11 X 11
სპორტული პორტალი

ფეხბურთელი, ვის გამოც აბრამოვიჩმა “ჩელსი” იყიდა…

0

ფრე ან მოგება „ლივერპულთან“ ჩელსის“ ჩემპიონთა საგზურს მოაპოვებინებდა. წაგების შემთხვევაში კი ფეხბურთელებს ხელფასებს მნიშვნელოვნად შეუმცირებდნენ, ხოლო გუნდის ლიდერებს გაყიდდნენ. ამის თაობაზე მოთამაშეები კლუბის დირექტორმა ტრევორ ბერჩმა ზედ მატჩის წინ გააფრთხილა. მე-11 წუთზე ჰიიპიას გოლით „ჩელსი“ აგებდა, მაგრამ ორ წუთში დესაიმ გრონკიაერის პასით ანგარიში გაათანაბრა. მალევე კი გრონკიაერი რიისესა და ტრაორეს დაუსხლტა და ეჟი დუდეკს შორეულ კუთხეში აუღებლად დაურტყა.

ამ დარტყმას მოგვიანებით “გოლი მილიონ ფუნტად” დაარქმევენ, რადგან რუსმა ოლიგარქმა, პუტინის „კასირად“ წოდებულმა რომან აბრამოვიჩმა რამდენიმე ინგლისური კლუბიდან სწორედ ის ამოირჩია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.

ეს ყველაფერი კი დიდწილად გრონკიაერის დამსახურებაა. იესპერ გრონკიაერის მამა პოლ ერიკი ხუთი წლის განმავლობაში გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში ცხოვრობდა, ელექტრიკოსად და ყასბად მუშაობდა, ხოლო იესპერის დაბადების შემდეგ, მეუღლე ირმელინთან ერთად იუტლანდიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტისტედში დასახლდა. 1986 წლის მუნდიალის მატჩების ნახვის შემდეგ იესპერმა ხელბურთსა და ჩოგბურთში ვარჯიშს თავი დაანება და მთლიანად ფეხბურთზე გადაერთო.

ვარჯიშის დაწყების წინ  „ლერპიუტერის“ სტადიონზე მისული იესპერი სათლით მთელს მოედანს მოივლიდა და ქვებს  და ძლიერი ღამეული ქარისგან მოტანილ ნაგავს კრეფდა. 1991 წელს იესპერი დაეხმარა „ტისტედის“ მთავარ მწვრთნელს კაი მადსენს მისი წინამორბედ ერიკ პეტერსენთან დადებული სანაძლეო მოეგო – მან კლუბის რეკორდი დაამყარა – გაიტანა რა სეზონში 40 გოლი.

ამის შემდეგ იესპერი დანიის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს და 1992 წლის შემოდგომაზე ისლანდიასთან სადებიუტო მატჩი ჰქონდა. იესპერი მწვრთნელებმა ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე დააყენეს, დაავალეს დახმაებოდა თავდამსხმელებს: დევიდ ნილსენსა და იონ დალ ტომასონს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, მატჩი 1:4 წააგეს.

იმ ერთადერთი გოლის ავტორი დანი კარსტენ პედერსენი იხსენებდა: „გუნდში რამდენიმე ძლიერი შემტევი ვიყავით და ამიტომ ძალიან გაგვიკვირდა, რომ კიდევ ვიღაც უცნობი ტისტედელი ბიჭი დაგვიმატეს. თითქმის ყველანი კოპენჰაგენელები ვიყავით და ამ გრონკიაერის უცნაური აქცენტი მაგრად გვახალისებდა“.

მომდევნო, პოლონეთთან მატჩში გრონკიაერმა საგოლე პასი მისცა თავდამსხმელ კენი ტორუპს და ნამატჩევს მიწვევა მიუვიდა პსვ-სა და „ანდერლეხტისაგან“, მაგრამ არსად წავიდა, რადგან ტისტედში სკოლას ამთავრებდა და არ უნდოდა ატესტატის გარეშე დარჩენილიყო. საქმეში მამამისი ჩაერია და აუხსნა, რომ „ტისტედში“ მისი ზრდა აღარ მოხდებოდა და ამიტომ ჩრდილოეთ იუტლანდიის ყველაზე ძლიერ გუნდში, „ოლბორგში“ გადაიყვანა, სადაც თავად კონსულტანტად გააფორმეს.

კონსულტანტობა იმაში მდგომარეობდა, რომ პოლ ერიკს თავისი ვაჟი კვირაში ორჯერ ოლბორგში (ტისტედიდან 100 კმ) უნდა ჩაეყვანა. კიდევ ერთი დღე იაესპერი „ტისტედში“ ვარჯიშობდა. ცოტა ხანში ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნად აირჩიეს და გუნდთან ერთად ირლანდიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა.

გრონკიაერმა ამ ტურნირზე სამი გოლი გაიტანა, რითაც დიდად შეეწია დანიას დაემარცხებინა რუსეთი,ბელორუსი, უკრაინა და ფინალში გასულიყვნენ. გადამწყვეტი მატჩი RDS ARENA-ზე იმართებოდა, რომელიც არა მხოლოდ საფეხბურთო და სარაგბო მატჩებისთვის, ცხენოსნობისთვისაც კი გამოიყენებოდა და მინდორი არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო. გრონკიაერმა მთელი ტურნირი მარცხენა ფლანგზე გაატარა, ფინალში კი ცენტრფორვარდად დააყენეს, ვერ გაიტანა, დანია თურქებთან დამარცხდა. 1 წლის შემდეგ იასპერმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაცი ეტაპზე “ოლბორგის” შემადგენლობაში კიევის “დინამოს” წინააღმდეგ ითამაშა. დანიელები ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდნენ, თუმცა ჯგუფური ეტაპის პირველივე მატჩისას ესპანელმა მსაჯმა ანტონიო ლოპეს ნიეტომ უეფას განუცხადა, რომ “დინამოს” ხელმძღვანელობამ მას ორი ქურქი და 30 000 დოლარი შესთავაზა “პანათინაიკოსთან” მატჩში გამარჯვების სანაცვლოდ. შედეგად, უკრაინელები ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთეს და მათი ადგილი “ოლბორგმა” დაიკავა. 18 წლის გრონკიაერი ძირითადად მეორე ტაიმებში შედიოდა მოედანზე, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ატმოსფეროთი სიამოვნებას მაონც იღებდა – საფრანგეთში, “ნანტთან” თამაშის წინა დღეს შუასაუკუნეების ციხე სიმაგრეში გადაიტანა ბალდახინი, მეორე დღეს კი 30 000 ფანის თვალწინ ითამაშა. იმ დროს, “ოლბორგის” სტადიონზე დასასწრები ბილეთების ფასი 175-დან 250 კრონამდე გაზარდეს და 7000-მდე გულშემატკივარი თუ მიდიოდა.

რაც შეეხება „ოლბორგს“, ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა. უფრო სწორად, მთავარი მწვრთნელი ზეპ პიოტენკი მიიჩნევდა, რომ 90 წუთიანი დატვირთვას ის ვერ გაუძლებდა და ამიტომ მხოლოდ  შეცვლებზე შეჰყავდა.

იესპერისთვის წარმატებული გამოდგა სამხრეთ ამერიკაში გამართული ახალგაზრდული ნაკრებების ტურნირი, სადაც ყველას ყურადღება მიიქცია სისწრაფით, თავისებური დრიბლინგითა და ორივე ფეხით დაყენებული დარტყმებით. ამ ტურნირს ძალიან ბევრი სკაუტი ესწრებოდა. მათ შორის იყო მილანის „ინტერის“ სკაუტიც, რომელსაც ძალიან მოეწონა იესპერი და შესთავაზა რომ იყიდდნენ „ოლბორგისგან“ და ვიდრე ბიზნეს-სკოლას დაასრულებდა, სამშობლოში დატოვებდნენ.

გრონკიაერმა ეს წინადადება უარყო, რადგან მიაჩნდა, რომ იტალია არ არის კარგი ადგილი ახალგაზრდა უცხოელი ფეხბურთელისათვის და სამშობლოში დარჩენა და იქ დაოსტატება ამჯობინა. მოგვიანებით იესპერი იხსენებდა რომ იმ გუნდიდან, რომლიც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გავიდა, დიდ ფეხბურთში ვერავინ ივარგა.

არადა, თუნდაც თავდამსხმელი კენი ტორუპი და ნახევარმცველი კარსტენ ლეკტონენი გრონკიაერს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ კი არა, სჯობდნენ კიდეც, მაგრამ ახალგაზრდობაში მიღებულმა დიდმა დატვირთვებმა და სახლიდან მოშორებამ (კალენდარული წლის თითქმის ნახევარს შეკრებებზე ატარებდნენ) ისინი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გადაღალა. ამის საპირისპიროდ, რომედალსა და აგერს ახალგაზრდულ ნაკრებში არასოდეს უთამაშიათ, მათი ოსტატობის ზრდა კლუბებში თანდათანობით მოხდა და შედეგიც სახეზეა.

ისე, გრონკიაერიც აპირებდა ფეხბურთს შეშვებოდა. ეს მაშინ, როდესაც „ოლბორგის“ ძირითად შემადგენლობაში არ აყენებდნენ. ის ვეღარ უძლებდა კლუბში ვარჯიშს, ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშს და ამათ პარალელურად სწავლას.

შეიძლება ასეც მომხდარიყო, მაგრამ „ოლბორგში“ მწვრთნელი შეიცვალა და პერ ვესტერგორმა იესპერი თავდასხმის ცენტრში გადაიყვანა და მარცხენა ფლანგზე დაცვითი ფუნქციებისაგან გაათავისუფლა. გრონკიაერმა გოლების გატანა დაიწყო და „ლივერპულის“ მწვრთნელის როი ევანსისა და „მანჩესტერის“ სკაუტის ყურადღება მიიპყრო.

იმ პერიოდში პირადი აგენტი – ვინჩენცო მორაბიტო აიყვანა, ვინაც მიკაელ ლაუდრუპს საზღვარგარეთული კარიერა აუწყო. ინგლისური კლუბები ჭოჭმანობდნენ და წინადადების შეთავაზებას არ ჩქარობდნენ და ამიტომ გრონკიაერი ამსტერდამში გადაფრინდა, სადაც „აიაქსს“ მისი თანამემამულე მორტენ ოლსენი წვრთნიდა.

ნიდერლანდურმა გრანდმა იესპერში თითქმის 6 მილიონი დოლარი გადაიხადა, რაც დანიისათვის სატრანსფერო რეკორდი გახლდათ. აქედან მეოთხედი თავად ფეხბურთელსა და მის აგენტს შეხვდათ. კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ, იესპერი „ოლბორგში“ 9 თვით დააბრუნეს, რათა „ოლბორგშივე“ განეგრძო წვრთნა და თამაში, თანაც სწავლა დაესრულებინა.

„როდესაც ახალგაზრდულ ნაკრებში უკვე „აიაქსის“ ფეხბურთელად მოვიდა, იმაზე უფრო თავმდაბლად იქცეოდა, ვიდრე საერთოდ ჩვეოდა. ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს ეხამუშებოდ დანიის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი რომ იყო, – იხსენებს ლეკტონენი. – ერთადერთი რაც „აიაქსმა“ მასში შეცვალა ის გახლდათ, რომ ჩაჩაჩული გეტრებით აღარ თამაშობდა“.

გახდა რა დანიური სუპერლიგის ყველაზე ძვირი ფეხბურთელი გრონკიაერმა ინტერვიუში თქვა : „რეალურად არც ერთი ფეხბურთელი არ ღირს 40 მილიონი კრონა. ახლა ფეხბურთში წარმოუდგენელი ფული ტრიალებს და ეს რეალობაა. არ დავმალავ, მიხარია რომ „ოლბორგმა“ და მე კარგი ფული ავიღეთ. ფული იძლევა თავისუფლებას, მაგრამ არა ბედნიერებას.

ამიტომ სწორედ ისეთი კლუბი ავირჩიე, სადაც ზრდის საშუალება მექნება და არა მხოლოდ დიდ ხელფასს ავიღებ“. შემდეგ მატჩში „ორჰუსთან“ გრონკიაერმა ხელი მოუქნია მის წინააღმდეგ უხეშად მოთამაშე ნიკოლა რასმუსენს და კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო. ითამაშა რა თავისი ბოლო მატჩი „ოლბორგში“, იესპერმა არ დამალა, რომ ნაწყენია სპორტულ დირექტორ ლუნგე იაკობსენზე, რომელმაც დაუჯერა ანონიმ შემტყობინებელს, თითქოს ის დიდ დროს ღამის კლუბებში ატარებს. არადა, ეს ასე არ არისო.

„აიაქსში“ პირველი ნახევარი წელიწადი წამება გამოდგა. გრონკიაერი ვერ შეეგუა სამთავდამსხმელიან სქემას და სათადარიგოთა სკამის ხეხვა მოუწია. მას იმ დროსაც არ ათამაშებდნენ, როდესაც გუნდში შვიდი ტრავმირებული იყო. სექტემბერში იესპერმა ტრავმირებული პეტერ ჰუქსტრი შეცვალა და მოედანზე სულ რამდენიმე წამი დაჰყო. ორი თვის შემდეგ „ალკმაართან“ მეორე ტაიმში ბრაზილიელი ვამბერტო შეცვალა, მაგრამ ნახევარ საათში იმავე ჰუქსტრით იქნა შეცვლილი.

იესპერი იმდენად განაწყენდა, რომ მატჩის შემდეგ ეგრევე დანიაში გაფრინდა და მთელი თვე ბურთს არ გაჰკარებია. იმ პერიოდში „აიაქსმა“ პირველი ადგილი „ფეიენოორდს“ დაუთმო და ჩემპიონთა ლიგიდანაც სამარცხვინოდ გავარდა. ფანატებმა ოლსენის გადაყენება მოითხოვეს. „ჩემპიონთა ლიგაზე „პორტუსთან“ დამარცხების შემდეგ გუნდის ლიდერები ისე მიცქერდნენ, თითქოს ვიღაც მოვკალი“, – იხსენებს ოლსენი.

„აიაქსის“ ახალმა მწვრთნელმა იან ვოუტერსმა გრონკიაერი გააკრიტიკა: „ის ძალიან დაციკლულია დრიბლინგისა და სისწრაფის დემონსტრირებაზე და ურჩევნია ბევრად უფრო მარტივად ითამაშოს“. ამ  კრიტიკის შემდეგ იესპერმა თებერვლისა და მარტის გასაყარზე სამ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა, ხოლო „მაასტრიხტთან“ შეხვედრაში სულაც ჰეთ-ტრიკი შეასრულა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა – იარი ლიტმანენს გაატანინა.

ამ მატჩის შემდეგ იესპერი პარიზში გაფრინდა თავის გელფრენდ გიტესთან ერთად და ტელეფონიც გამორთო. ამის გამო ლამის ყველაზე ბოლოს შეიტყო, რომ დანიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, რომელსაც ევრო-2000-ის შესარჩევი მატჩი ელოდა იტალიასთან. „იესპერი უნიკალურია, ის ბურთთან ერთად ბევრად სწრაფად მოძრაობს, ვიდრე სხვა ფეხბურთელები“, – ასე შეაქო ახალწვეული მეორე მწვრთნელმა ფლემინგ სერიცლევმა. ამან გრონკიაერი გაახარა, რომელიც შეტევის მარცხენა ფლანგზე დააყენეს და უკვე 36-ე წუთზე საგოლე პასი მისცა, ოღონდ იტალიელ ფილიპო ინძაგის.

ეს მატჩი დანიამ კი წააგო, მაგრამ 1999 წლის შემოდგომაზე მაინც მოახერხა ევროპირველობის საგზურის მოპოვება. სეზონი გრონკიაერმა სუპერთასზე „ფეიენოორდის“ კარში გატანილი გოლით დაიწყო. იმავე მატჩში ტრავმაც მიიღო, მაგრამ მორჩენილმა „როდასთან“ შეხვედრაში არონ ვინტერს მისცა საგოლე პასი. მიუხედავად ამისა, „აიაქსმა“ სეზონში  პირველი დამარცხება იგემა. გაზაფხულზე გუნდი მეოთხე ადგილზე დაეშვა.

ხოლო პსვ-სთან 0:4 წაგების შემდეგ „აიაქსის“ ავტობუსს საკუთარი ფანატები დაესხნენ, დილით კი საწვრთნელ ბაზაზე უზარმაზარი ბოქლომი ნახეს ჩამოკიდებული და გუნდი სავარჯიშოდ არ შეუშვეს. და მაინც, ზაფხულის პირას იმავე გულშემატკივრებმა გრონკიაერი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ეს ჩავარდნილ სეზონში და თან „აიაქსის“ დაარსების 100 წლისთავზე.

ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრის გამო „აიაქსს“ ფინანსური პრობლემები წარმოეშვა. ზამთარში გრონკიაერი 11.5 მილიონ ევროდ „ჩელსის“ მიყიდეს. იმ სეზონის პირველ ნახევარში იესპერი თითქმის არ თამაშობდა, რადგან ბარძაყის ტრავმა ჰქონდა და ხერხემალიც აწუხებდა. მისი გაყიდვა Sky Sports-თან ინტერვიუში „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა კო ადრიანსემ ღვარძლიანად შეაფასა: „შეიძლება ის საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ ჭიქა რძე ტუჩებთან მიიტანოს, მაგრამ უმაღლეს დონეზე ფეხბურთის თამაშს ვერასოდეს შეძლებს“. ამავე პერიოდში კი „აიაქსმა“ ძალიან თბილი გაცილება მოუწყო ბრაიან ლაუდრუპს, რომელმაც კარიერა დაასრულა და დანი კარვალიოს, ვინც „ბენფიკას“ მიყიდეს.

ლონდონში ჩასული იესპერი მოხვდა გუნდში, სადაც 29 ფეხბურთელიდან მხოლოდ ექვსი იყო ინგლისელი. „ტოტენჰემის“ პრეზიდენტი ალან შუგარი ენამწარობდა: „ჩელსის“ შემადგენლობა რესტორანში ღვინის მენიუს მაგონებს“. გრონკიაერი ამ „მენიუში“ 2001 წლის იანვარში „ჩაეწერა“, როდესაც მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო  რანიერიმ ის „არსენალთან“ მატჩის მეორე ტაიმში ფრანკ ლებეფის ნაცვლად შეუშვა.

ორიოდე წუთში „კანონირების“ მცველი ლი დიქსონი მას ზურგიდან დაესხა თავს, რაც მსაჯმა დევიდ ელერეიმ კარგად დაინახა, მაგრამ გაატარა. ინგლისურ ხისტ თამაშს გრონკიაერმა მალე აუღო ალღო და იანვრის ბოლომდე სამი გოლი გაიტანა. აქედან ერთი „ნიუკასლს“, ხოლო ორი თასზე „ჯილინგემს“. „იესპერი ნამდვილი „მკვლელია“. ძალიან კარგია, როდესაც გუნდში გყავს ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ბურთიანად 50-60 მეტრი გაირბინოს“, – თქვა მაშინ ერთ ინტერვიუში ჯანფრანკო ძოლამ.

„ბარსელონადან“ გადასული ბუდივეინ ზენდენის მისვლის შემდეგ გრონკიაერი მარჯვენა ფლანგზე გადაიყვანეს. მან კარგად დაიწყო ახალი სეზონი, მაგრამ 2001 წლის სექტემბერში „არსენალთან“ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და საოპერაციოდ ბრონდბიუში მოუხდა წასვლა და შემდეგ რამდენიმე თვე რეაბილიტაციას მოანდომა. თამაში მხოლოდ 2002 წლის მარტში შეძლო და ზედიზედ სამ მატჩში სამი საგოლე პასი(ჰასელბანკს, ფორსელსა და გუდიონსენს) გააკეთა, მაგრამ „დერბისთან“ შეხვედრაში ისევ დაზიანება მიიღო და ორი კვირა იუქმა. „ჩელსიმ“ დათმო თასის ფინალი „არსენალთან“, ხოლო ჩემპიონატში მხოლდ მეექვსე ადგილზე გავიდა და ისევ ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა. კლუბის ვალმა კი 80 მილიონ ფუნტს მიაღწია.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, სადაც მან ორი გოლი იონ დალ ტომასონს გაატანინა, ამცნეს, რომ მისი ყიდვა „ინტერს“, „ლაციოსა“ და „ფულჰემს“ უნდათ. „ჩელსის“ შეფებს ძალიანაც სურდათ გრონკიაერის გაყიდვა და მხოლოდ იმიტომ არ გაასხვისეს, რომ იმაზე ნაკლებს იხდიდნენ, ვიდრე მასში „აიაქსს“ მისცეს. „ჩელსის“ იმდენად გაუჭირდა, რომ კლუბის ბოსმა კენ ბეიტსმა უეფას თასის პირველი რაუნდის „ვიკინგთან“ მატჩის წინ ფეხბურთელებს პრემიალურები მოუხსნა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მაინც მოიგებდნენ. „ჩელსიმ“ კი წააგო. ნამატჩევს გრონკიაერმა გუნდის სახელით ბოდიში მოუხადა ფანებს. ბეიტსმა კი გამოაცხადა, რომ სალარო ცარიელია და ამიტომ ინგლისში მატჩებზე თვითმფრინავით ვერ იმგზავრებენ, ავტობუსით მოუწევთ გასვლით თამაშებზე წასვლა.

ამის შემდეგ „ჩელსიმ“ 11 შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა და პრემიერლიგაში მეორე ადგილზე აცოცდა. „ევერტონთან“ მატჩის დროს გრონკიაერი, რომელიც მეორე ტაიმში მარიო სტანიჩის ნაცვლად შევიდა, მცველ დევიდ ანსუორტს შეეჯახა. მსაჯმა ედი უოლსტენჰოლმმა ანსუორტი გააძევა მიუხედავად იმისა, რომ იესპერი არწმუნებდა, რომ მეტოქეს განგებ არ უუხეშია. ამ ეპიზოდიდან მალევე ძოლას პასით იაესპერმა გოლი შეაგდო. მატჩის შემდეგ კი „გარდიანს“ განუცხადა, რომ სადისციპლინო კომიტეტში ანსუორტს ისევ დაიცავს.

ერთი თვის თავზე გაზეთმა News of the World-მა გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ გრონკიაერმა კაზინოში 112 ათასი ფუნტი წააგო. იესპერი კლუბისაგან დასჯას იმან გადაარჩინა, რომ მასზე ხუთჯერ მეტი გუდიონსენმა, ხოლო ჰასელბანკმა ათჯერ მეტი წააგეს. ეს სკანდალი ჩამცხრალი არ იყო, როდესაც ახლა Daily Mirror-მა საზოგადოებას ამცნო, რომ ვარჯიშზე გრონკიაერი კარლტონ კოულს ეჩხუბა. ყველა ამ უსიამოვნებებმა შედეგად ის მოიტანა, რომ „ჩელსი“ მეოთხე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო აპრილში „ფულჰემთან“ ნათამაშები ფრის შემდეგ, მათ „ლივერპული“ დაეწია, რომელთანაც ბოლო ტურში უწევდათ თამაში. ამ მატჩის წაგება და ისევ ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენა, კლუბს გარდაუვალ გაკოტრებას უქადდა, მაგრამ მერსისაიდელებთან იესპერის გოლმა და საგოლე პასმა, „ჩელსის“ გადარჩენის შანსი გაუჩინა.

რომან აბრამოვიჩის შესახებ გრონკიაერმა ზაფხულში გაიგო, როდესაც შვებულებას დანიაში ატარებდა. კლუბში მისთვის ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს და ყველაფერი მხოლოდ გაზეთებიდან შეიტყო. ბრიტანული მედია 36 წლის რუსი მილიარდერის ინგლისში საცხოვრებლად გადასვლას იმას უკავშირებდა, რომ ჩუკოტკის გუბერნატორი თავისი მაგადანელი და კრასნოიარსკელი კოლეგების გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილის გამო შეშინდა და რუსეთს გაეცალა.

აბრამოვიჩი ფეხბურთელებს წინასასეზონო შეკრების მეორე დღეს წარუდგა და რუსულად დაიწყო ლაპარაკი. თარჯიმანმა ფეხბურთელებს ამცნო, რომ მალე ძალიან სერიოზული ტრანსფერები გაკეთდებოდა, მაგრამ მათ საკუთარ მომავალზე შეეძლოთ მშვიდად ყოფილიყვნენ. 6 დღის შემდეგ „ჩელსიმ“ ხელშეკრულება გლენ ჯონსონს გაუფორმა. მალევე დაიმატეს ჟერემი ნჟიტაპი, უეინ ბრიჯი და დემიენ დაფი. თითქმის ყოველ დღე ახალი ფეხბურთელი ემატებოდათ.

თავისი დამოკიდებულება გრონკიაერმა „დეილი მეილისთან“ ინტერვიუში არ დამალა და განაცხადა, რომ ყველა შეშფოთებულია იმით, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავენ. თუმცა, ბუნებრივია, რომ გუნდის გაძლიერების წინააღმდეგნი ვერ იქნებიან. „ლივერპულთან“ იმ ღირსსახსოვარი მოგებიდან სამი თვის შემდეგ, ჩემპიონატის პირველივე ტურში ისევ მერსდისაიდელებთან მოუხდათ შეტოქება, ოღონდ სასტარტო შემადგენლობაში უკვე ხუთი ახალი ფეხბურთელი ჰყავდათ. ერთმა მათგანმა, ხუან სებასტიან ვერონმა სწორედ გრონკიაერის პასით გახსნა ანგარიში.

ოქტომბერში „ჩელსი“უკვე პირველ ადგილზე გადავიდა, მაგრამ აბრამოვიჩის ხელქვეითები მაინც ისევ ახალ ტრანსფერებზე მუშაობდნენ. მედიიდან ცნობილი გახდა, რომ „ჩელსი“ მადრიდის „რეალიდან“ რაულის ყიდვაზე დაჩალიჩდნენ და მას იმაზე ორჯერ მეტ ხელფასს დაპირდნენ, ვიდრე სამეფო კლუბი უხდიდა, მაგრამ უარი მიუღიათ. ასევე ცდილობდნენ „ვალენსიადან“ რობერტო აიალას გადაბირებას. ამის შეტყობისთანავე ჯონ ტერი კლუბის შეფებს შეხვდა და გუნდის სახელით განუცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა გაჩერებულიყვნენ. მიუხედავად ამისა, მალევე გაირკვა, რომ აბრამოვიჩმა „არსენალს“ 50 მილიონი ფუნტი შესთავაზა ტიერი ანრიში. ამის შემდეგ „ჩელსიმ“ ზედიზედ წააგო „ჩარლტონთან“ და ბოლტონთან“. შედეგად, მესამე ადგილზე დაეშვნენ.

2004 წლის დასწყისში იესპერს ხმა მიუვიდა, რომ მის პოზიციაზე არიენ რობენის ყიდვას აპირებენ, მაგრამ მაინც გულიანად ითამაშა და დაეხმარა გუნდს 1998 წლის შემდეგ პირველად დაემარცხებინათ „არსენალი“. „შეცვლაზე შესულმა გრონკიაერმა გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი, – უთხრა რანიერიმ BBC-ს, – მისი წყალობით ჩვენ ფანტასტიკურად ავთამაშდით. „არსენალის“ დამარცხებით „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც „მონაკოს“ გრონკიერმა თავის კარიერაში ყველაზე ლამაზი გოლი გაუტანა.

ასეთად ის მხოლოდ შემდგომ მატჩამდე დარჩა, რადგან 65 საათის შემდეგ იესპერმა „მანჩესტერთან“ ანგარიში გახსნა, გახსნა ულამაზესი დარტყმით. სწორედ მანკუნიანელები გახლდნენ მეორე ადგილისათვის ბრძოლაში „ჩელსის“ მთავარი კონკურენტები. კვირის თავზე გრონკიერმა „ლიდსს“ გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა და „ჩელსი“ პირდაპირ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

თითქმის ერთი თვის შემდეგ, 10 ივნისს, კიბოთი გარდაიცვალა იესპერის დედა ირმელინი. დაკრძალვა 14 ივნისს, იმ დღეს იყო, როდესაც დანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი იტალიასთან უნდა გაემართა. ერთკვირიანი უქმობის გამო უვარჯიშებელი იესპერი ევროპირველობის მეორე ტურის წინ დაბრუნდა ნაკრებში და პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა სათამაშოდ. ბულგარეთთან პირველი ტაიმის შუაში გრონკიაერმა ტრავმირებული რომედალი შეცვალა ბრაგას სტადიონ „მუნისიპალზე“ და კომპენსირებულ დროში ანგარიში 2:0 გახადა. ამ მოგებული მატჩის შემდეგ კი შეიტყო, რომ „ჩელსიმ“ ის „ბირმინგემს“ მიყიდა.

2004 წლის ოქტომბერში მიცემულ ინტერვიუში გრონკიაერი გამოტყდა, რომ „გაზაფხულზე მოედანზე გასული ნაკლებად ვფიქრობდი ფეხბურთზე, ვცდილობდი ხშირად ჩავსულიყავი დანიაში“. იესპერი ვერ შეეგუა „ბირმინგემს“ და ექვსი თვის შემდეგ „ატლეტიკოში“ გადავიდა. „დედის გარდაცვალების შემდეგ თავს კარგად ვერ გრძნობდა. ვერ ეგუებოდა ახალ გარემოცვას და ჩვენი თამაშის სტილს“, – განაცხადა „ბირმინგემის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა.

კიდევ უფრო გაუჭირდა ესპანეთის ჩემპიონატთან შეგუება. თექვსმეტ მატჩში შვიდი ყვითელი ბარათი მიიღო, უმეტესი მსაჯებთან კამათის გამო. 2004/2005 წლების სეზონში ერთი გოლიც ვერ გაიტანა და „შტუტგარტში“ გადავიდა. გუნდის მთავარ მწვრთნელს ჯოვანი ტრაპატონის გადაწყვეტილი ჰქონდა გრონკიაერ-ტომასონის შემტევი დუეტის შექმნა, მაგრამ ამისგან არაფერი სახეირო არ გამოვიდა. „გრონკიაერი საკუთარ თავს აღარ ჰგავს. ჩელსიში“ ის ყოველთვის ამწვავებდა სიტუაციას, ახლა კი მუდმივად განივ ანაც უკან იძლევა პასებს. მას ვეღარ ვცნობ“, – ბრძანა გუნდის მწვრთნელმა ბერტი ფოგთსმა.

„დუისბურგთან“ იანვრის მატჩის წინ იესპერმა მედიას უთხრა, რომ ტრაპატონი დაცვითი ფეხბურთის ადეპტია და მისი სტილის ფეხბურთელი მას ნამდვილად არ სჭირდება: „მართალია ვალდებული ვარ ამას შევეგუო, მაგრამ საკუთარ თავს ვერავინ შეცვლის“. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მატჩში ძველებურად გაიბრწყინა, რამდენიმეჯერ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს, მაგრამ სულ ეს იყო. მაისის თვეში კი ახალი მთავარი მწვრთნელის არმენ ფესაგან შეიტყო, რომ მომავალი სეზონიდან გუნდი 4-4-2 სქემით, ნახევარდაცვაში „რომბით“ ითამაშებდა და იქ მისი ადგილი აღარ იყო.

ზაფხულში იესპერის პირადი აგენტი ვინჩენცო მორაბიტო „დორტმუნდს“, „ბორდოსა“ და „დეპორტივოს“ დაუკავშირდა, მაგრამ ყველაზე ფასეული წინადადება მოსკოვის „დინამოდან“ მიიღო. რუსეთში წასვლა დიდად არ ხიბლავდა, რადგან მისი სამი წლის გოგონა ემილი დედა გიტესთან ერთად უკვე ნახევარი წელიწადი ოლბორგში ცხოვრობდა და მორაბიტოს თხოვა რომელიმე დანიურ კლუბში გადაეყვანა.

„კოპენჰაგენთან“ ერთად გრონკიაერი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ხოლო 2007 წელს დანიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ის იმდენად კარგად გრძნობდა თავს „კოპენჰაგენში“, რომ „ფიორენტინას“ მიწვევაზე უარი თქვა. არადა, იქ მისი ორი თანამემამულე – მარტინ იორგენსენი და პერ კროლდრუპი თამაშობდნენ. 2008 წლის გაზაფხულზე ისევ მუხლი იტკინა და მთელი წელი გაუცდა. ინფექციური ართრიტის გამო ოთხი ოპერაციის გაკეთება მოუხდა, სიარული და მანქანის ტარებაც კი აღარ შეეძლო. გამუდმებულ დაღლილობასაც უჩიოდა.

მეოთხე ოპერაციის შემდეგ მუხლი მოურჩა, აღარ უსივდებოდა სახსარში სითხის ჩადგომის გამო და 2009 წლის შემოდგომაზე „კოპენჰაგენს“ დაუბრუნდა, გუნდს ლიგა ევროპის პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარა. „თავის საუკეთესო წლებში გრონკიაერს მსოფლიოს ნებისმიერ ტოპ-გუნდში შეეძლო ეთამაშა, ხოლო ცუდ წლებში ჩემი ბავშვობის გუნდ „გრიუსაც“ არაფერში გამოადგებოდა, – ბრძანა „კოპენჰაგენის“ თავკაცმა სტოლე სოლბაკენმა. – ახლა იესპერი „ბარსელონასთან“ უფრო ახლოსაა, ვიდრე „გრიუსთან“.

გრონკიაერმა ისევ ერთად დაიწყო ცხოვრება გიტესთან და მათ მეორე შვილი, ისევ გოგონა, შეძინათ. ორწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა დანიის ნაკრებს, სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე ძველებურად გაკრთა, ხოლო 2011 წელს კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და მიზეზად მუდმივი ტრავმიანობა დაასახელა და ის, რომ არ უნდა საბოლოოდ დაინვალიდდეს და ნორმალურად სიარული შეძლოს.  ნიშანდობლივია, რომ თავისი ბოლო ევროსათასო მატჩი მან „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსის“ წინააღმდეგ ითამაშა, იმ “ჩელსისა“, რომელიც იასპერ გრონკიაერის „ლივერპულის“ კარში გატანილი გოლის შემდეგ, სისტემატურად ასპარეზობს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო