11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

3 კლინიკური სიკვდილი, ფეხში დაჭრა, კრიმინალში ჩართვა, უარი “ატლეტიკოს” – ქართველი მეკარის კარიერა ფილმის სცენარით

0
03.06.21. 663×81 ბანერი

შესაძლოა, ქართული ფეხბურთი სსრკ-ს დაშლის შემდეგ ევროპასა და მსოფლიოში ერთერთი მოწინავე არ არის, თუმცა მაინც იმის აღნიშვნით დავიწყებთ, რომ ამ ტექსტის გმირი ერთადერთი მეკარეა, რომელსაც წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ჯილდო აქვს მოგებული.

ეს 1995 წელს მოხდა, სწორედ მაშინ, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი აკაკი დევაძე გახდა, რუსული “როსტელმაშის” (თანამედროვე “როსტოვი”) კარის დარაჯი. იქამდე და მას შემდეგ, აკაკი დევაძის კარიერას საინტერესო და გამორჩეული მომენტები არ აკლდა.

“6 წლიდან “ნორჩ დინამოში” რეზო გაგუა და სერგო აპრესიანი მზრდიდნენ. მათ ჩემზე დიდი ამაგი აქვთ. როგორც კი სკოლა დავამთავრე, 16 წლისა უკვე თბილისის “დინამოს” დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდი – მაშინ გუნდს გერმან ზონინი წვრთნიდა.

ისე კი, კარგა ხანი თავდამსხმელი ვიყავი. ერთხელ, ვარჯიშზე მეკარე არ მოვიდა და კარში ჩავდექი. მომეწონა და დავრჩი კიდეც.

ისეთ დროს გავიზარდე, ყველაზე მეტად თბილისის “დინამოში” თამაშზე ვოცნებობდი. ახლა ქართველი ფეხბურთელებისთვის სულერთია სად ითამაშებენ, მაშინ კი “დინამო” სულ სხვა იყო…

ტრაბახში არ ჩამომართვათ და, ბავშვობიდან გამომარჩევდნენ და ერთი წლით უფროსების საქართველოს ნაკრებშიც ხშირად მიწვევდნენ. ბევრ ტურნირზე ამიღია საუკეთესო მეკარის პრიზი. ასაკობრივ საბჭოთა ნაკრებში არ მითამაშია, მაგრამ საკავშირო სპორტსაზოგადოება “დინამოს” შეკრებაზე მე და დათო ყიზილაშვილი მიგვიწვიეს, რეზო გაგუა კი ერთ-ერთი მწვრთნელი გახლდათ.

იქ იყო იური ნიკიფოროვი, რომელმაც შემდეგ “სპარტაკსა” და “ეინდჰოვენში” ითამაშა; კიევის “დინამოსა” და უკრაინის ნაკრების მცველი სერგეი ბეჟენარი; მოსკოვის “სპარტაკისა” და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი ილია ციმბალარი – ისინი უფროსები იყვნენ…ისე, ციმბალარს სმა მაგრად კი უყვარდა, ისევე, როგორც ნიკიფოროვს და ბეჟენარს. რომ იცოდეთ, მაშინ მე ნამდვილად არ ვსვამდი და რეჟიმსაც არ ვარღვევდი…” – იხსენებდა დევაძე.

Soccer - European Championship Qualifier - Wales v Georgia : News Photo

პროფესიონალურ დონეზე დევაძეს დებიუტი გორის “დილაში” ჰქონდა, შემდეგ კი 18 წლის მეკარემ თბილისის “იბერიაში” (მცირე ხნით “დინამოს” იბერია ერქვა) 8 მატჩი ჩაატარა და “ზესტაფონს” მიაშურა, სადაც ძირითადში თამაშს შეჰპირდნენ.

“ზეტაფონში კარგი ბიჭები იყვნენ შეკრებილი, მათ შორის მამუკა ჯუღელი, ახლა საფეხბურთო აგენტია. 7-8 ტურის შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს.

ეროვნულ ნაკრებზე პირველად 1994 წელი მახსენდება, ალბანეთში გასვლაზე თამაში. ამ ქვეყანაში მაშინ ომი მიმდინარეობდა, ტირანას ცენტრში ტანკები დადიოდნენ. სტადიონზე მისულს თავი ჯუნგლებში მეგონა, საშინელი გარემო იყო, ყოველ წუთს ვფიქრობდი, რომ ხალხის ტალღა მოედანზე შემოვარდებოდა. მთავარი მსაჯი უნგრელი იყო, კარიერაში ბოლო მატჩს ემსახურებოდა და ეტყობა, ცოცხალი უნდოდა დარჩენილიყო, რა არ გააკეთა ალბანელების სასარგებლოდ, მაგრამ სასწაულით მოვიგეთ, შოთა არველაძემ გაიტანა. მეორე ტაიმში ქინქლაძე ერთიერთზე გავიდა, მეკარემ კარატის ილეთით დააგდო ძირს, მეგონა გიორგი მოკვდა, არ ინძრეოდა. ცოტა ხანში ფეხზე ძლივს წამოაყენეს და მსაჯმა არ გაინტერესებთ რა ქნა? ქინქლაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა და ალბანელების სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა.”

“ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ისევ 1994 წელს, გერმანიასთან ჩავატარე. დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვთამაშობდით – მათეუსი, კირსტენი, კლინსმანი, მიოლერი, ჰესლერი, ბასლერი, მეკარე კიოპკე. ისეთი ძლიერი ნაკრები იყო, ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა…

გასვლაზე 1:0-ს ვუგებდით, ანგარიში ქეცბაიამ გახსნა. მაგრამ მერე ვეღარ გავაჩერეთ, ბუნდესგუნდი მანქანასავით მუშაობდა. ეს მატჩი “იუთუბზე” დევს, ხშირად ვატრიალებ და ვხვდები, რა შეცდომები დავუშვი, მაგრამ ბევრი სახიფათო დარტყმაც მოვიგერიე.

ეს ის პერიოდია, როცა კარიერის პიკში ვიმყოფებოდი. მალე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, რუსეთში გადავედი და “როსტოვის” შეუცვლელი მეკარე გავხდი. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი სერგეი ანდრეევი იყო. მას შვილივით ვუყვარდი და ოჯახის წევრად მთვლიდა. მისი მეუღლეც თავს მევლებოდა.”

თუმცა, აკაკი პირდაპირ როსტოვში არ ჩასულა, იქამდე ვოლგოგრადის “როტორში” იყო, სადაც პირველი კლინიკური სიკვდილი გადაიტანა.

“გუნდში ოთხი თვე ვიყავი. გარეთ 40 გრადუსი ყინვა იყო და გერმანიაში შეკრებამდე ერთი დღით ადრე, მძლეოსნობის დარბაზში ვვარჯიშობდით. ერთ ეპიზოდში ნიდერჰაუსს ფეხებში ჩავუწექი და ბეტონს თავი დავარტყი. დაახლოებით ოთხი საათი ყველას გარდაცვლილი ვეგონე. ძლივს გადავრჩი.”

თუმცა, დევაძის ცხოვრებაში კლინიკური სიკვდილი კიდევ ორჯერ იყო…

მეორედ ეს ისრაელში მომივიდა. ეს ყველაზე მძიმე შემთხვევა იყო. თამაშის დროს მეტოქე მუხლით სახეში შემეჯახა. გონება დავკარგე, პირიდან დუჟი გადმომივიდა და მაშინაც ყველას მკვდარი ვეგონე… ისეთი შოკი იყო, ტურის ყველა შეხვედრა გააჩერეს. პირს ვერ მიხსნიდნენ და იძულებულები გახდნენ, წინა კბილები ჩაემტვრიათ. კიდევ კარგი, ეს ისრაელში შემემთხვა, სადაც მედიცინა უმაღლეს დონეზეა და მიშველეს, თორემ ამ ინტერვიუს ვერ მოგცემდით…

მესამე ისტორია 2005 წლის 30 მარტს, თურქეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრისას მოხდა. ბურთის ასაღებად გავვარდი და ბაშთურქი თავით შემეჯახა, ამისულაშვილი – ფეხით. პირის დახურვა მსურდა და ვერ ვხურავდი. თურმე, ნიკაპი და ყვრიმალები 16 ნაწილად დამემსხვრა.

აუტანელი ტკივილისგან გული გამიჩერდა. ვიხილე, რომ ზემოთ კარები დაიკეტა და ქვემოთ სწრაფად მივექანებოდი, სადაც არ მინდოდა, იქ ცეცხლი იყო. რა ვიცი, ალბათ, ჯოჯოხეთი იყო… გახსენება არ მინდა…

ეს ამბავი კლინიკურ სიკვდილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გახდა. ვერ ვიტყვი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ შევიცვალე. ერთი ეგ არის, რომ შიშის გრძნობა დავკარგე.”

იქამდე კი საკლუბო კარიერაში რამდენიმე სკანდალი მოხდა. პირველი, როსტოვს უკავშირდება, რომლის საფეხბურთო კლუბის ფანებმა დევაძე ორჯერ სტადიონიდან სახლში ხელით მიიყვანეს.

“საბოლოოდ, სწორედ ანდრეევის ოჯახთან ახლობლობა შემომიტრიალეს ცუდად. საქმე ისაა, რომ გუნდში ვიღაცები შავბნელ საქმეებს აკეთებდნენ, რაზეც ღიად ლაპარაკს მაინც მოვერიდები. ბევრი თამაში ჩააგდეს, მე და გოჩა გუჯაბიძე კი ამ საქმეებისგან შორს ვიდექით, არაფერს გვეუბნებოდნენ და ზურგსუკან “ჩალიჩობდნენ”. მაგრამ ჩვენნაირები ამ ჯგუფს ხელს უშლიდნენ, საქმეს მეკარის გარეშე ვერ გააკეთებდნენ…

სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, თავიდან მომიშორეს: ანდრეევს უთხრეს, დევაძე შენს ცოლთან დადისო – შვილებს ვფიცავარ, მსგავსი არაფერი მომხდარა. კაცი ოჯახში რომ შეგიშვებს, მეგობრულად მიგიღებს და დიასახლისს სხვანაირად რომ დაუწყებ ყურებას, გუნდიდან გასაგდები კი არა, მოსაკლავი ხარ. მე ყოველთვის ამ პრინციპებით ვცხოვრობდი.

მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობის მიუხედავად, ანდრეევმა ეს ცილისწამება დაიჯერა. ეს მოგვიანებით გავიგე.

უცებ, გუნდის შეუცვლელი მეკარე შემადგენლობაში აღარ დამაყენა, მერე ინტერვიუებში ჩემზე ისე ილაპარაკა, მივხვდი, სახელის გაფუჭებას ცდილობდა, რეჟიმის დარღვევაზე აკეთებდა აქცენტს. ასეთი კომენტარიც გააკეთა – ფორმაში არ არის და დამწყები ვლადიმიროვი სჯობიაო.

მისი დამოკიდებულების ასე მკვეთრად შეცვლის მიზეზს ვერ ვიგებდი, არადა, მაშინ წესიერად ვიქცეოდი. როსტოვში ხალხს ისე ვუყვარდი, სიმღერაც დამიწერეს, სადაც ასეთი სიტყვები იყო – “შენ ხარ მსოფლიოში საუკეთესო, აკაკი”. მერე და მერე, მოედანზე რომ არ ვჩნდებოდი, ფანებმა ერთი ამბავი ატეხეს და ანდრეევისგან განმარტება მოითხოვეს, რას ერჩი დევაძესო.

კარიერა ამ ცილისწამებით დამინგრიეს. მერე ბევრს კი ვეცადე, ისრაელში კარგი მატჩები ჩავატარე… სიმბოლურში იქაც ვხვდებოდი, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატი მაინც სხვა სიმაღლე იყო. რომ არა ანდრეევთან კონფლიქტი, კარიერის ბოლომდე რუსეთში ვითამაშებდი. ვგრძნობდი, ეს შემეძლო.

ანდრეევმა ჩემს დასაძირად ისეთი არგუმენტები მოიყვანა, ხალხს ეცინებოდა. იმ სეზონის პირველ წრეში ხომ რუსეთის საუკეთესო მეკარე გავხდი.

ჩემი ბრალიც იყო: მაშინდელი რუსული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერისგან, ვოლგოგრადის “როტორისგან” კარგი შეთავაზება მივიღე და უნდა წავსულიყავი. ამ გუნდმა შემდეგ უეფას თასზე “მანჩესტერთან” 2:2 ითამაშა…

საერთოდ, მიწვევებით განებივრებული არ ვიყავი, მაგრამ ორი კარგი ვარიანტი მაინც გამომიჩნდა. “როსტოვში” კარგად რომ ვიყავი, ებრაელმა მენეჯერმა გრიშა კრაიცერმა ორი კონკრეტული წინადადება შემომთავაზა მოსკოვის “დინამოსა” და მადრიდის “ატლეტიკოსგან”.

მაგრამ ესპანეთში სინჯებზე უნდა ჩავსულიყავი. იქ კარში უნსუე მყარად იდგა და კონკურენცია მასთან მექნებოდა. ამის კი არ შემშინებია, მაგრამ “როსტოვის” პირველი მეკარე ვიყავი, რუსეთში კარგი სახელი მქონდა, ფინანსურადაც კარგად ვიყავი და არ დავმალავ, სინჯებზე წასვლა ვიუკადრისე.

ახლა კი ვფიქრობ, რომ უნდა წავსულიყავი, რას ვკარგავდი?

ასე თუ ისე, რაღაცას ვახერხებდი, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე და უფრო უკეთ თამაშიც შემეძლო და უკეთესი კარიერის აწყობაც. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და ამ პერიოდში მაქსიმალურის მიღწევას უნდა შეეცადო. თორემ, დალევასა და დროსტარებას ფეხბურთის შემდეგაც მოასწრებ.

მაგრამ მე ეს ყველაფერი ერთდროულად მოვინდომე. რეჟიმსაც არ ვიცავდი, შრომაც დავაკელი და ცოტა ვიზარმაცე კიდეც. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. ამას დაერთო ისეთი ტრავმები, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლებელი გახდა…”

თუმცა, ისრაელში კიდევ ერთი სკანდალი მოხდა, ქართველი მეკარე კრიმინალებთან კავშირსა და ქურდობაში დაადანაშაულეს…

“ისრაელში სამი კარგი სეზონი მქონდა. პირველი წლის შემდეგ ვამჯობინე აშოდიდში, იქაურ “მაკაბიში” გადასვლა. გავლენა იმანაც იქონია, რომ ხსენებულ ქალაქში ბევრი ქართველი ცხოვრობდა. საბოლოოდ, ყველაფერი ჩემთვის დამღუპველი აღმოჩნდა, ბევრთან დავმეგობრდი, რაც საბოლოოდ, სკანდალსა და კრიმინალში გახვევით დასრულდა. არადა, ასეთი ნამდვილად არ ვარ…” – ამბობს დევაძე.

ისრაელიდან კი აკაკი საქართველოში ჩამოვიდა და კარიერა თბილისის “მერანში” განაგრძო. საქართველოს კვალობაზე, ის “მერანი” ძლიერი გუნდი იყო, კარგი პირობებიც ჰქონდათ და საქმე ისე აეწყო, ქართველ მეკარეს კარიერა “ტრაბზონსპორში” უნდა გაეგრძელებინა. მხარეეები შეთანხმებულები იყვნენ, დევაძე თურქეთში 2000 წლის 22 დეკემბერს უნდა გაფრენილიყო, თუმცა 17 დეკემბერს მომხდარმა ამბავმა ბევრი რამ შეცვალა…

“17 დეკემბერი იყო, არეულობა ქალაქში, მოგეხსენებათ ის პერიოდი. მილიციამ ჩემი პროვოცირება მოახერხა, წინააღმდეგობა გავუწიე და 8-ჯერ მესროლეს. ერთი ტყვია მუხლში მომხვდა. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემი და ფეხბურთის ერთად ყოფნა სამუდამოდ დასრულდა.”

სწორედ ამტიომ, აკაკიმ დალევა და მოწევა დაიწყო, იმედიც გადაწურული ჰქონდა, თუმცა ფეხბურთში მაინც დაბრუნდა, რაც სახალისო ამბავს უკავშირდება…

“2002 წლის ბოლომდე ფეხბურთზე აღარც მიფიქრია. სულ შემთხვევით, სანაძლეოთი მომაბრუნეს. იმ დროისთვის უკვე მაგრად ვსვამდი. ჩემი მეგობარია გია თინიკაშვილი, რომელსაც სუფრაზე დავენაძლევე – ხვალ ჩავალაგებ ჩანთას, წავალ, დავიწყებ ვარჯიშს და ნაკრებში დავბრუნდები-მეთქი.

შანსი არ არისო, დამენაძლევა. არადა, საქართველოს ჩემპიონატს რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, ამ დონეზე მეც ვითამაშებდი და კიდევ ბევრსაც ვაჯობებდი. დავამტკიცე კიდეც.

მართლაც დავიწყე ვარჯიში. ფორმის აღსადგენად, ცოტა ხნით ნოდარ აკობიასთან (რომელიც ძალიან მეხმარებოდა), რეგიონული ლიგის “ყაზბეგში” ვითამაშე. მერე მურთაზ ხურცილავასთან თბილისის “სპარტაკში” ვვარჯიშობდი. თუკი ვინმეს მადლიერი ვარ, მისი და რეზო გაგუასი… ბოლოს “თბილისში” გადავედი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოდა.

გამოცდილებამ თავისი გაიტანა – თამაშს წინასწარ “ვკითხულობდი” და ვხვდებოდი, შეტევა როგორ წარიმართებოდა. ამის ხარჯზე ხშირად რთული ბურთების მოსაგერიებლად ნახტომიც არ დამჭირვებია და ბევრი შეხვედრა ისე დამისრულებია, ოფლიც არ გამომსვლია…

სადღაც 7 თვის შემდეგ უკვე კარგ ფორმაში ვიყავი და ნაკრებში ჩემს დაბრუნებაზეც ალაპარაკდნენ. ალენ ჟირესმა მიმიწვია. მაშინ განსაკუთრებული მონდომებით ვვარჯიშობდი…

მესამე კლინიკურმა სიკვდილმა კიდევ ერთხელ შემიშალა ხელი. მაინც არ გავჩერებულვარ. ისევ თბილისის “სპარტაკში” დავბრუნდი.

2006-08 წლებში ზუგდიდის “მგლებში” ვითამაშე და გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დავეხმარე. მაგრამ პირველივე ტურში, ახალციხის “მესხეთთან” მატჩისას, მეტოქე ფეხბურთელს შევეჯახე, ხელი მოვიტეხე და მივხვდი, რომ ფეხბურთიდან ჩემი წასვლის დრო იყო.

ამ წვალება-წვალებით, ნაკრებში 20 შეხვედრა მაინც ჩავატარე…

ყველაზე კარგად მაინც უელსთან 5:0 გამარჯვება მახსენდება. გიგზისა და რაშის ნაკრებს ასე რომ აჯობებ, პატარა საქმე არაა…

გული მქონდა დაკოდილი, როცა ამბობდნენ, რომ მეკარეებში ყველაზე მეტად გვიჭირდა. არადა, ასე ნამდვილად არ იყო. სამწუხაროა, რომ ჩემმა თაობამ უფრო დიდი კვალი ვერ დატოვა, გამოუცდელობა მაინც გადამწყვეტი აღმოჩნდა…

ნაკრების მოთამაშეები მაშინ სხვა დონის კლუბებში გამოდიოდნენ. სამწუხაროდ, დღეს ასე არაა. ქვეყნის საერთო დონე თუ არ ამაღლდა, ისე ფეხბურთში წარმატებები რთული იქნება, მათ შორის, საკლუბო დონეზეც…”

Sportall.Ge

აკაკი დევაძეს არასდროს დაუმალავს, რომ ფეხბურთში დაბრუნების შემდეგაც სვამდა, ხშირად შესვენებების დროსა კი, ხშირადაც მოედანზე წყლის ბოთლში ღვინო ესხა. ცხადია, ამ ყველაფერმა მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა და 2016 წელს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა. ფულის შეგროვებაში მთელი ქართული ფეხბურთი ჩაერთო და თანხა შეგროვდა, ოპერაციაც წარმატებით თურქეთში გაუკეთეს.

ახლა კი აკაკი დევაძე თბილისის “დინამოში” მუშაობს და ახალგაზრდა მეკარეებს ავარჯიშებს… ალბათ, გამოცდილ კიპერს ახალბედებისთვის ისეთი რჩევების მიცემა შეუძლია, რასაც ბევრი ვერ შეძლებს, მან ხომ თითქმის ყველა სირთულე საკუთარ თავზე გამოსცადა…

წყარო: Sportall.ge

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო