11 X 11
სპორტული პორტალი

“რეალისა” და “მილანის” ფეხბურთელი, რომელმაც 12 ქვეყნის 17 კლუბში ითამაშა, მაგრამ სამშობლოში არასდროს

0
თავიდან იმაში გავერკვეთ თუ რომელ ჟულიო სეზარზე გვაქვს საუბარი. ის არც მეკარე ჟულიო სეზარია „ინტერთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო და არც ის მცველი, იგივე ტურნირში გამარჯვება 1997 წელს „დორტმუნდთან“ ერთად რომ იზეიმა და არც ის თავდამსხმელი იური სიომინის გაწვრთნილ „ლოკომოტივს“ ჩემპიონთა ლიგაზე ულამაზესი გოლი რომ შეუგდო.ეს სულ სხვა ჟულიო სეზარია. ესეც ბრაზილიელი. 70-იან წლებში სან-ლუისში დაბადებული, ამაზონის ნაპირებზე, შტატ პარაში 10 წელი რომ იცხოვრა, სადაც მხოლოდ ეზოებში თამაშობდა და საფეხბურთო სკოლა არ გაუვლია, ან როგორ გაივლიდა, როდესაც იქ არ არსებობდა. ოღონდ, ქალაქს მოზრდილთა გუნდი კი ჰყავდა, ბავშვებისთვის მხოლოდ ქუჩა იყო.ერთხელაც პარას შტატში იტალიური წარმოშობის მექსიკელი ბიზნესმენი ჯუზეპე რუბულეტა ჩავიდა, რომელსაც საფეხბურთო აგენტთა ქსელი ჰქონდა გამართული იტალიიდან ურუგვაიმდე , თან შეთავსებით მექსიკური კლუბის „ამერიკას“ ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა. რობულეტას ბრაზილიის ჩრდილოეთში ჩასვლის მიზანი რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის პოვნა გახლდათ, რომლებსაც უფასოდ წაიყვანდა. მათ შორის მოხვდა 15 წლის ჟულიო სეზარიც, რომელსაც საშუალება მიეცა ფეხბურთში პროფესიულ დონეზე ევარჯიშა.ორი წლის შემდეგ რობულეტამ ჟულიო სეზარი ჰონდურასის „მარათონში“ ჩაარიცხინა. მართალია, ეს გუნდი ორჯერ იყო ქვეყნის ჩემპიონი, მაგრამ 90-იანი წლების შუახანებში საკმაოდ უსახური კოლექტივი გახლდათ, ღუმცა სათამაშო პრაქტიკის მიღება კი შეიძლებოდა. ჰოდა, ერთი წლის თავზე რობულეტამ მისთვის მიცემული პირობა შეასრულა და ევროპული, ესპანური ვარიანტი გაუკეთა – „ვალიადოლიდში“ გადაიყვანა.ჟულიო სეზარის გუნდში მისვლის წინ „ვალიადოლიდის“ შეფმა მარკოს ფერნანდესმა რაფა ბენიტესი მთავარი მწვრთნელობიდან გადააყენა, რომლის ხელში გუნდმა 23 მატჩიდან სულ 2 მოიგო და მის ადგილას ვისენტე კანტატორე დანიშნა, რომელსაც ჰონდურასიდან ჩასული 18 წლის ბრაზილიელი მცველი თვალში მოუვიდა. თან იმ პერიოდში ივან კამპო უკან, „ვალენსიაში“ დაბრუნდა და ცენტრალური მცველის ვაკანსია გაჩნდა. პირველი მატჩი ჟულიო სეზარმა მადრიდში, „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ ითამაშა, რომელშიც სტუმრებმა 2:1 გაიმარჯვეს.ის სეზონი საკმაოდ კარგად ითამაშა, ორი გოლიც კი გაიტანა და პრიმერას  ყველაზე პერსპექტიული მცველის რეპუტაცია მოიპოვა. თავად გუნდი, რომელიც წინა სეზონში კინაღამ სეგუნდაში გავარდა, მეშვიდე ადგილზე გავიდა და უეფას თასის საგზური ირგუნა. ჟულიო სეზარმა ახალი პირადი აგენტი რაფაელ ანგიტა დაიქირავა, რომელიც მის თავს დიდ კლუბებს თავაზობდა.მომდევნო ესპანური სეზონი სტრესული გამოდგა. „ვალიადოლიდი“ უხეიროდ თამაშობდა, ბოლოსწინა ადგილზე დაეშვა, ჟულიომაც ძირითადში ადგილი დაკარგა, კანტატორე მოხსნეს და სერხიო კრეშიჩი მიიყვანეს. იანვარში კლუბის პრეზიდენტი მარკოს ფერნანდესი გარდაიცვალა და პოსტზე მისმა შვილმა მარკოს-უმცროსმა შეცვალა. სიტუაცია ცოტა გამოსწორდა, ჟულიო სეზარმა შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა და შემდეგი სეზონი ისე კარგად ითამაშა, რომ თვით ლუი ვან გაალს მოაწონა თავი.თუმცა, ისე მოხდა, რომ მის ნაცვლად „ბარსელონამ“ ფრედერიკ დეიუ აიყვანა, ხოლო ჟულიო სეზარი მადრიდის „რეალმა“ იყიდა, რომელსაც ჯონ ტოშაკი წვრთნიდა. სხვათა შორის, ჟულიო სეზარში სამეფო კლუბმა „ვალიადოლიდს“ საკმაოდ დიდი თანხა 250 მილიონი პესეტი გადაუხადა. ტოშაკი ძალიან ენდობოდა ჟულიოს, დაცვის ცენტრში ფერნანდო იეროსთან წყვილში ათამაშებდა და თადარიგში მანოლო სანჩისს, აიტორ კარანკასა და ივან ელგერას ტოვებდა. სეზონი მშვენივრად კი დაიწყო, მაგრამ შემდეგ „რეალს“ 12-მატჩიანი ფრეების სერია დაეწყო და მთავარ მწვრთნელად ვისენტე დელ ბოსკე დაინიშნა. გუნდი მხოლოდ მე-17 ადგილზე იმყოფებოდა. ყველაზე სამარცხვინო კი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „სარაგოსასთან“ 1:5 დამარცხება იყო, რომელშიც დიდი წვლილი ჟულიო სეზარმა და კარანკამ „შეიტანეს“. ჟულიოსთან ერთად ძირითადი შემადგენლობიდან მეკარე ალბანო ბიძარიც გაიყვანეს და შემდეგ მატჩში „რეალის“ კარში 18 წლის იკერ კასილიასი ჩადგა. ჟულიო სეზარი იგონებს:„იკერს მაშინ მართვის მოწმობა არ ჰქონდა და ვარჯიშებზე ავტობუსით მოდიოდა, რის გამოც ყველანი სიცილით ვიფხრიწებოდით, რადგან წარმოუდგენელი იყო „რეალის“ ფეხბურთელს მანქანა არ ჰყოლოდა.”ზამთარში ჟულიო სეზარმა მხარი ამოიგდო, რის მკურნალობას სამი თვე დასჭირდა. ამასობაში „რეალი“ პრიმერაში მეორე ადგილზე ავიდა და თან  ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. გუნდის დაცვაში კარგად იდგნენ ივან კამპო, ივან ელგერა და აიტორ კარანკა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „რეალმა“ პირველი ტაიმი 3:0 მოუგო „მანჩესტერს“, მაგრამ მეორეში ორი გოლი გაუშვა და დელ ბოსკემ მოგების შესანარჩუნებლად დაცვა გააძლიერა, სტივ მაკნამანის ნაცვლად ჟულიო სეზარი შეუშვა და კარგადაც ითამაშა. ერთ მომენტში ჩაწოდებულ ბურთზე ტედი შერინგემზე ნახევარი მეტრით მაღლა ახტა და ინგლისელს გოლი არ გაატანინა. ნახევარფინალის განმეორებით მატჩში „ბაიერნთან“ ჟულიო სეზარმა დისკვალიფიცირებული კარანკა შეცვალა და ორი საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ჯერ ჯოვანი ელბერი გაექცა, რომელმაც კარსტენ იანკერს გაატანინა, შემდეგ კი ცოცხალ კედელში მდგარმა, იმავე ელბერის დარტყმულ ჯარიმას თავი სათანადოდ ვერ დაუხვედრა. და მაინც, ფინალში „რეალი“ გავიდა, რომელმაც იქ „ვალენსიას“ შანსი არ დაუტოვა, 3:0 მოუგო. იმ საღამოს სამეფო გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასით ჟულიო სეზარიც დარბოდა და ზეიმობდა  „სტად დე ფრანსის“ გაზონზე და მას შემდეგ „რეალში“ ერთი მატჩიც აღარ უთამაშია.იმ ზაფხულს კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა არა მარტო ლუიშ ფიგუ იყიდა და ფერნანდო რედონდო გაყიდა“მილანში“ არამედ როსონერის ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისთანაც დაამყარა საქმიანი ურთიერთობა. იმ პერიოდში „მილანს“ დაცვაში ძალიან უჭირდა და ოქტომბრის ბოლოს „რეალმა“ ჟულიო სეზარი არენდით „მილანში“ გაუშვა. „ატალანტასთან“ საშინაო მატჩში მთავარმა მწვრთნელმა ალბერტო ძაკერონიმ ჟულიო სეზარი დაცვის ცენტრში ტრავმირებული კოსტაკურტას ნაცვლად დააყენა, მაგრამ რად გინდა? ახალწვეულმა, შამოტისთან და მალდინისთან ერთად პირველ ტაიმში სამი გოლი გაუშვა. მათგან ორი აშკარად ჟულიო სეზარის ბრალით გავიდა.მართალია, როსონერიმ შეძლო მატჩის ფრედ დასრულება, მაგრამ ბრაზილიელმა მცველმა აშკარად ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება, რომელსაც ძალიანაც მოსწონდა კომფორტული ბაზა „მილანელო“, ძაკერონის ტაქტიკური მეცადინეობები, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ ოთხი მატჩიღა ითამაშა „მილანში“. სხვათა შორის, მისი ბოლო თამაში ამ გუნდში პირველის მსგავსად, იმავე „ატალანტასთან“, ამჯერად სათასო, წაგებული შეხვედრა გამოდგა.ზამთარში „მილანმა“ კიევის „დინამოდან“ კახა კალაძე იყიდა, ჟულიო სეზარი კი ჯონ ტოშაკთან წავიდა, რომელმაც იმ ხანად „რეალ სოსიედადი“ ჩაიბარა. ესპანეთში მას მეუღლე და ორი თვის ვაჟიშვილი ელოდებოდნენ.ჯონ ტოშაკმა „რეალ სოსიედადში“ ხაბი ალონსოს მამა შეცვალა. გუნდი უიმედო აუტსაიდერი ჩანდა. ტოშაკმა ჟულიო სეზარის გარდა, შემადგენლობა გიორგი დემეტრაძით, იანკაუსკასით და „ეიბარიდან“ დაბრუნებული ხაბი ალონსოთი გააძლიერა და მე-13 ადგილამდე აიყვანა და გავარდნას გადაარჩინა. თავიდან ჟულიო სეზარს თამაში არ წაუვიდა, მაგრამ შემდეგ ფორმა აკრიფა და საიმედოდ ასპარეზობდა.შემდეგ იყო „ბენფიკა“, რომელიც ხელფასის ნახევარს „რეალთან“ ერთად უხდიდა. მთავარი მწვრთნელი ტონი ოლივეირა მას ენდობოდა, მაგრამ ჟეზუალდო ფერეირას მისვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, დაცვის ხაზი სრულიად ახალი ფეხბურთელებით დააკომპლექტა და ჟულიო სეზარსა და მის აგენტს კვლავ ახალი გუნდის ძებნა მოუხდათ, მიუხედავად იმისა, რომ არენდა ორწლიანი გახლდათ.ჟულიო სეზარი ავსტრიის ჩემპიონიცაა. კრისტოფ დაუმის ხელმძღვანელობით იქ წარმატებულად ითამაშა და ვენურ დერბიში „რაპიდს“ გოლიც კი გაუტანა.შემდეგ ისევ „ვალიადოლიდში“ დაბრუნდა, სადაც დაცვის ცენტრში მისი მეწყვილე ვეტერანი ლუის კამინერო გახლდათ, ხოლო კარში მისი ძველი ნაცნობი ბიძარი იდგა. სწორედ ამ ტრიოს დაატყდა თავს „ბერნაბეუს სირცხვილი“, როდესაც 2:7 წააგეს. აქ მხოლოდ ჩვენს გმირზე ვთქვათ, რომელმაც მეტად ეფექტური თავური ავტოგოლით გახსნა ანგარიში. „ვილიარეალთან“ მეტად მნიშვნელოვან მატჩში კი მოედნიდან გააძევეს… ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ იმ წელს სეგუნდაში გავარდნენ.ივან კამპოს პროტექციით „ბოლოტონმა“ აიყვანა. „რეალთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი ამოიწურა და ინგლისში თავისუფალ აგენტად გადავიდა. სემ ელერდაისი მას წყვილში ყოფილ „მილანელ“ ბრუნო ნ’გოტისთან აყენებდა, მაგრამ შემდეგ ტუნისელი რადჰი ჟაიდი ამჯობინა  და ჟულიო სეზარს მხოლოდ სათასო მატჩებში ათამაშებდა. ერთი წლის შემდეგ ჟულიო სეზარი მექსიკურ „ტიგრესს“ 2.5 მილიონ ფუნტად მიყიდეს. მოგვიანებით გაირკვა რომ მისი ინგლისში გადასვლა სემ ელერდაისისა და მისი შვილის, საფეხბურთო აგენტ კრეიგის არცთუ უანგარო საქციელი გახლდათ.ჟულიო სეზარს მექსიკაში მეორე სუნთქვა გაეხსნა, სამი გოლიც კი გაიტანა, მაგრამ სეზონის მეორე ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა და ზაფხულში  ბერძნულ „ოლიმპიაკოსში“ გადავიდა, რომლის მფლობელი მილიარდელი სოკრატის კოკალისი გახლავთ. იქ მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ჩავიდა და ორი წელიწადი დაჰყო. ორჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა, თერთმეტი გოლი გაიტანა. ამათგან ერთი „ოლიმპიკოზე“  „რომას“, ხოლო მეორე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალს“ შეუგდო. მოუწია პარტნიორობა რივალდოსთან და ნერი კასტილიოსთან და თუნდაც ამიტომ უღირდა საბერძნეთში თამაში.2008 წლის ზაფხულში ჟულიო სეზარი პირველად სერიოზულად დაფიქრდა სამშობლოში ეთამაშა. ის სან-პაულუში ჩაფრინდა და „სანტოსთან“ გამართა მოლაპარაკება. პირობები ყველანაირად დამაკმაყოფილებელი გახლდათ და კლუბის პრეზიდენტთან ერთად „ატლეტიკო პარაენსესთან“ მატჩზე დასაწრებად წავიდა. „სანტოსმა“ 1:3 წააგო და მოწმე გახდა თუ რა აგრესიით ემუქრებოდა ტორსიდა მის გვერდით მჯდომ „სანტოსის“ პრეზიდენტს და მოკვლით ემუქრებოდა. ჟულიო სეზარს ძალიან არ მოეწონა ასეთი სიტუაცია და იმავე საღამოს მადრიდში გაფრინდა.შემდეგი გაჩერება ბუქარესტი გახლდათ. ბუქარესტის „დინამომ“, რომელმაც გაძლიერება გადაწყვიტა, რამდენიმე ტრანსფერი გაჩარხა, მაგრამ უეცრად ფინანსური კრიზისი დაიწყო და კლუბი გაკოტრების პირას დადგა. ჟულიო სეზარს ხელფასს არ უხდიდნენ, გაფიცვას აცხადებდა, ანტალიაში ზამთრის შეკრებაზე არ ჩავიდა და გროზნოს „“ტერეკში“ გაყიდვა შესთავაზეს, მაგრამ ეს ვარიანტი ჩაიშალა და რობერტო კარლოსის რჩევით, თურქეთში გადავიდა.„გაზიანთებში“ ისე რა თამაშობდა, თურქეთის დონეზე ნორმალურად და მეორე სეზონში გუნდში მეორე ჟულიო სეზარი, ბრაზილიელი თავდამსხმელიც მივიდა… იქ თამაშისას კი თავი 2 ავტოგოლით გამოიჩინა, თუმცა მეორე სეზონიც იქ გაატარა, არა და იტალური წყაროები წედნენ, რომ მისი აყვანა “ფლამენგოსა” და მოსკოვის “სპარტაკს” უნდოდა. “გაზიანთებში” თამაშისას კი ფეხი მოიტეხა და კარგი ვარიანტებიც წარსულ ჩაბარდა.ამ თურქული გუნდის შემდეგ ჟულიოს მსურველი მხოლოდ „ბაკუ“ იყო, თითქოს კონტრაქტიც შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ „მარიტიმუს“ ვარიანტი გამოუჩნდა, ჩავიდა კიდეც პორტუგალიაში, მაგრამ არ უთამაშია. 2011 წლის გაზაფხულზე „კანზას სიტიში“ გადავიდა, სადაც მწვრთნელმა პიტერ ვერმესმა საყრდენ ნახევარმცველად დააყენა და აღმოჩნდა, რომ ამ პოზიციაზე მშვენივრად შეეძლო გარჯა, „კანზასმა“ US Open Cup-ი მოიგო და შემდეგ „ტორონტოში“ კი გადავიდა, მაგრამ ორ თვეში გუნდიდან გარიცხეს და ჟულიო სეზარი კარიერის დასასრულებლად იმავე ქვეყანაში, ჰონდურასში გაემგზავრა, სადაც  დაიწყო, „პარილიასში“ ჩაირიცხა და …  გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა.ამრიგად, კარიერის ოც წელიწადში 12 ქვეყნის 17 კლუბი მოიარა და ჟულიო სეზარს ბრაზილიურ გუნდში ერთი წუთითაც არ უთამაშია.ახლა მას სამი შვილი ჰყავს და ორი სახლი აქვს. ოჯახი მადრიდში ცხოვრობს, ხოლო ბრაზილიაში, ბელემში სახლთ ან ერთადსპორტული ცენტრი Spaceball-ი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ გახსნა, რათა ბრაზილიის ჩრდილოეთში მცხოვრებ ნიჭიერ ბავშვებს შეეძლოთ კარგ პირობებში ვარჯიში და მასსავით არ მოუწიოთ მექსიკაში ან ჰონდურასში წასვლა.წყარო: Tribuna
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო