11 X 11
სპორტული პორტალი

გერმანიის ყველაზე განსაკუთრებული კლუბი – Volkswagen-მა შეძლო ის, რასაც გერმანელები შეუძლებელს ეძახიან

0

Wettkampfgemeinschaft Betriebssportgemeinshaft Volkswagenwerk Stadt des KdF-Wagens. ამ მჟღერი სახელით 1938 წელს დაარსებული საფეხბურთო კლუბი ერთი გერმანული მუშათა ქალაქის მცხოვრებთა ერთ-ერთი მთავარი გასართობი უნდა გამხდარიყო,

თუმცა ჯერ არც ქალაქი არსებობდა და არც ქარხანა, რომლის მშენებლობა მხოლოდ იწყებოდა.

1945 წელს კლუბი დაშალეს. რაც შეეხება ქარხანას, ის უზარმაზარ ტერიტორიას იკავებდა და მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე მთელი დატვირთვით მუშაობდა. ცოტა ხანში საფებურთო კლუბი აღდგა, ოღონდ სახელწოდებით „ვოლფსბურგი“, რომელიც ძალიან დიდხანს სამოყვარულო და რეგიონალლიგებში წვალობდა და მას სპონსორობას ავტოკონცერნი „ფოლკსვაგენი“ უწევდა, რომელიც ახლა კლუბის მფლობელია და მას წელიწადში 80 მილიონ ევროს ახარჯავს.

ასეთი ხანგრძლივი კავშირი საფეხბურთო ბიზნესში გასაკვირი ამბავია და სჯობს ყველაფერს შორიდან მოვყვეთ.

1930-იანი წლების დასაწყისში ავტომანქანა გერმანიის მხოლოდ ყოველ 50-ე მცხოვრებს ჰყავდა. Mercedes-ი, BMW и Adler-ი კი ცდილობდნენ მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ხელმისაწვდომი მანქანები გამოეშვათ, მაგრამ საქმე წინ რთულად მიიწევდა. 1933 წელს ადოლფ ჰიტლერმა შეხვედრაზე Daimler Benz-ის პრეზიდენტი იაკობ ვერლინი და Porsche-ს დამაარსებელი ფერდინანდ პორშე მიიწვია და მათი  საუბრის შემდეგ ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი ავტომობილის გამოშვების საკითხი სახელმწიფოებრივ დონეზე დადგა.

ჰიტლერი მოითხოვდა შექმნილიყო თანამედროვე მოდელი, რომელის ყიდვა შეეძლებოდა საშუალო შემოსავლის მქონე გერმანელს და რომლის ფასი 990 რაიხსმარკას არ უნდა ასცდენოდა. მაშინ სწორედ ამდენი საშუალო სიმძლავრის მოტოციკლი ღირდა. ამან საავტომობილო კომპანიები დააფრთხო, რადგან ამ ფასში წარმოება ვერაფრით ჩაეტეოდა და რახან უარი მიიღო, ჰიტლერმა გადაწყვიტა სახელმწიფოს აეშენებინა საავტომობილო ქარხანა და თავიდან იქ პორშეს მიერ შემუშავებული პროტოტიპის მიხედვით შექმნილი ავტომობილები გამოეშვა და ეს ქარხანა მესამე რაიხის სამრეწველო ძალმოსილების სიმბოლოდ ექცია.

1938 წლის 26 მაისს ჰიტლერმა ქარხნის საძირკველში პირველი ქვა ჩააგდო და სოფელ ფალერსბენთან ოფიციალურად დაარსდა ქალაქი, რომლის ინვესტირებას გერმანიის ყველაზე დიდი ტუროპერატორი კომპანია ახდენდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ქარხანამ შეწყვიტა ახლადდაწყებული მსუბუქი ავტომობილების გამოშვება და მთლიანად სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე გადაერთო. იმის გამო, რომ ჯერ ქალაქი არ არსებობდა და არც მუდმივი მცხოვრებლები იყვნენ, იქ 15 ათასამდე სამხედრო ტყვეს ამუშავებდნენ, რომელიც ახლოს მდებარე საკონცენტრაციო ბანაკ „არბაიტსდორფიდან“ მოჰყავდათ. „ფოლკსვაგენმა“ მხოლოდ 50 წლის შემდეგ გაამხილა ეს ინფორმაცია.

„ფოლკსვაგენი“ ვახსენეთ და რა შუაშია? გერმანულად ეს „სახალხო ავტომობილს“ ნიშნავს და ასე ეძახდნენ ფერდინანდ პორშეს მიერ შემუშავებულ რამდენიმე პატარა ავტომობილის პროტოტიპებს, რომლის მიხედვით დაიწყეს ცნობილი „ხოჭოების“ გამოშვება.

ომის შემდეგ ქარხანა ბრიტანულ საოკუპაციო ზონაში მოხვდა. წამყვანმა ბრიტანელმა ავტომწარმოებლებმა იქ გამოშვებული ავტომობილი დაიწუნეს: „მყიდველთა უმრავლესობას არ მოეწონება, რადგან გარეგნულად მახინჯია, ძრავი ხმაურიანი აქვს და მისი კომერციული მასშტაბებით გაყიდვა არარენტაბელური იქნება“. „ფორდის“ ვიცე-პრეზიდენტმა ერნესტ ბრიჩმა კი მოკლედ მოჭრა, რომ არც მანქანა და არც მთელი ქარხანა, ცენტიც არა ღირს. საერთოდაც, მე-20 საუკუნის შუა ხანებში „ხოჭოები“ მოწონებას არ იმახურებდნენ. გარდა ამ გერმანულისა, ცოტა ხანში ინგლისური, ლივერპულული „ხოჭოების“ გამოშვებაც კი შეწყვიტეს.

1945 წელს ქარხნის ირგვლივ არსებულ ქალაქს სახელად „ვოლფსბურგი“ დაარქვეს, რომელიც ახლომდებარე ისტორიულ ციხე-კოშკს ერქვა და ჰქვია. ჰოდა, იგივე დაერქვა აღდგენილ საფეხბურთო კლუბსაც, რომელიც თეთრ-მწვანე ფორმაში შეიმოსა. არ იფიქროთ, რომ ეს რაიმე შინაარის შემცველი იყოს. უბრალოდ, გუნდის მწვრთნელმა ბერნარდ ელბერსკიხმა ბაზრობაზე 10 ცალი ერთი ფერის მხოლოდ  მწვანე მაისური იშოვა, მეკარისთვის კი არ გაჭირვებია, რადგან მაშინ მათ მხოლოდ შავი ფორმა ეცვათ. რაც შეეხება შორტებს, ის ზეწრის ქსოვილისგან შეაკერინა ნაცნობ ქალს და ასე შემთხვევით იქცა მწვანე და თეთრი „ვოლფსბურგის“ ფერებად.

„ფოლკსვაგენს“ საფეხბურთო კლუბ „ვოლფსბურგის აქციათა 100% ეკუთვნის. კლუბმა სრულიად კანონიერად გადალახა 50+1-ის წესი, რომელიც მხოლოდ მაშინ იძლევა კლუბის აქციათა 50%-ზე მეტის ფლობის უფლებას, თუ რომელიმე კომპანია ან კერძო პირი 20 წლის განმავლობაში უწყვეტად და მნიშვნელოვნად ასპონსორებდა გუნდს. ასეთი გახლდათ „ფოლკსვაგენი“ და ის მთლიანად ფლობს კიდეც კლუბს.

ბევრს ეს ფაქტი აღიზიანებს და თვლიან, რომ ეს არ არის სწორი  საფეხბურთო ბიზნესი, რადგან ასეთი, მთლიანი სპონსორობა არათანაბარ საკონკურენციო პირობებში აყენებს სხვა კლუბებს. 2015 წელს, როდესაც ანდრე შურლე 32 მილიონ ევროდ იყიდა „ვოლფსბურგმა“, „აინტრახტის“ გენერალურმა დირექტორმა ჰერიბერტ ბუჰაგენმა ამას ფინანსურად არაბუნებრივი უწოდა. „დორტმუნდის“ შეფმა ჰანს-იოახიმ ვაცკემ კი მოითხოვა ტელეტრანსლაციებიდან შესული ფული იმის მიხედვით გადანაწილდეს თუ რომელი გუნდების მატჩებია ყველაზე ტელერეიტინგული. მართლაც, კვლევებით დადასტურდა, რომ „ვოლფსბურგისა და „ლევერკუზენის“ (მისი სრული მფლობელი ფარმაცევტული გიგანტი კომპანია „ბაიერია) მატჩს მხოლოდ 5 ათასმა ადამიანმა უცქირა, რაც ფაქტობრივად ნულოვანი რეიტინგია, მაშინ როდესაც სხვა გუნდებისას 100 ათასობით ადამიანი უყურებს.

„ვოლფსბურგის“ მცირე ფან-ბაზა იმით აიხსნება, რომ თავად ქალაქი ვოლფსბურგი მეტად ახალგაზრდაა, იქაური მცხოვრებნი გერმანიის სხვადასხვა რეგიონებიდან არიან ჩასულნი, არ აქვთ ამ ქალაქთან იდენტიფიკაცია, მას სამუშაო ადგილად მიიჩნევენ და არა სახლად და ამიტომ იმ ქალაქების და რეგიონების გუნდებს გულშემატკივრობენ, საიდანაც არიან ჩამოსულნი. მაგალითად, 1970-იან წლებში ვოლფსბურგში 5-ათასკაციანი იტალიური ემიგრაცია ჩამოყალიბდა, რომლებიც საერთოდ არ ინტერესდებოდნენ ამ ქალაქის საფეხბურთო გუნდით და ძირითადად „ლაციოს“, „ნაპოლის“ და „იუვენტუსის“ თავგადაკლული ფანები იყვნენ.

თავად გუნდიც დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნიდა, მეორე ბუნდესლიგაში მყარად მხოლოდ 1990-იან წლებში დამკვიდრდა და სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ავტოკონცერნის ხელმძღვანელებმა მისთვის  სერიოზულად მიეხედათ და დაფინანსდება გაზარდეს.

1997 წელს „ვოლფსბურგი“ პირველ ბუნდესლიგაში გადავიდა და მას შემდეგ გერმანული ფეხბურთის ელიტაში ადგილს ინარჩუნებს. გარკვეულმა წარმატებებმა მას გულშემატკივრებიც მოუმატა და 30-ათასიან „ფოლკსვაგენ არენაზე“ საშუალო დასწრება 24 ათასია. თითქოს 80% ცუდი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ გერმანიაში ეს კარგად არ ითვლება. ევროტურნირების შეხვედრებზე დასწრება კიდევ უფრო დაბალია და ეს გასაკვირი მოვლენა იმით აიხსნება, რომ სამუშაო კვირის შუაში ფეხბურთის მატჩზე წასვლა ბევრს არ უღირს. კლუბს უჭირს ფანატების მხრივაც, „ვოლფსბურგის“ „ულტრასების“ რაოდენობა 300-400-ის ფარგლებშია და ამ რაოდენობას სტადიონის აყოლიება არ გამოსდის და ამიტომაც „ფოლკსვაგენ-არენა“ გერმანიაში ყველაზე „წყნარი“ სტადიონია.

ამრიგად, საფეხბურთო კლუბი მთლიანადაა დამოკიდებული ავტოკონცერნზე. თუ მას პრობლემები გაუჩნდება, იგივე ემართება კლუბსაც. „ვოლფსბურგს“ დამოუკიდებლად არსებობა, ფაქტობრივად არ შეუძლია. სანამ კლუბს დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ კი იყო რეგიონალლიგებში, გაუზარდეს დაფინანსება, მეორე ბუნდესლიგაში დამკვიდრდა, კიდევ გაუზარდეს და პირველი ბუნდესლიგის მყარი მკვიდრი გახდა. „ფოლკსვაგენი“, ქალაქი ვოლფსბურგი და ამავე სახელწოდების გუნდი ერთი მთლიანი მექანიზმია.  ქალაქში სულ 120 ათასი კაცი ცხოვრობს, მათგან კი 70 ათასი „ფოლკსვაგენის“ ქარხნებში მუშაობენ. ქარხნების გარდა მუშაობს ბანკი „ფოლკსვაგენი“, ავტოკონცერნის უზარმაზარი სადილერო ცენტრი და სოსისების ფაბრიკაც კი. დანარჩენი მოსახლეობა ბავშვების გარდა, მომსახურების სფეროშია დასაქმებული.

ბელორუსი ფეხბურთელი ალექსანდრ გლები, რომერლიც ერთი პერიოდი იჯარით „ვოლფსბურგშიც“ თამაშობდა, ამბობს:  „იქ ყველგან „ფოლკსვაგენის“ კულტი იგრძნობა, კონცერნი ყველაფერს აკეთებს ქალაქის გასავითარებლად, მაგრამ მას საფეხბურთო ქალაქს ნამდვილად ვერ დაარქმევ, გერმანიის მასშტაბებით საამისოდ ძალიან პატარაა. საავტომობილო ქარხნები, სტადიონი და მორჩა“.

2007 წელს „ფოლკსვაგენის“ აღმასრულებელი დირექტორი მარტინ ვინტერკორნი გახდა, რომელიც ფეხბურთის დიდი ტრფიალია. მის პერიოდში კონცერნმა თანამშრომლობა პირველი და მეორე ბუნდესლიგის 18 კლუბთან დაიწყო, ხოლო ორი წლის თავზე „ვოლფსბურგმა“ გერმანიის ჩემპიონობა მოიპოვა. იმავე წელს თავად „ფოლკსვაგენი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი ავტომწარმოებელი კომპანია გახდა. საყურადღებოა, რომ „ვოლფსბურგის“ გაჩემპიონებისათვის არავის არავითარი კუდები არ გამოუბამს, რადგან გუნდმა სრულიად პატიოსან ბრძოლაში მოიპოვა ეს ტიტული.

იმის გამო, რომ კლუბმა წამყვანი ფეხბურთელები ძალიან სარფიანად დაყიდა, შემდეგ სეზონებში ისე ვეღარ ვარგობდა და მეორე აღმასვლის პიკი ახალი სპორტული დირექტორის კლაუს ალოფსის ხელში 2013 წელს ჰქონდა. მაშინ 100 მილიონი ევროს ინვესტიცია კევინ დე ბრიუნეს, ანდრე შურლესა და იულიან დრაქსლერის ტრანსფერებში დახარჯეს და გააღწიეს კიდეც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, სადაც მადრიდის რეალთან დრამატულად დამარცხდნენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ. „ვოლფსბურგმა“ შინ სამეფო გუნდი 2:0 კი დაამარცხა, მაგრამ მადრიდში ცნობილი რემონტადას მსხვერპლი შეიქმნენ – „რეალმა“ კრიშტიანო რონალდოს ჰეთ-ტრიკით 3:0 მოიგო.

დიზელგეიტის შემდეგ

ეს ყველაზე დიდი სკანდალია „ფოლკსვაგენის“ არსებობის ისტორიაში, რომელიც 2015 წლის სექტემბერში მოხდა. აშშ-ს გარემოსდაცვითმა სამმართველომ „ფოლკსვაგენი“ გამონაბოლქვების დონის შესამოწმებელი ტესტების გაყალბებაში დაადანაშაულა, რასაც შედეგად 8.5 მილიონი ავტომობილის უკან დაბრუნება, უზარმაზარი ჯარიმები და  მარტინ ვინტერკორნის გადადგომა მოჰყვა.

ახალმა ხელმძღვანელობამ „ვოლფსბურგის“ დაფინანსებას და სხვა კლუბებთან სასპონსორო ხელშეკრულებების გადახედვა დაიწყო. ახალმა შეფმა მატიას მიულერმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი წინამორბედის საფეხბურთო ინვესტიციები უპირატესად ემოციებით იყვნენ ნაკარნახევნი, ხოლო „ვოლფსბურგის“საერთაშორისო დონეზე გასვლა, როდესაც შესაბამისი ფან-ბაზა არ გაგაჩნია, მიზანშეწონილი არ არის.

დიზელგეიტის შედეგი იყო ისიც, რომ აღარ დაიწყო კლუბის ახალი აკადემიის მშენებლობა, რომელზეც 40 მილიონი ევრო უნდა დახარჯულიყო. გაიყიდა დე ბრიუნე (100 მლნ) და პერიშიჩი (20 მლნ), ბიუჯეტი 100 მილიონიდან 70 მილიონ ევრომდე შემცირდა.  2016 წელს პოსტი დატოვა კლაუს ალოფსმაც. ორი სეზონი „ვოლფსბურგმა“ მხოლოდ პლეი-აუტებით შენარჩუნა ადგილი პირველ ბუნდესლიგაში.

„ვოლფსბურგში“ კორპორატიული სული კი არის გაბატონებული, მაგრამ „ანტისისტემური ელემენტებიც“ გამოერევიან ხოლმე. მაგალითად, დანიელმა თავდამსხმელმა, გიჟმაჟმა ნიკლას ბენდტნერმა ინსტაგრამზე თავისი „მერსედესის“ ფონზე გადაღებული ფოტოები გამოდო, რისთვისაც კარგა გვარიანად დააჯარიმეს. კარიერის დასასრულს „მგლებში“ გადასულმა შტეფან ეფენბერგმაც ერთხელ გუნდის ავტობუსს ლიმუზინით შინ დაბრუნება ამჯობინა.

რა თქმა უნდა, ლიმუზინი „ფოლკსვაგენის“ არ ყოფილა და მასაც გვარიანად შეუმსუბუქდა ჯიბე. ამათი საპირისპირო მაგალითი ბენდტნერზე არანაკლებ უცნაურმა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა ჩაიდინა, როდესაც გუნდის გაჩემპიონებისთვის 250 ათას ევროიანი „ბენტლი“ აჩუქეს, მან ეს ავტომობილი რამდენიმე „ფოლკსვაგენში“ გადაცვალა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს დაურიგა.

დიზელგეიტის შემდეგ „ვოლფსბურგის“ საშუალებით „ფოლკსვაგენი“ აქტიურ ეკოლოგიურ კამპანიას  ატარებს და 2025 წელს  „ვოლფსბურგი“ მსოფლიოში პირველ CO2-ნეიტრალურ კლუბად უნდა აქციოს და ამ მიმართულებითაც სხვა აქტივობები აქვს.

აქტივობას გარკვეული იდეოლოგიურ-პოლიტიკური მიმართულებებითაც იჩენენ კონცერნის ახალი მესვეურნი. დიდ მხარდაჭერას უცხადებენ ლგბტ პირებს და მათ ორგანიზაციებს. 2019/2019 წლების სეზონში გუნდი მის კაპიტანს მოედანზე ცისარტყელას ფერებიანი სამკლავურით გაყავდა და ამავე სიმბოლიკის მაისურებიც დაამზადეს.

მართალია, გუნდის ხორვატმა გარემარბმა იოზეფ ბრეკალომ ამ სამკლაურის გაკეთებაზე უარი თქვა თავისი ქრისტიანული მრწამსის გამო, რაზეც ერთი პერიოდი შერისხესავით, მაგრამ შემდეგ ნება დართეს ისე მოქცეულიყო, როგორც მისი სურვილი იყო და ეს დიდი ტოლერანტულობის კიდევ ერთ მაგალითად დასახეს.

„ვოლფსბურგი“ ასეთ აქციებში აქტიურად იყენებეს 2003 წლიდან არსებულ ქალთა საფეხბურთო გუნდსაც და საერთოდ გენდერულ პრობლემატიკას დიდი ყურადღება ექცევა, რასაც კონცერნის მესვეურნი იმითაც ხსნიან, რომ მათი კლიენტების ნახევარი ქალები არიან.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო