11 X 11
სპორტული პორტალი

168 სმ სიმაღლის ერთადერთი ტოპ მეკარე, რომელიც ყველას 3 მიზეზით დაამახსოვრდა [VIDEO]

0

დღეს 180 სანტიმეტრი განაჩენია – იკერ კასილასის შესახებაც კი ხშირად იყენებენ დაბალი ადამიანისთვის განკუთვნილ ეპითეტს. ამ სიმაღლით დღეს შანს არავინ მოგცემთ და ასეა უკვე დიდი ხანია. როცა მაგარ მეკარეებზე საუბარს დავიწყებთ, რომლებიც 170 სმ-ზე დაბლები არიან, აუცილებლად წინა საუკუნეში მივდივართ და ეს არა მხოლოდ ფეხბურთის დონის გამო.

გაიხსენეთ უილიამ “ქონიანი” ფოულკი, რომელიც ამჟამად მხოლოდ ჭარბწონიან ფეხბურთელებთა ათეულებში თუ გვხდება, არა და გასული საუკუნის ინგლისურ გაზეთებში ისტორიაში ერთერთ საუკეთესო მეკარედ მოიხსენიებდნენ. მის წარმატებას, მეტწილად, სიმაღლე განაპირობებდა. პირველ რიგში, ეს ძალა იყო, რომელსაც მოგვიანებით ზედმეტი წონა დაემატა, შეჯახებისას მას კარში ბურთიანად ვერ შეაგდებდი, არა და ადრე ეს თამაშის ნაწილი იყო. მეორე, მას ფანტასტიკური სიმაღლე ჰქონდა (195 სმ) ინგლისელი ფეხბურთელების საშუალო სიმაღლესთან (166 სმ) შედარებით, რაც თანაგუნდელებზე თვალის მოკვრითაც ჩანს. რომ შეხედავ, გგონია, მეკარეს შეუძლია ნებისმიერ გუნდელი შუაზე გაგლიჯოს.

შეიძლება ზოგიერთ თქვენგან ფრანტიშეკ პლანიჩკა ახსოვდეს. “პრაღელი კატა”, რომელიც ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში თამაშობდა და ისტორიას იმიტომ შემორჩა, რომ ბრაზილიასთან თამაშისას ხელი მოიტეხა, თუმცა მატჩი ჩაამთავრა და გოლი არ გაუშვა. მეორე მსოფლიო ომამდელი მსოფლიო ჩემპიონატების ერთერთი საუკეთესო მეკარე, რომელიც გასული საუკუნის საუკეთესო მეკარეების ათეულში სულ ხვდება. ახლა, საუკეთესოებში კი არაა, კარშიც არავინ დააყენებდა, რადგან სიმაღლეში 172 სმ იყო. თუმცა, 30-იან წლებში ადამიანები ასეთი მაღლები არ იყვნენ… ის მსოფლიოს დიად მეკარეებს შორის სახელდება, ასეთი სიმაღლით ლევ იაშინის, გორდონ ბენქსის, პეტერ შმეიხელის, დინო ძოფისა და სხვების გვერდით არავინ დგას.

არავინ, მექსიკელი ხორხე კამპოსის გარდა, რომელმაც ისტორიაში შესვლა სამი სხვადასხვა გზით მოახერხა, და სამივე მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება.

168 სანტიმეტრი

სამხრეთ კორეასთან გასამართი მატჩის წინ გადაღებულ ფოტოს თუ არ დავაკვირდებით, მოგვეჩვენება, რომ კამპოსი ყველაზე მაღალია. რეალურად, ის გუნდელებზეა ჩამოკიდებული და ბურთზე დგას. სწორედ მას უწოდებენ ისტორიაში საუკეთესოს, მართალია ეს მხოლოდ ერთი ქვეყნის ისტორიაა, თუმცა მაინც – მისი სამეკარეო დიდება მექსიკის საზღვრებში არის მოქცეული.

კამპოსმა კარიერა 2004 წელს დაასრულა, თუმცა რეალურად 90-იანებში თამაშობდა, ხოლო ისინი, ვინც მხოლოდ 21-ე საუკუნის ფეხბურთს უყურებენ და მომავალშიც განაგრძბენ, ვერასდროს ნახავენ ასეთ სტილს, რომელიც ტოპ დონემდე მისულმა მესიზე დაბალმა მეკარემ შექმნა. ის თავს მხოლოდ პოზიციის სწორი შერჩევით ვერ შემოფარგლავდა. პირიქით, მისი თამაში საოცარი აკრობატული ნახტომებით იყო სავსე, რომლის საშუალებითაც არა მხოლოდ მკვდარ ბურთებს, არამედ ადვილად მოსაგერიებელ დარტყმებსაც იღებდა. როცა მეკარისთვის ასეთი დაბალი ხარ, როგორ უნდა მოახერხო მისი კომპენსირება საოცარი ნახტომისა და რეაქციის გარეშე?

ამასთანავე, ის ყოველთვის კარში არ თამაშობდა, მთელი თამაში ისე მოქმედებდა, როგორც კლოუნი საცირკო არენაზე, სწორედ ამის გამო მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლამის 30 წლის წინ მის სტილს “მომავალი საუკუნეების თამაში” უწოდა. არც შემცდარა.

მექსიკის ნარეკბში ჩატარებული 130 შეხვედრა კონკაკაფის წევრ გუნდებზე არ მოდის. საკუთარი ქვეყნის გუნდში სამ მუნდიალზე იასპარეზა და ითამაშა ისეთი ვარსკვლავების წინააღმდეგ, როგორებიც ხრისტო სტოიჩკოვი, რობერტო ბაჯო, იურგენ კლინსმანი, დენის ბერხკამპი და სხვები და სხვები იყვნენ. 1994 წელს მსოფლიომ მისი ცრემლები იხილა, მუნდიალის 1/8-ფინალური მატჩი ბულგარელებთან პენალტების სერიამდე მივიდა, ხორხემ პირველი 11-მეტრიანი მოიგერია, გუნდელებმა კი ზედიზედ სამი გააფუჭეს და სიკვდილის ჯგუფიდან გასვლა წყალში ჩაყარეს. 4 წლის შემდეგ, საფრანგეთში ამავე სტადიიდან გამოვარდნენ გერმანიის ნაკრებთან, არა და ჯგუფში წაგება არ ჰქონიათ. სამხრეთ კორეასა და იაპონიაში უკვე 36 წლისა წავიდა და სკამზე იჯდა, თუმცა ჯგუფიდან გაუსველელობამ გული დიდად ვერ გაუტეხა, წინა წლებში მექსიკასთან ერთად კონკაკაფის ოქროს თასი ორჯერ მოიგო.

კამპოსმა თავისი თაობის ერთერთი საუკეთესო მეკარის სტატუსი მოიპოვა. თუ ოფიციალურად გვაინტერესებს, IFFHS-ის მიერ ჩატარებულ 100-წლეულის საუკეთესო მეკარეების გამოსავლენ გამოკითხვაში 29-ე ადგილი დაიკავა. 1993 წელს კი იგივე IFFHS-სგან ბრინჯაოს ხელთათმანი მიიღო, როგორც მსოფლიოს მესამე საუკეთესო მეკარემ.

მაგარია არა, როცა სიმაღლეში 168 სმ ხარ?

ალბათ, ეს ერთერთი მიზეზი არის, რატომაც მას გენიალურ თუ არა, საკულტო მეკარედ თვლიან. თუმცა, მსოფლიომ, რომელიც თვალს მუნდიალის ტრანსილაციებს ადევნებდა, ის არა სეივების, არამედ სულ სხვა მიზეზით დაიმახსოვრა.

ფორმა

1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კამპოსის ცხოვრებაში მთავარი პოდიუმი იყო, რომელზეც მან თავისი მორიგი კოლექცია წარმოადგინა და ყველა შეხვედრაში მის მიერვე შექმნილი დიზაინის სხვადასხვა ფსიქოდელიკური მაისურებით გამოვიდა. მართალია სხეულზე ტომარასავით ეკიდა და რამდენიმე ზომით მეტი იყო, მაგრამ ეს არა იმიტომ, რომ თავდამსხმელებს თვალში მოხვედროდა ან ისინი შეეშინებინა და მათში ეპილეფისური ნიშნები გამოეწვია. არა, ის უბრალოდ ფეხბურთს თავის სტილს სთავაზობდა.

“მიყვარს ნათელი ფერები, მათ აკაპულკოში მივეჩვიე, სადაც დავიბაზე და გავიზარდე, სადაც სერფინგი ვისწავლე. შეგიძლიათ მას აკაპულკური მოდა დაარქვათ. მე კი აზრად მისი ფეხბურთში გადატანა მომივიდა. თავდამსხმელად როცა ვთამაშობ, გუნდის ფორმის ტარება მიწევს, კარში როცა ვდგავარ, მაშინ ფანტაზიაში შეზღუდული აღარ ვარ,”- ასე ხსნიდა ხორხე თავის სტილის შთაგონების წყაროს.

ამჟამინდელ კომერციულ ფეხბურთში ამ ისტორიას, ალბათ ხელფასის გაზრდის არგუმენტად დაასახელებდნენ, თუმცა მაშინ კამპოსს კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა. ფულს კი იმიტატორები აკეთებდნენ, რომლებიც სტილს აკოპირებდნენ და უამრავ მაისურს ყიდდნენ. მას კი სპონსორების კონტრაქტების შესრულებას ავალდებულებდნენ, რის გამოც იმათ მიერ შეკერილი მოსაწყენი ფორმებით უწევდა თამაში.

ეგ კი არა, ლეგენდარულ მატჩში “სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ” რონალდოს, მალდინის, ფიგუს, კლუივერტის, დევიდსისა და კანტონას გვერდითაც კი მკაცრი შავი ფერის ფორმით გამოიყვანეს…

სეივების გარეშე, ფერების გარეშე. ამ კადრებში, რომელშიც მალდინი არსაიდან გამოხტება, ის განსაკუთრებულობის მესამე მიზეზს უახლოვდება.

თავდამსხმელი

ბატისტუტა, რონალდო, შირერი და კამპოსი. ხორხე ამ კამპანიაში უბრალოდ არ მოხვედრილა – ისიც ატარებდა 9-ნომრიან მაისურს და ნამდვილი ფორვარდი იყო.

მისი მთელი კარიერა მექსიკას უკავშრდება, თუმცა ორჯერ მექსიკელისთვის დამახასიათებელი გზა გაიარა და თითო-სეზონი ამერიკულ გუნდებში გაატარა – “ლოს ანჯელეს გალაქსისა” და “ჩიკაგო ფაიარის” რიგებში, ამ ჩემპიონატებს შორის შესვენებისას კი მექსიკაში თამაშობდა. MLS-ის 90-იანების სიგიჟეში ის ხომ პირდაპირ ეწერებოდა…

1997 წელს გამართული ვარსკვლავების მატჩი: აღმოსავლეთი დასავლეთის წინააღმდეგ, ინტერვიუ პირდაპირ მატჩის დროს, კარლოს ვალდერამა თავისი ვარცხნილობით, მეკარე ქუდით, საგოლე თრილერი და რასაკვირველია, კამპოსი. მაგარი გოლი შეაგდო, 1 საათი მოედნის ფეხბურთელად გაატარა და მერე კარში დაბრუნდა.

დიახ, შოუ მატჩები. ჩვეულებრივ შეხვედრებში კი უბრალოდ გამოირბენდა კარიდან და ისე ეხმარებოდა შეტევას.

საუკეთესო გოლი კი მაინც მექსიკაში გაიტანა, “ატლანტეს” რიგებში, მატჩის ბოლოს მწვრთნელმა მცველის ნაცვლად მოედანზე მეკარე შეიყვანა, კამპოსი კი თავდასხმაში გადაიყვანა! დანარჩენი უნდა ნახოთ…

ამას გარდა, კარიერის დასაწყისში, 1989 წელს კლუბში ნაკრების მეკარის შეცვლელად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ უნდოდა და მწვრთნელს თავი თავდასხმაში გადააყვანინა. შედეგი კი ასეთი იყო: სეზონში ჩატარებული 52 მატჩი და 22 გოლი. შემდეგ სეზონში კამპოსმა ძირითადი მეკარის სტატუსი მოიპოვა და ფორვარდობა მეორად პროფესიად ექცა. ამას ხელი არ შეუშლია მისთვის კარიერაში 38 გოლი გაეტანა, რომელიც სხვა გოლეადორი მეკარეებისაგან განსხვავებით არც საჯარიმო დარტყმებს ასრულებდა და პენალტიც მხოლოდ 2-ჯერ დაარყა. ფინტები და მოძრაობები ცალკე გამოსაყოფია…

კარიერის დასრულებიდან თითქმის 20 წელი გავიდა, ისე აღარ ახსოვთ, როგორც 90-იანებში, მაგრამ არ ივიწყებენ. ძალიან მოსწონს, როცა ხედავს, რომ ბავშვები, რომლებიც მისი კარიერის დასრულების შემდეგ დაიბადნენ და მოედანზე არასდროს უნახავთ, მის ვიდეოებს ხშირად უყურებენ, რომელსაც სათაურად “შეშლილი მექსიკელი მეკარე ხორხე კამპოსი” აქვს.

“მათთვის სულერთია ცუდად ვთამაშობდი თუ კარგად, მაგრამ ეს საოცარი გრძნობაა! სასიამოვნო იმ მხიარულების მათ სახეზე დანახვა, რისი მიღებაც ფეხბურთიდან შეიძლება,”- ამბობს ხორხე და გული კი წყდება, რომ მექსიკის ნაკრების მაისურით გოლი ვერ შეაგდო, თუმცა მისთვის ფეხბურთში ყველაზე მთავარი სხვა რამ იყო:

“მინდოდა, ხალხს ეროვნულ ნაკრებში თამაშით დავმახსოვრებოდი, თუ როგორ ვიცავდი მექსიკის ღირსებას. ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი იყო. მახსოვს “აცტეკაზე” ჩატარებული მატჩები, როგორ სკანდირებდა პუბლიკა “მექსიკა! მექსიკა!” ეს დაუჯერებელი იყო!”

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო