11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

“ან წააგებ და ფულს იშოვი, ანდა უფულოდ წააგებ“ – ფეხბურთელი, რომელიც სიმართლის გზაზე არაფერს შეუშინდა

0
03.06.21. 663×81 ბანერი

კაცი, რომელმაც მატჩის გარიგებაზე უარი თქვა!

„მე ხელში ბომბი მიჭირავს, ნამდვილი ბომბი“, – ჩასჩურჩულებდა ტელეფონში ცოლს ჟაკ გლასმანი. ის იმ სასტუმროს ტელეფონ-ავტომატიდან ელაპარაკებოდა მეუღლეს, სადაც მისი გუნდი „ვალანსიენი“ „მარსელთან“ თამაშისთვის გაჩერდა.  ვიდრე ავტობუსიდან ბარგი-ბარხანა გადმოჰქონდათ, გლასმანი თანაგუნდელმა კრისტოფ რობერმა განზე გაიხმო: „ხვალ „მარსელმა“ უნდა მოგვიგოს. მათ მე, შენ და ხორხე ბურუჩაგა აგვირჩიეს და ეს თამაში უნდა წავაგოთ“. – „ხუმრობ? რაში ჭირდებათ? ეს შეუძლებელია“. – „ისინი 9 საათზე დამიკავშირდებიან და დეტალები მაშინ მეცოდინება“.

გლასმანმა ივახშმა, ნომერში ავიდა, სადაც ნახევარმცველ ტიერი ფერნიესთან ერთად ცხოვრობდა. მას ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და იქ მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მიდიოდა მსჯელობა, რომელშიც „მარსელი“ „მილანს“ უნდა შეხვედროდა. კარზე კრისტოფ რობერმა დააკაკუნა და გლასმანი გაიყვანა. მის ნომერში შესულებს იქ ბურუჩაგა დახვდათ, რომელიც სპორტულ კოსტუმში ჩაცმული საწოლზე წამოგორებულიყო. რობერმა „მარსელის“ წინადადება გაუმეორა. გლასმანმა კვლავ მტკიცედ იუარა და მაშინ რობერმა უთხრა, რომ თუ ამას არ გააკეთებს, სხვასაც ადვილად მონახავენ.

“მისმინე, -უთხრა ბურუჩაგამ, რომელსაც ბალიშიდან თავი არ აუწევია, – „ვალანსიენი“ კლუბი კი არა ნეხვია, ხელმძღვანელობას ჯერ ჩემი ტრანსფერის ფულიც არ მოუცია. ხედავ რომ ვვარდებით და მომავალი სეზონისთვის ნეტავ რისი იმედი გაქვს?“ – „კი, მაგრამ, ხვალ თუ მოვიგებთ ლიგაში ადგილს ვინარჩუნებთ“, – უპასუხა ჟაკმა. ბურუჩაგამ სიბრაზისაგან ჭერს ახედა. ტელეფონმა დარეკა. რობერმა ყურმილი აიღო და მალევე გლასმანს მიაწოდა ყურმილი. მან მეგობრის, „მარსელის“ მცველის ჟან-ჟაკ ეიდელის ხმა იცნო: „ხვალ აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ჩემპიონები გავხდეთ, რათა შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მშვიდად მოვემზადოთ. „მარსელი“ ფულს იმისთვის გთავაზობთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ თავი არ მოიკლათ და თამაში დათმოთ“. – „შენ გესმის რას აკეთებ? შუამავლად გამოდიხარ… მე არ ვიღებ თქვენს წინადადებას!“.

ეიდელმა ყურმილი „მარსელის“ დირექტორს ჟან-პიერ ბერნეს გადასცა, რომლის ტონი აგრესიული იყო: „მოკლედ, გვეხმარები თუ არა? ხომ იცი, რომ ჩვენთან მოგების შანსი არ გაქვთ. ან წააგებ და ფულს მიიღებ, ანდა მაინც წააგებ და ვერაფერს მიიღებ“. „ჩვენ კიდევ გვაქვს გადარჩენის შანსი“, – უპასუხა გლასმანმა, რაზეც ბერნეს გაეცინა და უპასუხა, რომ ლიგაში დარჩენაზე ცოტა ადრე უნდა ეზრუნათ. „მომისმინე, მე კარგი ურთიერთობა მაქვს „მარტიგთან“, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადმოვა და იქ გადასვლაში დაგეხმარები“, – შეპირდა ბერნე, ვისაც შემდეგ ბურუჩაგა დაელაპარაკა. რამდენიმე წლის წინათ მან ბერნეს მარადონასთან  შეხვედრა მოუხერხა და „მარსელის“ დირექტორმა ამაში არათუ ფული გადაუხადა, არამედ მადლობაც კი არ უთხრა. ამიტომ ახლა გარანტიას ითხოვდა.

ხორხე ბურუჩაგა

ბოლოს საუბარი რობერმა დაასრულა,  რომელმაც ბერნეს „საქმის გაკეთება“ აღუთქვა და როდესაც ყურმილი დადო, გამოაცხადა, რომ „სამასი ათას ფრანკს ავანსად მოგვცემენ, ამდენივეს კი ერთი კვირის შემდეგ სენტ-ეტიენში, ბოლო ტურის წინ“. „ამაზე სიტყვა არავისთან დაგცდეს, განსაკუთრებით ქალებთან“, – შეუბღვირა ბურუჩაგამ ჟაკს. – „არა, მე ამ საქმეში არ გავდივარ და იმის იმედიც ნუ გექნებათ, რომ არ განვაცხადებ“, – მიუგო გლასმანმა. რობერიც არ მიემხრო ბოლომდე ბურუჩაგას, ოღონდ მხოლოდ ქალების მხრივ. ტელეფონზე დარეკა და თავის  ცოლს დაავალა იმ სასტუმროში მისულიყო, სადაც „მარსელი“ მატჩის წინ იყო დაბანაკებული და იქიდან ფული წამოეღო.

გლასმანი თავის ნომერში დაბრუნდა. ტიერი ფერნიე ჩართულ ტელევიზორთან თვლემდა. გლასმანს მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა. იმდენი სიგარეტი მოსწია, რომ თავი ასტკივდა. დილის ვარჯიშისა და სადილის შემდეგ მთავარ მწვრთნელ ბორო პრიმორაცთან შევიდა და ყველაფერი უამბო. „კარგი, ერთი. მსგავსი რამეები ფეხბურთელობისას მეც გადამხდენია. ყურადღებას ნუ მიაქცევ, ისინი მატჩის წინ ჩვენს ანერვიულებას ცდილობენ“, – დაამშვიდა მთავარმა მწვრთნელმა და ურჩია ცოტა წაეძინა. გლასმანი ეჭვებში ჩავარდა, მიხვდა, მაგრამ დაჯერება არ უნდოდა, რომ ამ გარიგებაში მწვრთნელიც იყო გარეული. მატჩის სასტარტო შემადგენლობაში გლასმანთან ერთად რობერი და ბურუჩაგაც მოხვდნენ. კიდევ უფრო დაეჭვებულმა გლასმანმა ამის თაობაზე ფერნიეს ჰკითხა, რომელსაც გაეღიმა. გლასმანი კი მაინც ცდილობდა ეჭვი საკუთარი გონებიდან განეგდო და იმას ეჭიდებოდა, რომ ბერნესა და ეიდელს პრიმორაცი საერთოდ არ უხსენებიათ.

კრისტოფ რობერი

მატჩისწინა მოთელვაზე ჟაკმა ტრიბუნაზე თავისი ცოლი ოდრი დაინახა და დამშვიდდა. თამაში დაიწყო და პირველი ტაიმის შუაში კრისტოფ რობერი „მარსელელ“ ერიკ დი მეკოს შეეჯახა და ვიდრე სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, ათი კაცით დარჩენილ „ვალანსიენს“ გოლი ალენ ბოკსიჩმა გაუტანა.

შესვენებისას მატჩის დელეგატთან „ვალანსიენის“ პრეზიდენტი მიშელ კოანკა და სპორტული დირექტორი ჟან-პიერ ტამპე შევიდნენ და მოსთხოვეს მატჩის ოქმში შეეტანა, რომ მათი გუნდის ფეხბურთელები მოსყიდულები იყვნენ. ბოკშიჩის გოლი ერთადერთი გამოდგა ამ შეხვედრაში. მატჩის დასრულების შემდეგ გლასმანი მსაჯთა ოთახში იხმეს, სადაც ის ყველაფერი მოჰყვა, რაც იცოდა. ამას „მარსელის“ პრეზიდენტი ბერნან ტაპიც ისმენდა და ჟაკს ჰკითხა: „დარწმუნებული ხარ, რომ ბერნეს ელაპარაკე? იცნობ მას ან მისი ხმა გაგიგონია? არა, ხომ? ჰოდა, ეს ყველაფერი რაღაც სისულელეა“. მსაჯთა ოთახიდან საშხაპისკენ წასულ გლასმანს ჟან-ჟაკ ეიდელმა ბოროტი მზერა გააყოლა.

მათ ერთმანეთი „ტურში“ გაიცნეს, სადაც გლასმანი შემთხვევით მოხვდა. ფეხბურთელიც შემთხვევით გახდა. მამას სთხოვდა საბალეტო სკოლაში შეეყვანა, სადაც მისი უფროსი და სწავლობდა. მამამ იუარა, ნუ ხუმრობ, ცეკვა რა ვაჟკაცის საქმეაო. ფეხბურთის თამაში კი მშობლიური მულუზის გუნდში დაიწყო. შემდეგ „სტრასბურგისა“ და პსჟ-ს სკაუტების ყურადღება მიიქცია და „სტრასბურგში“ გადასვლა არჩია, რადგან თავის ქალაქთან ახლოს იყო. თექვსმეტი წლის ასაკში უეფას თასზე, „დუისბურგის“ წინააღმდეგ ჰქონდა დებიუტი და იმავე სეზონში პირველად მოხვდა ვალანსიენში. „სტარსბურგი“ საფრანგეთის თასის მეორე რაუნდში „ვალანსიენს“ შეხვდა. საშინელი ამინდი იდგა, თავსხმა წვიმა, ქარი და სიცივე. სტადიონის თანამშრომლები გაფიცულები იყვნენ და გაზონი ჭაობად იყო ქცეული. „სტრასბურგმა“ 4:0 მოიგო. ვაგზალზე ჟაკმა შოკოლადი იყიდა, რომელმაც აწყინა და მთელი გზა მატარებლის ვაგონის ტუალეტში გაატარა და დაიფიცა, რომ ვალანსიენში მისი ფეხი არასოდეს იქნებოდა.

ბორო პრიმორაცი და ჟაკ გლისმანი

ერთწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, გლასმანი „სტრასბურგში“ დაბრუნდა, სადაც ფინანსური პრობლემები იდგა და გუნდშიც არეულობა გამეფებულიყო, რადგან ფეხბურთელებს ხელფასებს დიდი დაგვიანებით და სრულად არ უხდიდნენ.

1982 წელს ჟაკმა მძიმე ტრავმა მიიღო, ფეხის დამბლაც განუვითარდა, ოპერაცია დასჭირდა და ნახევარ წელიწადზე მეტი გაუცდა. ამასობაში პირმშო, გოგონა ლეტიცია შეეძინა. „სტრასბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ ზონდერმანმა უთხრა, რომ მისი არ ეიმედებოდა და „მულუზში“ დაბრუნდა, რომელსაც მაშინ ყველასათვის უცნობი რაიმონ დომენეკი წვრთნიდა. სამი სეზონი იწვალეს, მაგრამ მეორე ლიგაში გადასვლა ვერ მოახერხეს, რის გამოც კლუბის ბიუჯეტი მკვეთრად შეკვეცეს და გლასმანი უმუშევარი დარჩა.

აგენტმა მილან რადოვანოვიჩმა ახალი გუნდი ვერ მოუძებნა და ჟაკმა უმუშევრად დარეგისტრირება დააპირა, რათა შემწეობა მაინც მიეღო. ამ დროს „ტურის“ მწვრთნელმა ივონ ჟუბლომ დაურეკა, გუნდში ტრავმების ეპიდემია მაქვს, მცველი მჭირდება და თუ გინდა, მოდიო. 25 წლის უმუშევარმა ჟაკ გლასმანმა ერთწლიან კონტრაქტს ხელი ორლის აეროპორტში მოაწერა, ხოლო მეორე დღეს უკვე „ლიონის“ წინააღმდეგ ითამაშა და მისი მეწყვილე ჟან-ჟაკ ეიდელი იყო, რომელიც „ლავალიდან“ ახალი გადმოსული გახლდათ. იმ სეზონის ბოლოს პარიზელმა ადვოკატმა ჟან-ლუი ბორლომ, ვისაც „ვალანსიენი“ ახალი ნაყიდი ჰქონდა, გლასმანი უფრო დიდი ხელფასითა (50 ათასი ფრანკი) და ლიგა1-ში გადასვლის პერსპექტივით მოხიბლა. ჟაკი ბორლოს ახალ შენაძენებიდან მეშვიდე გახლდათ.

ჟან ლუი ბორნო და ბერნარ ტაპი

პირველ ცოლს გაეყარა, რომელიც სტრასბურგში დარჩა, ხოლო მეორეს, ოდრის ვალანსიენში შეხვდა. ჟაკი გუნდის მორიგი წაგების შემდეგ შინ ბრუნდებოდა. მეორე სეზონს ატარებდა და ლიგა 1-ში გადასვლა ძალიან შორს იყო. მოვიდა ახალი მწვრთნელი ფრანსის სმერეცკი და „ვალანსიენმა“ 24-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო. მართალია, „რედ სტართან“ წააგეს, მაგრამ ამან გუნდის წინსვლა ვერ შეაჩერა და უკვე აპრილში ქალაქის მერიის აივნიდან  უმაღლეს დივიზიონში გადასვლა იზეიმეს.

ზაფხულში გუნდში ახალი ფეხბურთელები მივიდნენ. გლასმანის კონკურენტი დაცვის ცენტრში არნოლდ ოსტერვერი, ხორხე ბურუჩაგა „ნანტიდან“ და თავდამსხმელი რობერი „მონაკოდან“. გუნდი გაიხლიჩა და სეზონი ზედიზედ სამი წაგებით დაიწყეს. სმერეცკი გადააყენეს, მოიყვანეს პრიმორაცი, რომლის ხელში ცოტა უკეთესად კი ათამაშდნენ, მაგრამ ლიგა1-ში დასარჩენად იმ დროის ევროპის საუკეთესო გუნდი „მარსელი“უნდა დაემარცხებინათ.

„შვილებს გეფიცებით, გლასმანმა ყველაფერი მოიგონა, – განაცხადა ბურუჩაგამ, 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებისათვის გამარჯვების გოლის ავტორმა. „მარსელთან“ წაგების შემდეგ, როდესაც მატჩს კი არ არჩევდნენ, არამედ გლასმანის ინტერვიუს, რომელშიც „მარსელთან“ მატჩის გაყიდვის შესახებ დაწვრილებით  მოჰყვა. ბურუჩაგა ირწმუნებოდა, რომ გლასმანი მატყუარაა და ყველაფერი მოიგონა.

რამდენიმე დღის შემდეგ „მარსელმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო „ვალანსიენი“ პლეი-აუტში „კანს“ შეხვდა. ჟაკის გუნდმა წააგო. მთელი მატჩის მანძილზე მაყურებლები Glassmann telephone-ს გაჰყვიროდნენ.

24 ივნისს კრისტოფ რობერი დააპატიმრეს. მისი სახლის ბაღში პოლიციამ ჩხრეკისას დამალული ფულიანი კონვერტი იპოვნა. ვალანსიენის ბრენდული მაღაზიის გამყდველმა დაკითხვისას არ დამალა, რომ რამდენიმე დღის წინ ბურუჩაგას ცოლმა რამდენიმე ათასი ფრანკის ღირებულების ტანსაცმელი შეიძინა. ჟან-ჟაკ ეიდელი სამი დღე დუმილის უფლებას იყენებდა, მაგრამ შემდეგ გატყდა და აღიარა, რომ გლასმანს ტელეფონით ნამდვილად ესაუბრა.

„მარსელის“ მფლობელმა ბერნარ ტაპიმ ლილის რესტორანში გენერალური პროკურორი დაპატიჟა, რომელმაც უარი განუცხადა და ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა მიტერანს აცნობა. მაშინ ტაპიმ თავის ოფისში, რომელიც პარიზში, ელისეის მინდვრებზე მდებარეობდა, ბორო პრიმორაცი მიიწვია და ნახევარი მილიონი ფრანკი შესთავაზა თუ მთელს დანაშაულს საკუთარ თავზე აიღებდა. ამის გამო ტაპის მოწმეებზე ზეწოლაც დაბრალდა, თანაც მისი დაარსებული ჟურნალი „გოლი“ გლასმანზე წერდა, რომ ის ყოველ კვირას დოღებში იმაზე ორჯერ მეტ ფულს აგებდა, ვიდრე ხელფასი ჰქონდა.  ჟაკი დოღებზე ნამდვილად დადიოდა, მაგრამ იმიტომ რომ იპოდრომზე საკუთარი ცხენი ჰყავდა, რომელიც დოღებში იღებდა მონაწილეობას. გლასმანმა „გოლს“ უჩივლა, მაგრამ საქმე სასამართლო პროცესამდე არ მივიდა, რადგან ეს ჟურნალი გაკოტრდა და არსებობა შეწყვიტა.

მარსელის გულშემატკივართა პროტესტი

„მარსელს“ საფრანგეთის ჩემპიონობა ჩამოართვეს,  ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებიდან მოხსნეს, მოგვიანებით კი მეორე ლიგაში დააქვეითეს. გლასმანმა ახალი სეზონისთვის მზადება „ვალანსიენში“ ახალი მწვრთნელის ბრუნო მეტსიუს ხელმძღვანელობით დაიწყო. დღესი სამჯერადი ვარჯიშები, შუალედებში კი ინტერვიუები. მეორე ლიგაში გავარდნის შემდეგ „ვალანსიენში“ ხელფასები შეამცირეს, რამაც გუნდში უკმაყოფილება გამოიწვია.

მორიგი ტურის მატჩზე „ნიცასთან“ ჟაკი არ წაიყვანეს, რადგან იმ რეგიონის ხელისუფლება გლასმანს უსაფრთხოების გარანტიას ვერ აძლევდა. მანამდეც, სეზონის პირველ მატჩზე „სედანთან“, მაყურებლები ჟაკს ობსტრუქციას უწყობდნენ და აგინებდნენ და არა მარტო სედანში, თითქმის ყველა ქალაქში, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთში, მრავლად იყვნენ „მარსელის“ ფანები, რომლებიც ჟაკს ისე მოკლავდნენ, რომ თვალსაც არ დაახამხამებდნენ. ერთხელ მას კარტონის შავი კუბო გადაუგდეს ტრიბუნიდან და უმეტესად მონეტების „წვიმას“ აყრიდნენ. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ბერნარ ტაპიმ „მარსელი“ ევროპის უძლიერეს კლუბად აქცია და ვიღაც „ჩამშვებმა“ გლასმანმა ეს ყველაფერი „დამარხა“.

სეზონი დასრულდა. „ვალანსიენი“ მესამე დივიზიონში დაქვეითდა და ჟაკმა მხოლოდ გაზეთიდან შეიტყო, რომ გუნდს ის აღარ სჭირდება. ახალი გუნდის ძიებაში ლამის მთელი საფრანგეთი მოიარა, პოლონეთშიც კი ჩავიდა, „ლეგიის“ პრეზიდენტს პირადად შეხვდა, მაგრამ პირობები არ მოეწონა. აშშ-ც მოსინჯა და კვიპროსიც, შემდეგ მალაიზიასაც გადაწვდა, მაგრამ არსად მიიღეს. 1995 წლის იანვარში კი ერთი პროვინციული ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად მოეწყო.

ბერნარ ტაპი და ჟან ჟაკ ეიდელი

აპრილში სასამართლო პროცესი დაიწყო. ჟან-პიერ ბერნემ განაცხადა, რომ მხოლოდ ბერნარ ტაპის დავალებებს ასრულებდა და არავითარი ანგარება არ ამოძრავებდა, მისი მოტივი მხოლოდ „მარსელის“ სიყვარული გახლდათ. ერთხელაც, სასამართლოს შესვენებისას გლასმანი ტუალეტში გავიდა მოსაწევად. კაბინიდან ტაპი გამოვიდა, ხელების ბანვას შეუდგა და ჟაკს მეგობრულად ურჩია, რომ ნუ ეწევა, თორემ სუნთქვა გაუძნელდება და კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწევს. შემდეგ ტაპიმ უეცრად თემა შეცვალა და მკაცრად თქვა: „ჩვენ არ მივცემთ მაგას ნებას, რომ სასამართლო იმ სისულელეებში დაარწმუნოს, რასაც ბოდიალობს“. „მარსელის პრეზიდენტს მხედველობაში ბერნე ჰყავდა და ისე ესაუბრებოდა გლასმანს, თითქოს ისინი ერთ მხარეს წარმოადგენდნენ.

როდესაც სხდომა გაგრძელდა და მოსამართლემ გლასმანს კითხვების დასმა დაუწყო, მან უპასუხა, რომ ტაპის მეთოდები მისთვის გულისამრევია: „მარსელის“ გულშემატკივრებს იმის გამო ვეზიზღები, რომ მე მათი ოცნება დავამსხვრიე. სინამდვილეში კი ის ტაპიმ დაამსხვრია და არა მე“. – „რას წარმოადგენ შენ ფეხბურთში, ასე რომ ლაპარაკობ?! – დაუყვირა ტაპიმ. – კარგი ფეხბურთელი რომ ბრძანდებოდე, „მარსელში“ ითამაშებდი“.

გაირკვა რომ „მარსელში“ მუშაობისას ტაპიმ ფეხბურთელთა და მსაჯთა მოსყიდვისათვის 5.3 მილიონი ფრანკი დახარჯა. მას ორწლიანი პატიმრობა და 15 ათასი ფრანკი ჯარიმა დააკისრეს. ამ საქმეში სხვა ბრალდებულებს პირობითი სასჯელები ჩამოურიგეს. კრისტოფ რობერმა ფეხბურთს თავი დაანება და მეღვინეობას მიჰყო ხელი. ხორხე ბურუჩაგამ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, ითამაშა არგენტინულ „ინედეპენდიენტეში“ და მწვრთნელობა დაიწყო. ჟან-პიერ ბერნე 90-იანი წლების ბოლომდე ფსიქიატრთან მკურნალობდა, შემდეგ კი საფეხბურთო აგენტობას მიჰყო ხელი.

ჟან-ჟაკ ეიდელი წლინახევრიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ „ბენფიკაში“  ჩაირიცხა. ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ მან დაწერა წიგნი სათაურით „მეტს აღარ ვთამაშობ“, სადაც ისიც არის ნათქვამი, რომ ჩემპიონთა ლიგის ცსკა-სთან მატჩის წინ ბერნარ ტაპიმ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები მოაწამვლინა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის „მილანთან“ ფინალის წინ „მარსელის“ ყველა ფეხბურთელს, გარდა რუდი ფიოლერისა, რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა, დოპინგი მიაღებინა.

ბერნარ ტაპი ციხეში მხოლოდ ნახევარი წელიწადი იჯდა და დროზე ადრე ამნისტიით გაათავისუფლეს და დღემდე ქალაქ მარსელის კერპია, რომლის გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 1996 წელს „მარსელი“ ლიგა1-ში დაბრუნდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ კინაღამ გაკოტრდა და ამ კრიზისის ფონზე, სულ რამდენიმე თვე, კლუბის გენერალური დირექტორის სავარძელი ტაპიმ დაიკავა.

„მე სულაც არ ვამაყობ, რომ „მარსელის“ შავი საქმიანობა გამოვაშკარავე“ – წერს გლასმანი თავის წიგნში. – ჩემი საქციელი სულაც არ იყო გმირობის მსგავსი. მოვიქეცი ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ყველა ნორმალური ადამიანი მსგავს სიტუაციაში. მე კონტრაქტით ვიყავი დაკავშირებული „ვალანსიენთან“ და მქონდა ვალდებულებანი კლუბის მფლობელთან, მწვრთნელთან, პარტნიორებთან და გულშემატკივრებთან. ამიტომ არ შემეძლო მეღალატა მათთვის და საკუთარი თავისთვისაც“.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო