11 X 11
სპორტული პორტალი

შერმადინმა ტენერიფელებს ვალენსია დაამარცხებინა და მორიგი MVP-ის ტიტული დაიმსახურა

0

გიორგი შერმადინის კიდევ ერთი ზეშედეგიანი მატჩი, რითაც ის კიდევ უფრო მიუახლოვდა თვის მორიგ MVP-ის ტიტულს. თავის მხრივ, თვის მოთამაშის პრიზები პირდაპირ კავშირშია და განსაზღვრავს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას. შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში თავის გუნდ “ლენოვო ტენერიფეს” “ვალენსია 90:86 დაამარცხებინა. ის ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-იც დამსახურებულად გახდა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 24:10 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 10-დან 7 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ცხადია, ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

ლენოვო ტენერიფეს 20 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის რეალსა და ბარსელონას ჩამორჩება. შემდეგ ტურში ტენერიფელები სტუმრად, 3 აპრილს, “ბეტისს” შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ შერმადინი მიმდინარე სეზონში ორჯერ გახდა თვის – ოქტომბრისა და იანვრის MVP და ეს შედეგი მარტშიც თუ გაიმეორა, მთლიანად სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებაში მას წინ ფაქტობრივად ვეღარავინ დაუდგება.

GBF.GE

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო