11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

როგორ გაანადგურა “დეპორტივომ” “მილანი” – დიდი მატჩები, რომელთა ხელახლა ნახვა გინდება:

0
03.06.21. 663×81 ბანერი

„დეპორტივომ“ გააცამტვერა „მილანი“ და 2000-იანი წლების დაუვიწყარი ქამბექი გააკეთა

„ვიცი, ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ფეხბურთში საოცრებები ხდება. თუ შემდეგ ეტაპზე გავალთ, მოვილოცავ სანტიაგო-დე-კომპოსტელას (წმინდა იაკობის მსხემობის ბოლო ადგილი-რედ.) და მთელ გზას ჩოქვით გავივლი“, – ნაღვლიანად იძლეოდა ამ დაპირებას, 2003/2004 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ ლა კორუნიას „დეპორტივოს“ მთავარი მწვრთნელი ხავიერ ირურეტა.

ლა კორუნიასა და კომპოსტელას შორის მანძილი 73 კილომეტრია და ირურეტას თუ უფალი დაეხმარებოდა და მისი გუნდი ნახევარფინალში გავიდოდა, თავისი შეფიცვა ამად ნამდვილად უღირდა, რადგან „სან სიროზე“ მილანმა შანსი თითქმის არ დაუტოვა გალისიელებს. პირლომ, კაკამ და შევჩენკომ სულ რაღაც 8 წუთში 4 გოლი გაუტანეს სტუმრებს, მატჩი 4:1 მოიგეს და მხოლოდ იმასღა ფიქრობდნენ, შემდეგ ეტაპზე ვისთან მოუწევდათ შეტოქება. ამავე აზრზე იყო თვით ესპანური პრესაც – „ელ მუნდო დეპორტივომ“ კი პირდაპირ დაწერა, რომ „მილანი უკვე ნახევარფინალისტია“.

„დაუმარცხებელი არ არის, მაგრამ „მილანი“ ძალიან ძლიერი გუნდია, – ასე თქვა „დეპორის“ ნახევარმცველმა მაურო სილვამ. – „მილანი“ და „რეალი“ დღეს უძლიერესები არიან. ვიცოდით, რომ კონცენტრაციის მცირეოდენ დაკარგვასაც არ გვაპატიებდნენ და ასეც მოხდა, ერთიც კი არ გვაპატიეს“.

განმეორებით მატჩამდე სხვა ორი მეოთხედფინალიც ჩატარდა. პირველში „ჩელსიმ“ შეაჩერა „არსენალი“, რომელიც მანამდე დაუმარცხებლად მიიჩნეოდა. მეორეში კი „მონაკომ“ მადრიდში წაგების (2:5) შემდეგ, საპასუხო მატჩში 3:1 მოუგო და „რეალი“ გათამაშებას გამოთიშა. ამაზე კარლო ანჩელოტიმ ბრძანა: „ჩემმა ფეხბურთელებმა ნახეს „ლუი II”-ზე რაც მოხდა. ამიტომ „მილანმა“ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს“.

„მილანის“ მთავარ მწვრთნელს თიითქოს ტანმა უგრძნო, რაც ელოდათ. ორი დღის შემდეგ კი მოხდა ის, რომ ამ ტურნირს ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად, კინაღამ სიურპრიზთა ლიგა დაერქვა.

მილანი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული გახლდათ, პირლო ფიქრობდა, რომ „დეპორის“ ფეხბურთელები დადოპინგებულნი იყვნენ

ანჩელოტიმ მხოლოდ ერთი გარემოება ვერ გაითვალისწინა. ადამიანი სხვის შეცდომებზე მაშინ არ სწავლობს, როდესაც თავი საუკეთესოდ მიაჩნია. მილანელები არ დაინტერესებულან „რეალის“ გავარდნის მიზეზების ძიებით, რადგან მიაჩნდათ, რომ მადრიდელებზე უკეთესნი იყვნენ. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულნი სწორედ ისინი გახლდნენ და ბოლო-ბოლო წინა გათამაშებაში ამ „დეპორტივოსაც“ ეთამაშნენ და მათსავე მოედანზე 4:0 მოუგეს. ანჩელოტი ამაოდ ცდილობდა ფეხბურთელები „დაექოქა“, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათი მწვრთნელი ტყუილად ფრთხილობდა და ერთმანეთში ხუმრობდნენ კიდეც, რომ „დეპორს“ ჩემპიონთა ლიგიდან  მათი გაგდების იმდენივე შანსი ჰქონდა, რამდენიც რინო გატუზოს ფილოსოფიის მაგისტრის დიპლომის დაცვისა“, – იხსენებდა ანდრეა პირლო.

„მილანს“ დაცვის ცენტრში მალდინისა და ნესტას წყვილი ჰყავდა, რომლებიც დიდას საჯარიმოს მიახლოებულ ტანკსაც კი შეაჩერებდნენ. თავად დიდა ცოტა უცნაური მეკარე კი ბრძანდებოდა, მაგრამ მაინც ძალიან საიმედო იყო და ზოგჯერ წარმოუდგენლად ურთულეს დარტყმებს აუვნებელყოფდა. კაფუ, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი. კაკა – ჯერ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არ გამხდარიყო, მაგრამ ძალიან კი უახლოვდებოდა. შევჩენკო იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირი იყო. კიდევ პირლო და გიჟმაჟი გატუზო. პიპო ინძაგი და რუი კოშტა კი თადარიგში ისხდნენ. ერთი სიტყვით, „მილანი“ „დეპორტივოს“ ნებისმიერი შემადგენლობით მოუგებდა.

მილანის შემადგენლობა სქემით

ისე, არც „დეპორტივო“ გასულა შემთხვევით მეოთხედფინალში. მას ჰყავდა მაურო სილვა, მსოფლიოს ჩემპიონი და 90-იანების საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი. ვალერონი – შეიძლება ითქვას, ყველაზე მაგარი ესპანელი დრიბლიორი, რომელიც ხშირად ერთდროულად სამ მეურვეს აღწევდა თავს და აფრთხობდა მეტოქის დაცვას. ნაიბეტი – ჩრდილოეთ აფრიკის გამორჩეული მცველი, 34 წლის ასაკშიც რომ არ ჰქონდა სისწრაფე დაკარგული. ვინგერი ალბერტ ლუკე ქვემეხის ჭურვივით გაიელვებდა ხოლმე მარცხენა ფლანგზე. შეტევებს ვალტერ პანდიანი ასრულებდა ხოლმე, რომელსაც სეზონში 20 გოლზე ნაკლები არასოდეს გაჰქონდა და ქამბექების სპეციალისტადაც გახლდათ შერაცხული, თანაც დიდებული თავურებით გამოირჩეოდა. მისი თავურები ბევრის ფეხით დარტყმულზე ძლიერი გახლდათ.

დეპორტივოს შემადგენლობა სქემით

პანდიანი „მილანთან“ განმეორებითი მატჩის წინ ამბობდა, რომ „მილანის“ დამარცხება შეუძლებელი არ იქნებოდა, თუ თავდაუზოგავად შეუტევდნენ და მიუხედავად ნესტასა და მალდინის შეუმცდარობისა, როსონერის კარის რამდენიმეჯერ აღება წარმოუდგენელი სულაც არ იყო და მაგალითად ის მოჰყავდა, რომ „მილანისთვის“ გოლი ადრეც ჰქონდა გატანილი.

მატჩის მე-5 წუთზე პანდიანიმ საჯარიმო მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, ერთი მოძრაობით ჩამოიცილა მალდინი და ბურთი დაბალ კუთხეში შეუგდო დიდას. „რიასორი“ „აფეთქდა“. „დეპორის“ თავბრუდამხვევმა იერიშებმა დაშალა ანჩელოტის ტაქტიკური სქემა. ვიქტორის დარტყმა იტალიელთა კარის ძელმა უკუაგდო. არეულ თამაშში კაკა პირისპირ დარჩა მოლინასთან, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. ვალერონმა პანდიანის დაარტყმევინა, მაგრამ დიდა მისწვდა საგოლედ გასროლილს. საჯარიმოში ჩაწოდებულს ვიქტორი დაუხვდა, მაგრამ ისევ დიდამ იმარჯვა და გოლი არ გაუშვა.

„რიასორი“ მატჩის დაწყებისთანავე ჯოჯოხეთს დაემსგავსა. ანჩელოტის შეგირდები ჯოჯოხეთის ცეცხლში ნაწრთობნი კი იყვნენ, მაგრამ რამდენიმე წუთში მაინც დაიფერფლნენ“, – დაწერს ნამატჩევს „გაძეტა დელო სპორტი“. – „დეპორი“ ისეთი გაშმაგებული უტევდა, თითქოს გავეშებულ ხარს წინ წითელი მულეტი აუფრიალესო“.

35-ე წუთზე ჩაწოდებულ ბურთს დიდა ვერ მიწვდა და ვალერონმა თავურით ცარიელი კარი დალაშქრა. 9 წუთის შემდეგ ნესტა ასცდა ბურთს, რომელიც ლუკეს მიუვიდა, ვინაც 20-ოდე მეტრიდან დაუყონებლივ უძლიერესად დაარტყა და დიდა უსაქმოდ დატოვა – ბუთი მილანელთა კარის „ცხრიანში“ შეფრინდა. მეორე დღეს ნესტასა და მალდინის თამაში მედიამ 4 ბალით შეაფასა, რაც მათ კარიერაში ერთ-ერთი უდაბლესი გახლდათ.

„შესვენებაზე „დეპორი“ 3:0-ზე დაწინაურებული გავიდა, – წერდა ჟურნალისტი ნაჩო კარეტერო. – მე „რიასორის“ ერთ ოთახში ვიყავი, ფანატებთან ერთად ლუდს ვსვამდი. ყველა ერთმანეთს ეხვეოდა. ამ დროს წარმოვთქვი, რომ ნუ ვჩქარობთ, რადგან წინ მთელი მეორე ტაიმია. გვერდით მდგომმა ერთმა ბიჭმა კი მიპასუხა, რომ მართალი ვარ, მაგრამ ის, რაც უკვე მოხდა, „დეპორის“ ისტორიის ამოუშლელი ფურცელია“.

მეორე ტაიმმა მშვიდად ჩაირა. „დეპორი“ დაცვაში ჩადგა, მაგრამ სივრცეებს ჭკვიანურად აკონტროლებდა, მოწინააღმდეგე მთლიანად შებოჭა და კონტრიერიშებზე მისი გარემარბები საკმაოდ ხშირად გადადიოდნენ, რითაც „მილანს“ დიდი ძალებით წინ წასვლის საშუალებას უსპობდნენ. ტაიმის შუაწელს სტუმრებმა ბურთი მაინც დაიჭირეს, მაგრამ მათ იერიშებს სიმწვავე ოდნავადაც არ მომატებიათ. ანდრადესა და ნაიბეტს ისე მჭიდროდ ჰყავდათ შევჩენკო აყვანილი, რომ უკრაინელი ისე დუნედ მოძრაობდა, გეგონებოდათ ქლოროფორმი აყნოსესო, ხოლო ტომასონი საერთოდ „დაიკარგა“. მხოლოდ შეცვლაზე შესული რუი კოშტა აქტიურობდა და ერთხელ მოლინა აიძულა „ცხრიანში“ გაგზავნილი ბურთი „გამოეძრო“, თუმცა იმ დროს „დეპორტივოს“ უკვე მეოთხე გოლი ჰქონდა გატანილი.

„დეპორი“ 1000კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრაობდა, – დაწერა შემდეგ თავის ავტობიოგრაფიაში ანდრეა პირლომ. – თვით ასაკოვანი ფეხბურთელებიც კი ისე დაქროდნენ მოედანზე, როგორაც ადრე არასოდეს ურბენიათ. თვით შესვენებაზე გასვლისასაც უსეინ ბოლტის სისწრაფით მიაშურეს გასახდელს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს გაჩერება არ შეეძლოთ. კარიერაში პირველად და უკანასკნელად შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მეტოქე გუნდს რაღაც აკრძალული პრეპარატი ჰქონდა მიღებული“.

დილის „ლა გაძეტა დელო სპორტი“ ასეთი სათაურით გამოვიდა – „სამყაროს დასასრული „რიასორზე“, ხოლო ესპანურმა „ელ მუნდომ“ მატჩის მიმოხილვა ასე დაასათაურა – „დამამხობელი „დეპორი“. ის რაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ, „დეპორტივომ“ ერთ ტაიმში გააკეთა. ირურეტას რეზიუმე კი ასეთი გახლდათ: „არაფერი უჩვეულო არ მომხდარა. პირველ მატჩში „მილანმა“ 8 წუთში დაგვსაჯა ჩვენივე შეცდომებისათვის. ჩვენი რეაგირება სწორი აღმოჩნდა: ვითამაშეთ საიმედოდ, ბურთის ყველა შეხება გამიზნული გვქონდა. გადამწყვეტი კი ვალერონის გოლი გამოდგა. „მილანი“ გონს მოდიოდა და სწორედ მაშინ მიიღო ეს დამანოკაუტებელი დარტყმა“.

ნახევარფინალში ასეთი პომპით გასული „დეპორტივო“ „პორტუსთან“ დამარცხდა. ერთი წლის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში სულაც ბოლო ადგილზე ჩარჩა, ლა ლიგაში მხოლოდ მე-8 ადგილზე გავიდა. გუნდი, რომელმაც ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი და ორი სუპერთასი მოიგო, თანდათანობით ქვემოთ და ქვემოთ დაეშვა. „მილანთან“ აღნიშნული მატჩი ამ გუნდის ბოლო დიდი და დაუვიწყარი პერფორმანსი გამოდგა.

ხავიერ ირურეტამ კი დანაპირები შეასრულა და 73 კილომეტრიანი გზა ლ კორუნიადან სანტიაგო-დე-კომპოსტელამდე გაიარა და მოილოცა, მაგრამ დონ ხავიერს ჩოქვით ნამდვილად არ უვლია, რადგან გამარჯვებულს ეს არ შეეფერებოდა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო