის მომავალი ჯადოქარი რონალდინიო ჯერ ლოკალური მასშტაბის ვარსკვლავად ითვლებოდა. „გრემიოდან“ ბრაზილიის ნაკრებში მიწვეულმა რონიმ თავის სადებიუტო მატჩში ვენესულა პირდაპირ გაანადგურა, ბრწყინვალედ ითამაშა კონფედერაციათა თასზე, ხოლო ბრაზილიის ჩემპიონატში 42 გოლი გაიტანა. ევროპული კლუბების ნახევარი მის ყიდვას ცდილობდა ან ოცნებობდა. „დორტმუნდი“ ფულს აგროვებდა, „არსენალი“ ჩალიჩობდა მისთვის სამუშაო ვიზა გაეკეთებინა, „ლიდსი“ იმ დროისათვის რეკორდულ, 42 მილიონ ევროს ჩამოდიოდა… რაც შეეხება ტოპ-კლუბებს, ისინი შორიდან უყურებდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ რატომღაც თავს იკავებდნენ რონის შესაძენ მარათონში ჩართულიყვნენ. ამ ყველაფრის პასუხად, „გრემიომ“ კლუბის ბაზაზე უზარმაზარი ბანერი გამოფინა წარწერით: ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელებს არ ვყიდით! მოხდა კი სხვაგვარად. ბოსმანის წესის შემოღებამ ფეხბურთში სატრანსფერო წესები რადიკალურად შეცვალა, ფეხბურთელები „საკონტრაქტო მონობისგან“ გაანთავისუფლა, რასაც „გრემიომ“ ალღო ვერ აუღო და კლუბი არ აჩქარდა რონისათვის 2001 წლამდე მოქმედი ხელშეკრულება გაეგრძელებინა და როგორც კი ეს ვადა გავიდა, ახალი კანონებით გაუჩო თავისუფალი აგენტი გახდა და ისე წავიდა „გრემიოდან“, რომ არავინ გაუფრთხილებია. კლუბის პრეზიდენტმა გერეირომ ეს ამბავი პრესიდან შეიტყო, გაცოფდა და ფიფაში იჩივლა. მტყუან-მართალის გარჩევამდე ფიფამ რონალდინიოს თამაშის უფლება არ მისცა და ისიც ექვსი თვე თავისთვის ვარჯიშობდა, რათა ფორმა მთლად არ დაეკარგა. ეს ყველაფერი „გრემიოს“ რონალდინიოს ძმამ და პირადმა აგენტმა რობერტო ასისმა გაუკეთა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში იქ თამაშობდა, მძიმე ტრავმა მიიღო და „გრემიომ“ მკურნალობის პერიოდში დასრულებული კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. ჰოდა, შურისძიების ჟამი რომ დადგა, რონის სახლიკაცმაც იძია, თანაც როგორ? – საშუალო გათვლებით „გრემიოს“ 50-60 მილიონი ევრო დააკარგინა. ბოლო-ბოლო ფიფამ გარჩევა დაასრულა და ზაფხულში რონალდინიო პსჟ-ს შეუერთდა. ერთხელ ჯორჟ ვეას ჰკითხეს, თუ ვინაა აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, რაზეც ლიბერიელმა უპასუხა, რომ თავად და აბედი პელე იმას ვერასოდეს გააკეთებდნენ, რაც ჯეი ჯეი ოკოჩას შეუძლია. ოკოჩას მოქმედებები მოედნის ცენტრში, გამორჩეული ტექნიკა, თამაშის წარმართვის ხელოვნება და გამოზომილი პასები, მართლაც დაუვიწყარია. მან საკუთარი ფინტი, ე.წ. „ოკოჩას გადაბიჯება“ შექმნა, რის შემდეგაც ფიფას მაშინდელმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა თქვა, რომ სწორედ ოკოჩასნაირი ფეხბურთელებს მოჰყავთ მაყურებლები სტადიონის ტრიბუნებზე. ოკოჩას მოძრაობებს სწავლობდნენ სხვა მოფინტავეები და გამონაკლისი არც რონალდინიო ყოფილა, რომელიც ვარჯიშების შემდეგ რჩებოდა და ოკოჩასთან ერთად ახალ-ახალ ცრუ მოძრაობებს იგონებდნენ. რონი ამბობდა, რომ ორი ფეხბურთელი იწვევდა მის აღტაცებას – ოკოჩა და ვალდერამა. ოკოჩა კი რონის უმცროს ძმად მიიჩნევდა და მასთან ვარჯიში არ ბეზრდებოდა. მათი თანაგუნდელი დიდიე დომი იგონებს, რომ ხშირად უნახავს როგორ აძლევდნენ ოკოჩა და რონალდინიო ერთმანეთს პასებს და დათქმული ჰქონდათ, რომ ბურთს სამჯერ მეტად არ შეხებოდნენ და არც ძირს დაეშვათ. დომიმ თქვა, რომ ისინი ამას 15-ჯერ ყოველთვის, ხშირად 20-ჯერაც აკეთებდნენ და ამის გამეორებას მსოფლიოში სხვა ფეხბურთელები არც კი შეეცდებოდნენ. ერთი სიტყვით, გუნდში ორი საოცარი ტექნიკის ფეხბურთელი იყო, მაგრამ თამაში მათზე არ იყო აწყობილი. მთავარი მწვრთნელი ლუის ფერნანდესი მანამდე ოთხი სეზონი „ბილბაოს“ წვრთნიდა და ესპანეთიდან ბურთის ტოტალური კონტროლისა და მოკლე პასების კულტი ჩაიტანა. მისი მოთხოვნით და დაჟინებით, კონტრშეტევაზე მოთამაშე პსჟ ესპანური ყაიდის გუნდად გადაიქცა. ფერნანდესმა მთელი სატრანსფერო რესურსი ესპანეთიდან ფეხბურთელების ყიდვაზე დახარჯა. შეიძინა მცველები, ჰაინცე და კრისტობალი, მათ შუა კი ასევე ახალწვეული პოჩეტინო დააყენა და გუნდის ამოცანა იყო მოკლე პასებითა და საჭიროების დროს დრიბლინგით მიეტანათ ბურთი მეტოქის საჯარიმო მოედანთან. ამ საქმეში კი შეუდარებელი მიკელ არტეტა გახლდათ, რომელიც პოჩეტინოსთან ერთად თამაშის წაყვანის მხრივ  გუნდის ლიდერები იყვნენ. 2001 წელს პოჩეტინოს 29 წელი შეუსრულდა და უკვე დაღმასვლის დაწყებას უახლოვდებოდა, მაგრამ არგენტინელი უმაღლესი ავტორიტეტი გახლდათ. მას „შერიფს“ ეძახდნენ და მარადონას ადარებდნენ, მაგრამ არა საფეხბურთო დონის, არამედ ქარიზმით მსგავსების გამო. მაურისიო იმაზე ადრე გახდა პსჟ-ს კაპიტანი, ვიდრე საყველპურო ფრანგულის სწავლას შეძლებდა. მისი მოქმედებები მოედანზე ხისტი და დაუნდობელი იყო, შეეძლო გაშლილი ფეხით ორი მეტრის სიმაღლეზე მფრინავ ბურთს შეწვდომოდა. ამასთან, კარგად კითხულობდა მოწინააღმდეგის შეტევის მიმართულებას, დროულად კეტავდა და სხვებსაც მიუთითებდა, რომელი ზონა „ჩაეხურათ“. პოჩეტინოს კარგად იგონებს მიკელ არტეტა, რომელიც ამბობს, რომ პოჩეტინო მის მიმართ კარგად იყო განწყობილი, იცავდა, რჩევა-დარიგებებს არ აკლებდა და ამატებს, რომ თავის კარიერაში მასზე უკეთესი ადამიანი აღარც შეხვედრია. თავად არტეტაც უცებ გახდა გუნდის ლიდერი. ის 19 წლისა „ბარსელონადან“ არენდით ააყვანინა ფერნანდესმა, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ აღიარებდა, რომ ატეტა როტაციისათვის გადმოიყვანა, მაგრამ ისეთი პროგრესი განიცადა, რომ შეუცვლელი მოთამაშე გახდა. „ბარსას“ სარეზერვო გუნდიდან პსჟ-ში მოხვედრილ არტეტას ოკოჩას, რონალდინიოს, რობერის, ბენარბიას  და ანელკას უკან უხდებოდა მოქმედება და  მათთვის პასების მიცემა, ხოლო რთულ სიტაციებში მათზე არანაკლებ იყენებდა დრიბლინგს და შეტევაზეც გადადიოდა. მოკლედ, არტეტა შეტევების წამომწყები და მისი მიმართულების განმსაზღვრელი ფიგურა გახდა. ფერნანდესის თქმით, საფეხბურთო ინტელექტით იმ გუნდში, არტეტას ვერავინ შეედრებოდა. ასე და ამგვარად, პსჟ-მ კარგი შემადგენლობა შეკრიბა, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნდა და შეეძლო ევროპაში თავისი სიტყვა ეთქვა, მაგრამ ასე არ მოხდა. ფერნანდესის მოკლე პასებით თამაში არ მოეწონა გუნდის მთავარ ბომბარდირს ნიკოლა ანელკას, რომელიც მიჩვეული იყო ჩაწოდებებს მეტოქის საჯარიმოში, ზურგს უკან გადაკიდებულ ბურთებს, ხშირად მოედნის სიღრმეში ჩასვლას და იქიდან შეტევას. ფერნანდესის სათამაშო სისტემამ კი ის ჩვეული კალაპოტიდან ამოაგდო. ამას მალე მის მიერ „ეკიპის“ ჟურნალისტისათვის ხელის გარტყმა და პარიზის ქუჩაში ავტოავარია დაემატა და ანელკას დისკვალიფიკაცია მისცეს. მთავარი ბომბარდირის დაკარგვას დაბალი შედეგიანობა მოჰყვა. ამ პრობლების მოგვარება რონალდინიოს კი ხელეწიფებოდა, რომელსაც სირღმიდან შეტევა და საჯარიმო მოედანში შეჭრა ეხერხებოდა, მაგრამ ევროპულ ფეხბურთში ცოტა გზა-კვალი აებნა. ბრაზილიელი მოედნის ცენტრში ბურთის მიღების შემდეგ, ნაცვლად იმისა რომ უმოკლესი გზით დაძრულიყო მეტოქის კარისაკენ, ხშირად „მიხვეულ-მოხვეულ გზას“ ირჩევდა, რაც მთავარ მწვრთნელს აღიზიანებდა და პირველ წრეში რონალდინიო სასტარტო შემადგენლობაში სულ 5-ჯერ იყო და თამაშიდან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. თავისებური პრობლემა გახდა პოჩეტინიოს მიერ ფრანგულ ენაში გაწაფვა და  გადაწყვეტილება მწვრთნელი გამხდარიყო. თითქმის სულ აკრიტიკებდა არჩეულ ტაქტიკას, იწუნებდა სასტარტო შემადგენლობას, მოედანზეც აიძულებდა თანაგუნდელებს მის რჩევებს მიჰყოლოდნენ და მართალია, ეს არაფერს აფუჭებდა, მაგრამ ფერნანდესა და მის ასისტენტებს ნერვებს მაგრად უშლიდა, რადგან მაურისიო სულ მარსელო ბიელსას ხსენებასა და ქებაში იყო. გარდა ამისა, ვარჯიშებზე ასისტენტებს ყველა მიცემული დავალების მიზეზს და მიზანს დაწვრილებით გამოკითხავდა ხოლმე და თუ ჭკუაში არ დაუჯდებოდა, დაუფარავად აკრიტიკებდა, თუმცა კი მაინც ასრულებდა. საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ 10 ტურში პსჟ-მ მხოლოდ ორი მატჩი მოიგო და მე-8 ადგილზე იყო. ოქტომბერში ოკოჩამ სერიოზული ტრავმა მიიღო და გუნდის თამაში მთლად ჩაკვდა. ხსნა მხოლოდ არტეტაში გახლდათ, რომელმაც გუნდის ლიდერის ტვირთი აიკიდა და შეძლებისდაგვარად შეასრულა კიდეც. ყველაფერი ნაშობაევს შეიცვალა. ტრავმამორჩენილი ოკოჩა აფრიკის ერთა თასზე გაემგზავრა და ამით რონალდინიომ ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი მიიღო და ოთხმატჩიანი გოლების სერიაც გამოაცხო. როდესაც ჯეი-ჯეი დაბრუნდა, რონის სათადარიგოთა სკამზე დასმა აღარ გამოდიოდა. ფერნანდესმა სხვა ტაქტიკურ სქემებზე გადააწყო გუნდი, ორივეს ერთად ათამაშებდა  და დარჩენილ პერიოდში პსჟ-მ მხოლოდ ერთი მატჩი წააგო, რის გამოც მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონს ოდენ 8 ქულით ჩამორჩა. აშკარა გახდა, რომ არა ცუდი სტარტი, გუნდს თავისუფლად შეეძლო ჩემპიონობისათვის ბრძოლა. ამას კი მომავალი სეზონი აჩვენებდა, მაგრამ 2002 წლის ზაფხულში გუნდი ფაქტობრივად დაიშალა. ჯერ მიკელ არტეტა წავიდა, რომელმაც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მხოლოდ პაულეტას დაუთმო.  არტეტას სატრანსფერო ფასმა ძალიან აიწია, ამიტომ „ბარსელონამ“ იჯარა აღარ გაუგრძელა და უკან მიიხმო. ფერნანდესი აიძულებდა კლუბის შეფებს, როგორმე, თუნდაც საზიაროდ ეყიდათ არტეტა „ბარსასაგან“, მაგრამ არ ჰქნეს და საბოლოოდ ის „რეინჯერსში“ აღმოჩნდა, რამაც ისე გააცოფა ლუის ბატონი, რომ ბოსებს სულ არაკომპენტენტურები ეძახა, ხოლო გულში როგორც იხსენიებდა, თავადაც მიხვდებით. არტეტას ოკოჩა მიჰყვა. მისი თქმით, ფერნანდესი მას ბოლომდე არ ენდობოდა და ამიტომ ერჩივნა გუნდი გამოეცვალა. ფერნანდესი კი ამას იმით ხსნიდა, რომ ჯეი ჯეის პრობლემები ჰქონდა საგადასახადო სამსახურებთან როგორც საფრანგეთში, ისე სამშობლოში და ამიტომ გაცლა ამჯობინა და ინგლისში ამოჰყო თავი, სადაც ორიოდე წლის შემდეგ ფულის გათეთრებას აბრალებდნენ. რონალდინიო კი დარჩა, მაგრამ წინა სეზონთან შედარებით უკეთ ნამდვილად ვერ თამაშობდა. ბევრი ფიქრობდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებამ და იქ ინგლისის ნაკრების კარში სიმენისათვის გატანილმა დაუვიწყარმა ჯარიმამ მას უამბიციო პსჟ-ში მოტივაცია დაუკარგა, მაგრამ ეს არ ყოფილა მთავარი. რონიმ ღამეული პარიზული ცხოვრების სიტკბო შეიგრძნო და განცხრომას მიეცა. ვარჯიშებზე დაგვიანების, ზოგჯერ გაცდენების გამო ლუის ფერნანდესთან ურთიერთობა დაეძაბა, თან არაფერს უთმობდა, ეკამათებოდა კიდეც და  მედიაში განაცხადა, რომ „ფერნანდესს ის არ მოსწონს, რომ ბედნიერი ვარ“. პსჟ-ს ფეხბურთელი ჟერომ ლერუა იხსენებს: „რონალდინიო საერთოდ აღარ მოდიოდა ვარჯიშებზე, მხოლოდ პარასკევს გამოცხადდებოდა, რადგან შაბათს თამაში გვქონდა. ასე მგონია, ამაში სმასა და დროსტარებაში რომარიოს ბაძავდა, რომელიც ყოველ ღამე მაგრად ერთობოდა, მაგრამ მგონია მას მაინც ვერ აჯობა, რადგან ხშირად მინახავს დილის ვარჯიშისთვის ნაბახუსევი, მზის სათვალეებიანი როგორ შემოაბიჯებდა ბაზაზე და წვრთნის ნაცვლად სამასაჟო მაგიდაზე გამოიძინებდა“. აი, ასე დაიშალა არტეტას, ოკოჩას, რონალდინიოს და პოჩეტინოს პსჟ, გუნდი რომელსაც საჩემპიონო პოტენციალი ნამდვილად ჰქონდა.          
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო