11 X 11
სპორტული პორტალი

კაპიტანი და მოღალატე, წარმატებისაკენ მიათრევდა და ძირავდა სამ ლონდონურ კლუბს, აღაფრთოვანებდა და აღიზიანებდა ფანებს, სულ ჩხუბობდა…

0

როდესაც 2001 წლის ზაფხულში 23 წლის ვილიამ გალასი „მარსელიდან“ „ჩელსიში“ გადავიდა, ვერც კი იფიქრებდა, თუ ლონდონში 12 წელი დაყოვნდებოდა. ორჯერ მოგებული პრემიერლიგა, ინგლისის თასი, სუპერთასი და ორი ტრანსფერი – ინგლისის დედაქალაქი მისი კარიერის მთავარი ქალაქი გახდა.

რანიერი „მანჩესტერთან“ გოლით და პოზიციის შერჩევით აღაფრთოვანა

ბავშვობაში გალასი საფრანგეთის სამხრეთში კლერფონტენის ელიტარულ საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა. ურიგდებოდა მარტოობას – მშობლებმა კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში მდებარე ფრანგულ პროვინცია გვადელუპეში დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ 13 წლის გალასმა ევროპის დატოვება არ მოისურვა, არამხოლოდ ნათესავების, არამედ მეგობრების გარეშე დარჩა, რათა ფეხბურთელი გამხდარიყო.

ვიდრე მწვრთნელმა დაცვაში გადაყვანა მოითხოვა, ვილიამმა ყველა დანარჩენ პოზიციაზე ითამაშა, სადღაც სისწრაფე არ ჰყოფნიდა, სადღაც ტექნიკა, მოეწონა ცენტრშიც და ფლანგებზეც გარჯა, მეტოქეებს ეჯაჯგურებოდა დ ვარდნაში ართმევდა ბურთს. მალე მეორე დივიზიონის „კანმა“ კონტრაქტი შესთავაზა და ყველაფერი ჩინებულად გამოუვიდა – ტიტული სადებიუტო სეზონში და „მარსელში“ მიწვევა. ის ერთერთი ყველაზე იმედისმომცემი მცველი გახდა. ყველაზე მაღალი არ იყო (181 სმ), თუმცა ტაქტიკურად ჭკვიანურად აზროვნებდა და მეორე სართულზე ბადალი არ ჰყავდა.

ჩემპიონთა ლიგის 1999/00-ის სეზონში „მარსელს“ „მანჩესტერთან“ ჯგუფურ ეტაპზე საშინაო გამარჯვება მოუპოვა: ბურთს მოედნის ცენტრში დაეუფლა, წინ წაიწია, პარტნიორთან კედელი გაითამაშა და გოლიც გაიტანა.

მისმა უნივერსალურობამ და თამაშის კითხვამ კლაუდიო რანიერი მოხიბლა, რომელიც „ჩელსიში“ მარსელ დესაისთვის თანამეწყვილეს ეძებდა. ის 6.2 მილიონ ფუნტად შეიძინეს, თანამემამულეს შეუთამაშდა, შემდეგ კი ასევე ნიჭიერ ჯონ ტერის. მაშინ გუნდმა 16 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

„არისტოკრატებში“ თავიდან გალასი შეუმჩნეველი გმირი იყო. მერე კი კლუბსა და მოურინიოს გაუბრაზდა

2004 წელს რომან აბრამოვიჩმა თავმდაბალი რანიერი ახალგაზრდა შოუმენ ჟოზე მოურინიოთი შეცვალა. პორტუგალიელმა გუნდი გადააწყო, მაგრამ ეს დაცვას არ შეეხო. განსაკუთრებით თავიდან გალასისა და ტერის მიმართ პატივისცემით განიმსჭვალა. „ნებისმიერ პოზიციაზე თამაშობს. მისი დაშვებული შეცდომა არ მახსოვს – მხოლოდ ჩინებულად ჩატარებული შეხვედრები“, – დითირამბებს უძღვნიდა ვილიამს ჟოზე.

მოურინიოს იდეები ფრანგის ფილოსოფიასთან თანხვედრაში მოდიოდა: კარის მშრალად ნებისმიერი ხერხით შენახვა, ყველაფერი სხვა კი მეორეხარისხოვანია. მედია დიდ ყურადღებას ნაკრების ლიდერ ფრენკ ლამპარდსა და მეტოქე მეკარეთა რისხვას დიდიე დროგბას უთმობდა. გალასი ჩრდილში რჩებოდა, რაც აწყობდა კიდეც, ვინაიდან მთელი კარიერის მანძილზე ლიდერულ თვისებებს პარადოქსულად უთავსებდა თავმდაბლობასა და განდეგილობას. ჟოზესთან პირველ სეზონში გალასისა და ტერის ტანდემი მოწოდების სიმაღლეზე იდგა – 18 მატჩში მხოლოდ 3 გაშვებული გოლი.

„ჩელსიმ“ „არსენალი“ 12 ქულით ჩამოიტოვა და ჩემპიონი გახდა. დაცვის ცენტრის მდუმარე მონსტრის გარეშე წარმოდგენა ძნელი იყო, რომელიც ერთნაირად მონდომებულად ასპარეზობდა ტოპებთან და აუტსაიდერებთან, დაცვაში გაუვალი სწრაფ კონტრიერიშებს იწყებდა. გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანდა, მაგრამ მსაჯმა დაჩაგრა – „ენფილდზე“ „ლივერპულთან“ ლუის გარსიას გოლი არბიტრმა ჩათვალა, თუმცა ფრანგი დღემდე დარწმუნებულია, რომ სანამ ბურთს გამოიტანდა, კარის ხაზი არ გადაუკვეთავს.

 

შემდეგ სეზონში მოურინიოს გუნდმა ისევ დამაჯერებლად იასპარეზა და ტიტული დაიცვა, ხოლო გალასმა პრემიერლიგის 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის სანიმუშო პროფესიონალად რჩებოდა, თუმცა უნივერსალის როლი თანდათან აღიზიანებდა. სხვადასხვა პრობლემურ პოზიციებზე აყენებდნენ, მის პოზიციას კი ხშირად ჟოზე კარვალიო იკავებდა. პლუს კონტრაქტი ერთ წელიწადში უმთავრდებოდა, მსოფლიოს ჩემპიონატამდე კი მის გახანგრძლივებაზე მხარეებმა მოლაპარაკება ვერ მოასწრეს.

 

მდუმარე, მაგრამ ჯიუტმა გალასმა ჩათვალა, რომ ხელფასის მომატებას იმსახურებდა, ხელმძღვანელობამ უარი უთხრა და ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. მისი სამსახურით „იუვენტუსი“ და „მილანი“ დაინტერესდნენ. „ჩელსიმ“ ისინი უარით გაისტუმრა და ვილიამი ნაკრების შემადგენლობაში გერმანიაში გაბრაზებული და გაღიზიანებული გაემგზავრა. როგორც ყოველთვის, პირადმა პრობლემებმა მის თამაშზე არ იმოქმედა და ეროვნულ გუნდს ფინალში გასვლაში დაეხმარა.

მთავარ ტურნირზე წარმატებულმა ასპარეზობამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მეტს იმსახურებდა, როგორც ინგლისის ორგზის ჩემპიონი, კლუბის ვეტერანი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი. „ჩელსი“ კი თავისაზე იდგა და თანაც, გადაწყვიტეს გალასის 13 ნომერი გუნდის ახალწვეულ მიხაელ ბალაკისთვის მიეცათ. ამან მცველი უფრო გააღიზიანა.

სეზონის დაწყების წინ დამატებით ერთი კვირით დასვენება ითხოვა, მაგრამ უპასუხეს, რომ სრულფასოვნად მომზადებისთვის ამერიკულ ტურნეზე სრული შემადგენლობით უნდა გამგზავრებულიყვნენ. გალასი ეჭვობდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ამას მარკეტინგული მოსაზრებით აკეთებდა, რამეთუ შტატებში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელები უნდა ეთამაშებინათ. „ჩვენ რობოტები არ ვართ. მსოფლიოს ჩემპიონატის მერე თუნდაც თვენახევარი დასვენება გვჭირდება, რაც კლუბებს არ ესმით. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ“, – განაცხადა გალასმა რამდენიმე წლის შემდეგ.

2006 წლის 1-ელ სექტემბერს სატრანსფერო ბომბა აფეთქდა: გალასი „არსენალში“ გადაბარგდა, საპირისპირო მიმართულებით კი ეშლი კოული გაემგზავრა. ვილიამსა და „ჩელსის“ შორის ურთიერთობა იმდენად გაფუჭდა, რომ მხარეებს შორის კონფლიქტი ტრანსფერის შემდეგაც გრძელდებოდა. „წასვლა მინდოდა და იდეალურ ადგილას აღმოვჩნდი. დარწმუნებული ვარ, სამწვრთნელო შტაბი აქ მოურინიოზე უკეთ მომეპყრობა. იმედია, კოულს ჟოზეს ასატანად საკმაო ნებისყოფა აღმოაჩნდება“, – თქვა გალასმა.

საპასუხოდ „ჩელსიმ“ ის შანტაჟში დაადანაშაულა, თითქოს ვილიამი ამბობდა, რომ თუ არ გაუშვებდნენ, საკუთარ კარში გაიტანდა გოლებს. ეს მცველმა გადაჭრით უარყო: „ეს როდესაც გავიგე, შოკში ჩავვარდი, მეწვრილმანეები არიან და მათგან არც გამკვირვებია. ბევრი ფული აქვთ, მაგრამ ახალ ხელმძღვანელობას კვალიფიკაცია აკლია“.

გზა „ემირეითსის“ კაპიტნობიდან გარიყვამდე

თავიდან „არსენალის“ გულშემატკვრებმა არ იცოდნენ, როგორ ითამაშებდა გალასი. ახალწვეულის ოსტატობაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ ყველამ იცოდა თუ რაოდენ რთული ხასიათის გახლდათ და ახსოვდათ, ექვსი წელი როგორ იბრძოდა მათ წინააღმდეგ. გუნდი გარდამავალ პერიოდში იმყოფებოდა: დიადმა დენის ბერგკამპმა კარიერა დაასრულა, რობერ პირესი „ვილიარეალში“ გადავიდა, ხოსე ანტონიო რეიესი იჯარით „რეალში“ წავიდა. „მეთოფეებს“ გამოცდილი მებრძოლები აკლდათ, რომლებიც ნიჭიერ ახალგაზრდებს წინ გაუძღვებოდნენ.

გალასმა ბერგკამპის 10-ნომრიანი მაისური აიღო, რაც ცენტრალური მცველისთვის ცოტა არ იყოს უჩვეულოა და ყველა გააკვირვა. სინამდვილეში მან თავიდანვე თავის დამკვიდრება განიზრახა, რადგან 10-იანის ხელის ხლებას ყველა ერიდებოდა.

პირველი სეზონი წარმატებული ვერ გამოუვიდა: ფანებმა კარგად მიიღეს, მაგრამ სამი თვე ტრავმის გამო გაუცდა, კლუბში გარდაქმნები იწყებოდა და სატურნირო ცხრილში ოთხეულს მიღმა იმყოფებოდნენ.

2007 წელს „ბარსელონაში“ ბომბარდირი და ქომაგთა კერპი ტიერი ანრი გადავიდა და არსენ ვენგერი დილემის წინაშე დადგა, თუ ვისთვის გადაეცა კაპიტნის სამკლავური. გულშემტკივართა უმეტესობა ელოდა, რომ გუნდისთავი ჟილბერტო სილვა გახდებოდა, რომელიც „არსენალის“ ღირსებას 2002 წლიდან იცავდა და ანრის არყოფნისას კაპიტანი იყო. არსენმა კი კვლავ პარადოქსული გადაწყვეტილება მიიღო – გამოაცხადა, რომ კაპიტანი გალასი გახდებოდა.

Former Arsenal captain William Gallas holds no regrets over protest | Football | Sport | Express.co.uk

„ის ბუნებით გამარჯვებულია, სჭირდება ყველაფერი არა 90%-ით, არამედ 100%-ით იდეალური იყოს და მუდამ ბოლომდე მოტივირებულია“, – აქებდა გალასს ვენგერი. პირველ ნახევარ წელიწადში ვენგერის არჩევანი სრულად გამართლებულად მოჩანდა: გალასი მათთან გადასვლის შემდეგ საუცხოო ფორმაში ჩადგა, ხოლო „არსენალმა“ ზამთრის ბოლოს მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა „მიდლსბროსთან“ და უახლოეს მდევარს 5 ქულთ უსწრებდა. ედუარდოს, სესკს, ტომაშ როსიცკისა და ვან პერსის გუნდი 2004 წელს პირველი ტიტულისაკენ მიჰყავდათ.

ზღაპარი „ბირმინგემთან“ გასვლით მატჩში შეწყდა, როდესაც მარტინ ტეილორთან ბრძოლაში ედუარდომ უმძიმესი ტრავმა მიიღო. მასპინძლები კაცნაკლული დარჩნენ, მაგრამ სტუმრები მთელი ტაიმი აზრზე მოსვლას მოუნდნენ. შემდეგ გონს მოეგნენ, ორი გოლი გაიტანეს, 2:1 დაწინაურდნენ, მაგრამ დამატებით დროში თამაში ისევ „გადაბრუნდა“.

კლიშიმ პენალტი აიკიდა, რომელიც ჯეიმს მაკფადენმა გამოიყენა და თავის გუნდს ფრე მოუპოვა. როდესაც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, გალასს ნერვებმა უმტყუნა, მეტოქის ნახევარზე გადავიდა და იქ დაჯდა. საფინალო სასტვენის შემდეგ სარეკლამო ბანერს ფეხი მიარტყა, კინაღამ ფანებს ეცა და ისევ გაზონზე დაჯდა. ამან „მეთოფეთა“ გულშემატკივრები შოკში ჩააგდო. მათ ვერ გაიგეს, ასეთ მძიმე მომენტში კაპიტანი როგორ განეზოგადა გუნდს.

ედუარდოს ტრავმამ, გალასის საქციელმა და დაკარგულმა ქულებმა „არსენალი“ ფსიქოლოგიურად გატეხა, შემდეგი 4 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგეს, უშანსოდ ჩამორჩნენ „მანჩესტერს“, სეზონის ბოლოს კი „ჩელსის“ მესამე ადგილი დაუთმეს. მაშინ ვენგერმა გალასს კაპიტნობა არ ჩამოართვა, თუმცა ნახევარი წლის მერე ამის გაკეთება მოუწია.

ცუდი სტარტის გამო ვილიამი თანაგუნდელებზე გაღიზიანებული იყო, 2008 წლის ნოემბერში მიცემულ ინტერვიუში ახალგაზრდა ფეხბურთელები ღიად გააკრიტიკა, თქვა, რომ არაპროფესიონალები და მშიშრები არიან. ჩათვალეს, რომ ვან პერსი, უოლკოტი, ფაბრეგასი და ნასრი იგულისხმა. მწვრთნელმა საქციელი არ მოუწონა და ახალ კაპიტნად ფაბრეგასი დანიშნა. მიუხედავად სკანდალისა, ისევე როგორც „ჩელსიში“, ფრანგი პროფესიონალად დარჩა – კვლავ ბოლომდე იხარჯებოდა.

„ხანდახან მძიმე და იმპულსური შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან პირდაპირი ადამიანია, ყოველთვის ასრულებს თავის სამუშაოს და ნებისმიერი მენეჯერი პატივს სცემს“, – ასე დაახასიათა ვენგერმა.

გალასის „არსენალში“ კარიერა ისეთივე წინააღმდეგობრივი გამოვიდა, როგორც „ჩელსიში“ და რაღაცის უთქმელობის შეგრძნება დატოვა. მოვალეობას იდეალურად ასრულებდა, მაგრამ ფანები თავისადმი ორად გაყო: ერთნი თვლიდნენ, რომ პერფექციონისტი იყო, რომლის გამოხდომები გუნდს შემართულს ხდიდა, ხოლო მეორენი თავიდან მოსაშორებელ ხულიგანად მიიჩნევდნენ. 2010 წელს თვად ჩათვალა, რომ „ემირეითსზე“ისედაც დიდხანს დაყოვნდა. კონტრაქტის გაგრძელება და ლონდონის დატოვება არ ისურვა და „ტოტენჰემში“ გადაბარგდა. გალასამდე „ჩელსიში“, „არსენალსა“ და „ტოტენჰემში“ არცერთ ფეხბურთელს არ უთამაშია.

გალასმა კარიერა დაასრულა და გამოცანად დარჩა

„ტოტენჰემში“ ხმამაღალი ისტორიები არ ჰქონია, თუმცა თავად ტრანსფერი გახლდათ სენსაციური. მისით პსჟ და იტალიური კლუბები იყვნენ დაინტერესებული, მან კი „არსენალის“ სამეზობლოში თამაში არჩია. ნოემბერში მწვრთნელი ჰარი რედნაპი თვითონ წავიდა სპეციალურად პროვოკაციაზე – „არსენალთან“ მატჩში კაპიტნის სამკლავური გადასცა. გათვლამ გაამართლა. ფრანგის თამაშმა ჟურნლისტები აღაფრთოვანა, „ტოტენჰემმა“ კი 3:2 გაიმარჯვა. ამას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „მილანთან“ წარმატებული ასპარეზობა და ავტორიტეტის ზრდა მოჰყვა და კონტრაქტი 2 წლით გაუგრძელეს.

ლონდონური კარიერის დასასრული უხეირო გამოუვიდა: 2012/13-ის სეზონში დიდხანს მოუნდა ტრავმის შემდეგ აღდგენას, ხოლო როდესაც მწყობრში ჩადგა, მიხვდა, რომ ახალი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში მასზე იმედს არ ამყარებდა. იმ სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, უმეტესად შეცვლაზე შედიოდა ან ძირითადის ფეხბურთელების ნაცვლად მეორეხარისხოვან ტურნირებზე თამაშობდა. პორტუგალიელი სპეციალისტი სიმხდალეში დაადანაშაულა: „შესაძლოა, ძალიან ბებრად მთვლიდა, მაგრამ არაფერი აუხსნია. ამან ძალიან ამიცრუა გული. მომწონს, როცა მწვრთნელი ჩემთან გულღიაა. ვილაშ-ბოაში ჩემთან სულ სხვანაირად იქცეოდა“.

ამბობდნენ, მერე ლონდონურ „ვესტ ჰემსა“ და „კრისტალ პალასს“ სურდათ გალასის გუნდში აყვანა, მაგრამ მისთვის მაღალი ხელფასის გადახდა ვერ შეძლესო. ფეხბურთელი გამოცანად დარჩა – ერთის მხრივ 319 მატჩი პრემიერლიგაში, ტროფეები და დიდებული თამაშები ტოპ-მოწინააღმდეგეებთან და მეორეს მხრივ – ჩხუბები და სკანდალები.

ყველაზე ზუსტად ის „გარდიანის“ მიმომხილველმა დევიდ ჰიტნერმა დაახასიათა: „ერთდროულად ამაყი მებრძოლია, რომელიც ვერ იტანს წაგებას, ჯიუტი ექსცენტრიულია, ჩაფიქრებული მარტოხელაა, ვინაც ყველაზე მაღლა საკუთარ თავს აყენებს“. ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ გალასი-კაპიტანი რეპუტაციას ულახავდა გალას-მცველს. მეორე სტაბილურობით და ბრძოლის უნარით განგაცვიფრებდა, კარიერის პიკზე ტიერისა და ვიდიჩს არ ჩამოუვარდებოდა. თუმცა, სამკლავური პასუხისმგებლობას აკისრებდა, თანგუნდელების გაერთიანებას ავალდებულებდა, ლიდერობას, სამაგალითოობას, ამასთან კი პრობლემები ჰქონდა.

თვითონ აღიარა, რომ მეგობრები თითქმის არ ჰყავს, იშვითად გადიოდა ფანებთან, ხოლო ჟურნალისტებთან ინტერვიუსას იმდენად გაუგებრად ლაპარაკობდა, რომ მათ აზრის გამოტანა უჭირდათ. ვიდრე „არსენალის“ კაპიტნობიდან „გადააყენებდნენ“, ერთი თვით ადრე პაპარაცებმა სურათები გადაუღეს – ბარიდან გამოსვლისას სიგარეტს ეწეოდა. ვილიამისთვის სულერთი იყო, მასზე რას ფიქრობდნენ. მედიასთან და თანაგუნდელებთან ურთიერთობაში პათოლოგიური გულღიაობა – ფრანგის უნიკალურობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ყოველთვის იმას ამბობდა, რასაც ფიქრობდა, ემოციებს ჰყვებოდა, თუნდაც ამას კვლავ და კვლავ მისთვის უსიამოვნებები მოეტანა.

მარტოსული, განდეგილი, ჭირვეული ეგოისტი. ცივსისხლიანი პროფესიონალი, უკანასკნელ 15 წელიწადში „არსენალის“ ერთერთი საუკეთესო მცველი და დიადი „ჩელსის“ არაღიარებული გმირი. კაპიტანი და მოღალატე. ყველა ეს განსაზღვრება ერთნაირად კარგად მიესადაგება ერთბაშად სამივე ლონდონური გუნდის ბოროტ პერსონაჟს და ძნელია ერთი დანარჩენების გარეშე წარმოვიდგინოთ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო