11 X 11
სპორტული პორტალი

თუ დაგარტყამენ და ხელს არ შეუბრუნებ, მარსელში კაცად არ ჩაგთვლიან ანუ უცნობი ზინედინ ზიდანი

0

მარსელის რაიონი კასტელანი დღესაც ისეა პოლიციით გარშემოტყმული, როგორც ბრაზილიური ფაველები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს. ზიდანის ერთ-ერთი უფროსი ძმა ჯამელი (ის ძალიან ჰგავს ზინედინს, ოღონდ მსუქანია) ახლაც იმ უბანში ცხოვრობს და სულ „რეალის“ მაისურით დადის. როდესაც მას Vice-რეპორტიორმა ერიკ ბესატმა სახლში მიაკითხა, ჯამელმა ლამის კინწისკვრით გააგდო, არ მიყვარს ნოსტალგიური ინტერვიუებიო.

alt

70-იან წლებში ამ უბნის სტადიონ „ტარტანზე“, რომელიც იმ სახლის ახლოსაა, სადაც ზიდანები ცხოვრობდნენ, პატარა ზინედინიც დასდევდა ბურთს. ახლა ამ შენობის პირველი სართული აჭედილია, რადგან სახლი უნდა დაინგრეს ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ამ უბნის მთლიან რეკონსტრუქციას გულისხმობს. ბესატიმ შეიტყო, რომ ერთხელ, როდესაც ამ უბანში რამდენიმესაათიანი სროლები იყო რამდენიმე კრიმინალურ დაჯგუფებას შორის, ბავშვთა მწვრთნელმა სტადიონზე ვარჯიში იქამდე გააგრძელა, სანამ ხმა არ მიაწვდინეს, რომ სისხლიანი საქმის გარჩევა დასრულდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვა ბიჭები სახლში.

alt

alt

ზიდანის მამა სმაილი კასტელანში 1962 წელს დასახლდა, თუმცა საფრანგეთში უკვე 9 წლის ჩასული გახლდათ. მან 17 წლის ასაკში დატოვა ალჟირი, პარიზში მშენებლობაზე მოეწყო და იქვე, სამშენებლო მოედანზე ცხოვრობდა. შემდეგ კი სამ მეგობართან ერთად პატარა ბინა სენ დენიში იქირავეს. მარსელში კი იმიტომ ჩავიდა, რომ ალჟირში დაბრუნებულიყო, რომელმაც საფრანგეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და ვიდრე გემზე ავიდოდა, გამცილებელთა შორის თავისი დეიდაშვილი მალიქი დაინახა და გამგზავრება გადაიფიქრა.

სმაილმა მალე მალიქი შეირთო და ხუთი შვილი გაუჩნდათ: ოთხი ვაჟი და ერთი გოგონა. უმცროს შვილს კი ზინედინი დაარქვეს. ოთხოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ, რომლის ქირის დაფარვაში სახელმწიფო ეხმარებოდათ. სმაილი ჯერ მტვირთავად მოეწყო, შემდეგ სუპერმარკეტის დაცვაში დაიწყო მუშაობა. როდესაც ზინედინს (ოჯახში იაზიდს ეძახდნენ) 8 წელი შეუსრულდა, მთელი ოჯახი ალჟირში ნათესავ-ახლობლების მოსანახულებლად წავიდა. ბავშვებმა ნახეს დაბა აგემუნი, სადაც მათი მამა გაიზარდა, გაიცნეს მისი ტყუპისცალი ბიძა, რომელიც საპორტო ქალაქ ბეჯაიში ცხოვრობს და 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთად ალჟირის ნაკრებს გულშემატკივრობდნენ. საკმაოდ კარგად მოასპარეზე ალჟირელები მაინც ჯგუფში ჩარჩნენ და წინ დასავლეთ გერმანია და ავსტრია გაუშვეს.

alt

11 წლის ზინედინს უკვე ორი გუნდი ჰქონდა გამოცვლილი და ბიზნესმენ რობერ სანტენაროს ყურადღება მიიქცია, ვინც კლუბ „სეტემ ლე ვალონის“ მფლობელი გახლდათ. მას თავისი ნორჩი ფეხბურთელები თავად დაჰყავდა ნაცრისფერი „რენო-104“-ით და საკუთარ პიცერიაში კვებავდა კიდეც.

„პატარა მანქანაში ხანდახან იმდენი ხალხი შევეტენებოდით ხოლმე, რომ ერთხელაც საწყალმა ავტომ ვეღარ გაგვიძლო, საცოდავად დაიხროტინა და დადგა, რადგან სიჩქარეებბის კოლოფი ბოლომდე ჩაიშალა“, – გაიხსენა „ფრანს ფუტბოლთან“ ინტერვიუში ზიდანის მაშინდელმა თანაგუნდელმა კელი ადრუიამინმა. სამი წლის შემდეგ ზიდანი რეგიონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების სინჯებზე მოხვდა. 30 გასასინჯიდან 18 აირჩიეს. ზიდანი ორმხრივ თამაშში ჯერ მარცხენა ნახევარმცველად დააყენეს, მაგრამ რადგან ფიზიკურ ორთაბრძოლებს აგებდა, დაცვის ცენტრში დახიეს, მაგრამ საჯარიმო  მოედანში ფინტაობა დაიწყო, ბურთი დაკარგა და საკუთარ კარში გოლი მიიღეს. მიუხედავად ამისა, მისი თამაში ძალიან მოეწონა „კანის“ სკაუტს ჟან ვაროს.

„კანი“ საკმაოდ ამბიციური კლუბი გახლდათ და ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძოდა, საიმედო ნახევარმცველი სჭირდებოდა, მაგრამ არც იმდენი ფული ჰქონდათ რომ ეყიდათ და ამიტომ ახალგაზრდა ზიდანზე შეაჩერეს არჩევანი. მარსელიდან კანში ყოველდღიური სიარული არ გამოდიოდა, რადგან მატარებლით 2 საათის სავალი გზაა და ამიტომ მწვრთნელის ჟან-კლოდ ელინოსა და მისი მეუღლის ნიკოლის ბინაში დაიწყო ცხოვრება, რომელთა უფროსი ვაჟი არმიაში გაიწვიეს და ასე ვთქვათ, ადგილი გაუთავისუფლდათ. ყოველ დილით ჟან-კლოდს ზიდანი ვარჯიშზე მიჰყავდა, ხოლო თვეში ერთხელ რკინიგზის ვაგზალზე, რათა ერთი ან ორი დასვენების დღე მშობლებთან ყოფილიყო. ეუბნებოდა მათ, რომ გულმოდგინედ ვარჯიშობს, ყველაფერი კარგად მიდის და ა.შ. ერთი სიტყვით, ამშვიდებდა.

alt

12 წლის იყო ზინედინი, როდესაც მამასთან ერთად „ველოდრომზე“ წავიდა ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალზე დასასწრებად, რომელშიც საფრანგეთის ნაკრებმა პლატინისა და დომერგის გოლებით „მამლები“ ფინალში გაიყვანა. მოხდა ისე, რომ ეს ორივე გოლი მას შემდეგ გავიდა, რაც შეცვლაზე „მონაკოს“ ფორვარდი ბრუნო ბელონი შევიდა. ფინალში მან გაუტანა მეორე გოლი ესპანელებს, ხოლო სამი წლის შემდეგ „კანში“ გადავიდა, სადაც 15 წლის ზიდანი დახვდა. ბელონი წვივსაფარების გარეშე თამაშობდა და ისეთი ტრავმა მიიღო, რომ წელიწადნახევარი ყავარჯნებით დადიოდა და 28 წლის ასაკში სულაც საფეხბურთო პენსიაზე მოუწია გასვლა. მისი მაგალითით ზიდანი დარწმუნდა, რომ მხოლოდ ტექნიკის იმედად ყოფნა არ შეიძლებოდა და ფიზიკური კონდიციების გაზრდაზე უნდა ეზრუნა.

ერთი წლის შემდეგ „კანმა“ ზიდანი საერთო საცხოვრებლით „დააკმაყოფილა“, რომელიც ცნობილი პლაჟ კრუაზეტიდან რამდენიმე კილომეტრზე მდებარეობდა და იქ სხვა ახლგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად უცხოეთიდან ჩასულლი სტუდენტებიც ცხოვრობდნენ. „კანის“ მწვრთნელი ჟან ფერნანდესი სტეფან მენიეს მიერ ზიდანზე გადაღებულ ფილმში ყვება, რომ დილის ვარჯიშის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელები კაფეებსა და კინოთეატრებში გაიკრიფებოდნენ ხოლმე, ზიდანი კი ნასადილევს მოედანზე ბრუნდებოდა, რამდენიმე ბურთს მოითხოვდა და მარტო ვარჯიშობდა. სკოლა მან მეხუთე კლასიდან მიატოვა, საუკეთესო მეგობრები მარსელში დატოვა და კანში გასართობს არ ეძებდა, მხოლოდ ფეხბურთი აინტერესებდა და როდესაც 17 წლის შესრულებამდე 3 თვე აკლდა, აცნობეს, რომ ფერნანდესს ძირითად გუნდთან ერთად „ნანტთან“ გასვლაზე სათამაშოდ მიჰყავს. მეორე ტაიმში ზიდანმა ნახევარმცველი მარტინესი შეცვალა, კარგადაც ითამაშა და ერთხელ ძელიც შეაზანზარა. მატჩის დასრულებისთანავე გასახდელში შეიტყო, რომ კლუბის პრეზიდენტმა ანა-მარი დიუპიუიმ მას ძირითადი გუნდის მოთამაშის ორმაგი პრემია გამოუწერა, 5 ათასი ფრანკი, რაც მის თვიურ ხელფასს 10-ჯერ აღემატებოდა.

მოხდა ისე, რომ მალე გუნდი გაძლიერდა. დაემატათ ნახევარმცველი, ევროპის ჩემპიონი ლუის ფერნანდესი და ზიდანი კვლავ მეორე გუნდში გადაისროლეს, რომელიც მეოთხე ლიგაში თამაშობდა. „მონპელიესთან“ შეხვედრაში ზიდანმა მცველს, ვინაც ფეხებში ჩაარტყა, მუშტი უთავაზა და მოედანი დაატოვებინეს. მეორე დილით „კანის“ ახალგაზრდული გუნდის მენეჯერის გი ლაკომბის კაბინეტში იჯდა და ლექცია ჩაუტარეს იმის შესახებ, რომ ასეთ რაღაცეებს უნდა შეეგუოს და ჩხუბზე არ უნდა გადავიდეს, რადგან მისი ტექნიკა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს იძულებულს ხდის იუხეშონ. იმ გაძევებისათვის ზიდანმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და რამდენიმე კვირა გუნდის გასახდელის დამლაგებლობაც მოუწია, მაგრამ არც შეგონებებს და არც სასჯელს მასზე არ უმოქმედია, რადგან „თუ დაგარტყამენ და ხელს არ შეუბრუნებ, მარსელში კაცად არ ჩაგთვლიან“, წერს ლაკომბი წიგნში: “ზიდანი – ღმერთი, რომელსაც სურდა ადამიანი ყოფილიყო”.

ძირითადი შემადგენლობის წევრად ზიდანი ბორო პრიმორაცის ხელში გახდა, რომელიც შემდეგ არსენ ვენგერის თანაშემწე იყო „არსენალში“. 1990 წლის 23 სექტემბერს ზიდანი მშობლიურ მარსელში ჩავიდა „ველოდრომზე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტ „ოლიმპიკთან“ გასაჯიბრებლად, რომლის რიგებში ენცო ფრანჩესკოლი თამაშობდა, ვის საპატივცემულოდ ზინედინმა თავის პირმშო ვაჟს მისი სახელი დაარქვა. ყველასათვის მოულოდნელად „კანმა“ 1:0 მოიგო. მოგვიანებით ზიდანმა შეიტყო, რომ მამამისი სტადიონზე მხოლოდ მატჩის ბოლოსღა მივიდა, რადგან სამსახურიდან თავი ვერ გაითავისუფლა.

ზემოთ ხსენებულ საერთო საცხოვრებელში ზიდანმა ვერონიკა ლენტისკო, მომავალი ბალერინა გაიცნო. უფრო სწორად, თავად გოგონამ იაქტიურა, რადგან ზინედინს მასთან მისვლა ეუხერხულებოდა. ერთ დილას, საუზმისას, ვერონიკა მის მაგიდას მიუჯდა საერთო საცხოვრებლის ბუფეტში და ზიზუმ როგორც იქნა შეძლო რაღაცნაირად მოეხერხებინა ვერონიკას „ნანტთან“ თამაშზე დაპატიჟება. გოგონა, რა თქმა უნდა, დათანხმდა და ლიგა 1-ში ზიდანის გატანილი პირველი გოლის მოწმე გახდა. „კანის“ ახალმა პრეზიდენტმა ალენ პედრეტიმ ამ მატჩის შემდეგ ზიდანს ახალი „რენო-კლიო“ აჩუქა. ეს იდეა მას ლუის ფერნანდესმა მიაწოდა, რომელმაც ნახა, რომ ზიზუ ყოველ დილით ბაზაზე ხალხით გაჭედილი ავტობუსით მოდიოდა ბაზაზე. რამდენიმე თვის შემდეგ ვერონიკამ და ზიზუმ ერთად ცხოვრება დაიწყეს და იმავე საერთო საცხოვრებლის უფრო დიდ ოთახშიც გადავიდნენ.

alt

„კანმა“ უეფას თასის საგზური კი მოიპოვა, მაგრამ ახალი სეზონი უხეიროდ დაიწყო, პრიმორაცი მოხსნეს, ზიდანი კი ჯარში გამოიძახეს და ორშაბათიდან ხუთშაბათამდე კანსა და პარიზის გარეუბან ჟუანვილს (იქ მსახურობდა) შორის მატარებლით მიმოდიოდა. „კანი“ ბოლოსწინა ადგილზე დაეშვა, ზიდანი კი თავის საყვარელ „მარსელში“ გადასვლაზე განაგრძობდა ოცნებას. კანის პრეზიდენტმა პედრეტიმ და „მარსელის“ ახალმა პატრონმა ბერნარ ტაპიმ მოილაპარაკეს და ზიდანი და ბოკშიჩი გაცვალეს. ზიზუ ჩავიდა მარსელში და მშობლიურ კლუბში დებიუტისათვის დაიწყო მზადება, მაგრამ ბოკშიჩის გადასვლა ჩაიშალა და ზიდანს „კანში“ დაბრუნება მოუხდა, რომელიც მეორე ლიგაში გავარდა. ზიდანი მოთმინებით ელოდა „მარსელში“ მიწვევას, მაგრამ მას კამერუნელი ომამ-ბიიკი ამჯობინეს. მალე ზიდანი, ორ თანაკლუბელთან, გერიტთან და დანიელთან ერთად „ბორდოში“ გაყიდეს. მან ამ კლუბთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და თვეში ხელფასად 6 ათასი ევრო დაუნიშნეს. ვერონიკამ ბალეტი მიატოვა და ბორდოში თან გაჰყვა.

ზიდანი თავიდანვე ვერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, რადგან მუხლში სეროზული სითხე უგროვდებოდა, მხოლოდ ნახევარი ტაიმი შეეძლო ეთამაშა. მთავარი მწვრთნელი როლან კურბისი ზიზუზე ზრუნავდა, რასაც ისიც განაპირობებდა, რომ ისიც მარსელის გარეუბანში გაზრდილი გახლდათ. არ აჩქარებდა, ნელ-ნელა აჩვევდა ძირითად შემადგენლობას, ხოლო როდესაც მუხლი სულ მოურჩა და ფორმაში შევიდა, გუნდის საკვანძო ნახევარმცველად აქცია. ზიდანმა საყოველთაო ყურადღება მიიქცია, ეროვნულ ნაკრებშიც იხმეს და პირველივე მატჩში, როდესაც იური ჯორკაეფის ნაცვლად შევიდა და სულ რაღაც ორ წუთში  დუბლით გამოიჩინა თავი.

სამაგიეროდ, კურბისის გადაყენების შემდეგ „ბორდოში“ დაეწყო პრობლემები. „სენტ ეტიენთან“ მატჩის დროს ზიდანს პოლონელმა სვერჩევსკიმ სახეში გაარტყა, მოედანზე დიდი ჩხუბი ატყდა. ზიდანს, როგორც არეულობის მოთავეს, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, თან ამ დროს პირმშო ენცო შეეძინათ, რომელსაც გახშირებული გულისცემა ჰქონდა და ბაროკამერაში მოათავსეს.

ზიდანს მხარში მისივე თანაგუნდელი კრისტოფ დიუგარი ედგა. ისინი ახალგაზრდულ ნაკრებში დაძმაკაცდნენ. არადა, ერთი შეხედვით განსხვავებულები იყვნენ. ზიდანი ჩუმი და ხათრიანი, კრისტოფი ხალისიანი და ხუმარა, მაგრამ ძალიან კი შეეწყვნენ ერთმანეთს. ბორდოს ცენტრში მათ კაფე „მხოლოდ აქ“ გახსნეს და გადაწყვიტეს 1996 წლის 24 მარტს იქ აღენიშნათ კრისტოფის 24 წლის იუბილე, მაგრამ სწორედ იმ დღეს ენცო დაიბადა და ზიზუ და კრისტოფი ვარჯიშიდან პირდაპირ სამშობიაროში გაქანდნენ.

„ბორდოში“ თავისი ბოლო სეზონი ზიდანმა მთავარი მწვრთნელის სლავოლიუბ მუსლინის ხელში დაიწყო. ინტერტოტოს თასიდან „ბორდომ“ უეფას თასზე გააღწია. იმ წლის გათამაშების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გოლი ზიდანმა „ბეტისს“ 30 მეტრიდან გაუტანა.

ფინალში გასული „ბორდო“, რომელსაც დისკვალიფიცირებული ზიდანი არ ჰყავდა,  მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდა. მანამდე მეოთხედფინალში „ბორდომ“ „მილანი“ გამოთიშა ამ ტურნირს. პირველი მატჩი „სან სიროზე“ როსონერიმ 2:0 მოიგო, მაგრამ ბორდოში 3:0 დამარცხდა. აქედან ორი ბურთი დიუგარის ანგარიშზეა და რამდენიმე თვეში ის „მილანმა“ იყიდა, ხოლო იქვე ახლოს ზიდანიც გაჩნდა. უფრო ზუსტად, ტურინში, რადგან ის „იუვენტუსმა“ 30 მილიონ ევროდ გამოისყიდა „ბორდოსაგან“. ეს ევრო 1996-ის წინ მოხდა. მანამდე, რამდენიმე დღის წინ,  ზიდანი ავარიაში მოხვდა, თავის ტვინის შერყევა მიიღო და ტრანსფერს მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე შუბლზე ორი მოზრდილი ნაიარევი აჩნდა. „ჩემი გადაყვანა „ბარსელონასაც“ სურდა, მაგრამ მე „იუვენტუსი“ ავირჩიე, რადგან იქ დიდიე დეშამი თამაშობდა და მისი დახმარების იმედი მქონდა“, – განმარტა მოგვიანებით ზიზუმ.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, „იუვეს“ ფიზმომზადების მწვრთნელის ჯანპიერო ვენტრონეს ხელში ზიდანის ფიზიკური კონდიციები საოცრად გაიზარდა და ნამდვილი ათლეტი გახდა. ორი წლის თავზე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზიდანმა დუბლი შეასრულა და მუნდიალი მოიგო, ხოლო 6 თვის შემდეგ „ოქროს ბურთი“ მიანიჭეს. მას ხშირად უყვარს გამეორება, რომ არა ვენტრონეს სამკვირიანი კურსი, რომლის დროსაც გული დღეში 2-ჯერ მისდიოდა, მისი შემდგომი კარიერა ასეთი წარმატებული ნამდვილად არ იქნებოდა.

ზიზუ თავის მეგობრებზე მზრუნველი კაცია. მაგალითად, მისი საყვარელი ტურინული რესტორნის „ანჯელინოსთან“ მზარეული რობერტო ფალვო საფრანგეთის ნაკრებში გადაიყვანა, ბავშვობის ძმაკაცი მალეკ კურანი, ვისთან ერთადაც „ტარტანზე“ ბურთს დასდევდა, მისი პირადი მძღოლია. როდესაც „იუვენტუსში“ გადასული ზიდანი კრისტიან ვიერის დატოვებულ უზარმაზარ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად, მას ჩააკითხა კანის საერთო საცხოვრებლის ნამეზობლარმა დავიდ ბეტონიმ, რათა ზიზუს და მის ოჯახს  იტალიური ენის შესწავლასა და ყოფითი პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა, თან 6 წელიწადი იტალიის დაბალ ლიგებში თამაშობდა, ახლა კი მადრიდის „რეალში“ ზიდანის თანაშემწეა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო