11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

“ჩვენი მეგობრობა ფინალზე მნიშვნელოვანია“ – მან საფრანგეთი ევროპის ჩემპიონი გახადა

0
03.06.21. 663×81 ბანერი

ბუენოს-აირესის დასავლეთის გარეუბანი. სტადიონი ხის ტრიბუნებით. 25 წლის ერნესტო „ესტუდიანტეს დე კასეროსში“ დაცვის ცენტრს პატრულირებდა, არგენტინის ნაკრების მაისურით იმოსებოდა, მალაიზიაში ტურნირზე მიფრინავდა, მაგრამ სახმელეთო ჯარების გენერალმა ვიდელამ სამხედრო გადატრიალება მოაწყო, დაამხო პრეზიდენტი, შემოიღო ცენზურა, მისი სიკვდილის ესკადრონები კი ღამით დისიდენტებს იტაცებდნენ, ვერტმფრენებიდან ზღვაში აგდებდნენ ან აბეტონებდნენ.

მწვრთნელმა ერნესტო საპორიტიმ რჩევა მისცა: „საფრანგეთში ნაცნობი აგენტი მყავს, ყოფილი არგენტინელი თავდამსხმელი, „მონაკოში“ სინჯებს მოგიწყობს, გაემგზავრე, თავს უშველე“. საფრანგეთი ერნესტოსთვის უცხო არ არის: 1888 წელს პიერ ტრეზეგემ და მარი დიუკომემ სამ ბავშვთან ერთად დატოვეს ეს ქვეყანა და ბუენოს აირესიდან 400 კილომეტრში მდებარე სოფელში დასახლდნენ, მაგრამ „მონაკოში“ უცხო გახლდათ – სინჯები კი გაიარა, მაგრამ გუნდში ისედაც 3 ლეგიონერი თამაშობდა, მეტი კი არ შეიძლებოდა. „რუანში“ ჩაირიცხა, კარგა ხანს ეჩვეოდა ნორმანდიულ სიცივეს, ბარძაყი აწუხებდა, ერთი წლის შემდეგ უმაღლეს ლიგაში გადავიდა და მამა გახდა. ბიჭს ორი სახელი დაარქვეს: ერთი საფრანგეთსა და არგენტინაში აქტუალური, ხოლო მეორე მეწყვილე სერჟ ამორესი.

როდესაც დავიდ სერხიო ტრეზეგე 2 წლისა გახდა, მისმა მამამ არგენტინაში, პროლეტართა რაიონ ფლორიდა ოესტეში დაბრუნება გადაწყვიტა. ზაფხულში ჩრდილიში ტემპერატურა პლუს 40 გრადუსი იყო, ეზოში აუზი გააკეთეს და გრილდებოდნენ. უქმეებზე ბებიას (დედის დედას) სტუმრობდნენ. ახალგაზრდობაში ერნესტო ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ კი „პლატენსეს“ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.

altიქ დრიბლინგის მქონე ბევრი ფეხბურთელი იყო, დავიდი მათ არ ჰგავდა, სამაგიეროდ გოლებს იტანდა, მისი წარმოშობით ესპანელი დედა კი ყველა მატჩს ესწრებოდა. ლოლი ტრეზეგეს დიდხანს არ აინტერესებდა ფეხბურთი, მაგრამ ორი ძმა და მეუღლე ფეხბურთელები იყვნენ და რა უნდა ექნა. როდესაც დავიდმა ბიძია ტომაზოსთან ნახევრად დანგრეულ სპორტულ დარბაზში ვარჯიში დაიწყო, იაფფასიანი ამუნიცია შეუძინეს.

დავიდი ვარჯიშების შემდეგ მეგობრებთან ერთად ღობესთან კარში უმცროს დას, ფაბიანოს აყენებდა და ცაციათი დარტყმებს ხვეწდნენ. ბავშვი ბურთებს ვერ იჭერდა და დედის დასამშვიდებელი ხდებოდა. თუ ბურთი მეზობელ ნორბერტოს ნაკვეთში გადავარდებოდა, ერთი ამბავი ატყდებოდა ხოლმე. მან ესპანური კარგად არ იცოდა და ბურთის უკან გადაგდებას სთხოვდა, ნორბერტოს კი ეგონა ბიჭი დასცინოდა.

მამა შვილს ცაციათი უკეთ თამაშს და ფიზიკურად მომძლავრებას ავალდებულებდა. 1992 წელს კორდობას ტურნირზე ფინალი 5:0 მოიგეს, დავიდმა კი ბურთი ერთი არგენტინელის სტილში იდაყვით გაიტანა და მსაჯმა ჩაუთვალა, რადგან ეგონა თავით ითამაშა. ღამე კორდობაში მცხოვრებ ერთერთ ოჯახში უნდა გაეთიათ, იქ ადგილი არ ეყოთ და  პოლიტიკური პარტიის ოფისში გადაიყვანეს, მაგრამ იქ ვირთხებმა შეაწუხეს და დილამდე ქუჩაში სკამებზე მოუწიათ დაძინება.

სკოლის მეგობრებმა კრისტიანმა და დიეგომ დავიდი როკ-ჯგუფში (Los Angeles Azules) მიიწვიეს და რეპეტიციები ჯერ გარაჟში დაიწყეს, შემდეგ სკოლის დარბაზშა და პენსიონერთა სახლში გააგრძელეს და კონცერტები მდინარე რიო-დე-ლა-პლატასთან გამართეს, რომელიც არგენტინასა და ურუგვაის ჰყოფს. მაშინ „პლატენსეს“ მწვრთნელმა რიკარდო რეცამ დავიდი პირველ გუნდში იხმო და მისი მუსიკალური მოღვაწეობა ამით დასრულდა.

რეცამ ერთი კვირით ადრე გააფრთხილა, რომ „ხიმნასიასთან“ სასტარტოში დააყენებდა, ბუენოს აირესში ისეთი ქარიშხალი იყო, ყველა მატჩი გადაიტანეს, გარდა „პლატენსე“-„ხიმნასიასი“. ტრეზეგე ძალიან ნერვიულობდა, თავსხმა წვიმაში ედუარდო კოუდეტთან ერთად ტანდემში ითამაშა (1:1), იმ სეზონში კიდევ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მერე გუნდში ახალი მწვრთნელი მივიდა – ლუის მანუელ ბლანკო, რომელმაც გადაწყყვიტა, რომ როგორმე გამხდარი ფრანგის გარეშე გავიდოდა ფონს.

არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცს, ხოსე პეკერმანს ტრეზეგეს კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე წაყვანა სურდა, მაგრამ ფედერაციის წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ მისი არგენტინის მოქალაქეობის მოწმობა ყალბი გახლდათ და არ გარისკეს. ტრეზეგე ხომ საფრანგეთში დაიბადა და მისი პირადი ნომერი 30-ით იწყებოდა და ყველა ფეხბურთელისაგან განსხვავდებოდა. ერნესტომ და დავიდმა კი გადაწყვიტეს, რომ ვინაიდან კლუბსა და ნაკრებში მომავალი კარგს არაფერს უწინასწარმეტყველებდა, საფრანგეთში გამგზავრება უჯობდათ.

alt

„ოლიმპიკის“ მწვრთნელმა ჟერარ ჟილიმ, რომელიც „რუანში“ ერნესტოს პარტნიორი იყო, დავიდის სინჯებზე მიწვევას დაჰპირდა, მაგრამ სანამ ადგილზე ჩავიდნენ, სამუშაოდან დაითხოვეს. შემდეგ გაიგეს, რომ პსჟ-ში კასტინგები გაიმართებოდა და მამის მეგობარი ომარ ფონსეკა დაეხმარა. დავიდი დანიშნულების ადგილზე სამი საათით ადრე მივიდა, ჯორჯ ვეას შეეყარა, რომელიც „მილანში“ გადასვლის წინ ბაზაზე თანაგუნდელებთან გამოსამშვიდობებლად მივიდა და მწვრთნელი ლუის ფერნანდესი ნახა, რომელიც ესპანურად მასზე უკეთ საუბრობდა. ორკარას თამაშამდე ლუისმა ბიჭებს 2 შეხებით დარტყმაში ვარჯიში დაავალა, დავიდი პირველი მივიდა, თუმცა წესიერად ვერ გაიგო და ერთი შეხებით ამოსცხო ბურთს. გოლი გაიტანა და გაკვირვებული დარჩა, ყველა უცნაურად რომ უყურებდა.

„შატორუსა“ და „სენტ-ეტიენის“ მატჩების შემდეგ ფერნანდესმა უთხრა, რომ მიშელ დენიზომ და მამამისმა კონტრაქტზე ვერ მოილაპარაკეს. ერნესტო ყოველთვიურად 15 ათას ფუნტს და ოჯახისთვის ბინის ქირაობას სთხოვდა, მაგრამ დენიზომ უპასუხა, რომ 17 წლის ბიჭს ამდენს ვერ გადაუხდიდნენ და თანაც ასაკით მისი ტოლი ნიკოლა ანელკა ჰყავდათ და დაემშვიდობა.

ფონსეკამ „მონაკოში“ გააგზავნა, რომლის მწვრთნელი მისი მეგობარი ჟან ტიგანა იყო. მივიდა და იქ ბარტეზი, ტიურამი, შიფო, ბოლი და ანდერსონი დახვდნენ, აგრეთვე თმახუჭუჭა ტიერი, რომელიც ესპანურად ცუდად ლაპარაკობდა. ტრეზეგეს ფრანგულად მისალმებაც არ შეეძლო, თავიდან მეორე სახელით, სერხიოთი მიმართავდნენ. პირველი ორმხრივი თამაშისას 10-დან 7 გოლი გაიტანა და ტიგანამ უთხრა, რომ სჭირდებოდა. წიგნში „Bleu Ciel“ ტიგანამ აღიარა: „მონაკოს“ პრეზიდენტმა კამპორამ თქვა, რომ პსჟ-ის დაწუნებული ფეხბურთელის აყვანა აუცილებელი არ იყო, მან კი მიუგო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გადადგებოდა. “ბლეფზე წავედი, რომ დამენახებინა, რამდენად მჭირდებოდა დავიდი. ასე რომ არ გავჯიუტებულიყავი, ალბათ, მამამისთან ერთად არგენტინაში დაბრუნდებოდა.”

შობაზე და და დედა ჩამოფრინდნენ, რომელმაც არგენტინაში მერიაში მდივნად მუშაობას თავი დაანება. ლოლი ტრეზეგე მატჩებზე შვილის მხარდასაჭერად ბარაბნითა და პლაკატით მიდიოდა. რამ გაგაკვირვათ? არგენტინაში ყველა ასე გულშემტკივრობს.

alt

დავიდი შორს ცხოვრობდა, ავტომობილის შესაძენი ფული არ ჰქონდა და ვარჯიშებზე ახალ მეგობარს, ტიერის მიჰყავდა. ორი წლის შემდეგ ისინი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, სადაც ერთად 4 გოლი გაიტანეს, კლუბში დაბრუნებულებს კი ვარჯიშზე წყალი მიჰქონდათ, მოედანზე მიმოფანტულ ბურთებს აგროვებდნენ და გასახდელში მიათრევდნენ.

„სტად დე ფრანსზე“ საუდის არაბეთტან გოლამდე 8 თვით ადრე ლიგა 1-ში სასტარტოში ითამაშა და პირველი გოლიც გაიტანა. 1997 წლის ზაფხულში „მონაკომ“ „ბარსელონას“ სონი ანდერსონი მიჰყიდა და მის ნაცვლად ხორვატიის ნაკრების წევრი შპეხარი შეიძინა, რომელიც ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი გახდა, ხოლო სანამ ის ადაპტირებას მოახერხებდა, ტიგანამ ტრეზეგეს ანდერსონის 9 ნომერი და თავის გამოჩენის შანსი მისცა. ნოემბერში დავიდმა სამ მატჩში დუბლი შეასრულა, მათ შორის პსჟ-სთან, ხოლო გაზაფხულზე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა განახორციელა – „ოლდ ტრაფორდზე“ მის მიერ 154 კმ-სთ-ის სისწრაფით გაგზავნილი ბურთი „მანჩესტერის“ გოლკიპერ ვან დერ გოუს კარში შევარდა.

მსოფლიოს ჩემპიონტზე გივარშის ტრავმის გამო მოხვდა, დიუგარისთან დუეტში მოქმედებდა, მაშინვე გაიტანა, დანიასთან პენალტი მოინადირა, ნამატჩევს კი ანრიმ მაისური თავის ბავშვობის კერპს, მიკაელ ლაუდრუპს გაუცვალა და დავიდს ახალი ვარცხნილობის გაკეთება შესთავაზა. ვერ გამოდგა ტიერი კარგი პარიკმახერი, რის შემდეგაც ბარტეზმა ორივეს თავი გადახოტრა. ამას ერთი კვირის თავზე იტალიასთან 120-წუთიანი ბრძოლა და პენალტების სერია მოჰყვა.

alt

„ვინ დაარტყამს?“, – იკითხა ფეხბურთელებით გარშემორტყმულმა ჟაკემ. რამდენიმე ფრანგს იტალიაში ჰქონდა ნათამაშევი და იცოდნენ, რომ მეკარე პალიუკა თერთმეტმეტრიანების მოგერიების ოსტატი იყო. ისინი დუმდნენ. 20 წლის ტრეზეგემ კი, რომელიც 3 წლის წინ „პლატენსეში“ სათადარიგო იყო, ხელი ასწია. „სტად დე ფრანსზე“ 80 ათას მაყურებელს შორის მისი დედაც იმყოფებოდა თავისი განუყრელი ბარაბნით. პალიუკამ ლიზარაზიუს დარტყმული ბურთი მოიგერია, ტრეზეგესი – ვერა. ორი კვირის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა შირაკმა საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცა, შვებულებისას ბეატრისი გაიცნო და ერთი წლის მერე დაქორწინდნენ.

ზამთარში ანრი „იუვენტუსში“ გადაბარგდა, დავიდს „რომა“ იწვევდა, მაგრამ „მონაკოს“ პრეზიდენტმა კამპორამ უთხრა, რომ ჯერ ჩემპიონატის მოგებაში უნდა დახმარებოდა. 1999 წელს მონეგასკებმა მარსელო გალიარდო და მარკო სიმონე იყიდეს, მათთან და ლუდოვიკ ჟიულისთან ერთად ოთხივე ფეხბურთელმა 60 გოლი გაიტანა, რამაც გუნდს ჩემპიონის ტიტული, ხოლო ტრეზეგეს საფრანგეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ადგილი მოუპოვა.

ევროპირველობის წინ დავიდმა შეიტყო, რომ შვილი შეეძინა, აარონი. არ დაეძინა, შუა ღამით ნაკრების დირექტორ ანრი ემილიასთან შევიდა, მან მწვრთნელ როჟე ლემერს აცნობა და ის 10 წუთის შემდეგ ტრეზეგესთან შამპანურის ბოთლით იდგა.

alt

ევროზე ლემერი ცენტრფორვარდად უფრო სწრაფ ანელკას აყენებდა, დავიდი კი მხოლოდ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ჰოლანდიასთან შეუშვა, გოლი გაიტანა, თუმცა პლეი-ოფში ისევ სკამზე მოუწია ჯდომა, ფინალში კი, როდესაც 0:1-ს აგებდნენ, 15 წუთით ადრე ჯორკაეფის ნაცვლად შევიდა მოედანზე. ლემერს მატჩის წინ მამა გარდაეცვალა და თამაშისას გაქვავებული იდგა. ემოციებს ვერ გამოხატავდა და როდესაც მეოთხე დამატებულ წუთზე ვილტორმა ტრეზეგეს პასით გოლი გაიტანა, სიხარული არ შეეტყო. პირველი ოვერტაიმის დასასრულს ტრეზეგემ ცაციათი დალაშქრა მეტოქის კარი (ტყუილად როდი აწვალებდა ბავშვობაში თავის დას) და საფრანგეთი ჩემპიონი გახდა.

ლემერი ხელებგაშლილი გავარდა „დე კუიპის“ სტადიონზე კუთხურის ალმისკენ, სადაც სიხარულისგან ჭკუიდან გადასული ტრეზეგე საგოლე პასის ავტორ რობერ პირესს ყურში ჩაჰყვიროდა: „Muchas gracias por el centro, Robert!“

alt

„ლაციო“ და „რეალი“ ეპატიჟებოდნენ, მაგრამ პლატინიმ, ზიდანმა და დეშამმა დაარწმუნეს, რომ „იუვე“ უკეთესი ვარიანტი იყო. კონტრაქტს ხელი მოაწერა და ფლორიდა ოესტეში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე დღე ქუჩაში თამაშობდა ფეხბურთს. მამა უყვიროდა, ხომ არ გაგიჟდი, ტრავმა არ მიიღოო. პირველი ნახევარი წელი იტალიაში იშვიათად უწევდა მოედანზე გასვლა, მწვრთნელი ანჩელოტი დელ პიერო-ინძაგის დუეტს ანიჭებდა უპირატესობას, ზამთარში ულიე „ლივერპულში“ უხმობდა, ვენგერი „არსენალში“, ანჩელოტი კი ეუბნებოდა, ფეხი არსად გაედგა. ძალიან თბილად ექცეოდა, ეკითხებოდა, როგორ გრძნობდნენ ტურინში თავს მისი მეუღლე და შვილი და მეორე წრეში უფრო ხშირად ათამაშებდა. 14 გოლი გაიტანა და გუნდის ბომბარდირი გახდა, სკუდეტო კი „რომამ“ მოიგო, ანჩელოტი ლიპიმ შეცვალა, რომელმაც განაცხადა, რომ ტრეზეგე კი არა კრისტიან ვიერი სჭირდებოდა. ვიერის ტრანსფერი ვერ განახორციელეს და ლიპიმ ნიძლავი დაუდო: „ყველა ტურნირზე 13 გოლზე მეტს თუ გაიტან, ძვირფას საათს გაჩუქებ, თუ ნაკლებს, საათი შენ უნდა მაჩუქო“.

4 თვის შემდეგ „იუვე“ ჩემპიონი გახდა, ტრეზეგემ კი სერია А-ში ყველაზე მეტი, 24 გოლი გაიტანა და კიდევ 8 ჩემპიონთა ლიგაზე. თავის ავტობიოგრაფიაში ტრეზეგემ აღიარა, რომ ყველაზე მეტად მოტივირებული არა ნიძლავმა, არამედ ახალმა პარტნიორმა პაველ ნედვედმა გახადა. უქმეებზე ნედვედი გოლფის მოედანზე დამატებით ვარჯიშობდა, შობისას კი სატრენაჟორო დარბაზში, რადგან თავისი ფორმით კმაყოფილი არ იყო.

გერმანიის მუნდიალის წინ სერია А-ში ისევ 24 გოლი გაიტანა და ფინალურ სტადიაზე კვლავ იტალიას შეხვდნენ, ისევ პენალტების სერია, ისევ ასწია ხელი და ბურთი ხარიხას გაარტყა. საფრანგეთი დამარცხდა, ბერლინის სასტუმროში დაბრუნდა და დედამ უთხრა, რომ ვიღაცას მასთან დალაპარაკება სურდა. უკმაყოფილო დავიდმა ჩაიბურტყუნა, რომ იქნებ უკეთესი დრო მოენახათ. ოთახში დაბალი კაცი შემოვიდა, მუქი თმით. სტუმარი დავიდს შვილივით გადაეხვია და დილამდე ესაუბრა: „მსოფლიოს პირველობის ფინალში ყველა დიდ ფეხბურთელს გაუცუდებია დარტყმა, მათ შორის მეც, ხანდახან უნდა დაეცე, რათა უფრო ძლიერი გახდე“. ასე დიდხანს განაგრძბდნენ საუბარს, მაგრამ საფრანგეთში უნდა გაფრენილიყო, გამოსამშვიდობებლად პარიზის მოედანზე გულშემატკივრები ელოდნენ, ტრეზეგე სტვენასა და ობსტრუქციას ელოდა, მაგრამ პუბლიკამ მისი სახელის სკანდირება დაიწყო და ატირდა – წინა ღამით მარადონას ნათქვამი სიტყვები გაახსენდა…

alt

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე კორუფციული სკანდალის გამო „იუვენტუსს“ სერია В-ში უკრეს თავი. იქამდე ორი წლით ადრე რაიკარდი და ლაპორტა „ბარსელონაში“ იწვევდნენ, მაგრამ „იუვეს“ ახალმა მწვრთნელმა კაპელომ დარჩენაში დაარწმუნა. მან ახალ პარტნიორთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ტურინულ გუნდში მე-100 გოლი გიტანა, პლატინის ამ მაჩვენებლით გაუსწრო და უთხრეს, რომ მისი გადასაწყვეტი იყო და თუ წავიდოდა, არ დაემდურებოდნენ. კაპელო კანავაროსთან და ემერსონთან ერთად მადრიდში გადაბარგდა, ტრეზეგე კი თანაგუნდელებს აზრს დაეკითხა – გაყოლოდა თუ არა გუნდს ქვედა ლიგაში და ორი წელი ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენილიყო. „ხანდახან უნდა დაეცე, რათა ძლიერი გახდე“.

მაურო კამორანეზი „იუვეში“ ტერეზეგეზე ორი წლის შემდეგ მივიდა, ერთ ოთახში ცხოვრობდნენ და ძალიან დამეგობრდნენ. ძილის წინ ბუტერბროტებს მიირთმევდნენ, დავიდი დაიძინებდა, ხოლო მაურო გააბოლებდა და მერე ძილში ხვრინავდა. ტრეზეგე სულ გამოუძინებელი იყო, მაგრამ ძმაკაცის სხვა ოთახში გასახლება არასდროს მოუთხოვია. 2006 წლის მუნდიალისას ერთმანეთს ხშირად ეკონტაქტებოდნენ, როდესაც ფინალში ბურთი თერთმეტმეტრიანიდან ხარიხას გაარტყა, ყველანი ბუფონსა და გროსოს ულოცავდნენ, კამორანეზი კი მივიდა და დავიდი დაამშვიდა. „მის ტკივილს ვგრძნობდი, მის ადგილზე შეიძლებოდა მე ვყოფილიყავი. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩვენი მეგობრობა მუნდიალის ფინალზე უფრო მნიშვნელოვანია“, – დაწერა კამორანეზიმ წიგნში „ცისფერი ცა“.

შემდეგ სერია В-ში ახალ მწვრთნელ დეშამთან ერთად იმოგზაურეს, რომელსაც მისტერს ეძახდა. გუნდში კარგი ახალგაზრდები (მარკიზიო, კიელინი, ჯოვინკო) ჰყავდათ და ადვილად გავიდნენ პირველ ადგილზე, მაგრამ გაზაფხულზე დავიდისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზება დაავიწყდათ, მან ბოლო ტურში გულშემატკივრებს ხელი დაუქნია. „ლივერპული“ იწვევდა, მაგრამ კიდევ სამი წელი დარჩა და შემდეგ ესპანურ „ერკულესში“ გადავიდა. ლეგიონერთა შორის „იუვეს“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ორივე მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, ლამის დაინვალიდდა და კინაღამ ფეხბურთს დაანება თავი.

alt

დავიდი „ერკულესში“ კამორანეზის ეპატიჟებოდა, მაგრამ მან „შტუტგარტი“ აირჩია და სწორადაც მოიქცა, ვინაიდან შუა სეზონისას „ერკულესი“ ფეხბურთელებს ხელფასს ვერ უხდიდა, პრეზიდენტი იმალებოდა და დავალიანება დღემდე ვერ გაუსტუმრა. ესპანეთის ლიგაში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდში 12 გოლი გაიტანა. იმ დროს „რივერ პლეიტმა“ ისტორიაში უდიდესი სირცხვილი ჭამა – 110 წლის მანძილზე პირველად გავარდა უმაღლესი ლიგიდან.

ნახევარი წლის შემდეგ, როცა ტრეზეგემ არაბულ “ბანი იასეში” მოიწყინა, “რივერ პლეიტის” პრეზიდენტმა პასარელამ დაურეკა, შემდეგ მწვრთნელმა ალმეიდამ. დავიდმა ფული დაკარგა, რადგან “ბანი იასეს” კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ თანხა გადაუხადა, მაგრამ ის სამშობლოში თამაშის სურვილმა და საყვარელი კლუბის დახმარების იდეამ გაიტაცა. მას სურდა ისევ ეგრძნო არგენტინული სტადიონების ატმოსფერო, სადაც არავის გაუკვირდებოდა დედამისის ბარაბანითა და კანფეტებით დანახვა. ისე მოეწონა ეს ყველაფერი წარმოდგენებშიც კი, რომ ფულზე არც კი უფიქრია.

alt

ღმერთო, როგორ აკლდა ეს ყოველივე და ამას აქამდე როგორ ვერ ხვდებოდა. როდესაც მწვრთნელი რაიმონ დომენეკი მეორე ნაკრებში სლოვაკეთის სოფელში თამაშს აიძულებდა. როდესაც დამშვიდობების წინ „იუვენტუსი“ მას, კამორანეზისა და გროსოს გუნდთან ერთად არ ავარჯიშებდა. როდესაც „ერკულესის“ რიგებში „რეალთან“, „ატლეტიკოსთან“ და „სევილიასთან“ გოლების გატანის შემდეგ კლუბის პრეზიდენტს თუნდაც ახალგაზრდებისთვის გასამრჯელოს მიცემას ემუდარებოდა.

იანვარში ბუენოს-აირესში აუტანელი სიცხე იყო, მსოფლიოს 34 წლის ჩემპიონი კი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა, რათა ავანტიურაზე ხელის მომწერი ყველას დასაცინი არ გამხდარიყო, 18 თებერვალს კი „ინდეპენდენტესთან“ მატჩის დასასრულს კავენაგი შეცვლა, გოლი გაიტანა და ტრიბუნაზე გულშემატკივრებთან შეხტა. „რივერ პლეიტი“ გალიდერდა, თუმცა ელიტაში დასაბრუნებლად კიდევ ბევრი თამაში იყო და ბევრი გოლი გასატანი. თვენახევრის შემდეგ მათგან ყველაზე ლამაზი გაიტანა.

ესეც არ გახლდათ საკმარისი. 2012 წლის 23 მაისს, როდესაც ესპანეთმა საფრანგეთი ევროპირველობის პლეი-ოფიდან გამოაგდო, „რივერი“ „ალმირანტე ბრაუნთან“ მატჩისათვის ემზადებოდა, სპონსორმა დავიდის ბუცებზე მისი შვილების აარონისა და ნორაანის სახეები გამოსახა, მან ჯერ მარჯვენათი გაიტანა, შემდეგ მარცხენათი, გაიმარჯვეს და უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდნენ. ერთმა ფანმა მხარზე ტრეზეგეს ტატუ გაიკეთა და თავის შვილს დავიდი დაარქვა.

alt

დაბრუნებული „რივერ პლეიტი“ პირველ მატჩში ტრეზეგემ კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა მოედანზე, „რასინგთან“ მატჩში კამორანეზის შეხვდა. მერე ალმეიდა რამონ დიასმა შეცვალა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ტრეზეგეს ადგილს ვერ ხედავდა. პასარელამ სპორტული დირექტორის თანამდებობა შესთავაზა, ის „კი „ნიუელს ოლდ ბოიზში“ გადავიდა და ახალ გუნდთან ერთად მეოთხე ადგილზე გავიდა (რივერი მეჩვიდმეტეზე). იქ 31 მეტრიდან ჯადო-გოლი გაიტანა.

36 წლის ასაკში პირველად იასპარეზა ლიბერტადორესის თასზე და კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა. ბუენოს-აირესის კათოლიკურ უნივერსიტეტში სწავლა განაახლა და სპორტული მენეჯერის დიპლომი მიიღო. ახლა „იუვეს“ ელჩია იაპონიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ჩინეთში, არგენტინასა და კანადაში…

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო