11 X 11
სპორტული პორტალი

როგორ აქცია ორმა პორნომაგნატმა („ძმები დილდოები“) „ვესტ ჰემი“ ერთერთ უმდიდრეს კლუბად

0

ისინი პორნოჟურნალებითა და პორნოფილმებით გამდიდრდნენ

„ვესტ ჰემის“ ნებისმიერი მატჩის ტელეტრანსლაციის დროს რეჟისორები მსხვილი ხედით აუცილებლად აჩვენებენ ხოლმე ორ ხანშიშესულ ჯენტლმენს, რომლებიც განცალკავებით, საკუთარ ლოჟაში სხედან და აუღელვებლად შესცქერიან საფეხბურთო მოედანზე მომხდარს. ეს ორი მოხუცი თავისუფლად შეიძლება გაი რიჩის ფილმის პერსონაჟებადაც მიიჩნიოთ. ჯმუხი, ჩასხმული დევიდ სალივანი (72 წლის), თავისი მძიმე გამოხედვით, საყელომოქარგული პალტოთი და ყურებიანი ქუდით მაფიის ბოსის შთაბეჭდილებას ახდენს. მისი უფროსი პარტნიორი დევიდ გოლდი (84 წლის) გამოკვეთილი ნიკაპით და მასზე გაშვებული მოკლე წვერით იატაკქვეშა კაზინოსა და საროსკიპოს მფლობელს წააგავს.

გოლდი და სალივანი, რომლებიც უკვე 12 წელიწადია „ვესტ ჰემს“ ხელმძღვანელობენ, აღმოსავლეთ ლონდონის ღარიბ უბნებში გაიზარდნენ და ახლა ინგლისურ პრემიერლიგაში ძველი დროის რელიქტებს გვანან. ისინი არც არაბი პრინცები არიან, არც რუსი ოლიგარქები, არც ამერიკელი ინვესტბანკირები და მითუმეტეს არც ჩინელი კომერსანტები. ისინი ნაღდი ბრიტანელები, ლონდონელები გახლავან და ბავშვობიდანვე „ვესტ ჰემს“ გულშემატკივრობდნენ.

წესით და რიგით, „ჩაქუჩების“ ასეთი მფლობელები ფანებს თავისიანებად უნდა მიაჩნდეთ და ხელის გულზე ატარებდნენ, მაგრამ სინამდვილეში  გულშემატკივართა მათდამი დამოკიდებულება საკმაოდ ცივი და შეიძლება ითქვას, მტრულიც კია. პანდემიამდე „ვესტ ჰემის“ ყოველი საშინაო მატჩი სიძულვილის აქციად იქცეოდა ხოლმე. უკვე რამდენიმე წელია გოლდსა და სალივანს მუდმივად მოუწოდებენ გაყიდონ კლუბი და დიდი სიხარულია, როდესაც გაჩნდება ხოლმე ინფორმაცია ახალი ინვესტორის გამოჩენის თაობაზე.

რატომ არის ასე? მათი მმართველობის პერიოდში გოლდმა და სალივანმა „ვესტ ჰემი“ ვალებში ჩავარდნილი და პრემიერლიგის საშუალო გუნდიდან  მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბად აქციეს. „ფორბსს“ თუ დავუჯერებთ, „ვესტ ჰემი“ მსოფლიოს მდიდარ კლუბებს შორის მე-17 ადგილზეა და მისი ღირებულება 616 მილიონ დოლარადაა შეფასებული. 2016 წლის შემდეგ „ჩაქუჩები“ მუდმივად იმყოფებიან უმდიდრეს კლუბთა ტოპ-ოცეულში. 2019 წელს ამ კლუბის შემოსავალმა 216 მილიონი ევრო შეადგინა და ეს მაშინ, როდესაც უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებში არ მონაწილეობს. ამ ფინანსური წარმატების ფონზე ფანატებს კიდევ უფრო აღიზიანებთ სპორტული გამარჯვებების არქონა.

ძველი „ბოლეინ გრაუნდის“ დასანგრევად გაყიდვამ, რომელიც 112 წლის განმავლობაში „ვესტ ჰემის“ საშინაო არენა იყო და ახალ, ოლიმპიურ სტადიონზე გადასვლამ კლუბს ფინანსური შემოსავლები კი გაუზარდა, მაგრამ მათდამი ფანების სიძულვილს ვერაფერი მოაკლო. ამის ერთადერთი წამალი  ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა იქნება, მაგრამ ეს კლუბის მფლობელთა მიმართ გულშემატკივრების სიძულვილს სიყვარულით კი არა, პატივისცემითაც ვერ შეცვლის.

ისე მოჩანს, „ვესტ ჰემში“ დევიდების ეპოქა დასასრულს უახლოვდება.

გოლდმა და სალივანმა ქონება პორნოთი დააგროვეს და ამით ამაყობენ კიდეც

 

 

„ვესტ ჰემის“ მფლობელთა მეტსახელი „ძმები დილდოები“ (ინგლისურად Dildo brothers) პირდაპირ მიუთითებს მათ საქმიანობაზე, რითაც ისინი ამაყობენ კიდეც. „მე ამისი არასოდეს მრცხვენოდა,- განაცხადა ერთ ინტერვიუში 2012 წელს სალივანმა. – ამ საქმიანობით უამრავი ადამიანი გავაბედნიერე ან სიამოვნება მივანიჭე. აი, იარაღის ან თამბაქოს მწარმოებელი რომ ვყოფილიყავი, მაშინ შეძლება ჩემი ბიზნესის გამო შემრცხვენოდა. მე თავისუფლებისათვის მებრძოლად მიმაჩნია საკუთარი თავი“.

გოლდი და სალივანი ბიზნესპარტნიორები ჯერ კიდევ 60-იან წლებში გახდნენ და მათ ერთმანეთისაგან განუყრელად წარმოიდგენენ, თუმცა კი  ძალიან განსხვავებული ბეგრაუნდი გააჩნიათ. სალივანი უზრუნველყოფილ ოჯახში დაიბადა, ასე ვთქვათ საშუალო ფენას ეკუთვნოდა. მამამისი სამხედრო გახლდათ, დიდი ბრიტანეთის  საჰაერო ძალებში რიგითი ინჟინრიდან ნატოს ფინანსური კონტროლის უფროსის მოადგილეობამდე ამაღლდა. დევიდ სალივანმა წარმატებით დაამთავრა სკოლა, დაასრულა ლონდონის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი და 20 წლის ასაკში ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ამერიკელმა ბობ გუჩონემ, ვინაც „პლეიბოიზე“ უფრო ნატურალისტური ეროტიკული ჟურნალ „პენტჰაუსის“ გამოცემით 1965 წლიდან სულ ცოტა ხანში დიდი ქონება დააგროვა და გადაწყვიტა ამ საქმისთვის მოეკიდა ხელი.

მაშინ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა და კვირაში სულ 30 ფუნტს იღებდა. მიუხედავად ასეთი უმნიშვნელო საწყისი კაპიტალისა, დაიქირავა ფოტომოდელი გოგონა და ფოტოგრაფი, გადაიღო სურათები „პენტჰაუსის“ სტილში, ადგილობრივ გაზეთში განათავსა რეკლამა და მსურველებს შეეძლოთ სულ რაღაც 1 ფუნტად ფოსტით 50 ეროტიკული ფოტო მიეღოთ. მოთხოვნა წარმოუდგენლად დიდი გამოდგა და სალივანი თვეში უკვე 700-800 ფუნტს გამოიმუშავებდა. უფრო დიდი შემოსავალი ბუკლეტმა „სიყვარულის ანბანმა“ მოუტანა. ეს „კამა სუტრას“ დასავლური ნაირსახეობა გახლდათ, სადაც სქესობრივი კავშირის პოზები არა გრაფიკული სქემებით, არამედ მშვენიერი მოდელებით იყო ილუსტრირებული. “ასეთი 10 000 წიგნი გავყიდე” – სიამაყით იხსენებდა სალივანი.

ბიზნესს გაფართოებამ დისტრიბუციის გაფართოებაც მოითხოვა. სალივანი თავის პროდუქციას ბითუმად აძლევდა შუამავლებს, რომლებიც მათ სექს-შოპებში არიგებდნენ. . ერთ-ერთი ასეთი შუამავალი 34 წლის დევიდ გოლდიც იყო. გოლდის ბავშვობა სალივანის ბავშვობასავით უზრუნველყოფილი არ ყოფილა. მამამისმა, რომელსაც აღმოსავლეთ ლონდონში განგსტერ გოლდად იცნობდნენ,  თანამზრახველებთან ერთად სპილენძით დატვირთული ბარჟა მოიტაცა, მაგრამ მყიდველამდე ნაქურდალი, რომლის ღირებულება იმ პერიოდისათვის ძალიან დიდ თანხას, 75 ათას ფუნტს აღწევდა, ვერ მიიტანა, პოლიცია კვალზე გაჰყვა და დააპატიმრეს. უფროსი გოლდი 5 წლით ჩასვეს ციხეში, ხოლო მისი ოჯახი, რომელიც გრინ-სტრიტის 442 ნომერში, ზედ „ვესტ ჰემის“ სტადიონის გვერდით  ცხოვრობდა, სიღარიბეში ჩავარდა.

„ზამთარში ტანსაცმილიანად მეძინა, რადგან ბინის გათბობის ფული არ გაგვაჩნდა, – იხსენებდა გოლდი. – იმ წლებში არ მახსოვს სადილად როდისმე ხორციანი კერძი გვქონოდა“. ასეთი ცხოვრების გამო, მას 8 წლის ასაკში ტუბერკულოზი დაემართა და თავის საუკეთესო მეგობარ ჯიმისთან ერთად საავადმყოფოში მოხვდა. იქ თავს მოწყენილად არ გრძნობდნენ, მაგრამ ერთ დილით, როდესაც გაეღვიძა, სანიტარმა ქალმა ამცნო, რომ ჯიმი ზეცად ამაღლდა და პატარა დევიდს დიდი თეფშით კარამელიანი ფაფა მიაწოდა, რათა ამ ტკბილი საკვებით მეგობრის დაკარგვის სიმწარე გაენეიტრალებინა.

პატარა დევიდ გოლდის ერთადერთი გართობა ფეხბურთი გახლდათ. რახან ბილეთის ფული არ ჰქონდა, „ბოლეინზე“ მიმავალ მასაში მოხერხებულად გაერეოდა, ოსტატურად უსხლტებოდა ტურნიკეტებთან მდგარ კონტროლიერებს და შემდეგ ტრიბუნაზე თუ ცარიელ ადგილს ვერ იპოვნიდა, კიბის საფეხურზე მოკლათდებოდა და ისე გულშემატკივრობდა საყვარელ „ვესტ ჰემს“. რამდენიმე წელი „ჩაქუჩების“ აკადემიაშიც ვარჯიშობდა და მისი ერთადერთი საფეხბურთო პრიზი მედალია, რომელიც აკადემიის გუნდში 50 მატჩის ჩატარებისათვის მისცეს და მას დღესაც ძვირფას რელიქვიასავით ინახავს.

სკოლის დასრულების შემდეგ, ციხიდან გამოსულ მამასთან და ძმა რალფთან ერთად ბიზნესს მიჰყო ხელი. ისინი წიგნებს ყიდდნენ, დაწყებული ბავშვთა კომიკსებიდან, სალივანის პორნო პროდუქციით დამთავრებული. ერთხელაც ისე მოხდა, რომ მამამ მისი წილი ფული „მოუტეხა“ და ამის შემდეგ, დევიდის თქმით, ამ წვრილმან თაღლითთან აღარავითარი ურთიერთობა აღარ ჰქონია.

1972 წელს მან სექს-შოპების პატარა ქსელი იყიდა. ქსელი კი ერქვა, მაგრამ სულ ორი მაღაზია იყო. ერთი ბრისტოლში, მეორე კი ლონდონის ცენტრში, ტოტენჰემ კორტ როუდზე. მან ქსელის გაფართოება სალივანს შესთავაზა, რომელთანაც უკვე კარგა ხნის პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებდა და რამდენიმე წელიწადში მთელს დიდ ბრიტანეშში უკვე 150 მაღაზიის მფლობელები გახდნენ. მათი ქსელი ყველაზე მსხვილი იყო მთელს ქვეყანაში.

სალივანი ამ პერიოდისათვის უკვე რამდენიმე სოფტ-პორნო ჟურნალის გამომცემელი გახლდათ.მათგან ყველაზე პოპულარული Playbirds და Whitehouse გახლდათ. მათ დიდ ბრიტანეთში ამ ტიპის ბიზნესის ბაზრის 50% ეკავათ, ხოლო პორნოს საფოსტო გავრცელების 80% მათი წილი იყო.

25 წლის სალივანი უკვე მილიონერი გახდა და ფილმების გადაღება გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, პორნოგრაფიულის. კარგი მიგნება ის გახლდათ, რომ ამ ფილმებს კომედიური სიუჟეტი ჰქონდათ და ძალიან დიდი წარმატებითაც იყიდებოდნენ. სალივანის პირველივე ფილმი „მოდი გავერთოთ“ (1977 წელი) ბრიტანული გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, რადგან ნახვების ეროვნული რეკორდი დაამყარა. მარტო ლონდონში, სოჰოზე მდებარე კინოთეატრ Moullin-ში მთელი 4 წლის მანძილზე ყოველდღიურად გადიოდა, თანაც სულ სავსე დარბაზში. ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი მერი მილინგტონი სალივანის გელფრენდი გახდა.

სალივანი მიხვდა, რომ პორნოსა და ფეხბურთს ბევრი საერთო აქვთ და მართალიც გამოდგა

 

80-იანი წლების შუაში უკვე მულტიმილიონერი სალივანი დაფიქრდა და მიხვდა, რომ ცხოვრებაში მის ორ მთავარ გატაცებას, პორნოსა და ფეხბურთს ბევრი საერთო აქვთ და მთავარი აქ აუდიტორიაა, უმთავრესად ახალგაზრდა მამაკაცები. ამიტომ სალივანმა გადაწყვიტა ბიზნესის ეს ორი მიმართულება გაერთიანებინა.

1986 წელს მან დაარსა ყოველკვირეული გაზეთი Sports Weekly. განსხვავებით მისი პორნოგამოცემებისაგან, ეს გაზეთი არა მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და ჯიხურებში, არამედ ყველგან იყიდებოდა. ეს მეტად სპეციფიკური გამოცემა გახლდათ. მასში სპორტს, განასაკუთრებით ფეხბურთს, რაგბის და კრიკეტს დიდი ადგილი ეკავა (საფეხბურთო კროსვორდებიც ძალიან პოპულარული იყო) და პროფესიული დონეც არ დაიწუნებოდა, მაგრამ არანაკლები ყურადღება ეთმობოდა ცნობილი ადამიანების სექს-სკანდალებს, შიშველი მოდელების ფოტოებს და მოგონილ ისტორიებსაც კი. მაგალითად იმას, რომ თითქოს მთვარეზე მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბდამშენი ნახეს.

გაზეთი ძალზე კარგად იყიდებოდა და მისი ტირაჟი ყველაზე წარმატებულ წლებში 600 ათასსაც კი აღწევდა. დიდი შემოსავალი შემოჰქონდა რეკლამასაც, ხოლო შემდეგ ახალმა გაზეთმა Sport Daily-მ, რომელიც სექს-მომსახურების განცხადებებით იყო გაძეძგილი, კიდევ უფრო გაზარდა სალივანის ქონება. სექს-მომსახურების განყოფილებას ახალგაზრდა თანამშრომელი კარენ ბრეიდი უძღვებოდა, რომელიც ბოლოს “ვესტ ჰემის“ ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

პოპულარული გაზეთის სარეკლამო განყოფილების ხელმძღვანელობა 20 წლის კარენს არ გაჭირვებია, რადგან მამამისი მსხვილი სარეკლამო სააგენტოსა და პოლიგრაფიული ბიზნესის მფლობელი გახლდათ, ხოლო სალივანი მისი დიდი ხნის კლიენტი იყო.

1993 წელს 23 წლის ბრეიდიმ  „ფაინენშელ ტაიმსში“ ნახა განცხადება, რომ რანგით მეორე დივიზიონური გაკოტრებული „ბირმინგემ სიტი“ იყიდებოდა. გაზეთით ხელში კარენი სალივანის კაბინეტში შევიდა და „ბირმინგემის“ ყიდვა, ხოლო ამ კლუბის მმართველად საკუთარი თავი შესთავაზა. „შენ ამ პოსტზე ნებისმიერ მამაკაცზე ორჯერ უფრო ყოჩაღი უნდა იყო“, – უთხრა ბრეიდის სალივანმა, რომელმაც მშვიდად და დარწმუნებით მიუგო, რომ საქმეს თავს კარგად გაართმევდა. სულ ცოტა ხანში კარენ ბრეიდი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში კლუბის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა, თანაც ქალი. სალივანმა „ბირმინგემში“ 700 ათასი ფუნტი გადაიხადა.

როგორც სალივანმა განჭვრიტა, კარენის დანიშვნამ ამ არცთუ გამორჩეული კლუბისადმი მედიის ინტერესი გაზარდა და ეს უკვე წარმატება გახლდათ. თუმცა, რასაკვირველია, კარენი თავიდანვე წააწყდა სექსიზმის გამოვლინებას. მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც გუნდის ავტობუსში ასულს ერთმა ფეხბურთელმა მიახალა, რომ მისი ძუძუები გონებას უბინდავს, რაზეც პასუხად მიიღო, რომ მას მალე მეოთხედივიზიონის „ქრიუში“ გაყიდის, საიდანაც მის ძუძუებს თვალს ვეღარ ჰკიდებს და აღარც შეწუხდება. მართლაც, კარენმა თავისი მუქარა შეასრულა. ის ფეხბურთელი კი გაყიდა, მაგრამ მეორეს ცოლად გაჰყვა.

კარენ ბრეიდის ხელმძღვანელობით, „ბირმინგემმა“ სპორტულ და ფინანსურ წარმატებებსაც მიაღწია. 2001 წელს გუნდი ლიგის თასის ფინალში გავიდა, შემდეგ წელს კი პრემიერლიგაშიც გადავიდა. ამ საუკუნის პირველი ათეულის წლები „ბირმინგემისათვის“ ყველაზე კარგი გამოდგა. გუნდი მყარად დამკვიდრდა პრემიერლიგაში და იქ სხვადასხვა დროს კრისტოფ დიუგარი, ემილ ჰესკი და მიკაელ ფორსელი თამაშობდნენ.

2010 წელს სალივანმა მოულოდნელად „ბირმინგემი“ გაყიდა და ეს სავსებით გასაგები იყო, რადგან გამოჩნდა შანსი რათა საყვარელი „ვესტ ჰემი“ ეყიდა. მის ბედად „ბირმინგემს“ მყიდველი ძალიან სწრაფად გამოუჩნდა. ჰონკონგელმა კარსონ ენმა მასში 81.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რაც სავსებით საკმარისი იყო „ვესტ ჰემის“ დასაპატრონებლად.

 

„ვესტ ჰემის“ მფლობელები კლუბს ფულს სესხად, პროცენტით აძლევდნენ და ბევრად დიდ მოგებას ნახულობდნენ

 

„ვეტ ჰემის“ ყიდვა შესაძლებელი გახადა მისი მფლობელის, ისლანდიელი ბანკირის ბიორგოლფურ გუნდმუნდსონის ფინანსურმა კრახმა. ამ ბიზნესმენმა კაპიტალი ლუდსახარშ „ბრავოს“ რუსეთში დაფუძნებით დააგროვა, სადაც ერთ დროს ძალიან პოპულარულ ლუდს „ბოჩკარიოვს“ და სუსტაად ალკოჰოლიან ჯინ-ტონიკს აწარმოებდა. მისმა წარმოებამ ლუდის გიგანტი კომპანია „ჰეინეკენის“ ყურადღება მიიქცია და 2002 წელს ის ჰოლანდიელებმა 400 მილიონ დოლარად იყიდეს.

მიღებული ფული გუნდმუნდსონმა რანგით მეორე ისლანდიურ ბანკ Landsbanki-ში დააბანდა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებსაც შესთავაზა თავიანთი ფული იქ შეეტენათ და შედარებით მაღალ პროცენტებსაც ჰპირდებოდა. მან 2006 წელს „ვესტ ჰემიც“ შეიძინა, მაგრამ 2008 წლის მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ლამის მთელი ფული გაუუფასურა, ისლანდიის ეკონომიკაც უღრმეს კრიზისში ჩავარდა და მანაც თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. სწორედ ამიტომ 110 მილიონ ფუნტად „ვესტ ჰემი“ კლუბის ვალებითურთ გაყიდა. „ჩაქუჩებს“ კიდევ ორი მყიდველი გამოუჩნდა, მაგრამ გოლდმა და სალივანმა იყოჩაღეს, ფასის ნახევარი ეგრევე გადაიხადეს, ხოლო მეორე ნახევრის გადახდა რამდენიმე წელიწადზე გადაანაწილეს.

დღეს ბევრი ამბობს, რომ „ვესტ ჰემის“ ყიდვა გოლდსა და სალივანს ბავშვობის სიყვარულის გამო სულაც არ უფიქრიათ, არამედ ცინიკურად გათვალეს, რომ მალე 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადისათვის აშენებულ სტადიონს ქალაქის მერია რომელიმე კლუბს არენდით გადასცემდა და „ვესტ ჰემი“ აქ მთავარი პრეტენდენტი იქნებოდა. რაიონი სტარფორტი, სადაც ეს ოლიმპიური სტადიონი აშენდა, „ვესტ ჰემის“ „აპტონ პარკისგან“ არც ისე შორს მდებარეობს. მასზე ახლოს მხოლოდ „ლეიტონ პარკი“ იყო, მაგრამ 60-ათასიანი სტადიონი მეოთხე დივიზიონურ კლუბს არაფერში სჭირდებოდა და გამოდიოდა, რომ „ჩაქუჩები“ უკონკურენციონი“ იყვნენ.

სალივანი ამტკიცებს, რომ „ვესტ ჰემი“ მხოლოდ მისი სიყვარულის გამო იყიდა და მაშინ წარმოდგენაც არ შეეძლო, რომ ახალი სტადიონის იჯარით აღება შეიძლებოდა. „იმ ფულით, რაც „ვესტ ჰემში“ გადავიხადე, თავისუფლად შემეძლო უკეთეს ადგილას უზარმაზარი შენობა მეყიდა და მაღაზიებისა და ოფისებისათვის მიმექირავებინა, რითაც თითქმის უშრომლად ძალიან დიდი შემოსავალი გარანტირებული მექნებოდა“, – ირწმუნებოდა სალივანი. სხვათა შორის, იმავე პერიოდში მან გაყიდა Sports Weekly-ი და პორნოგამოცემები, რადგან ინტერნეტის ეპოქაში ნაბეჭდი პროდუქცია ნაკლებად მოთხოვნადი გახდა. აღებული თანხით ოქსფორდ-სტრიტზე, ლონდონის მთავარ სავაჭრო ქუჩაზე ერთ-ერთი გამორჩეული და დიდი შენობა იყიდა.

რაც შეეხება „ვესტ ჰემის“ ფინანსური გაჯანსაღების მეთოდს, ის დღემდე აღაშფოთებს გუნდის გულშემატკივრებს. მაგალითად, „მანჩესტერის“ მფლობელი გლეიზერები კლუბის მოგებიდან მხოლოდ დივიდენდებს იღებენ, ხოლო გოლდმა და სალივანმა თავისი კლუბისათვის ფულის სესხება დაიწყეს, თანაც მაღალ, წლიურ 6-7%-ად და მასში გადასახდელი დარჩენილი 52.5 მილიონი ფუნტის ჩასესხებით, პროცენტების სახით 12.3 მილიონი ფუნტი პირადად მოიგეს.

ძველი სტადიონი „ბოლეინ გრაუნდი“ კი დასანგრევად და მის ადგილას დიდი საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად ერთ დეველოპერულ კომპანიას 38 მილიონ ფუნტად მიჰყიდეს. ასევე ლონდონის მერიას ოლიმპიური სტადიონის იჯარაზე მოელაპარაკენ, აიღეს 99 წლით, წელიწადში 2.5 მილიონ ფუნტად, რაც ამ არენის შენახვის ხარჯებს სრულად ვერ ფარავს, მაგრამ ეს გოლდისა და სალივანის სადარდებელი არ გახლავთ.

Mister do Café: "Dildo Brothers" e o "caso" William Carvalho

ჰოდა, წყვილმა ამით ისარგებლა და მერიას მისცეს წინადადება გაზარდონ სტადიონის ტევადობა 66 ათასამდე, რის შემდეგ ეს სტადიონი ლონდონში („უემბლი“ არ ითვლება) ყველაზე დიდი, ხოლო პრემიერლიგაში მესამე იქნება და მაშინ მომატებულ საიჯარო თანხას „ვესტ ჰემი“ გადაიხდის, ხოლო თუ მის მართვას მათ  გადასცემენ, მერია სტადიონის ზრუნვისაგან განთავისუფლდება და ამ არენაზე სხვადასხვა ობიექტების განლაგებიდან მთელი შემოსავალი კლუბისა იქნება.

ცნობები იმის შესახებ, რომ ვიღაც ინვესტორები „ვესტ ჰემის“ ყიდვას აპირებენ, ბრიტანულ მედიაში სისტემატურად ჩნდება ხოლმე და სალივანი არც მალავს, რომ უარს არაა კლუბი გაყიდოს და ფასსაც ასახელებს – 600 მილიონი ფუნტი. ეს ოთხჯერ მეტია, ვიდრე რომან აბრამოვიჩმა 2003 წელს „ჩელსიში“ გადაიხადა და სამჯერ მეტი, ვიდრე შეიხ მანსურს 2008 წელს „მანჩესტერ სიტი“ დაუჯდა.

„ვესტ ჰემის“ გულშემატკივართა აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიანაც უნდა კლუბს მყიდველი გამოუჩნდეს და ორივე დევიდი, გოლდიც და სალივანიც იქაურობას მოშორდნენ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო