11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

მინო რაიოლა – კაცი რომელმაც ფეხბურთი გარდატეხა. ჰოლანისა და პოგბას მომავლი, სუპერლიგა და ფიფასთან ომი

0
03.06.21. 663×81 ბანერი

მინო რაიოლა თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცია. ის ექვს ენაზე ლაპარაკობს, მისი ჰონორარები ათეულობით მილიონი ევროთი განისაზღვრება. მის კლიენტთა შორის არიან: პოგბა, ჰოლანდი, დონარუმა, იბრაჰიმოვიჩი, დე ლიხტი, ვერატი და მრავალნი სხვანი. რამდენიმე ხნის წინათ რაიოლამ ინტერვიუ მისცა ეპანურ გამოცემა as-ს და მრავალი საინტერესო რამ თქვა.

ერლინგ ჰოლანზე

პირველად ეს ბიჭი ტელევიზორში ვნახე, მაშინ „მიოლდეში“ თამაშობდა. იმპულსური კაცი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ როდესაც ვნახავ ფეხბურთელს, რომელიც მომწონს, ვეღარ ვისვენებ. ჰოლანის დანახვაზეც ასე დამემართა და საკუთარ თავს ვუთხარი: „აი, ეს მესმის“. როგორც ყველა ვარსკვლავისათვის, ერლინგისათვისაც პირველ ადგილზე ფეხბურთი დგას, შემდეგ კი სხვა დანარჩენი. ჰოლანი ვერ გირჩევს  რომელია ყველაზე კარგი რესტორანი დორტმუნდში, რადგან მთელ თავის დროს ვარჯიშსა და თვითსრულყოფას უთმობს. მე ძალიან მიიოლდება დიდ ჩემპიონებთან ურთიერთობა, რადგან მათი უმეტესობა ძალიან უბრალო და უშუალო ადამიანები არიან. ერლინგიც მათ გზას ადგას, მხოლოდ ერთი რამ აკლია… მე ყოველთვის ვამბობ, რომ მამაკაცს გვერდით სულ უნდა ჰყავდეს კარგი ქალი. ეს პრინციპულად აუცილებელია, რადგან სპორტსმენს ძალიან ჭირდება ოჯახური, მშვიდი, კომფორტული გარემო.

ჰოლანის მომავალზე

ჰოლანს არასოდეს უთქვამს ჩემთვის თუ სად სურს თამაში და რომც მითხრას, მის ამ კაპრიზს დიდ ყურადღებას არ მივაქცევ. მან თავისი სურვილი შეიძლება მხოლოდ მაშინ გამოთქვას, როდესაც „დორტმუნდი“ მზად იქნება ის გაუშვას. აი, სწორედ მაშინ წინ დავუდებ რამდენიმე წინადადებას. ამ დროს მე გავითვალისწინებ მის შეხედულებასაც, ახლა კი ამაზე საუბარი არ ღირს, რადგან ბოლო შეხვედრისას „დორტმუნდის“ ხელმძღვანელებმა კატეგორიულად განმიცხადეს, რომ ამ ზაფხულს მისი გასხვისება არ უნდათ. ეს კლუბის ოფიციალური პოზიციაა და მიუხედავად იმისა, რომ მე მას არ ვიზიარებ, ის უნდა მივიღოთ. თუმცა, პირველ სექტემბრამდე უამრავი რამ შეიძლება შეიცვალოს.

რომელი ჩემპიონატია უკეთესი ჰოლანისათვის?

ამ ცხოვრებაში ერლინგს ორი რამ აინტერესებს: გაიტანოს ბევრი გოლი და მოიგოს ტიტულები. ამით ის ძალიან ჰგავს ზლატანსა და კრიშტიანუს. მასში არის პოზიტიური ენერგია, რომელიც მუდმივი წინსვლისაკენ უბიძგებს. ამიტომ ის აირჩევს იმ კლუბს, სადაც ბევრ გოლს გაიტანს და ტიტულებსაც მოიხვეჭს. ძალიან ძნელია „არა“ უთხრა „ბარსელონასა“ და „რეალს“, კლუბებს რომლებსაც საოცარი ისტორია აქვთ. პსჟ-საც, რომელიც ახლა შედის ტოპ-გუნდთა რიცხვში, ისევე როგორც „სიტი“. „იუვენტუსი“ კი მუდმივად ამათ სიახლოვესაა. მნიშვნელობა აქვს ლიგასაც. მაგალითად, პსჟ ტოპ-ლიგების ხუთეულიდან ყველაზე სუსტშია, „ბაიერნი“ ძალიან მიმზიდველ ლიგაშია, მაგრამ მისი მუდმივი დომინირება ბუნდესლიგას მოსაწყენს ხდის.

კლუბები, რომლებსაც შეუძლიათ ჰოლანის ყიდვა

დარწმუნებული ვარ, რომ „რეალს“ შეუძლია მისი ყიდვა, „ბარსელონას“ ამ ეტაპზე, ალბათ, გაუჭირდება. მე ამ საკითხს სხვანაირად დავსვამდი: აქვს კი უფლება „რეალს“ არ იყიდოს ჰოლანდი და ამ თაობის ყველაზე მაგარი ფეხბურთელი რომელიმე კონკურენტს დაუთმოს? იმავეს ვიტყვი „ბარსაზეც“. ამიტომ არ მიკვირს, რომ ჰოლანდის თაობაზე 14 კლუბიდან მივიღე წინადადებები და ახლა ჩემი ამოცანაა გადავწყვიტო თუ რომელი კლუბი იქნება მისთვის უკეთესი, პირველ რიგში სპორტული თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ფულიც მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, მაგრამ ისეც ნუ გამიგებთ, თითქოს მაქსიმალურ მოგებაზე არ ვიზრუნებ. ეს ხომ ჩემი სამუშაოა?!

„რეალსა“ და „ბარსელონაზე“

ჩვენ ვცხოვრობთ იმ საფეხბურთო რეალობაში, რომელიც ფლორენტინო პერესმა შექმნა, რადგან მას ეკუთვნის „გალაქტიკოს“ იდეა და შექმნა კიდეც ბრენდი, რომელმაც აღტაცებაში მოიყვანა ჩემი თაობის გულშემატკივრები. ეს იყო უმშვენიერესი ქმნილება და ამ გუნდის ფეხბურთელობა – ფანტასტიკა. თუმცა, სამართლიანი იქნება აღინიშნოს, რომ „რეალის“ ისტორია, ეს დიდი ფეხბურთელების მიერ შექმნილი ისტორიაა, მაშინ როდესაც „ბარსელონა“ საკუთარი ფილოსოფიის ფუნდამენტს ეყრდნობა. აი, ზლატანი თავის დროზე რომ „რეალში“ გადასულიყო, ახლაც იქ ითამაშებდა. „ბარსაში“ კი მას მოთხოვეს დიდი ფეხბურთელი დიდი კლუბის იდეაში „ჩაწერილიყო“. არ გამოვიდა… ჰკითხეთ ზლატანს, თავიდანვე მისი „ბარსელონაში“ გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი.

პოლ პოგბას შესახებ

აქ ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას მოითხოვს მისგან „მანჩესტერი“ და რა პროექტში რა ადგილს უმზადებენ პოლს. მას სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება და სხვა ტიტულების მოხვეჭა. ამიტომ უნდა გვაჩვენონ და დაგვიმტკიცონ, რამდენად ხელეწიფება ახლანდელ „მანიუს“ ამის გაკეთება. თუ ამას ვერ დაგვიმტკიცებენ, მაშინ სჯობს პოგბამ სხვაგან გააგრძელოს კარიერა. მას თავისუფლად შეუძლია „რეალში“ ითამაშოს და ამის სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს, ხოლო ზინედინ ზიდანი მისი ბავშვობის კერპია. მოცემულ მომენტში კი ამის განხორციელება ძნელია, თუმცა ფეხბურთში შეუძლებელი არც არაფერია. ვთქვათ, ხვალ „რეალი“ პოგბას აზარში გაცვლას შესთავაზებს „მანჩესტერს“ და ოთხივე მხარე კმაყოფილი დარჩება.

ხოსეპ გვარდიოლაზე

არასოდეს მიკამათია და მიჩხუბია გვარდიოლასთან. თავად მომეპყრო არცთუ კარგად. მიუხედავად ამისა, ისევ ისე ვთვლი, რომ ის ძალიან კარგი მწვრთნელია. მას იმდენად ახლოს არ ვიცნობ, რომ მძულდეს ან ჩემს მტრად აღვიქვამდე. მე ძალიან არ მომეწონა თუ როგორ მოექცა გვარდიოლა ზლატანს, მაგრამ ეს ამბავი უკვე წარსულშია.

სუპერლიგის შესახებ

ჩემი მოსაზრება კარდინალურად განსხვავდება ყველასაგან და შეიძლება ის ბევრს ძალიანაც არ მოეწონოს. მე სულ ვებრძვი ფიფას, ამ ორგანიზაციის მონოპოლისტურ მენტალიტეტს, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. ფეხბურთის სათამაშოდ ფიფა სულაც არაა საჭირო. სუპერლიგის შექმნის თაობაზე ჩემი მოსაზრება ასეთია: მისმა ორგანიზატორებმა დაუშვეს დიდი შეცდომა, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე თქვეს უარი. მაგალითად, „ფერარის“ შეუძლია ერთი მანქანა ფორმულა1-ზე გაუშვას, მეორე კი – ლე მანზე. მაშინ რატომ არ შეუძლია „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშოს და სუპერლიგაშიც? ეს ფეხბურთის ისტორიაში მშვენიერი ექსპერიმენტი იქნებოდა, რადგან ეს ორი ტურნირი პარალელურად იარსებებდა და ფართო საზოგადოება იმას აირჩევდა, რომელიც უფრო მოეწონებოდა.

ფიფასა და უეფაზე

ამ ორგანიზაციათა არსებული მონოპოლია არ შეესაბამება ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის სულისკვეთებას. კრივში კარგა ხანია არსებობს ოთხი-ხუთი სხვადასხვა ფედერაცია, გოლფში მსოფლიოს ჩემპიონატი ზემდგომი ორგანოს გარეშე ტარდება. ცურვის ფედერაციამ წააგო პროცესი ევროსასამართლოში და დაკარგა უფლება მხოლოდ მას შეეძლოს ექსკლუზიურად ჩაატაროს შეჯიბრებები. ფიფა გამუდმებით ეხვევა კორუფციულ სკანდალებში და ეს უკვე ამ ორგანიზაციის კრედო გახდა. ეს არის გაუმჭვირვალე და ფაქტობრივად დახურული ორგანიზაცია, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის.

თანამედროვე საფეხბურთო ბიზნესზე

დღეს ფეხბურთელებს დიდი ეკონომიკური ძალა გააჩნიათ, ხოლო ეს ძალა ადეკვატურ პასუხისმგებლობას ითხოვს… ვარსკვლავები ბევრი ასპექტით დაცულნი უნდა იყვნენ. ფეხბურთი ახლა მარტო სპორტი აღარ არის, ეს მთელი ინდუსტრიაა. ხალხს არ უყვარს ამაზე ლაპარაკი, რადგან მაშინ კარგავენ მისდამი რომანტიკულ განწყობას, მაგრამ ეს ხომ თავის მოტყუება გამოდის? ადრე ფეხბურთი მხოლოდ ფებურთი გახლდათ, მასზე მხოლოდ კვირაობით ლაპარაკობდნენ, თამაშის დროს და სტადიონიდან შინისკენ მიმავალნი. მაგალითად დღეს ტრანსფერები შეადგენენ საფეხბურთო ნიუსების 60%-ს, ხალხს ეს აინტერესებს. მოაშორეთ მედიიდან ეს ნიუსები და აუდიტორიის დიდ ნაწილს დაკარგავთ.

აგენტების შესახებ

არსებობს მოსაზრება, რომ აგენტები არაფერს აკეთებენ და მხოლოდ ჯიბეს ისქელებენ. ეს  ძალიან მცდარი შეხედულებაა. მხოლოდ სულელ ან ტვინნაღრძობ ხალხს უნდა ჩვენი განადგურება, რადგან საერთოდ არ ესმით რა არის ფეხბურთი. მათ შიგნიდან არასოდეს შეუხედავთ ამ ინდუსტრიისათვის. ყველას უნდა შეზღუდოს ფეხბურთელთა ხელფასები, აგენტების ჰონორარები და ტრანსფერთა ღირებულებები, მაშინ როდესაც თავად ფიფა გამუდმებით ზრდის სპონსორების გადასახადებსა და აძვირებს სატელევიზიო უფლებებს.

მათ მეტი და მეტი ფულის აღება უნდათ და სურთ ცოტა დაახარჯონ  მათ, ვინც ამ შოუს აკეთებს. რაც შეეხება აგენტებს, ჩვენ საჭირონი ვართ, რათა ფეხბურთელთა ინტერესები დავიცვათ. სპორტული დირექტორები კი თავის მხრივ თავისი კლუბების ინტერესებს იცავენ. შეუძლებელია მათ გარეშე ფეხბურთის არსებობა. ეს იმას მაგონებს, რომ „როლს როისი“ იყიდო და მძღოლი არ აიყვანო, ან თვითმფრინავი შეიძინო და პილოტები არ იქირავო. ჩვენც ფეხბურთის ნაწილნი ვართ და რახან ვარსებობთ, ესე იგი იმიტომ, რომ ფეხბურთელებისა და კლუბებისათვის საჭირონი ვართ.

ცოტა რამ საკუთარ თავზე

თავს მსოფლიოს მოქალაქედ ვგრძნობ. როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი მშობლები ნეაპოლიდან ამსტერდამში გადავიდნენ საცხოვრებლად, რათა სიღარიბისგან თავი დაეღწიათ. ჩემი ორი ძმა იქ დაიბადა, მე კი უფროსი შვილი ვარ. დედაჩემის ოჯახში ცხრა დედმამიშვილი იყვნენ და ახლა 47 დეიდაშვილი და ბიძაშვილი მყავს, რაც ნეოპოლიტანურ სტერეოტიპს ზუსტად შეესაბამება, მაგრამ მე განსხვავებულ გარემოში გავიზარდე, რადგან ამსტერდამში ყველაფერი სხვანაირად გახლდათ. ჩემმა მშობლებმა იქ რესტორანი გახსნეს, სადაც მე იმ ცოდნის 75% დავაგროვე, რაც ჩემს ახლანდელ საქმიანობას სჭირდება. ვისწავლე როგორ უნდა იზრუნო ადამიანებზე, როგორ უნდა წარმართო მოლაპარაკება და დაიცვა საკუთარი ინტერესები. 14 წლიდან ფაქტობრივად მე მიხდებოდა რესტორნის მართვა, რადგან ოჯახში ჰოლანდიურად ყველაზე უკეთ ვლაპარაკობდი. მთელს ნიდერლანდებში ჩვენ ყველაზე კარგი იტალიური რესტორანი გავაკეთეთ.

მინო რაიოლას ყოფილ და ახლანდელ კლიენტთა სიმბოლური ნაკრები

დონარუმა – მანოლასი, დე ლიხტი, მაქსველი – ვერატი, პოგბა, მხითარიანი, ნედვედი – იბრაჰიმოვიჩი, ჰოლანი, ბალოტელი.

მწვრთნელი – მარტინ იოლი.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო