11 X 11
სპორტული პორტალი

მილიონერი მსაჯი ნიდერლანდებიდან – სკანდალური კუიპერსი კარგი ბიზნესმენია

0

პსჟ-მ მისი მსაჯობით პირველად წააგო, ვარსკვლავი ფეხბურთელები მას ვერ იტანენ!

ბიორნ კუიპერსი – მსაჯი, რომელმაც განსაჯა ჩემპიონთა ლიგის „მანჩესტერ სიტი“ –  პსჟ-ს განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი, მრავალმხრივ საყურადღებო ტიპაჟია.

პირველ რიგში ყურადღება მივაქციოთ ამ მსაჯის სტატისტიკას „სიტისა“ და პსჟ-ს მატჩებში.

ზემოთ აღნიშნულ შეხვედრამდე პსჟ-მ კუიპერსის მიერ განსჯილი მატჩებიდან სამი მოიგო და სამიც ფრედ დაასრულა:

ბარსელონა 4:1; ლაიფციგი 3:0; ნაპოლი 1:1; ჩელსი 2:2; ბარსელონა 1:1; დინამო კ. 4:1.

„მანჩესტერ სიტიმ“ კუიპერსის მიერ განსჯილი მატჩებიდან ერთი მოიგო, ორი წააგო და ორიც ფრედ დაასრულა:

პორტუ-0:0; ტოტენჰემი 0:1: გლადბახი 4:0; რომა 1:1; ბაიერნი 1:3.

„მანჩესტერ სიტიმ“ 2:0 მოუგო პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც კუიპერსმა მოედნიდან გააძევა ანხელ დი მარია, ვინაც მოედნის ფარგლებს გარეთ, აუტის მოსაწოდებლად ბურთის ასაღებად გასულმა, ფერნანდინიოს ფეხზე განგებ დააბიჯა.  ამრიგად, კუიპერსის მიერ განსჯილი მატჩებიდან პსჟ-მ პირველად წააგო, ხოლო „ქალაქელებმა“ მეორედ მოიგეს.

მიმდინარე სეზონში კუიპერსმა „მანჩესტერ სიტისა“ და პსჟ-ს კიდევ თითო მატჩი განსაჯა. პსჟ-მ „ბარსელონას“ 4:1 სძლია, ხოლო „მანჩესტერ სიტიმ“ უგოლო ფრე ითამაშა „პორტუსთან“. სულ ამ სეზონში კუიპერსმა ჩემპიონთა ლიგის 9 მატჩი იმსაჯა.

პსჟ-ს ფეხბურთელმა კუიპერსს მისი გაძევების გამო დასცინა. პსჟ-ს ლამის ყველა მნიშვნელოვანი მატჩის მსაჯობას კუიპერსს ანდობდნენ

კუიპერსის ნამსაჯი ერთადერთი მატჩი, რომელსაც პსჟ-სათვის მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგის 2012 წლის გათამაშების ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა გახლდათ, რომელშიც პარიზელებმა კიევის „დინამო“ გაანადგურეს (4:1) და შემდეგ საკმაოდ იოლად ოთხი შეხვედრა მოიგეს და პლეი-ოფში მშვიდად გავიდნენ. კუიპერსის მიერ ნამსაჯებ სხვა ყველა საპლეი-ოფო  მატჩს პსჟ-სათვის, რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მათ შორის იყო 2018/2019 წლების სეზონის „ნაპოლი“-პსჟ, რომელიც 1:1 დასრულდა.

სკანდალური გამოდგა 2013 წელს პსჟ-ს მიერ „ბარსელონასთან“ 1:1 ნათამაშები მატჩი, რაც არ ეყო პარიზულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ფრანგებს საკმაო პრეტენზიები ჰქონდათ კუიპერსთან, მაგრამ სიტუაცია აღარ გაამწვავეს. სამაგიეროდ, 2015 წელს, მიუხედავად იმისა, რომ „ჩელსისთან“ მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც ტიაგო სილვამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და პარიზელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, ისინი საშინლად უკმაყოფილონი დარჩნენ იმის გამო, რომ კუიპერსმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შეიძლება ითქვას, უსამართლოდ გააძევა. შვედი თავდამსხმელის შემდეგ მატჩზე არყოფნა კი პსჟ-სთვის აუნაზღაურებელი დანაკლისი გახლდათ.

პარიზელთა მცველმა სერჟ ორიემ ნამატჩევს ტვიტერზე ვიდეო დადო, სადაც კუიპერსს მიკერძოებული ძაღლიშვილი უწოდა და სხვაც არაფერი დააკლო. მართალია, პსჟ-ს ხელმძღანელობამ საქციელი დაუწუნა და დასაჯა კიდეც ორიე, მაგრამ კუიპერსს ეს ძაღლის ნაკბენივით დაამახსოვრდა.

სხვა ამბავია ნეიმარისა და კუიპერსის ურთიერთობა. ხსენებული პსჟ-„ნაპოლის“ მატჩის შემდეგ ნეიმარი მოჰყვა მისი და კუიპერსის  წაკამათების შესახებ: „მსაჯმა ისეთი რაღაცეები მითხრა, რაც მიუღებელია. მე იმ სიტყვებს საჯაროდ ვერ გავიმეორებ, ეს უზრდელობა და საზოგადოების შეურაცხყოფა იქნება. ვფიქრობ, იქ, ზემოთ, ამას უნდა მიხედონ. არ შეიძლება მსაჯი ასე ლაპარაკობდეს და ვინმეს მიმართავდეს“.

პსჟ-ს მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმაც გააკრიტიკა კუიპერსი, რომელმაც ბერნატზე პენალტი არ დანიშნა. მწვრთნელს მხარი კლუბის მფლობელმა ნასერ ალ-ხელაიფმაც დაუჭირა. სხვათა შორის, ნეიმარი კუიპერსით ბრაზილია-კოსტა რიკას მატჩის შემდეგაც უკმაყოფილო დარჩა, რადგან მის მიმართ გამუდმებულ უხეშობას ყურადღებას არ აქცევდა, ხოლო ყვითელი ბარათი იქით მისცა ნეის, აქაოდა ნუ მეკამათებიო. ნეიმარმა ამ სეზონის „ბარსელონა“-პსჟ-ს მატჩის შემდეგაც ( რომელიც ტრავმის გამო გამოტოვა) გააკრიტიკა კუიპერსი, რომელმაც მისი აზრით უსამართლო პენალტი დაუნიშნა მის გუნდს.

ბიორნ კუიპერსს ბილწსიტყვაობა რომ ახასიათებს, ამის შესახებ პსჟ-ს ფეხბურთელებმა „სიტისთან“ ნამატჩევსაც დაიჩივლეს, მაგრამ უეფამ ამ საკითხის შესწავლაც კი არ ჩათვალა საჭიროდ.

კუიპერსი ბიზნესმენია, სუპერმარკეტების ქსელის მეწილე, საიდანაც საკუთარი შემოსავლების დიდ ნაწილს იღებს

ბიორნ კუიპერსი ნიდერლანდების მოქალაქეა, 48 წლისაა. ფეხბურთის მსაჯობა, შეიძლება ითქვას, მისი ძირითადი საქმიანობა არაა. მას სუპერმარკეტების და საპარიკმახეროების ბიზნესი აქვს. როგორც თავად ამბობს: „საქმოსნობა ყოველთვის მიტაცებდა და ყველა გრძნობდა, რომ საოჯახო ბიზნესს განვაგრძობდი, მიუხედავად იმისა, რომ ბაბუაჩემმა, რომელმაც პირველი მაღაზია ჯერ კიდევ 1937 წელს გახსნა, მირჩია სხვა პროფესიას დავუფლებოდი“.

კუიპერსი მშობლიურ ქალაქში ოლდენზალში C1000-ის სამ სუპერმარკეტს ფლობდა. შემდეგ ეს ქსელი ამ ბიზნესის გიგანტმა Jumbo-მ იყიდა. გაყიდვის მიუხედავად, კუიპერსმა გარკვეული წილი შეინარჩუნა და ამ ქსელის ნიდერლანდური განყოფილების თანადამაარსებელი გახდა. Jumbo-ს სპორტთანაც აქვს კავშირი, ფორმულა1-ის მრბოლის მაქს ფერსტაპენს ასპონსორებს, რომლის მუზარადზე ამ კომპანიის ლოგოა გამოსახული.

ბიზნეს-ადმინისტრირება კუიპერსმა უნივერსიტეტში შეისწავლა. პირველად საპარიკმახერო ოლდენზალში გახსნა, იქვე დააფუძნა სამივე სუპერმარკეტიც. მათ Jumbo Kuipers-ი ეწოდებათ. კუიპერსს 300 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და როგორც ამბობენ, სუყველას სახელით იცნობს. ის ძალიან ხშირად სტუმრობს თავის მაღაზიებსა და საპარიკმახეროებს და მათ თავად მართავს.

2016 წელს მისი ერთ-ერთისუპერმარკეტი ნიდერლანდების Jumbo-ს ქსელში საუკეთესოდ დაასახელეს – „ყველაზე ერთი თავით მაღლა დგას“ – ასეთი იყო შეფასება. ესპანურმა გამოცემა  AS-მა გამოთვალა, რომ თავისი ბიზნესით კუიპერსმა 12 მილიონ ევროზე მეტი იშოვა. წლიურად სუპერმარკეტებიდან კუიპერსის მოგების წილი 2-3 მილიონი ევროს ფარგლებშია, რაც ბევრად აღემატება იმას, რასაც მსაჯობაში უხდიან.

2020 წელს კუიპერსი სამსაჯო კარიერის დასრულებას ევრო-2020-ის შემდეგ აპირებდა. ის ამ ტურნირის მთავარ მსაჯთა სიაშია და  რახან ეს ტურნირი წელს უნდა ჩატარდეს, გადაიფიქრა. თავის კარიერაში მას ევროთასების რამდენიმე ფინალი და სუპერთასების მატჩები განუსჯია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო