11 X 11
სპორტული პორტალი

მწვრთნელის ტრაგიკული ისტორია, რომელმაც დანიას ევრო1992 მოაგებინა – სამშობლოში დასცინოდნენ, არ აფასებდნენ, დიდების დარბაზში სიკვდილის შემდეგ შეიყვანეს

0

მსოფლიოში წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, მშობლიურ დანიაში – არა!

„დარწმუნებული ვარ დანიას შეუძლია ევროპის ჩემპიონატის მოგება. ვიცი, რაც ახლა გაიფიქრეთ – ეს შეუძლებელიაო, მაგრამ aსე ნამდვილად არაა. თუ ისევ ჩვეულად ვითამაშებთ, ვერასოდეს გავიმარჯვებთ, მაგრამ თუ ჩვენს წესებს მოვახვევთ თავს მოწინააღმდეგეებს, მაშინ წინ ვერავინ დაგვიდგება. მე დაღლილი ვარ მუდმივად დამარცხებებით. ეს დამარცხებები იმით კი არ არის გამოწვეული, რომ ცუდად ვთამაშობთ, არამედ ჩენი გულუბრყვილობითა და კიდევ სიბრიყვით. დანია პატარა ქვეყანაა და ამიტომ უნდა ავირჩიოთ: ლამაზად ვითამაშოთ თუ მოვიგოთ?“

არავინ იცის წარმოთქვა თუ არა ეს მონოლოგი 1992 წელს დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჰარდ მელერ-ნილსენმა სინამდვილეში, მაგრამ ასეა 2015 წელს გამოსულ დანიურ ფილმში „ზაფხული 1992“.

ასე იყო თუ ისე, მელერ-ნილსენმა საკუთარი არჩევანი გააკეთა, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ამ მწვრთნელის ბედზე და დანიის ნაკრებზე.

მელერ-ნილსენს დანიის ფეხბურთის ფედერაციაში დასცინოდნენ, გასაუბრების შემდეგ მთავარი მწვრთნელობის კანდიდატადაც კი დაიწუნეს, მაგრამ მისი დანიშვნა მაინც მოუხდათ, რადგან შვიდმა მწვრთნელმა, რომელთაც დანიის ნაკრების თავკაცობა შესთავაზეს, ყველამ იაუარა.

მელერ-ნილსენი არაფრით გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ. მან რამდენიმე სეზონი ითამაშა „ოდენსეში“ და 1960 წელს სულ ორჯერ დანიის ნაკრებში. ამპლუით ლიბერო იყო და მუხლის ტრავმის გამო 25 წლის ასაკში მოუხდა კარიერის დასრულება.

სამაგიეროდ, ადრეულ ასაკში დაიწყო მწვრთნელობა და 27 წლისა უკვე მშობლიურ და საყვარელ „ოდენსეს“ თავკაცობდა. სტარტი დიდი ვერაფერი გამოუვიდა – სამი სეზონი გუნდმა ერთი ტიტულიც ვერ მოიგო.

მელერ-ნილსენის ფეხბურთში არაფერი იყო ინოვაციური ან რომანტიკული. არ იტაცებდა ტაქტიკური სიახლეები და ესთეტიკას პრაგმატიზმს ამჯობინებდა. მისი მთავარი იდეა მკაცრი დაცვითი სტილი და მეტოქე გუნდების სისუსტეების საფუძვლიანი შესწავლა გახლდათ.

მისი მეორე კლუბი დანიური გრადი „ესბიერგი“ იყო და მის ხელში ელიტური დივიზიონიდან გავარდა. შემდეგ იყო უსახელო „სვენბორგი“, სადაც შვიდი წელიწადი იმუშავა და მეოთხედან მეორე დივიზიონში გადაიყვანა. იქიდან „ოდენსეში“ დააბრუნეს და გუნდს მის ისტორიაში პირველად მოაგებინა დანიის ჩემპონატი. მალე კლუბი ფინანსურ გაჭირვებაში ჩავარდა და ზოგ ფეხბურთელს მელერ-ნილსენი საკუთარი ჯიბიდან უხდიდა ხელფასს. რა თქმა უნდა, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.

მისი შვილი კრისტიანი მამის შესახებ გამოსულ წიგნში სათაურით „სასწაულმოქმედი“ იგონებს, რომ „ოდენსეს“ დატოვება მისთვის ნამდვილი ტრაგედია კი იყო, მაგრამ ამას არ იმჩნევდა და ამ საკითხზე ხანდახან ხუმრობდა კიდეც.

„ოდენსეს“ შემდეგ მელერ-ნილსენი დანიის ნაკრებზე გადაერთო. იქ მთავარი მწვრთნელის, გერმანელი ზეპ პიონტეკის ასისტენტად მუშაობდა და თან ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.

80-იან წლებში დანიაში ე.წ. ოქროს თაობა წამოვიდა. მათ თამაშს „დანიური დინამიტი“ უწოდეს. თავდასხმაში იყვნენ: ალან სიმონსენი („ბარსელონა“), რომელიც ერთადერთი დანიელია, ვისაც „ოქროს ბურთი“ არგუნეს), იესპერ ოლსენი („მანჩესტერი“), პრებენ ელკიაერ-ლარსენი (ვერონა“) და მიქაელ ლაუდრუპი („იუვენტუსი“). ამ ნაკრებმა 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ხოლო 1986 წლის მუნდიალზე ქვეჯგუფიდან გავიდა. ყველაფერი ასე კარგად მიდიოდა, ვიდრე პიონტეკი არ გადადგა, რადგან ნაკრებმა 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.

მელერ-ნილსენი ნაკრების მთავარ მწვრთნელობაზე ოცნებობდა, მით უმეტეს, რომ მას რეკომენდაცია პიონტეკმა გაუწია. რიჰარდი ფედერაციაში გასაუბრებაზე მივიდა, მაგრამ მალევე გაწბილებული გამოვიდა და ქუჩაში მდგარ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დანიური ფეხბურთის შეფებს უცხოელის მიყვანა სურთ.

როდესაც ეს ნათქვამი დაიწერა, დანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჰანს ბერგ-პედერსენმა იენაკვიმატა: „რიჰარდ მელერ-ნილსენზე ნაკლებად ბებიაჩემიც არ გაწვრთნის დანიის ნაკრებს“ და კონტრაქტი გერმანელ ჰორსტ ვოლერსს გაუფორმა, ვინც მაშინ „იურდინგენს“ წვრთნიდა.

გერმანელმა ახალ პოსტზე სულ რაღაც 26 საათი დაჰყო, რადგან კლუბმა არ გაუშვა და „იურდინგენში“ დარჩენა მოუწია. ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა კი მხოლოდ დანიაში დაიწყეს, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელობის უთავბოლობის გამო, მათთან საქმის დაჭერა შვიდმა მწვრთნელმა არ ისურვა და ვინც დარჩა ეს რიჰარდ მელერ-ნილსენი იყო.

ჰოდა, კოშმარიც დაიწყო.

რიჰარდს ყველა სასტიკად აკრიტიკებდა, რადგან დანიაში მიეჩვიენ  ლამაზ, შემტევ და ფეერიულ ფეხბურთს, ახალი მწვრთნელი კი მკვეთრად დაცვითი სტილის ადეპტი გახლდათ.

იან მიოლბი იგონებს: “დანიის ნაკრები ულტრადაცვით გუნდად იქცა და თუ ადრე თამაშისგან სიამოვნებას ვიღებდით,მაშინ ფეხბურთი რუტინად გვექცა”.

მიქაელ ლაუდრუპმა, ვინაც ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა, ეს ასე ახსნა: „მე სიამოვნებისათვის ვთამაშობ. ბოლო წელიწადია კი დანიის ნაკრებში თავს დათრგუნულად ვგრძნობ, რადგან ვხედავ, რომ იქ შემოქმედებითობას აღარ აფასებენ“.

მიქაელის ძმა ბრაიანი უფრო პირდაპირი გამოდგა: „მელერ-ნილსენს, როგორც მწვრთნელს, არანაირ პატივს არ ვცემ. მის ხელში ჩემს შესაძლებლობებს ვერ ვიყენებ და საერთოდაც, როგორც ფეხბურთელი, მას არ ვუყვარვარ“.

ევრო-92-ის შესარჩევი ტურნირი დანიის ნაკრებმა ფარერების 4:1-ზე დამარცხებით დაიწყო, შემდეგ 1:1 ითამაშა ჩრდილოეთ ირლანდიასთან და დამარცხდა იუგოსლავიასთან (0:2). სწორედ ამ მატჩის შემდეგ ლაუდრუპები და კიდევ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ნაკრებიდან წავიდნენ.

გასაკვირად, ამან დადებითად იმოქმედა, დანიამ დარჩენილი მატჩები მოიგო. თავი გამოიჩინეს ბენტ კრისტიანსენმა და ფლემინგ პოულსენმა, რომელთაც რიჰარდი ახალგაზრდულ ნაკრებშიც წვრთნიდა, დაბრუნდა ბრაიან ლაუდრუპიც. და მაინც, იუგოსლავიის დაწევა ვერ მოხერხდა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა, დანია კი მეორე იყო. მაშინ ევროპირველობაზე რვა გუნდი გადიოდა. აქედან ერთი მასპინძელი ქვეყანა გახლდათ, შვიდი კი შესარჩევი ქვეჯგუფების გამარჯვებულნი.

იმის გამო, რომ 1991 წლის ბოლოს იუგოსლავია სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო, უეფამ გამოაცხადა, რომ თუ ამ ქვეყანაში პრობლემები შეიქმნებოდა, ფინალურ ეტაპზე მის ადგილს დანია დაიჭერდა. მაისში, ევროპირველობის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, იუგოსლავიაში აღარავის ეფეხბურთებოდა და მისი ადგილი დანიამ დაიკავა.

რიჰარდმა ფეხბურთელები შვებულებებიდან გამოიძახა. წარმოიდგინეთ და ყველა დათანხმდა თამაშს მიქაელ ლაუდრუპის გარდა.

პირველი ვარჯიშის წინ მელერ-ნილსენმა დანიელ ფეხბურთელებს უთხრა, რომ ისინი ევროპის ჩემპიონები გახდებიან, ხოლო ტურნირის მსვლელობისას ყველანი „მაკდონალდსში“ წაიყვანა

პირველივე ვარჯიშზე მელერ-ნილსენმა ფეხბურთელები შემოიკრიბა და განაცხადა: „ბიჭებო, ყურადღებით მომისმინეთ. შვედეთში ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად მივდივართ“, – იხსენებს ბრაიან ლაუდრუპი.  – ერთმანეთს გადავხედეთ და გაგვეცინა. რას მიედ-მოედება?!“. რეალურად კი მან ამ სიტყვებით რწმენა ჩაგვინერგა“.

ევრო-92-ის მთავარი ვარსკვლავი მეკარე პეტერ შმეიხელი თითქმის აუღებელ ბურთებს იღებდა, გამოსვლებზე უშეცდომო გახლდათ. იწყებდა პირველ იერიშს, ხშირად ლამის საგოლე პასებს აკეთებდა.

ფლემინგ პოულსენი ამ გუნდის ყველაზე გამორჩეული წევრი გახლდათ, რომელიც პარტნიორებს აგულიანებდა, უშიშრად შედიოდა ორთაბრძოლებში. ყველას ახსოვს მისი ციტატა: „ვარჯიშები? ეს იმათ ჭირდებათ, ვისაც ფეხბურთის თამაში არ შეუძლიათ“.

ამ ნაკრების კონტექსტში ეს ირონიულად ჟღერდა. ტურნირის მიმდინარეობისას მელერ-ნილსენი ბიჭებს გოლფს ათამაშებდა და სასადილოდ ზოგჯერ „მაკდონალდსში“ დაჰყავდა. მან ეს ინგლისელ ჟურნალისტ ჯონათან უილსონთან ინტერვიუში გაიხსენა: „ტურნირმა მშვენივრად ჩაიარა. გაზეთები გენიოსს მიწოდებდნენ, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად რომ წარმართულიყო, მაშინ დაწერდნენ, რომ უვიცი ვიყავი, რომელიც გუნდს ვარჯიშის ნაცვლად გოლფს ათამაშებდა და ბურგერებით კვებავდა“.

ევროპირველობა დანიამ მძიმედ დაიწყო: ინგლისთან ნულოვანი ფრე, შემდეგ შვედებთან მინიმალური მარცხი. მესამე ტურში ძალიან მოტივირებული საფრანგეთი ელოდათ. 1986 წლის მუნდიალზე ბრინჯაოს მედლების მოპოვების შემდეგ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გააღწიეს და ახლა რეაბილიტაციას ცდილობდნენ, მაგრამ იმედები სწორედ დანიამ ჩაუფუშათ – მოუგეს ფრანგებს 2:1 და ჯგუფიდან მეორე ადგილით პლეი-ოფში გავიდნენ, სადაც მოქმედი ევროპის ჩემპიონები, ნიდერლანდელები ელოდნენ.

ნიდერლანდები ძალუმად აწვებოდათ, მაგრამ დანიელები მაგრად დაუხვდნენ, გადასარევი გახლდათ ბრაიან ლაუდრუპი, რომლის კრეატიულობამ დიდად განსაზღვრა მისი გუნდის წარმატება. უმძიმესი მატჩი დამატებითი დროითურთ  2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში დანიამ 5:4 გაიმარჯვა. ერთადერტი პენალტი კი მარკო ვან ბასტენმა გააცუდა. ფინალში დანიას გერმანია ელოდა.

ფინალსი დანია უკვე საოცარ ფიზიკურ ფორმაში იყო შესული. მიუხედავად მოწინააღმდეგის ტექნიკური უპირატესობისა, დანიელები ასწრებდნენ და ერთ გერმანელს ორი მეურვე ედგა, საოცარი იყო მათ მიერ შესრულებული ფეხებში ვარდნა, რამაც მთლიანად მოშალა გერმანელთა შემტევი პოტენციალი, ისევ მაგრად იდგა პეტერ შმეიხელი და საბოლოოდ გამარჯვება 2:0.

„მწამდა, რომ ღმერთი ჩემსკენ იყო, – ამბობდა მელერ-ნილსენი მატჩიშემდგომ პრეს-კონფერენციაზე. – მას ცხოვრებაში ხშირად შევხედრილვარ და როდესაც მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა, სიხარულის ყიჟინით მოედანზე არ შევვარდი, განზე გავდექი და უფალს მადლობა გადავუხადე ამ დიდი გამარჯვებისათვის“.

ეს მართლაც უდიდესი გამარჯვება გახლდათ დანიისათვის. ფინალში სძლიეს გერმანიას, ქვეყანას, რომლისაც ყოველთვის შურდათ და ეს იმ შვედეთში გააკეთეს, რომელსაც მუდმივად ექიშპებოდნენ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მელერ-ნილსენს ყოველთვის უყვარდა გერმანული ფეხბურთი -პრაგმატული და დისციპლინირებული. „გერმანიაში დიდ პატივს მცემდნენ, ხოლო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ისე მხვდებოდნენ, როგორც დიდ საფეხბურთო ბოსს და კომპლიმენტებს არ იშურებდნენ. მსგავსი დაფასება კი მთელი კარიერის მანძილზე დანიაში არასოდეს მიგრძვნია.~“, – ამბობდა რიჰარდი.

მელერ-ნილსენი მსოფლიოში წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, დანიაში კი – არა. „დიდების დარბაზში“ კი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შეიყვანეს

ევრო-1992 -ის მოგების შემდეგ რიჰარდმა თითოეულ ფეხბურთელს საათი აჩუქა, რომელზეც „ევროპის ჩემპიონი“ იყო გრავირებული. და მაინც, მიუხედავად ასეთი მიღწევისა, მშობლიური ქვეყნის ფანების აღიარება მაინც ვერ დაიმსახურა, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ ეს ნაკრები მელერ-ნილსენის გარეშეც მოიგებდა ევროპის ჩემპიონატს. ისეთ აბსურდამდეც კი მივიდა საქმე, რომ წლის საუკეთესო დანიელ მწვრთნელად ქვეყნის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გასული „ბრონდბიუს“ თავკაცი ებე სკოვდალი დაასახელეს.

რიჰარდს ძალიან სწყნდა ასეთი იგნორირება. ამის შესახებ მისი ახლო მეგობარი ზეპ პიონტეკიც საუბრობდა. მას შემდეგ, რაც გერმანელი დანიის ნაკრებიდან წავიდა, ისინი კიდევ უფრო დაახლოვდნენ.

„რიჰრდს ერთი სუსტი წერტილი აქვს, – ამბობდა პიონტეკი. – ძალიან აწუხებს მედიის კრიტიკა. ხშირად მიწევდა ამეხსნა, რომ კრიტიკის გარეშე ფეხბურთი არ არსებობს და ამიტომ მას უნდა მიეჩვიოს. არ შეიძლება ყველა წვრილმანი გულთან მიიტანოს. მას კი ამის მიღება არ შეეძლო და სკრუპულოზურად ახსოვდა ყველა დეტალი, როდესაც მისი აზრით უსაფუძვლოდ გააკრიტიკეს.

რიჰარდმა კიდევ კარგა ხანს იმუშავა ნაკრებში, სადაც მიქაელ ლაუდრუპიც დაბრუნდა. თუმცა ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად არ წარმართულა:

ვერ გავიდნენ მსოფლიოს 1994 წლის ფინალურ სტადიაზე ბურთების უარესი სხვაობის გამო.

მოიგეს კონფედერაციათა თასი 1995 წელს, სადაც ფინალში ბატისტუტას არგენტინას სძლიეს.

ევრო-1996-ზე ჯგუფიდან ვერ გავიდნენ (მოუგეს თურქეთს, ფრედ ითამაშეს პორტუგალიასთან და დამარცხდნენ ხორვატებთან).

ამის შემდეგ სამი წელი ფინეთის, ხოლო ორი წელი ისრაელის ნაკრებს წვრთნიდა და 2003 წელს კარიერა დაასრულა. პენსიაზე გასული კი სიცოცხლის ბოლომდე ისმენდა თუ რა მშვენიერი ნაკრები ჰყავდა დანიას 80-იან წლებში.

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ 2021 წელსაც დანიაში ისევ აქტუალურია კითხვა: რომელი ნაკრები, 80-იანი წლებისა თუ 1992 წლის ევროპის ჩემპიონი უფრო ძლიერი იყო? ამ საკითხზე ქვეყანა ახლაც ორადაა გაყოფილი. დანიელებს მაინც ძალიან მოსწონთ ზეპ პიონტეკის ფეერიულად მოთამაშე დანიის ნაკრები. საზღვარგარეთ კი ცოტა სხვაგვარად სჯიან. ამის დასტურია, რომ 2004 წელს ფიფამ რიჰარდ მელერ-ნილსენი ფეხბურთის წინაშე დიდი დამსახურებისათვის სპეციალური მედლით დააჯილდოვა.

თავის ქვეყანაში შესაფერისად აღიარების შანსი 2006 წელს გამოუჩნდა, როდესაც დანიამაც დაარსა „საფეხბურთო დიდების დარბაზი“. მასში პირველ რიგში 1992 წლის ნაკრები და მიკაელ ლაუდრუპი შეიყვანეს.

2008-ში ალან სიმონსენი და 40-50-იანი წლების ლეგენდარული ფეხბურთელი კარლ-ოგე პრასტი.

2009 წელს ეს პატივი პეტერ შმეიხელსა და პრებენ ელკიაერ-ლარსენს არგუნეს.

2011 წელს ზეპ პიონტეკს.

2012 წელს კი ბრაიან ლაუდრუპი და მელერ-ნილსენი უნდა შეეყვანათ, მაგრამ რიჰარდი ცერემონიალზე არ გამოცხადდა, რადგან იმ დღეს ფინეთში იქაური ფეხბურთის ფედერაცია აჯილდოვებდა. ამიტომ ის „დიდების დარბაზში“ არ შეიყვანეს, რადგან წესის მიხედვით, ცერემონიალს პირადად უნდა დასწრებოდა.

დანიის ფეხბურთის შეფები მასზე ძალიან განაწყენდნენ და 2013 წელს იგნორირება გაუკეთეს. ეს მისთვის ძლიერი დარტყმა გამოდგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი თავის ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს.

2014 წლის 12 თებერვალს დანიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ რიჰარდს მაინც შეიყვანდნენ „დიდების დარბაზში“. ცერემონია ოდენსეში, 1 მარტისთვის დანიშნეს, მიიწვიეს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი და პეტერ შმეიხელი. ამის შესახებ სასიკვდილო სარეცელზე მყოფ რიჰარდს ზეპ პიონტეკმა პირადად უამბო.

„რიჰარდ, შენ „დიდების დარბაზში“ შეგიყვანეს“, -იხსენებს თავის წიგნში პიონტეკი. – ის ცალკე პალატაში იწვა და ისე ცუდად იყო, რომ ლაპარაკიც არ შეეძლო. მართალია, არაფერი უნიშნებია, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაფერი გაიგო და ეს მისთვის მეტად მნიშვნელოვანი რამ გახლდათ“.

13 თებერვალს რიჰარდ მელერ-ნილსენი გარდაიცვალა. დაკრძალვას 450 კაცი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ბრაიან ლაუდრუპი, პეტერ შმეიხელი, ლარს ოლსენი და 1992 წლის ნაკრების სხვა ფეხბურთელები და რა თქმა უნდა, ერთგული მეგობარი ზეპ პიონტეკი.

„ის ერთ-ერთი საუკეთესო, თუ საუკეთესო არა, მწვრთნელი გახლდათ, ვისაც კი დანიაში უმუშავია. ყოველ შემთხვევაში, ჩემზე უკეთესი ნამდვილად იყო, – ამბობდა პიონტეკი ერთგული მეგობრის გარდაცვალების შემდეგ.

– მოდით, მუდამ გვახსოვდეს რიჰარდი მის მიერ მოპოვებული დიდი გამარჯვებისა და დანიურ ფეხბურთისათვის გაწეული უდიდესი დამსახურების გამო. გვახსოვდეს ფეხბურთელებთან მისი დამოკიდებულება, თუ როგორ მუხტავდა მათ საბრძოლველად.

მისი შეგირდები ხომ არასოდეს ნებდებოდნენ. ის ძალიან მომთხოვნი მწვრთნელი იყო, მაგრამ ამასთან გულღია და მხიარული. ყველას ახსოვს  როგორ ყვებოდა თავს გადახდენილ ისტორიებს და მთელს გუნდს ახარხარებდა.“

პიონტეკმა რიჰარდის შვილებთან, რიჰარდ ტომისა და კრისტიანთან ერთად გამოასვენა თავისი მეგობრის კუბო.

რიჰარდ მელერ-ნილსენი მისი გარდაცვალების შემდეგ ოფიციალურად შეიყვანეს დანიური ფეხბურთის „დიდების დარბაზში“, „ოდენსეს“ სტადიონის ერთ ტრიბუნას მისი სახელი უწოდეს, გადაიღეს ფილმი 1992 წლის გამარჯვებაზე და მის შესახებ კარგი წიგნი დაიწერა და გამოიცა.

ინიესტამ ისტორიაში საუკეთესო უწოდა, როდესაც „რეალში“ გადავიდა, პეპი ატირდა, გენიოსი იყო, მაგრამ სიზარმაცის გამო უდიდესი ვერ გახდა

წყარო: Sports

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო