11 X 11
სპორტული პორტალი

ფეხებზე მეკიდა “ბარსაში” თამაში რომ არ მიწევდა, მთავარია მილიონერი გავხდი – ალექს სონგი 33 წლისაა და ჯიბუტის ჩემპიონატის ვარსკვლავია

0

კარიერას ჯიბუტიში ასრულებს

არსენ ვენგერს ყოველთვის უყვარდა გუნდში ფრანგულად მოსაუბრე ფეხბურთელების აყვანა, ამიტომ კლუბის მოგების მესამედი მიკელ არტეტასა და ალექს სონგის ტრნსფერებზე დახარჯა, რომელიც ფაბრეგასის გუნდში ყოფნისას მუდამ მის ჩრდილში იმყოფებოდა.

სონგმა თავის პრემიერლიგურ კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა, ვენგერის საყვარელი ფეხბურთელი გახდა და ფაბრეგასის შემდეგ გუნდი დატოვა. 8 წელი „არსენალში“ ყოფნისას (15 წლის ასაკიდან) მან ვერანაირ თანხას ვერ მოუყარა თავი, საბანკო ანგარიშზე 100 ათას ევროზე ნაკლები ჰქონდა, რაც მისი ორი კვირის გასამრჯელოს შეადგენდა. ამ დროს კვირაში 70-ათასიანი კონტრაქტი შესთავაზეს და თვალებს არ დაუჯერა.

„როდესაც „ბარსელონამ“ კონტრაქტი შემომთავაზა, არც კი დავფიქრებულვარ, გადავწყვიტე, რომ როდესაც კარიერას დავასრულებდი, ჩემს მეუღლესა და შვილებს კომფორტულად უნდა ეცხოვრათ. “ბარსას“ სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ თითქმის არ მომიწევდა თამაში, მაგრამ ეს მე ფეხებზე მეკიდა. გადავწყვიტე მილიონერი გავმხდარიყავი“, – ვერ დამალა სიხარული სონგმა. აი, მაშინ, დასრულდა ფეხბურთელი ალექს სონგი.


ის ყოველთვის მდიდრულად ცხოვრებაზე ოცნებობდა. ანრის მსგავსი მანქანა უნდოდა, თუმცა შეძენიდან ორი თვის შემდეგ გაყიდა

 

ალექსს მამა გარდაეცვალა და ბიძაშვილი, რიგობერი ზრდიდა. ის „მეცში“ დამწყები ფეხბურთელი იყო, მრავალი წლის მერე კი კამერუნული ფეხბურთის ლეგენდა გახდა. ეხმარებოდა ალექსის დედას და ბიძაშვილს თამაშს ასწავლიდა.

ექვსი წლის ალექსი რიგობერის მუნდიალზე თამაშს უყურებდა, კერპად მიაჩნდა და სურდა მისნაირი გამხდრიყო. 8 წლის ასაკში კამერუნიდან პარიზის გარეუბანში დედასთან გადასახლდა,12 წლისამ კი „რედ სტარში“ დაიწყო ვარჯიში.

ჭაბუკთა ტურნირზე „პარმასთან“ მატჩისას თავის გამოჩენის შემდეგ, მის დედას „ბასტიადან“ დაურეკეს და კორსიკაზე გადასვლა შესთავაზეს. დედის წინააღმდეგობის მიუხედავად ალექსი დათანხმდა.

„დედამ მენეჯერს უთხრა, რომ მამა ადრე გარდამეცვალა და ადვილი ცხოვრება არ მქონდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ კარგი წინათგრძნობა მქონდა, მწვრთნელს ვენდე და კორსიკაში გავემგზავრე“, – ამბობდა სონგი.

ეს ადამიანი ფრანსუა ჩიკოლინი გახლდათ, აკადემიის მწვრთნელი, რომელიც კამერუნელის სპორტულ ცხოვრებაში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდა. ის მზრუნველობდა ბიჭზე, ხოლო როდესაც 3 წლის მერე პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, 16 წლის ალექსი თავისთან გადაიყვანა. პერსპექტივაში „ლიონში“ გადაბარგებული მაიკლ ესიენი უნდა შეეცვალა.

„ფრანსუა ჩემთვის მამასავით იყო, როცა „არსენალში“ გადავედი, ძალიან მენატრებოდა, მაგრამ იქ სხვა მამა ვიპოვე“, – განაცხადა სონგმა 2009 წელს.

მეორე მამა ალექსისთვის ვენგერი გახდა. „ბასტია“ იმ სეზონში ლიგა 1-დან გავარდა, სონგს თავი არაფრით გამოუჩენია, არსენმა კი მაინც წაიყვანა. კრიტიკისაგან იცავდა, პრესკონფერენციებზე აქებდა, ნახევარი წლის შემდეგ კი „თუნთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში ანრისთან, ლუნგბერგთან და ვან პერსისთან ერთად სასტარტოში დააყენა.

მაშინ 17 წლის ბიჭი კინაღამ ჭკუიდან შეიშალა.

„როდესაც „არსენალში“ მოვხვდი, ყოველკვირეული ხელფასი 4 ათასიდან 15 ათასამდე გამიზარდეს. აღფრთოვანებული ვიყავი. უფროსებთან ვურთიერთობდი, ვყიდულობდი ყველაფერს, რაც მინდოდა და გიჟურ ღამეებს ვატარებდი“, – წერდა ალექსი „ინსტაგრამზე“.

ანრის დარი ავტომობილის ყიდვა უნდოდა.

სესხი აიღო და ისეთი ავტო შეიძინა, როგორიც მეფე ანრის ჰყავდა. ფულის გადახდა გაუჭირდა და ორი თვის შემდეგ უბრალო „ტოიოტაზე“ გადაჯდა. ვარჯიშზე ანრიმ ჰკითხა, პატარავ, სად არის შენი მანქანაო, ალექსმა კი უპასუხა, რომ მისთვის ზედმეტად ძვირფასი სიამოვნება გამოდგა.

ბაბშვობიდან ოჯახზე ოცნებობდა, 18 წლისა დაქორწინდა, 21 წლისა კი 2 შვილის მამა გახდა

 

ოლივია ალექსს ჯერ კიდევ კამერუნში შეუყვარდა, ლონდონში იქორწინეს და შვილები შეეძინათ – ნოლანი და კილიანი. ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს.

ახლობლებთან მართლაც განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. მის მუსლიმურ ოჯახში 7 და და 17 ჰყავდა. მამა მთავარი ფიგურა იყო. 5 მეუღლე ჰყავდა, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ სხვადასხვა ადგილას გადასახლდნენ. ალექსი ყველასთან ინარჩუნებდა ურთიერთობას, ყველაზე მეტად კი მამა ენატრებოდა, რომელიც თითქმის არ ახსოვდა, უნდოდა თვითონ გამხდარიყო მამა და ამიტომ დაქორწინდა ადრეულ ასაკში.

2009 წელს მართლაც ძალიან მოუმატა, ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, თუმცა კაშკაშა ვარსკვლავი ვერ გახდა, რადგან ფაბრეგასის, ვან პერსისა და ნასრის ფონზე გაბრწყინება ადვილი არ იყო.

 

აბუნტდა იმის გამო, რომ ეტო’ომ მისი ბიძაშვილის კაპიტნის სამკლავური წაიღო. ამის გამო კინაღამ მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა

 

კამერუნის ნაკრებში რთული ვითარება იყო, 2009 წელს სათავეში პოლ ლე გუენი ჩაუდგა და კაპიტნის სამკლავური სამუელ ეტო’ოს გადასცა, რომელიც რიგობერ სონგს ჩამოართვა.

ნაკრები კლანებად დაიყო.

პირველ კლანში ისინი შედიოდნენ, რომლებსაც ეტო’ო კამერუნის ნაკრების 2010 წლის მუნდიალზე გასვლის შემთხვევაში Eto’o World-ის 33-ათასიან საათებს დაჰპირდა.

მეორე კლანში სონგების დაჯგუფებების წევრები გაერთიანდნენ, რადგან ლე გუენს რიგობერის ეროვნული გუნდიდან გაშვება სურდა და ეტო’ო მისი ფავორიტი გახდა.

მესამე კლანს მეტისები წარმოადგენდნენ – კამერუნელი-გერმანელები მატიპი და ჩუპო-მოტინგი და ფრაკო-კამერუნელები ბასონგი და ასუ-ეკოტო. ისინი დანარჩენებისთვის მიუღებელნი იყვნენ, ვინაიდან მათი აზრით, კამერუნული მენტალიტეტი არ ესმოდათ.

ჯგუფებად დაყოფილმა ნაკრებმა მუნდიალზე ვერ ივარგა და სონგმა გუნდი დატოვა.]

ერთი წლის შემდეგ, აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყების წინ ალექსი ნაკრებში დაბრუნდა – სენეგალთან მატჩამდე. ეტო’ოს ხელი არ ჩამოართვა, ის წავიდა და მწვრთნელთან „უჩივლა“, მან კი ყურადღება არ მიაქცია. სამუელი ოთახში ჩიკეტა, ტელეფონი გამორთო, არც სადილზე მივიდა და არც მეორე დღეს ვარჯიშზე. ეს ამბავი სპორტის მინისტრამდე მივიდა.

მწვრთნელმა ხავიერ კლემენტემ სონგი გუნდიდან გააგდო, გამარჯვებული ეტო’ო კი პირველი მივიდა სადილზე და გახარებული იღიმოდა. სონგი 1352 ფუნტით დააჯარიმეს. ასეთი კონფლიქტები თითქმის ყოველ ნახევარ წელიწადში ხდებოდა.

„ბარსელონაში“ სონგმა ამბიციები სათადარიგოთა სკამსა და კომფოტრზე გაცვალა

 

სამხრეთ აფრიკის მუნდიალისა და „არსენალიდან“ ფაბრეგასის წასვლისთანავე სონგი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი გახდა.

ურთიერთობა დაალაგა ვან პერსისთან და დაამტკიცა, რომ მხოლოდ ტიპიური აფრიკელი საყრდენი კი არა, არამედ შემქმნელი პლეიმეიკერიც იყო.

თუმცა, პრემიერლიგაში არაფერი მოუგია და ვერც ვერაფერი გამოიმუშავა.

„არსენალში“ 8 წელი ვიყავი და გეფიცებით, ნორმალური ხელფასი მხოლოდ უკანასკნელ 4 წელი მქონდა. ანაზღაურება რეალურად გამიზარდეს, მაგრამ ძალიან ბევრს ვხარჯავდი. 100 ათასიც კი არ მქონდა და ყველას ეგონა, მილიონერი ვიყავი“.

ამიტომ არ უთხრა „ბარსას“ უარი და ეს მიუხედავად იმისა, რომ სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ გააფრთხილა, რომ მოედანზე გასვლა თითქმის არ მოუწევდა. მოკლედ, 2012 წელს კარიერაზე ფიქრს თავი დაანება და ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვა დაიწყო.

კატალონიურ გუნდში გადასვლით 63 მილიონი მიიღო, მაგრამ 4 წლის შემდეგ უფასოდ წავიდა.

სათამაშო სქემაში ვერ ჯდებოდა და სერხიო ბუსკეტსზე უარესად გამოიყურებოდა. თამაშის მანერით „ბარსას“ ყოფილ აფრიკელ საყრდენს, სეიდუ კეიტას მოგაგონებდათ, ოღონდ მალელმა მარადიული სთადარიგოობა არ ითაკილა, სონგმა კი – პირიქით.

ერთადერთი იმით დაგვამახსოვრა თავი, რომ 2013 წელს „ბარელონასთვის“ საჩემპიონო თასის გადაცემისას ბევრს კუნტრუშობდა და კარლეს პუიოლმა, რომელიც კარიერას ასრულებდა, გვერდზე გასწია.

„ალექსი თავისი გამოცდილებითა და ასაკით მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში ძირითადში უნდა თამაშობდეს“, – აგულიანებდა ასაბარგებლად ეტო’ო.

ალექსსა დ ფაბრეგასს „არსენალში“ სურდათ დაბრუნება, თუმცა ესპანელი „ჩელსისი“ გადავიდა, კამერუნელი კი – „ვესტ ჰემში“.

„ნაპოლი“, „რომა“, „მარსელი“ და თურქული კლუბები ეპატიჟებოდნენ, მაგრამ მის ოჯახს ინგლისში დაბრუნება ერჩივნა და ლონდონური გუნდი ამიტომ აირჩია.

დედაქალაქის გარეუბანში უზარმაზარ სახლში დასახლდა, რომელიც ჯერ კიდევ „არსენალში“ ყოფნისას ააშენა. ჰყავდა Bentley და Land Rover-ი გამორჩეული ნომრებით – 000 5ONG, რადგან უნდოდა სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყო.

აირჩია სიმყუდროვე დიდ ქალაქში და კლუბში, რომელიც ვერადოდეს ვერ გავიდოდა ჩემპიონთა ლიგაზე. დარწმუნებული იყო, რომ კომფორტის ზონაში დიდხანს დარჩებოდა, სადაც განათხოვრებული იყო.როდესაც „ბარსელონასთან“ კონტრაქტი დაუსრულდა, „გალათასარაი“ ეპატიჟებოდა, მაგრამ წლიურ გასამრჯელოდ 4 მილიონის მოთხოვნით დააფრთხო და „რუბინში“ ამოყო თავი.



ყაზანში კრემლის მოპირდაპირე მხარეს სასტუმროში ცხოვრობდა, არავისთან არ ურთიერთობდა და ქალაქში ავტომობილით არ მგზავრობდა

 

28 წელი ფეხბურთელისთვის თავის წარმოსაჩენად იდეალური ასაკია და ფიქრობდნენ, რომ რუსეთში ვარსკვლავი გახდებოდა. მით უმეტეს, ირწმუნებოდა, რომ დიდ პროექტში მონაწილეობის სურვილი და ამბიციები გააჩნდა.

ჩინური კლუბი 8 მილიონს მთავაზობდა, მაგრამ აქ ისტორია უნდა დავწეროო, – განაცხადა პროგრამა „კულტურას“ ეთერში.

თავიდან მართლაც მონდომებული ჩანდა, ამბობდა, რომ რუსული უნდა ესწავლა, „ურალთან“ ნამატჩევს კარგა ხანი ესაუბრებოდა გულშემტკივრებს. სასტუმრო „მირაჟში“ კრემლის პირდაპირ საპრეზიდენტო ნომერში ცხოვრობდა და კლუბი ამ სიამოვნებაში დღეში 36 ათასს იხდიდა. მოლოდინი დიდი იყო. ის კი სასტუმროში იჯდა და ვარჯიშითა და თამაშით თავს არ იკლავდა.

„რუბინის“ თარჯიმანი არტიომ ჟურავლიოვი იხსენებს, რომ ალექსი მხოლოდ ფრანგულად მოსაუბრე მვილასთან და ლესტენთან პოულობდა საერთო ენას და კიდევ ვიღაც ადგილობრივ კამერუნელებთან.

ფორმის შენარჩუნებას ცდილობდა, ალკოჰოლურ სასმელებს საერთოდ არ სვამდა და მვილასთან და ლესტენთან ერთად რესტორნებში არ დადიოდა.

„სონგი არ ცდილობდა ყოფილიყო გამორჩეული, ჩრდილში იმყოფებოდა. როდესაც რამეს კითხავდნენ, თავის აზრს გამოთქვამდა. კონფლიქტური არ იყო, თავისთვის ცხოვრობდა და თავისი Tchakap-ის ტანსაცმლით გამორჩეულად ჩაცმული დადიოდა“, – იხსენებს ჟურავლიოვი.

ჯერ კიდევ 2014 წელს გამოუშვა ტანსაცმლის ბრენდი Tchakap-ი. მთელ „ბარსელონას“ მოსავდა. გუნდის მესამე კომპლექტისათვის ვარდისფერი კეპები დაამზდებინა (ღირებულება დაახლოებით 45 ევრო).

„ზოგიერთი ჩემი ტანსაცმლის გამო დამცინოდა, ამბობდნენ, რომ სულელი ვარ, მაგრამ ასეთი ექსტრავაგანტული გახლავართ და უჩვეულო სტილის ტანსაცმელი მიყვარს. არასოდეს გამოვიცვლები“, – გაუმხილა ალექსმა „დეილი მეილს“.

„რუბინში“ მალევე მიხვდნენ, რომ ის წელიწადში 4 მილიონი არ ღირდა. ლიდერი არც გასახდელში იყო და არც მოედანზე. 2016 წლის ნოემბერში ექსვარსკვლავი სასტარტოში ვეღარ ხვდებოდა.

შემდეგ სასტუმროდან ბაზაზე გადაასახლეს, თურქულ „ტრაბზონსპორსა“ და „ოსმანილსპორს“ შესთავაზეს მისი შეძენა. პარტნიორებმა სონგისა და ლესტენის სიზარმაცეზე დაიწყეს ჩივილი, თუმცა მწვრთნელი ხავი გრასია ჯერ კიდევ ენდობოდა. ყველაფერი გუნდის სათავეში ყურბან ბერდიევის მისვლის შემდეგ დასრულდა. კამერუნელს არ მოსწონდა ბაზაზე ცხოვრება.

„ბაზაზე ოთახში ვიჯექი. კარგი პირობები მქონდა, მაგრამ არც განათებას ვრთავდი და არც ტელევიზორს, ვინაიდან არაფერი არ მესმოდა. ინტერნეტში დავძრომიალობდი. მეგობრები არ მყავდა და გარეთ არ გავდიოდი. მხოლოდ ტელეფონით და კომპიუტერით ვერთობოდი. მარტოსული გავხდი“, – დაიჩივლა ალექსმა „ტელეგრაფთან“.

ბერდიევმა შანსი „ზენიტთან“ და ტულის „არსენალთან“ მისცა, ბოლო მატჩში მოედანზე გარჯა დუწუნა და საბოლოოდ ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან. თუმცა, ფეხბურთელი მიზეზს ვერ მიხვდა.

მერე ისიც გაიგო, რას წარმოადგენს ხელფასის დაგვიანება, ოთხი თვის განმავლობაში ფული არ მიუღია და ეგონა, მარტო მას არ უხდიდნენ. ლონდონიდან კი დაურეკეს და იპოთეკის სესხის დროულად გადახდა მოსთხოვეს.

რუსეთის შემდეგ „სიონიდანაც“ გააძევეს, რადგან ანაზღაურების შემცირებზე უარი თქვა და კარიერას ჯიბუტიში ასრულებს, სადაც ქვეყნის პრეზიდენტმა მიიპატიჟა

 

2018 წლის ზამთარში „რუბინმა“ შეკრებაზე არ წაიყვანა, ინგლისში დაბრუნდა, სადაც ვენგერმა „არსენალის“ ბაზაზე ვარჯიშის ნება დართო. ალექსმა ხელფასის დაგვიანების გამო ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა და ფიფაში უჩივლა. 9 მილიონს ითხოვდა. „რუბინმაც“ უჩივლა და ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო კომპენსაციის სახით 40 მილიონის გადახდა მოსთხოვა. საბოლოოდ მხარეებმა სარჩელები გამოიტანეს და „რუბინმა“ 2 მილიონი გადაუხადა.

რუსეთიდან „სიონში“ გადავიდა, შვეიცარიის ჩემპიონატის 20 მატჩში სახეირო არაფერი გაუკეთებია და დუბლებში ექვსჯერ ათამაშეს. პანდემიისას ხელფასის 12 ათასით შემცირებაზე უარი განაცხადა, გუნდიდან გაუშვეს და კიდევ 9 ფეხბურთელი და მათ შორის სეიდუ დუმბია ზედ მიაყოლეს.

ახლა აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე პატარა, უღარიბეს სახელმწიფოში, ჯიბუტიში დასდევს ბურთს. იქ ამერიკული და ჩინური სამხედრო ბაზებია და ჩინელები კლუბებში ინვესტიციებს ახორციელებენ. ის პირადად ქვეყნის პრეზიდენტმა მიიპატიჟა და აეროპორტში უამრავი ფანი დახვდა. იქ მეფესავითაა.

„აფრიკულმა ფეხბურთმა ბევრი რამ მომცა. უნდა დავეხმარო. აკადემია უნდა დავაარსო. ამ პროექტმა დამაინტერესა“.

მისი „არტა/სოლარ 7“ ჩემპიონატის ლიდერია, მაგრამ აფრიკული განზომილებითაც კი ძალიან სუსტია, კონფედერაციათა თასზე ეგვიპტის „ერაბ კონტრაქტორსთან“ 1:9 დამარცხდა. ალექსმა ერთი ტაიმი ითამაშა.

ახლა კამერუნში სახლს აშენებს

ისე, ჯიბუტური ფეხბურთი ძალიან არ აინტერესებს. სხვა პროექტებით უფროა დაკავებული.

ჯერ კიდევ „სიონში“ ბურთაობისას სამშობლოში ბავშვების აკადემია Canadian International Schooland College შექმნა. იქაა საბავშვო ბაღი და საშუალო სკოლა, თუმცა გაუგებარია რა კავშირშია კანადასთან.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Alex_Song (@team_song17)

მისი მთავარი საზრუნავი უზარმზარი სახლი Nokay 17-ია (სახელწოდება შერჩეულია შვილების სახელებისა და სათამაშო ნომრის მიხედვით). კამერუნის დედაქლაქ იაუნდეში მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და უკვე 7 მილიონი დახარჯა.

ქალაქში, სადაც მხოლოდ ერთსართულიანი სახლებია, მისი აპარტამენტები აფრიკულ ცათამბჯენად გამოიყურება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო