11 X 11
სპორტული პორტალი

„ბილბაოში“ საუკუნეზე მეტია მხოლოდ ადგილობრივები თამაშობენ (გრიზმანზეც უარი თქვეს), გუნდში ყველა ბასკსაც კი არ იწვენენ. როგორ მოაღწიეს აქამდე?!

0

ფონს აკადემიით გადიან

როდესაც 108 წლის წინ „ბილბაო“ ლეგიონერების გამო კინაღამ თასის გარეშე დარჩა (ფედერაციამ უცხოელებს ბრძოლა გამოუცხადა და ტროფეი დატოვა, მაგრამ აიძულა შემდეგი გათამაშება გამოეტოვებინა) და შემდეგ წელს ლეგიონერებზე უარი თქვა. გადაწყვეტილება სამუდამო არ იყო. ეს უბრალოდ გადაწყვეტილება გახლდათ. თუმცა, დრო მიდიოდა, იბადებოდნენ და ინგრეოდნენ ტოტალიტარული რეჟიმები, ინტერნაციონალური სუპერკლუბები ტოპ-ლიგებს იპყრობდნენ – მხოლოდ ХХ საუკუნის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილება თავიდან ერის სიამაყეთა და ბრძოლის სიმბოლოდ გადაიქცა, შემდეგ კი სპორტული გლობალიზაციის უდიადეს გამოწვევად. უარის თქმა უკვე შეუძლებელი გახდა. ოღონდ არა იმ მომენტში, როდესაც პრინციპს მიყოლა ესოდენ რთული შეიქნა.

დღეს ტოპ-კლუბები აგენტებს ქირაობენ და წლების განმავლობაში საკუთარი იდენტურობისათვის ფულს იხდიან, მაგრამ „ატლეტიკმა“ უნიკალურობა ცხოვრების წესად აქცია. მას საკუთარი განუმეორებლობისთვის ხაზის გასმა არ სჭირდება. დიდი ბიზნესის ერაში ის ისედაც პრეისტორიულ გადმონაშთად მიიჩნევა.

ასეთ პირობებში გადარჩენა ადვილი როდია – გამარჯვება კიდევ უფრო რთული, მაგრამ ბილბაოურმა კლუბმა არსებობის გამორჩეული წესები გამოიმუშავა.

კლუბის უნიკალურობა ბასკებისთვის მნიშვნელოვანია. ისინი ევროპის აბორიგენები არიან

 

ბასკების წარმომვლობა ისტორიის ერთერთი გამოცანაა.

თუ თქვენ იკითხავთ, ზედიზედ რამდენი წელია „რეალი“ ჩემპიონთა ლიგას იგებს, ბულგარელი, უელსელი და რუსი გეტყვიან „სამი“. ინგლისელი three. ალბანელი, იტალიელი და შვედი tre.

ისინი ყველანი ოდესღაც მეზობლები იყვნენ და ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, რამდენიმე ათასწლეულის წინ შეავიწროვეს მკვიდრი ევროპელები და მათ მიწებზე დასახლდნენ. ყველანი სლავები, ფრანგები და გერმანელები, ბრიტანელები და ძველი რომაელები, ისტორიისა და პლანეტის სხვადასხვა ერები – ინდოევროპული ენების ოჯახის ნაწილი (ევროპის ისტორიულ ნაწილში – ყველა გარდა რამდენიმე ფინელ-უიღურთა ქვეყნისა). ყველა – მონათესავე.

გარდა ბასკებისა. ისინი და მათი ენა, ეუსკარა უნიკალურია.

რამდენიმე წლის წინ შვედმა მეცნიერებმა დნმ შეისწავლეს და დადგინეს, რომ ბასკები იბერიული ტომების პირდაპირი შთამომავლები არიან, რომელიც ერთერთ არაადგილობრივ ერს შეერია (ერთერთი თეორიით კავკასიელებს: ეუსკარასა და ჩრდილოეთ კავკასიის ენებს შორის მსგავსებაა). ამასთან ეს ინდოევროპელებამდე მოხდა. ბასკები ევროპის აბორიგენები არიან, ერთადერთი გადარჩენილები გერმანელებისა და რომაელების განსახლების შემდეგ.

ყველა დამპყრობლისგან მათ თავიანთი კულტურული უნიკალურობა დაიცვეს. ბასკები არ დამორჩილდნენ არც რომაელებსა და არც დასავლელ გოთებს, უმეტესად ავტონომიას ინარჩუნებდნენ და თავიანთთვის ცხოვრობდნენ. გახსოვთ „სიმღერა როლანდზე“, სადაც კარლ დიდის ლაშქარი არაბებმა გაანადგურეს? სინამდვილეში ეს სასაკლაო ბასკებმა მოაწყვეს, რომლებიც ღამით ფრანკებს თავს დაესხნენ, ყველანი ამოხოცეს და მთებში მიიმალენ.

„ატლეტიკის“ პრინციპები ბასკებისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე საფეხბურთო იდენტობა და სპორტული ტროფეებია. უკანასკნელ 35 წელიწადში გუნდმა მხოლოდ ერთი თასი მოიგო, მაგრამ გულშემატკივრებისთვის ეს მთავარი არ არის. El Mundo-ს გამოკითხვაში ფანების 76%-მა კლუბის ფილოსოფიაზე უარის თქმას ლა ლიგიდან გავარდნა ამჯობინა.

ეს ყოველ შემდგომ ათწლეულში სულ უფრო და უფრო უჭირს. როდესაც ასი წლის წინ ლეგიონერებზე უარი თქვეს, კლუბის ფეხბურთელები ესპანეთში საუკეთესონი იყვნენ (იქ მდებარეობდა მთავარი ესპანური პორტები და ინგლისელებმა ფეხბურთის ექსპორტი სხვებზე ადრე მოახდინეს) და კიდევ კარგა ხანი სჯობდნენ სხვებს. დროთა განმავლობაში კი კონკურენცია გაიზარდა და საბოლოოდ ყველაფერი ბოსმანმა გააფუჭა: ლეგიონერებზე ლიმიტის გაუქმებამ „ბილბაოს“ ტროფეებისაკენ მიმავალი გზა მაქსიმალურად გაურთულა. „ატლეტიკი“ ესპანეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბთა სამეულში შედის, რვაჯერ მოიგო ლა ლიგა, სულ 34 ტროფეის მფლობელია, თუმცა 23 მათგანი XX საუკუნის პირველ ნახევარში მოიპოვა.

„ჩვენ ჯილდოებისა და ფულისთვის კი არა, არამედ ჩვენი ფასულობებისთვის ვთამაშობთ, ჩვენი ოჯახებისა და მეგობრებისთვის. ვამაყობთ საკუთარი მიდგომით და არ უნდა შევიცვალოთ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტოპ-კლუბებთან ბრძოლა გვიჭირს. გასულ წელს გავარდნის პირას მყოფი გუნდი ჩავიბარეთ, ეს სიტუაცია ჩვენს ისტორიაში ერთერთი ყველაზე რთული იყო, მაგრამ სწორედ ასეთ მომენტებში უნდა ვიამაყოთ ჩვენი ფილოსოფიით და გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენი საუკეთესო მოთამაშეები უკვე ასაკში არიან, გუნდის გაახალგაზრდავება გვჭირდება, რაც შეიძლება მეტს ვიმუშავებთ აკადემიაში და შევინარჩუნებთ ტრადიციებს“, – განუცხადა მწვრთნელმა გაისკა გარიტანომ „გარდიანს“.

„ბილბაოს“ მიდგომა ნაციონალიზმი არაა. კლუბს ფეხბურთელები ეთნიკური ნიშნით არ აჰყავს

70-იანი წლების ბოლოს ადგილობრივ „ბარიკალდოში“ ახალგაზრდა ხილბერტო 10 ნომრით თამაშობდა, ბურთს ბასკეთში სხვებზე უკეთ აკონტროლებდა და „ატლეტიკში“ გადასვლაზე ოცნებობდა, მაგრამ დიდი კარიერა ვერ მოიწყო.

ხილბერტო წავიდა და პროფესია შეიცვალა, საფეხბურთო ტალანტი და ოცნება კი შვილს გადასცა. ექვსი წლის წინ ბიჭი „ატლეტიკში“ ჩარიცხვას ითხოვდა, დონითაც შეეძლო ძირითადში დამკვიდრებულიყო, მაგრამ მაინც უარი მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა.

ხილბერტო ასენსიო შვილის გამო არც კი განაწყენდა: „ჩემი ოცნებები დაიმსხვრა, თუმცა ასეთია „ატლეტიკი“. მას განსაკუთრებული მიდგომა აქვს“.

ამ მიდგომის აღსაწერად არსებობს განსხვავებული ფორმულირება – „ატლეტიკში“ მხოლოდ ბასკები თამაშობენ“, მაგრამ ეს მთლად სწორი არ არის. სინამდვილეში მხოლოდ თავიანთები თამაშობენ. შერჩევის მთავარი პრინციპია – უფრო კულტურული იდენტურობა, ვიდრე ეთნიკური წარმომავლობა. სწორედ ამიტომ თქვა კლუბმა უარი მარკო ასენსიოზე, გონსალო იგუაინსა და დიეგო ფორლანზე (ურუგვაელს ამ გუნდში გადასვლა სურდა, კლუბის დირექტორთა საბჭომ კი ტრანსფერი საერთოდ არ განიხილა). მათ ბასკური ფესვები გააჩნიათ, მაგრამ „ბილბაომ“ უარით გაისტუმრა.

ახლა „ატლეტიკს“ გუნდში მხოლოდ ისინი აჰყავს, ვინც დაიბადა ან ბავშვობა ბასკეთის რომელიმე რეგიონში გაატარა. როგორც წესი, ესენი ბასკები არიან, თუმცა არის გამონაკლისებიც – რუმინელი კრისტიან განია და აფრიკელი ინიაკი უილიამსი. კლუბში ეროვნულობას ზედმეტ ყურადღებას არ აქცევენ, მთავარია ფეხბურთელი იქ დაბადებული ან გაზრდილი იყოს, ესმოდეს ბასკური კულტურა და ძლიერ კავშირში იმყოფებოდეს ქალაქთან და ადგილთან. მწვრთნელებზე შეზღუდვა არ მოქმედებს: კლუბში ჰაინკესი, ბიელსა, ბერიცო, იუგოსლავები და თვით ესპანელები მუშაობდნენ, ხოლო ყველაზე წარმატებულები ინგლისელები გახლდნენ.

“ბილბაოს” კი თავისი ლეგიონერები ჰყავდა და ჰყავს. მაგალითად, ფრანგი ბიქსენტ ლიზარაზუ, ფრანგი ბასკი, რომელმაც “ატლეტიკში” 1 სეზონი გაატარა. ასევე, კიდევ ერთი ფრანგი ბასკი ემერიკ ლაპორტი გახლავთ, რომელიც “ბილბაოდან” “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა. ფერნანდო ამორაბიეტა ვენესუელიდან იყო, ისიც ბასკი, რომელმაც “ატლეტიკის” რიგებში 254 მატჩი ჩაატარა. ბიქსანტ ბიურუნი ბრაზილიიდან იყო, იქაური ბასკი. წინა საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს “ბილბაოს” მაისური 151-ჯერ მოირგო. კენან კოდროს ბასკური წარმოშობა არ აქვს, ბოსნიელია, თუმცა ბასკეთში დაიბადა და “ბილბაოს” ღირსებას 2019 წლიდან იცავს. 2018 წლიდან “ატლეტიკში” რუმინელი კრისტიან განია თამაშობს, რომელიც ასევე ბასკეთში გაიზარდა.

„ატლეტიკი“ ჩვენი კულტურის ნაწილად დაბადების მეორე დღეს იქცევა. ყველა სამშობიარო ბილბაოდან 60 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს, სადაც ყველაფერი წითელ და თეთრ ფერებშია მოპირკეთებული, ბიჭებს კი საკლუბო ატრიბუტიკას ჩუქნიან. მე ბილბაოში დავიბადე, „ატლეტიკში“ ვმუშაობდი, აქ ჩემთვის ყველაფერია. ბიჭებიც იგივეს გრძნობენ. ჩვენ ყოველთვის აქ ვართ – ოჯახი და ისტორიის ნაწილია“, – ამბობს აკადემიის მწვრთნელი ჯონ სოლაუნი.

ასეთი მიდგომა არაერთგვაროვანია და საკამათო ტრანსფერებს დირექტორთა საბჭო განიხილავს. კლუბი გულშემატკივრებს ეკუთვნის, რომლებიც დაუწერავ ტრადიციებს ინახავენ. კრებაზე ფეხბურთელის დონეს კი არ განიხილავენ, არამედ კლუბთან შესაბამისობის კრიტერიუმებს და ძალიან ხშირად უარს ეუბნებიან. ასე გაისტუმრეს უარით ანტუან გრიზმანი, რომელიც რამდენიმე წელიწადი „სოსიედადის“ აკადემიაში ვარჯიშობდა და თითქოს ყველა პირობას აკმაყოფილებდა, მაგრამ ბასკეთში 14 წლისა ჩავიდა, მიიჩნიეს, რომ იქაურ კულტურასთან არასაკმარისადაა დაკავშირებული და ჩვეულებრივი ლეგიონერისგან არაფრით განსხვავდება.

“ატლეტიკი“ კლუბზე მეტია, ეს გრძნობაა. ჩვენს მიდგომაში ხანდახან ძნელია რაციონალიზმის პოვნა. უბრალოდ გვინდა ჩვენს გუნდში ჩვენი მიწის შვილებმა ითამაშონ. ვზრდით მამაკაცებს და არა უბრალოდ ფეხბურთელებს და როდესაც კანტერადან მთავარ გუნდში დებიუტია, ვგრძნობთ, რომ ჩვენი მიზანი წინაპრების ფილოსოფიასთან ჰარმონიაშია“, – ეს სიტყვები კლუბის ყოფიოლ პრეზიდენტს ხოსე მარია არატეს ეკუთვნის.

რასიზმსა და ნაციონალიზმზე საუბარი (უკანასკნელ ხანს კლუბს ხშირად ადანაშაულებენ ამაში) ასეთ პირობებში უაზრობაა. მხოლოდ ბასკებით გუნდი გასულ საუკუნეში თამაშობდა. გენერალმა ფრანკომ მათ ავტონომიური სტატუსი წაართვა, მშობლიურ ენაზე ლაპარაკი და ეროვნული სიმბოლიკა აუკრძალა, ისინი კი პრინციპულად მხოლოდ თავიანთი ფეხბურთელებით თამაშობდნენ. ცუდად არ გამოსდიოდათ, რამდენიმეჯერ მოიგეს ჩემპიონატი, „სან მამესი“ კი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც მშვიდად შეეძლოთ ეუსკარეს ენაზე ელაპარაკათ.

(იმ დროს მხოლოდ ბასკებით ასევე „სოსიედადი“ თამაშობდა და მისი პოლიტიკა კიდევ უფრო მკაცრი იყო: გუნდში მხოლოდ საკუთარი პროვინციიდან, გიპუსკოადან აჰყავდათ ფეხბურთელები. 1989 წელს ლეგიონერების აყვანა დაიწყეს, ხოლო 2001 წლიდან ესპანელებისაც. ყველაფერი „ატლეტიკის“ გამო: ბისკაიელები ტალანტებს ყველა ბასკური პროვინციიდან იყვანდნენ და ხშირად „სოსიედადის“ აღზრდილებიც მიჰყავდათ).

ფრანკოს დიქტატურასთან კიდევ ერთი არასწორი ასოციციაა დაკავშირებული: თვლიან, რომ „ატლეტიკი“ ბასკური სეპარატიზმის სიმბოლოა. კლუბის ფილოსოფია მართლაც იზიდავდა თავისუფლების მოყვარე ინტილიგენციას და ავტონომიისათვის ბრძოლის სიმბოლოდ ფრანკომდე კარგა ხნით ადრე ჩამოყალიბდა, მაგრამ ტერორიზმთან დაკავშირებული არ იყო. ეტა (შეიარაღებული ბასკური ნაციონალისტური და სეპარატისტული ორგანიზაცია) რეჟიმის საწინააღმდეგოდ სამოქმედოდ შეიქმნა (ტერორისტული აქტები ფაშისტი ჩინოვნიკების წინააღმდეგ) და ავტონომიის დაბრუნების შემდეგ მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგა. კლუბი კი დღემდე უყვართ.

„ატლეტიკი“ ფულს ტრანსფერებზე ზოგავს და ინვესტიციებს აკადემიაში ახორციელებს

 

ახალგაზრდობაში გაისკა გარიტანო კლუბის ბაზასთან ცხოვრობდა და აივნიდან ორმხრივ თამაშს უყურებდა, დღეს კი მწვრთნელია. იკერ მუნიაინი ეჩებერიასთან ერთად თამაშზე ოცნებობდა, გუნდში არასრულწლოვანი მოხვდა და ღამის ბარები იზიდავდა, მაგრამ დაწესებულების დაცვის თანამშრომლები აშინებდნენ, რომ მწვრთნელს დაურეკავდნენ და სახლში უშვებდნენ. ინიაკი უილიამსმა ტოპ-კლუბებს უარი უთხრა და ახლახან ХХI საუკუნეში ზედიზედ ჩატარებული მატჩების რეკორდი დაამყარა

ისინი „ატლეტიკს“ მსოფლიოს ყველაზე უნიკალურ კლუბად თვლიან, ერთადერთად, რომელიც მხოლოდ თავისიანებისთვის თამაშობს.

„სანტიაგო ბერნაბეუ“ ყოველ კვირას პირთამდე ივსება, მაგრამ იქ 30 ათასი უბრალო ტურისტია. დღეს ისინი „რეალს“ ქომაგობენ, ხვალ კი „ჩელსის“, კლუბთან და ფეხბურთელებთან დაკავშირებული არ არიან. ბილბაოში კი ყველას მეზობელი ჰყავს, რომელიც „ატლეტიკში“ ასპარეზობდა, პატარა ქალაქებში ყოფილი ფეხბურთელები თამაშობენ, აკადემიის აღზრდილები, გუნდების მენეჯერები. ყველანი კლუბს აღმერთებენ“, – ამბობს კლუბის მუზეუმის დირექტორი ასერ არატე.

გასაგებია, რომ ასეთი პოლიტიკა საზღვარგარეთულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი არ არის. მისი გაყიდვა შეუძლებელია (ხოსე მარია არატემ ეს ასე ახსნა: „ჩვენ სპორტული თანამეგობრობა ვართ და არა ბიზნეს-პროექტი). არსებობის 121 წლის მანძილზე კლუბმა ტრანსფერებზე იმაზე ნაკლები დახარჯა, ვიდრე პსჟ-მა ნეიმარზე.

დაზოგილი ფული ახალგაზრდების აღზრდას ხმარდება. ბასკების ქვეყანაში – ესპანეთსა და საფრანგეთში სამ მილიონ ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს და კლუბის წარმატებული არსებობა პირდაპირაა დამოკიდებული ტალანტების მოძიებასა და აღზრასთან. მთელს რეგიონში ბავშვთა 150 გუნდია, რომლებიც „ატლეტიკში“ საუკეთესოებს აგზავნიან, მათ, რომლებიც სკაუტების მხედველობის არეში არ მოხვდნენ (ისინი მხოლოდ ბისკაის ყურესთან, ბილბაოს ოლქში ეძებენ). სისტემა მუშაობს: ლა ლიგის ისტორიაში ოცი საუკეთესო ბომბარდირიდან ოთხი „ატლეტიკის“ მოთამაშეა (მათ შორის ტელმო სარა, რომელზეც უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ რონალდოსა და მესის აქვთ).

პიჩიჩი – ესპანური ფეხბურთის პირველი ვარსკვლავი. “ბილბაოს” მაისურით ჩატარებულ 89 მატჩი 83 გოლი გაიტანა. 29 წლის ასაკში ტიფით გარდაიცვალა.

Pichichi Trophy - Wikipedia

ტელმო სარა – ლა ლიგის ისტორიაში მესამე საუკეთეს ბომბარდირი, 354 მატჩში 335 გოლი აქვს გატანილი

Telmo Zarra - Wikipedia

ხულიო სალინასი – ლა ლიგის ტოპ მე-20 ბომბარდირი. კრუიფის “ბარსელონას” მთავარი ფორვარდი.

Julio Salinas - Alchetron, The Free Social Encyclopedia

დანი რუისი – ლა ლიგაში 199 გოლი აქვს გატანილი. ბოლო კაპიტანი იყო, ვინც “ბილბაოსთან” ერთად ესპაენითს ჩემპიონობა იზეიმა.

Dani (footballer, born 1951) - Wikipedia

ფერნანდო ლორენტე – გუნდის მაისურით 118 გოლი გაიტანა.

Fernando Llorente of Athletic Bilbao looks on during the Copa del Rey... News Photo - Getty Images

იმისათვის, რათა სათამაშო უნარები შაბლონური არ გამოვიდეს, ათ წლამდე ბავშვები სისტემის გარეშე ვითარდებიან. შემდეგ პრიორიტეტული ტექნიკაზე მუშაობაა, მოედნის ხედვა და სწრაფი დრიბლინგი (ცალკე ყურადღება ექცევა ტემპისა და მიმართულების ცვლილებას). მოზარდებს გასახდელების დალაგება, ბურთების მოედანზე გატანა, ეკიპირების მიხედვა ევალებათ (აღზრა მკაცრია: CanoFootball-ის ჟურნალისტი ალექს კელპემი იხსენებს, რომ ორ დასჯილ ფეხბურთელს გუნდთან ერთად ვარჯიში აუკრძალეს და შორიდან ყურება აიძულეს, ისე, რომ ხელები ზურგსუკან ჰქონდათ).

„მთავარია, რომ სკოლის აღზრდილი პირველ რიგში ცხოვრებისთვის მოემზადოს და არა ფეხბურთისთვის. ჩვენს მესამე გუნდში 21 მოთამაშეა, 13-მა მათგანმა უნივერსიტეტში ჩააბარა. ჩვენ ვახალისებთ სწორ ფასეულობებს და კარგ ადამიანებს ვზრდით და არამხოლოდ ფეხბურთელებს. ჩვენი ბიჭები სამაგალითონი უნდა იყვნენ“, – ასე ხსნის აკადემიის მისიას სპორტული დირექტორი ხოსე მარია ამორორტუ.

ფილოსოფია განსაზღვრავს აკადემიის სატრანსფერო შესაძლებლობებსა და შედეგებს (ფეხბურთელების 85% მათი აღზრდილია). ერნესტო ვალვერდემ Sky Sports-ს მოუყვა, თუ რამდენად რთულია „ბილბაოში“: „ეს ნიბესმიერი სხვა სამუშაოსგან გამორჩეულია. სხვაგან ფეხბურთელებს ყიდულობენ, ხოლო აქ სხვაგვარადაა. კადრებს უნდა გაუფრთხილდე, რადგან არჩევანი მდიდარი არ არის“.

„ატლეტიკი“ ტრანსფერებზე მოლაპარაკებებზე მკაცრია, რადგან გაყიდული ფეხბურთელის შემცვლელის პოვნა ადვილი საქმე არაა. მოთამაშეებს ხშირად ახსენებენ, რომ კლუბის მიმართ ვალდებული არიან და სხვა გუნდში ტოპ-დონეზე ვერ ათამაშდებოდნენ. „ისინი თავს ისე უნდა გრძნობდნენ, თითქოს ოჯახურ ბიზნესს ანებებენ თავს, რომელიც ბაბუამ წამოიწყო“, – აუხსნა კლუბის პრეზიდენტმა ხოსე ურუტიამ „ნიუ იორკ ტაიმსს“.

ასეთი პოლიტიკის არასასიამოვნო ეფექტი – სხვა კლუბები ბასკ ფეხბურთელებზე ზედმეტ თანხას აწესებენ. კლუბებმა იციან, რომ „ატლეტიკს“ არჩევანი არ აქვს და დიდ საკომისიოს აწესებენ: ბერიჩე პსჟ-მა 16 მილიონად შეიძინა და 24 მილიონად გაყიდა.

„როდესაც მოთამაშეთა მთელ მსოფლიოში შერჩევა შეგიძლიათ, ეს ადვილია, მაგრამ ჩვენი იდეა უფრო ამაყია, უფრო რომანტიკულია. ჩვენ ჩვენი ერისთვის, ქალაქისთვის ვბრძოლობთ, მოთამაშეთა აღსაზრდელად ინვესტიციებს ვახორციელებთ და ნებისმიერი სირთულეების გადასალახად ვართ მზად. ამაშია ჩვენი ძალა. ჩვენი ფეხბურთელები შეიძლება ნაკლებად ნიჭიერები და ნაკლებად ტექნიკურები იყვნენ, მაგრამ სხვებს ერთგულებით და ბრძოლის უნარით სჯობნიან. თავიანთი კლუბის მაისურით ამაყობენ. ეს კონკურენტუნარიანებს გვხდის. საშუალოდ მოთამაშე კლუბში 7-8 წელს ატარებს და აქ ერთგულება სხვებზე მეტია“, – ამტკიცებს ურუტია.

*** უკანასკნელი 107 წლის განმავლობაში ბევრი არასასიამოვნო რამ მოხდა: ორი მსოფლიო ომი, ფრანკოს ტოტალიტარიზმი, „ინტერის“ ტრებლი. ფეხბურთი შეიცვალა, მაგრამ „ატლეტიკმა“ სრულიად სხვა ეპოქაში მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარი არ თქვა. თუნდაც უკვე ტოპი არ არის, თუმცა იმ სამ კლუბს შორისაა, რომლებიც პრიმერადან არ გავარდნილან და როგორც ჩანს, ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

წყარო: Sports

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო