11 X 11
სპორტული პორტალი

“ვიცოდი, რომ გადაგვარჩენდა” – როგორ მოხვდე ორჯერ გინესის რეკორდების წიგნში, ტრასნფერების წინ მოიტეხო ფეხი, შვილის სიკვდილიდან მეორე დღეს დუბლი შეასრულო…

0

„დაუყონებლივ იყიდეთ!“, – გაიძახოდა რადიოეთერში მარადონა. „ბოკამ მასში 4 მილიონი ევრო გადაიხადა, პალერმომ კი წლის განმავლობაში 52 გოლი გაიტანა და „ელ პაისის“ გამოკითხვით, სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მეკარე პაბლო მილიორემ მისი გამოსახულება ზურგზე ტატუდ გაიკეთა,

https://s5o.ru/storage/simple/ru/edt/17/47/82/36/rue71cd6f670b.jpg

სკოლის მოსწავლეები კი მის ვარცხნილობას (მუქი ჩალისფერი მოკლე თმა შუბლის ნაწილზე ვერცხლისფრად შეღებილი) ბაძავდნენ. ერთ მოსწავლეს, ივან მალდონადოს სკოლის დირექტორმა უბრძანა პალერმოს ვარცხნილობა შეეცვალა. ივანის გაბრაზებულმა მშობლებმა შვილი სხვა სკოლაში გადაიყვანეს. ამ ისტორიამ მთელს არგენტინაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ჟოკეი პოკე მურომ თავისი ცხენის ფაფარი პალერმოს სტილში შეღება. დევოტოს ციხის დირექტორმა, სადაც  „ბოკას“ ბევრი ფანი იხდიდა სასჯელს, მარტინი მათთან შესახვედრად მიიწვია. ბუენოს-აირესის მეტროს D ხაზი სადგურების კედლებზე პალერმოს უზარმაზარი ფოტოები იყო გაკრული. 1999 წლის მაისში მარტინ პალერმო და მისი ორი თანაგუნდელი ბუენოს-აირესის ზოოპარკში სარეკლამო რგოლის გადასაღებად იყვნენ მისულნი. ერთმა იქაურმა თანამშრომელმა ზოოპარკის ცნობილ ბინადარს, შიმპანზე იიოს სთხოვა, “აბა, პალერმოს მიესალმე!” და მაიმუნს არც უფიქრია რომელი იყო პალერმო, ხელი მყისვე მარტინისაკენ გაიწოდა.

alt

არგენტინის ყველაზე პოპულარული ადამიანის სტატუსით მარტინ პალერმომ „კოპა ამერიკა 99“-ის პირველ მატჩში ორი გოლი გაუტანა ეკვადორს და გაზეთმა „კლარინმა“ ამ მატჩის მიმოხილვა დიდი სათაურით „ტიტანი მარტინი“ გამოაქვეყნა. შემდეგი შეხვედრა არგენტინის ნაკრებს კოლუმბიასთან ჰქონდა. მე-5 წუთზე პენალტი დაინიშნა. პალერმომ ბურთი აიღო. მას არგენტინის ჩემპიონატში არც ერთი პენალტი არ ჰქონდა გაცუდებული. ამჯერად კი ხარიხა შეაზანზარა. მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე არგენტინა 0:1-ს აგებდა, მაგრამ ისევ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. ამჯერადაც პალერმომ ითავა მისი შესრულება და კარს გადააცილა. “ეს რა უბედურებაა, რა ჭირს პალერმოს?!“ – ღრიალებდა კომენტატორი მარსელო არაუხო. ამის შემდეგ არგენტინამ ორი ბურთი გაუშვა და 0:3-ს აგებდა. მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, როდესაც ბოლო წუთზე მსაჯმა აკინომ მესამე პენალტი დანიშნა კოლუმბიელთა კარში. პალერმომ ბურთი აიღო და სათადარიგოთა სკამისკენ გაიხედა. არავის გაუპროტესტებია, მათ შორის არც სიმეონეს, არც რიკელმესა და არც სორინს. მხოლოდ აიალამ ჰკითხა, ხომ სრულ ჭკუაზე იყო? თანხმობის ნიშნად მარტინმა მას თავი დაუქნია.

altიმ საღამოს მარტინის მშობლების სახლს ლა პლატაში ქვები დაუშინეს, ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა და გინებასთან ერთად, მუქარებიც გაისმოდა. ბოლივიის ვიცე-პრეზიდენტმა პალერმოს „სთხოვა“ იაპონიის ნაკრებში (ეს გუნდი კოპა ამერიკაზე მიწვეული გახლდათ) ეთამაშა ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ საჯაროდ ეგოისტი უწოდა. ასე და ამრიგად, არგენტინის ყველაზე პოპულარული ადამიანი, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც პირველი ფეხბურთელი, ვინაც ერთ მატჩში სამი პენალტი ვერ გამოიყენა.

რა უნდოდა, რას ეტენებოდა. დარჩენილიყო მეკარედ და ასეთ სირცხვილს არ ნახავდა. ექვსი წლის ასაკიდან მარტინი თავის უფროს ძმა გაბრიელთან ერთად „ესტუდიანესის“ სკოლაში ვარჯიშებზე დადიოდა. ერთხელაც მწვრთნელმა ნეგრო სერისოლუმ ახედ-დახედა, კი ხარ ტახივითო და კარში ჩადგომა უბრძანა. მარტინს მოსწონდა მწვანე, თეთრსაყელოიანი მაისურით, მოკლე შორტით და ძმის ნახმარი ხელთათმანებით კარში დგომა, რადგან თავს 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონ უგო ფილოლად წარმოიდგენდა. პალერმო მშვენიერი მეკარე დადგა, გუნდმა ქალაქის ჩემპიონატი მოიგო მისი დამსახურებითაც. ცოტა ხნის შემდეგ „ესტუდიანტესის“ ლეგენდამ ხუან რომან ვერონმა გუნდში თავისი ვაჟი სებასტიანი მიიყვანა, რომელიც სხვებზე ორი წლით უმცროსი გახლდათ, მაგრამ ვერონს „ესტუდიანტესში“ უარს ვინ შეკადრებდა და მიიღეს. პირველივე მატჩში პატარა სებასტიანმა დრიბლინგით საკუთარ კარს, რომელსაც მარტინი იცავდა, შეუტია და ძლივს გააგებინეს „გამოიმასქნებულს“ რომ ეს მისი გუნდის კარი იყო. სხვათა შორის, ეს „გამოიმასქნებული“ 18 წლის შემდეგ უეფას თასის მფლობელი და იტალიის და ინგლისის ჩემპიონი გახდა.

იმ პერიოდში პალერმოების ოჯახი სხვა რაიონში გადასახლდნენ. მშობლებმა ურჩიეს გაბრიელს ფეხბურთისათვის თავი დაენებებინა და სწავლისათვის მიეხედა. ასეც მოიქცა, მაგრამ ფეხბურთის სიყვარული არ განელებია და შაბათ-კვირას სახლის მახლობელ მოედანზე თამაშობდა. 10 წლის მარტინიც, რომელიც ძმასთან ერთად წამოვიდა „ესტუდიანტესიდან“, ისევ ეტორღიალებოდა. მარტინს, რომელიც სულ 10 წლისა იყო, კარში არავინ აყენებდა, რადგან 5-6 წლით უფროსი ბიჭების ძლიერად დარტყმული ბავშვისთვის საშიში იყო და ეუბნებოდნენ წინ, თავდასხმაში დამდგარიყო და მათთვის ხელი არ შეეშალა. მაშინ მარტინი დამჯერე ბავშვი იყო, მაგრამ არც სულ მთლად – ნელ-ნელა გოლების გატანა დაიწყო და ამ უიკ-ენდის მატჩებში უკანასკნელი ნამდვილად აღარ იყო. ორი წლის შემდეგ, 12 წლის პალერმო „ესტუდიანტესს“ თავდამსხმელად დაუბრუნდა.

ლა პლატურ დერბიში „ხიმნასიასთან“ პალერმომ ძმებ სკელოტოთაგან ერთს, გილერმოს იდაყვით ორი კბილი ჩაუმსხვრია. გილერმოს დედა მოედანზე შევარდა და მარტინი თმებით ითრია, მას სხვა მშობლები მიჰყვნენ და ორივე გუნდის გულშემატკივრებს შორის მაგარი ბათქა-ბუთქი აიწია. საქმეში პოლიცია ჩაერია და ზოგიერთ აქტიურ მოჩხუბრებთან ერთად მარტინის ძმა გაბრიელიც დააკავეს.

altპალერმო და სკელოტო ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მაგრამ ყოველ კვირას დისკოთეკაზე ჩხუბობდნენ, ხოლო როდესაც წამოიზარდნენ ბარებში და როდესაც უმაღლეს ლიგაში დაიწყეს თამაში, იქაც ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ. ერთხელ, როდესაც ორივეს რეკლამაში იღებდნენ, ერთმანეთს არც კი მისალმებიან. „ესტუდიანტესი“ -„ხიმნასიას“ მატჩის წინ, რომელთა კაპიტნები პალერმო და სკელოტო იყვნენ, ისე ჩამოართვეს ხელი, რომ ერთმანეთისათვის არც შეუხედავთ. 1997 წელს ძმები სკელოტოები „ბოკაში“ მარტინზე ერთი დღით ადრე გადავიდნენ და კლუბის ხელმძღვანელობამ ისინი სპეციალურად ერთ ნომერში შეასახლა და მალე საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

ცოტა ხნით ადრე, ვიდრე სკელოტოს კბილებს ჩაუმტვრევდა, თავად მარტინმა დაკარგა ორი წინა კბილი – ველოსიპედიდან ჩამოვარდა. სიჩქარის სიყვარული ამ შემთხვევამაც ვერ გაუნელა. 17 წლისამ, ბრაზილიაში შვებულებაში ყოფნისას, მოტოციკლი იყიდა, რითაც ვარჯიშებზე მიგრიალდებოდა ხოლმე, რაც კლუბის შეფს არ მოეწონა, კიდევ რაიმე ხიფათს მოიწევსო და მისი გაყიდვა დააძალა. პალერმოს მამა მიხვდა, რომ რადგან მის შვილზე დარდობენ, ნიშნავს, მისი ეიმედებოდათ. მართლაც, „ესტუდიანტესის“ მთავარი გუნდიდან მას ყურადღებით ადევნებდნენ თვალს, მაგრამ ჯერ ისევ ახალგაზრდულ გუნდში ათამაშებდნენ. ერთხელ მამა მარტინს გასვლით მატჩზე თან გაჰყვა. ნამატჩევს კი კაფეში მთელი გუნდი ნაყინის საჭმელად შევიდა. კაფეს პატრონს შეეშინდა ერთნაირად ჩაცმული ამდენი ახალგაზრდის „შესევა“, იფიქრა გაძარცვას მიპირებენო, პოლიციას გამოუძახა და სამართალდამცავებმა მთელი გუნდი პირქვე იატაკზე დააწვინა.

altსამაგიეროდ, ლა პლატაში მოგებულნი დაბრუნდნენ. გამარჯვება პალერმოს სახლთან ახლოს, პიცერიაში აღნიშნეს. შინ გვიან ღამით დაბრუნებულს დედა ეცა, სასწრაფოდ ჩანთა გაიმზადე, ხვალ მთავარი გუნდის ვარჯიშზე ხარ მიწვეულიო. მარტინმა არ დაიჯერა და გაეცინა. დედამ კი უთხრა, რომ მწვრთნელმა დილით მოაკითხა და დიდხანს ელოდებოდა. შვილის პირველ თამაშს „ესტუდიანტესის“ მთავარ გუნდში მარია პალერმო ტრიბუნიდან უცქერდა. პირველი ტაიმის შუაში ვიღაცამ ტრიბუნიდან დაიძახა პალერმოს მისამართით: „გამხდარო, აქ რა გესაქმება, კალათბურთში გადადი!“. მარია წამოხტა და ისეთი ხმით მიაკივლა შვილის გამლანძღველს, რომ მან ხმა ჩაიკმინდა. პალერმოს იშვიათად ათამაშებდნენ, ვერც გოლები გაჰქონდა. ამას მწვრთნელების მუდმივი ცვლა ემატებოდა. ერთმა მათგანმა, მიგელ ანხელ რუსომ ისიც კი თქვა, რომ პალერმოს საქმე ფეხბურთის თამაში კი არა, ბალახის თიბვააო. ნახევარი სეზონის მანძილზე, ვიდრე 19 წლის არ შესრულდა, მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. მისი აღნიშვნისას გვერდით ჩაურბინა 30 წლის თანაგუნდელს დანიელ პიგინს და თავის მეგობარ რიკარდო ირიბარენს გადაეხვია. მეორე დილით მწვრთნელმა მოსთხოვა მისულიყო და პიგინისათვის მოებოდიშებინა, რადგან უფროსებისადმი პატივისცემა დაუწერელი კანონი გახლდათ.

altშემდეგ ორმხრივი თამაში – ცოლიანები უცოლოების წინააღმდეგ. პალერმო ურუგვაელ ლარეას შეეჯახა, რომელმაც მას იდიოტო მიაძახა. პასუხად მარტინმა ორჯერ თავში უთავაზა. პალერმომ მალე პატივისცემა დაიმსახურა და რამდენიმე წელიწადში გუნდის კაპიტნადაც აირჩიეს. მორიგი ბრაზილიური შვებულების დროს იქაური გოგონა, სახელად ჟაკლინი გაიცნო, რომელმაც რამდენიმეჯერ ლა პლატაში ჩააკითხა და 1996 წელს ვაჟი რიდუანი გაუჩინა. პირმშოს დაბადება მომდევნო ორ მატჩში ოთხი გატანილი გოლით აღნიშნა. აქედან ორი „ბოკას“ გაუტანა და ნამატჩევს მარტინმა ხმის კანკალით მარადონას მაისურის გაცვლა სთხოვა. იმ მატჩში ვერონმა „ესტუდიანტესს“ მხოლოდ ერთი გოლი შეუგდო. პალერმომ კი მიიღო დიდი დიეგოს მაისური, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, როდესაც ისიც მარადონას და ვერონს „ბოკაში“ შეუერთდა, მაინც ვერ გაბედა დიეგოსათვის ეკითხა თუ რა უყო მის მაისურს – შეინახა თუ ნაგავში მოისროლა.

„ბოკა ხუნიორსში“ გადასულ პალერმოს პირველ ექვს მატჩში გოლი არ შეუგდია და მხოლოდ მეშვიდეში, 30-ე წუთზე გაუტანა „ინდენპენდიენტეს“, რომლის კარს ფარიდ მონდრაგონი იცავდა. ყველაზე მხურვალედ კი მარადონამ მიულოცა, რადგან სწორედ დიეგომ აიძულა „ბოკას“ მფლობელი მაკრი პალერმო ეყიდა. ის შეხვედრა მარადონამ ვერ დაასრულა, ტრავმა მიიღო და ეს ამ გენიოსის კარიერაში ბოლო შეხვედრა გამოდგა.

პალერმოს სიზანტისა და ზედმეტი წონის გამო „ვირს“ ეძახდნენ, მაგრამ 1998 წელს „ბოკა“ კარლოს ბიანკიმ ჩაიბარა. მან მის მაგინებელ ჟურნალისტებს შეუტია, შემდეგ კი პალერმო დაამშვიდა: „შენ საჯარიმო მოედნის სიახლოვეს იტრიალე, დანარჩენს კი გუნდი გააკეთებს“. ბიანკის ამ რეცეპტით პალერმო სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად იქცა, გაიტანა რა სეზონში 50-ზე მეტი გოლი და „ბოკა“, რომელსაც ექვსი სეზონი არაფერი მოეგო, ზედიზედ ორჯერ არგენტინის ჩემპიონი გახდა.

alt

მეტსახელი El Loco ანუ „გიჟი“, მარტინს ჯერ კიდევ „ბოკაში“ მისვლამდე შეარქვეს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვარჯიშზე გუნდის ვეტერან ფეხბურთელს წაუთაქა. საქმე ისაა, რომ მას დაუკავშირდა ჟურნალ Mistico-ს რედაქტორი და განუცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვთ მისგან არგენტინელი დენის როდმანი გააკეთონ. მარტინი დათანხმდა, თუმცა ღირდა ჯერ გაერკვია თუ რას აპირებდნენ ამ ჟურნალის მესვეურნი. როდესაც გადაღებაზე მივიდა, მას ქალის კაბა და მერლინ მონროს პარიკი მისცეს და ჩაცმა სთხოვეს. როდესაც გაიკვირვა, აუხსნეს, რომ ამერიკაში კალათბურთელი დენის როდმანი მადონასავით ჩაცმული გადაიღეს და ამას დიდი წარმატება ჰქონდა. მარტინს კარგად არც გაუაზრებია მათი ნათქვამი და რადგან თვითმფრინავზე აგვიანდებოდა, ფოტოსესიის სწრაფად დასრულება მოითხოვა. უკვე შვებულებისას პალერმომ გაიგო, რომ მისმა ამ ფოტოებმა მთელი არგენტინა შოკში ჩააგდო.

https://s5o.ru/storage/simple/ru/edt/52/14/30/13/rued9c5e42836.jpg

ეს დიდად არ უდარდია. „ბოკაში“ მატჩში საშუალოდ ერთი გოლი გაჰქონდა და მათ მეტად ორიგინალურად აღნიშნავდა. არბოდა ტრიბუნაზე მაყურებლებთან, კოცნიდა საკუთარ ბუცს, იხდიდა შორტს… „რივერთან“ გატანილი გოლის შემდეგ სარეკლამო ფარზე ახტა, რომელმაც მის სიმძიმეს ვერ გაუძლო, გაიღუნა და იქიდან ჩამოვარდნილმა კინაღამ მხარი ამოიგდო. განა ნორმალური ფეხბურთელი „მოახერხებდა“ ერთ მატჩში სამი პენალტის გაფუჭებას?

იმ ავადსახსოვარი მატჩიშ შემდეგ, ურუგვაისთან, მეტოქე გუნდის მცველმა ლემბომ იდაყვით კინაღამ თვალი გამოთხრა და ასე „ცალთვალამ“ გააგრძელა თამაში. შესვენების შემდეგ მაინც მოახერხა გოლის გატანა,  რის შემდეგ, როდესაც სისხლჩაქცევისაგან უკვე მოედანზე არგენტინელსა და ურუგვაელს ვეღარ არჩევდა, შეცვლა მოითხოვა.

alt

ერთი თვის შემდეგ „ლაციოდან“ დაურეკეს. ბიანკოჩელესტე 90-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კლუბი გახლდათ. რომაელები პალერმოში 13.5 მილიონ დოლარს იხდიდნენ, მას კი ხუთწლიან კონტრატს და წელიწადში 2 მილიონს თავაზობდნენ. „ბოკას“ პრეზიდენტმა მაკრიმ იტალიელებს უპასუხა, რომ პალერმოს 20 მილიონად აფასებს და ტრანსფერი მხოლოდ დეკემბერში გაფორმდება. ნოემბერში პალერმოს ორ სეზონში 99 გატანილი გოლი დაუგროვდა. „ბოკას“ მორიგი მატჩი სანტა-ფეში უწევდა. იქაური „კოლონის“ მოედანს „სპილოების სასაფლაოს“ ეძახიან. მატჩის მე-15 წუთზე პალერმომ მუხლი იტკინა, რომელიც გაუსივდა, მაგრამ მოედანი მანამ არ დატოვა, სანამ მე-100 გოლი არ გაიტანა.

altმატჩის შემდეგ ის ხელში აყვანილი თანაგუნდელმა მცველმა ბერმუდესმა ავტობუსში დასვა. ორი კვირის მანძილზე მუხლიდან სითხეს უღებდნენ (დღეში 8-ჯერ შპრიცით შედიოდნენ მუხლის სახსარში), მთელი ფეხი თაბაშირში ჰქონდა, ოპერაციას კი არ უკეთებდნენ. ბოლო-ბოლო „ლაციოშიც“ გაიგეს მისი ტრავმის შესახებ და ტრანსფერი გააუქმეს. ოპერაციის შემდეგ მთელი ნახევარი წელიწადი მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობდა ექიმის მეთვალყურეობით. მსუბუქად სირბილის ნება კი მხოლოდ სამი თვის შემდეგ დართეს. „ბოკაში“ მის შემცვლელად ჩიპი ბარიხო თამაშობდა, გოლები მასაც გაჰქონდა, მაგრამ პალერმოსთან რას მოვიდოდა?

პალერმოს გარეშე „ბოკა“ ლიბერტადორესის თასის პლეი-ოფში მაინც გავიდა, მაგრამ პირველი მატჩი „რივერ პლეიტთან“ წააგო. განმეორებითი შეხვედრის წინ მარტინმა კარლოს ბიანკის უთხრა, რომ მზად იყო სათამაშოდ. „პაპა კარლომ“ ის მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შეუშვა მოედანზე. მისი შესვლისთანავე რიკელმემ გოლი შეაგდო და გახარებული პალერმოს ზურგზე შეახტა, რომელიც გატანილ გოლთან ერთად იმანაც გაახარა, რომ მისმა ნაოპერაციევმა მუხლმა ამ დატვირთვასაც გაუძლო. ბოლო წუთზე პალერმომ თავადაც გაიტანა, „ბოკა“ შემდეგ ეტაპზე გავიდა, ფინალამდეც მიაღწია, სადაც პენალტების სერიაში მოიგო „პალმეირასთან“.

მარტინის მამა ამ მატჩს სან-პაულუში დაესწრო, მაგრამ პენალტების სერიის ყურება ვერ შეძლო, რადგან კოლუმბიასთან მატჩის ის საშინელება სულ ერთი წლის მომხდარი იყო. მან ვერ ნახა, რომ მისმა შვილმა მშვიდად გაიტანა თავის პენალტი და „ბოკა ხუნიორსმა“ 70-იანი წლების შემდეგ პირველად მოიგო ლიბერტადორესის თასი. სტადიონის ეზოში მდგარმა ნახა, რომ ახალგაზრდების ერთი ჯგუფი სიხარულის ყიჟინით გამოვარდა ტრიბუნიდან და პალერმოს მამამ იფიქრა, რომ მისმა ვაჟმა ისევ გააფუჭა პენალტი… თუმცა, საშინელი განცდა ბედნიერებად შეეცვალა, როდესაც შეიტყო, რომ ის ახლგაზრდები სან-პაულუს მეორე გუნდის, „კორინთიანსის“ ფანები გახლდნენ, რომლებიც საძულველი კონკურენტის არგენტინელებთან მარცხის გამო ზეიმობდნენ.

საკონტინენტთაშორისო თასზე ფიგუიან, რობერტო კარლოსიან და რაულიან „რეალთან“ მატჩისათვის ნახევარი წელიწადი ემზადებოდნენ, მატჩამდე ერთი კვირით ადრე ჩაფრინდნენ ტოკიოში. თამაშის დაწყებამდე კი კარლოს ბიანკიმ 45-წუთიანი სიტყვა ისეთი ვნებით  წარმოთქვა, რომ თავადაც კი აცრემლდა, ხოლო ნამატჩევს სხვებთან ერთად ეს ჭარარა კაცი მაგიდაზე ცეკვავდა და მღეროდა, რაც წარმოუდგენელი ჩანდა. საზეიმო ბანკეტისათვის პალერმომ ის 10 ათასი დოლარი გაიღო, რომელიც „ტოიოტამ“ შეხვდერის საუკეთესო მოთამაშისათვის გადასცა. მარტინმა პირველივე ხუთ წუთში ორი გოლი გაუტანა იკერ კასილიასს და თავისი „ბოკა“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდად აქცია.

მწიფდებოდა პალერმოს „ნაპოლიში“ ტრანსფერი. მარტინში ახალ მარადონას ხედავდნენ. თავად კი დასასვენებლად ურუგვაიში გაემგზავრა. პუნტა დელ-ესტეს ერთ რესტორანში შეამჩნია ფოტოგრაფი, რომელმაც სურათების გადაღება შესთავაზა, რაზეც უხეშად უარი უთხრა. დაიწყო კამათი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა და პოლიციაში ამოჰყო თავი. პატიმრობიდან 8 ათასი დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ გამოუშვეს, შემდეგ კი სასამართლომ ბავშვთა სახლში მუშაობა დააკისრა.

alt

მაკრი ფულზე ვერ მოურიგდა „ნაპოლის“ და ერთადერთი ევროპული კლუბი, რომელმაც 27 წლის, მუხლზე ნაოპერაციევ ფეხბურთელში შესაბამისი თანხა გადაიხადა, „ვილიარეალი“ იყო, რომელიც ესპანურ პრიმერაში მხოლოდ მეორე სეზონს ატარებდა. ეს პატარა, 40 ათასიანი ქალაქი გახარებული იყო ამ ტრანსფერით. ვალენსიას აეროპორტში პალერმოს ხუთასი ფანი დახვდა, ხოლო სტადიონ „მადრიგალზე 8 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა მის პრეზენტაციაზე. ყველაზე მეტად პალერმო კლუბის პრეზიდენტმა ფერნანდო როიგმა გააკვირვა, “მარტინ, აქ ერთი ახალგაზრდა მრბოლელია, შენს მაისურზე ოცნებობს, -რა პრობლემაა, რა ჰქვია მაგ ბიჭს? – ფერნანდო, ფერნანდო ალონსო!”

alt

10 თვის შემდეგ მარტინ პალერმო საავადმყოფოში წვივის ორმაგი მოტეხილობით იწვა, რაც „ლევანტესთან“ მატჩის დროს კარის უკან მდებარე სარეკლამო ფართან შეჯახებისას მიიღო: “ვიჯექი, ცაში ვიყურებოდი და ღმერთს ვეკითხებოდი, რატომ, რატომ ისევ მე?!”

ვილიარეალელი ყასაბი რამონ მოხონი ყოველი გატანილი გოლის შემდეგ ღორის ბარკალს უგზავნიდა, თუმცა ბოლოს ძუნწობა დაეტყო. მარტინი ვერ შეეწყო მთავარ მწვრთნელს ვიქტორ მუნიოსს და ცხოვრებაში პირველად დაუყვირა გუნდის თავკაცს. „რეალთან“ 0:4-ზე წაგებული მატჩის შემდეგ გასახდელში „ყვითელი სუბმარინას“ ფეხბურთელები გახარებულნი იყვნენ, რომ სამეფო გუნდის ფეხბურთელებმა მათ მაისურები გაუცვალეს, მუნიოსმა კი უთხრა: “არაუშავს, კარგი ბიჭები ხართ!” ამან პალერმო წყობიდან გამოიყვანა მწვრთნელს დაუყვირა : “კარგი ბიჭები არა *ლე! ჩვენს საჯარიმოში დისკოტეკა მოაწყვეს, გაგვანადგურეს, 10 გოლის გატანა კიდევ შეეძლოთ და თქვენი აზრით, ყველაფერი კარგადაა!”  მომდევნო სეზონის სტარტზე პალერმომ ოთხი გოლი გაიტანა, მაგრამ დადგა ნოემბერი და „ლევანტესთან“ სათასო მატჩი დამატებით დროში გადავიდა. პალერმომ მოახერხა და დიდი სისწრაფით საჯარიმოში შევარდნილმა ბურთი ბადეში შეაგდო და კარის უკან „ვილიარეალის“ გულშემატკივართა ტრიბუნისკენ გავარდა მისალოცად. იქიდან ფანები წამოიშალნენ და ხვევნა-კოცნაში სარეკლამო ფარზე მდგომი მარტინი ჩამოვარდა, ზედ მძიმე რკინის კონსტრუქცია დაეცა და ფეხი მოსტეხა.

იგივე რომ „ლაციოში“ ტრანსფერის წინ არ დამართნოდა, იმ წელს სკუდეტოს მოიგებდა, ვერონის მხარდამხარ იზეიმებდა იტალიის ჩემპიონობას. ახლა იგივე რომ არ განმეორებულიყო, ისევ „ვილიარეალის“ ვარსკვლავი იქნებოდა და „ბეტისში“ გადასვლა აღარ მოუწევდა. აი, „რეალთან“ შეხვედრაში ხარიხისათვის რომ არ გაერტყა, „ბეტისის“ მწვრთნელი სათადარიგოთა სკამზე არ დასვამდა და „ალავესთთან“ ერთად სეგუნდაში არ მოუწევდა ბურთაობა. 30 წლის ასაკში პალერმო მიხვდა, რომ ევროპაში მისი ადგილი აღარ იყო, მოენატრა არგენტინული სტადიონების ყიჟინა, ტიტულებისათვის ბრძოლა, გულშემატკივართა გიჟმაჟობა… ამიტომ დაბრუნდა „ბოკაში“, სადაც მალე მთავარ მწვრთნელად ალფიო ბასილე მივიდა და მისი ხელმძღვანელობით 13 თვეში ხუთი ტიტული მოიგო (სამხრეთ ამერიკის თასი, სამხრეთ ამერიკის ორი სუპერთასი და არგენტინის ორი ჩემპიონობა).

alt

მეხუთე ტიტულის მოგებამდე ერთი თვით ადრე, რომლისათვის ბრძოლაში „სან-პაულუ“ დაამარცხეს, იყო მატჩი „ბანფილდთან“. 76-ე წუთზე პალერმომ დუბლი შეასრულა, რამდენიმე მეტრი გაირბინა, დაეცა, სახე გაზონში ჩარგო და ატირდა.

ამ მატჩამდე ორიოდე დღით ადრე მისი მეორე ცოლი ლორენა საავადმყოფოში დააწყვნეს, რადგან ორსულობის მეშვიდე თვეს სამშობიარო ჭინთვები დაეწყო. უძინარი დილის ვარჯიშზე გამოცხადდა და როდესაც დონ ალფიომ მისი ამბავი შეიტყო, ვარჯიშიდან გაათავისუფლა და საავადმყოფოში გააგზავნა. იქ მისულს ამბავი დაახვედრეს, რომ ლორენას საკეისრო გაუკეთეს, ახალშობილი სულ 750 გრამს იწონის და „ინკუბატორში“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. მარტინმა თავის უფროს შვილს, 10 წლის რიდუანს დაურეკა, რომელიც უმცროს ძმაზე ოცნებობდა და მუცლად მყოფს სახელად სტეფანო შეურჩია, რასაც მარტინიც დათანხმდა. სტეფანო ოთხშაბათს დაიბადა, ხოლო პარასკევის ვარჯიშის შემდეგ მარტინს მესიჯი მიუვიდა,  სასწრაფოდ საავადმყოფოში მისვლას თხოვდნენ. სტეფანოს ფილტვების უმძიმესი ინფექცია განუვითარდა და მისი გადარჩენა შეუძლებელია, ამიტომ „ინკუბატორი“ უნდა გამოურთონ. მღვდელი. მარადონა. ბასილე. თანაგუნდელები. ნუგეშის სიტყვები. კრემაცია და თავში სულ ერთი რამ უტრიალებს – რა და როგორ უთხრას მომხდარის შესახებ რიდუანს?

საკუთარ თავს შეუძახა, ბასილეს დაურეკა და აცნობ, რომ ხვალ აუცილებლად ითამაშებდა. ფანატების ტრიბუნაზე დიდი ბანერი დაახვედრეს: „ძვირფასო პალერმო, მე-12 მოთამაშე შენთან არის!“. დუბლის შესრულების შემდეგ მომხდარი უკვე გიამბეთ. მეორე დილას ცოლი საავადმყოფოდან გამოიყვანა და მდინარისკენ წავიდნენ, სადაც სტეფანოს ფერფლი მოაბნიეს. პალერმომ ლა-პლატაში ჩასვლას მოუხშირა ვაჟიშვილისა და გერი ალინას (პირველი ცოლის შვილი) მონახულებას. პირველად დაესწრო რიდუანის სასკოლო სპექტაკლს და მის პირველ მატჩსაც „ესტუდიანტესის“ რიგებში. ადრე ყოველი გოლის შემდეგ მარტინი მარჯვენა მაჯას კოცნიდა, სადაც რიდუანის სახელი ეწერა, შემდეგ კი მარცხენაზეც გაიკეთა ტატუ სტეფანოს სახელით. მეოთხე ათწლეულში გადასულსაც თითქმის იმდენივე გოლი გაჰქონდა, რაც მანამდე. „ინდეპენდიენტესთან“ მატშში წარმოუდგენელი გოლი შეაგდო საკუთარი მოედნის ნახევრიდან.

შემდეგ ისევ მუხლი იტკინა, გაუცდა 6 თვე, დაბრუნდა, კარიერაში 220-ე გოლი გაიტანა, რითაც „ბოკა ხუნიორსის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მშობლებს ახალი შეყვარებული ჯესიკა გააცნო, ხოლო „ველესთან“ მატჩში 40 მეტრიდან თავურით გაიტანა გოლი, რითაც მეორედ შევიდა გინესის რეკორდების წიგნში.

მარტინმა კარიერა არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში მე-5 ბომბარდირად დაასრულა. მწვრთნელობა „გოდოიში“ დაიწყო, შემდეგ „არსენალს“ ედგა სათავეში, 40 წლის ასაკში კი ბაბუა გახდა – ალინამ სერხიო აგუეროს უმცროსი ძმისგან ვაჟი, ვალენტინი გააჩინა. 2015 წელი პალერმომ ევროპაში სტაჟირებაზე გაატარა, თან მესამე შვილი ჯანლუკა შეეძინა.

უცნაურია პალერმოს სანაკრებო კარიერა. როდესაც ალბისელესტეს დიეგო მარადონა ედგა სათავეში, მან განასთან სპარინგ-მატჩისათვის მარტინს უხმო, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და 2010 წლის მუნდიალის შესარჩევი ტურნირის პერუსთან გადამწყვეტი შეხვედრის განაცხადში შეიყვანა. იქამდე ბოლო სამი მატჩი არგენტინას წაგებული ჰქონდა და პერუსთან შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. არადა, არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად მხოლოდ მოგება ესაჭიროებოდა. შესვენებაზე მარადონა პალერმოს მოეხვია და უთხრა: „წინ მთელი ტაიმი გვაქვს და შენ იცი, რაც გევალება“. არგენტინა იგუაინის გოლით დაწინაურდა. შემდეგ კი თავსხმა წვიმა წამოვიდა. პალერმოს მშობლები უსახურავო „მონუმენტალზე“ თავიდან ფეხებამდე გაილუმპნენ. 89-ე წუთზე პერუმ საპასუხო გოლი გაიტანა და არგენტინას საშვილიშვილო შერცხვენისაგან ორიოდე წუთი თუ აშორებდა. ინსუამ კუთხური ჩააწოდა. ბურთი სველ გაზონზე რამდენიმეჯერ ახტა და პალერმოს მიუვიდა – რამდენიმე წამში სიხარულით გაგიჟებული მარადონა თავისი ღიპით სველ გაზონზე გაცურდა. „ვიცოდი, ვიცოდი, თუ პალერმოს შევუშვებდი, ის ჩვენ ნამდვილად გადაგვარჩენდა“, – თქვა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მარადონამ.

1999 წლის კოპა ამერიკის შემდეგ პალერმოს ეროვნულ ნაკრებში აღარ უთამაშია მთელი 10 წელი, 2 თვე და 23 დღე. როგორც კი პერუს გაუტანა, მან გაიძრო სველი მაისური, აკოცა მარცხენა მაჯას,  მზერა ცაში აღაპყრო და უფალს მადლობა მოახსენა.

alt

მარადონამ ის მუნდიალზე წაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 35 წლის ვეტერანს ეს დიდად არ ანაღვლებდა, მუნდიალის ატმოსფეროთი ტკბებოდა და თვით ვუვუზელათა ზრუნიც არ აღიზიანებდა. მესამე მატჩისათვის არგენტინის ნაკრები ორი გამარჯვებით მივიდა.

საბერძნეთის წინააღმდეგ მარადონამ თავდასხმაში მილიტო, აგუერო და მესი დააყენა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენებაზე მარადონამ პალერმოს გახურება უბრძანა. თანაშემწეებმა კი მარადონას იგუაინის შეშვება ურჩიეს, რომელმაც მანამდე კორეას გაუტანა გოლი, მაგრამ დიეგო ჯიუტობდა. 80-ე წუთზე მარტინმა მილიტო შეცვალა. ეს იყო მუნდიალზე პალერმოსათვის პირველი და ბოლო ნათამაშევი 10 წუთი და მაინც მოასწრო გოლის გატანა. 89-ე წუთზე შეტევა პასტორემ წამოიწყო. მესიმ კედელი გაითამაშა დი მარიასთან, გასცდა მცველებს და კარში დაარტყა. მეკარე ცორვასმა ბურთი მოიგერია, მაგრამ იქვე გაჩნდა პალერმო და ანგარიში 2:0 გახადა.

არგენტინა ამ მატჩის მოუგებლადაც გავიდოდა პლეი-ოფში, პალერმოს რომც არ გაეტანა, მაინც გაიმარჯვებდა, მაგრამ მარადონა მაინც ბავშვივით ხარობდა. გასახდელში მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ფერხული ჩააბეს შეძახილით „პალერმოო! პალერმოო!“, ზუსტად ისე, როგორც „ბოკას“ ფანები უმღერიან მარტინს.

ბოლოს გეტყვით, რომ 2016-2018 წლებში პალერმო ჩილეში „ესპანიოლას“ თავკაცობდა, შემდეგ მექსიკას მიაშურა და ერთი წელი ცნობილ „პაჩუკას“ წვრთნიდა. ახლა კი ისევ ჩილეს დაუბრუნდა და იქაური მასშტაბით საშულო „ჩურიჩო უნიდოს“ უდგას სათავეში.

alt

არგენტინელი, რომელიც ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა გახდა, მარადონამ მუნდიალზე შვილის გამო არ იახლა და 40 წლის ასაკში ურუგვაის დასაპყრობად წავიდა
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო