11 X 11
სპორტული პორტალი

თქვენი დედაც! უკან, აფრიკაში წავიყვან და ფეხბურთს შეეშვება – როგორ დაკარგა “რეალმა” მსოფლიოს საუკეთესო საყრდენი

0
 კლოდ მაკელელეს საფეხბურთო თავგადასავალი2003 წლის ზაფხულში კლოდ მაკელელემ გაფიცვა გამოაცხადა. სეზონის მოსამზადებელი პერიოდის პირველივე დღეს მადიდის „რეალის“ ახალ მთავარ მწვრთნელს კარლუშ კეირუშს გამოუცხადა, რომ არ ივარჯიშებდა. კეირუშმა კლუბის სპორტულ დირექტორს ხორხე ვალდანოს დაურეკა, რომელიც სასწრაფოდ მივიდა ბაზაზე და მაკელელეს აუხსნა, რომ კლუბს არ აქვს იმდენი ფული, რომ მას ხელფასი მოუმატოს. „ფული არ გაქვთ? – გაიკვირვა მაკელელემ. – აბა, რით იყიდეთ ბექჰემი?“. ვალდანო დადუმდა, თუმცა შემდეგ დაიმუქრა, რომ თუ აღარ ივარჯიშებდა დიდი ჯარიმა დაეკისრებოდა. მაშინ კლოდის მამამ, რომელიც იქვე იჯდა, უთხრა:„ბოლო სამი წელიწადი ჩემი შვილი თავგამოდებით თამაშობდა. მას ხელფასის მომატებას დაჰპირდით და დანაპირები შეასრულეთ და თუ არ ასრულებთ, მაშინ სხვა კლუბში გაუშვით. იმ შემთხვევაში თუ არც ერთს არ გააკეთებთ, თქვენი დედაც, წავიყვან უკან, აფრიკაში და ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებს“. 

კლოდ მაკელელე აფრიკაში რვა წლამდე ცხოვრობდა

 კლოდის ბაბუა ვიქტორ ლონგომბა ზაირული ჯაზის ვარსკვლავი იყო და საკმაოდ შეძლებულიც. არაფერს აკლებდა თავის რვა შვილს, რომელთაგან ერთ-ერთი კლოდის დედაც იყო. კლოდის მამის ანდრე-ჟოზეფას ოჯახი ღარიბი იყო და მეტიც, მას 12 დედმამიშვილი ჰყავდა. მშობლებისაგან მალულად ანდრე-ჟოზეფა სკოლას აცდენდა და საფეხბურთო გუნდ „მოტემა პემბეში“ ვარჯიშობდა, 16 წლის ასაკში ზაირის ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდა და ამის დამალვა მშობლებისგან აღარ ხერხდებოდა. შეიტყო რა სკოლის გაცდენის შესახებ, მამამისი გაბრაზდა, ფეხბურთის თამაში აუკრძალა და მხოლოდ მას შემდეგ გადათქვა, რაც ზაირის სპორტის მინისტრმა სთხოვა და მინისტრმა პირობაც მისცა, რომ ანდრე-ჟოზეფა პარალელურად ისწავლიდა კიდეც და ნორმალური შემოსავალიც ექნებოდა.მიუხედავად იმისა, რომ ანდრე-ჟოზეფა ნაკრების წევრი გახლდათ და კარგი ხელფასიც ჰქონდა, ვიქტორ ლონგომბას მიაჩნდა, რომ ის მისი ქალიშვილისათვის შესაფერისი საქმრო არ იყო. კლოდის მშობლები მალულად ხვდებოდნენ ერთმანეთს და შემდეგ დაქორწინდნენ კიდეც. სიმამრი საშინლად გაბრაზდა და ახალდაქორწინებულებს არც შეხვდა. მათ ანდრე-ჟოზეფას სახლში დაიწყეს ცხოვრება, სადაც არც დენი იყო და ტუალეტიც ეზოში ჰქონდათ. 19 წლის ცოლ-ქმარს მეორე შვილი, კლოდი  შეეძინათ, რომელიც სუსტი ბავშვი გამოდგა, ხშირად ავადმყოფობდა, ყურები უჩირქდებოდა, თვალებიც უწითლდებოდა.„სახლში დანა-ჩანგალი არ გვქონდა და საჭმელს ხელით მივირთმევდით, რაც აფრიკაში ნორმალურად ითვლება“, – იხსენებს თავის ავტობიოგრაფიაში კლოდ მაკელელე.როდესაც კლოდს ხუთი წელი შეუსრულდა, მამამისი ბელგიაში გაიქცა. ზაირის პრეზიდენტი მობუტუ ფეხბურთელებს საზღვარგარეთ გადასვლას უკრძალავდა და ანდრე-ჟოზეფა ამიტომ ვერ გადავიდა „სანტოსში“, რომლის ხელმძღვანელობას მისი თამაში აფრიკული ტურნეს დროს ძალიან მოეწონა. ამ შემთხვევამ კიდევ უფრო გაუმძაფრა ქვეყნიდან წასვლის სურვილი. მეუღლეს კი არ უნდოდა სხვაგან ცხოვრება და ამის გამო წაიჩხუბნენ. ქალმა შვილებს ხელი დაავლო და მშობლებთან დაბრუნდა, მაგრამ ამან ანდრე-ჟოზეფას კიდევ უფრო გაუმძაფრა ზაირიდან გაღწევის სურვილი. მით უფრო, რომ იცოდა,  ცოლი და შვილები ბაბუისგან უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ. როგორც იქნა მოახერხა და ბრიუსელში გაფრინდა, სადაც მოქალაქეობა უპრობლემოდ მიიღო, რადგან კანონის მიხედვით, იმ პირებს რომლებიც მაშინ დაიბადნენ, როდესაც ზაირი ბელგიის კოლონია გახლდათ, ამის უფლება ჰქონდათ.კლოდს სკოლაში მკაცრად ეპყრობოდნენ, ქამრითაც კი სცემდნენ, მასწავლებლები ქრთამს სძალავდნენ და კინშასაში ცხოვრება მისთვის აუტანელი გახდა. თან იმ დროს მამამ მოიწერა, რომ ბელგიიდან საფრანგეთში გადავიდა და ოჯახი თავისთან დაიბარა. 1981 წელს კლოდი დასთან და ბიძამის ჯიმისთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა, ხოლო დედა და უმცროსი ძმა ალენი ზაირში დარჩნენ. მამამისი ეპინე-სუ-სენარში ცხოვრობდა. კინშასადან პარიზის პირდაპირი რეისი არ იყო და ამიტომ ჯერ რომში ჩაფრინდნენ, საიდანაც მატარებლით გადავიდნენ საფრანგეთში. რომის აეროპორტში კლოდს მამა არ უნახია, ახალგაზრდა ქალი ბეატრისი დახვდათ. ასე შეიტყო კლოდმა, რომ მამამისს ახალი ცოლი და კიდევ ერთი ძმა, ექვსი თვის ერიკი ჰყავს.მეორე სიახლე: მამას ფეხბურთისათვის თავი დაუნებებია და ქარხანაში მუშაობდა. მას იმდენად ჰქონდა ფეხბურთელობაზე გული გატეხილი, რომ კლოდს ადგილობრივ გუნდში ვარჯიშიც კი აუკრძალა. მიუხედავად ამისა, სკოლაში ყოველდღე თამაშობდა ფეხბურთს, ორი წლის შემდეგ კი ძია ჯიმიმ, რომელიც რაიონულ გუნდში „ბუსი-სენ-ანტუანში“ თამაშობდა, ანდრე-ჟოზეფა დაარწმუნა, რომ დასვენების დღეებში ფეხბურთის თამაში კლოდისთვის ჯანმრთელობის მხრივ კარგი იქნებოდა. ანდრე-ჟოზეფა დათანხმდა, ოღონდ მაგის ბუცების და ლიცენზიის  ფული არ მომთხოვოთო. ორივეს თანხა კი კლუბის მფლობელმა მესიე კენონმა მას შემდეგ გადაიხადა, რაც პირველივე მატჩში კლოდმა ორი გოლი გაიტანა.რამდენიმე წლის შემდეგ, კლოდი მეზობელმა ტიერი ნავარომ კლუბ „მელუნში“ მიიყვანა, სადაც ადრე თავად თამაშობდა. მაკელელე იქ შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე გაამწესეს და იქიდან საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს, სადაც მისი პარტნიორი ნახევარდაცვაში გვადელუპადან ჩასული ლილიან ტიურამი გახლდათ. მოზრდილთა სადებიუტო მატჩში კლოდმა „რედ სტარს“ 25 მეტრიდან გაუტანა გოლი და 17 წლის ასაკში „ბრესტში“ გადავიდა, სადაც მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი სტეფან გივარში დახვდა. 2003 წელს „მელუნმა“ მაკელელეს „ჩელსიში“ ტრანსფერის პროცენტი – 360 ათასი ევრო მიიღო, რაც ამ კლუბის სამი წლის ბიუჯეტი გახლდათ.„ბრესტში“ კლოდი დიდხანს არ გაჩერებულა. კლუბის პრეზიდენტს ფრანსუა ივინეკს ფული გაუთავდა და კლუბი გაკოტრებსაგან ბიზნესმენმა შარლი შაკემ იხსნა, რომელსაც ორ თვეში ერთხელ ხელფასის ფული ჩემოდნით მოჰქონდა, მაგრამ საქმეს ამანაც ვერ უშველა, „ბრესტი“ მესამე დივიზიონში გავარდა, ხოლო კარგი ფეხბურთელები გუნდიდან წავიდნენ. მაკელელე სინჯებზე „მონპელიეში“ მივიდა და კლუბის ოდიოზურმა პრეზიდენტმა ლუი ნიკოლენმა დაძალებით სასწრაფოდ კონტრაქტზე მოაწერინა ხელი. კლოდი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და რადგან ეს მამასთან შეუთანხმებლად გააკეთა, მონპელიედან გაიქცა.ანდრე-ჟოზეფამ მოახერხა, „მონპელიესთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და შვილი „ნანტში“ მოაწყო. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟან-კლოდ სიუოდო ახალგაზრდულ გუნდს კრებდა. აქ იყვნენ: უედეკი, პედროსა, კოე, ლოკო, კარამბე და მათ მაკელელეც მიემატა. „ნანტში“ დებიუტიდან ორი წლის შემდეგ, კლოდი საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი გახდა.1994 წლის 15 აპრილს საფრანგეთმა იტალიასთან ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში პენალტებიის სერიაში წააგო. მაშინ მაკელელეს ფრანჩესკო ტოლდომ პენალტი აუღო. იმავე წლის 15 ნოემბერს ხოჟუვში საფრანგეთმა პოლონეთი 4:0 დაამარცხა. მატჩის მიწურულს ფრანგებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს და პენალტისტებმა – მორისმა და ვერელმა განზე გაიწიეს, ხოლო დორასომ ბურთი მაკელელეს მიაწოდა, რათა მას ევროპის ჩემპიონატზე განცდილი მწარე მარცხის გარკვეული რეაბილიტაცია მოეხდინა, მაგრამ ბედის ირონია არ გინდა? – ისევ ვერ გაიტანა.„ნანტში“ თამაშის პირველივე წლიდან მაკელელე გუნდის თავკაცის სიუოდოს ქალიშვილ სტეფანის ხვდებოდა. ისინი ნახევარი წლის მანძილზე მალავდნენ თავიანთ უთიერთობას, მაგრამ ერთხელაც კლოდის საუკეთესო მეგობარმა, მცველმა ენდი კაპრონმა ამის შესახებ წამოაყრანტალა და სიუოდო განაწყენდა. ის უკვე ნაკლებად ურთიერთობდა კლოდთან და შვილთანაც კი. მაკელელემ თავი დამნაშავედ იგრძნო და სხვაგან გადასვლა ითხოვა, ხოლო სტეფანიმ მამას განუცხადა, რომ სადაც კლოდი წავა, მეც იქო და რადგან არც ერთადერთი შვილის და წამყვანი ნახევარმცველის დაკარგვა არ უნდოდა, წყვილს „ამნისტია“ გამოუცხადა.1994/95 წლების სეზონში „ნანტი“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და მაკელელე ქვეყნის პირველ ნაკრებშიც მიიწვიეს და დებიუტიც ჰქონდა. მიუხედავად ამისა, უფრო მდიდარ კლუბში მაინც არ ყიდდნენ, ბოლოს კი “ნანტიდან” სკანდალით წავიდა. 1997 წელს, როცა კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებდა, ფარულად “მარსელს” მოელაპარაკა.“დიახ, ეს სრულად უკანონო იყო, მაგრამ ყველა ფეხბურთელი ასე იქცევა. “მარსელის” პრეზიდენტ ჟან მიშელ რუსიესთან შეხვედრისას ავუხსენი, რომ ჩემს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 5 მილიონი ფრანკი (800 000 ევრო) ეწერა, რაც მათთვის მარტივი გადასახდელი იყო. პრობლემა იმან წარმოშვა, რომ “სარაგოსამ” “ნანტს” 1,8 მილიონი ევრო შესთავაზა და “მარსელსაც” თანხის გაორმაგება მოუხდა.“ნანტის” მთავარი მწვრთნელი სიუოდო, საუკეთესო სპეციალისტი მათგან ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია, ჩემი ნამდვილი სულიერი მამა, კაცი, რომელიც ყველაზე კარგად მიცნობდა, მირჩევდა „ნანტში“ დავრჩენილიყავი, რადგან „მარსელი“ ჯანსაღი და საჩემო კლუბი არ არის და ამ არჩევანს ვინანებ, მაგრამ არ დავუჯერე, რადგან მოხიბლული ვიყავი „მარსელის“ მთავარი მწვრთნელის როლან კურბისის სიტყვებით, რომ გუნდის ლიდერად მხედავს და ასეთი სახელოვანი გუნდიდან მეტი შანსი მაქვს საფრანგეთის ნაკრებში 1998 წლის მუნდიალზე ვითამაშო. თან დაამატა, რომ „მარსელის“ ორი ფეხბურთელი ნაკრებში აუცილებლად უნდა იყოს, რადგან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – იხსენებს მაკელელე ავტობიოგრაფიაში.სტეფანი ნანტში სწავლობდა, მარსელში გადასვლა არ შეეძლო. შედეგად, თვალი თვალს რომ დაშორდა, გრძნობაც გახუნდა, რამაც წყვილი დაშორებამდე მიიყვანა. არც „მარსელში“ არსებული სიტუაცია მოეწონა. გუნდში, რომელმაც ოთხი წლის წინათ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, იძულებული იყო ფორმა თავად გაერეცხა. რაც შეეხება თამაშს, სეზონი მაგრად დაიწყო. 4-4-2 სქემაში მარჯვენა ნახევარმცველად იდგა და ფანატებსაც მოაწონა თავი. ამიტომ ფიქრობდა, რომ მცველ ლორან ბლანთან ერთად „მარსელიდან“ მუნდიალზე ის წავიდოდა, მაგრამ შემდეგ კურბისმა გუნდი 3-5-2 ტაქტიკურ სქემაზე გადააწყო და მაკელელეს, ისე როგორც კაფუს მთელს ფლანგზე უხდებოდა თამაში, რასაც ვერ შეეგუა და იმდენად სასარგებლოც ვეღარ იყო. ამას ისიც დაემატა, რომ „ბარსელონადან“ თავდამსხმელი დიუგარი დაიმატეს და ნაკრების მეორე ფეხბურთელი ის გახდა. ამრიგად, მაკელელეს მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუხდა და ისიც არ დაუმალეს, რომ „მარსელს“ აღარაფერში ჭირდება. ეს მას პარკინგზე როლან კურბისის(კლუბის სპორტული დირექტორი) შვილმა სტეფანმა ამცნო.ერთის მხრივ ის დაიწუნეს და გაუშვეს, მაგრამ სხვაგანაც გაუფუჭეს საქმე. როდესაც „ლაციოს“ მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა როლან კურბისს მაკელელეს შესახებ ჰკითხა, კურბისმა უპასუხა, რომ მან ძალიან ცუდი სეზონი ჩაატარა, რის გამოც რომაელებმა მისი ყიდვა გადაიფიქრეს. ამის გამო მაკელელეს ერთადერთი არჩევანი დარჩა – გადასულიტყო „სელტაში“, ლა ლიგაში მეექვსე ადგილზე გასულ გუნდში, თანაც ბევრად დაბალ ხელფასზე. „სელტას“ პრეზიდენტმა ორასიო გომესმა „მარსელს“ 900 ათასი ევრო გადაუხადა და კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა მის წასაყვანად.„მე ვტოვებდი ევროპის ერთ-ერთ სახელოვან კლუბს და ნაკლებად ცნობილ ესპანურ გუნდში გადავდიოდი, რაც კარიერული თვალსაზრისით თვითმკვლელობას ჰგავდა“, – წერს ავტობიოგრაფიაში მაკელელე.„სელტაში“ მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ ფერნანდესმა მაკელელე საყრდენ ნახევარმცველად გაამწესა. ახალ ფუნქციებში ის ბრაზილიელმა მაზინიომ (1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, რაფინია და ტიაგო ალკანტარას მამა) გაწაფა და სულ მალე ლა ლიგის საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი გახდა. დასამახსოვრებელი გახლდათ მის მიერ გატანილი გამარჯვების გოლი „რეალის“ კარში „სანტიაგო ბერნაბეუზე“, რის შედეგადაც „სელტა“ პირველ ადგილზე გადავიდა და მალევე უეფას თასის 1/8 ფინალში „ლივერპული“ “ენფილდზე” დაამარცხა.1999 წლის ზაფხულში მაკელელე „ვალენსიაში“ გადასვლას აპირებდა, მაგრამ ორასიო გომესს მისი გაყიდვის გაგონებაც არ უნდოდა. მან მაკელელეს სთხოვა კიდევ ერთი კარგი სეზონი („სელტამ“ ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და უეფას თასზე ¼ ფინალში გააღწია) ჩაეტარებინა და შემდეგ 1.8 მილიონ ევროდ ანუ ორჯერ ძვირად, რაც „მარსელიდან“ მისი ყიდვა დაუჯდა, გაყიდდა. სეზონი გუნდმა მართლაც კარგად დაიწყო, დეკემბერში მეორე ადგილზეც იყო, მაგრამ საბოლოოდ მეშვიდეზე გავიდა და უეფას თასიდანაც მეოთხედფინალიდან გამოვარდა.მაკელელემ წინასწარ კონტრაქტი გააფორმა „ვალენსიასთან“, რათა ორასიო გომესს გადაფიქრება გაძნელებოდა, მაგრამ სეზონის ბოლოსკენ აღმოჩნდა, რომ მასზე პრეტენზია „რეალსაც“ გაუჩნდა.„გომესმა მითხრა, რომ „რეალს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმყიდდა თუ 4.8 მილიონ ევროს გადაუხდიდა ანუ იმდენს, რაც წინა სეზონში მიჩელ სალგადოს შეძენა დაუჯდათ. პრობლემა გახდა „ვალენსიასთან“ კონტრაქტიც. მამასთან მოლაპარაკების შემდეგ, გამოვუტყდი „ღამურების“ პრეზიდენტს პედრო კორტესს, რომ „რეალში“ გადასვლა უფრო მინდოდა. მან გამიგო და წინასწარი კონტრაქტის ანულირება მოვახდინეთ. ის ნამდვილად დიდებული ადამიანია“, – ამბობს მაკელელე. (სხვათა შორის, ეს ის პედრო კორტესია, რომელსაც 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვების აღსანიშნავ ზეიმზე გალეშილმა ჟერარ პიკემ ზურგში მიაფურთხა).„რეალმა“ მაკელელე ფერნანდო რედონდოს შემცვლელად იყიდა. 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის გმირი რედონდო „მილანს“ მიჰყიდეს, რათა ლუიშ ფიგუში გადახდილი თანხა მცირედით მაინც აენაზღაურებინათ. „რეალში“, ისევე როგორც „სელტაში“, მისი მეწყვილე ისევ ბრაზილიელი, ფლავიო კონსეისაო გამოდგა. ისინი ძალიან სწრაფად შეთამაშდნენ და ძალზე სასარგებლოდაც ირჯებოდნენ, მაგრამ მაკელელე იმას განიცდიდა, რომ როდესაც ბურთით იყო, ზოგჯერ 80-ათასიანი ინჩადა ტრიბუნებიდან რედონდოს სკანდირებდა და ეჩვენებოდა, რომ მას გულშემატკივრები ვერასოდეს ვერ შეიყვარებდნენ.არადა, შეიყვარეს. მადრიდში კლოდი შეხვდა ჯერ კიდევ ნანტიდან ნაცნობ გოგონას ალექსანდრა შოველს, რომელსაც ესპანეთში საიუველირო მაღაზია გაეხსნა. 2001 წლის დეკემბერში, როდესაც მათ ქალიშვილი შანა შეეძინათ, მაკელელე „რეალის“ ფანებში უკვე პოპულარული იყო. საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია მან გაამრავალფეროვნა, არა მარტო შლიდა მოწინააღმდეგის შეტევებს და ბურთი ამოჰქონდა, არამედ იძლეოდა ზუსტ და საკმაოდ მახვილგონივრულ პასებს ნებისმიერ მანძილზე და ამით ბევრად უიოლებდა საქმეს ფიგუს, ზიდანსა და რაულს.სხვათა შორის, „რეალის“ მიერ ზიდანის ყიდვის შემდეგ ის სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. ოქტომბერში „ლას-პალმასთან“ წაგების შემდეგ, გუნდი მე-14 ადგილზე დაეშვა. ვეტერანები ზიდანს აკრიტიკებდნენ, რომელსაც თავის მხრივ არ აწყობდა მარცხენა ნახევარმცველის პოზიცია. მაკელელემ ზიდანი გვერდზე გაიყვანა და უთხრა: „რეალში“ ერთადერთი ბოსი რაულია და თუ მას მორიენტესთან თამაში ურჩევნია, ვერაფერს გააწყობ. ზუსტად იგივე პრობლემები ჰქონდა ნიკოლა ანელკასაც. მერე რა რომ ზიდანი ხარ, სჯობს შეეგუო მარცხენა ფლანგზე თამაშს და როდესაც დაინახავენ, რომ სარგებლობა მოგაქვს, შემდეგ შეგეძლება ნებისმიერ პოზიციაზე გადაადგილდე. დაივიწყე იტალიური ფეხბურთი, თავი დაანებე უკან ჩასვლას, თამამად შეუტიე, ბურთის დაკარგვაზე ნუ ინერვიულებ, მე ყოველთვის დაგაზღვევ“.რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც „რეალმა“ ზიდანის გოლით ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაკელელეს აგენტმა მარკ როჟემ კლუბთან ახალ კონტრაქტზე დაიწყო მოლაპარაკება. კლოდი მსოფლიოს ნომერ პირველ საყრდენ ნახევარმცველად იყო აღიარებული და წელიწადში მხოლოდ 300 ათას ევროს გამოიმუშავებდა. აგენტი მოითხოვდა თვიური 28 ათასი ევრო 45 ათასამდე გაეზარდათ („სელტადან“ გადასვლისას მაკელელეს დაპირდნენ, რომ თუ გუნდი ტიტულებს მოიგებდა, ხელფასს აუცილებლად მოუმატებდნენ, მაგრამ შემდეგ უარზე დადგნენ). იმავე პერიოდში, 2002 წლის ბოლოს კლოდი ალექსანდრას დაშორდა, რომელიც ბავშვთან ერთად ნანტში დაბრუნდა.2003 წლის ზაფხულში მაკელელემ ვარჯიშზე უარი განაცხადა, კლუბის ექიმმა კი ანტიდეპრესანტები დაუნიშნა და წვრთნისგან გაათავისუფლა. მაკელელემ ორი კვირა სახლში გაატარა და გარაჟთან თავისთვის ბურთაობდა, შემდეგ კი ხორხე ვალდანომ დაურეკა და აცნობა, რომ მზად არიან გაყიდონ, მაგრამ ჯერ ვარჯიში უნდა განაახლოს, რადგან გაქარწყლდეს ხმები, რომ გაფიცვა აქვს გამოცხადებული. მაკელელე დაბრუნდა და სამი დღის შემდეგ უკვე „ჩელსიში“ 20 მილიონად გადავიდა. ახალი კლუბის ბაზაზე მისულმა დაინახა ბურთიანი ჰოკეის სამოყვარულო გუნდის ორი მოედანი, ძველი გასახდელები და საშხაპე, სადაც ცხელი წყალი არ მოდიოდა. „ჩელსიში“ მაკელელეს მეორე მატჩი შუადღეს იწყებოდა და საუზმედ ფეხბურთელებს მაკარონი, ლორიანი ომლეტი და სტეიკები მიართვეს, რათა მოღონიერებულიყვნენ. ასეთი გახლდათ „ჩელსი“, როდესაც ის რომან აბრამოვიჩმა იყიდა. პირველივე ვარჯიშზე აბრამოვიჩმა გამოკითხვა დაუწყო რობერტო კარლოსზე, ზიდანზე და რონალდოზე. აინტერესებდა რა ხალხი იყო, რა ხასიათები ჰქონდათ…რამდენიმე კვირის შემდეგ მაკელელემ თავის კონტრაქტში ჩაიხედა და ნახა, რომ სატრანსფერო ფული სრულად არ ჰქონდა აღებული. აბრამოვიჩის თანაშემწემ ევგენი ტანენბაუმმა აუხსნა: „კლუბმა შეთანხმებული თანხა გადაიხადა და თუ რამე პრობლემაა, ეს მათ არ ეხება“. გაირკვა, რომ კლოდის აგენტმა მარკ როჟემ 2.5 მილიონი ევრო მიითვისა, ჩათვალა რა რომ ეს მისი საკომისიო გახლდათ. როდესაც მაკელელემ ფულის დაბრუნება მოსთხოვა, როჟეს უარი არ უთქვამს, მაგრამ ამას მოგვიანებით გააკეთებდა. კლოდი მასთან ჯერ კიდევ „ნანტიდან“ თანამშრომლობდა და ამიტომ ენდობოდა. ეგ კი არა, შვეიცარულ „სერვეტში“ საინვესტიციოდ კიდევ მილიონნახევარი ევრო ასესხა. მოგვიანებით გაირკვა, რომ როჟე ამ ფულებს სამაქინაციოდ იყენებდა და რამდენიმეჯერ ფინანსურ დოკუმენტებზე მაკელელეს ხელმოწერაც კი გააყალბა. როდესაც მარკი დააპატიმრეს, მისმა ცოლმა დახმარება ისევ მაკელელეს სთხოვა, ვინაც უარი უთხრა, რადგან იმ კაცს ფულს აღარ მისცემდა, ვისაც მისი 4 მილიონი ევრო მართებდა.პირველ ორ სეზონში „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ძალიან ახლოს იყო. მაკელელე მიხვდა, რომ აბრამოვიჩს ძალიანაც არ უნდოდა გუნდს უცებ მოეგო ჩემპიონთა ლიგა. აბრამოვიჩს არ მოსწონდა, რომ კლუბის აგრესიული სატრანსფერო პოლიტიკა და ეპატაჟური მთავარი მწვრთნელის ჟოზე მაურინიოს გამოხტომები მედიის უარყოფით გამოხმაურებებს იწვევდა და გრძნობდა, რომ „ჩემპიონთა ლიგის ყიდვას“ დააბრალებდნენ . ამიტომ ერჩივნა ეს ტიტული მაშინ მოეგო, როდესაც ვნებები დაცხრებოდა და „ჩელსის“ გამარჯვებას ყველა ნორმალურ მოვლენად აღიქვამდა. თავის მეორე „ჩელსურ“ სეზონში მაკელელე პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი და მეორედ მამა: 2004 წლის 24 თებერვალს მსახიობმა ნაომი ლენუარმა ვაჟი კეილანი გაუჩინა. ნაომიმ და კლოდმა ერთმანეთი პარიზში გაიცნეს, მაგრამ ლონდონში დაახლოვდნენ, სადაც ქალი რეკლამის გადაღებებზე ჩაფრინდა.2006 წელს „ჩელსიმ“ მაკელელეს კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა, ოღონდ იმ პირობით, რომ საფრანგეთის ნაკრებში აღარ ითამაშებდა. მან ეს შეთავაზება ნორმალურად ჩათვალა, რადგან 33 წელს უახლოვდებოდა. თუმცა, ზაფხულისთვის სიტუაცია შეიცვალა:„2004-2006 წლებში „ჩელსი“ ერთი ბანდა ვიყავით. ერთად ვისვენებდით, ერთად ვსვამდით და ერთად ვიგებდით მატჩებს, – წერს ავტობიოგრაფიაში მაკელელე – მაგრამ ეს ყველაფერი მაურინიომ დაარღვია ბალაკისა და განსაკუთრებით შევჩენკოს საეჭვო ტრანსფერებით. გუდიონსენისა და დაფის წასვლით, რომლებიც ბრიტანელებსა და უცხოელებს ერთ მუშტად გვკრავდნენ, გასახდელში სიტუაციაში  დამძიმდა“.„კლოდი 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ მატჩებში საკვანძო ფიგურა იყო, მაგრამ სულ გაიძახოდა, რომ ნაკრებიდან წავიდოდა, – იხსენებს თავის წიგნში საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რაიმონ დომენეკი – ერთხელაც დამირეკა და მითხრა, რომ მას კარგად შეცვლის „ჩელსიში“ მისი თანაგუნდელი, 21 წლის ლასანა დიარა. მე ყოველნაირად ვცდილობდი მისთვის ეს გადაწყვეტილება შემეცვლევინებინა და ეს აიწონა-დაიწონას თამაშს დაემსგავსა“.2006 წლის მუნდიალის შემდეგ მაკელელემ გამოაცხადა ნაკრებიდან წასვლის შესახებ, მაგრამ დომენეკი აგრძელებდა მის გამოძახებას. მაურინიომ დომენეკი დაადანაშაულა, თითქოს ის კლოდს მონასავით ექცეოდა და ამ დროს თავად ძირითადში ხშირად აღარც აყენებდა. მაკელელე 2007 წელს ნაკრებში დაბრუნდა და პსჟ-ში გადასასვლელად გაემზადა, მაგრამ „ჩელსის“ სპორტულმა დირექტორმა ავრაამ გრანტმა პირადად აბრამოვიჩის თხოვნა გადასცა, კიდევ ერთი წლით გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი.სექტემბერში დაირხა ხმები მაურინიოს შესაძლო გადაყენების შესახებ. ვარჯიშის წინ მაკელელე გაესაუბრა ფიზმომზადების მწვრთნელს ლუის ფარიას, რომელმაც დაუდასტურა, რომ მაუს რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის ჯონ ტერი უჩიოდა. მას უნდოდა ზურგის ტრავმის შემდეგ ფორმა აეკრიფა, მაურინიო კი სათადარიგო სკამზე სვამდა.ახალ მთავარ მწვრთნელს ავრაამ გრანტს ფეხბურთელები არ უსმენდნენ, რადგან სერიოზულად არ აღიქვამდნენ. კლოდი წერს:„თვით მეორე მწვრთნელი სტივ კლარკი ფეხბურთელებთან არ მალავდა გრანტის კომპენტენციაში ეჭვებს და ისიც ფაქტი იყო, რომ ვარჯიშები ერთფეროვანი გახდა და ტაქტიკური მეცადინეობებიც უინტერესო“.მაკელელე დაეხმარა გრანტს გუნდში დაძაბულობა მოხსნილიყო. დაინახა რა, რომ დიდიე დროგბა გაღიზიანებული იყო მაურინიოს გადაყენებით, გვერდზე გაიყვანა და უთხრა:„კლუბმა მაუს დიდი კომპენსაცია გადაუხადა და თავს მშვენივრად გრძნობს, შენ კი ბრაზობ და ნერვიულობ. თუ მას ჭირდები, როგორმე მოახერხებს თავის ახალ გუნდში გადაგიყვანოს, მანამდე კი აქ მთელი ძალით ითამაშე“.ჩემპიონთა ლიგის მოსკოვურ ფინალში დამარცხების შემდეგ, მაკელელემ „ჩელსი“ დატოვა და პსჟ-ში გადავიდა. სამი წელი უკაპიტნა პარიზულ გუნდს, შემდეგ კი ლეონარდოს, ბლანის და ანჩელოტის თანაშემწედ იმუშავა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო დამოუკიდებელი მწვრთნელობა „ბასტიაში“, სადაც ვერაფერი გააკეთა (3 მოგება 13 მატჩში). ასევე სწრაფად დატოვა „მონაკოს“ სპორტული დირექტორის პოსტი (ვერ შეეწყო მთავარ მწვრთნელს ჟარდიმს), ცხრა თვე „სუონსის“ სამწვრთნელო შტაბში დაჰყო, ხოლო შემდეგ ბელგიის სუსტ გუნდს „ეუპენს“ ორი წელი უთავკაცა და იქიდან 2019 წელს „ჩელსიში“ დაბრუნდა, სადაც დღემდე კლუბის ტექნიკური დირექტორის პოსტი უკავია.წყარო: L’Équipe
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო