11 X 11
სპორტული პორტალი

არგენტინელი, რომელიც ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა გახდა, მარადონამ მუნდიალზე შვილის გამო არ იახლა და 40 წლის ასაკში ურუგვაის დასაპყრობად წავიდა

0

სამხრეთ ამერიკის 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეს დ’ალესანდრო მწვრთნელის დიპლომის მქონეა, 15 აპრილს 40 წელი შეუსრულდა, მაგრამ ფეხბურთის თამაში არა და არ ბეზრდება. ბრაზილიურ „ინტერში“ გატარებული 12 წლის შემდეგ,  ურუგვაულ „ნასიონალში“ გადაბარგდა და   ლიბერტადორესის თასზეც ითამაშა. ამ მოკლე ტექსტიდანაც კარგად მოჩანს, რომ ეს კაცი ფეხბურთით ჯერაც დაურწყულებელია.

ცხოვრება, ცრემლები, სიყვარული

დ’ალესანდრო გასახდელის სარკესთან მივიდა და ლამის გული შეუწუხდა. მარჯვენა ღაწვი რამდენიმე სანტიმეტრით შეწეული ჰქონდა. არც დაუბანია და არც გამოუცვლია, ისე გავარდა საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია გაუკეთეს, ჩამსხვრეული ზედა ყბიდან ძვლის ნამცეცები ამოუღეს და ტიტანის ფირფიტა ჩაუდგეს. რამდენიმე დღე მხოლოდ სუპებს, ისიც დიდი წვალებით ყლაპავდა. შედეგად ხუთი კილო დაიკლო  და ერთი თვე ვეღარ თამაშობდა. „ჟუვენტუდეს“ მცველს ფერეირას, რომელიც მას სახეზე მუხლით დაეცა, არც კი დაურეკავს. ნახევარი წლის შემდეგ კი მუხლის ჯვარედინი იოგები დაიწყვიტა.

ნაოპერაციევი ანდრესი, რომელსაც დოლი ეჭირა და „ინტერნასიონალის“ ფანებთან ერთად სიმღერით ამხნევებდა თანაგუნდელებს და შემდეგ კი ყველასთან ერთად ზეიმობდა ლიბერტადორესი 2010-ის მოგებას. ის თითქმის ნახევარი ცხოვრება ოცნებობდა ამაზე, მას შემდეგ, რაც მშობლიურმა „რივერ პლეიტმა“ 1996 წელს ეს ტურნირი მოიგო. პატარა ანდრესი მაშინ ბოლბოი გახლდათ და ნამატჩევს გამარჯვებულ ფეხბურთელებთან, ფრანჩესკოლისთან, ორტეგასთან, ალმეიდასთან და გალიარდოსთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

View this post on Instagram

A post shared by @tuttosport85

შვილების დაბადების შემდეგ ანდრესი მეტად გულჩვილი გახდა. თავი ვერც 2010 წელს შეიკავა. გამარჯვების სიხარულთან ერთად მოგონებებიც წამოეშალა, გაახსენდა ბებია ბეატრისი, ვისი სახეც მკერდზე აქვს ტატუირებული. ბებია მისი მესაიდუმლე და უპირველესი მზრუნველი გახლდათ, ის კვებავდა, ამშვიდებდა, როდესაც ბავშვთა მწვრთნელები იწუნებდნენ და რუდუნებით აგროვებდა მისი ანდრესის შესახებ საგაზეთო სტატიებსა და კომენტარებს. საყვარელი ბებია თირკმლების გადანერგვის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა და ვერ მოესწრო შვილიშვილის სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას.

View this post on Instagram

A post shared by @tuttosport85

ურუგვაული „ელ პაისის“ გამოკითხვაში დ’ალესანდრომ ვერონსა და ნეიმარს გაუსწრო. 30 წლის ასაკს მიახლოებულმა კარიერის პიკს მიაღწია, მაგრამ ხელიდან გაუშვა მთავარი – მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

ძნელია იყო ღმერთი

მათ ერთმანეთი 1995 წელს გაიცნეს. დიეგო მაშინ „რასინგს“ წვრთნიდა, რომელსაც ანდრესი ბავშვობიდან გულშემატკივრობდა. „რასინგის“ საშინაო მატჩებს ანდრესი მამის მხრებზე შემომჯდარი ადევნებდა თვალს, ხოლო როდესაც წამოიზარდა, გასვლით მატჩებზე ფანატების ავტობუსით დადიოდა. ვინ იცის, რამდენჯერ ნახა კასეტაზე ჩაწერილი 1988 წლის ლიბერტადორესის სუპერთასზე საყვარელი გუნდის მოგებული მატჩი და მაშინდელი „რასინგის“ლიდერი, ურუგვაელი რუბენ პასი მისი კერპი გახდა.

View this post on Instagram

A post shared by @tuttosport85

მარადონა კერპი კი არა, უბრალოდ ღმერთი ბრძანდებოდა. „რასინგში“ მისი თანაშემწე რიკარდო პელიერანო იყო, დ’ალესანდროს ბავშვობის გუნდში, „ესტრელა დე მალდონადოში“ თანაგუნდელის მამა. ანდრესმა მას გასახდელში შეშვება სთხოვა, მორცხვად მიესალმა დიეგოს და ისე გახევდა, როგორც უფიცის გალერეაში პირველად მოხვედრილი ტურისტი.

როდესაც ანდრესმა „რივერში“ დაიწყო თამაში, მარადონა მას აქებდა და ხანდახან თავის ტელეშოუ „ღამის ათიანში“ პატიჟებდა. მას შემდეგ კი მთლად დაახლოვდნენ, როდესაც ანდრესის ძმამ მარსელომ რომანი გააბა დიეგოს ქალიშვილ ჯანინასთან. დიეგომ მარსელო ნეაპოლშიც იახლა ჩირო ფერარას გამოსათხოვარ მატჩზე, ორივე ძმას საშობაო წვეულებებზე ყოველთვის იწვევდა და ანდრესის ქორწილშიც მივიდა.

მოკლედ, ანდრესი ელოდა, რომ მარადონა იმას მაინც აუხსნიდა თუ რატომ არ იძახებდა ნაკრებში, მაგრამ ამის მიზეზი არა დიეგოსგან, არამედ მარადონას ოჯახთან დაახლოებული ჟურნალისტისაგან შეიტყო: „შენი ძმა ჯანინას ცუდად დაშორდა და დიეგომ თავისი შვილი გულამოსკვნით ატირებული ნახა. ამიტომ მისგან ჯვარი გაქვს დასმული და სანამ ის არგენტინის ნაკრების მწვრთნელია, შენ იქ არავინ მიგასუნინებს“.

„ვესტ ჰემიდან“ „ბარსელონაში“

View this post on Instagram

A post shared by @tuttosport85

ანდრესი ფიქრობდა, რომ არც 2001 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისათვის გამოიძახებდნენ, რომელიც არგენტინაში ტარდებოდა. ის ძალიან აღიზიანებდა მთავარ მწვრთნელს ხოსე პეკერმანს, რადგან უარს ამბობდა ესაუბრა გუნდის ფსიქოლოგთან, დადიოდა ჩაშვებული გეტრებითა და ამოჩაჩული მაისურით… და აგებდა კონკურენციას პიპი რომანიოლისთან და მაქსი როდრიგესთან.

მოხდა კი ისე, რომ ტურნირის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ტრავმა მიიღო ნახევარმცველმა ლივიო პრიეტომ და ანდრესი სასწრაფოდ შეიყვანეს განაცხადში. პირველ მატჩში მან გოლი ფინელებს შეცვლაზე შესვლიდან ექვს წუთში გაუტანა. ნახევარფინალში კი პარაგვაის 25 მეტრიდან ულამაზესი დარტყმით შეუგდო ბურთი და შიდა მაისურზე წარწერით თანადგომა გამოუცხადა მეოთხედფინალში დამტვრეულ ჩორი დომინგესს.

არგენტინა ჩემპიონი გახდა, დ’ალესანდრომ კი „ვერცხლის ბურთი“ მიიღო, როგორც ტურნირის მეორე საუკეთესო ფეხბურთელმა. პირველი ხავიერ სავიოლა გახდა, რომელმაც 6 გოლიდან, 4 ანდრესის პასებით გაიტანა.

„როგორც მე, ასევე ხავიერი „რივერის“ ახალგაზრდულ გუნდებში ჩია ტანის გამო იშვითად ვთამაშობდით“, – უთხრა ანდრესმა თავს ბიოგრაფ დიეგო ბორინსკის. – მაგრამ 1998 წელს ხავიერმა ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და დავრწმუნდი რომ მეც შეძლებდი პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მანამდე სულ ვნერვიულობდი, უარს ვამბობდი ვარჯიშებზე მისვლაზე და მამას ვთხოვდი სხვა კლუბში გადავეყვანე“.

„რივერიდან“ ანდრესი არ გაუშვეს. შემდეგ მარსელო ბიელსამ ნაკრების ვარჯიშებზე მიიწვია, რითაც სტიმული გაუჩინა ახლაგაზრდა ფეხბურთელს. რამონ დიასმა კი ძირითად შემადგენლობაში გადაიყვანა. დ’ალესანდროთი „პარმა“ დაინტერესდა და იტალიელებს რომ არ წაეგვარათ, „რივერმა“ სასწრაფოდ პირველი კონტრაქტი გაუფორმა. ამან საშუალება მისცა ახალი სახლი პრესტიჟულ რაიონ ლა პატერნალში ექირავა. მანამდე 20 წელი მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა.

მალე დიასი ტოლო გალიეგომ შეცვალა. ის ძირითადად ვეტერანებს ეყრდნობოდა და წლის მანძილზე ანდრესი  მხოლოდ სამ შეხვედარაში ათამაშა. „რივერსში“ პერსპექტივას ვეღარ ხედავდა და 2001 წელს სინჯებზე „ვესტ ჰემში“ მივიდა. ლონდონურ კლუბში ყველაფერი კარგად წაუვიდა. „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელი დავორ შუკერი თარჯიმნობას უწევდა, ხოლო მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი სულაც „ახალ მარადონას“ ეძახდა, მაგრამ „რივერმა“ ის „ჩაქუჩებს“ 4 მილიონ ევროდ არ მიყიდა. ამიტომ არგენტინაში დაბრუნება და „რივერის“ თადარიგში მოუწია ჯდომა. მხოლოდ მსოფლიოს ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა მისცა საშუალება ამ მანკიერი წრიდან დაეღწია თავი.

2002 წლის დეკემბერში აგენტ მარსელო სიმონიანთან ერთად ესპანეთში გაფრინდა „ბარსელონასთან“ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად.

ისინი სასტუმრო „პრინცესა სოფიაში“, „კამპ ნოუდან“ ხუთი წუთის სავალზე დაბინავდნენ. ანდრესი ჩემპიონთა ლიგის „ბარსელონა“-„ნიუკასლის“ მატჩს დაესწრო და ინტერვიუ მისცა კატალონიურ ტელევიზიას. ბრაზილიელმა როშებაკმა რესტორანში დაპატიჟა და ქალაქი დაათვალიერებინა. კლუბის ბოსებმა კი ვერტმფრენით საჰაერო ექსკურსია მოუწყვეს, 11-ნომრიანი მაისური აჩუქეს და კლუბის აკადემიაში 15 წლის თანამემამულე ლეო მესი გააცნეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა კი უთხრა, რომ „ბარსელონა“ მას ელოდება. ეს მოგზაურობა „რეალის“ 100 წლისთავისადმი ბლანკოსისა და მსოფლიო ნაკრების მატჩზე დასწრებით დასრულდა. ესტებან კამბიასოს შუამავლობით ანდრესმა ზინედინ ზიდანი 5-ნომრიანი მაისური მიიღო და სამშობლოში იმის რწმენით დაბრუნდა, რომ ნახევარი წლის შემდეგ ესპანეთში გადაბარგდებოდა.

შეყვარებულთან დაშორება

View this post on Instagram

A post shared by @tuttosport85

სამშობლოში თავს უკვე პოპ-ვარსკვლავად აღიქვამდა. ფანები წერილებით ავსებდნენ, აივანზე რბილ სათამაშოებს ესროდნენ, ხოლო „რივერის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ გუნდის კაპიტნობა უბოძა. წარმატებისგან თავბრუდახვეული ანდრესი მეგობარ გოგონა ერიკას დაშორდა, ხოლო „სან ლორენსოსთან“ მატჩის შესვენებისას მთავარ მწვრთნელს ეჩხუბა.

დონ მანუელი იმან აღაშფოთა, რომ დ’ალესანდრომ ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ მსაჯს კამათი დაუწყო, შემდეგ კი „ჩაყვინთა“ და რეფერის თავისუფლად შეეძლო სიმულაციისათვის მეორედ გაეფრთხილებინა და მოედნიდან გაეძევებინა. გაბრაზებულმა ანდრესმა ბუცები გაიხადა და მოედანზე გასვლაზე უარი განაცხადა. ეს კონფლიქტი გამოცდილმა ვეტერანმა ჩაჩო კოუდეტმა ჩააცხრო. ჯერ დ’ალესანდრო დაამშვიდა, შემდეგ მწვრთნელი, შეარიგა ისინი და მერე ტაიმში ანდრესმა გოლიც გაიტანა და საბოლოოდ მატჩი „რივერმა“ 4:0 მოიგო.

წლების შემდეგ დ’ალესანდრო და პელეგრინი „სარაგოსა“-„ვილიარელის“ მატჩისას შეხვდნენ ერთმანეთს. მანუელმა უთხრა : „ხომ ხედავ რამდენი ჭაღარა გამიჩნდა და ამათი უმეტესობა შენი დამსახურებაა“.

გერმანული უწესრიგობა

View this post on Instagram

A post shared by @tuttosport85

ანდრესის „ბარსელონაში“ გადასვლა ჩაიშალა, რადგან სიმონიანი საკომისიო თანხაზე ვერ მორიგდა კატალონიელებთან და „ბარსას“ ნაცვლად დ’ალესანდრომ „ვოლფსბურგში“ ამოჰყო თავი, რომელმაც „რივერს“ მასში 10 მილიონი ევრო გადაუხადა. საინტერესოა, რომ ანდრესმა კონტრაქტში შეატანინა მუხლი, რომლის ძალითაც კლუბის მფლობელი ავტოკონცერნი „ფოლკსვაგენი“ ვალდებული იყო ანდრესის მამის ავტოსახელოსნო ავტონაწილებით მოემარაგებინა. აღებული ფულით იყიდა სახლი თავისთვის, ასევე მშობლებისთვის და ძმისათვისაც. სხვათა შორის, მარსელოც თან ახლდა სინჯებზე, მაგრამ პირველივე ტესტი ჩააფლავა – გარკვეულ დროში 8 კილომეტრის ნაცვლად 3 ძლივს გაირბინა. მოგვიანებით, მარსელო ელექტრონული მუსიკით დაკავდა და საკმაო წარმატებითაც.

„რივერთან“ დამშვიდობება არც მთლად სასიამოვნო გამოდგა. ბოლო მატჩი 1:3 წააგეს „რასინგთან“, რომელიც ანდრესის საყვარელი კლუბი კი იყო, მაგრამ სულ იგნორირებას უკეთებდნენ. ამასთან, იმ დღეებში კრიმინალებმა გუნდის ნახევარმცველის ლეო ასტრადეს მამა მოიტაცეს და გამოსასყიდს ითხოვდნენ. მიუხედავად ამისა, ლეო მაინც გავიდა სათამაშოდ, რათა თავის კარიერაში ბოლო მატჩი ეთამაშა.

„ვოლფსბურგში“ დაძაბულობამ იმატა. ანდრესი სულაც არ იყო მოწყენილი, რადგან იტალიური რესტორნების მფლობელებს დაუახლოვდა და მათთან ატარებდა დროს და ძნელად ეგუებოდა გერმანულ წესრიგს. ერთხელ მეზობლებმა უჩივლეს და იმის გამო დააჯარიმეს, რომ სახლის წინ ბალახი დროულად არ გააკრეჭინა, შემდეგ კინაღამ წერილი წაიღო, როდესაც კლუბის ექიმმა ვენაში ვიტამინების (ვითომ -?)ინექცია გაუკეთა. ბედად ექიმი არ დაიბნა და დროულად და ცოდნით იმოქმედა და ანდრესი გადაარჩინა.

თავის პირველ გერმანულ სეზონში დ’ალესანდრო საგოლე პასების რაოდენობით მხოლოდ ბალაკს და ბრაზილიელ ფრანსეს ჩამორჩა, თუმცა მთავარ მწვრთნელთან თითქმის სულ კონფლიქტი ჰქონდა.

როდესაც შეიტყო, რომ ბებიამისი ცუდად გახდა და მძიმე მდგომარეობაში იყო, არგენტინაში წასვლა გადაწყვიტა. მთავარმა მწვრთნელმა ერიკ გერეტსმა ეს იწყინა და მოითხოვა რამდენიმე დღით დაყოვნებულიყო, რადგან მნიშვნელოვანი მატჩი ელოდათ, მაგრამ ანდრესმა ფეხებზე დაიკიდა და ამსტერდამის გავლით ბუენოს-აირესში გადაფრინდა და საყვარელ ბებიას ცოცხალს ჩაუსწრო, რომელიც მეორე დღეს მიიცვალა.

შემდეგი მწვრთნელი კლაუს აუგენტალერი ნაკლებად დამთმობი გამოდგა და ანდრესთან ორი მძაფრი შეკამათების შემდეგ, ის მეორე შემადგენლობაში გადაიყვანა. მაშინ ჰარი რედნაპმა „მეორე მარადონა“ გაიხსენა და გასავარდნად გახაზირებული „პორტსმუთის“ გადასარჩენად მიიწვია. დ’ალესანდრო დათანხმდა, რადგან არგენტინის ნაკრებში დაბრუნება უნდოდა და საამისოდ სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროებოდა. მის ცოლს ერიკას კი ორსულობის მერვე თვეზე ინგლისში გადაბარგებაზე ზრუნვა მოუხდა.

ყმაწვილკაცობის რომანი

View this post on Instagram

A post shared by @tuttosport85

მათ ერთმანეთი პირველად 1998 წელს ნახეს კლუბში, სადაც სანტექნიკი ბიძის წყალობით პიცის დამტარებლად მუშაობით აღებულ ფულს ანდრესი ბილიარდისა და ბოულინგის თამაშში ხარჯავდა. იმ პერიოდში სკოლიდან გაგდებულიც ბრძანდებოდა მასწავლებელთან ჩხუბის გამო და საშუალო სკოლის ატესტატი დიდის წვალებით მხოლოდ 37 წლის ასაკში აიღო.

„ერიკა ჩემი სახლიდან სამი კვარტლის მოშორებით ცხოვრობდა. მამით ადრე დაობლდა, დედამის ნილდას კი მაინცდამაინც გულზე არ ვეხატებოდი. უფრო კი იმ სამი უზარმაზარი ძაღლისა მეშინოდა, რომელიც მათ ჰყავდათ. მათგან განსაკუთრებით დობერმანი პანჩა მაფრთხობდა, რომელიც ერიკას ოთახში შესვლისას ბოროტად მიმზერდა და მიღრენდა. სიმართლე გითხრათ, სულ მეგონა პანჩა მეცემოდა და დამგლეჯდა“.

ორწლიანი განშორების შემდეგ ანდრესმა გერმანიიდან დაურეკა მათ საერთო დაქალ ბელენს: „უთხარი ერიკას, რომ თავს ცუდად ვგრძნობ. ძალიან მენატრება, ღამღამობით ვქვითინებ და ძალიან მინდა დამელაპარაკოს“.

ერიკა ოფიციანტად მუშაობდა, სხვა ბიჭს ხვდებოდა და ანდრესის სახელის გაგონებაც არ უნდოდა, მაგრამ ის არ მოეშვა, ბუენოს-აირესში ჩაფრინდა, ავტობუსის გაჩერებაზე დაუხვდა და გერმანიაში წასვლა შესთავაზა. 2004 წელს ერიკა ვოლფსბურგში გადავიდა და ეგრევე გერმანული ენის შემსწავლელ კურსებზე მოეწყო. წლინახევრის შემდეგ შეუღლდნენ და ქორწილი არგენტინაში გადაიხადეს, რომელზეც  გერმანიიდან მეგობრები, „დოიჩე ბანკის“ თანამშრომელი, კლუბის თარჯიმანი და ირანელი მასაჟისტი ეწვიენ.

ინგლისელი პაციენტი

View this post on Instagram

A post shared by @tuttosport85

„გერმანიაში ჯანდაცვის სისტემა ძალიან ორგანიზებულია, – აღნიშნავდა ერიკა ქმრის მემუარებში. – ყველაფერი გეგმის მიხედვით მქონდა გაწერილი, მაგრამ პორტსმუთში გადასვლისთანავე ინგლისელმა ექიმებმა შემომთავაზეს მშობიარობა სრულიად ფიზიოლოგიურად,  ანესთეზიის გარეშე მიეღოთ. ამით ძალიან დავიტანჯე“.

ქალიშვილ მარტინას დაბადებამ ანდრესს ინგლისურ ფეხბურთთან შეხების შოკის გადატანა გაუადვილა. ის 4-4-2 სქემაში  მარცხენა ნახევარმცველად თამაშობდა, ერთ ნომერში მუდამ უბრად მყოფ სერბ ოგნენ კორომანთან ცხოვრობდა და გულს ურევდა ვიწრო და მოუხერხებელი გასახდელი, სადაც სულ ორი გრძელი სკამი იდგა.

სამაგიეროდ, ორი თავისი ჭკუის ახლობელი გაიჩინა. პორტუგალიელი პედრუ მენდეში ბრიტანელებთან ურთიერთობაში ეხმარებოდა, ხოლო ურუგვაელ დარიო სილვას თავისი მანქანით დაჰყავდა ვარჯიშებზე და როდესაც „პორტსმუთიდან“ წავიდა, თავისი მანქანა ანდრესს დაუტოვა.

„ექვსი თვის შემდეგ დარიო ავტოკატასტროფაში მოხვდა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მე დავურეკე დარიოს და მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა და ვკითხე რით შემეძლო დავხმარებოდი, – იხსენებს თავის ავტობიოგრაფიაში დ’ალესანდრო. – დარიომ კი მიპასუხა, რომ გულს არ იტეხს და აკადემიური ნიჩბოსნობისათვის ემზადება“.

რამდენიმე წლის შემდეგ დარიო სილვა გაკოტრდა, მალაგაში ოფიციანტობით ირჩენდა თავს, 2020 წელს კი „კადისის“ სკაუტად დაიწყო მუშაობა.

ესპანური სირცხვილი

View this post on Instagram

A post shared by @tuttosport85

ანდრესმა ესპანეთში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. ინგლისში მხოლოდ „ჩარლტონის“ კარში გატანილი ბურთით და „არსენალთან“ კონგოელ ლუა ლუასათვის მიცემული საგოლე პასით გამოიჩინა თავი, თუმცა „პორტსმუთს“ მაინც დაეხმარა და გუნდი პრემიერლიგაში დარჩა. შემდეგ „ბენფიკამ“  მიიწვია და წასასვლელად გაემზადა კიდეც, მაგრამ „სარაგოსას“ მწვრთნელი ვიქტორ ფერნანდესი შეეხმიანა და იმით დაიყოლია, რომ პაბლო აიმართან და დიეგო მილიტოსთან ერთად მშვენიერ ტრიოს შექმნიდნენ.

ისევე როგორც „ვოლფსბურგში“ პირველი სეზონი იქაც კარგი გამოდგა. „სარაგოსამ“ ლა ლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა და უეფას თასის საგზური მოიპოვა. ანდრესი ძალიან კარგად გრძნობდა თავს ახალ პარტნიორებთან მოედანზეც და კლუბის ბუფეტშიც, სადაც ფეხბურთელებს მათი თანაგუნდელი ნახევარმცველის ანხელ ლაფიტას ბებია გემრიელი კერძებით უმასპინძლდებოდა.

ანდრესს ძალიან შეუყვარდა სარაგოსა და იქ სახლიც კი იყიდა, მაგრამ მეორე წელს ყველაფერი აირია: ეკამათა ვიქტორ ფერნანდესს, ეჩხუბა აიმარს და არგენტინაში დაბრუნდა. დ’ალესანდროს „რივერში“ თამაში უნდოდა, რაც მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ძალიანაც სურდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა წავიდა წინააღმდეგი.

იძულებული გახდა „სან ლორენსოსში“ მისულიყო, რომელსაც სათავეში რამონ დიასი ედგა და თავის ყოფილ გუნდზე იმით იძია შური, რომ 2008 წლის ლიბერტადორესის თასის პლეი-ოფიდან გააგდო. იმ პერიოდში კი „სარაგოსა“, რომლსაც ანდრესის ტრანსფერი ეკუთვნოდა, პრიმერადან გავარდა.

იქ დაბრუნებას აზრი აღარ ჰქონდა, მაგრამ ევროპაში თამაში სურდა და ძალიან გაუკვირდა, როდესაც პირადმა აგენტმა მატიას ალდაომ ბრაზილიური „ინტერნასიონალი“ შესთავაზა, სადაც იმაზე მეტ ხელფასს სთავაზობდნენ, ვიდრე სარაგოსაში იღებდა. პორტუ ალეგრულ კლუბს გუნდის ლიდერის ფერნანდაოს წასვლის შემდეგ ახალი ვარსკვლავი სჭირდებოდა და მფლობელის, სუპერმარკეტების ქსელის პატრონის დელსირ სონდას დახმარებით 7 მილიონ დოლარად „სარაგოსადან“ დ’ალესანდრო გამოისყიდა.

„ამბობენ, ერთხელ გითქვამს, რომ ბრაზილიელებს თვალის დასანახად ვერ იტან. მართალია?“ – ჰკითხა „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტმა ფერნანდო კარვალიომ ანდრესს შეხვედრისას. – რა სისულელეა, შვებულებებს თითქმის სულ ბრაზილიაში ვატარებდი“. – „საკმაოდ წინააღმდეგობრივი რეპუტაცია გაქვს“. – „მე სუპერპროფესიონალი ვარ. შესაბამისი პატივისცემით მომეპყარით და ჩემგან არავითარი პრობლემები არ გექნებათ“.

ანდრესმა თავისი ნათქვამი ათენის ოლიმპიადის მოგებით დაადასტურა. იმ არგენტინას მარსელო ბიელსა ედგა სათავეში. „დ’ალესანდრო დიდი პოლემისტია და მწვრთნელის ყოველ გადაწყვეტილებას აანალიზებს, განსაკუთრებით როდესაც ეს მას პირადად ეხება“, – წერს თავის წიგნში მარსელო ბიელსა. – „იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც არ მეთანხმებოდა, მის მხარდაჭერას მაინც ყოველთვის ვგრძნობდი“.

View this post on Instagram

A post shared by @tuttosport85

ტაისონი, დუნგა, ფორლანი

პირველივე ვარჯიშიდან მოყოლებული, „ინტერის“ ფეხბურთელები ანდრესს არ ზოგავდნენ. ამოწმებდნენ უხეშობისას აყვირდება თუ არა და საპასუხოდ თუ იგივეთი მიუზღავს. ანდრესი თავშეკავებული იყო და მალე „ინტერმა“ სამხრეთ ამერიკის თასი მოიგო. გახარებულმა კეფა ისე ამოაპარსინა, რომ ზედ კლუბის ემბლემა გამოისახა.

შეკრებებისას ტაისონთან ერთ ნომერში ცხოვრობდა. ახალგაზრდა  ბრაზილიელი თავიდან იმასაც კი უფრთხოდა, რომ ტელევიზორი სხვა არხზე გადაერთო, მაგრამ შემდეგ ისე დაახლოვდნენ, რომ დოლის მაგივრად გადაბრუნებულ ნაგვის ვერდოზე უკრავდნენ და მღეროდნენ. ტაისონმა ძმაკაცი საკუთარ დედასაც გააცნო.

„ტაისონი დედამისის ათი თუ თერთმეტი შვილიდან ნამდვილად გამორჩეულია, – უთხრა ანდრესმა თავის ბიოგრაფ დიეგო ბორინსკის. – ის ხშირად მეკითხებოდა რჩევას და მერე იმაშიც კი გამომიტყდა, რომ მამასავით მცემდა პატივს. უკრაინაში გადასვლის შემდეგ, ტაისონმა შეძლო, ოჯახი სიღარიბიდან ამოიყვანა და მშობლიური პელოტასის ბევრ მცხოვრებსაც გაუმართა ხელი. ტაისონი ყველა ჩემს მიერ გამართულ საქველმოქმედო მატჩებზე ჩამოდიოდა ხოლმე“.

ქველმოქმედებაში დ’ალესანდრო დუნგამ ჩააბა, რომელმაც „ინტერი“ 2012 წელს ჩაიბარა და დ’ალესანდროს კარიერის რეანიმირება მოახდინა. კოჭის ტრავმის გამო ანდრესი ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა, ეჩხუბა მთავარ მწვრთნელს ტიტეს, დისკვალიფიცირებული იყო ბრაზილიის თასის ფინალში ჩხუბისათვის და 2012 წელს ჩინეთში გადასასვლელად გაემზადა კიდეც, საიდანაც „შანხაი“ იწვევდა.

დუნგამ დ’ალესანდრო კაპიტნად დანიშნა, ხოლო ტორსიდამ შეძახილებით, სიმღერებითა და ბანერებით ჩინეთში გადასვლა გადააფიქრებინა. ამის შემდეგაც ლამის მთელი წელიწადი კუნთების ტრავმა ტანჯავდა.

დუნგამ ის დაცვითი ოპერაციებისაგან გაათავისუფლა  და ტრენაჟორებზე ვარჯიშებით კუნთები გაიმაგრა. იმ სეზონში დ’ალესანდროსა და დიეგო ფორლანის დუეტმა დიდებულად იასპარეზა. თავად ანდრესმა კარიერის ერთ სეზონში ყველაზე მეტი – 20 გოლი გაიტანა.

„ის მეც ძალიან მეხმარებოდა, – აღიარა დუნგამ დ’ალესანდროს წიგნში. – ერთხელ ანდრესმა შენიშნა, რომ ვარჯიში არც ისე ინტენსიური იყო და მთელი გუნდის გასაგონად გამომიცხადა, რომ ასეთი მზადებით არაფერი გამოგვივა. ჩვენ „ინტერიდან“ ჩემი წასვლის შემდეგაც არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა. ვიცი თუ როგორ უყვართ ის „ინტერის“ ფანებს და ამიტომ აქტიურად ჩაერთო ჩემს საქველმოქმედო საქმიანობაში, რომელსაც 1993 წლიდან ვეწევი. ანდრესი თავისი საქველმოქმედო მატჩებით ეხმარება ბავშვთა ონკოლოგიურ კლინიკებს, რეგულარულად მირეკავს და მითანხმებს თუ როდის ჩავატაროთ მორიგი აქცია“.

ექვსი ჩატარებული მატჩით დ’ალესანდრომ მოახერხა „ინტერისა“ და „გრემიოს“ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ერთმანეთზე გადაკიდებული ფანების დაშოშმინება, დასვა რა ისინი საერთო ტრიბუნაზე, რაც დაახლოებით იგივეა “რეალისა” და “ბარსელონას” ფანები ერთ მაგიდასთან აქეიფო და ამ შეხვედრებით ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოებისთვის ახალი აპარატურის შეძენას მოხმარდა.

გვეყოფა, ვიომეთ!

View this post on Instagram

A post shared by @tuttosport85

დუნგას წასვლიდან ორ თვეში ახალმა მთავარმა მწვრთნელმა აბელ ბრაგამ გუნდის ვეტერანებს უფლებები გაუზარდა და დ’ალესანდრო ფაქტობრივად მოთამაშე-მწვრთნელად აქცია., რომელსაც შედარებით ახალგაზრდა ფეხბურთელების კონტროლი დაავალა. ამან ის გამოიწვია, რომ ერთხელაც ვარჯიშისას ანდრესმა მუშტი-კრივი გაუმართა „უდინეზედან“ გადასულ საყრდენ ნახევარმცველს ვილიანსს, რომელიც ფლორიანოპოლისში წინასასეზონო შეკრებაზე სადილზე ყოველთვის რატომღაც იგვიანებდა.

შემდეგ აგინა კლუბის ახალ ხელმძღვანელებს, რომლებიც წამდაუწუმ ცვლიდნენ მთავარ მწვრთნელებს და ფეხბურთელებსაც კუთვნილ პრემიებს უგვიანებდნენ. გაბრაზებულმა დ’ალესანდრომ „ინტერი“ დატოვა და ერთი წელიწადი „რივერში“ გაატარა, მაგრამ არც იქ იყო მშვიდობიანობა.

გულშემატკივრები აყვედრიდნენ მას, რომ 2011 წელს, როდესაც „რივერი“ მეორე ლიგაში გავარდა, კავენაგისა და დომინგესის მსგავსად ის არ დაბრუნდა გუნდის დასახმარებლად. სადებიუტო მატჩში ანდრესმა კუნთების ტრავმა მიიღო და ერთი თვე ვეღარ ითამაშა. ერთხელაც, როდესაც მთავარმა მწვრთნელმა მარსელო გალიარდომ ტრავმის შემდეგ შეცვალა, ანდრესმა ტელეფონი ამოიღო და დემონსტრაციულად ცოლთან ლაპარაკი გააბა. მწვრთნელთან უსიამოვნებანი ამით არ ამოწურულა. 2016 წელს, სამხრეთ ამერიკის სუპერთასის მოგების შემდეგ, მომდევნო მატჩში გალიარდომ ის პირველივე გატანილი გოლის შემდეგ შეცვალა, რამაც დ’ალესანდრო გააბრაზა და მწვრთნელს შეუკურთხა. მარსელომ ის საშხაპეში გაიყვანა და უთხრა, რომ მხოლოდ იმიტომ შეცვალა, რომ ანდრესს პირადი აპლოდისმენტები მიეღო და მეორეც, ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს და არ დაუშვებს მის საქმეში ვინმემ ცხვირი ჩაჰყოს.

ამის შემდეგ მათი ურთიერთობა ნორმალური გახდა. დეკემბერში „რივერმა“ არგენტინის თასი მოიგო, რის შემდეგ დ’ალესანდრო პორტუ ალეგრიში „ინტერის“ სახსნელად გაფრინდა, რადგან ერთ დროს ბრაზილიის საუკეთესო გუნდი სერია A-დან გავარდა.

წინ და წინ

View this post on Instagram

A post shared by @tuttosport85

ვიდრე პორტუ ალეგრის ერთი გუნდი „გრემიო“ ლიბერტადორესის თასის მოგებას ლამობდა, მეორე, „ინტერი“,  დაბალ ლიგაში ცოდვილობდა. ანდრესს მწარედ დაამახსოვრდა ბრაზილიის პროვინცია ლუვერდენსეში გასვლითი მატჩი, როდესაც თვითმფრინავით გადაფრენის შემდეგ, მთელი ექვსი საათი ავტობუსით იმგზავრეს მატჩის გამართვის ადგილამდე. იქაური სტადიონის გასახდელი კი ისე პატარა იყო, რომ ერთად ყველა ფეხბურთელი ვერც კი მოთავსდა, ხოლო მოსათელ მოედანზე ხვლიკები დარბოდნენ. მატჩის შემდეგ ანდრესს მიაწოდეს მთავარი მწვრთნელის გუტო ფერეირას კომენტარი, რომელშიც ვერ მოგებას (2:2) ფეხბურთელებს აბრალებდა და მასაც ჩხუბი დაუწყო. კვირის თავზე გუტო გამოუცდელმა ოდაირ ელმანმა შეცვალა.

სერია A-ში დიდი წვალებით  დაბრუნებისთანავე დ’ალესანდრომ დაარწმუნა კლუბის ხელმძღვანელობა ოდაირი არ გაეშვათ, რომლის ხელმძღვანელობით „ინტერმა“ სერია A-ში მესამე ადგილი დაიკავა და ლიბერტადორესის თასის საგზური მოიპოვა. დ’ალესანდრო ამ ტურნირზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით 2020 წლის თებერვალში არგენტინელთა შორის პირველი გახდა, თუმცა ამ მხრივ ლიდერს, ურუგვაელ მეკარე ევერა ალმეიდამდე საკმაოდ აკლია და ამიტომაც ანდრეს დ’ალესანდრომ თავისი 40 წლის იუბილემდე რამდენიმე კვირით წინ მონტევიდეოს „ნასიონალთან“ კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდთან ერთად აპრილის ბოლოს ლიბერტადორესის თასის მოსაპოვებელ ბრძოლაში ჩაერთო…

პირველი მატჩი კი ბუენოს აირესში ჩაატარა… “არხენტინოს ხუნიორსის” სტადიონზე, რომელიც დიეგო მარადონას სახელობისაა…

წყარო: Sportbox

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო