11 X 11
სპორტული პორტალი

გაგარინის სახელობის ფაბრიკის გუნდიდან ვაშინგტონის სასამართლომდე – სტოიჩკოვის თავბრუდამხვევი ისტორია

0
ოცი წლის ასაკამდე ფეხბურთელ ხრისტო სტოიჩკოვს ორჯერ დაუსვეს ჯვარი, მაგრამ მოახერხა და ბულგარეთს თავი დააღწია, „ბარსელონასთან“ ერთად პირველად მოიგო ჩემპიონთა თასი და „ოქროს ბურთიც“ მიიღო. ფეხბურთელის  კარიერის დასრულების შემდეგ ხრისტო წარმატებული მწვრთნელი ვერ გახდა, მაგრამ მაიამის ესპანურენოვანი ტელევიზიის საფეხბურთო კომენტატორად კი ივარგა.8 თებერვალს ხრისტო სტოიჩკოვს 55 წელი შეუსრულდა. 

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და საქარხნო პირველობა

 დილაობით საწოლში დიდხანს ნებივრობა უყვარდა, მაგრამ 1994 წლის 6 დეკემბრის დილას საძინებელში მისმა ცოლმა მარიანამ შეირბინა: „არანტა სანჩეს-ვიკარიო (მსოფლიოს პირველი ჩოგანი) რეკავს. ამბობს, რომ შენ „ფრანს ფუტბოლის“ ჟურნალისტები გეძებენ“.ხრისტომ ყურმილი აიღო და აი, თავხედები! ინტერვიუ და ფოტოსესია უნდათ, თანაც ახლავე. ეტყობა, ამიტომ იშუამდგმლეს არანტასგან, რადგან იცოდნენ ხრისტო უახლოეს მეგობარს  უარს ვერ ეტყოდა. ასეც მოხდა, ოღონდ ლაყაფი და სურათების გადაღება მხოლოდ ვარჯიშის შემდეგ. ხრისტოს ვარჯიშზე დაგვიანება და მთავარი მწვრთნელის იოჰან კრუიფის გაბრაზება ნამდვილად არ უნდოდა.რამდენიმე საათის შემდეგ ჟურნალისტი სტეფან სენ-რაიმონი სტოიჩკოვს „კამპ ნოუს“ შესასვლელთან დახვდა, რომელმაც უკმაყოფილო სახით მოთხოვა ფრანგს საქმე დაეჩქარებინათ.ხრისტო ხუთვარსკვლავან სასტუმრო „ხუან კარლოს I“-ს ნომერში მიაცილეს. მალე არანჩაც მივიდა. დაიწყო რაღაც საშუალო წვეულებასა და ფოტოსესიას შორის. ერთი საათის შემდეგ სენ რაიმონმა ხრისტო გვერდით ოთახში გაიყვანა და წითელი ჩანთიდან „ოქროს ბურთი“ ამოიღო.„აბა, ახლა, ასეთები არ გვინდა. ძალიან კარგად გიცნობთ, მაგასთან სურათს არ გადავიღებ. ხომ ვიცი, გუშინ ბაჯო გადაიღეთ, გუშინწინ კიდევ მალდინი …“ – „არა, ხრისტო, ეს ფოტო რომ არ გადავიღო, სამსახურიდან გამაგდებენ“. სტოიჩკოვმა ეს სანუკვარი პრიზი ხელში აიღო და მხოლოდ მაშინ დარწმუნდა, რომ ეს პრეტენდენტის ფოტოსათვის არ იყო გამიზნული, რადგან მასზე მისი სახელი და გვარი გახლდათ ამოტვიფრული. 
 
View this post on Instagram
 

A post shared by @tuttosport85

პრიზს აკოცა და თვალები ცრემლებით აევსო. ზუსტად ისე, როგორც 14 წლის წინათ, როდესაც პლოვდივის „მარიცას“ მწვრთნელ რადი სტეფანოვისაგან მოისმინა: „არ გამოდგები შენ ფეხბურთელად და თუ მაინც გინდა, სხვა გუნდი მოძებნე“.იმის გამო, რომ ხრისტო ცუდ გზას არ დადგომოდა, მშობლებმა ნაცნობ მსაჯს ატანას უზუნოვს თხოვეს დახმარება. მან კი პლოვდივის იური გაგარინის სახელობის თამბაქოს ფაბრიკის გუნდში მოაწყო. პარალელურად ელექტროტექნიკურ ტექნიკმში ჩაირიცხა და პირველი ნამდვილი ბუცებიც მისცეს, შავი, ოთხი თეთრი ზოლით და ქარხნის პირველობაზე 40 წლის კაცებთან ერთად თამაშობდა.„ბარსელონაში“ გადასვლამდე 10 წელიწადი იყო დარჩენილი.

ათამაშეთ ეს თავხედი!

 „ბარსამდე“ ხუთი წლით ადრე კი ბულგარეთში სამუდამო დისკვალიფიკაციას გამოჰკრა ხელი. იმავე უზუნოვის რეკომენდაციით მესამე ლიგის „ებროსში“ დაიწყო თამაში, მიიწვიეს ახალგაზრდულ ნაკრებში და ბოლოს სოფიის ცსკა-ში. სხვათა შორის, დედაქალაქში არმიელთა მთავარი კონკურენტის „ლევსკის“ ავტობუსით ჩავიდა, რომელმაც „ებროსთან“ ბულგარეთის თასის მატჩი ითამაშა.პირველივე დღეს ახალწვეულმა სტოიჩკოვმა გასახდელში გუნდის კაპიტნის დიმიტროვის ადგილი დაუფიქრებლად დაიკავა, მეორე ვარსკვლავის ველინოვის ხალათი მოიცვა და ურიგოდ შევიდა საშხაპეში. შემდეგ კი სრულიად გამიზნულად თავდამსხმელ სტოიჩო მლადენოვს, რომელმაც მისი ბუცების გარეცხვა მოსთხოვა, მიუგო – სიამოვნებით, ოღონდ ჯერ შენ ჩემები გარეცხეო. „ყოჩაღ, ბიჭო! მომწონს შენისთანა თამამები, – გაეღიმა მლადენოვს, ხრისტოს ყური აუწია და უთხრა, რომ დღეიდან მეგობრები არიან.მოგვიანებით მლადენოვი და დიმიტროვი ურჩევდნენ ხრისტოს, რომ არასოდეს შეგუებოდა უფროსებისაგან დაჩაგვრას და ვარჯიშებზეც კი არაფერი დაეთმო მათთვის. ხრისტოს ეს ხელს აძლევდა და ხშირად წვრთნისას გაისმოდა გუნდის თავკაცის მანოლოვის ყვირილი: აცადეთ ამ გიჟს თამაში, თორემ ვიღაცას ფეხებს მოგამტვრევთ“.1985 წლის თებერვლიდან ხრისტო ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდა და „ლევსკისთან“ თასის ფინალშიც სასტარტოში იყო. პირველი ტაიმის ბოლოსკენ მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. ცსკა 2:0-ით იყო დაწინაურებული და ერთ მომენტში „ლევსკის“ ნახევარმცველი სპასოვი არმიელ იანჩევს ყელში წვდა და გაექაჩა. სტოიჩკოვმა მას ხელი ჰკრა და ატყდა გამიშვი-დამიჭირე, რომელიც ჯგუფურ ჩხუბში გადაიზარდა.სამი დღის შემდეგ 19 წლის  ხრისტო კაფეში იჯდა მეგობრებთან ერთად, როდესაც შეიტყო, რომ სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს. სექტემბერში, იმ სამხედრო ნაწილში, სადაც გაამწესეს, ხრისტოს უშუალო უფროსად ერთი კაპიტანი დანიშნეს, რომელიც გენერალივით იქცეოდა. ხრისტოს შეცვლილი გვარ-სახელით დაბალი ლიგის გუნდში ათამაშებდა. ასე კი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, ხრისტო და მისი „გენერალ-კაპიტანი“ ჩაუშვეს. შესამოწმებლად სოფიიდან ინსპექტორები ჩავიდნენ. თამაში სტარა-ზაგორაში იყო და ეს ამბავი მატჩის დასრულებამდე ათი წუთით  ადრე შეიტყვეს. ხრისტო სასწრაფოდ შეცვალეს და მეთაურის ჯიპით ნაწილში გააქანეს, სადაც ხრისტომ სამხედრო მუნდირი გადაიცვა და ავტომატი ჩაბღუჯა. შემმოწმებლებმა სტადიონზე რომ ვერ ნახეს, სამხედრო ნაწილში მივიდნენ. მათთან საუბარში ხრისტომ ძალიან „გაიკვირვა“, რა სტანკოვი, რის სტანკოვი, რა ფეხბურთი, მე ხომ დისკვალიფიკაცია მაქვსო და თავი დაანებეს.ამ „მშვენიერი სცენის“ გათამაშებისთვის სტოიჩკოვი დააწინაურეს, პურის დამჭრელად გადაიყვანეს.„ოქროს ბურთამდე“ 10 წელიწადი იყო დარჩენილი. 
 
View this post on Instagram
 

A post shared by @tuttosport85

კრუიფის გაცნობა და მოლაპარაკებები გენერლებთან

1986 წლის თებერვალში თავდაცვის მინისტრმა ჯუროვმა და ადმირალმა დობრევმა ბულგარეთის მმართველის ჟივკოვის თანხმობით სტოიჩკოვის ამნისტიას მიაღწიეს და 8-თვიანი უქმობის შემდეგ ცსკა-ში დაბრუნდა. ზაფხულში უკვე გუნდის უპირობო ლიდერი გახდა, რადგან ვეტერანთა ნაწილი საზღვარგარეთულ კლუბებში გადავიდნენ. სტოიჩკოვი კარგად შეეწყო თავდამსხმელებს, კოსტადინოვსა და პენევს, ფინანსურადაც მოძლიერდა და ახალი ტელევიზორის საყიდლად უნივერმაღში მისულმა თავისი მომავალი მეუღლეც გაიცნო.მეორე სასარგებლო ნაცნობობა 1989 წლის ზაფხულში მოხდა. „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს იოჰან კრუიფს ძალიან მოეწონა თასების თასზე სტოიჩკოვის თამაში და აგენტ ხოსეპ მინგელიას თხოვა ყველა ღონე ეხმარა სტოიჩკოვის კომუნისტური ბულგარეთიდან დასახსნელად. მინგალიამ კარგად იცოდა, რომ მხოლოდ ფულით ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას, რადგან „პანათინაიკოსის“ მფლობელმა ვარდინოიანისმა 7 მილიონ დოლარადაც ვერ შეძლო მისი ყიდვა და ამიტომ პირველ რიგში ცსკა პალმა-დე-მალიორკის ტურნირზე მიიწვია.იქ ხრისტომ სიცხის გამო უძილობა მოიმიზეზა, მთავარ მწვრთნელს დიმიტარ პენევს დაეთხოვა, გავისეირნებო. იქვე ქუჩის შესახვევთან მანქანა ელოდებოდა და ერთ არაფრით გამორჩეულ ბისტროში მიიყვანა, სადაც იოჰან კრუიფი ელოდათ. კრუიფს პლაჟიდან სასადილოდ შერბენილ დამსვენებელივით ეცვა. დიდმა იოჰანმა უთხრა, რომ უმისოდ თავისი ოცნების „ბარსა“ ვერ წარმოუდგენია და მომავალ, 1990 წელს ელოდება ბლაუგრანაში, რადგან ბრაზილიელი მცველი ალოიზიო გუნდიდან მიდის და ლეგიონერთა სამი ლიმიტიდან ერთი თავისუფლდება.შემდეგი 6 თვის მანძილზე მინგელია ყოველ თვე ჩადიოდა სოფიაში და ბულგარელ გენერლებს სტოიჩკოვის გაშვებას თხოვდა. თავდაცვის მინისტრი ჯუროვი ჯიუტობდა, რადგან უკვე „ვალენსიაში“ გაყიდული ჰყავდათ ლიუბო პენევი (გუნდის მთავარი მწვრთნელის ძმისშვილი) და გვეყოფაო. გაწბილებული სტოიჩკოვი ქვეყნიდან გაქცევის გეგმას აწყობდა და აპირებდა უნგრეთის გზით გაეღწია ესპანეთში, მაგრამ ეს აღარ დასჭირდა, რადგან „ბარსელონამ“ 4 მილიონი დოლარი გაიღო და გარიგებაც შედგა. ისე, ეს საქმე გაჯანჯლდებოდა, მაგრამ მოუსწროთ ბულგარეთში კომუნისტური რეჟიმის დამხობამ და ხრისტო „ბარსელონელი“ გახდა. 
 
View this post on Instagram
 

A post shared by @tuttosport85

გარიგებაზე უარის თქმა და თავდასხმა მსაჯზე

 ცსკა-ში თავისი უკანასკნელი მატჩის ჩატარებისას ხრისტო ერთი გოლით ჩამორჩებოდა „რეალის“ მექსიკელ თავდამსხმელს უგო სანჩესს, მთავარ კონკურენტს ევროპის საუკეთესო ბომბარდირის პრიზისათვის ბრძოლაში. „მატჩამდე ორი დღით ადრე გამომიგზავნეს ფეხბურთში მოტრიალე ერთი კაცი, რომელსაც ახლოს ვიცნობდი, ასეთი წინადადებით, რომ მე ორ გოლს გამატანინებდნენ, მაგრამ მატჩი „სლავიას“ უნდა მოეგო, რითაც ისინი მეორე ადგილს გაინაღდებდნენ. იმ მატჩს „ბარსას“ ხელმძღვანელები უნდა დასწრებოდნენ, რათა კონტრაქტი გაეფორმებინათ. უარი ვუთხარი, რადგან „ბარსელონა“ ფულს ფეხბურთელში იხდიდა და არა ყალთაბანდში“.ხრისტომ იმ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და „ოქროს ბუცი“ ორივეს, სანჩესს და სტოიჩკოვს გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიალზე ხრისტო უგოს და მის საცოლე იზაბელს დაუმეგობრდა, მაგრამ ორგანიზატორებს კი წაეჩხუბა, რადგან ცერემონიალის მაუწყებელ ბანერებზე სტოიჩკოვი უფრო პატარად იყო გამოსახული, ვიდრე სანჩესი და გაბრაზებული, მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქ ბონიდან წასვლასაც აპირებდა, მაგრამ დიდი ბოდიშებით დაიყოლიეს და დარჩა.სანჩესთან მის მოედანზე შეხვედრასაც სკანდალი მოჰყვა. შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე „რეალის“ მცველმა ჩენდომ „ბარსელონას“ სათადარიგოთა სკამის სიახლოვეს ხრისტო წააქცია. აღშფოთებული კრუიფი წამოხტა და ხელების ქნევით მსაჯისგან ყვითელ ბარათს ითხოვდა, მაგრამ ის თავად მიიღო, რამაც გააწიწმატა და სულაც წითელი ბარათი „ააფარეს“.  თავის მზრუნველი მწვრთნელის ასეთი დასჯა ხრისტომ ვერ აიტანა და მსაჯს ასპიტარტეს ბულგარულად სულ მკვდარი და ცოცხალი ამოუტრიალა, პანღური გადაიფიქრა და ბუცი მხოლოდ ქუსლზე წაჰკრა, რის გამოც მასაც წითელი „აუნთეს“.„ასეა ჩემო ხრისტო, ცხოვრებაში ყველაფრისთვის ფასის გადახდა გვიწევს, – უთხრა გასახდელში იოჰანმა. – ყველაზე ძვირად კი საკუთარი შეცდომები გვიჯდება“. „ – მაგას ჩემზე ამბობთ თუ საკუთარ თავზე?“ – ირონიულად გაუღიმა ხრისტომ, რის გამოც მწვრთნელისაგან ხუმრობით მსუბუქი ჭიტლაყი მიიღო. სტოიჩკოვმა ჯერ არ იცოდა, მომხდარის გამო რომ ნახევარწლიან დისკვალიფიკაციას მიიღებდა.

კონტრაქტი პსჟ-სთან და გადაფიქრება

 ეს დისკვალიფიკაცია სტოიჩკოვს ორ თვემდე მას შემდეგ შეუმცირეს, რაც „მარკას“ რედაქციაში ის და მსაჯი ასპიტარტე ერთმანეთს შეახვედრეს. ხრისტომ მას ბოდიში მოუხადა, მანაც მიიღო და განაცხადა, რომ მოედანზე სტოიჩკოვი დემონია, ცხოვრებაში კი ანგელოზი. შეწყალებულმა სტოიჩკოვმა კიევის „დინამოს“ და „იუვენტუსს“ თასების თასზე გადამწყვეტი გოლები გაუტანა, მაგრამ ბარძაყის ტრავმის გამო ფინალის გამტოვება მოუხდა და „ბარსამ“ „მანჩესტერთან“ წააგო.შემდეგ გაზაფხულზე ხრისტო ძალიან შედეგიანად თამაშობდა ჩემპიონთა თასზე. თუმცა, მოხდა ისე, რომ კრუიფმა მეოთხე ლეგიონერი, რიჰარდ ვიჩგე აიყვანა, რომელიც ხშირად ცვლიდა ხოლმე ხრისტოს, რის გამოც ბრაზობდა. ამასთან, აღარც ხელფასი აკმაყოფილებდა და მართალიც იყო – მასზე მცირე გუნდში მხოლოდ ორ სათადარიგო ფეხბურთელს ჰქონდა.ამიტომ ადგა და პსჟ-სთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა, რის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდებოდა.  ასე კი არ მოხდა, რადგან 1992 წლის გაზაფხულის ბოლოს, როდესაც ესპანეთის ჩემპიონები გახდნენ და გულშემატკივრებმა ხრისტო ხელში აყვანილი ატარეს და თაყვანისცემა გამოუცხადეს, „ბარსელონას“ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტს, რომლის ძალითაც ხელფასიც მნიშვნელოვნად მოუმატეს, ხელი მოაწერა.„უემბლიზე“ ჩემპიონთა თასის მოგების შემდეგ ხრისტო ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა. ნამატჩევს რონალდ კუმანს ტუჩები დაუკოცნა, ხოლო ბარსელონაში გამართულ ზეიმზე კატალონიის პრემიერ-მინისტრი ჟორდი პუიოლი რატუშის აივანზე ხელში აიტაცა და კინაღამ იქიდან გადაუძახა. შემდეგ კი მოაჯირზე გადაეკიდა და ფანებს შესძახა: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ კატალონიას!“ორი თვის შემდეგ ხრისტო მსოფლიოში ცნობილი ადამიანის სტატუსით ბარსელონას ოლიმპიადას დაესწრო. ყოველგვარი ბილეთისა და აკრედიტაციის გარეშე მიაჭრა ცნობილ ბულგარელ მოჭიდავე ბრატან ცენოვს, რითიც ორგანიზატორები და ჟურნალისტები გააბრაზა.“იმ მომენტში დიადმა ალეკსანდრ კარელინმა (მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავე ბერძნულ-რომაულ სტილში) ჟურნალისტებისთვის 5-10 წუთის დათმობა მთხოვა, ასეთ კაცს უარს ვერ ვეტყოდი. რუსებს დიდი ინტერვიუ მივეცი და მას შემდეგ პატივს მცემენ,”- უწერია სტოიჩკოვს ავტობიოგრაფიაში.არა და, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის რუსეთის ნაკრებთან მატჩის წინ, რომელიც 10 სექტემბერს უნდა გამართულიყო ხრისტომ ასეთი რამ თქვა – “რუსებმა ჩვენ, ბულგარეთი 9 სექტემბერს გაგვათავისუფლეს, ჩვენ კი 10-ში მათ მსოფლიოს ჩემპიონატისგან გავათავისუფლებთ”.

არალეგალის ისტორიული გოლი და რომარიოსთან მეგობრობა

 იქამდე კი, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ბულგარელებმა საფრანგეთი გაათავისუფლეს, არა და ნაკრებს ბოიკოტი “ლევსკის” ფეხბურთელებმა გამოუცხადეს, რომლებიც “ბოტევთან” მატჩის მსაჯობით იყვნენ უკმაყოფილოები, სტოიჩკოვის თანაგუნდელებს – კოსტადინოვსა და პენევს კი ფრანგული ვიზა არ მისცეს და იძულებული გახდნენ გერმანული შეკრებიდან საზღვარი არალეგალურად გადაეკვეთათ.სტოიჩკოვმა იმ მატჩზე აგენტი მინგელიო და ახალი მეგობარი რომარიო მიიპატიჟა. მათ “პარკ დე პრენსი” თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე საცობებისაგან თავის ასარიდებლად დატოვეს და ვერ ნახეს კოსტადინოვის გამარჯვების გოლი, რომელსაც საგოლე გადაცემა მეორე არალეგალმა პენევმა გაუკეთა.  იხილა რა სასტუმრო Trianon Palace-ში თუ როგორ მხიარულობდა სტოიჩკოვი, რომარიოს ყურში ჩაესმა: “ჩვენთან ერთად დარჩი, “ბარსელონაში” ვარჯიშების გაცდენის ჯარიმებს მე გადავიხდი!”ხრისტომ სიტყვა შეასრულა, განსხვავებით ბულგარეთის ნაკრების სპონსორებისაგან, რომლებიც აშშ-ის მსოფლიო თასზე მოხვედრის შემთხვევაში თითოეულ ფეხბურთელს 50 000 დოლარს შეჰპირდნენ.აშშ-ის მუნდიალზე ბულგარეთის ნაკრებმა პირველ ტურში ნიგერიასთან 0:3 წააგო და მშობლიურმა პრესამ ამ გუნდს ეროვნული სირცხვილი უწოდა, რამაც ხრისტო ძალიან გააბრაზა და თანამემამულე მედიელებთან კონტაქტი გაწყვიტა. მეტიც, პრეს-კონფერენციებზე მხოლოდ ესპანურად ლაპარაკობდა. მან მთავარ მწვრთნელს დიმიტარ პენევს ნება დაართვევინა ფეხბურთელებს ცოლებთან ერთად ეცხოვრათ, რასაც ბულგარული პრესა მიუღებლად თვლიდა. მიუხედავად ბარძაყის ტრავმისა, შემდგომ ხუთ მატჩში ხრისტომ 6 გოლი გაიტანა, ხოლო მეოთხედფინალში გერმანელების სენსაციურად დამარცხების შემდეგ(ეს გამარჯვება მეგობარ მწვრთნელ ლიუბოსლავს მიუძღვნა, რომელიც მაშინ კიბოს ებრძოდა, შემდეგ კი მისი “ოქროს ბურთის” რეპლიკაც აჩუქა) პრესასთან დიდი შერიგება შედგა.ნახევარფინალში იტალიელებთან დამარცხებას სტოიჩკოვი ფრანგი მსაჯის ჟოელ კუინის მიკერძოებას აბრალებდა, რომელმაც კოსტაკურტას ხელით თამაშისთვის პენალტი არ დანიშნა და ამიტომ 10 წლის შემდეგ შური მის თანამემამულეზე, „ბარსელონას“ ფრანგ ახალწვეულ ლუდოვიკ ჟიულიზე „იძია“. ჟიულიმ სტოიჩკოვის „ბარსელონას“ სახლი იქირავა და როდესაც ყველაფერი იურიდიულად გაფორმდა, ხრისტომ უთხრა: “შენ კუინის თანამემამულე ხარ, ფრანგი, ხო და როგორც ფრანგს, დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევს. თვითონ გადაწყვიტე, შენი თანამემამულის დანაშაულის გამო რამდენს დაამატებ!” და როდესაც გაოცებისაგან ჟიულის ყბა ჩამოუვარდა, გულიანად გადაიხარხარა. 
 
View this post on Instagram
 

A post shared by @tuttosport85

 

მარცხენა მცველი და დისკომფორტი პარმაში

 1994 წლის დეკემბერში ხრისტო მეუღლესა და ორ ბარსელონელ მეგობართან ერთად „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა. „ეს დანჯღრეული ჩიტი თუ ჩამოვარდა, პირველი ვიქნები, ვინც „ოქროს ბურთი“ სიკვდილის შემდეგ მიიღო“, – გაიხუმრა ხრისტომ და მალე გაირკვა, რომ სახუმაროდ ნამდვილად აღარ ჰქონია საქმე. თურმე იოჰან კრუიფს სტოიჩკოვის გაყიდვა და გუნდის გადახალისება გადაეწყვიტა. ჯერ მიანიშნებდა, შემდეგ კი იოჰანმა პირდაპირ უთხრა, რომ იტალიაში მოესინჯა ძალა.„პარმამ“ სტოიჩკოვი 8 მილიონ დოლარად იყიდა. დასაწყისი მართლაც მაგარი გამოდგა – ოთხი გოლი ხუთ მატჩში, მაგრამ შემდეგ ისევ კუნთების ტრავმა, მკურნალობა ბარსელონაში და უსიამოვნება ემილელებში, როდესაც თანაგუნდელებმა გაიგეს თუ რამხელა ხელფასს უხდიდნენ ბულგარელს. განსაკუთრებით  ჯანფრანკო ძოლა გაბრაზდა.სტოიჩკოვი ვარჯიშებზე ახალგაზრდა ბუფონსა და ინძაგის მფარველობდა, მეგობრობდა ბენარივოსთან, მაგრამ იტალიურ ფეხბურთში საკუთარ თავს ვერ ხედავდა. ენატრებოდა „ბარსა“ და კრუიფს შეატყობინა, რომ უკან დაბრუნება სურდა. კრუიფი გამოუტყდა კლუბის პრეზიდენტს ნუნიესს რომ იჩქარა და ხრისტოს დაბრუნება თხოვა. მალე თავად კრუიფი მას შემდეგ მოხსნეს, რაც გუნდი უეფას თასზე „ბაიერნთან“ დამარცხდა. უცნაურია, რომ იმ მატჩს ის ატანას უზუნოვი მსაჯობდა, რომელმაც თხუთმეტი წლის წინ ფეხბურთს სტოიჩკოვი შეუნარჩუნა.ინგლისის 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სტოიჩკოვი „ბარსელონაში“ დაბრუნდა, რომელსაც უკვე ინგლისელი ბობი რობსონი წვრთნიდა. ბობის უყვარდა ხრისტოსთან გულახდილი საუბარი ნებისმიერ თემაზე. ერთხელ რობსონს ჰკითხა, თუ როდის გაუჭირდა ყველაზე მეტად ინგლისის ნაკრების თავკაცობისას, რაზეც უპასუხა, რომ როდესაც ერთი ტაბლოიდის ბოლო გვერდზე თავისი დიდი ფოტო სათაურით “ჭკუასუსტი“ ნახა.1996/1997 წლების სეზონში მოგებული თასების თასი, ესპანეთის ჩემპიონატში დაკავებულმა მეორე ადგილმა გააუფერულა. ნუნიესმა რობსონი გაუშვა და ლუი ვან გაალი მიიყვანა, რომელიც ხრისტომ გაცნობისთანავე გადაიკიდა. „გასახდელში შესულმა ვან გაალმა ცხვირი ზიზღით აიბზუა, თავი გადააქნია და ხმამაღლა თქვა, რომ კრუიფის სუნი დგას, რაზეც მივუგე, რომ ასეთი სუნი გამარჯვებებს ასდით და მიეჩვიეთ-მეთქი. ლუიმ ისე შემომხედა, მივხვდი რომ ამიერიდან მტრები ვიყავით“, – იხსენებს სტოიჩკოვი.ვან გაალი ორი თვე არ ათამაშებდა, შემდეგ კი უეცრად „რეალის“ წინააღმდეგ დააყენა, თანაც მარცხენა მცველად. მეორე ტაიმში ხრისტომ მენისკი დაიზიანა. ეს მისი ბოლო მატჩი გამოდგა „ბარსელონაში“. 

საუდის არაბეთი, იაპონია და აშშ

 სტოიჩკოვი ცსკა-ში დაბრუნდა იმ პირობით, რომ ცოტა ხნით „ალ-ნასრიში“ გაუშვებდნენ აზიის თასების თასზე სათამაშოდ. ამ ტურნირის მოგებიდან სამი თვის თავზე მსოფლიოს 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბულგარეთის ნაკრები შერცხვა, რისი მიზეზი გუნდში არსებული უთანხმოებები გახლდათ. „იმ დროს ბულგარეთში პრაქტიკულად სახელმწიფო არ არსებობდა. ქვეყანას კრიმინალური დაჯგუფებები მართავდნენ, რომლებმაც ფეხბურთშიც მაგრად მოიკიდეს ფეხი და თუ ვინმეს ჰგონია მათ ვინმე მარტო მოერეოდა, ძალიან ცდება“, – იგონებს ხრისტო.საფრანგეთის მუნდიალის შემდეგ სტოიჩკოვი იაპაონიაში წავიდა, „კასივაში“ ჩაირიცხა, სადაც დიდ ყურადღებას ფიზიკურ მომზადებას უთმობდნენ, რაც ძალიანაც წაადგა. როდესაც ბულგარეთის ნაკრებთან ერთად ჰონკონგის ოთხთა ტურნირზე იყო, კლუბმა მას ორი პირადი მცველი გააყოლა, რომლებიც მუდმივად თან დაჰყვებოდნენ და კლუბისგან იმხელა დღიურ ფულს აძლევდნენ, რომ მის დახარჯვას ძნელად თუ მოახერხებდა ადამიანი. „კასივას“ ამგვარი ზრუნვა სტოიჩკოვმა იმით დაუფასა, რომ იაპონიის ლიგის თასი მოაგებინა და ეს ბოლო ოც წელიწადში მათი პირველი სერიოზული გამარჯვება გახლდათ. მალე კი ყოველდღიური ვარჯიშები მობეზრდა და ბულგარეთის ნაკრებების დირექტორი გახდა, მაგრამ ვერ შეეწყო მთავარ მწვრთნელს მლადენოვს (აი, იმას, ვინაც ერთ დროს ბუცების გარეცხვა მოსთხოვა) და თავისი პირადი აგენტის მინგელიას თხოვნით მოედანს  დაუბრუნდა, „ჩიკაგოში“ ითამაშა და აშშ-ს თასი მოიგო.  

მესი და სამწვრთნელო კარიერა

 „ჩიკაგო“ „ვაშინგტონზე“ გადაცვალა და ერთ ამხანაგურ მატჩში სტუდენტ ფრედი ლერინს ფეხი მოტეხა, რითაც მისი საფეხბურთო კარიერა საშიშროების ქვეშ დააყენა. ლერინი შეეცადა ხრისტოსათვის სასამართლოს გზით 5 მილიონი დოლარი ამოეღო.  ყველაფერი ხუთი წლის შემდეგ მორიგებით დასრულდა და ხრისტოს თქმით, ყველაზე მეტად ის გაეხარდა, რომ ფრედი ფეხბურთს დაუბრუნდა.ამერიკის დატოვების შემდეგ, 2004 წელს „ბარსელონას“ ახალგაზრდა თავდამსხმელებს ავარჯიშებდა, მათ შორის ლეო მესისაც, რომელზეც თქვა, რომ მის ტალანტზე ახალს ვერაფერს იტყვის, მაგრამ მასში ყველაზე მეტად მაინც მისი მიზანდასახულობა ხიბლავდა.იმ წელს „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ სთხოვა დაემშვიდებინა ფანები, რომლებიც აღშფოთებულნი იყვნენ მთავარი მწვრთნელის ფრანკ რაიკარდით, რადგან გუნდმა ძალიან სუსტი სტარტი აიღო, რაც მას გამოუვიდა. ცოტა ხნის შემდეგ სტოიჩკოვმა „ბარსელონაში“ პერსპექტიულ სამუშაოს ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობა ამჯობინა.ნაკრებში არაფერი გამოუვიდა, მას „ლევსკის“ ფანები ვერ იტანდნენ და ყოველ წაფორხილებაზე ტრიბუნებზე და პრესაშიც მის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური შეტევები იწყებოდა. ვერ პატიობდნენ, რომ 1989 წელს გამართულ ერთ მატჩში „ლევსკის“ 30 წუთში 4 გოლი გაუტანა, ხოლო შემდეგ დერბიში მათ დასაცინად მოედანზე 4-ნომრანი მაისურით გავიდა.მას შემდეგ, რაც პრინციპულ მატჩში ბულგარეთმა ალბანეთის ნაკრებს ვერ მოუგო და უგოლო ფრე ეთამაშა, სტოიჩკოვს ძალიან დიდი კრიტიკა დაატყდა თავს და გადადგა. „სელტას“ ჩაუდგა სათავეში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვიგოურ კლუბს 80 მილიონი დოლარი ვალი ჰქონია. ხრისტო დიდი მონდომებით ცდილობდა გუნდი სეგუნდაში  გავარდნისგან ეხსნა, მაგრამ საშინლად მაშინ გაბრაზდა, როდესაც „სელტას“ პრეზიდენტს იმის ფული არ აღმოაჩნდა კონკურენტთა მეტოქეები წაეხალისებინა და მოტივაცია გაეზარდათ. შემდეგ კი პრიმერაში დასაბრუნებლად შემადგენლობის გაძლიერებაზეც უარი თქვა და ხრისტომაც ხელი ჩაიქნია.საბოლოოდ უარი მწვრთნელობაზე მაშინ თქვა, როდესაც მისი „ლიტექსი“ მსაჯებმა აშკარად დაჩაგრეს, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი მიხაილოვი (1994 წლის ნაკრების მეკარე) ტელეფონს არ პასუხობდა, რათა არ სურდა სტოიჩკოვის საყვედურები ესმინა.ხრისტომ ნერვების შლას მშვიდი სამუშაო ამჯობინა, ტელეკომპანია  Univision-ში მოეწყო კომენტატორად.მანამდე 9 წლის წინათ, სტოიჩკოვის გამოსათხოვარი მატჩისას იოჰან კრუიფმა შემდეგი თქვა: დღეს საზეიმო დღეა, მაგრამ სევდაც ახლავს, რადგან ხრისტოს ფეხბურთიდან წასვლა, ამ დიდებული თამაშის უდიდესი დანაკლისია“.წყარო: SPORTBOX 
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო