11 X 11
სპორტული პორტალი

მონათმფლობელების ბანაკიდან – “რომაში”! 19 წლის გამბიელის ისტორია

0

„რომასა“ და „მანჩესტერის“ საპასუხო მატჩი. თამაშის შემდეგ პოლ პოგბა და ბრუნო ფერნანდეში „რომას“ ფეხბურთელთა ჯგუფისაკენ გაიქცნენ და იქიდან 19 წლის ებრიმა დარბო გამოიყვანეს. მათ ცოტა ისაუბრეს, იცინეს, რის შემდეგაც ფერნანდეშმა დარბოს მაისური გაუცვალა.

დარბოსთვის ეს განსაკუთრებული მატჩი იყო:

  1. დებიუტი ევროპა ლიგაზე
  2. ევროტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგზრდა გამბიელი ფეხბურთელი გახდა.

6 წლის წინ მის წინაშე გადარჩენის საკითხი იდგა და ფეხბურთელის კარიერაზე არც ფიქრობდა.

უკეთესი ცხოვრებისათვის 14 წლისამ ოჯახი მიატოვა, მაგრამ 2013 წელს მონებით მოვაჭრეებს გადაეყარა

2013 წელი, გამბია. ებრიმა დარბო დედასთან, ძმასთან და ორ დასთან ერთად სანახევროდ დანგრეულ სახლში ცხოვრობს. მამა იქამდე 2 წლით ადრე გარდაიცვალა. ფული არ აქვთ. საჭმელი არ აქვთ. არც სამუშაო. როგორც შემდეგ იხსენებდა, სიცოცხლის სურვილიც არ ჰქონდა.

მაშინ ოჯახი მიატოვა და გადაჭედილი ავტობუსით ლიბიაში გაემგზვრა. იქ ცხოვრების დონე გამბიაზე ბევრად მაღალი დონის არ იყო, მაგრამ მაინც ჰქონდა სამუშაოს შოვნის იმედი. იმედგაცრუება ელოდა. ისტორია რამდენიმე მომენტში:

  • ლიბიაში მონათმფლობელთა ბანაკში მოხვდა. ცუდი დამოკიდებულება, ანტისანიტარია, საჭმლისა და წყლის დეფიციტი – ბიჭის მაშინდელი ცხოვრების სინონიმები.
  • მერე შემთხვევით დევნილთა გამანაწილებელ ბანაკში მოხვდა. იქ ცუდი დამოკიდებულება გრძელდებოდა. დარბო ამბობს, რომ სხვა დევნილები ხშირად სცემდნენ, საჭმელსა და მედიკამენტებს ართმევდნენ.
  • ორ თვეში არჩევანის წინაშე დადგა: განაში ან იტალიაში გამგზავრებულიყო, სადაც ოჯახი მიიღებდა. პირველი ვარიანტი საერთო საცხოვრებელში ცხოვრების, სამუშაოს, ხელფასისა და სახელმწიფო დოტაციის გარანტიას აძლევდა.
 

  • მეორე – შორს გაურკვევლობაში გამგზავრება, პრობლემა ენის არცოდნის გამო, ახალი კულტურის გაცნობა და მასთან შეჩვევა.

დარბომ იტალიაში გამგზავრება აირჩია და ეს ასე ახსნა:

„ყოველთვის ფეხბურთზე ვოცნებობდი. ბანაკიდან დედას დავუკავშირდი და ევროპაში გამგზავრების უფლება ვთხოვე. დოკუმენტები მქონდა, თუმცა ვიზის მიღება ადვილი არ იყო. სიცილიაში ნავით სხვა ემიგრანტებთან ერთად გავემგზავრე. იქ რომის გამანაწილებელში მოვხვდი. მიმღებმა ოჯახმა ჩემი იტალიაში ადაპტაციისთვის ყველაფერი გააკეთა“.

„რომაში“ მოყვარულთა ფეხბურთიდნ მოხვდა – სკაუტმა ჩაიარა და შემთხვევით მისი თამაში დაინახა

როდესაც იტალიაში ჩავიდა, 50 კილოგრამი იყო (სიმაღლე 1.8 მეტრი). მიმღებმა ოჯახმა რამდენიმე თვე იზრუნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. კარგად კვებავდნენ, პოლიკლინიკაში დაჰყავდათ, შედეგად მოძლიერდა და თამაში დაიწყო.

თავიდან „ასკ იანგ რიეტიში“ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობდა, 21 მატჩში 43 გოლი გაიტანა, რაიონული პირველობის გამარჯვებული გახდა და მისი გუნდი ქალაქის ჩემპიონატზე გავიდა. სწორედ იქ ნახა „რომას“ სკაუტმა მირიამ პეტრუციმ.

„მე მირიამის მადლობელი ვარ. როგორ მოვხვდი „რომაში“? ერთხელ ჩვენთან სახლში უცნობი მამაკაცი მოვიდა. არ გამეცნო და ფეხბურთზე მელაპარაკებოდა. შემდეგ კი ადგა და უბრალოდ წავიდა. 2-3 დღის მერე „რომადან“ დამირეკეს. თავიდან მეგონა მეღადავებოდნენ. მითხრეს: მოდი ტრიგორიაზე, ერთად ვიცინოთ“.

“ეს ჩემი ოცნების ახდენა გახლდათ. მირიამს ვკითხე, საერთოდ რატომ მომაქცია ყურადღება. მიპასუხა, რომ მომენტი მოეწონა, როდესაც წავიქეცი, მაგრამ მეტოქეს ბურთი მაინც ავწაპნე. მაშინ როგორ ვხარხარებდი“.

რამდენიმე ისტორია „რომადან“:

  • 2019 წელს კონტრაქტის შესახებ. დარბო წელიწადში 50 ათას ევროს იღებს. თითქმის მთელ თანხას მიმღებ და საკუთარ ოჯახებს აძლევს. კითხვაზე, თუ რას უშვება დანარჩენ ფულს, მიუგო: „ყოველ დილით კაფეში ყავას ვსვამ“.
  • ენის არცოდნის გამო გუნდში ადაპტაციასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა. რომას“ 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელებმა განტვირთვის საშუალება მისცეს და ტოტი გააცნეს. მასთან საუბარმა მოტივაცია შემატა.
  • დარბო პირველ გუნდში სავარჯიშოდ 2018 წელს მიიწვიეს. „ყველაზე უხეში ფეხბურთელი? დე როსი. ერთხელ უკნიდან ფეხებში ჩამცხო, არადა უბურთოდ ვიყავი. ხელები გავშალე, მან კი მომაძახა: „რაზე ფიქრობ, პატარავ? დაეშვი მიწაზე“.
  • დარბოთი „ლაციო“ დაინტერესდა. რა თქმა უნდა, უარი უთხრა.

ლტოლვილის სტატუსის არქონის გამო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ერთი წელი ვერ ითამაშა. საქმეში ფიფა ჩაერია და სოციალური მუშაკი მიამაგრა, რომელიც ფეხბურთთან დაკავშირებულ ყველა ბიუროკრატიულ საკითხებს წყვეტს.

„რომა“? არ მინდა წინასწარ ვიფიქრო, რა იქნება მომავალში, მაგრამ მთელი კარიერის აქ გატარება ურიგო არ იქნება. ვაღმერთებ იტალიასა და რომს, თუმცა იტალიის მოქალაქეობის მიღება არ შემიძლია. მე გამბიის შვილი ვარ. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ჩემი წარსულის დავიწყებას და ოჯახზე უარის თქმას ნიშნავს“.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო