11 X 11
სპორტული პორტალი

ის ფეხსაცმელების საწყობში მტვირთავი იყო, სტადიონის გასახდელში ეძინა და ოთხი თვე გულშემატკივრის სახლში ცხოვრობდა

0
10 წლის წინათ მეხუთედივიზიონური „ქროული თაუნის“ ლიდერი „ოლდ ტრაფორდზე“ ინგლისის თასის მეხუთე ეტაპის მატჩისათვის ემზადებოდა. ამ მატჩში „მანჩესტერში“ თავისი ბოლო გოლი უეს ბრაუნმა გაიტანა, ხოლო „ქროულის“ თავდამსხმელმა რიჩარდ ბროდიმ მატჩის ბოლო წუთზე ხარიხა შეაზანზარა და მისმა გუნდმა ეს შეხვედრა მართლაც ღირსეულად, მინიმალური ანგარიშით წააგო. „ქროული“  ბოლო 17 წლის მანძილზე პირველი სამოყვარულო გუნდი გახდა, რომელმაც ინგლისის თასის 1/8-ფინალში გააღწია. „ქროულის“ ლიდერი კვირაში 620 ფუნტს იღებდა, ორიოდე წლის წინ კი ფეხსაცმელების საწყობში მტვირთავად მუშაობდა.საფინალო სასტვენის შემდეგ, როდესაც Glory, glory Man United-ი აჟღერდა, „ქროულის“ ფეხბურთელები სტუმართა ტრიბუნასთან, სადაც მათ საგულშემატკივროდ 9 ათასამდე ფანი იყო ჩასული, მივიდნენ მადლობის სათქმელად, რის შემდეგ გუნდის 30 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა სერხიო ტორესმა გეტრები ჩაიწია, რათა წვივსაფრები ამოეღო და უცებ თავში დაჰკრა: “ოლდ ტრაფორდზე პირველად და უკანასკნელად ვარ!”, რეპორტიორებსა და კამერებს არ მოერიდა, ბალახი მოგლიჯა და გეტრებში ჩაიყარა.დღეს სერხიო ტორესი ინგლისის მეექვსედივიზიონურ „ისთბორნ ბოროში“ თამაშობს და მთავარი მწვრთნელის ასისტენტიც გახლავთ. მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ლა მანშის პირად, ბრაიტონში ცხოვრობს და სათუთად ინახავს „ოლდ ტრაფორდიდან“ წამოღებულ ბალახს. ზაფხულში ტორესმა ორი მიწვევა მიიღო მესამე ლიგის გუნდებიდან, მაგრამ სახლიდან შორს წასვლა იუარა და ოჯახთან ერთად მშვიდი ცხოვრება არჩია.სერხიო ტორესი ზღვის პირად დაიბადა, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესიდან  სამხრეთით 400 კილომეტრით დაშორებულ მეზღვაურებისა და მეთევზეთა ღარიბ ქალაქ მარ-დელ-პლატაში, სადაც ხშრად ხელმოკლე ტურისტები ჩადიან ხოლმე. ბურთი მას შემდეგ შეიყვარა, რაც კი ფეხი აიდგა. სახლში მამამისს ეთამაშებოდა სააბაზანაში, კარი კი უნიტაზსა და ბიდეს შორის ადგილი გახლდათ.სერხიოს მამა რაული, ძმასთან და ბიძასთან ერთად მათი სახლიდან 500 მეტრით დაშორებულ  აგურის ქარხანას ფლობდა. წამოზრდილმა სერხიომ იქ დაიწყო მუშაობა, პოლიმერულ თიხას აპრიალებდა, ცლიდა სატვირთო მანქანას, რომლითაც ქარხანაში შეშა მოჰქონდათ. ზაფხულში გამოსაწვავი ღუმელების გამო საშინელი სიცხე იყო, ხოლო ზამთრობით სერხიო ორპირი ქარის გამო ხშირად ცივდებოდა და ავადმყოფობდა.საღამოობით კი ადგილობრივი კლუბის, „კილმესის“ საფეხბურთო სკოლაში დადიოდა სავარჯიშოდ. მიუხედავად გულმოდგინებისა, მას დიდად ნიჭიერ მოთამაშედ არ თვლიდნენ. რამდენიმეჯერ შეეცადა ორ იქაურ კლუბში, „ალდოსივსა“ და „ალვარადოში“ ჩარიცხვას, მაგრამ სინჯებზე ყოველთვის იწუნებდნენ.მამამისს უნდოდა სერხიოს ბუღალტერია შეესწავლა და ქარხნის ფინანსურ მხარეს გაძღოლოდა, მაგრამ საფინანსო უნივერსიტეტში გამოცდები ვერ ჩააბარა და შემდეგ ფიზიკური კლლტურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც ორი წელიწადი ისწავლა და სწავლას შეეშვა, რადგან „ბანფილდმა“ აიყვანა ახალგაზრდულ გუნდში, რომელიც ეროვნულ სამოყვარულო ლიგაში გამოდიოდა.იმ დროს არგენტინაში დიდი ფინანსური კრიზისი იყო და ბუენოს აირესის პროვინციაში მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლებს ხელფასს ფულის ნაცვლად ობლიგაციებით, ე.წ. პატაკონებით უხდიდნენ. სერხიოს ეს დიდად არ ადარდებდა, 400 პატაკონს იღებდა და იმედი ჰქონდა, რომ მალე პირველ გუნდში გადაიყვანდნენ. მიუხედავად ამისა, მას ქარხანაში მუშაობა არ შეუწყვეტია.ერთი წლის თავზე გადაწყვიტა თავისი თამაშის საუკეთესო მომენტები დისკზე ჩაეწერა და ნახა, რომ ძალიან მოკრძალებული იყო მოედანზე. იმ მომენტებშიც კი, როდესაც საგოლედ კარში უნდა დაერტყა, მაინც პარტნიორებს აძლევდა პასს. ბევრი გოლი არ დაუგროვდა და რაღას იზამდა? ასისტებისა და მწვავე გადაცემები ამოკრიფა, ადგა და ეს დისკი თავის ნაცნობს, „ბოკა ხუნიორსის“ ყოფილ მცველს ალეხანდრო ჯუნტინის გადასცა.არგენტინის გარეთ ჯუნტინის მხოლოდ ბოლივიასა და არაბთა საემიროებში ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ ევროპაში ნაცნობი აგენტი, ხულიო ალექსანისერი ჰყავდა, რომელსაც ეს დისკი გადაუგზავნა.  იმან  დისკი ლონდონში მცხოვრებ კამერუნელ ვინმე როლანს გადაულოცა, რომელიც ასევე აგენტობდა. როლანმა თავის პატარა, დანჯღრეული „მერსედესით“ რამდენიმე ათეული ინგლისური კლუბი მოიარა მერვედან მესამე ლიგამდე, მაგრამ ვიღაც უცნობი არგენტინელის აყვანა ჭკუაში არავის დაუჯდა. თავად 22 წლის სერხიო რატომღაც გულუბრყვილოდ ფიქრობდა, რომ პროფესიონალურ ფეხბურთში მინიმალური გამოცდილების გარეშე რატომღაც ინგლისში შეძლებდა გადასვლას და თავის დამკვიდრებას.სერხიო ოჯახში მუდმივ მზრუნველობას იყო მიჩვეული და არასოდეს სახლს არ გაშორებია. მშობლები და უფროსი და როზანა თავს ევლებოდნენ, ზრუნავდნენ მასზე და სწავლაშიც ეხმარებოდნენ. მისი სურვილი ინგლისში გადასულიყო, ყმაწვილურ ახირებად ჩათვალეს – თუ უნდა თავისი დისკები ინგლისში კი არა მთვარეზე აგზავნოს.ოჯახი მას შემდეგ უფრო შეშფოთდა, როდესაც სერხიომ ქვეყნის სამხრეთში, პატაგონიაში დააპირა წასვლა, საიდანაც სამოყვარულო კლუბმა „დეპორტივო მადრინმა“ მიიწვია. მას არასოდეს დაუტოვებია დიდი ხნით სახლი, ამიტომ მშობლებს არ დაუჯერა და თავისი გაიტანა. პატაგონიაში მისთვის ბინა არავის მიუცია. მეტიც, ქუჩაში ვიღაცის მიერ გადაგდებულ ლეიბზე ეძინა. ამის შესახებ მან სახლში შეატყობინა და მეორე დღეს გულგახეთქილმა დედამ ჩააკითხა. მან შვილს მიხედა, დააბინავა კიდეც და შინ დაბრუნება სთხოვა, მაგრამ არ დაუჯერა. მოხდა ისე, რომ რამდენიმე დღეში ალეხანდრო ჯუნტინიმ დაურეკა და უთხრა, რომ მისი ვიდეო  მესამე ლიგის „ბრაიტონში“ მოეწონათ, სინჯებზე გიწვევენ და ინგლისში ჩამოდი, ოღონდ შენი ხარჯითო.სერხიო ორი წელი აგროვებდა ფულს და ლონდონის რეისზე ბილეთის აღების შემდეგ სულ 300 დოლარი დარჩა. მშობლები მთლად გადაირივნენ. სად უნდა გაეშვათ შვილი, რომელიც ორ სიტყვას ვერ აბამდა ინგლისურად, თანაც იქ ერთი ახლობელიც კი არ ჰყავდათ.სერხიოს დედა მაბელ დელფინა საშინლად აღელვებული იყო და შვილი ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას: “დე, დამშვიდდი, 3 კვირაში დავბრუნდები!” არა და მას, უკან დასაბრუნებელი ბილეთიც კი არ ჰქონდა. “საჭმლის მომზადებაც არ შეგიძლია და საკუთარი ტრუსიც არასდროს გაგირეცხავს. 1 თვესაც ვერ გაძლებ იქ,”- ეჩხუბებოდა და. “აქ ყველაფერი გაქვს, ახლობლები, მეგობრები, ფული, ხის ქარხანაც, სახლი, რა არ გყოფნის? თქვი და ყველაფერს გავაკეთებ,”- ეხვეწებოდა მამა. “მე თქვენგან მხოლოდ გვერდში დგომა მჭირდება,”- უპასუხო სერხიომ.2003 წლის 8 ნოემბერს სერხიო ჰიტროუს აეროპორტში გადმოვიდა თვითმფრინავიდან. ჩემოდანში აუცილებელ ნივთებთან ერთად ინგლისური ენის პირველი კლასის სახელმძღვანელო და ლექსიკონი ედო. დამხვდურთა შორის სერხიომ დაინახა აფრიკელი ტიპი, რომელსაც ხელში დიდი ფურცელი ეჭირა წარწერით „TORRES”. სერხიო მას მიესალმა და აგრძნობინა, რომ მეტი ინგლისური არ იცოდა. გამოჩნდა ხულიო ალეკსანისერი, სამხრეთამერიკელი აგენტი. მან აუხსნა სერხიოს, რომ დამხვდურთან, კამერუნელ როლანთან იცხოვრებდა და რამდენიმე დღეში „ბრაიტონის“ ვარჯიშზე წაიყვანდა. „ეს უკვე კარგია, ბინის ქირის გადახდა მაინც არ მომიწევს“, – გაიფიქრა სერხიომ.როლანის მანქანაში მხოლოდ სერხიო ჩაჯდა, რადგან მეტი ვერავინ ჩაეტეოდა, ალექსანისერი კი მატარებლით წავიდა. გზამ საათნახევარი წაიღო. ქუჩა, სადაც როლანმა მანქანა გააჩერა, სიბნელის გამო სერხიომ ვერ აღიქვა, ხოლო სახლში კიდევ რამდენიმე აფრიკელი იმყოფებოდა. გაარკვია, რომ იქ როლანი ორ ძმასთან, ერთ რძალთან და ორ მეგობართან ერთად ცხოვრობდა. უსიამოვნო სიახლე კიდევ ის იყო, რომ „ბრაიტონის“ ვარჯიშები მხოლოდ მომავალი კვირიდან დაიწყებოდა. ეს ყველაფერი ალექსანისერმა აცნობა და თავის სახლში, ჩრდილოეთ ლონდონში გაემგზავრა და სერხიო აფრიკელებთან დატოვა, რომლებიც ერთმანეთში ფრანგულად საუბრობდნენ.ხანგრძლივი ფრენის შემდეგ სერხიოს თვალები ებლიტებოდა. როლანმა მას პირველ სართულზე მდგარ საწოლზე მიუთითა და ის იყო ჩაეძინა, რომ ვიღაც თხოვდა კედლისკენ მიწეულიყო. თურმე ეს  საწოლი როლანის ერთ-ერთი მეგობრისა ყოფილა. სერხიო იხსენებს, რომ თვალი ვეღარ მოხუჭა:“ჩემი მეზობელი მსუქანი, ბანჯგვლიანი იყო და საშინლად ხვრინავდა, ფაქტობრივად, დათვთან ერთად მეძინა,”- გაიხსენა სერხიომ Diario El Clarin-ის ჟურნალისტ ხუან მანუელ ლოპესისთვის მიცემულ ინტერვიუში(სერხიოს ინტერვიუ იმ კვირაში ყველაზე წაკითხვადი მატერიალი იყო არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი ნესტორ კირშნერის გარდაცვალების ცნობის შემდეგ, ხუან მანუელ ლოპესმა სერხიოს წიგნის დაწერა შესთავაზა, ისიც დათანხმდა)დილით სერხიომ ქალაქში გასვლა გადაწყვიტა. გაიგო რომ პატარა ქალაქ ნორბერიში გაათია ღამე, ლონდონის ცენტრიდან ორმოცდაათი კილომეტრის დაშორებით. ერთსაათიანი სეირნობისას სერხიოს ერთი თეთრკანანი ადამიანიც კი არ დაუნახავს. მობეზრდა რა გამვლელთა იჭვნეული მზერა, თავის კამერუნეულ თავშესაფარში დაბრუნდა, სადაც „მასპინძლები“ მოხარშულ ლობიოიან ბრინჯს მიირთმევდნენ, შემდეგ კი ტელევიზორს მიუსხდნენ. რადგან სახლი არ თბებოდა და ისევე ციოდა, როგორც ქუჩაში, სერხიო ლოგინში ჩაწვა და ინგლისური ენის პირველი კლასის სახელმძღვანელო გადაშალა.მოვიდა ორშაბათიც. სიცივეს თავსხმა წვიმა და ქარიც დაემატა. როლანმა სერხიო „ბრაიტონის“ ვარჯიშზე მიიყვანა, რომელიც ფეხბურთელებს მიესალმა და იგრძნო, რომ რაღაც ამრეზით უყურებდნენ. მიზეზი ის გახლდათ, რომ მან გასახდელში გუნდის ერთი ვეტერანის კარადა უკითხავად დაიკავა.თავად ვარჯიშზე სერხიო ბურთით კარგად გაისარჯა, მაგრამ პარტნიორებს სისწრაფეში ძალიან ჩამორჩებოდა. პარასკევს არგენტინიდან ჩამოტანილი ბუცები დაეხა და როლანს ჟესტებით გააგებინა, რომ მისთვის ახალი ბუცები ეყიდა, რომელმაც ეს მუნჯური თხოვნა თავისებურად გაიგო და „ბრაიტონის“ ერთი ფეხბურთელისაგან ინათხოვრა. სერხიო იმდენად მორცხვი იყო და ინგლისურადაც არაფრის თქმა არ შეეძლო და ორი ნომრით პატარა ბუცებში მაინც ჩატენა ფეხები. ვარჯიშის შემდეგ, დაინახა რა სერხიოს ფეხის თითებზე ექვსი “მაზოლი”, როლანმა წაიყვანა და ახალი ბუცები უყიდა.პარასკევს კი „ბრაიტონის“ მთავარმა მწვრთნელმა მარტინ მაკგიმ გამოუცხადათ, რომ სერხიოს კარგი ტექნიკა კი აქვს, მაგრამ ინგლისური ფეხბურთისთვის საჭირო სისწრაფე აკლია. როლანი ძალიან გაბრაზდა და სერხიოს დამუნათება დაუწყო, რომ ისე ნამდვილად ვერ თამაშობს, როგორც ეს მის ვიდეოებზე არის ჩაწერილი. სერხიო შეეხვეწა რომ ცოტა ხნით კიდევ  დაეტოვებინა მის სახლში და უფრო დაბალი რანგის გუნდი მოეძებნა. მას სახლში დაბრუნებაც არ შეეძლო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფული უთავდებოდა, არამედ იმიტომაც, რომ კარგად ახსოვდა, მარ-დელ-პლატაში როგორ დასცინოდნენ ერთ ფეხბურთელს, რომელმაც ევროპაში გუნდი ვერ იშოვა და სამშობლოში დაბრუნდა.ვიდრე როლანი უნდილად ეძებდა მისთვის ახალ გუნდს, სერხიო იქვე, ახლოს მდებარე სკოლის მოედანზე ვარჯიშობდა. ხელში წამზომი ეჭირა და განსაკუთრებით სისწრაფეზე მუშაობდა.როლანის სახლიდან ხუთი უბნის იქით ინტერნეტ-კაფე იყო, სადაც  ორ ფუნტად სერხიოს შეეძლო ოჯახის წევრებთან 1 საათი ესაუბრა. ფული უთავდებოდა და ამიტომ იქ კვირაში მხოლოდ ორჯერ მიდიოდა. ზოგჯერ ფულს იმაშიც კი ზოგავდა, რომ ვარჯიშის შემდეგ მწყურვალი წყალსაც არ ყიდულობდა. ერთხელ ქუჩაში ორფუნტიანი მონეტა დაინახა, მაგრამ აღება ვერ გაბედა, რადგან ცხოვრებაში არასდროს არაფერი მოეპარა. მეორე დღეს ის მონეტა იქვე დახვდა და დაფიქრდა, რომ ესე იგი პატრონი არ ეძებდა, რადგან ეტყობა დიდად არ ჭირდებოდა, თავად კი ამ ორი ფუნტით არგენტინაში ილაპარაკებდა და გადაწყვიტა, რომ თუ ხვალაც იქ დახვდებოდა, აეღო. ასეც მოიქცა და რადგან ფული ისევ იქვე ეგდო, ხელი დასტაცა და ინტერნეტ-კაფესკენ გაიქცა და როდესაც მოლარეს მიაწოდა, იმან მოურიდებლად დასცინა, რომ ეს ორპენიანი მონეტა იყო და არა ორფუნტიანი.საღამოს როლანმა უთხრა, რომ ნივთები აეკრიფა და მანქანაში ჩამჯდარიყო. სერხიოს გაეხარდა, გამოეწყო, რადგან ეგონა რომელიმე მწვრთნელთან შესახვედრად მიჰყავდათ, მაგრამ როლანმა ნახევრად მიტოვებულ გარაჟთან მიიყვანა, რომელიც რკინიგზის ხაზის ახლოს იდგა და ჩამოვარდნილი კარი ჰქონდა. როლანმა მანქანის გასაღები სერხიოს მისცა და იქ დამხვდურ ვიღავც შავკანიან მუტრუკს, სახელად პანდას ყვირილი დაუწყო. პანდამ როლანი ხელისკვრით მოიშორა და სერხიოსკენ წავიდა, რათა მისთვის მანქანის გასაღები წაერთმია. „არ მისცე!“- დაუყვირა როლანმა. სერხიო გარაჟის კუთხეში მიიყუჟა, არ აპირებდა გასაღების დათმობას, მაგრამ პანდა, რომელსაც ხელში დიდი რკინის მილი ეკავა, უახლოვდებოდა და ამიტომ გასაღები როლანისკენ ისროლა და იმ წამს მკერდში  საშინელი დარტყმა იგრძნო, ძირს დაეცა და ეგონა ამ გარაჟიდან ცოცხალი ვერ გავიდოდა… რამდენიმე წუთის შემდეგ მასთან როლანი მივიდა და მშვიდად უთხრა სახლში წასულიყვნენ. მისი ნაწყვეტ-ნაწყვეტი განმარტებიდან სერხიომ ის გაიგო, რომ როლანს პანდასაგან  ფული ჰქონდა ნასესხები, ვერ უბრუნებდა და ამიტომ პანდა მანქანას ითხოვდა. ისიც უთხრა თუ რატომ იახლა თან, მაგრამ ამის გასაგებად სერხიოს ინგლისური აღარ ეყო.გარაჟში მომხდარი ჩხუბის შემდეგ სერხიომ იმედი დაკარგა, რომ რომელიმე გუნდში ჩაირიცხებოდა, რაც მისმა ოჯახის წევრებმაც შეამჩნიეს. მამამისი აპირებდა მასთან ჩასვლას, რათა 2004 წელს ერთად შეხვედროდნენ და როლანი იმაზეც დაითანხმა, რომ მამამისს რამდენიმე დღე მათთან ეცხოვრა, მაგრამ ერთხელაც სახლში გაბრაზებული დაბრუნდა და სერხიოს მიახალა, რომ აღარ აპირებს ვიღაც ლათინოსი შეინახოს. სერხიო ატირდა და თავისი ნივთების ჩალაგებას შეუდგა. წასვლის წინ კი უკვე თავადაც მაგრად ეჩხუბა როლანს, თუმცა მაინც დაუტოვა პატარა სამადლობელი ბარათი.სერხიომ შეიტყო რომ ლონდონში ჩავიდა დედამისის დაქალის შვილი, ისიც მოყვარული ფეხბურთელი კრისტიან ლევისი. ორივენი მეცხრე დივიზიონის „მოლისიში“ მიიღეს, სადაც არაფერს უხდიდნენ, მაგრამ იქ ეს არგენტინელები შეამჩნიეს და მეექვსე ლიგის „ბესინგსტოკში“ გადაიყვანეს. მართალია, ცხოვრება სტადიონ „ქემროუზის“ ტრიბუნის ქვეშ, სტუმარი გუნდის გასახელში უწევდათ, მაგრამ არ დაეძებდნენ, თავზე ჭერი ჰქონდათ და არ ციოდათ. ერთი ეგ იყო, როდესაც თამაში იყო და გასახდელი უნდა დაეთმოთ, ბიჭები თავიანთ ნივთებს გასაშლელი ტახტის ქვეშ მალავდნენ. ასე გაგრძელდა სამი თვე.“ერთერთი მატჩის შემდეგ ჩემთან და კრისტიანთან გუნდის გუ₾შემატკივარი მოვიდა და მის სახლში გადასვლა შემოგვთავაზა. ორი კვირის დაქორწინებული იყო და მის ცოლს ორი არგენტინელის დანახვა დიდად არ გახარებია, მე და კრისტიანი კი ძალიან ბედნიერები ვიყავით, 3 თვე გასახდელში ცხოვრების შემდეგ 4 თვე ჩვენი გულშემატკივარის სახლში გავატარეთ,”- გაიხსენა სერხიომ BBC-სა და  Daily Mail-თან ინტერვიუებში.სერხიო ფეხსაცმელების საწყობში მტვირთავად მოეწყო. ყოველ დილით 6 საათზე ველოსიპედით მიდიოდა სამსახურში, საღამოს კი ვარჯიში ჰქონდა, უქმე დღეებში კი თამაში. ასე გაგრძელდა ერთი წელიწადი. „უიკომ უონდერერსთან“  სერხიო ტორესმა მართლაც კარგად ითამაშა, მოეწონა მწვრთნელ ჯონ გორმანს და 24 წლის ასაკში ჩვენმა გმირმა თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.სერხიოს ბებია, მამის დედა, მამით იტალიელი იყო, რისი წყალობით სერხიომ პასპორტი იოლად აიღო და მალე „უიკომის“ თავგადაკლული ფანების საყვარელი მოთამაშე გახდა. ისინი „ადამს პარკზე“ კულულებიანი პარიკებით მიდიოდნენ და არგენტინის დროშებს აფრიალებდნენ. 2006 წელს გუნდის მთავარი მწვრთნელი პოლ ლამბერტი გახდა, რომლის ხელმძღვანელობით „ფულჰემისა“ და „ჩარლტონის“ დამარცხების შემდეგ, „უიკომი“ ლიგის თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე „ჩელსი“ გახლდათ, რომელსაც ჟოზე მაურინიო წვრთნიდა. პირველ მატჩში „ადამს პარკზე“ იმ „ჩელსისთან“, სადაც ლამპარდი, ბალაკი, დროგბა, კოული და შევჩენკომ თამაშობდნენ, 1:1 დაფიქსირდა, ხოლო ლონდონში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს. სერხიო ტორესმა „სტემფორდ ბრიჯზე“ ნახევარი საათი ითამაშა და მხოლოდ ის ახსოვს, რომ აქეთ-იქით იყურებოდა და საკუთარ თავს ეკითხებოდა” აქ როგორ მოვხვდი, როდესაც სულ ერთი წლის წინ ფეხსაცმელების საწყობის მტვირთავი ვიყავი?!”.ექვსი თვის შემდეგ „უიკომმა“ საწვრთნელი შეკრება გერმანიაში გამართა, სადაც ამხანაგურ მატჩში „დორტმუნდს“ ეთამაშა. იქ სერხიომ ოტელში მომუშავე გოგონა ლენა გაიცნო. რამდენიმე გასაუბრების შემდეგ სერხიო მიხვდა, რომ შეუყვარდა. რამდენიმე თვის შემდეგ ლენა ინგლისში ჩავიდა, რათა მაგისტრატურაში ჩაებარებინა. მას შემდეგ რვა წელი გავიდა და დღეს ლენას და სერხიოს ორი გოგონა – ლუნა და ნალა ჰყავთ.„უიკომმა“ ტორესი „პიტერბოროში“ გაყიდა, რომელსაც ალექს ფერგიუსონის ვაჟი დარენი წვრთნიდა. ახალ გუნდში სერხიო კოჭზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მივიდა და წინასასეზონო მზადება არ გაუვლია. თან მწვრთნელი მისთვის უჩვეულო, მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე აყენებდა. სერხიოს დეპრესია დაეუფლა და არგენტინაში დაბრუნება გადაწყვიტა. „პიტერბორომ“ მასში 150 ათასი ფუნტი გადაიხადა, ის კი მასზე დამყარებულ იმედებს ვერ ამართლებდა და ძალიან განიცდიდა. ამ მდგომარეობიდან ფსიქოლოგმა და მეუღლემ გამოიყვანეს. 2010 წელს სტივ ევანსმა ტორესი „ქროული თაუნში“ მიიწვია. ნახევარი წლის შემდეგ ინგლისის თასის მესამე ეტაპის მატჩის ბოლო წუთზე სერხიოს 20 მეტრიდან გატანილმა გოლმა „ქროული“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა, სადაც სტუმრად „ტორკს“ სძლიეს.რათა მეხუთე ეტაპის კენჭისყრისთვის ეცქირა, სერხიომ ტელევიზორების მაღაზიაში შეირბინა და გამყიდველს სთხოვა იმ არხზე გადაერთო, სადაც წილისყრას აჩვენებდნენ. როდესაც „ქროულის“ მეტოქედ „მანჩესტერი“ შეხვდა და თან „ოლდ ტრაფორდზე“ უნდა ეთამაშათ, სერხიომ სიხარულისგან შეყვირა და მამას დაურეკა: „ვალდებული ხარ ჩამოფრინდე ინგლისში, რადგან სხვა დროს შეიძლება ვერ ნახო შენი შვილი „ოლდ ტრაფორდზე!“ დედამისი და მისი და ამ მატჩს ტელევიზორში უყურებდნენ, რადგან ინგლისში მარტო მამამისი ჩაფრინდა, რომელმაც მატჩამდე შვილის ნახვა ვერ მოახერხა.თამაშის წინ სერხიო ტორესი „ოლდ ტრაფორდის“ მოედანზე გამავალ გვირაბში მოკლე ბოლთას ცემდა და 75 ათასი მაყურებლის ჟრიამული ესმოდა. რამდენიმე წამში გონებაში გაურბინა განვლილმა გზამ: აგურის ქარხნის ღუმელმა, პატაგონიაში ქუჩაში ღამისთევებმა, ექვს კამერუნელთან ერთად გაყინულ სახლში ცხოვრებამ, ორი ნომრით პატარა ბუცებმა, ჩხუბმა გარაჟში, ვარჯიშებმა სკოლის მოედანზე, გასაშლელმა ტახტმა სტადიონის გასახდელში, ფეხსაცმელების საწყობში ყუთების თრევამ, კოჭზე ოპერაციამ, დეპრესიამ…სერხიო ტორესმა ძალიან მონდომებით ითამაშა, მაგრამ „ქროულიმ“ მაინც 0:1 წააგო. თამაშის შემდეგ სერხიო გასახდელიდან გამოვიდა, ჯიბეში  „ოცნებათა თეატრის“ ბალახის ბღუჯა ედო და მამა დაინახა, რომელიც შვილს გადაეხვია და უთხრა რომ მისით ამაყობს. მათ გვერდით მაიკლ კერიკმა და უეინ რუნიმ ჩაიარეს. მათთვის კი ეს მორიგი, რიგითი მოგებული მატჩი გახლდათ, რომელიც ძალიან მალე საერთოდ დაავიწყდებოდათ.წყარო: BBC
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო