11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

პლასტმასის ბოთლებს აგროვებდა, ბავშვობაში კინაღამ დაიხრჩო, მცველობა არ უნდოდა და ლა ლიგის ლეგენდა გახდა

0
03.06.21. 663×81 ბანერი

ბავშვობა, როსარიო, ერთი ნაბიჯი დაღუპვამდე…

ურუგვაის მდინარეების ნაპირების უმეტესობა ქვიანია, რომლებიც წყლის ნაკადის გამო სამართებლებივითაა „ალესილი“ და ამიტომ წყალში ჩასვლა საკმაოდ სახიფათოა. ხულიო გოდინი ოჯახთან ერთად მდინარის ნაპირას პიკნიკზე იყო, მეუღლე წიწილებს წვავდა კოცონზე, ხოლო ბავშვები, ლუისა და დიეგო წყლის პირას თამაშობდნენ. ლუსიამ პატარა ლიფსიტა შენიშნა, რომელიც მზის შუქზე ცისარტყელას ყველა ფერად ბრჭყვიალებდა. ოთხი წლის დიეგიტომ, სურდა რა დაიკო გაეხარებინა, მისი ხელით დაჭერა სცადა, მაგრამ ფეხი გაუცურდა და წყალში მოადინა ტყაპანი. დინებამ ბავშვი, რომელმაც ცურვა არ იცოდა, გაიტაცა. ლუსია არ დაიბნა და კივილით მშრობლებთან მიიჭრა. სენიორ ხულიო ნაპირ-ნაპირ სირბილით გაეკიდა წყალწაღებულ ვაჟიშვილს, რომელსაც ჯერ ვერ ხედავდა, რათა შემდეგ წყალში შევარდნილიყო და სამშვიდობოს გამოეყვანა. ბედად, მალევე შენიშნა დიეგიტო ნაპირთან ახლოს, სადაც დინება თითქმის არ იყო და ბავშვი წყლიდან გამოიყვანა. როგორ შეძლო თითისტოლა ბიჭმა თავთხელზე გამოსვლა, არავინ იცის და არც თავად ახსოვს. ეს ამბავი მხოლოდ მშობლების მონაყოლიდან იცის. ერთადერთი, რაც ამ ამბიდან მის მეხსიერებას შემორჩა, მხოლოდ ერთიანად გალუმპული ტანსაცმელია.

დიეგო შუაში, ძაღლთან ერთად

5 წლის ასაკში დიეგიტოს სასუნთქი გზების დაავადება აღმოაჩნდა და ექიმებმა მშობლებს მისი ცურვაზე შეყვანა ურჩიეს. ცოტა ხანში ბავშვი თავს წყალში მართლა თევზივით გრძნობდა. ცურვის მწვრთნელი შეგირდით აღტაცებული იყო და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდა. ბავშვობასა და ჭაბუკობის ასაკში დიეგოს ურუგვაიში ბადალი არ ჰყავდა.

1993 წლის ზაფხულში როსარიოდან 10 კილომეტრის მოშორებით სპორტულ ბანაკში გააგზავნეს. იქ დიეგო არა მარტო ცურავდა, არამედ დარბოდა, სიგრძესა და სიმაღლეზე ხტომაშიც იწაფებოდა და კალათბურთსაც მაგრად თამაშობდა. ყველაფერში გამოირჩეოდა, ხოლო მის მიერ იქ ნაჩვენები შედეგები ცურვის ყველა სახეობაში, დღემდე რეკორდებად რჩება. ცურვის გარდა მძლეოსნობასა და კალათბურთზეც დაიწყო სიარული, მაგრამ ნელ-ნელა მაინც ფეხბურთმა გადაძალა.

ფეხბურთი, ქაღალდის ბურთები და სუპერბომბარდირი

დიეგოს სადაგი დღე ადრე ადგომით იწყებოდა. ისაუზმებდა და დედა ირისთან და დეიდა ოლისთან საპარიკმახეროში მიდიოდა, სადაც ისინი მუშაობდნენ. მამასთან საამქროში კი არ მიდიოდა, რადგან ის სამუშაო ადგილის დასუფთავებას ავალებდა და ამიტომ იქაურობას აღარ ეკარებოდაო, მოგვიანებით ხუმრობდნენ მისი ნათესავები.

სანამ დედა და დეიდა კლიენტებს ემსახურებოდნენ, დიეგო გასართობს პოულობდა, საპარიკმახეროს ირგვლივ დარბოდა და თავისთვის ფეხბურთს თამაშობდა. თუ ბურთი თან ჰქონდა, ხომ კარგი და თუ არა, ქაღალდებისა და ძველი პირსახოცებისაგან აკეთებდა და კედელზე მონიშნულ „კარში“ ურტყამდა.

რა გასაკვირია, რომ ერთხელ ფანჯრის მინაც ჩაამსხვრია და ისეთი ხმა იყო, რომ ყველას შიშისგან გულები დაუხეთქა. ამის შემდეგ მინა აღარ, მაგრამ დეიდამისის უკანა ეზოში მდგარ ყვავილების ქოთნებს ნამდვილად „ემტერებოდა“.

ხასიათითაც ძალიან ჟინიანი იყო და ყველაფერში პირველობა უნდოდა. გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ ბოლო-ბოლო არჩევანი უნდა გაეკეთებინა. „ესტუდიანტეს დე როსარიოს“ ბავშვთა გუნდში ისე გახდა ლიდერი, რომ საამისოდ არც კი უზრუნია. „მას ამის სურვილს ვერ შეამჩნევდი. ყურადღებით უსმენდა მწვრთნელსა და პარტნიორებს, იყო მშვიდი და გაწონასწორებული, მაგრამ საკუთარი თავის ფასი იცოდა და თავს არავის დააჩაგვრინებდა. მაშინდელი როსარიო საკმაოდ საშიში ქალაქი იყო და მოდუნების უფლებას არავის აძლევდა“, – იხსენებს გოდინის მაშინდელი თანაგუნდელი ლეანდრო სანჩესი.

სანჩესი აბსოლუტურად მართალი იყო, როდესაც როსარიო საშიში ქალაქი უწოდა. კრიმინალური მენტალიტეტი ბავშვებშიც გამეფებული გახლდათ. 7 წლის დიეგოს დაჩაგვრა მისმა თანაკლასელმა მოინდომა. მამასთან მიღებული „კონსულტაციის“ შემდეგ მეორე დღეს, როდესაც ის ბიჭი კვლავ დიეგოს მიადგა, ისეთი მუშტი მიიღო, რომ ატირებული და ცხვირგატეხილი გაეცალა და მსგავსის განმეორების ყველანაირი სურვილი გაუქრა.

საფეხბურთო სკოლის გუნდში გოდინი თავდამსხმელად თამაშობდა და დაცვაში ჩასვლა საშინლად არ უყვარდა. ტურნირებზე სულ ბომბარდირი ხდებოდა. 1998 წელს ქალაქის ნაკრებში მიიწვიეს, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო.

15 წლის დიეგო ყოველ დღე მოახტებოდა თავის დანჯღრეულ ველოსიპედს და რამდენიმე კილომეტრს გადიოდა, რათა მონტევიდეოს „დეფენსორის“ დილის ვარჯიშზე არ დაეგვიანა. იქ ყველას პერსპექტიულ ფეხბურთელად მიაჩნდა, მაგრამ ამას არ გაუთამამებია. პირიქით, ვარჯიშის შემდეგ რჩებოდა, ხვეწდა დარტყმებს, ბურთის ფლობის ტექნიკას და თანაგუნდელებსაც სთხოვდა დარჩენილიყვნენ, რათა დრიბლინგში ევარჯიშა.

ყველაფერი კარგად მიდიოდა და დიდი იმედიც ჰქონდა, რომ წინასასეზონო მომზადების შემდეგ ძირითად გუნდში გადაიყვანდნენ. მან სრულიად შეგნებულად აირჩია „დეფენსორი“ და არ უცდია ურუგვაულ გრანდებში „ნასიონალსა“ და „პენიაროლში“ მოხვედრას, რადგან მიაჩნდა, რომ კარიერისთვის უკეთესი იქნებოდა შედარებით დაბალი საფეხურიდან დაეწყო.

მოხდა კი ისე, რომ მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ არაფერი უთხრა და ახალგაზრდა გუნდის ფეხბურთელები ტაქტიკურ მეცადინეობაზე გაუშვა. საღამოს კი კლუბიდან ვიღაცამ დაურეკა და უთხრა, რომ ძირითად გუნდში არ აჰყავდათ, ამიტომ ვერც კლუბის ბაზაზე გაათევდა ღამეს და აღარც დღიურ ფულს გადაუხდიდნენ. ამის შემდეგ კი მიანიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა თუ კონტრაქტს თავისი სურვილით გაწყვეტდა. ეს მწარე ამბავი დიეგო გოდინმა ერთ ინტერვიუში გაიხსენა.

პლასტმასის ბოთლები, მხსნელი ლემუსი, ტრანსფერი 840 პესოდ

„დეფენსორში“ მიღებული უარის შემდეგ დიეგოს ფეხბურთისათვის თავის დანებება ჰქონდა გადაწყვეტილი. მთელი ხუთი თვე დეპრესიაში იყო ჩავარდნილი და მშობლები ამის გამო ძალიან ნერვიულობდნენ. ერთადერთი გამოსავალი ბიძია უოლტერმა მონახა. მას მონტევიდეოში ნაცნობი მწვრთნელი ჰყავდა და მასთან დალაპარაკაება გადაწყვიტა, რათა იქნებ დიეგო სინჯებზე მიეწვია.

ეს მწვრთნელი უილიამ ლემუსი გამოდგა, რომელიც „სეროს“ კანტერაში მუშაობდა. მისი ახალგაზრდული გუნდი ურუგვაის მეხუთე დივიზიონში გამოდიოდა, მაგრამ დიეგოს საქმე ასარჩევად ნამდვილად არ ჰქონდა. ვილა დელ სერომ, სადაც დიეგო სინჯებზე ჩავიდა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი ლანდშაფტითა და ისტორიული ციხე-სიმაგრით… სერო სავსე იყო ესპანურენოვანი მიგრანტებით და ე.წ. „ქალაქი საერთო საცხოვრებელი“ გახლდათ, რომლის მცხოვრებთ ფეხბურთისათვის ნაკლებად ეცალათ, ხოლო თავად კლუბი „სეროც“ არ იყო სახარბიელო სიტუაციაში.

რამდენიმე ვარჯიშის და საწვრთნელი მატჩის შემდეგ გოდინების ოჯახს გამოუცხადეს: „ჩვენ აგვყავს თქვენი ვაჟი, მაგრამ კვების ფულს ვერ ავუნაზღაურებთ და ვერც ეკიპირებას მივცემთ და თუ ეს ხელს გაძლევთ, კონტრაქტი გავაფორმოთ“. სხვა გამოსავალს ვერ ხედავდნენ და დიეგო გოდინი „სეროს“ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი გახდა. ვარჯიშები დღის შუქზე ჰქონდათ, რადგან საწვრთნელ მოედანზე პროჟექტორები არ იყო და თუ სიბნელე მოუსწრებდათ, ახლოს გამავალი ავტოტრასის განათება შველოდათ ცოტას. და კიდევ, საშხაპეში მხოლოდ ცივი წყალი მოდიოდა.

ამას კიდევ გაუძლებდა კაცი, მაგრამ სხვა, უფრო სერიოზული პრობლემა დაუდგა. ბინის დაქირავებას და კვებას საკმაო თანხა სჭირდებოდა. მართალია, მშობლები არაფერს აკლებდნენ, მაგრამ ვაჟის სხვა ქალაქში ცხოვრებას, კვებას და საფეხბურთო ეკიპირებას პარიკმახერისა და ხარატის ხელფასები ძნელად თუ გასწვდებოდა.

ამიტომ დიეგომ პლასტმასის ბოთლების და კონტეინერების შეგროვება  დაიწყო, რითაც სერიოზული კონკურენტი გაუჩნდათ იქაურ ღარიბებს, მაგრამ რა ექნა, ფული მასაც ჭირდებოდა. ბავშვთა გუნდისაგან განსხვავებით, სადაც დიეგო თავდამსხმელი იყო, „დეფენსორში“ გამთამაშებლად დახიეს, ხოლო „სეროში“  მარჯვენა ნახევარმცველი გახდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „სერომ“ დეფენსორს“ მის ტრანსფერში მართლაც სასაცილო თანხა, 840 ურუგვაული პესო გადაუხადა.

მორიგი კალენდარული მატჩის წინ გოდინსა და მწვრთნელს შორის, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, უმნიშვნელოვანესი დიალოგი შედგა.

-დიეგო, ცენტრალური მცველები ტრავმირებულებია. რამდენიმე მატჩი მათ პოზიციაზე მოგიწევს თამაში, – უთხრა ლემუსმა.

– კი, მაგრამ მაგ პოზიციაზე ხომ არასოდეს მითამაშია? – გაიკვირვა გოდინმა.

– მერე რა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ყველა მონაცემი გაქვს დაცვის ცენტრში დადგე. სიმაღლე, პოზიციის შერჩევა და თავით თამაში.. მიდი!

იმ დღის შემდეგ დიეგოს სხვა პოზიციაზე აღარც უთამაშია. „პირველი თამაშის შემდეგ დიეგოს ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ ვამჩნევდი რომ ნერვიულობდა. დაცვაში თამაში ნამდვილად არ უნდოდა“, – იხსენებს თავის წიგნში „ვაჟკაცობა, გული, თავი“, უილიამ ლემუსი.

ყოველი ვარჯიში გოდინისათვის კატორღა იყო. თანდათან ნაკლებად ურტყამდა კარში, იბრძოდა ბურთის ასართმევად, თანდათან ხვეწდა ცენტრალური მცველისათვის საჭირო მოქმედებებს. ისე დაოსტატდა, რომ „სეროს“ დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს, რომელიც პირველ დივიზიონში ასპარეზობდა. იქ უკვე სულ სხვა მოთხოვნები იყო და თამაშით შეუდარებლად რთული გამოდგა.

მიუხედავად სირთულეებისა, გოდინმა თავისი დამაჯერებელი ასპარეზობით ისე მოაწონა თავი „სეროს“ ხელმძღვანელობას, რომ მას მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო პელუსომ დაურეკა. მას უკვე ორივე გუნდში, პირველსა და სათადარიგოში უხდებოდა თამაში, მაგრამ ამასაც გაუმკლავდა.

თავისი პირველი მატჩი 2003 წელს ითამაშა „სეროს“ ძირითადში „მონტევიდეოს „ლივერპულის“ წინააღმდეგ. გოდინის მაშინდელმა პარტნიორმა და თანატოლმა სებასტიან სარქისიანმა, რომელსაც ასევე დებიუტი უნდა ჰქონოდა, მოგვიანებით გაიხსენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთმა ღამით თვალიც ვერ მოხუჭა, დიეგო მაინც საკმაოდ მშვიდად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა.

19 წლის ასაკში გოდინი ურუგვაის ნაკრებში მიიწვიეს და მაშინ შეიქმნა ლეგენდარულად ქცეული ლუგანო-გოდინის ტანდემი. ნაკრებში მოხვედრამ დიდად განაპირობა გოდინის შემდგომიი აღმასვლა. „სელესტეში“ დაუმეგობრდა დიეგო ფორლანს, რომელიც ძალიან დაეხმარა ევროპული კარიერის დაწყებაში.

ორიოდე წლის შემდეგ „სეროს“ კაპიტნად აირჩიეს. ასეთ ახალგაზრდულ ასაკში მსგავსი პატივი იქ მანამდე არავის რგებია და სწორედ მაშინ შეერქვა მეტსახელი „ფარაონი“.

გოდინის ყველა წარმატებას აფერმკრთალებდა ურუგვაული ფეხბურთის მაშინდელი ცუდი მდგომარეობა. „ჩვენს ქვეყანაში ათასამდე კლუბია, მაგრამ ყველა ფინანსურად შეუმდგარი. მოედნები საშინელ მდგომარეობაშია. ტრიბუნებზე უფრო ნაკლები მაყურებელია, ვიდრე მოედანზე“ – ასე ახსნა თავისი მოტივაცია არ ეთამაშა ეროვნულ ნაკრებში მისმა კაპიტანმა, ცენტრალურმა მცველმა, პაოლო  მონტერომ. ჰოდა, მის შემცვლელად გოდინი ეგულებოდათ.

ევროპაში გადასვლა, მეგობარი ფორლანი და მოტივატორი სიმეონე

გოდინის „ნასიონალში“ გადასვლა არავის გაკვირვებია, რადგან საამისოდ სრულიად მომწიფებული გახლდათ და თანაც ეს კლუბი ამ საუკუნის დასაწყისში ურუგვაიში ყველა მხრივ სტაბილური გახლდათ. „ნასიონალის“ შემადგენლობაში დიეგო ურუგვაის ჩემპიონი გახდა და შემდეგ „ვილიარეალში“ გადავიდა.

ამ ვალენსიურ კლუბს სკაუტთა დიდი შტატი ნამდვილად არ ჰყავდა და სამხრეთ ამერიკაში ამ მოვალეობას დიეგო ფორლანი „ითავსებდა“, რომელმაც გასაქანი არ მისცა „ყვითელი სუბმარინას“ პრეზიდენტს როიგს, ეჩიჩინებოდა, რომ ურუგვაის ნაკრებში უმაღლესი კლასის მცველი ჰყავთ, თანაც ძალიან ახალგაზრდა და მისი აყვანა სხვებს უნდა დავასწროთ. ფორლანი პრეზიდენტს იმასაც პირდებოდა, რომ ორივე მხარისთვის ხელსაყრელ პირობებზე იოლად დაითანხმებდა.

2007 წლის 2 აგვისტოს „ელ მადრიგალის“ სიახლოვეს რაღაც ამბავი ხდებოდა. რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მალე ძალიან გაიზარდა და სტადიონის ტრიბუნებისკენ გაემართა. ახალწვეული ფეხბურთელის პრეზენტაცია იმართებოდა. შეკრებილთა უმეტესობამ არც კი იცოდა რა ფეხბურთელი იყო დიეგო გოდინი. დიეგომ ბურთი რამდენიმეჯერ აკენწლა, რაღაც მოძრაობები გააკეთა, რომელთაც ეზოში ლამის ნებისმიერი მობურთალი გააკეთებდა და გასახდელისკენ გაეშურა. 500-მდე შეკრებილმა „ვილიარეალის“ გულშემატკვარმა მხრების ჩეჩვით დატოვა „ელ მადრიგალი“.

„გოდინი ძალიან კარგი ცენტრალური მცველია და იმედი გვაქვს მას ისეთივე დიდი მომავალი ექნება, როგორიც გონსალო როდრიგესს“, – განუცხადა პრესას როიგმა.

2007/2008 წლების სეზონი „ვილიარეალის“ ისტორიაში საუკეთესო გამოდგა. გოდინმა როდრიგესთან წყვილში საკმაოდ ბევრი მატჩი ჩაატარა და თანაც დამაჯერებლად და მედია გამუდმებით წერდა, რომ ეს ფეხბურთელები სეზონის ბოლოს გრანდ გუნდებში გადავიდოდნენ. სამწუხაროდ,  გონსალოს კარიერა ტრავმამ დაასრულა, დიეგოს კი ეს პრობლემა არ ჰქონია.

აღარ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ფორლანი კიდევ ერთხელ გამოჩნდა გოდინის ცხოვრებაში. როდესაც მადრიდის „ატლეტიკოს“ ცენტრალური მცველი დასჭირდა, ფორლანმა კიდევ ერთხელ გაიხსენა თავისი თანანაკრებელი. გოდინი ფეხს ითრევდა როხიბლანკოში გადასვლაზე, მაგრამ ფორლანმა გადაარწმუნა. საამისო მიზეზიც ჰქონდა, რადგან მისით „ინტერი“ და „მილანი“ სერიოზულად იყვნენ დაინტერესებულნი და „რეალიც“ კი აწარმოებდა მასთან მოლაპარაკებას, მაგრამ ჟოზე მაურინიომ ბოლო მომენტში უარყო გოდინის კანდიდატურა.

ღიად რჩება საკითხი თუ ვინ უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გოდინის კარიერაში – ლემუსმა თუ ფორლანმა? თუ სენიორ ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა? იქნებ დიეგო სიმეონემ? ალბათ, ყველამ, რადგან რომელიმე მათგანი რომ არ შეხვედროდა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, სავსებით შესაძლებელია დღევანდელი ფეხბურთელი დიეგო გოდინი არც შემდგარიყო. და მაინც, გოდინი დიდწილად ელ ჩოლოს დამსახურება უფროა.

„თავიდან თამაში არ წამივიდა, მუხლის მძიმე ტრავმა გადავიტანე, შემდეგ აპენდიციტის ოპერაცია. სიმეონე არ მტოვებდა, ხშირად მხვდებოდა და ბევრს მელაპარაკებოდა. „სარაგოსასთან“ მატჩის ბოლო წუთები მიმდინარეობდა. მატჩი უგოლოდ თავდებოდა, ვუტევდით და მეც იერიშში ჩავერთე, რათა როგორმე გოლი გაგვეტანა, მაგრამ არაგონელები კონტრიერიშზე წამოვიდნენ, უკან დაბრუნება ვეღარ მოვასწარი და პენალტი ავიკიდე, რომელიც ანტონიო ანონიომ გაგვიტანა და წავაგეთ. მეორე დღეს „მახადაონდეზე“ სიმეონეს შევხვდი და ამიხსნა, რომ ყველაფრის ერთბაშად გაკეთებას ვცდილობ და ამიტომაც დავისაჯეთ. შენი საქმე დაცვაა, ხოლო თუ თავდმსხმელებს გოლი ვერ გააქვთ, ეს შენი ბრალი არაა და არც ანგარიში შეიცვლება, მაგრამ თუ შენ შეცდი, მაშინ გოლს აქეთ მივიღებთ. ამიტომ შეტევაში მაშინ უნდა გადახვიდე, როდესაც გარანტირებულად ვინმე გაზღვევს და იმისი ისევე გეიმედება, როგორც საკუთარი თავისო, – გაიხსენა გოდინმა.

El Grafico-სთან ინტერვიუში გოდინმა ერთმანეთს ტაბარესი და სიმეონე შეადარა: „მასტერი განსხვავდება ელ ჩოლოსაგან. მას უდიდესი გამოცდილება აქვს დაგროვილი, ძალიან მშვიდია, მაგრამ ეს ხელს სულაც არ უშლის მყისიერად შეაფასოს ნებისმიერი მომენტი და შენიშვნა დაუყონებლივ მოგცეს. მათ ის აერთიანებთ, რომ ფეხბურთის სიღრმისეული ცოდნა აქვთ და ტემპერამენტულად ხელმძღვანელობენ თამაშს“.

დასკვნის მაგიერ: დიეგო გოდინი – „ატლეტიკოს“ ლეგენდა

ემოციურობისა და ცივი გონების შერწყმა გოდინს ბავშვობიდან თან დაჰყვა. 2014 წელს მან ნანატრი ჩემპიონობა მოუტანა „ატლეტიკოს“, ძალიან ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან, მაგრამ საბოლოოდ ამ ტიტულის გარეშე დარჩა. მისი ორი თავური „რეალისა“ და „ბარსას“ კარში კი სამუდამოდ დარჩება გულშემატკივრის მეხსიერებაში, ისევე როგორც მისი ხისტი თამაში და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გაწბილება.

მოედნის მიღმა გოდინი ყურადღების ცენტრში არასოდეს არ ხვდება, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ ის არც ქველმოქმედია, მაგრამ ასე არ არის. უბრალოდ, ამის აფიშირება არ უყვარს.

2018 წლის ბოლოს, როდესაც ოფიციალურად დააკანონა ქორწინება სოფია ერერასთან, მონტევიდეოში გადახდილ ქორწილში ყველა მისმა სტუმარმა თანხა ურუგვაის მთავარ პერინატალურ ცენტრს გადაურიცხა.

“ატლეტიკოში“ გატარებული 9 წლის შემდეგ, 2019 წელს გოდინმა ერთი სეზონი მილანის“ ინტერში ითამაშა, 23 მატჩი ჩაატარა, ნერიაძურის აშკარად ვერ შეეწყო და როგორც იმ სეზონის ბოლოს ამბობდნენ, სარდინიაზე, ცოლოურში გადავიდოდა და ასეც მოხდა, ახლა 35 წლისა „კალიარიში“ თამაშობს და კარიერის დასრულებაზე არაფერს ამბობს.

წყარო: Sports

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო