11 X 11
სპორტული პორტალი

მთვრალი თამაშობდა, მეტოქეს ჩანთაში ჩაუ*ვა და ჰეროინის ზედოზირებით მოკვდა – ინგლისისური ფეხბურთის უცნობი როკ-ვარსკვლავი

0

გადმოვარდე მშენებარე მრავალსართულიანი სახლიდან და არმატურაზე დაეცვა. ტიტლიკანამ იცეკვო კლუბში და „დაუზასო“ პოლიციელს. მოიპარო საფლავის ქვა. გალეშილმა ითამაშო და მაინც გაიტანო გოლი. მატარებელში უბილეთოდ იმგზავრო, თითქოსდა დაცის მუშაკი ხარ. იყო „ჩელსისა“ და „კრისტალ პალასის“ აკადემიის აღსაზრდელი და ფეხბურთში მაინც ციხიდან მოხვდე. ეს რობინ ფრაიდეია – „რედინგის“ ათასწლეულის საუკეთესო ფეხბურთელი.

„კარდიფის“ მთავარი მწვრთნელი მორის ევანსი თავის კაბინეტში ბოლთას სცემდა. მის წინ ახალგაზრდა თავდამსხმელი იჯდა, რომელიც თავხედური ღიმილით შესცქეროდა მწვრთნელს. ამ 25 წლის ფეხბურთელს უამრავჯერ ენახა ასეთი უინტერესო ბიძები, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის წესიერად და სწორად ცხოვრება ესწავლებინათ. „თუ ჭკუით მოიქცევი სამიოდე წელიწადში ნაკრების კაპიტანი გახდები. ნუთუ არ გინდა ნორმალურად, ადამიანურად იცხოვრო?“ – დიდაქტიკური პათოსით დაასრულა ევანსმა თავისი ტირადა. ფრაიდეიმ თავი უკან გადააგდო და მწვრთნელს ღიმილით მიუგო: „მორის, მე შენზე ორჯერ უმცროსი კი ვარ, მაგრამ შენზე ორჯერ მეტი ვიცხოვრე უკვე და რა ჯანდაბად მინდა შენეული ნორმალური ცხოვრება?“

რობინი და მისი ტყუპისცალი ტონიბლონდონის ღარიბ რაიონ აკტონში 1952 წელს დაიბადნენ. მათი მშობლები, ალფი და შეილა 21 წლისანი იყვნენ და ქარხანაში მუშაობით წელს იწყვეტდნენ, რათა შვილები უზრუნველეყოთ. თავისუფალ დროს ოჯახი პარკში ატარებდა და მაშინ უკვე გაირკვა, რომ ერთი ტყუპისცალი ძალიან ნიჭიერი გახლდათ. 10 წლის ძმები ერთად კი თამაშობდნენ სკოლის გუნდში, მაგრამ მხოლოდ რობინს შეეძლო ფორთოხალი დიდხანს ეკენწლა, დაეჭირა მისკენ ნასროლი ეს ხილი თავით და სანამდეც სურდა ისე ერბინა, რომ ძირს არ დავარდნოდა. ამ ნიჭთან ერთად, რობინი უცნაური ხასიათითაც გამოირჩეოდა.

13 წლის რობინი „კრისტალ პალასის“ აკადემიაში“ მიიღეს. წელიწადიც არ იყო გასული, რომ „ქუინზ პარკის“ ბავშვთა გუნდში გადავიდა და იქიდან ერთი წლისთავზე „ჩელსის“ აკადემიაში ვარჯიშობდა. დიდხანს არც იქ გაჩერებულა და „რედინგის“ აკადემიაში ამოჰყო თავი. მისი თამაშის ნახვისთანავე ყველა იხიბლებოდა, ულაპარაკოდ რიცხავდნენ აკადემიაში, მაგრამ წელიწადზე მეტხანს ვერავინ ითმენდა მის ბუნტარულ ხასიათს.

რობინი ვერ იტანდა ვარჯიშებზე მწყობრში სიარულს, სკოლაში გამეფებულ დისციპლინას და მისი აზრით, სრულიად არასაჭირო საგნებით ტვინის გამოტენვას. „რა ოხრობად მინდა ინგლისურის გაკვეთილები. ინგლისში წასვლას საერთოდ არ ვაპირებ“, – ხუმრობდა რობინი. სამაგიეროდ, იტაცებდა ხატვა. ეს ერთადერთი საგანი გახლდათ, რომელშიც ფრიადს უწერდნენ. 15 წლისამ სწავლა მიატოვა, როკ-კონცერტებზე დაიწყო სიარული, ნარკოტიკებსაც გაუსინჯა გემო და საამისოდ ფული რომ ჰქონოდა, მინების მწმენდავად მუშაობდა და მღებავობასაც წარმატებით დაეუფლა.

ნარკოტიკებმა თავისი საქნელი ჰქნა. მაგარ კაიფში მყოფმა რობინმა სათამაშოების მაღაზია გატეხა და როდესაც სიგნალიზაციის ჩართვიდან რამდენიმე წუთში მაღაზიის პატრონები მოქანდნენ, ნორჩმა მძარცველმა თავზე საბავშვო ჩაფხუტი ჩამოიცვა და გაოცებულ პატრონებს გამოუცხადა, რომ პოლიციელია. ჰოდა, ეს „პოლიციელი“ 14 თვით ციხეში გაამწესეს. იქ კი მისი ერთადერთი გასართობი ფეხბურთი გახდა. ხან პატიმრების გუნდში აყენებდნენ, ხანაც ზედამხედველებისაში და ყოველთვის ის გუნდი გამოდიოდა გამარჯვებული, სადაც რობინ ფრაიდეი თამაშობდა. პატიმარი ფეხბურთელის შესახებ იქაურმა სამოყვარულო გუნდის, „ჰეიზის“ მესვეურებმა შეიტყვეს და როდესაც პატიმრობის ვადა გაუთავდა, რობინს კონტრაქტი გაუფორმეს და ხელფასად კვირაში 30 ფუნტი დაუნიშნეს, რაც იმ დროსაც კი ცოტა იყო.

„ჰეიზის“ როკ-თავდამსხმელი უცებ გახდა ამ კლუბის ფანატების კერპი. საოცარი ნიჭისა და მგზნებარე ტემპერამენტის გამოისობით, ის თითქმის ყოველ მატჩში შოუს დგამდა: ჯერ ჰეტ-თრიკს შეასრულებდა, შემდეგ კი რომელიმე მეტოქეს ცხვირს დაუნაყავდა, რაც ჯგუფურ ჩხუბში გადაიზრდებოდა და მინდვრიდან აძევებდნენ. ერთხელაც მატჩზე ისეთი მთვრალი მივიდა, რომ ფეხზე ძლივს იდგა. სტადიონისკენ მიმავალი ბარში ფანატებმა შეიპატიჟეს და ფეხბურთელი სმაში გულშემატკივრებს ხომ არ ჩამორჩებოდა? მწვრთნელი მის შემადგენლობაში დაყენებას, რასაკვირველია, არ აპირებდა, მაგრამ რობინმა დაარწმუნა, რომ თამაში შეეძლო და იმ მატჩში ერთადერთი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.

ფრაიდეი გოგონებსაც დასდევდა, იოლად ინადირებდა მათ გულს და ამიტომ არც სექსუალური თავგადასავლები აკლდა, თუმცა მაინც 17 წლის ასაკში დაქორწინდა. აქაც არსებული სისტემის წინააღმდეგ წავიდა და როდესაც სკინჰედური სუბკულტურა თავისი პოპულარობის პიკზე იყო, შავკანიანი გოგონა, სახელად მაქსინი შეირთო. ამ წყვილს ხშირად ირონიულ მზერას აყოლებდნენ, ხანდახან უსტვენდნენ კიდეც, რასაც რობინი არ ითმენდა და გამუდმებით ჩხუბი უხდებოდა. არც ოჯახი შეხვედრია სიხარულით შავკანიან რძალს. მამამისი ალფი შვილის ქორწილშიც კი არ მივიდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ პირველი შვილიშვილის დაბადებამ ისე გაახარა, რომ ჩვილს ლამის ძიძობას უწევდა. მამობამ და ოჯახის უფროსობამ რობინის ხასიათში დიდი ვერაფერი შეცვალა. ის თავს როკ-ვარსკვლავად მიიჩნევდა და ამიტომ წესით და რიგით, ყველა მისი მსურველი გოგონასთან სარეცელი უნდა გაეზიარებინა. სხვათა შორის, ფრაიდეი ამას ყოველთვის წარმატებით ახორციელებდა, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ მოასწრო დაქორწინება.

ოჯახი კვირაში 30 ფუნტად ვერ იარსებებდა და ამიტომ რობინი მშენებლობაზე, ასე ვთქვათ, ნახევარ განაკვეთზე, მოეწყო. ერთხელაც მრავალსართულიანი სახლის სართულებს შორის ბეტონს ასხამდა, ძირს გადავარდა და შუბივით წამახულ არმატურას დაესო. საშინელი გამჭოლი ჭრილობა კი მიიღო, მაგრამ ბედად არმატურა გულს და ფილტვს ასცდა. მძიმე ოპერაციაგადატანილი რობინი სამ თვეში სამუშაოს დაუბრუნდა.

იმ წლებში სკაუტები ხშირად ისხდნენ ხოლმე ფანატთა ტრიბუნაზე, რადგან მათგან ყველაზე სწრაფად იღებდნენ საჭირო ინფორმაციას შეგულებული ფეხბურთელის შესახებ, დაწყებული მისი სტატისტიკიდან, დამთავრებული იმით, თუ რომელ ბარებში უყვარს სიარული და რამდენს სვამს. „რედინგის“ სკაუტმა ფრაიდეის შესახებ შეფებს აცნობა და ასე აღმოჩნდა ჩვენი გმირი ამ კლუბში.

მთავარ მწვრთნელს ჩარლი ჰერლის უთხრეს, რომ არის ერთი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, მაგრამ საშინელი უხიაგიცაა, თუმცა 38 წლის მწვრთნელმა მაინც გადაწყვიტა რობინი ვარჯიშზე მიეწვია და პირველივე ნახვისთანავე მას კონტრაქტი შესთავაზა, 750 ფუნტი კვირეული ხელფასით. ეს რობინს არც გაკვირვებია, რადგან ის სინჯისთანავე ყველა აკადემიაში ეგრევე აჰყავდათ, მაგრამ ძალიან გაოცდა, პირველივე ვარჯიშზე მაგარ ნაბახუსევად მისულს კარი რომ არ მიუხურეს. ეს მის ცხოვრებაში პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც რაღაცნაირად „გამგები“ მწვრთნელი შეხვდა.

„რედინგი“ იყო ჩარლი ჰერლის პირველი და ბოლო კლუბი, სადაც მთავარ მწვრთნელად იმუშავა. მას სურდა გუნდს ლამაზი, სანახაობრივი ფეხბურთი ეთამაშა, ამიტომაც არ მიაქცია ყურადღება რობინ ფრაიდეის ცუდ დახასიათებას და არ ინტერესდებოდა თუ რას აკეთებდა რობინი მინდვრის მიღმა.

„რედინგის“ 22 წლის ახალწვეული დიდი ენთუზიაზმით შეუდგა წვრთნას და უკვე მეორე ვარჯიშზე მის „აქტივში“ სამი დამტვრეული თანაგუნდელი ირიცხებოდა. როდესაც წვრთნისას რაღაც სიგიჟეს ჩაიდენდა, ჰერლი მას ვარჯიშიდან აძევებდა, თან გადაწყვიტა, რომ ორიოდე თვით დუბლებში გადაეყვანა, მაგრამ რობინის თამაშით მოხიბლულმა გადაიფიქრა.

იმ პერიოდში „რედინგი“ მეოთხე დივიზიონში იყო და შუა სეზონში უკვე გადარჩენისთვის უხდებოდა ბრძოლა. ჰერლიმ ფრაიდეი გამოიძახა და უთხრა, რომ ხვალინდელ მატჩში ათამაშებდა. რობინმა კი უპასუხა, რომ ეს ნიშნავს დღევანდელი საღამო სახლში გაატაროს, არ დათვრეს და არავის ეჩხუბოს. მწვრთნელმა მიუგო, რომ როდესაც ერთხელ მოატყუებენ, თავად მომტყუებელს უნდა შერცხვეს, თუ მეორედ მოატყუებენ, ეს უკვე მისი სირცხვილია და ამიტომ ნუღარ შეეცდება მესამედ მოატყუოს, რადგან ხომ ხედავს, რომ მისი ტყუილებით არ ტყუვდება და ამიტომაც არ უბრაზდება.

რობინი პირველად შეხვდა უფროს ადამიანს, რომელიც მუდამ ჭკუას არ არიგებს და არც ცხოვრებას ასწავლის. ჩარლი ჰერლის ეს თვისება რობინმა დააფასა და ნელ-ნელა მათ შორის მამაშვილური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. მწვრთნელი არ ბრაზდებოდა ფრაიდეის ხშირ დაგვიანებებზე, ზოგჯერ ვარჯიშის გაცდენაზეც კი, მაგრამ მატჩზე რობინი აუცილებლად ფხიზელი ცხადდებოდა და მშვენივრადაც თამაშობდა. სწორედ მისმა გოლებმა ამოათრია „რედინგი“ გასავარდნი ზონიდან და დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

ფრაიდეისადმი ამგვარი გულმოწყალება სხვა ფეხბურთელებს აღიზიანებდა, რომლებიც თავგამოდებით ვარჯიშობდნენ და დისციპლინასაც არ არღვევდნენ.

“კარგი, გავაგდებ მას გუნდიდან, მაგრამ ხომ იცით, წაგებათა სერია დაგვეწყება და ახლა მოგებებისათვის ბონუსებს რომ იჯიბავთ, იმათ დაკარგავთ“, – განუმარტა ჩარლიმ ფრაიდეიზე მომჩივან მის თანაგუნდელებს და მათაც თავჩაქინდრულებმა დატოვეს მთავარი მწვრთნელის კაბინეტი.

პირველი შვებულების დასრულების შემდეგ გუნდი ბაზაზე შეიკრიბა, ფრაიდეი კი არსად ჩანდა და არც არავინ იცოდა მისი გზა და კვალი, მაგრამ პირველი ამხანაგური მატჩის წინ ჩამოკონკილი, თმა და წვერდაბურდული, თუმცა ძალიან კმაყოფილი ბაზაზე გამოცხადდა. აღმოჩნდა, რომ ზაფხული ჰიპების კომუნაში გაუტარებია, არც ნარკოტიკები და არც სექსი დაუკლია, ხოლო თითები მოუტატუებია, რაც შემდეგ აღარ მოსწონებია და ქირურგიულად მოუშორებია. ჩარლი ჰერლიმ და მისმა თანაშემწეებმა გადაწყვიტეს ასეთი მოშვებული და უვარჯიშებელი ფრაიდეის თამაში არ შეიძლებოდა, მაგრამ მან ითხოვა, საცდელად ცოტა ხნით შემიშვითო და მაინც თვეზე მეტ ხანს ინტენსიურად ნავარჯიშევ ყველა თანაგუნდელს მთელი თავით სჯობდა.

რობინმა საკუთარი თავის ფასი იცოდა, მაგრამ ამას ცოტა ირონიულად, აგდებით და თავხედურად ეკიდებოდა. ერთხელ „ტრანმერს“ ისეთი გოლი გაუტანა, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფებურთელებმაც კი ტაში დაუკრეს. ნამატჩევს, მასთან ცნობილი მსაჯი კლაივ ტომასი მივიდა და უთხრა, რომ პელეს, კრუიფისა და ბესტის მონაწილეობით მატჩები უმსაჯია, უამრავი გოლი უნახავს, მაგრამ რობინის მიერ გატანილი მათ შორის საუკეთესოა. ფრაიდეიმ მოწყალედ გაუღიმა სახელოვან არბიტრს, მხარზე ხელი მოუცაცუნა და ურჩია ხშირად ევლო მის თამაშებზე და ნანახზე უკეთეს გოლებს იხილავდა.

ვარჯიშებზე მთვრალი მისვლა დიდი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც რობინი სხვაგან აკეთებდა. ნარკოტიკებით გაბრუებულმი ღამის კლუბში მთლად გაშიშვლდა და დედიშობილა ქუჩაში დარბოდა, ხოლო მის დასაკავებლად მისულ პოლიციელს ისე ჩაებღაუჭა, რომ გასაქანი არ მისცა და ტუჩებში დაუწყო კოცნა. როდესაც მთვრალი იყო, მასში კლეპტომანი იღვიძებდა და მაღაზიიდან რაიმეს მოპარვა სიამოვნებას გვრიდა. რასაც იპარავდა, არაფერში ჭირდებოდა და მოისვრიდა ხოლმე. ერთხელ ახლო-მახლო ვერაფერი მოსაპარი რომ ვერ ნახა, სასაფლაოს კედელთან მდგარი ზედ გადაძვრა და საფლავის ფილა დაიღლიავა.

პირველი სეზონი ფრაიდეიმ „რედინგში“ 20 გატანილი ბურთით დაასრულა და არა მარტო ფანატების კერპი გახდა, არამედ ჟურნალისტების გემრიელი საკბილოც. მომდევნო სეზონში ფრაიდეის წყალობით „რედინგი“ 50-წლიანი შესვენების შემდეგ მესამე დივიზიონში ამაღლდა.

იმ პერიოდში ფრაიდეი „კარდიფის“ ინტერესის არეალში იმყოფებოდა, რომელიც პირველ დივიზიონში ასპარეზობდა და უელსურრმა კლუბმა ის 30 ათას ფუნტად იყიდა. 24 წლის ასაკში ეს სხვებისათვის კარგი კარიერული ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ რობინ ფრაიდეისათვის ფეხბურთი სიამოვნების მხოლოდ ერთ-ერთი საშუალება გახლდათ და მეტი არაფერი. მას არ შეეძლო „კარდიფში“ არსებულ მკაცრ დისციპლინას დამორჩილებოდა და თავისი ცხოვრების წესის შეცვლა აზრადაც არ მოსვლია.

მეტიც, თვით კარდიფში გადაბარგებაც კი შოუდ აქცია. ლონდონს მაგარი ღრეობით „გამოემშვიდობა“ და უგონოდ მთვრალს მატარებლის ბილეთის ყიდვა დაავიწყდა. ამიტომ საფოსტო ვაგონში ავიდა, აქაოდა დაცვის თანამშრომელი ვარო, შემდეგ კი სამგზავრო ვაგონში საუკეთესო ადგილზე მოკალათდა. როდესაც კონტროლიორმა ბილეთი მოსთხოვა, იქით შეუტია, დაცვის თანამშრომელი ვარო. გამოძახებულმა სატრანსპორტო პოლიციამ არ დაიჯერა რობინის მტკიცება და სულ სიცილ-ხარხარით დააპატიმრეს. გუნდის ახალწვეული ფეხბურთელი ჯარიმის გადახდის შემდეგ „კარდიფის“ მთავარმა მწვრთნელმა დაიხსნა.

ოთხი დღის შემდეგ ფრაიდეის უკვე დებიუტი ჰქონდა „კარდიფის შემადგენლობაში „ფულჰემის“ წინააღმდეგ. მან დუბლი შეასრულა და მაგრად გააცუცურაკა ლეგენდარული ნახევარმცველი, მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი ბობი მური. თამაშით დაჩაგვრა არ იკმარა და ერთ მომენტში ორთაბრძოლისას მურს რობინმა ყვ.რებში ისე დაქაჩა, რომ ეს სახელოვანი ვეტერანი ფეხბურთელი კინაღამ ცუდად გახდა. „კარდიფის“ მწვრთნელმა ჩარლი ჰერლის დაურეკა და მისი აღსაზრდელით აღფრთოვანება გაუზიარა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ “ჯერ მანდ 4 დღეა რაც ჩამოვიდა, ძალიან მაინტერესებს ერთი თვის შემდეგ ფრაიდეიზე რა აზრი გექნებათ”.

კარდიფული ცხოვრება რობინს მალევე მობეზრდა. არ მოსწონდა წყნარი ქალაქი, რუტინული ვარჯიშები, ჩუღურა მწვრთნელი-ტაქტიკოსი. განსაკუთრებით მსაჯები აღიზიანებდნენ, რომლებსაც როკ-ფორვარდი გამუდმებით შხამიანი ეპითეტებით ამკობდა. მაგალითად, როდესაც „ლუტონის“ მეკარე საჰაერო ბრძოლისას ეუხეშა, ფრაიდეიმ სამაგიერო იმით გადაუხადა, რომ ორიოდე წუთში გოლი გაუტანა და შემდეგ სახეში ორი თითი ატაკა. ამ ეპიზოდის ამსახველი ფოტო როკ-ჯგუფის Super Furry Animals-ს სინგლის The Man Don’t Give A Fuck-ის ფირფიტის გარეკანზე დაბეჭდეს.

ასეთი გამოხტომებით გაბრაზებული მსაჯები თვალს ხუჭავდნენ, როდესაც მცველები ფრაიდეის დაუფარავად ეუხეშებოდნენ და ერთხელაც ამოასხა. „ბრაიტონთან“ მატჩისას გამწარებულმა ფრაიდეიმ მეტოქე გუნდის წაქცეულ მცველს მარკ ლოურენსს სახეზე ბუცი დააბიჯა. მსაჯმა არც აცია და არც აცხელა – რობინს წითელი ბარათი „აუნთო“. მოედნიდან გასულმა ფრაიდეიმ „ბრაიტონის“ გასახდელში ლოურენსის ჩანთა მოძებნა და შიგ ჩაა.ვა. შემდეგ ჟურნალისტებთან გავიდა და განუცხადა, რომ კარიერა დაასრულა. მაშინ 25 წლისა გახლდათ.

რობინი ლონდონში დაბრუნდა და ისევ მშენებლობაზე მოეწყო. „კარდიფის“ ფანებმა სამი ათასი ხელმოწერა მოაგროვეს და გიჟმაჟი თავდამსხმელის დაბრუნება მოითხოვეს. „კარდიფის“ მთავარი მწვრთნელი მორის ევანსი რობინს შეხვდა, ჭკუაზე მოსვლა სთხოვა და ახლო მომავალში ნაკრების კაპიტნობა უწინასწარმეტყველა. ამაზე ფრაიდეის მხოლოდ გაეცინა. ორი წლის შემდეგ „ბრენტფორდში“ წინასასეზონო მზადებას შეუერთდა, მაგრამ მალევე შეწყვიტა ვარჯიშებზე სიარული.

80-იანი წლების ბოლოს როკ-ვარსკვლავის ცხოვრება სწრაფად დაქანდა დასასრულისაკენ. მესამე ცოლსაც გაშორდა და ცოტა ხანში ისევ დააპატიმრეს. პოლიციის ფორმაში გადაცმული რობინი ნარკომოვაჭრეებსა და მომხმარებლებს უხვდებოდა და ნარკოტიკებს „კონფისკაციას უკეთებდა“. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მშობლებმა იმ რაიონში, სადაც თავად ცხოვრობდნენ, პატარა ბინა უყიდეს.

1990 წლის 22 დეკემბერს სახლში ტყუპისცალმა ტონიმ მიაკითხა და იატაკზე დაგდებული ძმა მკვდარი იხილა. 38 წლის რობინ ფრაიდეი ჰეროინის ზედოზირებით გარდაიცვალა.

წითელი ბარათი, რომლის შემდეგაც ფრაიდეიმ კარიერა დაასრულა

„რედინგის“ ლეგენდა უკანასკნელ გზაზე 700-მა ადამიანმა გააცილა. „გასვენებაში ამდენი ხალხი არასოდეს მინახავს. როდესაც რობინის მშობლების სახლში მივედი, კიბეები, დერეფნები და ბინა ხალხით იყო სავსე“, – ყვებოდა მისი მეორე ცოლი ლიზა.

2004 წელს „რედინგმა“ თავის ფანატებს შორის ჩაატარა გამოკითხვა თუ ვის მიიჩნევენ ამ გუნდის გასული ათასწლეულის საუკეთესო ფეხბურთელად და არავის გაკვირვებია, რომ მასში რობინ ფრაიდეიმ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

როკ-ჯგუფ Oasis-ის ექს-გიტარისტმა პოლ მაკგიგანმა ისე განიცადა როკერი-თავდამსხმელის ტრაგიკული ცხოვრება, რომ ჟურნალისტ პაოლო ჰიუიტთან ერთად დაწერა წიგნი სახელწოდებით „უდიდესი ფეხბურთელი, რომლის თამაში არასოდეს გინახავთ“. ეს სათაური იმიტომ გაჩნდა, რომ არ არსებობს ფრაიდეის თამაშის ერთი ვიდეო ან კინოჩანაწერიც კი და ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან მაშინ ინგლისის მეოთხე დივიზიონის გუნდის მატჩებს არც არავინ იღებდა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო