11 X 11
სპორტული პორტალი

პეპეს საიდუმლოებით მოცული ტრანსფერი, რომელმაც “არსენალის” სპორტ დირექტორი შეიწირა

0

2019 წლის ზაფხულში „არსენალმა“ „ლილის“ ვარსკვლავი ნიკოლა პეპე სარეკორდო 72 მილიონ ფუნტად შეიძინა. იქამდე ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი პიერ-ემერიკ ობამეიანგი (56 მლნ) იყო. წელიწადნახევრის შემდეგ პეპეს ტრანსფერი კვლავ სარეკორდოა, მისი თამაში კი – სრული იმედგაცრუება.

აი, 2021 წლის დასაწყისიდან რამდენიმე ციტატა ნახევარმცველზე

„მისი თამაში და ინტენსივობა პრემიერლიგის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. პეპე ამას მიჩვეული არ არის, მენტალიტეტის გამოცვლა და ძლიერ ლიგაში ადაპტირება რთულია. ვფიქრობ, ინგლისური ფეხბურთი მისთვის არაა“, – მიაჩნია „მეთოფეთა“ ყოფილ ნახევარმცველ რობერ პირესს.

„ის აბსურდულ თანხად იყიდეს (არსენალის ყოფილი სპორტული დირექტორის რაულ სანლეის კარგი ნახელავი), მაგრამ გარემარბი თვისი საუკეთესო ფორმისგან შორს არის. მისი ენისა და სხეულის შემხედვარეს მართებული იქნება კითხვის დასმა – ამ ბიჭს წარმატების მიღწევა საერთოდ უნდა?“, – დაწერა გუნდის ექსთავდამსხმელმა ალან სმიტმა Evening Standard-ში.

იანვარში მიკელ არტეტას რამდენიმეჯერ თავის მართლება მოუწია: „ჩვენ მას წარმატების მიღწევაში უნდა დავეხმაროთ, თამაში სჭირდება და გუნდში სტაბილურობა. ვნახოთ, უახლოეს თვეებში სიტუაცია როგორ განვითარდება“.

ისე მოჩანს, პეპემ მისი ნათქვამი გაიგო. უკანასკნელ 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა – იქამდე ამდენივე გოლი 12 მატჩში ჰქონდა გატანილი. გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ეს 25 წლის ფეხბურთელს საკუთარი თავის რწმენას შემატებს.

მართალია თუ არა, რომ „არსენალი“ პეპეს ტრანსფერს იძიებდა?

ხმაური პეპეს გარშემო უბრალოდ ფანებისა და ექსპერტების წუწუნი როდია. მრავალი ფეხბურთელი ვერ ახერხებს პრემიერლიგაში თავის წარმოჩენას. ამის ათეულობით მაგალითი არსებობს. თუმცა, პეპეს შემთხვევა განსაკუთრებულია, ვინაიდან ფასისა და ხარისხის თანაფარდობა შეუსაბამობაშია.

გასული წლის აგვისტოში ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „არსენალმა“ ტრანსფერის გარემოებებზე შიდასაკლუბო გამოძიება დაიწყო, რადგან ეჭვობდნენ, რომ ზედმეტად დიდი თანხა გადაიხადეს და მიზეზსა და დამნაშავეებს ეძებდნენ. ეს ინფორმაცია საუკეთესო ბრიტანულმა სპორტულმა მედიასაშუალება The Athletic-მა დაადასტურა, მაგრამ კლუბი დუმდა.

ESPN-ის მონაცემებით, ტრანსფერებზე რევიზიის შედეგები განსაცვიფრებელია. ფეხბურთელებზე ხარჯების შესწავლის შემდეგ ხელმძღვანელობამ ფულის დაზოგვის მიზნით სამუშაოდან 55 თანამშრომელი დაითხოვა და მათ შორის საკვანძო სკაუტები.

თანამშრომელთა გათავისუფლებას ხელი სანლეიმ მოაწერა, რომელსაც 10 დღის შემდეგ კარისაკენ მიუთითეს. ეს ESPN-ის მიერ გამოქვეყნებული წერილის მეორე დღეს მოხდა.

„არსენალმა“ ტოპ-მენეჯერის სამსახურიდნ დათხოვნა, რომელიც „ბარსელონადან“ 2017 წლის ნოემბერში მივიდა, ხარჯების შემცირებით ახსნა. თუმცა, საქმე ამაში არ უნდა იყოს. The Athletic-ი წერდა, რომ მთავარი მიზეზი 53 წლის ესპანელის ტრანსფერებისადმი მიდგომაშია.

პეპეს ტრანსფერი სწორედ სანლეიმ გაჩარხა. არსებობს მოსაზრება, რომ ფეხბურთელში ზედმეტი გადაიხადეს, მაგრამ „ლილის“ პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ასეთივე თანხის გადახდისთვის კიდევ 3 კლუბი იყო მზად

რაული აგენტებთან და შუამავლებთან მეგობრობს, ამიტომ აღნიშნულ საკითხებში უფრო კავშირებს ეყრდნობოდა. კლუბი უპირატესობას მეგობარ აგენტებს ანიჭებდა, ხოლო სკაუტები და ანალიტიკოსები თვლიდნენ, რომ მათ აზრს არ ითვალისწინებდნენ.

სანლეის პარტნიორი არტურო კანალესი ბრიტანეთში საქმიანობას იმის შემდეგ შეუდგა, რაც რაული „არსენალში“ დასაქმდა. მაგალითად, კანალესი უნაი ემერის კონტრაქტის შესაძლო გაგრძელებაზე მოლაპარაკებებზე წარმოადგენდა. გასულ წელს შეძენილი პაბლო მარიც მისი კლიენტია.

სანლეის დროს აგენტ კია ჯურაბჩიანის გავლენა გაიზარდა. ის სახალხოდ აკრიტიკებდა კლუბის ყოფილ თანამშრომლებს, რაულის წასვლისას 4 ფეხბურთელს გაუფორმეს ხანგრძლივვადიანი სარისკო კონტრაქტები, რომელთაგან 3 ასაკოვნი იყო: 33 წლის დავიდ ლუისს, 32 წლის ვილიანს და 29 წლის სედრიკ სოარეშს. როგორც ამტკიცებენ, კიას ახლო ურთიერთობა ჰქონდა „არსენალის“ ტექნიკურ დირექტორ ედუსთან.

თუმცა, ედუს პეპეს ტრანსფერში მონაწილეობა არ მიუღია, მხოლოდ პრეზენტაციას დაესწრო. მან მუშაობა იქამდე სამი კვირით ადრე დიწყო. ძირითადი სამუშაო სანლეიმ ჩაატარა.

The Athletic-ი ამტკიცებდა, რომ რაულმა 5 მილიონით ზედმეტი გადაიხადა ლუკას ტორეირაში (26 მლნ) და ბერნდ ლენოში (22.5 მლნ).

„გარდიანი“ ირწმუნებოდა, რომ „ლილს“ 50%-ით იმაზე მეტი გადაუხადეს, ვიდრე ბაზარზე სთავაზობდნენ. სხვა გამოცემებიც იგივეს აღნიშნავდნენ. სხვა კლუბების წარმომადგენლები, რომლებიც „ლილთან“ პეპეს თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, „არსენალის“ მიერ გადახდილი თანხის ოდენობით განცვიფრებული დარჩნენ.

„ლილის“ მფლობელი ჟერარ ლოპესი ამტკიცებს, რომ კიდევ სამი კლუბი იყო მზად აღნიშნული თანხა გადაეხადა:

„არსენალისთვის“ ეს შესანიშნავი გარიგებაა. ხელში ჩაიგდეს ფეხბურთელი, რომელიც ბევრს სურდა. თან ერთი მეტსაც კი იხდიდა. პეპეს გარემოცვას სწორედ „არსენალის“ ვარიანტი მოსწონდა, რაზეც დავთანხმდით და ცოტა ფული ვიზარალეთ“.

პეპეს მსურველ კლუბებს შორის ლოპესმა მხოლოდ „ნაპოლი“ დაასახელა, რომლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი 72 მილიონის გადახდის მზაობას ადასტურებდა, მაგრამ „არსენალმა“ მეტი შესთავაზა, რადგან ლონდონურ კლუბს ხუთჯერ უფრო მეტი შემოსავალი აქვს.

გასათვლისწინებელია, რომ ლოპესი და დე ლაურენტისი ძველი მეგობრები არიან. გასულ ზაფხულში „ნაპოლიმ“ „ლილისგან“ ვიქტორ ოსომჰენი 80 მილიონად იყიდა და თანხა 5 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს – ოღონდ 50+10 მილიონი ბონუსები და კიდევ ფრანგულ გუნდში მათი 4 ფეხბურთელი გადავა.



სატრანსფერო ფასის კვალობაზე პეპეს ძალიან დიდი ხელფასი არ აქვს. ეს კითხვებს ბადებს, ისევე როგორც „არსენალის“ მიერ გვერდიდან ფულის მიზიდვა

რა თქმა უნდა, „არსენალს“ თავისუფალი 72 მილიონი არ ჰქონდა. 20 მილიონი ავანსად გადაიხადა, დარჩენილი 52 მილიონი კი 5 წლის მანძილზე ტრანშებად უნდა დაფაროს.

თუმცა, სქემა მარტივი არ არის. სინამდვილეში „ლილმა“ მთელი ფული უცბად მიიღო. თითქმის მთელმა თანხამ მესამე მხარიდან გაიარა – ფინანსური კომპანიებიდან (ეს უფრო ლონდონში დაფუძნებული 23 Capital-ია, რომელმაც ბარსას გრიზმანის შესაძენად სესხი მისცა). სწორედ ამ კრედიტორს უხდის „არსენალი“ 5 წლის განმავლობაში. 23 capital-ი მოგებას პროცენტებით ნახულობს: როგორც წესი დაახლოებით 8-10%-ს შეადგენს, თუმცა ხანდახან გაცილებით მეტი ან ნაკლებია (მაგალითად, ბარსელონამ რამდენიმეთვიანი კრედიტი აიღო და ამიტომ 3-4%-იანია).

გარიგებაში მონაწილეობა ჟორჟე მენდეშმა მიიღო, თუმცა პეპესთან არანაირად არ არის დაკავშირებული, რაც სქემას კიდევ უფრო ჩახლართულს ხდის. რით იყო ის დაკავებული – გამოცანაა.

ფეხბურთელის ფასის გათვალისწინებით მოულოდნელად 90-ათასიანი გასამრჯელო კიდევ უფრო მეტ ეჭვს იწვევს. ეს გახდა შიდა გამოძიების მიზეზი, რის შემდეგაც სანლეიმ კლუბი დატოვა.

შედარებისათვის, პეპეს მსგავსი დონის ვილფრიდ ზაჰა (განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ის 3 წლით უფროსია) „კრისტალ პალასში“ 130 ათასს გამოიმუშავებს. „არსენალში“კი მნიშვნელოვანი დაწინაურებით გადავიდოდა.

ლონდონური გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა ემერიმ მოგვიანებით „გარდიანთან“ აღიარა, რომ 2019 წლის ზაფხულში ზაჰას დამატება უფრო უნდოდა:

„მე იმ ფეხბურთელის კანდიდატურას ვუჭერდი მხარს, რომელიც ლიგას იცნობდა და ადაპტაციას არ საჭიროებდა. ზაჰამ მარტომ მოიგო „ტოტენჰემთან“ და „სიტისთან“ მატჩები. არაჩვეულებრივად თამაშობდა ხოლმე. ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ ეს ის მოთამაშეა, რომელსაც ვიცნობ და მჭირდება-მეთქი.

ზაჰას შევხვდი და მას ჩვენთან გადმობარგება სურდა. კლუბმა კი ჩათვალა, რომ პეპე გუნდისთვის პერსპექტივაში უფრო სჯობდა. მე ვუთხარი, რომ პერსპექტივა პერსპექტივად, გამარჯვებები მაშინვე გვჭირდებოდა და მან მარტომ დაგვამარცხა. თუმცა, ზაჰა ძვირი ღირდა და „კრისტალ პალასს“ მისი გაყიდვა არ უნდოდა. მიღებულ იქნა რიგი გადაწყვეტილებები, რომლებსაც შედეგები მოჰყვა“.

2021 წლის იანვარში ზაჰამ კარაგერთან პოდკასტში თავისი ვერსია მოჰყვა: „ემერიმ მითხრა: „დიახ, გვინდა ჩვენთან ითამაშო“. მე ვუპასუხე: „მე კი მსურს თქვენთან გადმოსვლა“. ეს ძალიან უბრალო საუბარი იყო, მე ხომ მისი „არსენალის“ წინააღმდეგ ნათამაშები მქონდა. რა თქმა უნდა, არჩევანი კლუბს უნდა გაეკეთებინა და პეპე აირჩიეს“.

ამ სეზონში 28 წლის ზაჰამ პრემიერლიგაზე 19 მატჩში 9 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, პეპემ 4 გოლი 16 მატჩში.

ასე რომ, პეპე ცუდი ფეხბურთელია, რომელშიც ზედმეტი გადაიხადეს? ეს დაუშვებელი გამარტივებაა

სავარაუდოდ, „არსენალს“ მართლაც აქვს სანლეის კეთილ განზრახვაში და პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანის საფუძველი, მაგრამ პეპე ისეთ მწვრთნელთან რომ მოხვედრილიყო, რომელიც ეფექტურად გამოიყენებდა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა და სანლეის არაბუნებრივი აღლოსათვის შეაქებდნენ. საქმე გამართლებაშია, უპირველეს ყოვლისა კი „არსენალის“ შემადგენლობის საეჭვო დაკომპლექტებაში.

„პეპე, ლაკაზეტი, ობამეიანგი და იოზილი (არტეტასთვის მის ნაცვლად ვილიანი) შეუთავსებელი ოთხეულია. არ არის სქემა, რომელშიც აბსოლუტურად ყველანი საუკეთესო პოზიციებზე იქნებოდნენ. ექსპერიმენტი ბევრი იყო, მაგრამ უკეთეს შემთხვევაში ბალანსირებულად მხოლოდ სამის დაყენება ხერხდებოდა. ამასთან ყოველი მათგანი კლუბისათვის თითქოს მნიშვნელოვან მოთამაშედ გამოიყურებოდა, რომლის პოტენციალიც რეალიზაციას საჭიროებდა“, – წერდა ვადიმ ლუკომსკი დეკემბერში.

აი, ცხადი აზრი და არა მხოლოდ „არსენალის“ ბოსებისთვის.

მაიკლ კოკსი The Athletic-დან თვლის, რომ პეპეს არ გაუმართლა, რადგან გუნდში ცუდ მწვრთნელებთან მოხვდა და „ლივერპულის“ მაგალითი მოჰყავს:

„მიუხედავად სკაუტთა მძლავრი განყოფილების მუშაობისა, საბოლოო ჯამში ფეხბურთელები კლოპთან ხვდებიან, რომელიც მათ იდეალურად იყენებს, ხოლო „არსენალში“ ეს მექანიზმი სრულად მოშლილია“.

„არსენალის“ გამოძიება გაცილებით უკეთესი იქნებოდა, პეპეს ქაოსურ გუნდში მოხვედრა რომ გაეთვალისწინებინა, რომელიც ემერის ხელმძღვანელობით საშინლად ასპარეზობდა. თითქმის ყველა ფეხბურთელი თავის დონეზე უარესად თამაშობდა. გუნდის სისტემა მუდმივად იცვლებოდა, მუდმივად იცვლებოდნენ პეპეს პარტნიორები. თავადაც ვერ ივარგა, მაგრამ ჩემპიონ გუნდში, სავარაუდოდ, თავს უკეთ წარმოაჩენდა“, – წერს კოკსი.

ძალიან არ გაგიკვირდეთ, თუ რამდენიმე წლის შემდეგ პეპე პრემიერლიგის ან ჩემპიონთა ლიგის მოგების პრედენდენტ გუნდში ითამაშებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო