11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

პრემიერლიგის ისტორიაში შესვლის უსწრაფესი მეთოდი – ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე მხიარული ფეხბურთელის ისტორია

0
03.06.21. 663×81 ბანერი

ინგლისური პრემიერლიგის ისტორიაში შესვლის ყველაზე სწრაფი მეთოდი!

მამამ „შალკეს“ ვარჯიშიდან წაიყვანა და გზაში უთხრა: „ლონდონის „არსენალი“ გიწვევს და ორი წლის თავზე პროფესიონალური კონტრაქტის გარანტიას იძლევიან“. „ვაუ“, წარმოთქვა მორიცმა, რადგან არ იცოდა ასეთ სიტუაციაში რა უნდა ეთქვა. ახლა ამით ვის გააკვირვებ, მაგრამ მაშინ „არსენალის“ ახალგაზრდული, U-18 გუნდი, ხალხთა მეგობრობის ფესტივალს მოგაგონებდა. კარში ფინელი კეტო, დაცვაში პოლონელი ბელიკი, ნახევარდაცვაში რუმინელი დრაგომირი, თავდასხმაში კი ნიდერლანდელი მალენი.

მიუხედავად ამისა, 1999 წელს „კანონირთა“ ინტერესი 15 წლის გერმანელისადმი მაინც სენსაცია გახლდათ, ლამის სკანდალიც. გერმანიის საფეხბურთო კავშირის მდივანმა ამ შემთხვევას „ბავშვებით ვაჭრობა“ უწოდა, ხოლო „შალკეს“ ახალგაზრდული გუნდების კოორდინატორმა მორიც ფოლცს მოუწოდა, როგორც წესიერ ბიჭს შეშვენოდა, უარი ეთქვა ამ „უხამს შეთავაზებაზე“. მორიცს ყოველდრე ურეკავდნენ ჟურნალისტები „ბილდიდან“, „კიკერიდან“, “ზიდოიჩე ცაიტუნგიდან“ და ა.შ. ვარჯიშის შემდეგ ტელე და რადიორეპორტიორები ლამის პირში თხრიდნენ მიკროფონებს და ისიც პასუხობდა ყოვლად უცნაურ შეკითხვებს. საღამოს კი ტელევიზორში უყურებდა, რომ თურმე მას წარმოუდგენელ ფულს პირდებოდა „არსენალი“, რაზეც მიბმული იყო მისი სულ სხვა კონტექსტში ნათქვამი, თითქოს ეს მისთვის ნამდვილად ძნელი გადასატანია და სხვა.

alt

მორიცი და მამამისი გიუნტერ იუჰას შოუზეც მიიწვიეს, რომელიც ნამეტნავად „ყვითელია“ და გადაცემის ბოლოს მთელი გერმანია ლამის დარწმუნებული იყო, რომ მამა პატარა მორიცს ყიდდა. ამიერიდან ყოველი რიგით თამაშისას მორიცისაგან ათი გოლის გატანას ელოდნენ, აბა, „არსენალი“ მასში „ამხელა ფულს“ ტყუილად ხომ არ იხდიდა? პატარა ბიჭისათვის ეს ყველაფერი აუტანელი გახდა. ავტობუსის გაჩერებაზე კეთროვანივით და მოღალატესავით უყურებდნენ, აგრძნობინებდნენ ამას. მას კი, ერჩივნა დროზე გადასულიყო ლონდონში, თუმცა სახლში ყოფნაც ძალიან მოსწონდა.

ფეხბურთის თამაში „ბიურბახერის“ ბავშვთა გუნდში დაიწყო, ქალაქგარეთა კოლბოხებიან მოედანზე, ხოლო პირველი გოლი ანეკდოტურად გაიტანა – ვიღაცის დარტყმული მუცელში მოხვდა და მეტოქის კარში შევარდა. როდესაც მორიც ფოლცს უთხრეს, რომ ვესტფალიის ნაკრებშია გამოძახებული, ჩათვალა რომ აშაყირებდნენ. ამ გუნდში ხომ მხოლოდ „შალკესა“ და „ბორუსიას“ ბავშვთა გუნდის ფეხბურთელებს იძახებდნენ. არა, ყველაფერი სიმართლე გამოდგა და მეტიც, მალე ამ გუნდის კაპიტანი გახდა.

alt

შემდეგ „შალკესა“ და „ბორუსიაში“ მიიწვიეს. მან არჩევანი „შალკეზე“ გააკეთა, თუმცა ორივე კლუბი „დიდ პატივში“ ამყოფებდა. დორტმუნდელებმა „გალათასარაისთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დაპატიჟეს.  გელზენკირხენელთა მწვრთნელმა მანი დუბსკიმ კი რესტორანში შნიცელზე დაპატიჟა. „ბორუსიამ“ ინტერნატში ცხოვრება შესთავაზა, ხოლო „შალკემ“ ნება მისცა მშობლიურ ბიურბახში ეცხოვრა და კვირაში ორჯერ სავარჯიშოდ ჩასულიყო. ამ ქალაქებს შორის მანძილი კი 130 კილომეტრი იყო. 1998 წელს გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში საფრანგეთში, ტურნირზე გაემგზავრა, სადაც „არსენალის“ სკაუტებიც იყვნენ და ნახევარი წლის შემდეგ ლონდონშიც  იხმეს.

თავიდან მხოლოდ რამდენიმე დღით, რათა შეეხედათ და მწვრთნელები გაეცნო. მორიცის მშობლებმა ეს მოგზაურობა მოკლე შვებულებად აღიქვეს, საშობაო საჩუქრების ყიდვა დაგეგმეს და ლონდონის მაღაზიებს მიაშურეს. მორიცი კი „არსენალისა“ და „ჩარლტონის“ ახალგაზრდული გუნდების მატჩს დაესწრო. მალევე მიხვდა, რომ მისი სასკოლო ინგლისური აქ ნაკლებად გამოადგებოდა, რადგან თითქმის ვერაფერი გაიგო რასაც ეუბნებოდნენ და როგორც ზრდილობიან ყმაწვილს შეეფერებოდა ყველაფერზე Yes,yes-ს გაიძახოდა, იმაზეც კი, რომელზეც „არა“ უნდა ეპასუხა.

“იმდენად სწრაფად ლაპარაკობდნენ, რომ ვერაფერს ვიგებდი და სულ yes, yes-ს ვამბობდი. ზოგჯერ გავიმარიაჟებდი და “Oh, Yeah”-ს ვიტყოდი, მაგრამ yes მაინც ფავორიტი სიტყვა იყო. მგონი რომ მკითხეს რა ნომერი გინდაო, მაშინაც yes, yes ვუპასუხე!”- იხსენებდა მორიცი თავის წიგნში.

წვიმა, სველი თმები, სურნელოვანი გაზონი, Mitre-ს ბურთები, ხმაურიანი გულშემატკივრები, რეზინის ჩექმებიანი მწვრთნელი ლიამ ბრეიდი – ყველაფერი მოეწონა, ლონდონიც შეუყვარდა. შემდეგ კი არსენ ვენგერმა ბრძანა, რომ ინგლისურ ოჯახში აცხოვრებდნენ, რათა ინგლისურ ენაში გაწაფულიყო. ერთი ის იყო, რომ ახალი ბუცები არ მისცეს, ფრედი ლუნგბერგის ნახმარებით მოუხდებოდა თამაში, მაგრამ ეს არაფერი და „არსენალში“ დარჩენას დათანხმდა.

altბარნეტის რაიონში, ფლინტების ოჯახის სამსართულიან სახლში დაიწყო ცხოვრება. ფლინტები დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდნენ „არსენალთან“. მათ ოჯახში ფეხბურთელებისათვის განკუთვნილი მენიუდან იგზავნებოდა პროდუქტები. გარდა მორიცისა, ფლინტებთან, ამ ოქრო ხალხთან, კიდევ ორი ირლანდიელი ჭაბუკი ფეხბურთელი, გრემი და სტივენი ცხოვრობდნენ. შემდეგ ისინი შვედმა სებასტიან ლარსონმა და ფარერელმა ჰეისტედმა შეცვალეს. “ფარერელმა ოჯახის მაცივარი სახლიდან გამოგზავნილი ვეშაპის ხორცით გამოტენა, რომელიც მანქანის საბურავივით შავი გახლდათ. შაბათ-კვირას ოჯახში უნივერსიტეტიდან მასპინძელთა ვაჟი ნოელი მოდიოდა ხოლმე, რომელიც ვითომ „გერმანულით“ მელაპარაკებოდა. “გამარჯობა, მე მქვია ნოელი და ჩელოზე ვუკრავ!” – მუდმივად ამ ფრაზას იმეორებდა.”

აი, ინგლისური მენიუ კი ნამეტნავად არ მოსწონდა და ხშირად თავისი სადილით ძაღლს, ელკარს უმასპინძლდებოდა. მერე მსგავსი საქციელი ლარსონმა და ჰეისტედმაც დაამუღამეს. ერთხელაც ოჯახის უფროსმა უორენმა შეამჩნია, რომ ელკარს, გერმანულ ნაგაზს, პირი ბარდასა და სიმინდის წვნიანით ჰქონდა სავსე.

გუნდშიც ჰქონდა მცირე პრობლემები. ადგილობრივი ბიჭები ეხუმრებოდნენ, ხშირად საჭმელში მუჭით მარილს უყრიდნენ, ხოლო ვარჯიშებზე მიკროავტობუსით მიმავალნი, როდესაც მორიცი მძღოლის გვერდით იჯდა, უკნიდან არაქისს ესროდნენ და ასე აწვალებდნენ. ზოგჯერ იმას „აბრალებდნენ“, რომ ბაბუამისი ჰიტლერის ჯარისკაცი იყო.

ძალიან ხშირად, ვარჯიშის შემდეგ მორიცი ფრანგ ჟერემი ალიდიერთან ერთად მოედანზე რჩებოდა და წვრთნას აგრძელებდა, რაზეც სხვები ამგვარი მოწადინებისათვის დასცინოდნენ, აქაოდა, მწვრთნელისათვის თავის მოწონებას ცდილობო. მათთვის ფეხბურთი ოდენ გართობა იყო და მეტი არაფერი. მორიცს გაკვირვებისაგან ყბა ჩამოუვარდა, როდესაც მისმა თანაგუნდელმა ჯეი ბოტროიდმა მწვრთნელის დონ ჰაუს კრიტიკა ვერ აიტანა, მაისური გაიხადა და მწვრთნელს ესროლა. ჰაუ კი ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა გახლავთ, ინგლისის ნაკრებში მას 50 მატჩი აქვს ნათამაშები. ამ შემთხვევიდან ათი წლის შემდეგ ბოტროიდმა თავადაც ითამაშა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. იმ შემთხვევის შემდეგ კი „არსენალიდან“ გააგდეს და ჯერ „ქოვენთრიში“ თამაშობდა, საიდანაც „პერუჯაში“ გადავიდა.

„არსენალის“ მთავარმა სკაუტმა სტივ როულიმ შენიშნა, რომ მორიცს უჭირდა ადაპტაცია, კინოში და შემდეგ რესტორანში დაპატიჟა. როული მუდმივად შავ სვიტერს იცვამდა, მიაჩნდა, რომ სერიოზულობას ჰმატებდა, ხოლო ყველა დესერტს უკანასკნელს უწოდებდა, ისე ცხოვრობდა, როგორც რეჟისიორი კალიაგინი ფილმიდან “სიყვარულის მონა”: “ჭამაც მინდა, გახდომაც!”

-დესერტს ინებებთ? – იკითხა ოფიციანტმა.

-მე არა – მოკლედ თქვა სტივმა.

-მე კი ჩიზქეიქი მინდა – მორიდებულად წარმოთქვა მორიცმა, რაზეც როული წელში გაიმართა:

-შენ ჩიზქეიქს თუ შეჭამ, აქ ტყუილად ხომ არ ვიჯდები?! ორი ჩიზქეიქი, თუ შეიძლება”!

როული ახალგაზედას გულახდილად ესაუბრა და სიმ-ბარათიც უყიდა, რომელიც თავის სახელზე იყო გაფორმებული, რადგან მორიცი ჯერ არასრულწლოვანი იყო და როდესაც ნახა, თუ სად და ვის ურეკავდა ყველაზე ხშირად, ეს ნომერი აკრიფა და აბონენტს გაეცნო. კვირის თავზე კი მორიცს უთხრა, რომ მისი დახმარება სჭირდებათ. „არსენალი“ ერთ ცნობილ გერმანელთან აწარმოებს მოლაპარაკებას და თარჯიმნად წაყოლა თხოვა. მორიცი თავს იმტვრევდა თუ ვის ყიდვას, მეჰმედ შოლის თუ კრისტიან ციგესას აპირებდა „არსენალი“. იტალიურ რესტორანში მისულებს იქ მისი შეყვარებული ანენკე დახვდათ, რომელთანაც ბიურბახში მთელ თავისუფალ დროს ატარებდა.

ამის შემდეგ მორიცი ხშირად პატიჟებდა თავის ახალ თანაგუნდელ მეგობრებს და სადილთან ერთად არჩევდნენ თუ რა უთხრა ტიერი ანრის არსენ ვენგერმა, რა ფინტი გააკეთა დენის ბერგკამპმა ვარჯიშისას ან როგორ აართვა ბურთი კიუონმა პარლორს. დაუახლოვდა ინგი ჰესტეიდს, დანიელ სებასტიან სვედს, ირლანდიელებს: გრემ ბარეტს, სტივენ ო’დონელსა და კით ფეიჰის, რომელიც მორიცის მისვლამდე ფლინტებთან ცხოვრობდა, თუმცა მას შემდეგ გამოუშვეს იქიდან, რაც სახლის სახურავზე აძვრა და ჩამოვარდა.

ამასობაში ბიჭები მოიზარდნენ და ღამის კლუბ Eros-ში გადაინაცვლეს. გრემ ბარეტმა კი ბინა იყიდა და ფლინტებიდან მასთან გადავიდნენ საცხოვრებლად. მიუხედავად ამისა, მორიცი თავს მაინც პატარად გრძნობდა. 17 წლისას კვირაში უკვე 320 ფუნტი ჰქონდა ხელფასი და შეეძლო საკუთარი თავისათვის უარი არაფერზე ეთქვა. ცოტა ხნის შემდეგ კი არსენ ვენგერმა ლიგის თასზე, „იფსვიჩის“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.

ნერვიულობისაგან მორიცს მუხლები ეკვეთებოდა და მთლად კარგად ვერ ითამაშა, „არსენალმა“ კი 1:2 წააგო. მალევე იმ მეგობრებმა, რომლებსაც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი აღარ ჰქონდათ, თავიანთი გზები მონახეს, მორიცი კი გულმოდგინედ განაგრძობდა ვარჯიშს მთავარ გუნდთან ერთად და ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც შეიყვანეს, მაგრამ თამაში არ მოუწია.

ნერვიულობისაგან მორიცს ხერხემალი ატკივდა, კარგადაც ვერ ითამაშა, “არსენალმა” კი 1:2 წააგო, თუმცა, მეგობრები, რომლებმაც რესტორან Ask-დან ღამის კლუბ Eros-ში გადაინაცვლეს, ძირითად გუნდამდე ვერც მიაღწიეს, ტაილანდისა და შოტლანდიის ჩემპიონატებში გაიფანტნენ, ფრიცი კი “არსენალის” ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც კი მოხვდა, თუმცა არ უთამაშია.

ორი წლის შემდეგ მორიცი არენდით „უიმბლდონში“ გაუშვეს. პირველ ვარჯიშზე მისული, როდესაც მასაჟისტის კაბინეტიდან მოედანზე გავიდა, გუნდის მეკარე კევინ დევისი უკვე გავეშებული ვარჯიშობდა, ხან ერთ კუთხეში დარტყმულ ბურთზე ხტებოდა, ხან საპირისპიროში და რადგან მოედანი წვიმისაგან ატალახებული იყო, მისი სვიტრი მთლად ამოგანგლული გახლდათ. მორიცს გაუკვირდა და მოეწონა კიდეც გამოცდილი მეკარის ასეთი თავგამოდება, მაგრამ დაინახა რომ კევინს ის სვიტრი ეცვა, რომლითაც თავად მივიდა ვარჯიშზე. სამი წლის წინათ, ამაზე დაიბოღმებოდა და უფროსს ვერაფერს გაუბედავდა. ახლაც არაფერი უთქვამს, მხოლოდ ეგ იყო, რომ ნავარჯიშევს, მასაჟისტის მაგიდაზე მონებივრე კევინ დევისს ტრაკში ნახევარი ტუბიკი გამახურებელი კრემი ჩაასხა და რა დღეშიც ჩავარდებოდა ეს ანგლი მეკარე, ძნელი წარმოსადგენი არ არის. მორიცი კი შუა თებერვალში ჯინსითა და მაისურით გაეშურა შინისაკენ.

altამ დროს მორიც ფოლცს ენფილდის რაიონში უკვე ბინა ქონდა ნაყიდი. მართალია, იქამდე მეტრო ჯერ არ იყო მიყვანილი, მაგრამ ეგ არაფერი. ხუმრობა საქმე სულაც არ გახლდათ, რომ 19 წლის ბიჭმა ლონდონში თავისი ფულით ბინა შეიძინა. უკვე თავს ზრდასრულად მიიჩნევდა და როდესაც დედამ ჩააკითხა და სახლი ავეჯით თავისი გემოვნებით გაუწყო, მისი წასვლისთანავე ფოლცმა ყველაფერი გადაყარა და ისე მოეწყო, როგორც ანენკეს და მათთან მცხოვრებ ანენკეს დაქალს სურდათ. მართლა, უკვე ანენკესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც სასწავლებლად ლონდონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მასთან “არსენალის” ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი – მიხაილ პაპადოპულოსი და დანი კარსანიუნი გადავიდნენ. ერთხელ ბერძენს წაუთაქა კიდეც, რომელიც სახლში ტრუსებით დადიოდა, მაშინ როცა მისი შეყვარებულიც ბინაში იყო.

ფოლცი „არსენალის“ განაცხადში სულ კი იყო, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში სულ კამერუნელი ლორენი თამაშობდა და ამიტომ „ფულჰემში“ იჯარას დათანხმდა და გაოცდა თუ საიდან სად მოხვდა. პირველივე ვარჯიშზე მისმა გუნდმა ორკარაში წააგო და დამარცხებულთა დასასჯელად იქ წესად შემდეგი ჰქონიათ. დამარცხებულები კარის ხაზზე მწკრივდებიან, ტრუსებს ჩაიხდიან, უკანალს მეტოქეს მიუშვერენ, რომლებიც 11-მეტრიანებს მათ ტრაკებს უმიზნებენ. „არსენალში“ ვენგერის მოთხოვნით აუცილებელზე აუცილებელი იყო გულმოდგინე მოთელვა და მასაჟი, ასევე ტანვარჯიშიც ვარჯიშის წინ (ტონი ადამსმა აღიარა, რომ ვენგერის ამ მოთხოვნამ კარიერა რამდენიმე წლით გაუხანგრძლივა).

აი, „ფულჰემში“ კი, რომლის მთავარი მწვრთნელი ის კრის კოულმენი გახლდათ, რომელსაც კარიერის ნაადრევად დასრულება ავტოავარიის გამო მოუხდა, სულ სხვა სიტუაცია გახლდათ. მუსიე არსენი მკაცრი, გაწონასწორებული მწვრთნელი ბრძანდებოდა, რომელიც უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორივით ირჯებოდა, ხოლო კოულმენი ფეხბურთელებს უფროსი ძმაკაცივით ექცეოდა. როდესაც მან დაინახა ვარჯიშამდე როგორ ხურდებოდა მორიცი, შეუძახა: „ჰეი, ფოლც, როდესაც შენს სატრფოს ლოგინში ახტები, მაშინაც მასე ითელები და საწოლსაც რამდენიმე წრეს არტყამ?!“

ერთხელ „ფულჰემის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ელვის ჰამონდი ვარჯიშზე ახალი „მერსედესით“ მივიდა. კოულმენმა მიაყვირა: „ეს რა გიქნია ბიჭო? სახლი გაყიდე და ეს მანქანა იყიდე?!“ მატჩის წინ „ფულჰემი“ სასტუმროში კი არ იკრიბებოდა, არამედ სკოლის ეზოში მოგროვდებოდნენ და იქიდან სტადიონზე ავტობუსუით მიდიოდნენ. თამაშის მეორე დღეს, დილით, კოულმენს გუნდი კაფეში მიჰყავდა და ყავასთან და საუზმესთან ერთად, მაგარ სასმელებსაც მიირთმევდნენ. ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში „ფულჰემი“ აბუ-დაბიში გაემგზავრა შეკრებაზე. მორიცს ეგონა დაძაბული ვარჯიშები ექნებოდათ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. ბიჭები მთელი დღე გოლფს თამაშობდნენ, აუზში ნებივრობდნენ და ირუჯებოდნენ, საღამოებს კი ბარში ატარებდნენ. შეზარხოშებულ სათადარიგო მეკარეს მარკ კროსელის აუზის პირას ჩეძინა და მზეზე ისე დაიწვა, მთელი დანარჩენი დრო კიბორჩხალასავით გაწითლებული დადიოდა და მხოლოდ მკერდის ის ნაწილი გადაურჩა, რომელზეც აიპოდი ედო. გუნდში ისეთი ლიბერალური გარემო სუფევდა, რომ მეკარე ანტი ნიემიმ კრის კოულმენს სთხოვა სამშობლოში, ფინეთში გაეშვა, რათა ჰელსინკიში „მეტალიკას“ კონცერტს დასწრებოდა.

alt

„ფულჰემის“ პატრონი მოჰამედ ალ-ფაიედი მსოფლიოში  უნივერმაღების უდიდესი ქსელის Harrods-ის მფლობელი ბრძანდებოდა და გუნდის ნებისმიერ ფეხბურთელს შეეძლო იქ მისულიყო და პირადი კონსულტანტის მომსახურებითა და ფასდაკლებით ესარგებლა. ერთხელაც, როდესაც მორიცი და ანენკე იქ საყიდლებზე იყვნენ, უეცრად მცველების გუნდი შენიშნეს, რომელიც ალ-ფაიედს მოჰყვებოდა. მორიცის კონსულტანტმა ბოსს მიმართა, ენახა თუ ვის ემსახურებოდა. ალ-ფაიედი დააკვირდა მორიცს და გაუღიმა და უთხრა: „თქვენ ნამდვილად „ფულჰემის“ ფანი იქნებით“.

ის ნაკლებად ინტერესდებოდა „ფულჰემით“, არც კი იცნობდა ფეხბურთელებს, თუმცა მნიშვნელოვანი მატჩის მოგების შემდეგ გუნდის ყველა წევრს საჩუქრად დელიკატესებით (იხვის პაშტეტი და მისთანანი) სავსე დიდი კალათა ეგზავნებოდა. 2003/2004 წლების სეზონის შუაში „ფულჰემი მეხუთე ადგილამდე ამაღლდა, მაგრამ ამ დროს ფოლცს იჯარა დაუმთავრდა და „არსენალში“ დაბრუნდა. იქ ორკვირიანი ვარჯიშების შემდეგ ვენგერმა განუცხადა, რომ ძირითადი შემადგენლობისათვის ისევ არ არის მზად და ისევ კოულმენის გუნდს დაუბრუნდა.

„ფულჰემის“ საწვრთნელი ბაზა მისი სახლიდან 30 კილომეტრის დაშორებთ მდებარეობდა და ყოველდღე ამ გზის გავლას ორი საათი უნდებოდა და „ფოლკსვაგენში“ ჯდომისაგან ზურგი ასტკივდა. ედვინ ვან დერ სარი კი ბაზასთან ახლოს ცხოვრობდა და მორიცს შესთავაზა მასთან გადასვლა, მაგრამ როგორც ყოველთვის, მოერიდა, რადგან ამ სახელოვან მეკარეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა და უარი უთხრა. შემდეგ კი ვარჯიშებზე სიარული მატარებლით და სადგურიდან ველოსიპედით დაიწყო.

alt

„ფულჰემის“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს, რომელიც ვაგზლისპირა ჯიხურში ნაყიდ ბუტერბროდს მიირთმევდა და გაზეთს კითხულობდა, ვერავინ ცნობდა. სამაგიეროდ, ეცინებოდათ მის დასაკეც ველოსიპედზე. სხვათა შორის, ამ ველოსიპედით მორიცი კენსინგტონის კერძო სკოლაშიც დადიოდა, რადგან სურდა ბიოლოგის დიპლომი აეღო, მაგრამ „მარად სტუდენტად“ იქცა და რამდენიმეჯერ კურსზე ჩარჩა. სკოლაში მის ირგვლივ სულ მასზე უმცროსები იყვნენ და ძალიან გაიხარა მისი თანატოლი გოგონა როცა გაიცნო, მაგრამ შერცხვა, როდესაც გაიგო, რომ ის სტუდენტი კი არა, ლექტორი ყოფილა.

მისი დასაკეცი ველოსიპედი საყოველთაოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, როდესაც მორიცი ერთ ტოკ-შოუში მიიწვიეს, სადაც მისი დაშლა-აწყობა სთხოვეს. ეს საქმე მან ათ წამში შეძლო, მაგრამ იქვე განაცხადა, რომ სპეციალური ზეთი რომ თან ჰქონოდა, ველოსიპედოს დაშლა-აწყობას ხუთ წამშიც შეძლებდა. ამ შოუში მორიცი მოჰყვა, რომ ერთხელ სამი ფუნტის დაზოგვა გადაწყვიტა და ვარჯიშიდან არა მატარებლით, არამედ სახლამდე მთლიანად ველოსიპედით მისულიყო, მაგრამ ორმოცდახუთი წუთი პედლების ტრიალის შემდეგ მიხვდა, რომ ბებიამისისა მიირთვა, რადგან უკანალი საშინლად აეწვა და წარმოიდგინა მეორე დღეს გაზეთები რა სათაურებით გამოაქვეყნებდნენ მისი უცნაური ტრავმის ამბავს – “ფოლცმა ტრაკი დაიწყვა!”

alt.

ფოლცს კიდევ ერთი გატაცება გაუჩნდა – უყურებდა რა კულინარულ შოუებს, თავადაც დაიწყო ნამცხვრების ცხობა, განსაკუთრებით მატჩების წინ, რადგან ამით ერთობოდა და ნერვებიც უწყნარდებოდა. ცხობით კი აცხობდა, მაგრამ თავად დიდად არ ეტანებოდა, მეზობლებს, მეგობრებსა და თანაგუნდელებს უმასპინძლდებოდა. ერთხელაც თავისი „საფირმო“ ბანანის ნამცხვარი გაამზადა და გასახდელში შეინახა, რათა ნამატჩევს თანაგუნდელებისათვის სიურპრიზი გაეკეთებინა, მაგრამ იქ შესულმა მცველმა კარლოს ბოკანერგამ სუნი იკრა და იკითხა თუ რისი იყო. ფოლცმა უთხრა, ალბათ, შენი ოფლისო, მაგრამ კარლოსს გაეცინა, ჩემი ყარს, ეს კი მაგარი სუნიაო. ფოლცი გამოუტყდა რაც მიიტანა და კარლოსს უთხრა, რომ მატჩის შემდეგ უნდა შეეჭამათ და თავად ტუალეტში გავიდა. იქიდან მობრუნებულმა კი დაინახა, რომ ბოკანერგას ნამცხვრის ნახევარი უკვე შეეჭამა, მეორეს მისდგომოდა და იღმურძლებოდა. როდესაც უზარმაზარი ლუკმა გადაყლაპა, მორიცს მოუბოდიშა, ცდუნებას ვერ გავუძელი და შემომეჭამაო.

მეკარე იენს ლემანთან ერთად ხშირად იაპონურ რესტორან Zuma-ში დადიოდა. შეფ-მზარეული კოლინი „არსენალის“ ფანატი იყო და ფეხბურთელებს გუნდის ყველა წვრილმანს ეკითხებოდა. თავის მხრივ მორიცი კერძების შესახებ იღებდა ინფორმაციას და როდესაც კოლინმა მისი კულინარიით გატაცების შესახებ შეიტყო, უთხრა რომ თავისუფალ დღეებში შეეძლო მათთან „ემუშავა“, თან რასაც მოამზადებდა, იმას შეჭამდა კიდეც.

altკოლინს არ უხუმრია და რამდენიმე დღის შემდეგ მორიცი ლონდონის ერთერთი საუკეთესო რესტორნის სამზარეულოში ტრიალებდა. სალათების კეთება ადვილად გამოსდიოდა, აი, კრევეტებთან შეჭიდება კი ცოტა გაუჭირდა. ისინი მდუღარე კარაქში ხელით უნდა ჩაგედო და ნელნელა გეტრიალებინა. მორიცმა 4 თითი დაიწვა. “იქნებ სხვა გზაც იყოს, ჰა?” – ჰკითხა ინდოელ მზარეულ რავის. იმან კი თავისი თითები უჩვენა: ყველა დამწვარი ჰქონდა: “არა, სხვა გზა არ არის”. არც როლების კეთება გამოსდიოდა – ყოველთვის ბევრ ინგრედიენტს ყრიდა შიგ და როლიც ირღვეოდა. მოკლედ, სტუმრებს მხოლოდ მორიცის სალათები შეხვდა, როლებსა და კრევეტებს კი თავად გეახლებოდათ. 4 დღე იმუშავა და შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა მორიც ფოლცი კამერუნთან ამხანაგური მატჩისათვის გამოიძახა, მაგრამ არ ათამაშა და ფოლცი მიხვდა, რომ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებდა.  ამიტომ გადაწყვიტა მთელი მუნდიალი გულშემატკივრობაში გაეტარებინა.

თავის საიტზე მოკლე გერმანულ-ინგლისური სასაუბრო დაწერა ინგლისელი ფანატებისათვის, გახსნის მატჩს ფან-ზონაში უყურა, მონაწილეობა მიიღო ჰამბურგის ცენტრში არგენტინისა და კოტ დ’ივუარის ფანების საცეკვაო შეჯიბრებაში. აეროპორტში დახვდა კამერუნული ფეხბურთის ლეგენდას როჟე მილას და ავტოგრაფი ჩამოართვა. ვან დერ სარის ნაჩუქარი ბილეთებით ნიდერლანდების ნაკრების ორ მატჩს დაესწრო, ხოლო ბრაზილია-ხორვატიის მატჩზე „მაინცის“ მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს შეხვდა, ვისაც რატომღაც ავსტრალიის ნაკრების ყვითელი მაისური ჩაეცვა და ამიტომ ლამის მთელი ბერლინის ბუზები მას ასხდებოდნენ.

მორიცმა იურგენს „ფულჰემის“ მაისური შესთავაზა, რომელიც „ნაიკის“ იმ თანამშრომლისათვის მიჰქონდა საჩუქრად, რომელმაც ამ მატჩის ბილეთი მისცა. „ოხ, პრემიერლიგა მაგარია!“ – წამოიძახა კლოპმა და სიამოვნებით გადაიცვა „ფულჰემის“ 2-ნომრიანი მაისური, რომელზეც ზურგზე მორიცის გვარიც ეწერა. ბერლინის ოლიმპიური სტადიონის სიახლოვეს კლოპი გულშემატკივრებმა იცნეს, „ფულჰემის“ მაისური ეცნაურათ და როდესაც ჰკითხეს ვისიაო, ზურგით შებრუნდა და ფანებმა მორიცის გვარის ამოკითხვისთანავე ერთხმად თქვეს, რომ ფოლცი ნამდვილად მაღალი კლასის ფეხბურთელია და გერმანიის ნაკრებში აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ამ დროს მორიცი იქვე იდგა.

altსამუნდიალო შთაბეჭდილებების შესახებ სოლიდურმა „ტაიმსმა“ ფოლც მორიცს მესვეტეობა შესთავაზა და მანაც მშვენივრად გაართვა თავი ამ საქმეს. ერთერთ ტექსტში კი გერმანელების შესახებ არსებულ მითებზე დაწერამ, მაგალითად იმაზე, რომ გერმანელები “მაშველების” მსახიობ დევიდ ჰასელჰოფს აღმერთებენ. “ფულემის” მასაჟისტი ფოლცს ჰასელჰოფის ერთერთი კომპოზიციის შესრულებასაც სთხოვდა, რადგან მსახიობი იმ პერიოდში მართლაც ძალიან პოპულარული გახლდათ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჟურნალმა “Four Four Two-მ” აუზთან ფოტოსესიაც კი მოაწყო. მორიცმა იდიოტური პარიკი დაიხურა, მკერდზე თმებიც კი მიიკრა და ფოტოსესიის ტექსტად გამოაცხადა: “ჰოფი ყოველთვის ჩემი გმირი იყო. ჰოფი ეს სულის მდგომარეობაა. მისი სიმღერები გერმანელებსა და ჩრდილოელ ერებს შთააგონებენ. ისინი რთულ პერიოდში მეხმარეობოდნენ!” თაიმსისა და ფოლცის საიტის მკითხველებს ესმოდათ, რომ ფეხბუთელი ხუმრობდა, თუმცა ჰასელჰოფის ფანები ასე არ ფიქრობდნენ.

მორიცს მთელი მსოფლიოდან უგზავნიდნენ წერილს მსახობის ფანები. ეუბნებოდნენ, რომ ჰოფი დაივიწყეს, თუმცა მისი წყალობით ისევ ცნობილი გახდა. 4 ტრუსიც კი გამოუგზავნეს მისი ფოტოებით მორთული. მორიცი მას თამაშების დროს იცვამდა, გოლს თუ გავიტან, ჩავიხდი და ყველას ვაჩვენებოდა. გოლი კი ვერ გაჰქონდა, თან გარეცხვის შემდეგ სახეც გაფერმკთალდა და გამოსაჩენად აღარ ღირდა. სამაგიეროდ, ბუცები შეუკვეთ, რომელზე “ჰოფი” ეწერა და გოლიც გაუტანა “ასტონ ვილას”. შემდეგ ის ბუცები საქველმოქმედო აუქციონზე 295 ფუნტად გაიყიდა.

რაც შეეხება ფეხბურთს, დაცვაში მაგრად იდგა და რამდენიმეჯერ გოლიც კი გაიტანა. 2005 წლის სექტემბერში მეოთხელიგური “ლინკოლნის“ წინააღმდეგ სათასო მატჩში კოულმენმა მეორე შემადგენლობა დააყენა. „ფულჰემის“ რეზერვისტები 2:1-ს იგებდნენ და მატჩის ბოლო წუთებზე კოულმენმა ფოლცი შეცვლაზე შეუშვა, რათა დაცვა გაეძლიერებინა, მაგრამ სულ რამდენიმე წამში მორიცმა საკუთარი კარი დალაშქრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც ლონდონელებმა გაჭირვებით 5:4 მოიგეს.

alt

ფოლცის მიერ საკუთარ კარში გატანილმა გოლმა, რის შემდეგ მან თავის კანტური დაიწყო და ენა გამოჰყო, მისი მეგობარი, ბანკირი ლედი აღაშფოთა და ჰკითხა თუ რატომ მოიქცა ასე. ფოლცმა უპასუხა: “გოლები ისე იშვიათად გამაქვს, ჯერ მათი აღნიშვნის რიტუალი ვერ დავამუღამე!”. მეგობრები დახმარებას შეჰპირდნენ, ჯერ როჟა მილას ცეკვა შესთავაზეს, თუმცა მერე, დიდი ფიქრის შემდეგ მეგობრებმა გადაწყვიტეს გაემეორებინათ 70-იანი წლების ინგლისის ნაკრების თავდამსხმელის მიკ ჩენონის ჟესტი, რომელიც გატანილ გოლს მარჯვენა ხელის წრიული მოძრაობით აღნიშნავდა. ფოლცმა რამდენიმე რეპეტიცია გაიარა,  ჟესტი დაამუღამა და მეგობრები მის მომდევნო გოლს დაელოდნენ.

გამოხდა მცირე ხანი და  მორიცმა „ვესტ ბრომვიჩელ“ პოლ რობინსონთან შეჯახებისას ნეკნი გაიტეხა და რამდენიმე თვე ვეღარ თამაშობდა. „ფულჰემი“ გასავარდნ ზონამდე დაეშვა და კრის კოულმენი მთავარი მწვრთნელობიდან გადააყენეს. მის ნაცვლად უცნაური კაცი, სანჩესი დანიშნეს, რომელიც გასახდელში მუდამ დეზოდორს აფრქვევდა, რადგან ოფლის სუნზე გული ერეოდა. ძალიან მალე ის 61 წლის როი ჰოჯსონმა შეცვალა, ვინც ყოველთვის მშვენიერ კოსტუმში გახლდათ გამოწკეპილი, დახვეწილი ჯენტლმენის მანერები ჰქონდა, მაგრამ ერთ წინადადებას ისე არ იტყოდა, მასში მინიმუმ ოთხი fuckin-ი არ ჩაეტია. 2008 წლის მარტში, „ნიუკასლთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ფოლცმა ტკივილდამაყუჩებელი დალია და როის უთხრა, რომ თამაში შეეძლო. მწვრთვნელმა ის მეორე ტაიმიშ შუაში შეუშვა, როდესაც „ნიუკასლი“ 1:0-ს იგებდა და ორიოდე წუთში მაიკლ ოუენმა ანგარიში გააორა.

ამის შემდეგ იყო არენდა „იფსვიჩსა“ და „ქუინზ პარკში“, გარკვეული პერიოდი „ოდენსეში“, საიდანაც გერმანიაში დაბრუნდა. სამშობლოში მორიცმა „სანკტ-პაულსა“ და „მიუნხენ 1860“-ში ითამაშა, მაგრამ ბევრად უფრო წარმატებული ტელეარხ ZDF-ის კულინარულ შოუში მისსი მონაწილეობა გამოდგა.

მორიც ფოლცის ყველაზე დიდი მიღწევა, რითაც ის პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა, მაინც მის „ფულჰემურ“ პერიოდს უკავშირდება.  „ჩელსისთან“ გასვლითი თამაშის წინ, „ფულჰემის“ ფეხბურთელები თავიანთ სტადიონზე შეიკრიბნენ, რათა ერთად ესადილათ და შემდეგ „სტემფორდ ბრიჯზე“ წასულიყვნენ. სადილობისას მორიცი გაზეთს ათვალიერებდა და წაიკითხა წერილი ლეს ფერდინანდზე, რომელსაც ხუთი წლის წინათ პრემიერლიგის ისტორიაში მე-10 000 გოლი გაეტანა. საგაზეთო სტატიის ბოლო აბზაცში კი ეწერა, რომ პრემიერლიგაში უკვე 14 993 გოლია გატანილი და ამ ტურში უჭველად საიუბილეო 15 000-ე გოლი გავა.

ფოლცს ამისათვის ყურადღება არ მიუქცევია, გაზეთი გადადო და ავტობუსისაკენ გაეშურა. მატჩის მე-16 წუთზე“ფულჰემის“ მცველმა ფრანკ კედრიუმ ბურთი აუტიდან შემოაგდო, ტომაშ რაძინსკიმ ორი მცველი გაიტყუა, ბურთის არ შეხებია და ისე გაატარა საჯარიმო მოედანში, სადაც მორიც ფოლცი აღმოჩნდა. ილარიოს კარიდან 9 მეტრში მდგარმა ფოლცმა არ დაახანა და ახლო კუთხეში ზუსტი დარტყმით გოლი შეაგდო და მაშინვე გაიხსენა მისი და ლედის რეპეტიციები და გადაწყვიტა მარჯვენა ხელის ტრიალით გაქცეულიყო „ფულჰემის“ ფანების ტრიბუნისაკენ, მაგრამ ისინი მოპირდაპირე კარის უკან ისხდნენ,  იქამდე 110 მეტრი აშორებდა და ამიტომ დაბნეულმა ისევ ენა გამოყო.

მატჩი საბოლოოდ 2:2 დასრულდა. თამაშის შემდეგ მორიცმა სასწრაფოდ მიიღო შხაპი, ჩაიცვა და ანენკესთან გაიქცა, რომელიც სტადიონთან ელოდებოდა, მაგრამ წინ „ფულჰემის“ პრეს-ატაშე გადაუდგა და უთხრა, რომ მთელი მედია მას ელოდება. მორიცმა გაიკვირვა თუ რა უნდოდათ მისგან და მიზეზი მხოლოდ მიქს-ზონაში შეიტყო – 15 000-ე სწორედ მის მიერ გატანილი გოლი გამომდგარა.

alt

სახლისაკენ ფეხით გაეშურენ. მორიცი და ანენკე უკვე იმ რაიონში ცხოვრობდნენ, სადაც „ჩელსისა“ და „ფულჰემის“ სტადიონებია. სავახშმოდ პროდუქტების საყიდლად სუპერმარკეტში შევიდნენ, სადაც პასტორი გერის (ის „ფულჰემის“ ფეხბურთელებისათვის  ერთგვარი სულიერი მოძღვარი გახლდათ) მეუღლე შეხვდათ. „რაღაც ძალიან უცნაურია, რომ ორიოდე საათის წინ გატანილი ასეთი საიუბილეო გოლის ავტორს სუპერმარკეტში ვხვდები“, – ღიმილით უთხრა მორიცსა და ანენკეს პასტორის ცოლმა.

ამ მოვლენიდან ნახევარი წლის თავზე მორიცმა სტივ როულის მისი და ანენკეს ქორწილში მეჯვარეობა სთხოვა. „აუჰ, ეგ არ გამაგონო, – აღშფოთდა სტივი. – იქ ხომ საზეიმო სიტყვის თქმა მომიწევს, რაც არ გამომივა და შევრცხვები! მომისმიმე ფოლცი, მე იმითაც ბედნიერი ვარ, რომ 1999 წელს ლონდონში ჩამოგიყვანე. აი, ესაა ჩემი საზეიმო სიტყვა.“

ახლა კი მორიცი “ლაიპციგის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტია…

წყარო: Sports

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო