11 X 11
სპორტული პორტალი

ჟორჟინიო ფეხბურთელად დედამ გაზარდა – გზა ბრაზილიური გაჭირვებიდან იტალიის ნაკრებამდე

0

„ჩელსიში“ სარის შვილს ეძახდნენ

ორსაათიანი მგზავრობა მანქანით  მშობლიური, ინდუსტრიულ ქალაქ იმბიტუმბადან სანტა კატარინას შტატის დედაქალაქ ფლორიანოპოლისის აეროპორტამდე. შემდეგ ხანმოკლე გადაფრენა სან-პაულუმდე. იქიდან კი ძალიან ხანგრძლივი ფრენა ვერონამდე ფრანკურტში გადაჯდომით.

ვერონას აეროპორტიდან ახალ საცხოვრისამდე გზა სამუდამოდ შემორჩა მეხსიერებაში. ცხელ ბრაზილიურ საღამოებსა და ატლანტიკის ოკეანის თბილ ტალღებში ნებივრობას მიჩვეული ბიჭი შემკრთალი უყურებდა ფოთლებისგან გაძარცვულ ხეებს და იტალიის ჩრდილოეთის სიცივე ძალიან არ ესიამოვნა.

მაშინ ჟოჟინიოს ვერ წარმოედგინა, რომ სამუდამოდ შორდებოდა ბრაზილიას. ეს 2007 წლის ნოემბერში მოხდა.

მონასტრის ზარებით გაღვიძება, დილით შვიდის ნახევარზე ადგომა და იქვე სტადიონი. 15 წლის ჟორჟინიო დასიებული თვალებით სტადიონისკენ მიეშურება. საუზმობა კი უნდოდა, მაგრამ საამისოდ ფული არ ყოფნიდა. სახლი, ოჯახი და მეგობრები მსოფლიოს მეორე ნახევარზე დარჩა.

14 წლის შემდეგ ჟორჟინიო იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე წავა, მანამდე „ჩელსისთან“ ერთად მოიგებს ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგას, „ნაპოლისთან“ ერთად კი იტალიის თასსა და სუპერთასს. საერთოდაც, ტოპ-ფეხბურთელი გახდება, რომლის თამაშს პეპ გვარდიოლა აღტაცებაში მოჰყავს. იტალიის ნაკრებში კი „პროფესორს“ შეარქმევენ.

ეს ყველაფერი ჯერ წინაა და იქამდე მრავალი წინაღობის დაძლევა მოუწევს.

დედა პლაჟზე ავარჯიშებდა, ხოლო აკადემიაში ცუდად იკვებებოდა და ონკანში მხოლოდ ცივი წყალი მოდიოდა

დედა მარია ტერზა 80-იან წლებში მოყვარულთა კლუბებში თამაშობდა. უფროსი ქალიშვილის დაბადების შემდეგ სპორტს ჩამოშორდა და დამლაგებლად დაიწყო მუშაობა. ოჯახში ცუდად იკვებებოდნენ, არასოდეს ჰქონდათ საკმარისი ფული, მაგრამ ფეხბურთის სიყვარული მაინც არ უნელებოდათ. პატარა ბიჭუნამ როგორც კი ფეხი აიდგა, მაშინვე უყიდეს ახალთახალი ბურთი.

ოთხი წლის ასაკიდან მარიამ შვილს პლაჟზე დააწყებინა ვარჯიში, ამუშავებინებდა ტექნიკას, მოკლე პასებსა და დრიბლინგს. ხშირად კი უფროს ბიჭებთან ერთად საათობით დასდევდა ბურთს.

ჟორჟინიოს მამაც ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ შვილზე ზემოქმედებას მენტალურად უფრო ახდენდა. „როდესაც ამას ვამბობ, მამა ბრაზდება, მაგრამ ის კარგი ფეხბურთელი არასოდეს ყოფილა, მეკარე გახლდათ და მოედანზე კარგი არაფერი გაუკეთებია. დედა ბევრად ნიჭიერი იყო, მაგრამ მამა მორალურად მამზადებდა და სულ იმას მეუბნებოდა, პროფესიონალური ფეხბურთი დიდ შრომას მოითხოვს და ამიტომ საიმისოდ თავი უნდა გადამედო“, – ამბობს ჟორჟინიო.

13 წლის ასაკში ჟორჟინიოს შანსი გამოუჩნდა. სახლიდან 180 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ გუაბირუბუში იტალიელ ბიზნესმენთა ჯგუფმა საფეხბურთო აკადემია დაარსა, რათა პერსპექტიული ბრზილიელი ბიჭები გაეზარდათ და შემდეგ იტალიისკენ გაეკვალათ მათთვის გზა. სინჯებზე 50 ბავშვი აარჩიეს, მათ შორის ჟორჟინიოც.

„სულ ორმოცდაათნი ვიყავით. დილით და შუადღით ვვარჯიშობდით, საღამოს კი სკოლაში დავდიოდით. ერთხელ რამდენიმე ბიჭი იტალიაში წაიყვანეს და მივხვდი, რომ თავდაუზოგავად უნდა მეშრომა და მეც იტალიაში გადავეყვანეთ“, – იხსენებს ჟორჟინიო.

პრობლემა დედის კალთას მოშორება იყო ( მშობლები იმ დროს უკვე გაყრილნი იყვნენ). აკადემიაში პირობები თითქმის აუტანელი გამოდგა, ზედიზედ სამი დღე შეიძლება ერთიდა იგივე უგემული კერძი ეჭმიათ, ხოლო გასახდელებში ცხელი წყალი არ ჰქონდათ.

„ერთხელ დედამ მომაკითხა და იმდენად არ მოეწონა იქაურობა, რომ მიბრძანა, ჩემი ბარგი-ბარხანა ამეკრიფა და შინ წავყოლოდი. ადამიანებს შეგუების უნარი გვაქვს. იქ ვცხოვრობდი და ეს ადგილი არ მინდა ვთქვა, მაგრამ… ჩამძ*ნერებული იყო, ნამდვილ ტუალეტს ჰგავდა, თუმცა მივეჩვიე. ვუთახარი: “დე, საზიზღარი ადგილია, მაგრამ ბინძური აბაზანის გამო არ დავნებდები!” მაინც წასვლისკენ მექაჩებოდა,  მაგრამ გავჯიუტდი და არ წავყევი: “თუ წამოსვლას მაიძულებ, ფეხბურთელი ვეღარ გავხდები და მთელი სიცოცხლე დაგაყვედრი ამას!” დედაჩემი თვალზე ცრემლმომდგარი გაბრუნდა სახლში“, – ამბობს ჟორჟინიო.

როდესაც ჟორჟინიო „ჩელსიში“ გადავიდა, ვიღაცამ ტვიტერზე ატვირთა ვიდეო. ჟორჟინიოს დედა კლუბის ფან-შოპში შედის და როდესაც იქ მისი ვაჟის მაისურს ხედავს, სიამაყით გამოწვეულ ცრემლებს ძლივს იკავებს. ეს ვიდეო 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

„ვერონას“ აკადემიაში გადასული მონასტერში ცხოვრობდა, კვირაში 20 ევროს უხდიდნენ და ისე გაწბილდა, რომ დედას სახლში წაყვანა თავად თხოვა

ბრაზილიურ აკადემიაში გამორჩეული ფეხბურთელი იყო და 2007 წელს შესაძლებლობა მიეცა იტალიაში გადასულიყო. „ვერონას“ ყოფილი სპორტული დრექტორი რიკარდო პრიშანტელი ჰყვება: „ დღესავით მახსოვს. მირეკავს ერთი ბიზნესმენი და რამდენიმე ბრაზილიელი ჭაბუკის სინჯებზე ჩამოყვანას მთხოვს. ვპასუხობ, რომ კლუბს ბიუჯეტი ნულზეა, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებსაც კი ვერ ვუხდით ხელფასებს, მაგრამ თუ ჩვენთან მოყვანა ძალიან სურს, მოიყვანოს“.

მართლაც, „ვერონაში“ კრიტიკული ფინანსური სიტუაცია ჰქონდათ. მეოთხე დივიზიონში მყოფი გუნდი გაკოტრების წინაშე იდგა. მიუხედავად ამისა, იმ ბიზნესმენმა გარისკა, ჟორჟინიო და მასთან ერთად ხუთი ბიჭი იტალიაში ჩაიყვანა.

„ვერონას“ ნამდვილად არ შეეძლო ამ ბიჭების შენახვა, თანაც მათ კლუბის ბაზაზე ვერ აცხოვრებდა (ალბათ, იურიდიული მიზეზების გამო). თუმცა, მოგვიანებით ჟორჟინიოს დიდად წაადგა, რომ მისი წინაპრები მამის მხრიდან იტალიიდან იყვნენ ბრაზილიაში გადასახლებულნი და მოგვიანებით ამან ძალიან გაუადვილა ჟორჟინიოს იტალიის მოქალაქეობს მიღება.

ჟორჟინიოს თამაში მოეწონათ და გადაწყვიტეს დაეტოვებინათ. ერთადერთი, რაც არ მოუვიდათ თვალში, მისი სიგამხდრე გახლდათ. ეცინებოდათ, ცოტა ძლიერმა ქარმა რომ დაუბეროს, მოიტაცებსო. მალე ბაზაზე სატრენაჟორო დარბაზი აღჭურვეს და ჟორჟინიო იქ პირველი მიდიოდა და ბოლო გამოდიოდა.

პრიშინტელიმ არჩეული ბრაზილიელი ბიჭები საცხოვრებლად  ერთ მონასტერში მოაწყო, ექვსნი ერთ პატარა ოთახში, სადაც წელიწადნახევარი დაჰყო. მართალია, მონასტრის ბერები ძალიან კარგად ექცეოდნენ, მაგრამ კვირაში 20 ევროთი თავის გატანა თითქმის შეუძლებელი გამოდგა.

ხუთ ევროს სატელეფონო საუბრებისთვის გადადებდა, 15 ევრო კი ჰიგიენის საშუალებებში ეხარჯებოდა, დანარჩენი ფული კი ინტერნეტს მიჰქონდა, რომლის საშუალებით ოჯახსა და სხვა ახლობლებს უკავშირდებოდა. „ვერონას“ სპორტულ დირექტორს თუ საშუალება ეძლეოდა, ბერებს გარკვეულ თანხას აძლევდა, რათა ბიჭებისათვის ხანდახან მაინც განსხვავებული კერძი დაემზადებინათ.

იმავეს აკეთებდა გუნდის ძირითადი მეკარე რაფაელიც, რომელმაც როდესაც შეიტყო თანამემამულეთა მდგომარეობა, თავისი ჯიბიდან ახარჯებდა მათ ფულს, რაც საშუალებას აძლევდათ ბიჭებს ცოტა წესიერად ეკვებათ და იტალიური ენის სწრაფად შესასწავლად მასწავლებელი ჰყოლოდათ. რაფაელი შეეცადა კლუბის შეფების დაყოლიებას ჭაბუკებისათვის თუნდაც საარსებო მინიმუმი გადაეხადათ, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. მიუხედავად ასეთი შეჭირვებისა, ჟორჟინიო მაინც გულმოდგინედ ვარჯიშობდა, თუმცა მაშინ კი წონასწორობიდან გამოვიდა და შინ დაბრუნება გადაწყვიტა, როდესაც შეიტყო, რომ იმ იტალიელმა ბიზნესმენმა, ვინაც იტალიაჩი ჩაიყვანა, მასში 35 ათასი ევრო აიღო და მას ცენტიც არ გადაუხადა.

“ჩემთვის ფეხბურთი დამთავრდა. დედას დავურეკე, ვტიროდი და ვეუბნებოდი, რომ სახლში დაბრუნება და ფეხბურთისთვის თავის დანებება მინდოდა. ვუთხარი: “დე, შენ და მამა ყოველთვის მეუბნებოდით, რომ ფეხბურთელის ცხოვრება რთულია, საზიზღარი ხალხი შემხვდება, რომელთაც არ უნდა ვენდო. მე კი კარგი ადამიანი ვარ და ამ სამყაროში ცხოვრება არ მინდა.”

დედამ კი მიპასუხა: “არ დაბრუნდები. თუ დაბრუნდები, სხვა სახლის მოძებვნა მოგიწევს, რადგან ჩემს კედლებში არ შემოგიშვებ. იმდენი რამ გადაიტანე ცხოვრებაში, დღეგამოშვებით საზიზღარ საკვებს ჭამდი, ზამთარში ცივ წყალში ბანაობდი და ახლა ყველაფერზე უარის თქმა ფულის გამო გინდა? შანსი არ გაქვს. ახლა, გინდა დანებება, როცა მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობ? ამის უფლებას არ მოგცემ.”

“ერთ საათზე მეტხანს ვილაპარაკეთ, ვემუდარებოდი დაბრუნების უფლება მოეცა, თუმცა უარზე იყო. ასე რომ, მადლობა დედ-მამას, მათ ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშეს,”- ამბობს ჟორჟინიო.

სწორედ „ვერონაში“ გადაიკვეთა ჟორჟინიოსა და მაურიციო სარის გზები. ერთხელაც სარის პრიშანტელისთის უთხოვია აკადემიიდან ვინმესათვის რეკომენდაცია გაეწია. მანაც ჟორჟინიო ურჩია. როდესაც სარიმ ბრაზილიელი ჭაბუკი საქმეში ნახა, ძალიან მოეწონა, შეუყვარდა კიდეც და სწორედ ამიტომ „ნაპოლიშიც“ წაიყვანა და „ჩელსიშიც“.

„ვერონას“ მწვრთნელმა ჟორჟინიოს Louis Vuitton-ის ჩემოდანი აჩუქა და უთხრა, რომ მისით მთელს მსოფლიოს მოივლიდა

რომეოსა და ჯულიეტას ქალაქის აკადემიაში გატარებული სამი წლის შემდეგ ჟორჟინიო იჯარით ვერონადან 20 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ სამბონიფაჩეზეს  თანამოსახელე კლუბში გაუშვეს, რომელიც მეოთხე დივიზიონში გამოდიოდა. გუნდის მწვრთნელმა კლაუდიო ვილიჯიმ ჟორჟინიოს დანახვაზე შეიცხადა – ასეთი გამხდარი ფეხბურთელი მე არ გამიგიაო, მაგრამ მისმა ტექნიკამ და ტაქტიკურმა აზროვნებამ ვილიჯი აღტაცებაში მოიყვანა და მარცხენა ნახევარმცველობიდან რეჯისტად გადაიყვანა. უკვე იმ დროიდან ჟორჟინიო ყველას ხიბლავდა მახვილგონივრული პასებით. მოწონდათ ბრძოლისუნარიანობა და თავგამოდება. მისი თამაშის სტილს დიდი სარგებლობა მოჰქონდა გუნდისათვის.

„სამბონიფაჩეზეში“ ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგ „ვერონაში“ დააბრუნეს. შემდეგ ორ სეზონში „ვერონა“ სერია A-ში დაბრუნდა. ჟორჟინიო იმდენად გამორჩეული იყო ამ გუნდში, რომ „ნაპოლიმ“ მასში დაუფიქრებლად 10 მილიონი ევრო გადაიხადა.

„ვერონას“ მწვრთნელს მანდროლინის ძალიან კი არ უნდოდა მისი გაშვება, მაგრამ ვერაფერს გააწყობდა და Louis Vuitton-ის ჩემოდანი აჩუქა და დიდ ფეხბურთში გზა დაულოცა, თან უთხრა, ამ ჩანთით მთელ მსოფლიოს მოივლიო…

„ჩელსიში“ სარის შვილიკოს ეძახდნენ და ახლა ტუხელსაც მისი ეიმედება

მაურიციო სარი ჟორჟინიოსათვის მართლაც უმნიშვნელოვანესი მწვრთნელია. ეს იმ კონტრასტიდან ჩანს, თუ როგორ თამაშობდა ჟორჟინიო რაფაელ ბენიტესისა და მაურიციო სარის „ნაპოლიში“ . ბრაზილიელი ვერ შეეგუა ბენიტესის მკვეთრად დაცვით სტილს, თუმცა მაინც საუკეთესო ბურთის ამრთმევი გახლდათ.

სულ სხვანაირად ათამაშდა სარის ხელში. მაურიციომ ჟორჟინიო იტალიური ფეხბურთის საუკეთესო პლეიმეიკერად აქცია. ის მთლიანად წარმართავდა „ნაპოლის“ იერიშებს და განსაზღვრავდა კიდეც გუნდის სათამაშო სტილს. სეზონის ბოლოს პასების მხრივ კი (2666 გადაცემა, სიზუსტით 90.62%) სერია A-ში  საუკეთესო გახლდათ. „ნაპოლიმ“ კი ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.

ამიტომ არავის გაკვირვებია, როდესაც „ჩელსიში“ დანიშნულმა  სარიმ ჟორჟინიოც თან წაიყვანა. იმ პერიოდში, როდესაც სარის გუნდმა ჭაკობა დაიწყო, კრიტიკა ჟორჟინიოსაც შეეხო. მთავარი ბრალდება დაბალი შედეგიანობა (2 გოლი და არც ერთი საგოლე პასი) იყო. ამასთან, როგორც მოგვიანებით ედენ აზარმა გაამხილა, თანაგუნდელებს არ მოსწონდათ სარის პროტეჟე რომ იყო და ზურგსუკან სარის შვილიკოს ეძახდნენ.

მიუხედავად სარის გადაყენებისა, ჟორჟინიოს ადგილი „ჩელსიში“ მაინც არ დაუკარგავს და ყველას დაუმტკიცა თავისი საჭიროება. ტომას ტუხელის დროს ისევ ძირითადი შემადგენლობს უცვლელი წევრი გახდა და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. სწორედ ჟორჟინიოს ეკავა ცენტრი 5-2-3 ტაქტიკით თამაშის დროს, რაც თავისთავად რისკის შემცველი იყო, მაგრამ მან წარმატებით შეასრულა მწვრთნელის დავალება და დიდწილად განაპირობა „ჩელსის“ ტრიუმფი. რამდენიმე კვირის წინ ჟორჟინიომ ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტუხელის სტილი და სათამაშო ფილოსოფია მისთვის ყველაზე მისაღები და იდეალურთან მიახლოებულია.

იტალიის ნაკრებში ხმობას ჟორჟინიო კარგა ხანს ელოდა. არადა, თავისუფლად შეეძლო ბრაზილიის ნაკრებში ეთამაშა. მხოლოდ 2016 წლის მარტში მიიწვეს და ესპანეთთან ამხანაგური მატჩის ბოლო წუთზე შეუშვეს მოედანზე. ანტონიო კონტემ ევრო-2016-ის გაფართოებულ შემადგენლობაში კი შეიყვანა, მაგრამ ბოლოს ჩახსნა.

ჯანპიერო ვენტურა კი არ ენდობოდა ჟორჟინიოს, რადგან აქცენტს მხოლოდ გამოცდილ ფეხბურთელებზე აკეთებდა. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩაფლავებულ შესარჩევში ის მხოლოდ 3-ჯერ მოხვდა სამატჩო განაცხადში და სულ ეს იყო. სხვათა შორის, ჟურნალისტები სწორედ ჟორჟინიოს იგნორირებას უთვლიან ვენტურას მთავარ შეცდომად.

აი, რობერტო მანჩინის ხელში ჟორჟინიოს არათუ პრობლემები აქვს, არამედ ყველაფერი დიდებულადაა.

„ჟორჟინიო ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, რომელიც თამაშს ტემპს აძლევს და ამ ტემპში თამაშს მთელს გუნდს აიძულებს“, – ამბობს მანჩინი.

„მანჩინის მოთხოვნები და პრინციპები ყველას თავში გვაქვს ჩაბეჭდილი და თითოეული ჩვენთაგანი ცდილობს მოედანზე  მათ რეალიზაციას“, – ჟორჟინიოსაც სწამს სკუადრა აძურას მთავარი მწვრთნელისა.

რაღა დარჩა? – წარმატებას მიაღწიოს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე.

წყარო: Sports

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო