11 X 11
სპორტული პორტალი

ფერგიუსონს პიცა სახეში ტყლიპეს – ჩხუბი „ოლდ ტრაფორდის“ გვირაბში [VIDEO]

0

„პიცაგეითი“ – ასე უწოდებენ ჩხუბს, რომელიც 2004 წლის 24 ოქტომბერს “ოლდ ტრაფორდზე“, „მანჩესტერისა“ და „არსენალის“ მატჩის შემდეგ, სტადიონის გასახდელისაკენ გამავალ გვირაბში მოხდა ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის. ამ მუშტი-კრივმა და გინებათა კორიანტელმა „წითელი ეშმაკებისა“ და „კანონირთა“  შორის ძველთაძველი დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.

ეს იმდენად მასშტაბური დაგნარი გახლდათ, რომ „პიცაგეითის“ შესახებ დღესაც ლაპარაკობენ და თავიანთ ავტობიოგრაფიებში სერ ალექს ფერგიუსონმა და ეშლი კოულმაც შეიტანეს. აღარაფერს ვამბობთ მის მონაწილეთა მიერ მიცემულ ინტერვიუებზე.

შეხვედრის მსაჯს მაიკ რაილის რომელიღაც მომენტიდან თამაშის სადავეები ხელიდან დაუსხლტა. ფეხბურთელებმა კი უმატეს ფეხებში ჩარტყმებს, ჯიკავს, განზრახ და დაუფარავ უხეშობას, უწმაწურ შეძახილებს და ერთმანეთის დედებისა და კეთილების შეკურთხებას.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რუნიზე საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დანიშნული პენალტი ნისტელროიმ გაიტანა, შემდეგ მეორეც შეაგდო და “არსენალის” 49-მატჩიანი წაუგებელი სერიაც დაასრულა.

მატჩის დასრულების შემდეგ ყოველივე ამას გვირაბში ჩხუბი მოჰყვა. იმ არეულობაში მანკუნიანელთა მთავარ მწვრთნელს ალექს ფერგიუსონს სახეში პიცის ნაჭერი მოხვდა. ვინ გახლდათ ასეთი ჩუბინი, მაშინ ვერავინ გაარკვია და მხოლოდ 13 წლის გასვლის შემდეგ სესკ ფაბრეგასმა აღიარა, რომ პიცა მიზანში სწორედ მან მოახვედრა.

„არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე გავეშებული შევარდა და რამდენადაც შეძლო ზრდილობის ფარგლებში ყველა გათათხა მსაჯ რაილიდან დაწყებული ვან ნისტელროით დამთავრებული. მსაჯის ამ, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკისათვის, მოგვიანებით მუსიე არსენი 15 ათასი ფუნტით დააჯარიმეს, ხოლო რუუდ ვან ნისტელროი ეშლი კოულზე უხეშობისათვის, რომელიც მსაჯმა ვერ შენიშნა, სამმმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ალექს ფერგიუსონმა მომხდარ ინციდენტს ამ გუნდებს შორის მტრობის გაძლიერების მნიშვნელოვანი, ხოლო მისი და არსენ ვენგერის ურიერთობის საბოლოოდ გაფუჭების მომენტი უწოდა. ერთი სიტყვით, პიცაგეიტმა საბოლოოდ გადაკიდა ერთურთს „მანჩესტერი“ და „არსენალი“.

გვირაბში ატეხილ ჩხუბს ყველაზე დაწვრილებით ალექს ფერგიუსონი და ეშლი კოული იხსენებენ.

„რუდ ვან ნისტელროი გასახდელში შემოვარდა და თქვა, რომ მოედნიდან გასვლისას მას არსენ ვენგერი მიუახლოვდა და ყელში წვდა – წერს მანიუს მწვრთნელი ავტობიოგრაფიულ წიგნში. – იმ წამსვე გარეთ გავვარდი, რათა ვენგერისთვის მეთქვა, ჩემი ფეხბურთელებისთვის თავი დაენებებინა… არსენი დამარცხების გამო საშინლად გაღიზიანებული და დათრგუნული იყო, მაგრამ მაინც მუშტებზე იყურებოდა. „მიხედე მაგ შენს ფეხბურთელებს …- დავუღრიალე მთელი ხმით. ის კი ჩემ საცემრად გამოიწია… თუმცა, ყველაფერი შეძლებისდაგვარად კონტროლდებოდა“.

„ იმ მომენტში ყველანი პლასტიკურ, გასაშლელ გვირაბში გავდიოდით, – იხსენებს კოული. – ერთმანეთს უხმოდ ვუბღვერდით. ამ დროს ვიღაცამ დაიყვირა, რომ ჩვენ ყველანი გაბითურებულები ვართ და ატყდა ვაი-უშველებელი. ვიწრო გასასვლელმა ამდენი ხალხის შეჯგუფება ვერ დაიტია და დაიწყო ცემა-ტყება. მე ჯგროს შუაში მოვყევი და ბევრს ვერაფერს ვხედავდი, მესმოდა მხოლოდ როგორ ღრიალებდა რაღაცას ვენგერი თავისი ფრანგულით ფერგიუსონის მისამართით, ალექსი კი, როგორც შევატყვე, შოტლანდიურ დიალექტზე აგინებდა. ამ არეულობაში ვიგრძენი რომ ჩემს თავს ზემოთ რაღაცამ გადაიშხუილა და პირდაპირ ფერგის მოხვდა.

მიუხედავად ხმაურისა, ტყაპანმა გვარიანი ექო გამოიღო და უცებ ყველაფერი შეწყდა: ჩხუბი, ყვირილი და გინება. ყველამ გახედა და დაინახა, როგორ ჩამოსრიალდა პიცის მოზრდილი ნაჭერი სერ ალექსის სახელგანთქმულ ღაჟღაჟა სახიდან შავ ლამაზ პიჯაკზე. ყველანი გავიტრუნეთ, ველოდით რომ ფერგი ვულკანივით აფეთქდებოდა, მაგრამ არა, ბურტყუნით გააგრძელა გინება და სახისა და პიჯაკის წმენდით ჩვენს გასახდელში შევარდა“.

მთელი 13 წელიწადი გრძელდებოდა მარჩიელობა თუ ვინ სტყორცნა ფერგიუსონს პიცის ნაჭერი? მხოლოდ 2017 წელს, ერთ ინტერვიუში გამოტყდა სესკ ფაბრეგასი.

„ძალიან გაბრაზებულნი ვიყავით, რადგან თავს მოტყუებულად ვგრძნობდით, წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. როდესაც მოედანს ვტოვებდით გვირაბში ჩხუბი ატყდა. მე არ ვთამაშობდი და ამიტომ ყველაზე ადრე შევედი გასახდელში, სადაც დავინახე რომ მაგიდაზე პიცა იდო. მშიერი ვიყავი, ერთი მოზრდილი ნაჭერი ავიღე და ის იყო ჭამა უნდა დამეწყო, რომ გარედან ყვირილის ხმა შემომესმა, გავიხედე და დავინახე, რომ რიო ფერდინანდი, ტიერი ანრი, სოლ კემპბელი და სხვა ჯანიანი ბიჭები ერთმანეთზე იქაჩებოდნენ“.

ფაბრე ყვება, რომ პიცის ნაჭერი ინსტიქტურად იქით ისროლა, სადაც „მანჩესტერის“ ფეხბურთელები იყვნენ შეჯგუფულნი და ამით თავისი წვლილი შეიტანა ჩხუბში, რადგან იმ ვირგლებთან მუშტებით ნამდვილად ვერაფერს გახდებოდა.

„ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი.  პატარა და გაწრიპული ბიჭი გახლდით. ერთი პირობა მეც გავიქაჩე, მაგრამ მივხვდი არ ღირდა და დავამუხრუჭე. მაშინ მოვიქნიე პიცის ნაჭერი. სიმართლე გითხრათ, არავისთვის დამიმიზნებია, უბრალოდ მოწინააღდეგეებისაკენ გავისროლე. ის კი მშვენივრად დავინახე, რომ მისტერ ფერგიუსონს მოხვდა. ახლა საჯაროდ ვიხდი ბოდიშს, ეს ყველაფერი ჩემდაუნებურად და შემთხვევით გამოვიდა. გარწმუნებთ, ეს ახალგაზრდობით და გამოუცდელობით მომივიდა“.

სესკ ფაბრეგასის აღიარებით „პიცაგეითის“ შესახებ ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა, ხოლო „მანჩესტერისა“ და „არსენალის“ მტრობა გრძელდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო