11 X 11
სპორტული პორტალი

მესის პირველი მწვრთნელი: ლეოს დედა წინააღმდეგი იყო, ბებიამ გააბედინა

0

სალვადორ აპარისიო ის კაცია, რომელიც ლეო მესის პირველად წვრთნიდა, თუმცა მის აღმოჩენას საკუთარ თავს არ მიაწერს. სამწუხაორდ, აპარისიო 2008 წელს გარდაიცვალა და ვერ ნახა, თუ როგორ შეისხა ლეოს ტალანტმა ბოლომდე ფრთები, მაგრამ “გრანდოლის” მწვრთნელმა იხილა, როგორ ითამაშა მესიმ “ბარსელონას” პირველ გუნდსა და არგენტინის ნაკრებში.

მოგეხსენებათ, მესი როსარიოში დაიბადა და “ნიუელს ოლდ ბოისის” ფეხბურთელი 6 წლის ასაკში გახდა, 13 წლისამ კი სამშობლო დატოვა და ბარსელონაში გადაცხოვრდა. იქამდე კი ლეო მხოლოდ 4 წლის იყო, როცა ადგილობრივ კლუბ “გრანდოლიში” თამაშობდა, სადაც მწვრთნელი აპარისიო იყო.

ინტერვიუში, რომელიც მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაიწერა, აპარისიომ მესის ბავშვობა გაიხსენა.

“მესი ოჯახთან ერთად ერთხელ თამაშის საყურებლად მოვიდა, მისი ძმები იმ მატჩში იღებდნენ მონაწილეობას. 1 ფეხბურთელი მაკლდა და ლეოს დედას ვთხოვე ჩვენთვის დაეთმო.

დედა უარზე იყო, საერთოდ არ იცის თამაში, არასდროს უთამაშიაო. ბებიამ უბიძგა მოედანზე შემოსულიყო.

ის პატარა იყო, ძალიან პატარა. პირველად როცა ბურთი მისკენ წავიდა, უბრალოდ თვალი გააყოლა, მეორედ კი მარცხენა დაარტყა.

მერე, კი ბურთი დაიჭირა და მასთან ერთად მოედანზე სირბილი დაიწყო. დრიბლინგით გზიდან ყველა ჩამოიშორა.

ყველა თამაშში 6-7 გოლი გაჰქონდა. თან სუპერბუნებრივი იყო, ამ ყველაფერს უმარტივესად აკეთებდა.

პირველად “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრებში რომ ითამაშა გრძნობებს ვერ ვაკონტროლებდი, მხოლოდ ვტიროდი.

გესმით? ემოციების მოზღვავება იყო. შემდეგ კი “ხეტაფეს” ის სასწაული გოლი გაუტანა, ხალხი ამბობდა მარადონას მიერ ინგლისის კარში გატანილ გოლს ჰგავდაო, მე თუ მკითხავთ, ლეოსი უკეთესი იყო.

როცა მას ვუყურებ, ხშირად ცრემლები ავტომატურად მომდის. ის ჩემთვის განსაკუთრებულია. მე ლეო არ აღმომიჩენია, უბრალოდ პირველად ვათამაშე ფეხბურთი. რა შემიძლია ვთქვა? ძალიან ამაყი ვარ!”

ალბათ, აპარისიო ძალიან ბედნიერი იქნებოდა, მესის განვითარება რომ ენახა, ცალი თვალით მაინც შეეხედა, როგორ მოიგებდა მისი აღზრდილი 6 “ოქროს ბურთს”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო