11 X 11
სპორტული პორტალი

“ინტერმა”, “მილანმა”, “იუვემ” გაუშვეს – მარადონას დონეზე იყო, თუმცა თამაშობდა ისე, როგორც უნდოდა

0

და ისე თამაშობდა, როგორც თავად სურდა და მოსწონდა

სამხედრო ვერტმფრენი ფლორენციის თავზე დაფრინავდა, ხოლო ქალაქს სქელი კვამლი ფარავდა და პოლიციის და სახანძრო მანქანების სირენების ხმა აყრუებდა იქაურობას. დონატელოსა და სავონაროლას მოედნებზე მოლოტოვის კოკტეილებს ისროდნენ და იქაურობა ჯოჯოხეთის იტალიურ ფილიალს დამსგავსებოდა. ირგვლივ ნამდვილი ქუჩის ბრძოლები წარმოებდა. პოლიციელები ჰაერში სროლით ცდილობდნენ აღშფოთებული ხალხის გაფანტვას, რომლებსაც ხელკეტებით იგერიებდნენ და რაციით ბოლონიიდან დამატებით  რაზმების მოშველებას ითხოვდნენ. სამართალდამცავთა მიმართულებით კი აგურები და არმატურის გადანაჭრელები მიშხუილობდნენ. ვია დელ კამპაჩოზე ახალმშენებლობა იწვოდა, რადგან ვიღაცამ მძლავრი ხელნაკეთი ბომბი ისროლა.

ამ არეულობის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ „ფიორენტინამ“ ოფიციალურად იუწყა რობერტო ბაჯოს გაყიდვის შესახებ. ერთი წლის შემდეგ ბაჯო „იუვენტუსთან“ ერთად დაბრუნდა ფლორენციაში. მატჩში პენალტი გამოიმუშავა, მაგრამ მის დარტყმაზე უარი განაცხადა. მწვრთნელმა ჯიჯი მაიფრედიმ ბაჯო მოედნიდან გაიყვანა. გასვლისას, ბაჯომ ტრიბუნიდან ნასროლი „ფიორენტინას“ ემბლემა „ვარდი“ აიღო და ამ ჟესტით მისდამი მიმართული ზიზღი აღტაცებად შეცვალა.

ბაჯო ემოციათა კატალიზატორი გახლდთ. თუ უყვარათ, უყვარდათ გაღმერთებამდე და თუ სძულდათ, ზიზღის გამოხატვის ფორმები კატალონიური „ღორის თავებთან“ შედარებით ბავშვურ ანცობად მოგეჩვენებოდათ.

როდესაც ვნებები ჩაცხრა, გაირკვა რომ იტალიაში რობერტო ბაჯოზე ძლიერ არც არავინ ყვარებიათ!

 

ბაჯო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ინდივიდუალურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი გახლდათ, რომლის დონეზე მხოლოდ დიეგო მარადონა განიხილება

არსებობს რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ იმის მიზეზად თუ რატომ უყვარდათ ის ასე ძლიერად. მას საათობით შეეძლო ავტოგრაფები ერიგებინა და უარი არავისთვის ეთქვა. 1998 წლის ზამთარში არ გადავიდა ჩემპიონატის ლიდერ „ინტერში“, რადგან ეს მისი გუნდის, „ბოლონიასადმი“ უპატივცემულობა იქნებოდა. ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება, მაგრამ უდიდესი სიყვარული მან მაინც საკუთარი თამაშით დაიმსახურა.

ბაჯო არ ყოფილა იმდენად გავლენიანი ფეხბურთელი, როგორიც პლატინი ან ხავი იყვნენ. მისი თამაშით არ ხდებოდა გუნდის სათამაშო სტილის განსაზღვრა და არც გუნდიც მასზე არ თამაშობდა. ხშირად იყო შემთხვევები, რომ კარგად ვერ ასპარეზობდა. ის კი იყო „ათიანი“, მაგრამ ვერავინ იტყოდა, რომ პლეიმეკერი გახლდათ. მიშელ პლატინიმ მას „ცხრანახევარი“ უწოდა. რობი არტისტული აზროვნებისა და ეფექტიანობის ნაზავი ბრძანდებოდა, მოედანზე ერთდროულად იყო პოეტი და „პისტოლეტი“.

„როდესაც საშუალება მეძლეოდა რაიმე ჯადოქრული გამეკეთებინა, მე ამაზე დაუფიქრებლად მივდიოდი, რადგან მაგია შედეგიანობის დამატებად მიმაჩნდა“, – ამბობს რობი.

სილამაზისა და შედეგიანობის შერწყმა განაპირობებდა იმას, რომ ნაკლებად აფასებდნენ მის ერთ თვისებას – მინიმალურად ეხებოდა ბურთს. 1993/94 წლების სეზონში უეფას თასზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ მატჩში ბაჯო მეურვეს გაექცა და შეეძლო ორივე კუთხეში დაერტყა ანაც რავანელისათვის მიეცა პასი, მაგრამ მაინც წინ მდგარ ორ მცველს შორის გასხლტა და ისეთ პოზიციაზე გავიდა, რომ საიდანაც კარისთვის ბურთის აცილება თითქმის შეუძლებელი გახლდათ. მისი ნებისმიერი მოძრაობა ამ ეპიზოდში სიტუაციიდან გამომდინარე და გამართლებული კი გახლდათ, მაგრამ ამას და ასე მხოლოდ ბაჯო თუ გააკეთებდა.

ან ეს გოლი, როცა იტალიის თასზე “ლიკატას” მეკარე სამჯერ მოატყუა..

საერთოდ, ამგვარი იშვიათი ტალანტის მქონე ფეხბურთელები „თამაშს აწყობენ“, მას წარმართავენ, მაგრამ ბაჯო ასეთი ნამდვილად არ იყო, ხშირად ჰქონდა მომენტები მატჩის განმავლობაში, რომ თამაშიდან ამოვარდნილი იყო. სამაგიეროდ, თუ აფეთქდებოდა, მისი გაჩერება შეუძლებელი ხდებოდა. რობი ის იშვითი ფეხბურთელთაგანი იყო, რომელზეც ყოველგვარი მეტაფორულობის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ თამაშები მარტოს მოუგია (იტალიის ჩემპიონატებში მის მიერ გატანილი 205 გოლიდან 96 მოგების ანაც ფრის მომტანი გამოდგა). მას შეეძლო ბურთი მოეგდო, მარტო დაძრულიყო კარისაკენ, გზად ყველა მოეტყუებინა  და გოლი შეეგდო. სწორედ ამან მოხიბლა დიეგო მარადონა, რომელმაც ნახა ბაჯოს მიერ 1990 წლის მუნდიალზე ჩეხოსლოვაკიის ნაკრების კარში გატანილი გოლი და ისე შეუყვარდა, მისი სახელი და გვარიც კი არ იცოდა.

თავად ბაჯო ამას ასე ხსნიდა: „ფეხბურთი რაღაც რთულისა და დაუვიწყარის შექმნის საშუალებად მიმაჩნია. იოლად გატანილ გოლებს ჩემთვის სიხარული კი, მაგრამ სიამოვნება არასოდეს მოუტანიათ“.

მისი გარღვევები რაღაც მისტიკურის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რადგან არასოდეს ხაზგასმულად არ ფინტაობდა, ხშირად სირბილის ტრაექტორიასაც კი არ იცვლიდა და ადამიანს ეჩვენებოდა, რომ ეს სადღაც, პარალელურ სამყაროში ხდებოდა. მისი დრიბლინგი ემყარებოდა ძალიან დროულ აჩქარებებს, ფენომენალურ ყოვნებს, სივრცის საოცარ შეგრძნებას და იდეალურ ტექნიკას – გეგონებოდა, რომ ბურთი ფეხზე ჰქონდა მიბმული და თითქოს  სიარულიც  ასე ისწავლა. ბაჯოს დრიბლინგი ეს იყო ყოველგვარი ზედმეტობისაგან თავისუფალი და ლაპიდარულობამდე დახვეწილი. რომ ნახოთ როგორ ართმევენ ბურთს, 1 შეხვედრის ყურება საკმარისი არ იქნება.

„ტექნიკურად ის სრულყოფილი იყო, ბურთით რასაც სურდა, იმას აკეთებდა, – იხსენებს“ინტერის“ ყოფილი თავდამსხმელი მოჰამედ კალონი. – ვარჯიშებზე უბრალოდ გახევებული ვიდექი და ვუყურებდი თუ რას აკეთებდა, მინდოდა მისგან რაღაცეები „მომეპარა“, მაგრამ ეს ყველაფერი ამაო გამოდგა, რადგან ბაჯოს კოპირება შეუძლებელია“.

22 წლის ასაკში ბაჯო მარადონას ეტოქებოდა. 26 წლისამ მოიგო უეფას თასი და მიიღო „ოქროს ბურთი“. 27 წლისამ გაათრია იტალიის ნაკრები მუნდიალის ფინალში, გაიტანა რა პლეი-ოფის ყველა მატჩში გამარჯვების მომტანი გოლები. მას ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდაც კი თვლიდნენ, მაგრამ 37 წლის ასაკში კარიერა „ბრეშიაში“, ყოველგვარი ტიტულების გარეშე დაასრულა. მასზე მიმდევრობით უარს ამბობდნენ გრანდები – „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“. ყველგან დიდხანს უხდებოდა სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისათვის ბრძოლა.

არადა, მისი მასშტაბის ფეხბურთელებს მსგავსი რამ არასოდეს დამართნიათ.

123 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული, მაგრამ გუნდურ მოთამაშედ მაინც არავინ თვლიდა

 

მიიჩნევა, რომ ამის მიზეზი ბაჯოს მწვრთნელებთან რთული ურთიერთობებია, რომლებსაც რაღაც მიზეზთა გამო ის არ უყვარდათ (გავრცელებული მოსაზრებაა, რომ მათ არ იცოდნენ როგორ გამოეყენებინათ ასეთი ტალანტის მქონე ფეხბურთელი). ამ მოსაზრებას თავად რობიც იზიარებს:

„თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელები საკუთარ თავს ფეხბურთელებსა და გუნდზე წინაც კი აყენებენ, მე კი მათ ვჩრდილავდი. შოუში, სადაც მთავარ როლში ისინი უნდა ყოფილიყვნენ, მე ვიყავი ყველასაგან გამორჩეული. სწორედ ამის გამო ვერ მიტანდნენ, მაშინ როდესაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ვუყვარდი და უდიდეს პატივს მცემდნენ”.

ბაჯო არც არასოდეს მალავდა თავის მოსაზრებას, რომ მწვრთნელები არ თამაშობენ მთავარ როლს გუნდების წარმატებებში. ხშირად ეკამათებოდა მათ და ზოგიერთს მტრობდა კიდეც. თუმცა, ეს მტრობა და აუტანლობა ყოველთვის ორმხრივი არ ყოფილა, რადგან ამგვარ დამოკიდებულებას უმეტესად თავად რობი უკეთებდა პროვოცირებას.

„ფიორენტინაში“ ეკამათებოდა თანაგუნდელებს, რადგან ვარჯიშებზე ოფლიც კი არ გამოსდიოდა და შემდეგ უკვირდა, რომ მწვრთნელი სათადარიგოთა სკამზე ტოვებდა. მაიფრედის დროს „იუვენტუსში“ ხშირად ვარჯიშზე არც მიდიოდა, რადგან ნადირობის სეზონი იყო. ტრაპატონისაგან მოითხოვდა მისდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონოდა და წყინდა, სხვებისგან რომ არ არჩევდა. „ბოლონიაში“ კი მწვრთნელს კლუბის პრეზიდენტთან უჩივლა, სასტარტოში არ მაყენებსო.

„ვერ ვიტყვი რომ ვარჯიშებზე თავს ვიკლავდით, ორმხრივ თამაშებში კი ფეხებს ვუფრთხილდებოდით, – იგონებს „უდინეზეს“ ბომბარდირი დარიო ჰუბნერი. – აი, ბაჯო კი თითქმის არ გვეკარებოდა, სულ ცალკე ერთობოდა ბურთით. ხშირად ვეღადავებოდით, არიქა, ოფლი არ გამოგივიდეს და ქარმა არ დაგკრასო, მაგრამ ნებისმიერს გვესმოდა, რომ ის გამორჩეული ფეხბურთელი იყო და მის მხარდამხარ თამაში ბედნიერებად მიგვაჩნდა“.

ყველა მწვრთნელთაგან არასპორტული მიზეზებით უკმაყოფილება ბაჯოს მხოლოდ მარჩელო ლიპისთან ჰქონდა. რობის თქმით, ლიპიმ „ინტერის“ ფეხბურთელების „ჩაშვება“ თხოვა და როდესაც ზიზღნარევი უარი მიიღო, გაბრაზდა. თავად ლიპი ამას კატეგორიულად უარყოფს.

მართალია თუ არა ეს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ვერავინ ვერასოდეს ახსნის თუ რატომ თქვა „იუვენტუსში“ ლიპიმ მასზე უარი.

ლიპი აფასებდა მხოლოდ ისეთ ვარსკვლავებს, რომლებიც პირველ პლანზე გუნდის ინტერესებს აყენებდა. ასეთი დელ პიერო იყო(ამ სიტყვებით დაასრულა თავისი კარიერია ლიპიმ “იუვეში”). ბაჯო კი ასეთი მართლაც არ გახლდათ და ამ მწვრთნელის მთავარ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა. რობერტო ნამდვილად არ იყო ეგოისტი ფეხბურთელი, უამრავ საგოლე პასს იძლეოდა, ხშირად მაშინაც კი, როდესაც თავად შეეძლო გატანა, მაგრამ ცხოვრების თავისებური წესის და კარჩაკეტილობის გამო (ყოველდღიური ორსაათიანი ბუდისტური ლოცვები, ცალკე ვარჯიშის მოთხოვნა და ა.შ.). ის არც მალავდა, რომ მაინცადამაინც არც გუნდის წარმატება-წარუმატებლობა აღელვებდა. ერთხელაც, როდესაც „იუვენტუსთან“ მატჩისას „ბოლონიას“ შემადგენლობაში არ დააყენეს, მთავარ მწვრთნელსაც ეჩხუბა და თანაგუნდელებსაც. ასეთი საქციელის გამო „იუვეს“ მეკარე ტეფანო ტაკონი მას „გასახდელის ამრევს“ ეძახდა.

ერთი ყველაზე გახმაურებული მსგავსი სკანდალი რობის არიგო საკისთან შეემთხვა 1994 წლის მუნდიალის დროს. მწვრთნელმა ის ნორვეგიასთან მატჩის პირველი ტაიმის შუაში შეცვალა, რადგან მეკარე პალიუკა გააძევეს. ამ ნაბიჯმა გაამართლა, იტალიამ თამაში გადაარჩინა, მაგრამ ბაჯო გაბრაზდა და დონ არიგოს უხეშად მიმართა, რომ ის მას სათანადოდ არ აფასებს და მსგავს შეცვლას მარადონას ვერასოდეს გაუბედავდა.

ამავე მუნდიალის დროს მან მწვრთნელებს შესჩივლა, რომ პარტნიორები პასებს არ აძლევენ, ხოლო საკიმ ვარჯიშზე მცველებს დაავალა, რობი პასებით მოემარაგებინათ, რათა მისთვის თვითრწმენა დაებრუნებინა.

 

ბაჯომ არ ისურვა დროისათვის ფეხის აწყობა, არადა ფეხბურთი შეიცვალა

 

80-იანი წლების ბოლოს არიგო საკიმ ფეხბურთში ტოტალური პრესინგი დანერგა, ხოლო ტაქტიკურ სქემაში 4-4-2 კლასიკური „ათიანი“ „გააუქმა“. ეს სიახლე ყველამ გადაიღო და ფეხბურთი გუნდური პრესინგის თამაშად იქცა, რომელიც განსაკუთრებულ ათლეტიზმსა და ფიზიკურ მზაობას მოითხოვდა. არასისტემური „ათიანის“ ფუნქცია, რომელიც პასს თავისუფლად იღებდა და თამაშს ალაგებდა, ახალ ტენდენციაში უადგილო გახდა. „ათიანს“, რომელიც პერსონალურ პრესინგს გასამწვავებელი პასებით ან დრიბლინგით ანგრევდა, ახლა ბურთისათვის ბრძოლა, ართმევა და თავისი ზონის მუდმივი კონტროლი მოეთხოვებოდა. ერთი სიტყვით, მას ზონურ პრესინგში უნდა მიეღო მონაწილეობა ანუ გამუდმებით უბურთოთ წინ და უკან უნდა ემოძრავა. ასე რომ, „თავისუფალი მხატვრები“ საჭირონი აღარ იყვნენ, „მხატვრებს“ კი შავი სამუშაო უნდა ეკისრათ.

რობერტო ბაჯო კი ამ ახალი ტენდენციის ყველაზე შესამჩნევი მსხვერპლი გახდა. 1994/95 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ბაჯომ ტრავმა მოირჩინა და როდესაც „იუვენტუსს“ დაუბრუნდა, აღმოაჩინა რომ მის ადგილას 4-4-3 სქემაში 20 წლის ალესანდრო დელ პიერო თამაშობს. მართალია, ბაჯო შემადგენლობაში დააბრუნეს, მაგრამ ის ფლანგის მოთამაშე არასოდეს ყოფილა და სეზონის ბოლოს „მილანს“ საკმაოდ იაფად მიყიდეს.

„ფეხბურთი შეიცვალა, ნამეტნავად გართულდა და მე ის სიამოვნებას აღარ მანიჭებს, მაგრამ იმედი მაქვს მაყურებლებს მაინც მივანიჭებ სიამოვნებას“, – თქვა მაშინ ბაჯომ.

„მილანში“ გატარებული ორი წელიწადი მის კარიერაში ყველაზე უნაყოფო გამოდგა. მართალია, პირველ სეზონში გულშემატკივრებმა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მაგრამ მაინც ვეას ჩრდილში იყო და ვერც სავიჩევიჩთან კონკურენციაში გაიმარჯვა. ამ პერიოდში როსონერის კაპელო, ტაბარესი და საკი წვრთნიდნენ, მაგრამ არც ერთი ბაჯოს ძირითადის ფეხბურთელად არ მიიჩნევდა, მაშინ როდესაც თითოეული  მას სხვადასხვა დროს დიდ ფეხბურთელად ასახელებდა. როდესაც ბაჯოს უკმაყოფილება შეიტყო, ოსკარ ტაბარესმა პირდაპირ მიახალა, რომ „თანამედროვე ფეხბურთში პოეტების ადგილი აღარ არის“.

არადა, რობი ამ ნათქვამს თითქმის ყოველთვის აცამტვერებდა, როდესაც კი მინდორზე გადიოდა. გოლებიც გაჰქონდა, მეურვეებსაც აცუცურაკებდა, მაგარ პასებსაც იძლეოდა… და მაინც ასეთი ტიპის ფეხბურთელის მაგივრად ახალი ფუნქციები დამატებით ვინმე სხვას უნდა ეკისრა. ამას თვით ბაჯოს ტალანტის დიდი მოტრფიალე, „ინტერის“ პრეზიდენტი მასიმო მორატიც კი აღიარებდა: „მხოლოდ ლუჩესკუმ იცის თუ როგორ უნდა ჩასვას გუნდში ბაჯო, რომ ამით სათამაშო მონახაზი არ დაირღვეს“. და მაინც, ტოპ-გუნდების მწვრთნელებს ერჩიათ ბაჯოს ყაიდის ფეხბურთელის ნაცვლად გუნდში უფრო „საიმედო“ და ‘შემსრულებელი“ მოთამაშე ჰყოლოდათ.

ცოტა ხანში დელ პიერო და ფრანჩესკო ტოტი ახალი ეპოქის „ათიანებად“ გადაიქცნენ, რომლებიც ზონურ თამაშსა და ბურთის ართმევასთან ერთად გუნდის თამაშსაც წარმართავდნენ, თითქოსდა „ათიანის“ ძველი ფუნქციებიც შეითავსეს. ბაჯოს ამის გაკეთება არც კი უცდია. 1997 წელს შეეძლო „პარმაში“ გადასულიყო და ჩემპიონთა ლიგაზე ეთამაშა, მაგრამ ანჩელოტისთან საუბრის შემდეგ, როდესაც კარლომ უთხრა, რომ ცენტრფორვადად სურდა მისი დაყენება, რობიმ უპასუხა, რომ მხოლოდ „ფანტაზისტა“ უნდა იყოს და „ბოლონიას“ მიაშურა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ „ბრეშიაშიც“ ამავე მიზეზით გადავიდა – „აქ ისე ვითამაშებ, როგორადაც მე მომწონს“.

 

მისი სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ბაჯოს შეცვლა?

 

კლასიკური „ათიანის“ სიკვდლი“ იმით აიხსნება, რომ პერსონალური მეურვეობა ტექნიკურ ფეხბურთელებს აძლევდა საშუალებას ერთი-ერთზე მეურვე დაეჩაგრა და ამის წყალობით ედომინირა მოედანზე. ზონური სისტემის დროს კი ეს უპირატესობა კი რჩებოდა, მაგრამ იმდენად ეფექტიანი და ეფექტურიც ვეღარ იყო.

ამგვარი ახსნა ბაჯოს შემთხვევაში უადგილოდ გვეჩვენება. მას იმხელა ტექნიკური არსენალი ჰქონდა და იმგვარი დრიბლინგი და მოედნის ხედვა, რომ პრესინგის ნებისმიერ სისტემაში შეძლებდა ძველებური წარმატებით ეთამაშა. ის ყოველთვის ახერხებდა ისეთ პოზიციაში და იმგვარად მიეღო ბურთი, რომ საკმაო დრო ჰქონდა მის დასამუშავებლად, შემდეგ მეურვეს გასცდენოდა და დაზღვევაზე მყოფიც ჩამოეშორებინა (90-ანების დასაწყისში მის განეიტრალებას ძალიან მჭიდროდ და მინიმუმ ორი მეურვით ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ). მისი საფეხბურთო ინტელექტი ნამდვილად იძლეოდა იმის საშუალებას, რომ რაგინდარად შეცვლილ ფეხბურთში თავისის ადგილი ეპოვნა.

და მაინც, ბაჯო ახალ საფეხბურთო ერაში თავს, ალბათ, ვერ დაიმკვიდრებდა, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ერთი თვისება. მიუხედავად იმისა, რომ უპირატესად ბრწყინავდა მოედანზე, მაინც ჰქონდა მომენტები, როდესაც „იკარგებოდა“. ის მაინც „აფეთქებების“ ფებურთელი გახლდათ და არასოდეს ყოფილა და ვერც იქნებოდა „გუნდური მოთამაშე“. ამიტომაც ლეგენდარულმა ჟურნალისტმა ჯანი ბრერამ ის რანგით მიშელ პლატინიზე დაბლა დააყენა, რადგან ფრანგი ერთდროულად იყო რეჟისორი, ბომბარდირი და ასისტენტიც.

ადრეული „ათიანის“ თავისუფლება ფარავდა ბაჯოს თამაშის არათანაბრობას და საშუალებას იძლეოდა ისე „დაკარგულიყო“, რომ ამას გუნდის შედეგზე არ ემოქმედა. გუნდი მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ თამაში აძლევდა საშუალებას ახალი მოვალეობები შეესრულებინა, მასაც დიდებულად უმკლავდებოდა, მაგრამ თუ სისტემა ისე ვერ იფუნქციონირებდა, როგორც საჭირო იყო, ბაჯო ის ფეხბურთელი ნამდვილად არ იყო, რომ ამ ჩავარდნისთვის თავი გამოედო და სხვად ქცეულიყო.

საფეხბურთო სამყარო დიდი ნაბიჯებით მიიწევდა წინ მობილობისაკენ, კომპიუტერებისა და გვარდიოლასკენ, ბაჯო კი მას უკან, რივერასა და სივორისკენ ექაჩებოდა, მხოლოდ კლასის ხარჯზე სურდა თამაშისაგან კაიფი მიეღო. ფეხბურთში  პოეტიკისა და ათლეტიზმის ჭიდილი მან პირად პროტესტად აქცია და ამას შესწირა თავისი კარიერის მეორე ნახევარი. რობის სურდა ისე ეთამაშა, როგორაც თავად სურდა და არა ისე, როგორც ეპოქა მოითხოვდა.

კარიერის ბოლოსკენ ბაჯომ აღიარა, რომ თანამედროვე ფეხბურთმა ის დაღალა. ის მაინც ლეგენდად იქცა, რომანტიკულ საბურველში გაეხვია და დროის მიღმურ სამყაროში დაჩრდილა ყველა თანამედროვე ფეხბურთელიც და საკუთარი მიღწევებიც კი. მისი კონკურენტები იქცნენ კარგ და წარმატებულ ვინგერებად, თავდამსხმელებად და ნახევარმცველებად, მაგრამ ვერასოდეს ვერ გახდებიან რობერტო ბაჯოები, რადგან ის არავის, მხოლოდ საკუთარ თავს ჰგავდა – დიდ ფებურთელს, რომელიც არავის  სჭირდებოდა.

წყარო: Sports

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო