11 X 11
სპორტული პორტალი

“აინტრახტის” კაპიტანმა კარიერა შვილის გამო დაამთავრა – არგენტინელმა მაისური მსაჯს გაუცვალა

0

17 იანვარს ბუნდესლიგის „შალკესა“ და „აინტრახტის“ მატჩში არა მხოლოდ სერბი თავდამსხმელის ლუკა იოვიჩის ტრიუმფალური დაბრუნება (დუბლი შეასრულა) მოხდა, არამედ „აინტრახტმა“ მატჩის შემდეგ გაცილება მოუწყო თავის კაპიტანს, 34 წლის ცენტრალურ მცველს დავიდ აბრაჰამს, რომელიც 2013 წლიდან გერმანიაში თამაშობს, ხშირად ოჯახთან დაშორებული იყო და გადაწყვიტა საფეხბურთო კარიერისათვის წერტილი დაესვა.

„ამ ნაბიჯის გადადგმა ადვილი არ ყოფილა. ჩემი ვაჟი ალფონსო ოთხწლინახევრისაა, ძალიან იშვიათად ვნახულობ, განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში. მის გვერდით ყოფნა მინდა, რათა უჩემოდ არ გაიზარდოს. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ შვილს, განსაკუთრებით ბიჭს, მამას ძნელად თუ ვინმე შეუცვლის“, – ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება დავიდმა.

მან არ დამალა, რომ ჯერ კიდევ  განვლილი სეზონის ბოლოს აპირებდა კარიერის დასრულებას, მაგრამ პანდემიამ შეაყოვნა გერმანიაში და 6 თვით დარჩენა ამჯობინა, რადგან არგენტინასა და გერმანიაშიც მკაცრი საკარანტინო ზომებია და ფრენებიც ძალიან გაძნელებულია.

საყვარელი გუნდის კაპიტანი ფანებმა ბოლო ვარჯიშისას გააცილეს, გამოკიდეს რა გიგანტური ბანერი წარწერით: „დიდი არწივი. დიდი მებრძოლი.დიდი ადამიანი – მადლობა, კაპიტანო!“

თანაგუნდელებმა კი გაცილება „შალკესთან“ მოგებით, ხვევნა-კოცნითა და ჰაერში აბურთავებით მოუწყვეს. თავად დავიდი არგენტინის დროშამოხვეული გახლდათ და ყოველივე ამით გული აუჩუყდა და ტირილი ვეღარ შეიკავა.

 

„შალკესთან“ მატჩის საფინალო სასტვენისთანავე აბრაჰამმა მაისური გაუცვალა არა  მეტოქე გუნდის რომელიმე ფეხბურთელს, არამედ … შეხვედრის მსაჯს მანუელ გრეფეს. დაგვეთანხმებით, ორიგინალური საქცელია. მის მაისურჩაცმულმა მსაჯმა  სამახსოვრო სურათიც გადაიღო. გრეფეს სულ შვიდი მატჩი ჰქონდა განსჯილი აბრაჰამის მონაწილეობით და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთხელ არ გაუფრთხილებია იგი.

არადა, მისი ფიცხი ხასიათის გამო, მსაჯები წითელ-ყვითელ ბარათებს არ აკლებდნენ. გასულ სეზონში აბრაჰამს 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მისცეს, რადგან მოედნის კიდესთან უხეშად შეეჯახა „ფრაიბურგის“ მთავარ მწვრთნელს კრისტიან შტრაიხს, რასაც მათ შორის ჩხუბი მოჰყვა. თუმცა, მალევე შერიგდნენ და ეს ინციდენტი ორივემ დავიწყებას მისცა.

აბრაჰამი ნამდვილად „აინტრახტის“ ლეგენდაა. მან ამ კლუბში 5.5 წელიწადი გაატარა, ითამაშა 178 მატჩი, 2017/2018 წლების სეზონიდან კი გუნდს კაპიტნობდა. „ფრანკფურტში პირველად 2013 წელს ჩავედი, როდესაც „ჰოფენჰაიმში“ ვთამაშობდი. მაშინ ვნახე თუ როგორი თავგადაკლული ფანები ჰყავს „აინტრახტს“ და გულში გავივლე, რომ კარგი იქნებოდა ამ გუნდში მეთამაშა. 2 წლის შემდეგ კი სურვილი -ამიხდა – „აინტრახტმა“ მიმიწვია.

აბრაჰამი კაპიტნობდა გუნდს გერმანიის თასის ორივე ფინალში და 2018 წელს „ბაიერნის“ დამარცხების შემდეგ სწორედ მან აღმართა ეს საპატიო პრიზი. ორი წლის წინათ კი „აინტრახტმა“ ევროპა ლიგის ნახევარფინალსაც უწია.

ახლა დავიდ აბრაჰამის ცხოვრებაში სხვა ეტაპი დაიწყო – არგენტინაში საყვარელი ვაჟი ელოდება. ინსტაგრამზე დადებულ მათ ერთობლივ ფოტოებზე მუდმივად აწერს, რომ ეს ბიჭი მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და კერპია.

 

ისე არ იფიქროთ, რომ აბრაჰამი ფეხბურთს საერთოდ დაემშვიდობა. მის მშობლიურ ქალაქ ჩაპასში სამოყვარულო გუნდი „ატლეტიკო ურაკანი“ არსებობს, სადაც კარიერა დაიწყო და იქ იბურთავებს, ისევე როგორც ამას ჩეხი მილან ბაროში აკეთებს, რომელიც ახლა თავის სოფლის გუნდში თამაშობს.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო