11 X 11
სპორტული პორტალი

საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში პირველი ოფიციალური ვარჯიში გამართა

0

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში პირველი ვარჯიში გამართა. 15 თებერვალს, დილის 11:00 საათზე, ილიას ზუროსმა ჩვენი გუნდი დაახლოებით საათნახევარი ავარჯიშა, რის შემდეგაც ნაკრების მთლიანი შემადგენლობა სასტუმრო “თბილისი მერიოტში” დაბინავდა და ამით დაიწყო ეგრედწოდებული თბილისური “ბაბლი”, რაც თამაშების იზორილებულ სივრცეში, კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალურად დაცვით ჩატარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ თბილისი მასპინძლობს ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფს. შესაბამისად, ჩვენს დედაქალაქში შვეიცარიის, სერბეთისა და ფინეთის ნაკრებები არიან ჩამოსულნი და საქართველოსთან ერთად ჯგუფის დარჩენილ 2 ტურს (4 მატჩი) ითამაშებენ. 19 თებერვალს საქართველო სერბეთს დაუპირისპირდება, ხოლო ფინეთი – შვეიცარიას, 21 თებერვალს კი ჩვენი მეტოქე ფინეთი იქნება, შესაბამისად, შვეიცარია სერბეთს შეხვდება.

გიორგი შერმადინის გარდა, დღეს ნაკრებში გამოძახებულმა ყველა კალათბურთელმა ივარჯიშა. შერმადინი დარბაზში იყო, თუმცა არ გამოუცვლია, რადგან თბილისში დილას ჩამოფრინდა და აეროპორტიდან პირდაპირ სპორტის სასახლეში მოვიდა. შერმადინი დაესწრო საღამოს ვარჯიშსაც, მაგრამ მწვრთნელისა და ექიმების რეკომენდაციით, ნაკრების ლიდერი, რომელმაც 2 დღის წინ ესპანეთის თასის ნახევარფინალში “რეალის” წინააღმდეგ ითამაშა, დაასვენეს.

ტრადიციულად, როგორც შეკრების დასაწყისშია ხოლმე, მეტი დრო ინდივიდუალურ ვარჯიშებს დაეთმო. დაცვაზე და კომბინაციებზე ილიას ზუროსი ნაკრებს მომავალ დღეებში ამუშავებს, დღეს კი უფრო საადაპტაციო სახის ვარჯიშები ჩაატარა. მოთამაშეებმა დაცვითი წინაღობის გარეშე, სწრაფი გარღვევები განახორციელეს, ასევე ფარში ესროლეს – ძირითადად შორი დისტანციიდან.

16 თებერვალს ილიას ზუროს ასევე 2 ვარჯიში აქვს დაგეგმილი – დილას და საღამოს.

GBF.GE

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო