11 X 11
სპორტული პორტალი

როგორ მოხვდა კვარას „რუბინელი“ გუნდელი მოყვარულთა ლიგიდან რუსეთის ნაკრებში

0

23 წლის ილია სამოშნიკოვი ყაზანის „რუბინის“ მცველია,  ჩვენი ხვიჩა კვარაცხელიას ფლანგზე თამაშობს და საკმაოდ კარგადაც. სულ ახლახან, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისათვის რუსეთის ნაკრებში უხმეს, თუმცა თამაში არ მოუწია. არადა, სულ რამდენიმე წლის წინ, უდაბლეს სამოყვარულო ლიგაში, ლამის ეზოს ფეხბურთის გუნდში თამაშობდა.

პროფესიონალურ ფეხბურთში ილია მხოლოდ 20 წლის ასაკში მოხვდა. 2017 წელს სამოშნიკოვი მოსკოვის „არარატმა“, იქაური სომხების მიერ დაარსებულმა კლუბმა, აიაყვანა. მანამდე კი სამოყვარულო ლიგის გუნდები მოიარა. თითქოს აქ გასაკვირი არც არაფერია, რადგან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვიდრე კლუბს ეძებენ, ფორმის შესანარჩუნებლად, უმეტესად კი გასართობად, სამოყვარულო ლიგებში აგორებენ ბურთს. მაგალითად, ალექსანდრ ზინჩენკოს, რომელიც ახლა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელია, სამოყვარულო კლუბ „აზიმუტში“ 5 მატჩი აქვს ნათამაშევი.

17 წლის სამოშნიკოვმა რეუტოვში სპორტული სკოლა „პრიალიტი“ დაასრულა, რომელიც საკმაოდ კარგი დონისაა და 2014/2015 წლების მთელი სეზონი პარალელურად ბოლო, მესამე სამოყვარულო ლიგის გუნდში ითამაშა.

რომ წარმოიდგინოთ თუ რაა რუსეთის მესამე სამოყვარულო ლიგა, საკმარისია რომელიმე მატჩზე რამდენიმე წუთით შეიაროთ და ღიპიანი ფეხბურთელების თამაშის ცქერით ნამდვილად ვერ დატკბებით, მაგრამ კარგად კი იხალისებთ. იმ დროს, როდესაც ილია მესამე ლიგაში დასდევდა ბურთს, ჟურნალისტი, რომელმაც მის სპორტულ ბიოგრაფიას თვალი მიადევნა, მაშინ პირველ სამოყვარულო ლიგის გუნდში თამაშით იკლავდა საფეხბურთო ჟინს.

მოკლედ, ილიამ მთლად ფსკერიდან დაიწყო საფეხბურთო კარიერა. რაღა თქმა უნდა, საფეხბურთო სკოლის 17 წლის კურსდამთავრებული იმ თავის გუნდში, ერთად აღებული პელე და მარადონა გახლდათ. 29 მატჩში 38 გოლი გაიტანა და 26 საგოლე პასი მისცა თანაგუნდელებს და მიუხედავად ასეთი სტატისტიკისა, პროფესიონალური კლუბების ყურადღება ვერ მიიქცია.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს და ამტკიცებს იმ შეხედულებას, რომ საფეხბურთო კარიერაში გამართლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

სამოყვარულო კლუბი „კვაზარი“ მსაჯებს ფულს უხდიდა, რათა მათ ინფორმაცია მიეწოდებინათ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებზე და ასე იპოვნეს სამოშნიკოვი.

ამ კლუბის ყოფილი შეფი არტემ ხაჩატურიანი იგონებს: „ვერც ერთი სასელექციო სამსახური ვერ შეძლებს თვალი მიადევნოს სამოყვარულო ლიგების ყველა გუნდს. სხვაც რომ არაფერი, ეს საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჯერ მარტო მგზავრობა ჯდება საკმაო თანხა.  არადა, ახალგაზრდა ფეხბურთელები გვჭირდებოდა. უცებ გონება გამინათდა და მშვენიერი იდეა მომივიდა. სამოყვარულო ლიგის მატჩებს სულ 30-ოდე მსაჯი ემსახურება და მათი თვალთახედვის არეში ათასზე მეტი ფეხბურთელი ხვდება. ამიტომ მათ ვთხოვეთ, სადაც ნიჭიერ ფეხბურთელს ნახავდნენ, ჩვენთვის ეცნობებინათ და თუ მათ მიერ რეკომენდირებულს გუნდში ავიყვანდით 10 ათას რუბლს გადავუხდიდით. სწორედ ერთმა მსაჯმა – ანდრეი აგაპოვმა გვირჩია ილია სამოშნიკოვი გვენახა საქმეში, რომელიც მესამე ლიგის „ავტორადიოკლუბში“ თამაშობდა“.

სამოშნიკოვის აღმომჩენი ანდრეი აგაპოვი იგონებს: „2015 წლის 14 მარტს „ავტორადიოკლუბისა“ და „რეუტოვის“ მატჩს ვსჯიდი. „ავტორადიოკლუბმა“ 5:3 მოიგო. სამოშნიკოვმა სამი გოლი გაიტანა. მის ძალიან კარგ თამაშთან ერთად მომეწონა მისი ხასიათი. მიუხედავად გამორჩეულად ლიდერობისა, ზრდილობიანად და თავმდაბლად იქცეოდა, არ უყვიროდა პარტნიორებს და მსაჯების მიმართაც თავაზიანი გახლდათ. და რაც მთავარია, მასში ზრდის პერსპექტივა დავინახე. სამოშნიკოვის შესახებ არტემ ხაჩატურიანს ვაცნობე. ის ერთ თამაშზე მოვიდა, დააკვირდა ილიას და მაშინვე გადაწყვიტა მისი აყვანა. მე კი შეპირებული 10 ათასი ულაპარაკოდ გადამიხადა. ეხ, რომ მცოდნოდა, რომ ილია სამოშნიკოვი რუსეთის პრემერლიგაში და რუსეთის ნაკრებში ითამაშებდა, ბევრად მეტს მოვთხოვდი“.

თავად ხაჩატურიანი ამტკიცებს, რომ როგორც კი ილიას რამდენიმე მოძრაობა ნახა, მაშინვე მიხვდა, რომ ცოტა ხანში ის მაღალი კლასის ფეხბურთელი გახდებოდა. არტემი კი მიხვდა, მაგრამ მისი შეფასება ნაკლებად აინტერესებდათ და ორი წლის განმავლობაში ის ამაოდ თავაზობდა პროფესიულ კლუბებსა და აგენტებს ყურადღება მიექციათ სამოშნიკოვისათვის.

ილიას ყოფილი თანაკლუბელები იხსენებენ, რომ ის აშკარად გამორჩეული იყო, შემოქმედებითი ნიჭი ჰქონდა, ადვილად ატყუებდა რამდენიმე მეურვეს და ძალიან უყვარდა შეტევების წამოწყება და ხშირად მათ თავად ასრულებდა გატანილი გოლით. ამიტომ არც უკვირთ, რომ ახლა „რუბინში“ სამოშნიკოვი ხშირად და გაბედულად ერთვება იერიშებში.

საფეხბურთო სკოლაში სამოშნიკოვის მწვრთნელი და შემდეგ „ავტორადიოკლუბში“ მისი მოთამაშე-მწვრთნელი მაქსიმ ზიუზინი  ამბობს: „ილიას ხან განაპირა ნახევარმცველად, ხანაც მცველად ვათამაშებდი. თუმცა, მოედნის შუაშიც ნაყოფიერი იყო და თავდასხმაშიც ყველას ჩაგრავდა. 14-15 წლის ასაკში, მას ფიზიკურად სხვებმა გაასწრეს და სკოლის გუნდის თადარიგში მომიწია გადაყვანა. ცოტა ხანს გამებუტა კიდეც, მაგრამ შემდეგ ტანი აიყარა, ფიზიკურადაც მოძლიერდა და გამოსაშვებ წელს კვლავ გუნდის ლიდერი გახდა“.

ლევ აგუზაროვი, სკოლის გუნდისა და „ავტორადიოკლუბის“ მეკარე: „რა თქმა უნდა, მესამე სამოყვარულო ლიგაში მოთამაშეებს ძნელად წარმოგვედგინა, რომელიმე ჩვენთაგანი პრემიერლიგაში, მით უფრო რუსეთის ნაკრებში რომ მოხვდებოდა. სკოლის დასრულების ბოლო წელს ილიამ ძალიან მოუმატა, განსაკუთრებით სისწრაფეში და დრიბლინგიც ისე დახვეწა, რომ არ მახსენდება მატჩი, რომელშიც მას რამდენიმე მეტოქე ერთად არ მოეტყუებინოს. აღსანიშნავია ისიც, რომ უკეთეს პოზიციაში მყოფ პარტნიორს  არასოდეს უგვიანებდა პასს. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ მისგან ვარჯიშის გაცდენა წარმოუდგენელი რამ იყო და წვრთნისას სრულად იხარჯებოდა“.

ნიკიტა როსტოვშჩიკოვი, სკოლის გუნდისა და „ავტორადიოკლუბის“ მცველი: „ჩვენგან რატომ მხოლოდ ილია თამაშობს პროფესიულ დონეზე? გარდა ტალანტისა, ის ძალიან მიზანდასახული იყო. პირადად მე ჯანმრთელობის პრობლემები გამიჩნდა, ვხვდებოდი რომ პროფესიულ ფეხბურთში მხოლოდ მეორე ლიგას შევწვდებოდი.  ეს  კი არ მაკმაყოფილებდა და ფეხბურთს შევეშვი. აი, ჩემს შემთხვევაში, ილია ასე არ მოიქცეოდა“.

მესამე სამოყვარულო ლიგაში კარგი თამაშის შემდეგ, „კვაზარში“ გადაიყვანეს. მისმა თამაშმა მოსკოვური პირველი სამოყვარულო კლუბების ყურადღებაც მიიქცია და შემდეგ სეზონში უკვე სამოყვარულო პრემიერლიგის „რუსიჩში“ ირიცხებოდა. ირიცხებოდა რა, ჩვეულად, ძალიან მაღალ დონეზე აგრძელებდა თამაშს. იქ მის მიერ ჩატარებულმა ერთმა მატჩმა კომენტატორ დმიტრი შნიაკინის აღტაცება გამოიწვია.

მიუხედავად ამისა, პროფესიონალური ფეხბურთიდან ყურადღებას არავინ აქცევდა. არადა, არტემ ხაჩატურიანი მის თავს ბევრს თავაზობდა, მაგრამ ამაოდ: „2015 წლის ზაფხულში ცოტა ხნით სომხეთის უმაღლესი ლიგის გუნდის „მიკის“ სპორტული დირექტორი ვიყავი და მინდოდა სამოშნიკოვისათვის კონტრაქტი შემეთავაზებინა. სამწუხაროდ, იმ პერიოდში მას უნივერსიტეტში პრობლემები გაუჩნდა და სომხეთში ვერ ჩამოვიდა. როდესაც სომხეთიდან დავბრუნდი, „კვაზარის“ საქმეებს მივუბრუნდი და ჩვენთან მივიწვიეთ. მოსკოვის „დინამოს“ დუბლებს ვეთამაშეთ. მათ მოეწონათ ილიას თამაში, დაინტერესდნენ კიდეც, მაგრამ დაიწყეს ასეთ სიტუაციებში სტანდარტული ლაპარაკი, რომ კი, ნამდვილად კარგი ბიჭია, მაგრამ არც მათ ჰყავთ ნაკლებნი და ამიტომ კიდევ ნახავენ და ა.შ. მაშინ ამით დასრულდა ყველაფერი, თუმცა ისიც კარგი იყო, რომ დადებითად შეაფასეს“.

შედეგად ილია სამოშნიკოვი „ველესში“ მოხვდა, სადაც ნახევარი წელიწადი ვარჯიშობდა. ეს კლუბი მეორე ლიგისათვის ემზადებოდა და გასაოცრად, ილიას მხოლდ სამოყვარულო კონტრაქტი შესთავაზეს. გასაკვირი გახლდათ, რომ ექვს თვეში ამ „სპეციალისტებმა“ მასში ვერავითარი პერსპექტივა რომ ვერ დაინახეს.

სამოშნიკოვის კარიერაში გადამწყვეტი მომენტი 2017 წელს „ველესისა“ და მოსკოვის „არარატის“ ახალგაზრდული გუნდის მატჩი გამოდგა. მან ნახევარდაცვაში ითამაშა და ისე დაჩაგრა თავის ფლანგზე ყველა, რომ მისი არგამორჩევა შეუძლებელი იყო. სამოშნიკოვის პატრონაჟი საკუთარ თავზე აგენტმა მოისეევმა აიღო, რომელსაც ამის გაკეთებას მთელი წელი თავაზობდა არტემ ხაჩატურიანი, მაგრამ ის უარობდა.

„ბოლოს მოისეევის მეოხებით ილია პროფესიონალურ  „არარატში“ აღმოჩნდა. აი, ასეთი ძნელი გამოდგა მისი გზა. მიუხედავად ტალანტისა, რომ არა ეს შემთხვევა, შეიძლება მას დიდი ფეხბურთი ვერც ეთამაშა, – აღიარებს არტემ ხაჩატურიანი და ამატებს – ილია სამოშნიკოვის ისტორია აჩვენებს, რომ თუ 17 წლის ასაკში, რომელიმე პროფესიონალური კლუბის დუბლში არ აგიყვანეს, ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არაა. სრულიად ნორმალურია 20-21 წლის ასაკში სამოყვარულო გუნდში თამაშობდე, მაგრამ თუ თავგამოდებით ივარჯიშებ, დისციპლინირებული იქნები და მუდმივ პროგრესზე ორიენტირებული, დიდი შანსია მიზანს ისევე მიაღწიო, როგორც ილია სამოშნიკოვმა მიაღწია“.

„არარატში“ ილიამ ერთი წელიწადი დაჰყო. 2018 წელს იაროსლავლის „შინიკში“ გადავიდა, სადაც 14 მატჩი ჩაატარა. მომდევნო სეზონში მოსკოვის „ტორპედოში“ კარგი თამაშით გამოიჩინა თავი და 2020 წლიდან დღემდე ყაზანის „რუბინშია“.

წყარო: Sports
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო