11 X 11
სპორტული პორტალი

პელეს უსამართლოდ ექცევიან, როცა გოლების სტატისტიკის გაბერვას აბრალებენ

Brazilian football star Pele displays the FIFA World Cup during its presentation in Rio de Janeiro, Brazil on February 6, 2010. The cup is being exhibited in numerous countries while on a tour before reaching South Africa for the FIFA World Cup tournament that will be held next June. AFP PHOTO/GABRIEL LOPES (Photo credit should read GABRIEL LOPES/AFP/Getty Images)
0

ამ ბოლო ხანებში დიდი განხილვის საგნად იქცა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს თუ ვინ არის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის გამტანი. რამდენადაც ვიცოდით, ამ მხრივ ფეხბურთის მეფეს, პელეს ვერავინ შეედრებოდა, რადგან მას კარიერაში 1283 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ახლა ამბობენ, რომ მან ბევრი გოლი შტატების ჩემპიონატებსა და თვით სანაპირო თავდაცვის გუნდების ტურნირებში გაიტანა.

ამ მხრივ განსაკუთრებით კრიშტიანო რონალდოსა და ლეო მესის ფანები აქტიურობენ. შევეცადოთ გავარკვიოთ, რამდენად სამართლიანია მათი ბრალდებანი.

 

პელეს 1283 გოლიდან ბევრი ამხანაგურ მატჩებში აქვს გატანილი

 

ამა წლის იანვარში Squawka-ს სტატისტიკოსებმა და სხვა წყაროებმა გამოაცხადეს, რომ 760 გატანილი გოლით კრიშტიანო რონალდო მსოფლიოში უპირველესი ბომბარდირი გახდა. მეორე ადგილზე კი ჩეხეთისა და ავსტრიის ნაკრების თავდამსხმელი იოზეფ ბიცანია 759 გატანილი ბურრთით, ხოლო პელეს ანგარიშზე 757 გოლია.

უნდა ითქვას, რომ არსებობს სხვა მონაცემებიც, რომელთა მიხედვით რონალდო ბიცანს არ დასწევია, მით უფრო პელეს. თავად პელემ თუ მისმა წარმომადგენლებმა თავიანთ ინსტაგრამზე თავწარწერად გამოიტანეს „პელე, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი – 1283 გოლი“.

პელე ირწმუნება, რომ მას არაფერი შეუცვლია, ასეთი ტექსტი მის სოცქსელებში მუდმივად ფიგურირებდა და ისეც აქამდე ყველამ ვიცოდით, რომ მას 1283 გოლი აქვს გატანილი. მეტიც, მისი მე-1000 გოლი, რომელიც პენალტიდან გაიტანა, მაშინ მთელმა მსოფლიო პრესამ აიტაცა და ლამის გამოცემა არ დარჩენილა, ამისთვის სტატიები ან კომენტარები არ მიეძღვნათ.

ისე საინტერესოა, რომ პელეს მიერ გატანილი ყველა გოლიდან 520 მართლაც ამხანაგურ მატჩებშია გატანილი.

აგერ ჩამონათვალიც:

ამხანაგური მატჩები (არაოფიციალური) – 520;

პაულისტა (სან პაულუს სტატის ჩემპიონატი) – 466;

ბრაზილიის ჩემპიონატი – 101;

ტურნირი რიო-სან პაულუ (ამ ორი შტატის უძლიერესი გუნდების მატჩები) – 49;

ჩრდილოამერიკული საფეხბურთო ლიგა – 37;

ბრაზილიის ნკრების ამხანაგური მატჩები (ოფიციალური) – 34;

ლიბერტადორესის თასი – 16;

მსოფლიოს ჩემპიონატები – 12;

ამერიკის თასი – 8;

საკონტინენტთაშორისო თასი – 7;

ოსვალდ კრუზის თასი (ბრაზილია-პარაგვაის ნაკრებები) – 6;

ბრაზილიის ჩემპიონატი შტატების ნაკრებთა შორის – 6;

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები – 6;

როკას თასი (ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებები) – 5;

ბერნარდო ო’ჰიგინსის თასი (ბრაზილიის და ჩილეს ნაკრებები) – 3

რეკოპა (საკონტინენტთაშორისო  თასის მფლობელ სამხრეთამერიკულ გუნდთა ტურნირი) – 3;

ერთა თასი (ერთადერთხელ, 1964 წელს ჩატარებული ტურნირი, რომელშიც უძლიერესი შემადგენლობით მონაწილეობდნენ ბრაზილია, არგენტინა, ინგლისი და პორტუგალია) – 2;

სამხრეთ ამერიკის თასი სამხედროებს შორის – 1;

ატლანტიკის თასი (ტურნირი ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის კლუბებს შორის) -1.

 

ამხანაგური მატჩები არასერიოზულია?

 

თითქოს ასე არაა, მაგრამ პელეს შემთხვევაში ბევრი ამხანაგური მატჩი განირჩეოდა იმათთაგან, რომელსაც ჩვენ შეჩვეულნი ვართ. 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ პელე სუპერვარსკვლავი გახდა და მაშინ, როდესაც არც ტელევიზია იყო ძალიან განვითარებული და სოცქსელებზე წარმოდგენაც კი შეუძლებელი გახლდათ, უამრავ ევროპელ გულშემატკივარს პელეს თამაშის ნახვა იშვიათად თუ უხდებოდათ და ამიტომ „სანტოსმა“ დაიწყო ხანგრძლივი ტურნეების მოწყობა სხვადასხვა ქვეყნებში, რათა მაქსიმალური რაოდენობის გულშემატკივრისათვის ეჩვენებინათ თავიანთი სუპერვარსკვლავი და თან დიდი ფული გაეკეთებინათ.

მხოლდ 1959 წელს „სანტოსმა“ 99 ასეთი მატჩი გამართა და მათგან პელემ 83-ში ითამაშა და გოლებიც გაჰქონდა. იმ წელს ნაკრების მატჩებს თუ დავამატებთ, პელემ 103 მატჩში ითამაშა და 126 გოლი გაიტანა.

თავიდან „სანტოსი“ სამხრეთამერიკულ ტურნეში გაემგზავრა, სადაც 42 დღის განმავლობაში 14 მატჩი ითამაშა პერუში, ეკვადორში, კოსტა რიკაში, გვატემალაში, მექსიკაში, ნიდერლანდების ანტილის კუნძულებსა და ვენესუელაში. იმავე დროს პელემ ითამაშა არგენტინაში გამართულ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში, სადაც 8 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ექვსი გამართული მატჩიდან, მხოლოდ ერთში ვერ გაიტანა ბურთი.

ამ ჩემპიონატის შემდეგ „სანტოსი“ ისევ ტურნეში წავიდა. ამჯერად ევროპაში და 44 დღეში 22 მატჩი გამართა 9 ქვეყნის 20 ქალაქში. პელემ 22-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 17 მატჩში უგოლოდ არ დაუტოვებია მოედანი. სულ კი 28 გოლი შეაგდო. მილანის „ინტერს“ პოკერი, „ბარსელონას“ კი დუბლი შეუსრულა, ხოლო „რეალთან“ 1 გოლით „დაკმაყოფილდა“.

მაშინდელი ბრაზილიური ფეხბურთის დონის წარმოსადგენად საკმარისია ვთქვათ, რომ „სანტოსმა“ „ინტერს 7:1, „ბარსელონას“ 5:1, ხოლო „რეალი“, რომელმაც იმ ეპოქაში 5-ჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, „სანტოსთან“ შეხვედრისათვის მთელი კვირა გამალებული ემზადებოდა და გუნდს, რომლიც ყოველ მეორე დღეს თამაშობდა, 5:3 მოუგო და შემდეგ ყველანაირად არიდებდა თავს პელეს გუნდთან თამაშს.

ევროპულ ვოიაჟებს ბრაზილიაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და რამდენიმეჯერ იქაური წარმატებული ტურნეს შემდეგ, პირადად ბრაზილიის პრეზიდენტი აჯილდოებდა ხოლმე ფეხბურთელებს.

ამ ტურნეს ბოლო მატჩი „სანტოსმა“ „ბეტისთან“ 1:1 ითამაშა და მხოლოდ 13 დღე დაისვენა, რის შემდეგაც შტატის პირველობაში ჩაერთო.

ამ და მომდევნო წლებში პელეს თამაში გრანდიოზულ ინტერესს იწვევდა. მეტოქე გუნდების მცველები საგანგებოდ ემზადებოდნენ, რათა ყველასთვის დაემტკიცებინათ, რომ პელეს ნეიტრალიზება შესაძლებელი იყო. უმეტესი გუნდებისათვის „სანტოსთან“ თამაში სეზონის მთავარ მატჩად მიიჩნეოდა. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, რომ პელეს თანაკლუბელები მსოფლიოს 1958 და 1962 წლის ჩემპიონები (პეპე, ზიტო, კოუტინიო, მენგალივო, მაურო რამოსი და ჟილმარი) გახლდნენ. ამიტომ ყველა მატჩი საოცრად პრინციპული და პრესტიჟული გახლდათ.

გულშემატკივართა ინტერესიც შესაბამისი იყო. „რომასთან“ მატჩს 88 ათასი, „ბარსელონასთან“ 85 ათასი, „ჰამბურგთან“ 72 ათასი მაყურებელი დაესწრო, ხოლო „ინტერთან“ „სან სირომ“ 110 ათასი გულშემატკივარი დაიტია.

ჰოდა, ასეთ ატმოსფეროში და ასეთ გუნდებთან შეტოქება ამხანაგურ-საწვრთნელისგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა. მოწინააღმდეგე გუნდის მცველები პელეზე პირდაპირ ნადირობდნენ და ძლივს გადაურჩა სერიოზულ ტრავმებს.

“პანათინაიკოსთან” მატჩში ტკვილისაგან იტანჯება

აქ კი “ინტერის” ფეხბურთელ ბრუნო ბოლჩის მუშტს ურტყამს

გასული წლის ბოლოს, როდესაც „ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ ლიონელ მესიმ ერთი კლუბის მაისურით მსოფლიოში ყველაზე მეტი, 643 გოლი გაიტანა და პელეს რეკორდი მოხსნა, ფეხბურთის მეფემ ლეოს მიულოცა და მეტად თბილი და სიყვარულით აღსავსე სიტყვები მიუძღვნა

“ისტორია, რომელიც შენ და მე გვაქვს, ვგულისხმობ ერთი გუდნის მიმართ დიდიხნიან სიყვარულს, მომავალში უფრო იშვიათად შეგვხვდება. შენით აღფრთოვანებული ვარ.”.

ასეთივე თავაზიანობით და უდიდესი პატივისცემით უპასუხა არგენტინელმაც:

“ძალიან გახარებული ვარ თქვენგან ასეთი თბილი სიტყვები რომ მოვისმინე. ძალან სასიამოვნო იყო. ეს სიტყვები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან მას დიადი ფეხბურთელი ამბობს. გეხვევით!”

მაგრამ ამ იდილიაში „სანტოსი“ ჩაერია. ბრაზილიურმა კლუბმა გამოაცხადა, რომ მათი გუნდის შემადგენლობაში პელეს 1091 გოლი აქვს გატანილი. 643 ოფიციალურ მატჩებში, ხოლო ამხანაგური მატჩებისა, რატომღაც სათვალავში არ შეიტანეს, თითქოსდა მათ ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეთ.

ის, ამხანაგურ შეხვედერებში შეგდებული 448 ბურთი მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების წამყვანი გუნდების კარებშია შეყრილი. მაგალითად, მექსიკურ „ამერიკასა“ და ჩილის „კოლო-კოლოს“ პელემ 9-9 გოლი გაუტანა, ხოლო მილანის „ინტერს“ – 8. სხვებიც ჩამოვთვალოთ: „რივერ პლეიტი“, „ბოკა ხუნიორსი“, „რასინგი“, „რეალი“, „იუვენტუსი“, „ლაციო“, „ნაპოლი“, „ბენფიკა“, „ანდერლეხტი“. რაც შეეხება „ბარსელონას“, სადაც ახლა მესი თამაშობს, პელემ 4 მატჩში 4 გოლი შეუგდო.

ძალიან საინტერესო და მრავლისმეტყველი სტატისტიკური მონაცემი – პელეს ერთ ოფიციალურ მატჩში საშუალოდ 0.92 გოლი გაჰქონდა, ხოლო ამხანაგურში 0.94. სხვაობა თითქმის არც არის. ამდენად, პელეს მიერ ამხანაგურ მატჩებში გატანილი გოლების არაფრად ჩათვლა დიდი უსამართლობაა.

მარათალია თუ არა, რომ პელეს გოლების აქტივში სანაპირო დაცვის გუნდში გატანილი ბურთებიც არის მითვლილი?

 

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მსოფლიოს ჩემპიონი და უდიდესი ვარსკვლავი იყო, 1959 წელს პელე არმიაში მაინც გაიწვიეს და ეს გამიზნულად გაკეთდა, რათა ახალგაზრდობის თვალში სამხედრო სამსახური პრესტიჟული გამხდარიყო.

თავად პელე იმ პერიოდს ძალიან კარგად იხსენებს, რადგან იქ ბევრი რამ ისწავლა. თანაც, მას უპრობლემოდ უშვებდნენ საზღვარგარეთულ ტურნეებში და თან არმიულ გუნდშიც თამაშობდა.

მოსაზრება, თითქოს არმიულ გუნდებში პელემ ბევრი გოლი გაიტანა და თავისი გოლების აქტივი მნიშვნელოვნად გაზარდა, სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება. ოფიციალური მონაცემებით, რომელიც „სანტოსმა“ გამოაქვეყნა და რასაც სხვა წყაროებიც ადასტურებენ, არმიულ გუნდებში ჩატარებულ 10 მატჩში პელეს სულ 14 გოლი გაუტანია. აქედან 10 მე-6 სანაპირო დაცვის, ხოლო 4 საერთო არმიულ გუნდში.

თავისი კარიერის მანძილზე პელეს „სანტოსის“, „კოსმოსის“ და ბრაზილიის ნაკრებისა და არმიის გუნდების გარდა, კიდევ აქვს გატანილი 9 ბურთი პაულისტას ნაკრებში, 6 „სანტოსისა“ და „ვასკო და გამას“ გაერთიანებულ გუნდში და 5-იც ნაკლებადმნიშვნელოვან საჩვენებელ მატჩებში.

ამდენად, საკლუბო დონეზე, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებს თუ დავეყრდნობით,  „სანტოსსა“ და „კოსმოსში“ პელეს 684 გოლი გაუტანია და მხოლოდ რომარიოს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 689 გოლია, მესამე კრიშტიანო რონალდოა – 661 გოლი, ხოლო მესი მეხუთე – 651 გოლი.

 

პელეს თითქმის ყველა ოფიციალური გოლი ხომ ბრაზილიაში აქვს გატანილი, უპირატესად შტატის პირველობაზე?

 

დიახ, ეს დიდწილად სიმართლეა, მაგრამ მაშინდელი ბრაზილიური და ევროპული კლუბების დონეში სხვაობა დიდი სულაც არ იყო. პელეს არავითარი საჭიროება არ ედგა ევროპაში გადასულიყო კარიერის გასაგრძელებლად და იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმა, რათა პელეს ქვეყანა არ დაეტოვებინა, სპეციალური ბრძანებულება გამოსცა, რომლის ძალითაც პელე ეროვნულ ფასეულობად გამოაცხადა.

1958 და 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ყველა ფეხბურთელი მაშინ სამშობლოში თამაშობდა და უძლიერეს მოთამაშეთა ხელში ჩაგდებაზე „სანტოსს“ არავითარი მონოპოლია არ ჰქონია. მაგალითად ისიც კმარა, რომ „ბოტაფოგოში“ გარინჩა, ზაგალო, დიდი და ნილტონ სანტოსი თამაშობდნენ. ისიც სახსენებელია, რომ იმავე „ბარსელონას“, რომელსაც „სანტოსი“ ანადგურებდა, არანაკლებ შავ დღეს „ვასკო და გამაც“ აწევდა.

რაც შეეხება სან პაულუს შტატის ჩემპიონატს, სადაც პელემ 410 მატჩში 466 გოლი გაიტანა, ეს ბრაზილიისათვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რადგან ქვეყნის ერთიანი ჩემპიონატი 1971 წლამდე არ იმართებოდა.  პაულისტა ბრაზილიურ შტატთა შორის ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი გახლდათ, სადაც „სანტოსთან“ ერთად „სან პაულუ“, „კორინთიანსი“ და „პალმეირასი“ გამოდიოდნენ. პელე 10-ჯერ გახდა შტატის ჩემპიონი, ხოლო 12-ჯერ საუკეთესო ბომბარდირი.

ეს ყველაფერი არ არის, რადგან ბრაზილიაში ტარდებოდა ტურნირები, რომლებიც მოგვიანებით ქვეყნის ჩემპიონატებს ოფიციალურად გაუთანაბრეს. ეს ბრაზილიის თასი და რობერტაოს თასია. 60-იან წლებში „სანტოსმა“ პელესთან ერთად 5-ჯერ მოიგო ბრაზილიის თასი და ერთხელ რობერტაოს თასი. დღეს ეს ტიტულები ოფიციალურად ბრაზილიის ჩემპიონობადაა აღიარებული. ეს ძალიან სერიოზული მატჩები გახლდათ. მაგალითად, 1962 წლის ბრაზილიის თასის ფინალში „სანტოსმა“ სამმატჩიან სერიაში (4:3; 1:3; 5:0) სელესაოს მეორე საბაზო, გარინჩას გ“ბოტაფოგოს“ სძლია. ბოლო, გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელსაც „მარაკანაზე“ 70 ათასი მაყურებელი ესწრებოდა, პელემ დუბლი შეასრულა.

წინა წელს კი ფინალში „სანტოსმა „ბაია“ დაამარცხა (1:1; 5:1). მეორე მატჩში პელემ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, ხოლო მეორე გოლი შედევრი გახლდათ – ჯერ სამი ფეხბურთელი ულამაზესად მოატყუა და ბურთი კარში მოათავსა.

1963 წლის ფინალშიც „ბაია“ იმსხვერპლა „სანტოსმა“ (6:0 და 2:0). პელემ ორივე შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მანამდე ნახევარფინალში კი „გრემიოს“ სამი გოლი შეუგდო.

1964 წლის ფინალში „ფალამენგოსაც“ ჰეთ-ტრიკი შეუსრულა და 1965 წლის ფინალიც უგოლოდ არ დაუტოვებია.

ხსენებული 5 წლის ჩემპიონატების 11 ფინალურ მატჩში პელემ სულ 13 გოლი გაიტანა.

 

მაშინ ხომ გოლის გატანა უფრო ადვილი იყო?

 

სხვადასხვა ეპოქის ფეხბურთისა და ფეხბურთელების შედარება შეუძლებელი საქმეა. თუმცა, მივმართოთ ციფრებს. მაშინ ბრაზილიის თასის 5 წლის ფინალურ მატჩებში საშუალოდ 3.07 გოლი გადიოდა, ხოლო ეს მაჩვენებელი ევროპის ჩემპიონთა ლიგის ბოლო ხუთი წლის ფინალებში 3.2-ია.

დიახ, ახლა ფეხბურთი სხვაა, მაგრამ თამაში და გამარჯვება არც მაშინ იყო ადვილი. პელეს წინააღმდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ. ფრანც ბეკენბაუერი საკუთარ თავს ევროპელ ელიას ფიგეროას უწოდებდა, ჩილელი უკანახაზელის საპატივცემულოდ, რომელმაც სამ მუნდიალზე ითამაშა და პელეს მეურვე გახლდათ ბრაზილიის ჩემპიონატებში. ის, რომ 1958 და 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების გამარჯვებული ფეხბურთელები მხოლოდ ბრაზილიაში თამაშობდნენ, უკვე ვთქვით და თვით 1970 წელს მუნდიალის მესამედ მომგები ბრაზილიის ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდადაა მიჩნეული, უკლებლივ სამშობლოში მოთამაშე ფეხბურთელებით გახლდათ დაკომპლექტებული.

 

რატომ ერთხელაც ვერ მოიგო პელემ სამხრეთ ამერიკის თასი და მხოლოდ ორჯერ ლიბერტადორესის თასი?

 

ამაში ხელს სწორედ ის ამხანაგური მატჩების ტურნეები უშლიდა. პელემ მხოლოდ ერთ კოპა ამერიკაზე ითამაშა, რომელიც არგენტინაში ჩატარდა წრიული სისტემით და თასი მასპინძლებს დარჩათ. იქ არგენტინა-ბრაზილია 1:1 დასრულდა და პელემ „მონუმენტალზეც“ გაუტანა ალბისელესტეს. ასე წაუგებლად დათმო თასი ბრაზილიამ.

რაც შეეხება ლიბერტადორესის თასს, 1962 და 1963 წელს ამ ტურნირის ზედიზედ მოგების შემდეგ, „სანტოსი“ მასში თითქმის აღარ მონაწილეობდა და კომერციულ ტურნეებს ამჯობინებდა. იმ ორი ფინალიდან პირველში „სანტოსმა“ 3:0 მოუგო ურუგვაულ „პენიორალს“ და პელემ ორი გოლი გაიტანა, ხოლო მეორეში „ბომბონერაზე“ სანტოსმა 2:1 სძლია „ბოკა ხუნიორსს“ და გამარჯვების გოლი პელეს ანგარიშზეა.

 

ევროპული გუნდებისათვის გაუტანია ოფიციალური გოლები?

 

ამის საშუალება „სანტოსსა“ და პელეს ხშირად არ ეძლეოდათ, მაგრამ 1962 წელს საკონტინენტთაშორისო თასისათვის „სანტოსმა“ ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი „ბენფიკა“ დაამარცხა. „მარაკანაზე“ „სანტოსმა“ 3:2 მოიგო და პელემ დუბლი გაიფორმა. ლისაბონში კი სულაც 5:2 სძლია მეტოქეს და შესრულებული ჰეთ-ტრიკით პელემ ძალიან დაჩრდილა პორტუგალიელთა მეგა-ვარსკვლავი ეუსებიო. სხვათა შორის, „ბენფიკასთან“ ეს საპასუხო მატჩი პელეს თავის კარიერაში საუკეთესოდ მიაჩნია. „ბენფიკას“ მეკარემ კოშტა პერეირამ ნამატჩევს თქვა: „მეგონა, ამ დიდ ფეხბურთელს რაღაცას მოვუხერხებდი, მაგრამ თამაშმა დამარწმუნა, რომ საქმე არა ადამიანთან, არამედ უცხოპლანეტელთან მქონდა“.

მომდევნო წელს იგივე თასი „სანტოსმა“ „მილანთან“ ორმატჩიან დუელში მოიგო. პელემ მხოლოდ პირველ შეხვედრაში „სან სიროზე“ ითამაშა და მასპინძლებს ორი გოლი გაუტანა.

ამრგად, სათქმელი ითქვა, ხოლო კამათი ყველაფერზე შეიძლება და არც არასოდეს დასრულდება, მაგრამ ნამდვილად არ ღირს წარსული ეპოქის ლეგენდების ღვაწლის დამცრობა, რადგან მათი სათანადო დაფასებით, თანამედროვე ვარსკვლავების რეკორდები უფრო ფასეულნი გახდებიან.

წყარო: Tribuna

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო