11 X 11
სპორტული პორტალი

ამ დუეტმა მსოფლიო დაიპყრო – ამ დროს კი ისინი ერთმანეთს ვერ იტანდნენ!

0

უთიერთდაცინვიდან – ლეგენდარული აკვნის რწევამდე.

რას საქმიანობენ ახლა 1994 წლის მუნდიალის გმირები?

ბრაზილია მუდამ გამოირჩეოდა ფეხბურთის ისეთი დიდოსტატებით, რომლებიც უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს. ამგვარი კომუნიკაციისა და სწორუპოვარი ტექნიკური არსენალის წყალობით, ბრაზილიის ნაკრები ხუთჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. და მაინც, სელესაოს ისტორიაში არ ყოფილა ისეთი ეფექტური და ეფექტიანი დუეტი, როგორიც რომარიო-ბებეტო იყო. ამ ფეხბურთელებმა, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს, საკმაოდ რთული გზა გაიარეს ურთიერაუტანლობიდან დაძმაკაცებამდე და საერთო, საყოველთაო აღიარებამდე.

ბებეტო და რონალდო აბსოლუტურად განსხვავებულნი იყვნენ. ერთი – მშვიდი და კეთილნაზარდი, მეორე კი – თავხედი და თავდაჯერებული.

1980-ან წლებში ბაზილია მივიდა იმის შეგნებამდე, რომ სოკრატესისა და ზიკოს თაობა მეტს ვერ „ქაჩავდა“. ქვეყანას ახალი გმირები სჭირდებოდა. ბედად, იყვნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები და ვეტერანების ნაცვლად ახალი ჯადოქრები მოვიდნენ. ბებეტო და რომარიო ერთად შემოიჭრნენ ბრაზილიურ ფეხბურთში და უცებ მიიპყრეს საყოველთაო ყურადღება. ორივეს ბევრი გოლი გაჰქონდა და თავიანთი კლუბებისათვის წარმატებები მოჰქონდათ. 20 წლის ასაკში ორივე ეროვნული ლიგის ვარსკვლავი იყო და პრესამ გადაწყვიტა ისინი ერთმანეთისათვის „დაეტაკებინათ“. ეს ნამდვილად მესი-რონალდოს მასშტაბის, მაგრამ ადრეული დაპირისპირება გახლდათ.

მედია ირწმუნებოდა, რომ ისინი ერთმანეთს ვერ იტანდნენ. მიზეზი კი ბანალური გამოძებნეს. რომარიო „ვასკო და გამაში“, ხოლო ბებეტო „ფლამენგოში“ თამაშობდა. ეს კლუბები ერთმანეთზე მართლაც არიან გადაკიდებულნი, მაგრამ ფეხბურთელები პირველ პერიოდში ამ პროვოკაციას არ აყვნენ. ეს არც ყოფილა მოულოდნელი. ბებეტო საშუალო კლასიდან გამოსული გახლდათ. მისი მშობლები განათლებული, მშრომელი ადამიანები იყვნენ და შვილების აღზრდასა და განათლებას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. არც ფული აკლდათ და ამიტომ „თეთრი ოქრო“, როგორც მოგვიანებით ბებეტოს შერქვეს ფანატებმა, წყნარი, მშვიდი და ძალიან რელიგიური ახალგაზრდა გახლდათ. „ღმერთმა ყველაფერი მომცა, რაც ღირსეული არსებობისათვის საჭიროა და მე მისი დიდი მადლობელი ვარ“, – ამბობდა ბებეტო.

რომარიო კი მისი სრული ანტიპოდი იყო. ის რიოს ჩრდილოეთ, ღარიბ უმან ჟაკერეზინიოში დაიბადა და გაიზარდა. პატარაობიდანვე ხედავდა სიღატაკეს, ძალადობას, ნარკოტიკებსა და იარაღს. „კოკროჭინას“, როგორც ბავშვობაში ეძახდნენ, მთავარი საზრუნავი თავის გადარჩენა გახლდათ. რომარიო საკუთარ თავზე ამბობდა: „როდესაც ამ ქვეყანას მოვევლინე, იმან, ვინც ზეცაშია, ჩემზე მიუთითა და თქვა, რომ ეს ბიჭი გამორჩეულია“.

ამიტომ მათ შორის კონფლიქტის გაღვივება ვერ მოხერხდა. რომარიო და ბებეტო იმდენად განსხვავებულნი იყვნენ, რომ შეიძლება ითქვას, ერთმანეთს ვერც კი ამჩნევდნენ.

1988 წელს ბებეტომ და რომარიომ ბრაზილიის ნაკრები ოლიმპიადის ფინალში გაიყვანეს, სადაც საბჭოთა კავშირთან დამარცხდნენ

მათ ერთად პირველად 1988 წლის ზაფხულის ოლიმპადაზე იასპარეზეს. თავდამსხმელებმა მოედანზე უცებ გამონახეს საერთო ენა, კარგადაც შეთამაშდნენ და გუნდმა ფინალში გააღწია. საბჭოთა კავშირთან მატჩში ანგარიში რომარიომ გახსნა ბებეტოს პასით, მაგრამ შემდეგ დობროვოლსკიმ და სავიჩევმა ბრაზილიელებს ცხვირწინ ააცალეს პირველი ოლიმპიური ოქროს მედლები და საბჭოეთის გუნდმა მეორედ და უკანასკნელად მოიგო ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირი.

მიუხედავად ამ დამარცხებისა, მთელმა ბრაზილიამ მაინც შვებით ამოისუნთქა, რადგან სელესაოს გამოუჩნდა ნამდვილი ბომბარდირები.

ერთი წლის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებმა 19-წლიანი შესვენების შემდეგ ამერიკის თასი მოიგო. რა თქმა უნდა, ამ ტურნირის ვარსკვლავები „კოკროჭინა“ და „თეთრი ოქრო“ გახდნენ. გუნდის მიერ გატანილი 11 ბურთიდან მათ ანგარიშზე 9 გოლი მოდიოდა. ისე მოჩანდა, თითქოს ნაკრებში იდილია ჩამოდგა.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა ერთმანეთის. როდესაც გუნდი ტაქტიკას გეგმავდა, მე და ბებეტო მის განხილვაში საერთოდ არ ვმონაწილეობდით. მოედანზე ერთმანეთს თითქოს მესამე თვალითაც ვხედავდით. ბებეტო ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი იყო. ის უშურველად მეხმარებოდა და სწორედ ამიტომ შეიკრა ჩვენი განუმეორებელი დუეტი“, – ამბობდა რომარიო.

თუმცა მალე კომპანიონების ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. ერთ-ერთი მიზეზი გუნდის მთავარი მწვრთნელის კარლოს ალბერტო პარეირას გადაწყვეტილება გამოდგა, რომელმაც 1992 წელს გერმანიის ნაკრებთან მატჩში ბებეტო-კარეკას თავდასხმის ტანდემი დააყენა. რომარიო გაანჩხლდა და პარეირას ყველაფერი ამოუტრიალა. მწვრთნელმა ცოტა ხანს იფიქრა და რომარიო სელესაოდან დაითხოვა.

Ромарио

წყვილი საბოლოოდ ესპანეთის ჩემპიონატმა წააჩხუბა. 1993 წელს რომარიო „ბარსელონაში“ გადავიდა, ბებეტო კი იმ დროს უკვე „დეპორტივოში“ თამაშობდა და პრიმერას საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. 1993/1994 წლების სეზონის ჩემპიონობისთვის კი სწორედ ამათი გუნდები ებრძოდნენ ერთმანეთს.

რომარიოს თითქმის ყოველ ტურში გაჰქონდა გოლი, მაგრამ იგრძნო რა თანამემამულისა და თანანაკრებელის მძაფრი კონკურენცია, ანერვიულდა და მას სისტემატურად „კოჭის ძაფს“ უწოდებდა. ბებეტო, რომელსაც ბავშვობიდან „მტირალა“ შეარქვეს, მოიშალა და პიჩიჩისათვის ბრძოლაში ძლივსღა გავიდა მესამე ადგილზე. ჩემპიონი „ბარსა“ გახდა, ხოლო რომარიო საუკეთესო ბომბარდირი. ამ ორ ბრაზილიელს შორის მტრობამ დაისადგურა.

Бебето

წესიერი მეოჯახე ბებეტო, ძალიან ხშირად ამუნათებდა რომარიოს ამორალობასა და უპასუხისმგბლობაში, მათ შორის მისდამი დამოკიდებულების გამოც, მაგრამ რომარიოზე შეგონებები არ სჭრიდა. აგრძელებდა ბებეტოს ცუდად მოხსენიებას, აწყობდა ხმაურიან წვეულებებსა და ორგიებს მნიშვნელოვანი მატჩების წინაც და თვითკმაყოფილი იმეორებდა, რომ „თუ ღამით არ შევაგდე, დღისით სულ ვერ შევაგდებ“.

ბებეტოსა და რომარიოს მიერ ერთობლივად შესრულებული „აკვნის რწევა“ ფეხბურთის ისტორიაში ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდია

ბრაზილია საგონებელში იყო – ნაკრები მათ თვალწინ იშლებოდა, მუნდიალის შესარჩევში ქულას ქულაზე კარგავდა, ხოლო გუნდის ლიდერები ერთმანეთთან უბრად იყვნენ. მთელი ქვეყანა ბებეტოსა და რომარიოს შერიგებას ლამობდა. „მტირალამ“ პირველმა გაისიგრძეგანა, რომ სელესაოს ორივე სჭირდებოდა და პარეირას შესთვაზა რომარიო ნაკრებში დაებრუნებინა. მწვრთნელმა ყურად იღო ეს თხოვნა. ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნებისთანავე „კოკროჭინამ“ ურუგვაისთან მატჩში დუბლი შეასრულა და სელესაომ მუნდიალის საგზური მოიპოვა.

ამ მატჩამდე რომარიომ კომენტარი თავის სტილში გააკეთა: „ხილვა მქონდა. ურუგვაის თქვენი გულისათვის აუცილებლად მოვუგებ“.

მიუხედავად ამ წარმატებისა, ბებეტო და რომარიო მაინც არ შერიგებულან. მხოლოდ 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ორიოდე თვით ადრე ოჯახურმა დრამებმა კვლავ დააახლოვეს. რომარიოს მამა კრიმინალებმა გაიტაცეს და დიდ გამოსასყიდს ითხოვდნენ. ბებეტოს სახლში კი ყაჩაღები შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ოჯახის წევრები ერტთოთახში შერეკეს და სახლი გაძარცვეს. ფორვარდებმა ამ სტრესულ სიტუაციაში საჯაროდ დაუჭირეს მხარი ერთმანეთს და ასეც უნდა მოქცეულიყვნენ. საბედნიეროდ, ეს ინციდენტები მშვიდობიანად დასრულდა. შერიგებულმა „კოკროჭინამ“ და „მტირალამ“ მთელი ძალები აშშ-ს მუნდიალის სამზადისისაკენ მიმართეს.

ამ ტურნირის სტარტის წინ რომარიომ განაცხადა: „ბებეტო შინაყუდაა, მე კი ქუჩის კატა ვარ. და მაინც, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ის რაც აქამდე ერთმანეთზზე ცუდი გვითქვამს, მუნდიალზე ჩვენს თამაშზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს“.

„რომარიომ იცის, რომ მას დიდ პატივს ვცემ. ის ექსტრავერტია, მე – ინტროვერტი, მაგრამ სიმპათია, რომელიც მის მიმართ მაქვს, ნამდვილია და ვეცდები მის მოედანზე გადატანას“, – ეს კი ბებეტოს სიტყვებია.

თქვეს და შეასრულეს.  მათ დიდებულად იასპარეზეს, ორივემ ერთად 11 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავი მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან მოგებული (3:2) მატჩია. გაიტანა რა გოლი, ბებეტომ კუთხურის ალამთან მიირბინა და ის ახლადშობილ ვაჟს ხელებით რწევითი მოძრაობებით მიუძღვნა. იმ წამსვე მასთან ყვირილით- „მიყვარხარ და მეც შენთან ვარ!“ – რომარიოც მიიჭრა და ერთად „დაარწიეს“ ბებეტოს შვილი. ამის შემდეგ ბევრმა ირწმუნა, თუ რომელი გუნდი გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი. ფინალში ბრაზილიის ნაკრებმა პენალტების სერიაში იტალია დაამარცხა და მეოთხედ მოიგო მსოფლიოს თასი.

ეს ორივესათვის კარიერის პიკი გამოდგა. ამის შემდეგ მუნდიალი აღარ, მაგრამ სელესაოს კონფედერაციათა თასი და 1997 წელს ამერიკის თასი მოაგებინეს. მაშინ როდესაც ბებეტო და რომარიო ბრაზილიის ნაკრებში ერთად იყვნენ, გუნდს 23 ოფიციალური მატჩიდან არც ერთი არ წაუგია.

ამის შემდეგ მალევე „კოკროჭინას“ მთავარი მწვრთნელის დაცინვისათვის ნაკრებიდან გააგდებენ, „მტირალა“ კი ბუცებს სულაც ლურსმანზე ჩამოკიდებს. ისე, რომარიო ცოტა ხნით მაინც დაბრუნდება ნაკრებში, მაგრამ ტრავმები აღარ მისცემს საშუალებას რონალდოსთან წყვილში ეთამაშა და მისი 11-ნომრიანი მაისური ემერსონ ფერეირას გადაეცა.

კარიერის დასრულების შემდეგ პარტნიორები პოლიტიკაში წავიდნენ და  ერთ პარტიაშიც კი იყვნენ

მათ შემდეგ ბრაზილიის ნაკრების თავდასხმაში რონალდო, ადრიანო, ნეიმარი და სხვები თამაშობდნენ და თამაშობენ, მაგრამ მსგავსი ურთიერთგაგება, როგორიც ბებეტოსა და რომარიოს ჰქონდათ, არავის აქვს და შეიძლება მსგავსი აღარც განმეორდეს.

ნაკრებიდან წასვლის წინ რომარიომ თქვა: „დაივიწყეთ რომარიო. სელესაოში ასეთი ფეხბურთელი აღარ არის და ისიც, ვინც 9-ნომრიანი მაისურის ტარების ღირსია“ .

ბებეტომ, რომელიც ნაკრებში სწორედ 9 ნომრით ასპარეზობდა უპასუხა, რომ „რომარიოზე უკეთესი მეწყვილე მსოფლიო ფეხბურთში არ არსებულა“.

კარიერის დასრულების შემდეგ ბებეტოსა და რომარიოს ურთიერთობა აღარაფერს გაუფუჭებია და დღემდე მშვენიერი დამოკიდებულება აქვთ, უკვე პოლიტიკოსების ამპლუაშიც. 2010 წელს ბებეტო რიოს პარლამენტში, ხოლო რომარიო 2014 წელს ბრაზილიის პარლამენტის წევრად აირჩიეს. სენატორის რანგში მყოფმა რომარიომ ბებეტო თავის პარტია Podemos-შიც კი გადაიბირა. მასინ რომარიომ ბებეტოს უთხრა, რომ მათი დუეტი არა მარტო რიოს, არამედ მთელს ბრაზილიას შეცვლიდა.

აი, ეს კი აღარ გამოუვიდათ დიდ ფეხბურთელებს, მაგრამ ეს იმდენად მათი ბრალი კი არა, ბრაზილიის მოქალაქეთა პასუხისმგებლობის საკითხია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო