11 X 11
სპორტული პორტალი

ჩელსი-რეალის ნამატჩევს

0
ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური “ჩელსი”-“რეალის” (2:0) მატჩის დასრულების შემდეგ გუნდების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს. ზინედინ ზიდანი (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): უნდა ვაღიაროთ, რომ ლონდონელებმა გამარჯვება და ფინალში გასვლა დაიმსახურეს. ძალიან კი ვეცადეთ, მომზადებულნიც ვიყავით, მაგრამ მეტოქემ აშკარად გვაჯობა. შეტევაში თამაში უკეთ გვმართებდა. ერთი აშკარა საგოლე მომენტიც ვერ შევქმენით, მაშინ როდესაც “ჩელსის” ასეთი რამდენიმე ჰქონდა. რა თქმა უნდა, მწარეა როდესაც ფინალთან ასე ახლოს ვიყავით და ვერ გავედით, მაგრამ რას ვიზამთ. ჩემი ფეხბურთელებისათვის საყვედურის თქმა არ მინდა. ხვალიდან ისევ გავაგრძელებთ ვარჯიშს და ლა ლიგის მოსაგებად ვიზრუნებთ”. კაზემირო (“რეალის” ნახევარმცველი): პირველი ტაიმის დასწყისში კარგად ვთამაშობდით. ბენზემას ორი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა, მაგრამ “ჩელსის” მეკარემ იმარჯვა. შემდეგ მეტოქე უკეთ ათამაშდა და დამსახურებულადაც მოგვიგო. რაც არის, არის. ახლა ლა ლიგაში “სევილიასთან” უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის გვმართებს მომზადება”. ტომას ტუხელი (“ჩელსის” მთავარი მწვრთნელი): გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ. პირველ ტაიმში “რეალმა” შემოგვიტია, ყოველი შეტევა შეიძლება გოლით დასრულებულიყო, მაგრამ გავუძელით. ნამდვილად შეგვეძლო ადრევე გაგვეხსნა ანგარიში და დარჩენილი დრო მშვიდად გვეთამაშა. მეტის გატანაც გვმართებდა, მაგრამ ახლა კრიტიკის დრო არ არის. ჩვენ ფინალში ვართ და ეს ფანტასტიკურია. რაც შეეხება “მანჩესტერ სიტისთან” გადამწყვეტ შეხვედრას, ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი, რადგან იქამდე საკმაო დროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს”. სესარ ასპილიკუეტა (“ჩელსის” კაპიტანი): ბრწყინვალე მატჩი ვითამაშეთ. თავიდან ცოტა კი გაგვიჭირდა  კარგად მოთამაშე “რეალის” თავდასხმის შეჩერება, მაგრამ მოვახერხეთ თავის დაცვა და იქით შევუტიეთ.  მეორე ტაიმში მთლიანად ვდომინირებდით, რადგან პირველის შუაში გატანილმა გოლმა სიმშვიდე მოგვგვარა. 2:0 მთლად არ ასახავს ჩვენს უპირატესობას, შეგვეძლო კიდევ მეტი გაგვეტანა. ბედნიერები ვართ ფინალში გასვლით, სადაც “მანჩესტერ სიტისთან” მოგვიწევს ბრძოლა. დიდი იმედი მაქვს თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბისა, რომ სათანადოდ მოვემზადებით და ჩემპიონთა ლიგის თასს აღვმართავთ”.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო