11 X 11
სპორტული პორტალი

“ფუფუნებაზე არასდროს ვოცნებობდი,” – გუნდში ყველას გაეღიმა, როცა ფრანგი სკუტერით დაინახეს…

0

ნგოლო კანტეს მეხსიერებაში მხოლოდ რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი არ დარჩება. მას 1998 წლის ზაფხულის სურათიც მარტივად შეუძლია აღიდგინოს, საფრანგეთში გამართული მსოფლიო, ატმოსფერო. ეს მთელი ქვეყნისთვის უდიდესი ბედნიერება იყო. კანტესთვის კი დიდი იმედი.

ის მალე მომწიფდა. მისი მშობლები – მიგრანტები მალიდან – სანტიმების (ევრომდე ფრანგული ფული) გამო ქუჩებსა და კაფეებს ასუფთავებდნენ. ისინი პარიზის გარეუბანში, რიუენ-მალმეზონში ცხოვრობდნენ. უფრო სწორად, ამ უბნის მიყრუებულ კვარტალში, მეორე მხარეს ნაპოლეონისა და ჟოზეფინას აპარტამენტები მდებარეობს.

8 დედმამიშვილის გამოსაკვებად, ნგოლო ქუჩაში ნაგავს აგროვებდა, რათა გადაემუშავებინა და ცოტაოდენი თანხა შეეგროვებინა. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ტურისტები ურნებს ყურადღებას არ აქცევდნენ და ნაგავს პირდაპირ ქუჩაში ყრიდნენ. კანტე ამის გამო განსაკუთრებით ბედნიერი იყო. მან ფეხით ბევრი კილომეტრი იარა, დაცარიელებულ ფან-ზონებში კი მისმა ბიზნესმა განსაკუთრებული მოგება ნახა.

 

გამომუშავებული ფული კანტეს ილუზიის შესაქმნელად, რომ მისი ოჯახი სიღარიბეში აღარ ცხოვრობდა, საკმარისი იყო, თუმცა ამ მსოფლიოს სხვა უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა: 98-ის ნაკრებში ზიდანის, ტურამის, ვიერისა და ანრის მსგავსი მიგრანტები ბრწყინავდნენ. ამ ამ ფეხბურთელების შემხედვარე, მათ მსგავს ოჯახებს მოტივაცია ეძლეოდათ, რომ თუ იშრომებდნენ, წარმატებას ისინიც მიაღწევდნენ…

კანტე ბავშობიდან მორცხვი იყო, დიდი ფეხბურთის თამაშზე ოცნებობდა, თუმცა რომელიმე გუნდში თამაში ვერ გაებედა და ბურთს მხოლოდ ქუჩაში აგორებდა. ეს მანამ, სანამ ის სკოლის მასწავლებელმა არ შეამჩნია და მის მშობლებთან სალაპარაკოდ არ მივიდა. მეზობელ ქალაქში ნახევრად პროფესიული კლუბი სიურენი ფუნქციონირებს, რომელიც კანტესთვის პირველი გამოწვევა აღმოჩნდა. თანაგუნდელების ფონზე, ის ნამდვილ ჯუჯად ჩანდა, თუმცა მონდომებამ, დაუღლელობამ და ინტელექტმა მალე ცენტრის მეფედ აქცია. როცა გაიზარდა, უნდოდა რენში, სოშოში, ლორიენში ან რომელიმე დიდ კლუბში ეთამაშა, თუმცა ყველგან უარს ეუბნებოდნენ. მიზეზი ერთი იყო: ის საკმარისად არ გაიზარდა.

 

2010 წელს, სიურენში დაუჯერებელი  რამ მოხდა: მათ ფეხბურთელში ფული მიიღეს. ლიგა 2-ის ბულონმა კანტეში 8 ათასი ევრო გადაიხადა…

მსოფლიომ ნგოლოს მოკრძალებით აღფრთოვანება გვიან დაიწყო, ეს ყველაფერი კი ბულონში თანაგუნდელებმა მაშინვე შეამჩნიეს.

ყველაფერი სკუტერით დაიწყო…

დღის ერთ ნაწილს ის ბუღალტერიის სწავლას უთმობდა (აქვს ბაკალავრის დიპლომი და ორ წლიანი კურსები გაიარა). ერთ საღამოს, ის ბულონის ვარჯიშზე სკუტერით მივიდა, რაზეც ყველამ გაიღიმა. რა მოხდა? რატომ იღიმოდნენ? მას არ ესმოდა.

“მას ფული საერთოდ არ აინტერესებდა,” – იხსენებს გაზეთ ლიბერატიონტან ბულონის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟორჟ ტურნაი, – “როდესაც დავინახე, რომ ვარჯიშზე სკუტერით მოვიდა… ბევრი ვიცინე. მეტიც, ჩვენ გორაკზე ვვარჯიშობდით. ბიჭისთვის იქ მოსვლა ადვილი არ იქნებოდა”

3 წლის შემდეგ, როდესაც ის კაენში თამაშობდა და თვეში 30 ათას ევროს გამოიმუშავებდა, მანქანაზე მაშინაც არ ფიქრობდა. მხოლოდ დედისა და მეგობრების თხოვნის შემდეგ, ნგოლო პატარა რენო კლიოს ყიდვას დათანხმდა. ამაზე მწვრთნელმა პატრის გარანდმა უთხრა: “ასეთი პატარა მანქანით მშობლების წაყვანას სად მოახერხებ? იყიდე მეგანი,” კანტემ დაუჯერა, თუმცა ვერ მიხვდა ახლის ყიდვა რა საჭირო იყო და მეორადი მეგანი შეიძინა…

კანტესთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ორი რამ დამამახსოვრდა: მეგანი და მისი ზურგჩანთა,” – ეს კანის სპორტული დირექტორი, ალაინ აბელაა, – “თამაშების დროსაც, ნგოლო არა სპორტული, არამედ მისი სულელული ზურგჩანთით დადიოდა”

2015 წელს, ის ლესტერში 8 მილიონ ევროდ გადავიდა, კვირაში კი 40 ათას ფუნტს გამოიმუშავებდა. ფულმა მასში ვერაფერი შეცვალა. გარდიანი წერს, რომ თავდაპირველად, კანტეს ბაზამდე სიარული ფეხით სურდა. მან მანქანაზე სერიოზული უარი თქვა, სანამ ვარდიმ და სხვა თანაგუნდელებმა სერიოზული ზეწოლის ქვეშ არ მოაქციეს. ნგოლოს რაღა ექნა და… მინი კუპერი მეგობრისგან იყიდა…

ის მანქანას მაშინვე შეეჩვია. პრემიერლიგის მოგების შემდეგ, კლუბის მფლობელმა, ყველა ფეხბურთელს მდიდრული BMW I8S აჩუქა, თუმცა ნგოლომ მისი მინი კუპერიდან გადმოსვლაზე უარი განაცხადა.

ჩელსიში გადასვლის შემდეგაც, კანტემ მინი კუპერი არ დათმო. არისტოკრატებში ის კვირაში 110 ათას ფუნტს გამოიმუშავებს. 2018 წლის იანვარში, არსენალთან ლიგის თასის შეხვედრაზე მიდიოდა, როდესაც ავარიაში მოყვა. ბევრი არაფერი, სარკე გაუტყდა და გვერდითა მხარე შეეჭეჭყა

“რა თქმა უნდა, გაბრაზდა, თუმცა თაყვანისმცემლებთან სელფის გადაღებამ იმდენად გაახარა, მომეჩვენა, რომ ეს ბრაზი დაავიწყდა,” -იხსენებს თვითმხილველი.

ერთი კვირის შემდეგ, ნგოლოს მანქანამ მედიაში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა – ავარიის შემდეგ, მისი ვიზუალური მდგომარეობა თითქმის უცვლელი იყო…

“მანქანები არასდროს მომწონდა და ფუფუნებაზეც არასდროს ვოცნებობდი. მინი კუპერი ინგლისურ მოძრაობასთან შეგუებისთვის კარგი იყო. ჩელსისთან კონტრაქტის შემდეგ, ჩემი ცხოვრება არ შეცვლილა. ყველაფერი ძველ კალაპოტშია. ეს ძალიან კომფორტულია”

მსოფლიო ჩემპიონი. პრემიერლიგის ორ გზის გამარჯვებული. ინგლისისა და საფრანგეთის წლის ფეხბურთელი.

დადის მინი კუპერით.

ალბათ, ის ჩვენი პლანეტიდან არ არის…

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო