11 X 11
სპორტული პორტალი

როგორ მოუმატა ბაიერნმა ფიზიკაში, ანუ როგორ იქცნენ ფეხბურთელები მონსტრებად

0

ბაიერნის წარმატება მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელებზე არ დგას. აქ ისეთი გმირები არიან, რომლებიც ეკრანებზე არ ჩანან. ჩვენ კეტლინ კრიუგერზე უკვე დავწერეთ, რომელიც ფეხბურთელების პრობლემებს 24 საათის განმავლობაში აგვარებს. ასევე, ბაიერნში ფლიკის ასისტენტი ჰერმან გერლანდია, რომელიც უკვე მრავალი წელია აქ მუშაობს და მას კარიერას ისეთი ფეხბურთელები უნდა უმადლოდნენ, როგორებიც ტომას მიულერი და ფილიპ ლამი არიან.

დღევანდელ სტატიას ახალი გმირი – ჰოლგერ ბროიხი ჰყავს, რომელიც 2014 წლიდან, ბავარიელთა ფიტნესის მთავარი სპეციალისტია. მან ფეხბურთელები ზეადამიანურ წნეხს შეაჩვია, პანდემიის პირობებში ავარჯიშა და მათი ფიზიკური ბაზა ისე მოამზადა, რომ მეტოქე 90 წუთის განმავლობაში მუდმივ ზეწოლაში შეუძლიათ ჰყავდეთ. პსჟ-სთან არ გაუმართლათ, თუმცა, როგორც წესი, მათ მოწინააღმდეგეებს ეს ამსხვრევს.

რაც აქ წერია, ყველაფერი იმის დასტურია, რომ ფეხბურთს მეცნიერული მიდგომა სჭირდება.

2003-დან 2014 წლამდე, ბროიხი ლევერკუზენის ბაიერში მუშაობდა. კლუბის მეტსახელი – “ფარმაცევტები” – ტყუილად როდია შერჩეული. ის იქ უფროსი მკვლევარი იყო. მის ქიმიურ და ფარმაცევტიულ კლინიკას ის დასახელება აქვს, რაც კლუბს. სწორედ ასე მოხდა, რომ ბაი არენაზე 2,200 კვადრატული მეტრის სივრცე სწორედ ბროიხსა და მის გუნდს დაეთმო.

იქ ყველაფერი სერიოზულადაა: სპეციალური ბარათები, დაშვება, კომპიუტერებზე პერსონალური პაროლები, ფეხბურთელები კი მხოლოდ სამედიცინო სამაჯურებით. სისხლის ანალიზს იქ 3 წუთში აკეთებენ.

ლაბორატორია მხოლოდ აისბერგის წვერია. ბაი არენას ქვედა სართულებზე რას არ შეხვდებით: კორტს, გაზონს, გარშემო ჩიპებს. მონიტორი ყველაფერს აჩვენებს: ფეხბურთელების მოძრაობას, ტექნიკას, რეაქციას, სისწრაფეს, გადახრას თუ მარჯვნივ, აჩქარებას, შენელებას – ყველა ასპექტი საფუძვლიანადაა შესწავლილი.

შემდეგ კარში მძიმე ვარჯიშები მიმდინარეობს – ფეხბურთელები ნიღბებს იკეთებენ და ისე დარბიან. იკითხავთ, ნიღბები რათ უნდათო? ეს ნიღბები მათ ისეთ გარემოს უქმნიან, სხეული აღიქვამს, რომ ზღვის დონიდან 2000-3500 მეტრზე იმყოფება. ეს მათ გამძლეობას ზრდის და წითელი უჯრედების გამრავლებას (ჟანგბადის ათვისებისთვის) ხელს უწყობს.

აქვე, მეორე კარებში, წინა ოთახისგან განსხვავებით, საპირისპიროდ დაბალი ტემპერატურაა, სადაც ფეხბურთელს ადვილად დამშვიდება შეუძლია. ეს ორგანოებზე სისხლის ნორმალურ მიწოდებას ხელს უწყობს.

ბროიხის შთაგონების წყარო კობი ბრაიანტი იყო. 2011 წელს, ამერიკელს რომ შეხვდა, გერმანელი ექიმი მიხვდა, რომ ფენომენალური ათლეტი ასე უნდა გამოიყურებოდეს

“კოლეგები გაოცებულნი იყვნენ, 1 მეტრი და 98 სანტიმეტრი სიმაღლის პატრონი, ასეთი კუნთოვანი მასით. შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა. კრიოკამერები ამერიკაში უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო, ევროპაში კი თითქმის არავინ იყენებდა. 

ყველას უნდა ესმოდეს, რომ მისი სხეული ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. თავის თავს როგორც კობი ბრაიანტი უყურებდა, ეს მისაბაძია. ის დაუჯერებლად პროფესიონალი იყო, დიეტას მუდმივად იცავდა და მთელი ცხოვრების განმავლობაში დაუღლელად შრომობდა. ის ნამდვილი სპორტსმენის მაგალითია”

ბროიხი კრიოკამერებით მეტად დაინტერესდა, საკუთარი გუნდი ჩამოაყალიბა და ხედვა შექმნა: ” ჩვენ ბაიერნსა და დორტმუნდს ვერ შევედრებით, ამიტომ დეტალებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს ჩვენი ნიშაა და აქ შეგვიძლია მაქსიმალური გავაკეთოთ”

2014 წლის იანვარში, ის ბაიერნში გადავიდა…

გუარდიოლა, ანჩელოტი, ჰაინკესი, კოვაჩი, ფლიკი – 6 წლის განმავლობაში, ჰოლგერ ბროიხმა ასეთ სპეციალისტებთან იმუშავა. 2020 წლის სექტემბერში, მან შპიგელს ინტერვიუ მისცა, სადაც ბაიერნის ტრანსფორმაციის მიზეზებზე ისაუბრა

ჟურნალისტი: – ნიკო კოვაჩმა თქვა, არ შეიძლება მანქანამ 200კმ საათში იაროს, თუ ის 100 კილოს იწონის. რა შეიცვალა?

ბროიხი: – მწვრთნელი გაუშვეს.

Bayern Munich, natty or juice? : nattyorjuice

ჰოლგერი იმ ადამაინების რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა, რომელსაც ხორვატთან მუშაობა სურდა. ვარჯიშის შემდეგ, ფეხბურთელებს ველოსიპედით 20 წუთიანი კატაობა არ მოსწონდათ, თუმცა კოვაჩი სხვა აზრზე იყო. ის ბროიხის სამუშაოში უხეშად ერეოდა და საკუთარი მეთოდები დანერგა.

ფლიკთან სხვაგვარადაა: “ჰანსი გამოცდილ თანამშრომლებს ენდობა, ყველას უსმენს. ის ნამდვილად გუნდური მოთამაშეა, თუმცა, ამასთან ერთად, ის ლიდერიც. მასთან საქმე ნდობაზეა დაფუძნებული, კოლეგებს აფასებს, საპასუხოდ კი მუხლჩაუხრელ მუშაობას მოითხოვს. ჩვენი მისი პირადი დაცვა ვართ”

ბროიხის მუშაობის საფუძველთა საფუძველი ვარჯიშის დროს ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება (მაგალითად, მეტაბოლური და ნეიროენდროკრინული სტრესის მწვერვალის განსაზღვრა) და სტატისტიკაა –  ვარჯიშებსა თუ მატჩების დროს (რამდენი ირბინა, სპრინტების რაოდენობა, გულისცემა)

ბროიხი და მისი გუნდი ინფორმაციას აანალიზებს, პრობლემებს ეძებს, აფასებს და პრაქტიკულ გეგმას ადგენს, თუ ის როგორ მოაგვაროს. გლობალურად, ბაიერნის ფიტნესის დეპარტამენტს 3 ასპექტი აქვს

1) შუქნიშნის სისტემა: ფეხბურთელები ფერების მიხედვით ზონაში იმყოფებიან, თუ რამდენად არიან ისინი რისკ ზონაში. წითელი – დაზიანების მაღალი ალბათობაა, მწვანე კი – დაბალი. ეს ფერები მონაცემთა შეცვლის მიხედვით იცვლება “ყველაზე ხშირად კუნთის ტრავმას ვხვდებით. ყველაფერს ვერ აირიდებ, თუმცა სისტემა ხშირ შემთხვევაში გეხმარება”

2) ინდივიდუალურ მახასიათებლებზე მორგება. ბროიხს სჯერა, რომ მიკროპერიოდიზაცია ტვინის მუშაობას ეხმარება. ვარჯიშები მუდმივად უნდა იცვლებოდეს და სხვადასხვა თანრიგით ხორციელდებოდეს. მისი მიდგომით, ყოველ ვარჯიშს ფიქრი უნდა სჭირდებოდეს და ეს უბრალო გამეორება არ უნდა იყოს. როდესაც ჰოლგერმა დაინახა, რომ ლევანდოვსკიზე იოგას ელემენტები კარგად მოქმედებს, მან ის ვარჯიშში ჩართო.

3) დინამიური მონაცემები აჩვენებს, ფეხბურთელები ცვლილებებზე როგორ რეაგირებენ. ამის მიხედვით, ზოგიერთი ვარჯიში რჩება, ზოგიერთი კი – დავიწყებას მიეცემა.

“ჩვენ მოთამაშეებს მაქსიმალურად ვაკონტროლებთ: მათი ფსიქიკური მდგომარეობის მუდმივ დიაგნოზს ვატარებთ, მეტაბოლური პროცესები, ნერვკუნთოვანი სისტემა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ორთოპედიას, მაგრამ მონაცემთა უზარმაზარი რაოდენობა უსარგებლოა ხარისხის ინტერპრეტაციის გარეშე,” – ამბობს ბროიხი.

ჰოლგერი ამბობს, რომ ამ მეთოდს თვიდისციპლინის გარეშე აზრი არ აქვს. ფეხბურთის ფიტნესი უბრალოდ ვარჯიშს დიდი ხანია გასცდა. მას ძილის რეჟიმის, კვებისა, მენტალური პრობლემების მოწესრიგება სჭირდება

“ფეხბურთელის კარიერა დიდ მსხვერპლს მოითხოვს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება. აქ ფიზიკური და გონებრივი აქტივობის უმაღლესი დონის შენარჩუნებაა საჭირო”

ხანდახან, ბროიხს საყვედურობენ, რომ მონიტორსა და ციფრებში ზედმეტად იყურება. კრიტიკა კლუბის შიგნითაც შეხვდა, მაგალითად, ული ჰიონესისგან. ჰოლგერის პასუხი ასეთი იყო: “არასდროს დამავიწყდება, ჰიონესმა ერთხელ თქვა, რომ ფეხბურთი მეტად მეცნიერული არ უნდა იყოს. ჩვენ არა თეორეტიკოსები, არამედ პრაქტიკოსები ვართ. ყველა საზომს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს”

ბაიერნმა კორონავირუსის პანდემიის შესვენება შესანიშნავად გამოიყენა.

ბროიხმა, ფლიკთან კოორდინაციით, ვარჯიშის სპეციალური გეგმა შეიმუშავა. კლუბმა, საჭირო აღჭურვილობა (ფიტნეს სამაჯურები და საჭირო სავარჯიშო მოწყობილობა) ფეხბურთელებს სახლებში მიუტანა.

სავარჯიშო გეგმა დაახლოებით ასეთი იყო: 75-90 წუთი გრძელდებოდა, ფეხბურთელები სახლში ვარჯიშობდნენ. ფლიკი, ბროიხი და მისი ასისტენტი, პეტერ შლესერი ზემბერ შტრასაზე (ბაიერნის სავარჯიშო ბაზა) სპეციალურ სტუდიოში ისხდნენ და მოთამაშეებს თვალს ადევნებდნენ. სესია სამი ბლოკისგან შედგება: ფუნქციური ტანჯვარჯიში, ძალისმიერი ვარჯიში და გამძლეობა.

ონლაინ ვარჯიში პროგრესული გადატვირთვის პრინციპს ემყარებოდა – თანდათან დატვირთვები იზრდებოდა. ბროიხს სახლში მძიმე ვარჯიში არ აშინებდა: “თუ არ ივარჯიშებ, კუნთოვან მასას დაკარგავ. ვისაც კი თაბაშირი უტარებია, იცის რომ კუნთი ძველ მდგომარეობაში აღარ არის. ამ დროს ძვლები და გული ზეწოლას განიცდის”

კარანტინის დროს, ჰოლგერი კალორიების პრობლემასაც გაუმკლავდა. ფეხბურთელები ძველებურად ვარჯიშობდნენ, თუმცა მთელ ენერგიას თამაშების დროს ვერ ხარჯავდნენ. ბროიხმა გადაწყვიტა რომ ეს ენერგია კუნთებად ექცია.

გორეტცკა და დევისი ნამდვილ მანქანებად იქცნენ, ლევანდოვსკი კი უფრო ათლეტური გახდა, ვიდრე მანამდე იყო. ტომას მიულერიც კი, რომელიც სულ ხუმრობდა, კუნთის ტრავმა იმიტომ არ მაქვს, რომ კუნთი საერთოდ არ გამაჩნიაო, თავს მისი ბიცეპსით იწონებს. ტომასმა მერე კი დაიწუწუნა “ხანდახან ჩვენი პროფესორი კოსმოსში მინდა გავგზავნოო.”

ბარსელონასთან 8:2 გამარჯვების შემდეგ, გორეტცკა მის ფიზიკურ მდგომარეობას განსაკუთრებით აღნიშნავდა: “წონა მეხმარება ბურთი უკეთ ვაკონტროლო, უფრო მეტად მობილური ვარ, ჰაერში კი უფრო სახიფათო“. ჟერომ ბოატენგმა ბროიხს საჯაროდ მადლობა გადაუხადა: ჰოლგერის ინტერნეტ-ვარჯიშების ძალიან მადლობელი ვარ. ვგრძნობ, როცა მეტოქე იღლება, ჩვენ ტემპის მომატება შეგვიძლია”

ბროიხი ყველა დეტალს მაქსიმალურად ითვალისწინებს – მან ფრისტაილერი დაიქირავა, რომელმაც ვიდეოთი ფეხბურთელების ბურთთან ერთად მოძრაობა შეაფასა – “ახლა სახლში ჩვენი ვაზები ნამდვილად საფრთხეშია,” – იხუმრა მიულერმა.

ტკივილნარევი ღიმილი მისი ონლაინ ვარჯიშის მთავარი ატრიბუტი იყო, თუმცა კი ატმოსფერო – იდეალური. ლევანდოვსკი აზიდვებს მაშინ აკეთებდა, როდესაც ზურგზე მისი 3 წლის ქალიშვილი კლარა ეჯდა. მასში ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელები – არიენ რობენი და ბასტიან შვაინშტაიგერიც ერთვებოდნენ. ისინიც იტანჯებოდნენ და იცინოდნენ.

ჰოლგერისთვის მნიშვნელობა არ აქვს ფეხბურთელი ყოფილია თუ ამჟამინდელი: “ონალინ ვარჯიშებს ბაიერნის ყველა თანამშრომელი შეიძლება დაესწროს”

***

ყოველ დილას, ბროიხი 5-ზე დგება, დარბაზში მიდის ანდაც დარბის. 8-ზე უკვე სამსახურისკენ მიემართება. “ფეხბურთელებს ჩემგან გაქცევა უჭირთ,” – ამბობს ჰოლგერი, რომელიც 46 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.

ჰოლგერის მთავარი წესი ეს არის: “ფიტნესი წარმატების გარანტია არ არის, თუმცა მის გარეშე შედეგი გამორიცხულია”

დადასტურებულია…

წყარო: Sports

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო